უნგრელ თვითმკვლელთა სიმღერა - Gloomy Sunday

Approved by Natia Jinjolava

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და ამ ქვეყნად თურმე მკვლელი სიმღერაც არსებობს. „მოღუშული კვირა დღე“ (Szomorú vasárnap) უნგრელმა კომპოზიტორმა რიოჟე შერეშმა (Rezső Seress) 1933 წელს დაწერა. სიმღერა იმდენად ტრაგიკული აღმოჩნდა, რომ მალე მსოფლიოში ცნობილ ჰიტად იქცა და ჭორებს თუ დავუჯერებთ, არა ერთი შეყვარებული ახალგაზრდის ცოდვაც დაიდო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ტრაგიკული მელოდიის შექმნის ისტორია ასეთია:
ერთმა დამწყებმა მაგრამ ამბიციურმა უნგრელმა კომპოზიტორმა 1932 წელს ბედის საცდელად პარიზს მიაშურა. როგორ არ იწვალა, რას არ ეცადა, მაგრამ ფრანგი მელომანებისა და მუსიკალური კრიტიკოსების მოსაწონი ვერაფერი ქნა. ახალგაზრდა ყმაწვილი თავისი ოცნების გზაზე, საყოველთაოდ ცნობილი მუსიკოსი გამხდარიყო, ფარხმალს არ ყრიდა და სატრფოს ხვეწნა-მუდარის მიუხედავად სადმე მაინც იმუშავეო, მშიერი ამაყად უჯდა ნოტების რვეულს და რომელიმე ქარხანაში მუშად წასვლას და ფიზიკური შრომით ლუკმა პურის შოვნას არც აპირებდა. დარწმუნების რა ხერხს არ მიმართა საბრალო ქალმა, მაგრამ ახალბედა ხელოვანი უკომპრომისო გამოდგა და მორიგი განცხადების შემდეგ, მუშაობას მაწანწალობა ან მოხეტიალე მუსიკოსობა მირჩევნიაო, სასოწარკვეთილმა საცოლემ ბარგი ჩაალაგა... თუმცა, ისეთი ღატაკები იყვნენ, აბა რა ბარგი უნდა ჰქონოდა... ფუთაში ერთადერთი ხელი საცვალი და თბილი წინდები გამოკრა და ბინის კარი სამუდამოდ გაიხურა.
მეორე დილას, შეყვარებულისაგან მიტოვებულმა მუსიკოსმა მეტად ნაღვლიან ხასიათზე გაიღვიძა, მისი განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა ფანჯრის დამტვერილი მინებს მიღმა სევდიანად ატუზულმა წვიმიანმა პარიზმა. "რა მოღუშული კვირა დღეა", გაიფიქრა ბედკრულმა რიოჟემ და საუზმის უქონლობისდა გამო (აბა, სხვა რაღა დარჩენოდა) მაგიდის ნაცვლად თავის ერთადერთ და ერთგულ მეგობარს, ინსტრუმენტს მიუჯდა. ფორტეპიანომ საწყალობლად დაიკვნესა და ნახევრადცარიელი და გაქუცული ოთახი მალე  შეყვარებულთან განშორებითა და  უამინდობით პროვოცირებულმა გულისგამგმირავმა ჰანგებმა აავსო. საკუთარი ტანჯვით ტკბობამიღებულმა კომპოზიტორმა მედლოდია სასწრაფოდ ქაღალდზე გადაიტანა და სულ რაღაც ნახევარ საათში სიმღერა "მოღუშული კვირა დღის" პირველი ტექსი მზად იყო (მოგვიანებით მისი სიტყვები ერთმა ბუდაპეშტელმა ჟურნალისტმა გააკეთილშობილა).
საკუთარი ნიჭით აღფრთოვანებული ახალგაზრდა მიხვდა, რომ ბედმა როგორც იქნა გაუღიმა და მოღრუბლული ამინდისდა მიუხედავად, ცა გაეხსნა. თავისი ქმნილება სასწრაფოდ კონვერტში მოათავსა და მუსიკალურ გამომცემლებს გაუგზავნა. პასუხმაც არ დააყოვნა. წერილში კრიტიკოსები იტყობინებოდნენ: "მოუშულ კვირა დღეს ფანტასტიური, მაგრამ საოცრად დამრთგუნველი მელოდია და რიტმი აქვს. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ვერ მივიღებთო". ნებისმიერი სხვა ხელს ჩაიქნევდა, მაგრამ ჩვენი რიოჟე, მოგეხსენებათ როგორი ჯიუტიც იყო და მეორე მცდელობაზე მართლაც გაუმართლა. სიმღერა გამომცემელმა არა მარტო მიიღო, მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის ხმისჩამწერ სტუდიებშიც დაგზავნა. სიმღერის გამოსვლას რამდენიმე თვეში ტრაგიკული მოვლენების მთელი წყება მოყვა: ბერლინში ახალგაზრდა კაცმა "მოღუშული კვირა დღე" რომ მოისმინა, ახლობლებს შესჩივლა, რა სევდიანი მელოდიააო და ტყვია იკრა შუბლში; იქვე ახალგაზრდა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო და გამოსათხოვარი წერილის ნაცვლად ამ სიმღერის პარტიტურა დატოვა; ნიუ-იორკში მდივანმა ქალმა თავი გაზით მოიწამლა და ამჯერად პარტიტურას წერილიც მოაყოლა, ამ მუსიკის თანხლებით დამასაფლავეთო; იგივე პარტიტურა იპოვეს ბარბიტურატით მოწამლული ბრიტანელი ლედის ჯიბეში; სიმღერა რომ მოისმინა, ერთი რომაელი გოგონა ხიდიდან თავით გადაეშვა; საკუთარ ფორტეპიანოზე მისი შესრულების შემდეგ მეშვიდე სართულიდან ისკუპა 82 წლის (!) ნიუ-იორკელმა მამაკაცმა. ამ ჩამონათვალის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება...
გაზეთები იმასაც წერდნენ, რომ ლონდონის ერთ-ერთ უბანში ერთი ინტრიგანი ქალი ბოლო ხმაზე ჩართულ შედევრს დილიდან საღამომდე უსმენდა და ასე აცოფებდა და შიშის ზარს სცემდა ცრუმორწმუნე მეზობლებს. ერთხელაც, გრამოფონის ნემსი ფირფიტაზე გაიჭედა და მთელი დღე ერთი და იგივე კუპლეტის ტრიალისგან მოთმინებიდან გამოსულმა კაცებმა საღამოს აბეზარ ქალს მიაკითხეს.  დიდხანს და უშედეგოდ კაკუნის შემდეგ კარი შეამტვრიეს და ნარკოტიკების ზედმეტი დოზისგან მკვდარი ქალი სავარძელში გაშხლართული იპოვეს. შედეგად, BBC-ის რადიოსადგურემბა ამ სიმღერის ტრანსლიაცია კარგა ხნით აკრძალეს. სტატისტიკის თანახმად, სიმღერის ეთერში ყოველ გასვლაზე ქაოტური თვითმკვლელობების რიცხვი იმდენად იზრდებოდა, რომ უნგრეთის რადიომ 1936 წელსვე მიბაძა ბრიტანელ კოლეგებს.
თუმცა, უსაფრთხოების თუ თავდაცვის ეგზომ მკაცრ ზომებს ხელი არ შეუშლია თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე თავად ამ სიმღერის ავტორს და მის ყოფილ შეყვარებულს (ვისაც "მოღუშული კვირა დღე" ეძღვნებოდა). რიოჟე შერეშმა 1968 წელს ბუდაპეშტში საკუთარი სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან განახორციელა ნახტომი. სამართლიანობისათვის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპოზიტორის სუიციდის უშუალო კავშირი სიმღერასთან ვერ დამტკიცდა, მაგრამ ვინ იცის...
"მოღუშულ კვირა დღეს" სხვადასხვა წლებში ასეულებდნენ პოლ რობსონი, დამია, პიოტრ ლეშჩენკო, ბილი ჰოლიდეი, ელვის კოსტელო, "ჯენესისი", შინეიდ ო'კონორი, ბიორკი, სარა ბრაითმენი და კიდევ არა ერთი ცნობილი მომღერალი. როგორც ამბობენ, უნგრეთის საზღვრებს გარეთ ამ სიმღერის ასეთი პოპულარულობა მისმა მეტსახელმა  - "უნგრელი თვითმკვლელების სიმღერამ" (The Hungarian Suicide Song) გამოიწვია. ასე იყო თუ ისე, მეორე მსოფლიო ომი რომ არ დაწყებულიყო და საერთო უბედუების ფონზე ეს სიმღერა დავიწყებას არ მიცემოდა, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი უიმედო მიჯნურის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.
რაც შეეხება ლეგენდას, ვისაც საკუთარი თავის იმედი გაქვთ, სცადეთ და მოუსმინეთ.  სიმღერა მე ვერ მთრგუნავს, ჩემი ორი წლის დის შვილი კი მისი მელოდიის გაგონებისთანავე ცეკვას იწყებს (როგორც ჩანს, რომ გაიზრდება შავი იუმორი ეყვარება). შთაბეჭდილებების გამძაფრებისთვის ტექსტსაც მოგაშველებთ. უკაცრავად, ორიგინალი არ მოგართვით, ეჭვი მეპარება უნგრულენაწვრთნილი ჩვენში ბევრი იყოს. ასე რომ, იმედია ინგლისურ ვარიანტსაც არ მიწყენთ:




Gloomy Sunday by Sara Brightman
Sunday is gloomy my hours are slumberless
Dearest the shadows I live with are numberless
Little white flowers will never awaken you
Not where the black coach of sorrow has taken you
Angels gave no thought of ever returning you
Would they be angry if I thought of joining you
Gloomy Sunday!
Sunday is gloomy with shadows I spend it all
My heart and I have decided end it all
Soon there'll be candles and prayers that are said
I know, but them not weep
Let them know that I'm glad to go.
Death is no dream, for in death I'm caressing you
With the last breath of my soul I'll blessing you.
Gloomy Sunday!
Dreaming, I was only dreaming
I wake and I find you asleep in the deep of my heart dear
Darling I hope that my dream never haunted you
My heart is telling you how much I wanted you
Gloomy Sunday...


ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. Anonymous

    ამ ლეგენდის თუ ნამდვილი ამბის მიხედვით შეიქმნა გერმანულ-უნგრული ფილმი A Song of Love and Death (1999).სამწუხაროდ ვერ ვპოულობ ინტერნეტში, თორემ სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ.

  1. Natia Jinjolava

    არ მაქვს ნანახი და ვნახავ აუცილებლად. არასწორი სათაურით ეძებდით და მაგიტომ ვერ იპოვეთ. ინგლისურად Gloomy Sunday - Ein Lied von Liebe und Tod (original title) ქვია. ტორენტებს თუ იწერთ: ინგლისურენოვანი ვერსია:http://thepiratebay.org/search/gloomy%20sunday/0/99/200
    რუსულენოვანი: http://kinozal.tv/details.php?id=434206 - ოღონდ აქ დარეგისტრირება მოგიწევთ.

  1. Anonymous

    მოღუშულ კვირადღეს, ყვევილთა კონებით,
    გელოდი ტაძართან დიადი ლოცვებით,
    სევდიან მეეტლეს ვლანდავდი შორიდან,
    იმ დილას ის ჩემთან უშენოდ მოვიდა...
    მას შემდეგ დღედაღამ დავდივარ მწუხარე,
    უძირო დარდი მკლავს, ცრემლებს ვღვრი მდუღარეს...

    მოღუშულ კვირადღეს...

    ჩემს ბოლო კვირადღეს მეწვიე საფლავზე,
    იქ გელის სანთლები, სუდარა, სასახლე,
    ყვევილნიც გელიან საფლავის შავ ქვაზე,
    და ჩემს უკანასკნელ სიკვდილის ავ გზაზე...
    ნუ შეგეშინდება, თვალებს თუ გავახელ,
    თუ შენსკენ მოვაპყრობ მზერას უკანასკნელს...

Post a Comment