თანამედროვე საზოგადოების თანამედროვე კომპლექსები

Approved by Natia Jinjolava

დღეს ერთი ჩემი მეგობარი პატარა ეშმაკობაში გამოვიჭირე - „ფეისბუქზე“ დამალული იჯდა. იკითხავთ, მერე რა, დიდი ამბავიო?! არც არაფერი, ახლავე აგიხსნით მე რა მახალისებს.  სხვათა შორის, რაზეც ახლა მოგიყვებით, მარტო მისი სენი არაა და ბოლო ხანებში ბევრს შევამჩნიე. ამ სოციალური ქსელის საქართველოში გაპოპულარულებასთან და მასში ჩვენი თანამემამულეების მოზღვავებასთან ერთად ბევრს იქ ჯდომა უტყდება: სადაც ყველაა, აბა, იქ მას რა უნდა?! თვითონ ხომ სხვებზე დაკავებული, სხვებზე განათლებული, სხვებზე დიდი მოთხონების მქონეა, სხვებზე მეტად შინარასიანი ცხოვრებითაც ცხოვრობს და ფართო მასებში ვერ გაერევა. არადა, „უფეისბუქოდაც“ („უსკაიპოდ“, „უტვიტეროდ“, „უმაისპეისოდ“, „უადნკლასნიკებოდ“...) რომ ვეღარ ძლებს? ასეთები, ალბათ აქაც ქედმაღლურად გამისწორებენ, „ადნაკლასნიკები“ კი არა, „ოდნოკლასნიკებიო“. არა ჩემო კარგო, თუ ფეისბუქი და არა ფასებოკი, მაშინ ადნაკლასნიკები და არა, ოდნოკლასნიკები! ჰოდა, ხომ იცით სადაც გტკივა, ყველაზე მეტი იმაზე გელაპარაკებაო და ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე, მაღლა მდგომნი დანარჩენებს მსგავსი ქსელებით სარგებლობისთვის დაგვცინიან. მაგრამ თვითონაც ამ საყოველთაო ორომტრიალის ნაწილი რომ არიან? ამიტომ, რა ქნან და ვითომ ჩვენთვის დახედვის მოტივით შიგადაშიგ „იჭყიტებიან“ ხოლმე. განსაკუთრებულად სამარცხვინოდ „ფერმის“ თამში ითვლება. „გამოსულები“, უკაცრავად, ფეისბუქელი „აზნაურები“ თოხვნას არ კადრულობენ და თუ საერთოდ ითამაშეს, მხოლოდ „მაფიას“ ეტანებიან.
გითამაშიათ? აქვე გეტყვით, ჩემი სუპერფერმაც მაქვს და მაფიაშიც სოლიდურ „თანამდებობას“ მივაღწიე. ფერმაში მოძრავი ძროხა და ცხვარი მაინც ხატია, მაფიაში კი მხოლოდ წერილობით დავალებებს გაძლევენ და მთელი თამაში წარწერებიანი შავი ეკრანის გარდა ვერაფერს ხედავ! სამაგიეროდ, სახელი აქვს პრესტიჟული! მე „ფეისბუქში“ „ფერმას“, „მაფიას“, „სითივილს“, „აკვარიუმს“, „ჰეფი აილანდს“ და კაცმა არ იცის, მონაცვლეობით რას არ ვთამაშობ! და იმიტომ კი არა, რომ საქმე არ მაქვს - აუდიო წიგნების სმენა მიყვარს და სანამ ვუსმენ, უაზროდ ჯდომის და კედლის (სახლის, ფეისბუქის არა) თვალიერების ნაცვლად, ხან ფერმას ვალაგებ და ხანაც ბანდიტებს დავსდევ. სასირცხვილოს ან დასამალს ვერაფერს ვხედავ. ვისაც როგორ უნდა, ისე ერთობა. გამწარებული რომ თამაშობენ და არაფერს არ აქვეყნებენ, არიქა, ვინმემ არ გაგვიგოსო, მასეთებიც ხომ იცით? მე ბევრი. ისევ და ისევ ამ ყბადაღებულმა „ფერმამ“ რამდენს მოსჭრა თავი - ადრე ნაცნობის ფერმაში ძალით რომ გეპატიჟებოდა?!
მოკლედ, თამაშებს შევეშვათ და ისევ „ფეისბუქის“ ჩიგვებში გასუსულ ჩემს ნაცნობზე გავაგრძელებ. „სკაიპში“ რომ „ოფლაინ“ ანუ უჩინარი რეჟიმი გაქვს ჩართული, ამას თავისი ახსნა აქვს: 1. არ გინდა რომ შეგაწუხონ; 2. რაღაც მიზეზით ვიღაცას (ნაჩხუბარ შეყვარეულს, აბეზარ დაქალს, უფროსობას...) ემალები, მაგრამ გაინტერესებს ქსელში ვინ ზის. თუმცა, „ონლაინზე“ დაყენებულ სტატუსზე: „ნუ დამელაპარაკებით, არ მცალია!“-ზე აქაც ბევრს ვიცინი. „ოფლაინში“ ან „დაკავებულის“ რეჟიმში გადადი შე დალოცვილო, ან სულ გამორთე. ბოლოს და ბოლოს, რომ დაგელაპარაკები ხმას ნუ გამცემ! აი, „ფეისბუქს“ კი ერთი თავისებურება აქვს, ჩატს გამორთავ თუ არა, ვეღარავის ხედავ. ანუ, არ იცი ვინ არის ხაზზე,  ვერავინ გიკავშირდება და ვერც შენ უკავშირდები ვინმეს. თუ არ თამაშობ, თუ არ ჩატაობ, თუ იმალები და არაფერს პოსტავ, რა ჯანდაბა გინდა „ფეისბუქში“? გამოდის რომ, კამპუჩიის აგენტივით ჩასაფრებული ზიხარ და ელოდები ვინ რას დაპოსტავს იმის გასაგებად რომ გაიგო ვინ ზის და ვინ არა?! და ეს ყველაფერი იმისთვის რომ „ფეისბუქში“ მსხდომებმა ჩავთვალოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რამე ჩვენსაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება?! სახლში (სამსახურში, კომპიუტერთან...) არ ხართ და რაღაც სხვა, უფრო აზრიანით ხართ დაკავებული? მე მაგალითად (რა თქმა უნდა სწორი საქციელის იდეალი არ ვარ), „ფეისბუქს“ დილით ვრთავ და ასე ვტოვებ. მერე სახლსაც ვალაგებ, ტელევიზორსაც ვუყურებ, წიგნსაც ვკითხულობ, სტუმრებსაც ვღებულობ. კომპიურეტთან მიბმული კი არ ვარ? და მემგონი ყველა ასეა... სახლიდან თუ არ გავედი სულ ჩართული მაქვს. თუ დაიწკაპუნებს, იმის სანახავადაც მივდივარ, ვინ შემომაკითხა და ასე მეგობრების ამბავსაც ვგებულობ და მსოფლიო პოლიტიკის თუ ეკონომიკის  სიახლეებსაც.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უაზრო პოსტებთან დაკავშირებით ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა: „ადამიანი თავის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას იმის იმედით პოსტავს, რომ მისი ამბავი მსოფლიოში ერთ ადამიანს მაინც აინტერესებსო“. „ფესიბუქზე“ არდამოკიდებულების დემონსტრირების კომპლექსსაც დაახლოებით იგივე საფუძველი აქვს. ახლავე აგიხსნით როგორ. რამდენ საათს ვატარებთ ჩატში, ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევს და თუ ამჩნევს, ე.ი. ისიც ჩვენსავით იქ ზის და კი შეამჩნია მაგრამ, სულ არ ადარდებს. ანუ, ფეისბუქზე ჩვენი „შეჯდომა“, მხოლოდ ჩვენ გაწუხებს და არ ვზივარო, იმიტომ ვამტკიცევთ, რომ გვგონია,  ვიღაც მაინც არის ჩვენით დაინტერესებული და ჩვენს სადმე ყოფნა-არყოფნას ასე აქტიურად აღრიცხავს. ასეთი ადამიანი მართლა თუ არსებობს (რაშიც ეჭვი მეპარება. აბა,  თვითონ გაიხსენეთ თქვენი აურაცხელი მეგობრებიდან ვინმეს გრაფიკი თუ იცით), აქ ორი ვარიანტია: ან მოყვარეა და ჩვენი იქ ყოფნა უხარია, ან მტერი და მაგიტომ გვითვალთვალებს. ნებისმიერ შემთხვევაში,  დამალვით არაფერი იცვლება. თუ „გეფეისბუქებათ“ იჯექით მშვიდად და აკეთეთ რაც გინდათ, დამიჯერეთ, სირცხვილი, ცალთვალშემოპარულს რომ გამოგიჭერენ ეგ უფროა.
სოციალური ქსელებიც დაახლოებით ყბადაღებული ტელესერიალებივითაა, ყველა რომ უყურებს და  სხვებს კი დასცინიან.  თან ყველა დარწმუნებულია, რომ მისი არჩეული სერიალი სხვებისგან გამოირჩევა: უფრო ჭკვიანურია, უკეთესადაა გადაღებული, საინტერსო შინაარსი აქვს და ა.შ... ეს სამარცხვინო ჩვევაც მაქვს, სერიალები დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია და „Criminal Minds“-ის,  Num3rs“-ის, CSI“-ს ბოლო სერიებს ჩასაფრებული ველოდები. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ერთხელ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე დაახლოებით 40 კაცი შევიკრიბეთ და ამდენი ხალხის გნიასში განსაკუთრებულად რომანტიული განწყობის შესაქმნელად, ერთმა სხვებზე უფრო „ინტელიგენტმა“ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა კლასიკური მუსიკის განსაკუთრებულად მინორული და ტრაგიკული ნიმუში ჩართო. მახსოვს, მასპინძლის მამა, ოპერის კამერული ორკესტრის წევრი შემოვიდა და გაოცებულმა იკითხა: „ეს საპანაშვიდო მუსიკა რად გინდათო“? ასეა, ჩემო კარგო, ყოველთვის ფაზბინდერის, ბუნუელისა და ტარკოვსკის ფილმების ყურების ხასიათზე თუ ხარ, სასწრაფოდ ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართო - რაღაც გიჭირს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნაყინი ჰესტონ ბლუმენტალისაგან

Approved by Natia Jinjolava

ნაყინი
ნაყინი და მისი მომზადება - ჩემი უასყვარლესი საქმიანობაა. ყოველ შაბათს პროდუქტების საყიდლად რომ მიემართებოდა, ბებაჩემს მე და ჩემი და ეჯვერ როუდთან ახლოს, ჩერჩ სტრიტზე მდებარე ჩვენს უსაყვარლეს ლონდონურ ბაზარში  მივყავდით. უკანა გზაზე კი ერთ კოლოფ ვანილის ნაყინს გვყიდულობდა. სახლში დასაბრუნებლად სულ რამდენიმე წუთი გვჭირდებოდა, რომელიც მაშინ საუკუნედ გვეჩვენებოდა.
ნაყინი - გაყინული სითხეა და სხვა არაფერი, რომელიც ცხიმს, შაქარ, რძის ცილასა და არომატიზატორებს შეიცავს. ნაყინის გასაკეთებლად გარკვეული კონსისტენციის ერთგვარ მოხარშულ კრემს ამზადებენ. მზა კრემში ხის კოვზს რომ ამოვავლებთ, კოვზზე შერჩენილ კრემზე  თითი გაუსვით. თითისგან დატოვებული ზოლი აღარ უნდა შეიკრას. ასეთი სიმკვრივის ნაყინში ყინულის კრისტალები აღარ გაკეთდება. რაც უფრო თხელია კრემი, ნაყინი მით უფრო  მეტად ყინულიანი გამოვა.
როგორც კი კრემის ტემპერატურა 82°C-ს მიაღწევს, ყინულზე უნდა შემოვდგათ, სასწრაფოდ გავაგრილოთ და სანაყინეში (ნაყინის დასამზადებელ აპარატში) ჩავასხათ, ან ხელით გავაგრძელოთ დამზადება. ამისათვის, კრემი პლასტმასის კონტეინერში უნდა მოვათავსოთ და საყინულეში შევდგათ. როგორც კი გვერდები შემოეჭირხლება, გამოვდგათ საყინულიდან და  ხელის სათქვეფით ან ელექტრომიქსერით ავთქვიფოთ. დავაბრუნოთ საყინულეში. ეს პროცესი გავიმეოროთ მინიმუმ ორჯერ საათნახევრიანი ინტერვალებით. და კიდევ ერთი საათით   დავტოვოთ საყინულეში, ბოლომდე გაყინვამდე.

ვანილის ნაყინი
Vanilla Ice Cream
(დაახლოებით 2 ლიტრი გამოდის)
625 მლ რძე, 120 გრ არარაფინირებული შაქარი, 6 საშუალო ზომის კვერცხის გული, ვანილის 6 ღერი, 10 ცალი ყავის მარცვალი, 50 გრ უცხიმო რძის ფხვნილი
ვანილის ღეროები დაფაზე დავდოთ და ბასრი დანით სათითაოდ შუაზე გავჭრათ. ღერებიდან გამოვფხიკოთ თესლი, მოვათავსოთ ცალკე ჯამში და გადავდოთ გვერდზე. თვითონ ღეროები ჩავალაგოთ 1,5 ლ ტევადობის ქვაბში და დავასხათ რძე. დავუმატოთ 1 სადესერტო კოვზი (10 გრ) შაქარი, ყავის მარცვლები და რძის ფხვნილი. კარგად მოვურიოთ და შევათბოთ რძე 82°C ტემპერატურამდე. როგორც კი რძე მიაღწევს ამ ტემპერატურას, ცეცხლს მაქსიმალურად ჩავუწიოთ და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და 20 წუთი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.
ვანილის თესლიან ჯამში ჩავასხათ კვერცხის გულები და ჩავყაროთ დარჩენილი შაქარი. ხელის ელექტრომიქსერით ვთქვიფოთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ყველაზე მაღალ სიჩქარეზე სანამ არ გათეთრდება და არ მოიმატებს ზომაში. რძე დავაბრუნოთ გაზქურაზე, დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე და მორევა მორევით, წვრილი ნაკადით ჩავასხათ გოგლი მოგლში.
მიღებული მასა გადავასხათ ქვაბში და ისევ მივიყვანოთ 82°C ტემპერატურამდე, თან განუწყვეტლად ვურიოთ, უმჯობესია ხის კოვზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აგვიდუღდეს, თორემ კურკუტებს გაიკეთებს. კრემი მზად იქნება ზემოთ აღწერილ მდგომარეობამდე რომ შესქელდება.
ამის შემდეგ, ღრმა ჯამი მოვათავსოთ ყინულიანი წყლით გავსებულ დიდ ჭურჭელში.  კრემი გადავასხათ ყინულზე შომდგმულ ჯამში  და ვურიოთ ბოლომდე გაგრილებამდე. გადავწუროთ საცერში (კრემი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მაცივარში 1-2 დღე ინახება).
კრემი გადავასხათ ნაყინის დასამზადებელ აპარატში ან ზემოთ მოყვანილი წესის მიხედვით გავყინოთ შინაური მეთოდით. გამზადებული ნაყინის ზედაპირს გადავაკარათ ცელოფნის პარკის თხელი ფენა და შევინახოთ საყინულეში.

ნუშის ვაფლის ჭიქები მისის მარშალის რეცეპტით
MRS Marshall’s Almond Cornets
ეს რეცეპტი მე-19 საუკუნის ერთი რეცეპტის ადაპტირებული ვარიანტია.  აგნეს ბი. მარშალმა (Agnes B Marshall) პირველმა მოიფიქრა ნაყინის საჭმელ ჭიქებში ჩასმოსხმა. კონუსებისათვის 6 ცალი (შიგნიდან და გარედან) ზეთწასმული კონუსის ფორმის მეტალის საცხობი ფორმა დაგჭირდებათ.  ამ ცომით დაახლოებით 15 ჭიქა გამოდის.
225 გრ დაფქული ნუში, 110 გრ შაქარი, 110 გრ ფქვილი, 4 საშუალო ზომის კვერცხი, 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ს/კ ვარდის წყალი
საცხობი ზედაპირი (სასურველია ტეფლონიანი) ზეთში დასველებული ქაღალდის ხელსახოცით გავწმინდოთ (ყველას არახისის ზეთი სჯობია, მაგრამ ნებისმიერი უსუნო ზეთი გამოდგება). ღუმელი 175°C ტემპერატურამდე გავაცხელოთ. ავთქვიფოთ კვერცხები, დავუმატთ ვანილის ექსტრაქტი და ვარდის წყალი. ცალკე ჯამში დაფქული ნუში, ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ. ათქვეფილი კვერცხები დავუმატოთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად გადავურიოთ. გამზადებულ საცხობ ფირფიტაზე დავასხათ 3 ს/კ-ის ოდენობის მასა, თანაბრად და თხლად გავანაწილოთ ისე რომ დაახლოებით 14-15 სმ დიამეტრის წრე გამოვიდეს. გამოვაცხოთ 7-8 წუთი, სანამ ვაფლის ზედაპირიდან ადვილად ასაღები არ გახდება.
გამოვიღოთ საცხობი ფირფიტა ღუმელიდან, 14 სანტიმეტრის დიამეტრის თეფში ან ქვაბის თავსახური ტრაფარეტად გამოვიყენოთ, ვაფლს დავადოთ და წრე გამოვჭრათ.  ფართო და ბრტყელი მეტალის დანით ვაფლი ფირფიტიდან ფრთხილად წამოვწიოთ და ფორმის დასაფიქსირებლად მეტალის კონუსის ფორმას მჭიდროდ შემოვახვიოთ. ვაფლშემოხვეული ფორმა ისევ საცხობ ფირფიტაზე დავდოთ და დავაბრუნოთ ღუმელში. ტემპერატურა 160°C-მდე შევამციოთ  და ვაცხოთ 10-11 წუთი, სანამ კონუსის კიდეები არ დაიბრაწება.  გამოვიღოთ ღუმელიდან და ფორმიანად გავაგრილოთ. ასე გავიმეოროთ ცომის გამოლევამდე.

ვაშლის ნაყინი მისის მარშალის რეცეპტით
MRS Marshall’s Apple Ice Cream
გათლილი, გულამოჭრილი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლისაგან დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ ვაშლის პიურე (სასურველია ვაშლის მწვანე და მჟავე ჯიშები - „ბრამლი“ (Bramley) ყვლას სჯობს) და გადავწუროთ ხშირ საცერზე.
280 გრ საგულდაგულოდ გაქნილი ვაშის პიურე (სასურველია „ბრამლის“), 500 მლ ჩაციებული ცხიმიანი ნაღები, 30 გრ შაქარი, 1-2 ჩ/კ ლიმონის წვენი
ვაშლის პიურე და ნაღები მაცივარში გავაგრილოთ. მოვურიოთ, დავუმატოთ შაქარი და გავსინჯოთ - ძალიან ტკბილი თუ გამოვა, ცოტაოდენი ლიმონის წვენი დავუმატოთ. ისევ გავაციოთ მაცივარში. გადავიტანოთ სანაყინეში (ნაყინის დასამზადებელი აპარატი) და დაახლოებით 20 წუთი ვთქვიფოთ. გადავასხათ პლასტმასის კონტეინერში, დავაფაროთ პერგამენტი და თავსახური. შევინახოთ საყინულეში. გამოყენებამდე 20 წუთით ადრე გადაივტანოთ მაცივარში.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

მწვანე ფერის ბოსტნეული

Approved by Natia Jinjolava

ციკორი
ჩვენში არსებობს მტკიცე და მცდარი აზრი, რომ ნებისმიერი ჯიშის სალათის ფურცლების შემცველი კერძის მირთმევა თუ განიზრახე, უეჭველი  ან  „დიეტობ“  ანდა საეჭვ, მაგრამ მოდური ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ხარ. თავად სალათის ფოთლების მთავარი მისია კი სუფრაზე გამოტანილი გიჭის ხორცის ქვეშ დაფენა და კერძის გალამაზებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მენიუში ფოთლოვანი კულტურები საუკუნეებს ითვლის. მწვანე ბოსტნეული 3 კატეგორია არსებობს: ფოთლიანი, ნახევართავიანი, თავიანი და ღეროიანი.

წყლის კრესი
სანამ უცხო “ხილზე“ ვისაუბრებდი, მინდა ჩვენი წიწმატი გავიხსენო, რომელი გარდა იმისა, რომ ასე ლამაზად ჟღერადი სახელის Lepidius sativum L-ს  მატარებელია, კრეს-სალათად ითვლება და კომბოსტოების ოჯახის წევრია. ყველა კრესი განკუთვნილია თერმული დამუშავების გარეშე მისართმევად და წიწმატის გარდა, არცერთ მათგანს არ ერგო პატივი ქართული  მამაპაპური სუფრის შემადგენელ ნაწილი გამხდარიყო. არსებობს კრეს-სალათის კიდევ ერთი ევროპელი „ნათესავი“, მას  წყლის კრესის სახელით მოიხსენიებენ. წიწმატის ფონზე ჯუჯაა, 2-3 უპატარესი ფოთლით, რომელსაც ცელულოიდის ან ბამბის „ნიადაგზე“ზრდიან და ხუთიოდე სანტიმეტრის სიმაღლის მიღწევისას მაკრატლით კრეჭენ. მერე კი სალათების და კერძების მოსართავად იყენებენ ან მათთვის პიკანტური სიმწრის მისაცემად -  „ბღუჯად“ ამატებენ.

აისბერგი
ფოთლიანი სალათებიდან ყველანი რომ ვცნობთ და სალათის ფოთლებს რომ ვეძახით - ლატუკია. ბოლო 10 წლის მანძილზე რა არ გავაქართულეთ - მათ შორის, ფეიხოა და კივი, მაგრამ ლატუკის ერთ სახეობას ვერ ავცდით. და რამდენია ასეთივე ყინვაგამძლე, ადვილად მოსაყვანი და სასარგებლო?! მაგალითად, სალათი აისბერგი - ხრაშუნა ფოთლებით, ლატუზე ბევრად გემრიელი. მის ტრანსპორტირებისას ყინულის ნაფშვენს აყრიან, რისთვისაც ამერიკელმა ფერმერებმა მას Ice Salad ანუ ყინულის სალათი უწოდეს.

რომენი
სალათი რომენი, როგორც ამტკიცებენ - ცნობილი სალათებიდან უხუცესი ყოფილა, რომელსაც საუკუნეების წინ რინაელები წამლად იყენებდნენ, დღეს კი მას „ცეზარის“ სალათისთვის ანაკუწებენ ისე მიირთმევენ.



რუკოლა
როკეტ-სალათი, რუკოლა, არუგულა, ერუკა, ინდაუ - რას არ უწოდებენ მას, რომლის ფოთოლიც ბაბუაწვერასა და ბოლოკის ფოთოლს გავს. გემოთიც, - ბოლოკის, წიწმატის, ნიგვზისა და მდოგვის გემოების ნაზავს წარმოადგენს. მას უაღრესად მარტივად მიირთმევენ - დაასხამენ ზეთს, ლიმონის წვენს, სულ ოდნავ მარილს მოაყრიან და „ტკბებიან ჯანმრთელი საკვების გემოთი“. ამ სტატიის წერისას შევიტყვე, რომ რუკოლას განსაკუთრებულად დიდი თაყვანისმცემელი ჩვენი მერი პოპინსი ყოფილა. როგორც გვარწმუნებს, საოცრად გემრიელია მარილიან ყველთან და პამიდორთან ერთადო.

პეკინური კომბოსტო

პეკინური კომბოსტო - გემოვნური თვისებებით - კომბოსტოა, სტრუქტურით - სალათა. აღმოსავლურ კულინარიაში მას უმსაც და მოთუშულ-შემწვარსაც ერთნაირი ხალისით ეტანებიან, ოღონდ თერმულად დამუშავებისას ფრთხილად უნდა იყოთ. მაღალ ტემპერატურას დიდი ხნით ვერ იტანს და ადვილად ფუჭდება. მისგან მზადდება სახლეგნათქმული კორეული მწნილი „კიმ-ჩი“.


ენდივია
მივადექით თავიან, მწარე სალათებსაც - რადიკიოს, ენდივისა და ციკორის ანუ ვიტლუფს. სამივე მიეკუთვნება ზამთრის ბოსტნეულს, სამივეს მწარე გემოს ვერც ხარშვით, ვერც შეწვით ვერ გაუქრობთ. ამ სიმწრის შემსუბუქება სამზარეულოს ნაცვლად  მხოლოდ ბოსტანში ყოფილა შესაძლებელი, ისიც სალათის მოწყვიტამდე. მოსავლის აღებმდე რამდენიმე დღით ადრე მზის შუქისგან დამცავ გაუმჭირვალე მასალას აფარებენ (თურმე მზე სიმწარეს უძლიერებს, მაგრამ სალათებს სულ „უსინათლოდაც“, მოფარებულშიც ვერ ზრდიან - ჩრდილში ნიტრატების დაგროვებას იწყებენ). 

რადიკიო
გადაფარებულ მდგომარეობაში კი ციკორიც და ენდივიც თეთრდება და ნაკლებად მწარე ხდება. საბოლოოდ კი, სოუსების წყალობით და სულ ოდნავი დამუშავების შედეგად სამივე სალათი მეტად საინტერესო გემოს იძენს. გასინჯეთ, სცადეთ, დროთა განმავლობაში ეგებ რომელიმემ ლატუკთან ერთად ამოყოს თავი ჩვენს სუფრაზე.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი


არაჟნის დიეტა

Approved by Natia Jinjolava

მორიგი დღესასწაულების (ბანკეტების, შეკრებების, მოლხენის...) მერე, მანამდე თითო სანტიმეტრნალოლიავებ და „ნარნარ“ წელს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი რომ დაედება, თავად დღესასწაულისგან მიღებული სიამოვნება სადღაც უკვალოდ ქრება და მხოლოდ სარკის წინ ტრიალი (იმ იმედით, ეგებ თვალი ან სარკე მატყუებს და არაფერი შემმატებიაო), სინანულით თავის ქნევა და „ნწ... ნწ... ნწ...“-ს ძახილიღა რჩება. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს ექსპრეს-დიეტები წარმოადგენს - ანუ, ორი დღე ტანჯვა და შედეგად, ერთი კვირის წინანდელი ზომები (სასურველია ფორმებიც). ერთ-ერთი ასეთი დიეტაა არაჟნის დიეტა, ანუ: 400 გრ არაჟანი და 400 მლ ასკილის წვენი. ასე, ორი დღის განმავლობაში. სასურველია დღიური ულუფა 5 ჭამაზე გაყოთ.
***
მოკლედ, გასულ კვირაში გურმანობა მომეძალა და მალე იძულებული გავხდი წელზე ღილიც შემეხსნა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს დიეტა გამომეცადა და ჩემი შთაბეჭდილებები და შედეგები თქვენთვის გამეზიარებინა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თითოეული დიეტა სხვადასხვა ორგანიზმზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თან ცნობილი ადამიანების დიეტებით სარგებლობისას, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები თავიანთი სიცნობილიდან გამომდინარე, კონკრეტული დიეტის გარდა, სავარაუდოდ ვარჯიშობდნენ, აუზზე დადიოდნენ და გასახდომ მასაჟებსაც იკეთებდნენ. ამიტომ, ვთქვათ, გიგი უგულავას ან ლიზ ტეილორის დაკლებული 15 კილო, თქვენი 15 კილო ვერასგზით ვერ იქნება. არის კიდევ ერთი ფაქტორი - დიეტა ცხიმის და ქონის დაწვაზეა გათვლილი. 120 კილოგრამიან ადამიანს დაახლოებით 40 კილო ქონი აქვს და ამიტომ 10 კილოსაც უმარტივესად იკლებს. 65 კილოგრამიანი ადამიანის მასის უდიდეს ნაწილს კი ხორცი შეადგენს და მისთვის თითოეული გრამის დაკლება ბევრად უფრო ძნელია. 2 და 3 დღიანი დიეტები, პრაქტიკულად შიმშილობას ეფუძნება და სახელდახელოდ ამატებული კილონახევრის დაკლებაზე, ანუ არსებული წონის შენარჩუნებაზეა გათვლილი და მისი ხანგრძლივად გამეორება არასდიდებით არ შეიძლება - ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია. ახლავე აგიხსნით რატომ: ასეთი დიეტის დროს, მაგალითად, 60 კგ-იან ადამიანში ქონის მარაგი ამ ორ დღეში გამოილევა და მერე მშიერი ორგანიზმი საკუთარი თავის ჭამას იწყებს. იცოცხლე, ჩამრგვალებული გვერდების ცოტათი „მოჭმა“ ვის აწყენდა, მაგრამ კუნთთან ერთად დამშეული სხეული სასიცოცხლო ორგანოებსაც (გულს, ღვიძლს, თირკმელს...) გემრიელად „მიირთმევს“. ასე რომ, ზედმეტი 3-5 კგ თუ გაწუხებთ, ჯობია, უფრო ლმობიერ, გაწონასწორებულ და 5-7 დღიან, ან სულაც 2 კვირიან დიეტაზე დადგეთ. ასე ჯანმრთელობასაც მოუფრთხილდებით და დაკლებულსაც შეინარჩუნებთ. თორემ დიდი წონიდან სწრაფად დაკლებულ ყოველ 10 კილოზე 6-ის უკან ამატება და მხოლოდ 4-ის შენარჩუნება ითვლება წარმატებად. თუ 10 და მეტი კილოს დაკლება გსურთ, მაშინ ერთ ან ორთვიანი დიეტები შეარჩიეთ, ჯანსაღი და გემრიელი კვებით. სხვათა შორის, ასეთებიც არსებობს. მაგრამ საწყის წონას ამ შემთხვევაშიც მნიშვნელობა აქვს...
აშკარად მეტყობა, რომ დიეტაზე ვიმყოფები, ჩემი აზრები მხოლოდ... საჭმლის არა (აქაც უკუღმართი ვარ), დიეტის ირგვლივ ტრიალებს. ექსპრეს-დიეტის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ გუშინ დავიწყე და დღეს ვამთავრებ! 2 დღე კაცი ადიდებულ მტკვარშიც კი ჩადგება. მთავარი შედეგია... შედეგს რაც შეეხება, დღეს დილას ავიწონე და გუშინდელის შემდეგ კილო და ცოტა მეტი მქონდა დაკლებული. თავად დიეტის მენიუს რაც შეეხება: ალბათ არაჟანს ცოტა ხანი არა, მაგრამ მალე ისევ შევჭამ. რომ მეგონა, ისეთი საზიზღრობაც არ ყოფილა. არც გუშინ მშიოდა და არც დღეს, მეტიც, გუშინ არაჟნის 1/3 ხელუხლებელი დავტოვე - აღარ მომინდა (ზედმეტი არ ვჭამე და ალბათ მაგიტომაც არ მეზიზღება). მეტსაც დავტოვებდი, მაგრამ პატარა ეშმაკობა ვიხმარე, არაჟნის ნაწილს ცოტა შავი პილპილი და მარილი მოვაყარე და უფრო მარტივად გადავყლაპე. დანარჩენს ხვალ მოგახსენებთ სასწორზე შედგომის შემდეგ!

***
დიეტის მეორე დღე თავდება. პირველი როგორღაც გადავაგორე, სხვათა შორის, ჩემთვის მოულოდნელად უპრობლემოდ. ალბათ იმიტომ, რომ ამ გასაჭირში მარტო არ გახლდით, ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად, იქ, სადღაც მეზობელ უბანში კიდევ ერთი ადამიანი იტანჯებოდა. დღის განმავლობაში მე და მერიკო ერთმანეთს ვეხმიანებოდით, თითოეული დაკლებული გრამის შესახებ ინფორმაციას მქუხარე აპლოდისმენტებით ვეგებებოდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. უნდა გითხრათ, „დიეტობანის“ დიდი მოყვარული არ ვარ და ჩემი გამოცდილებაც (ერთი-ორ მოკრძალებულ მცდელობას თუ არ ჩავთვლით) უფრო თეორიული ცოდნითა და სხვებისთვის  ბრძნული რჩევა-დარიგების გულუხვად გაცემით შემოიფარგლება. ჩემი დიეტის „არსიყვარული“ მისი თანმდევი დისკომფორტით (მოსალოდნელი თავბრუსხვევით, მოთენთილობით და საერთო უგუნებობით) არის განპირობებული. ჩემდა გასაკვირად, ამ მორიგმა ექსპერიმენტმა ჩემს შემთხვევაში ზემოჩამოთვლილი ექსცესების გარეშე ჩაიარა, აი, მერი პოპინსის განწყობას კი მისი ზემოთგანთავსებული, არშინიანი „ანგარიშითაც“ მიხვდებით - სისუსტეს და უღონობას აშკარად არ უჩიოდა. მეტიც, ამ ორდღიან „შიმშილობას“ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე და „კრეატიულობაზე“ გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.
კიდევ ერთი რამ: სულით ხორცამდე პატიოსანი მეც არ აღმოვჩნდი: მაინცდამაინც დღეს სამსახურში სხვისი საქმე (გეგონება, ჩემი არ მეყოფოდა!) თავზე დამაყარეს, ცოტა გუნებაც გამიფუჭეს და, თუ სხვა დროს ანალოგიურ სიტუაციას შოკოლადის ნატეხით „დავატკბობდი“, ამჯერად ერთი კოვზი თაფლით შემოვიფარგლე და დიეტოლოგების მიერ შედგენილი რაციონი მოურიდებლად დავარღვიე. მოგვიანებით, გუნება რომ გამომიკეთდა, სინდისის ქეჯნაც მომეძალა და დანაშაული პრესის ვარჯიშით გამოვისყიდე. სხვათა შორის, ენერგია ამაზეც მეყო!

***

მესამე დილა კვლავაც სასწორზე შედგომით დაიწყო: საძულველი ისარი კილონახევრით ნაკლებს აჩვენებდა!!!

უმტკივნეულოდ გახდომას გისურვებთ, თქვენი მერი პოპინსი და დეიდა პოლი

P.S. დიეტის დამთავრების მომდევნო დღეს უკვალოდ გამქარალი კილონახევარი თავის ადგილზე სასწაულებრივად დაბრუნდა (ვითომც, არსად წასულაო) და თავს სრულიად ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობს!

ხილის პუდინგი „რიყის ქვები“

Approved by Natia Jinjolava

ინგედიენტები: 6 თავშედგმული დესერტის კოვზი შაქარი, 1 კგ კენკრისა და ხილის ნარევი, 2 ს/კ ბალზამიკური ძმარი. ცომისთვის: 110 გრ კარაქი, 225 გრ თვითაფუებადი ფქვილი, მარილი, 75 გრ შაქარი, 140 გრ მაწონი ან არაჟანი.
შაქარი დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე,  დავასხათ ბალზამიკური ძმარი და დავაყაროთ ხილის ნარევი  (მსხალი, ატამი, გარგარი და სხვა დიდი ზომის ხილი წინასწარ გავთალოთ და დავჭრათ) და შემოვდგათ ცეცხლზე. პერიოდულად მოვურიოთ და 4-5 წუთი ვთუშოთ, ხილმა რომ წვენი გამოუშვას, მაგრამ ფორმა არ დაკარგოს.
კარაქი და ფქვილი ერთმანეთში ავურიოთ (თვითაფუებადი ფქვილის მაგივრად, ფქვილს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა სოდა) ფხვიერი ბურბუშელის მიღებამდე. ცომს დავუმატოთ ცოტა მარილი, შაქარი, მაწონი და მოვზილოთ ცომი. ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე, ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ.
უკვე მოთუშული ხილი დაგმოვიღოთ რაიმე ცეცხლგამძლე ფართო ჭურჭელში. ცომისგან მოვამზადოთ პინგ-პონგის ბურთის ზომის გუნდები და ჩავყაროთ ხილთან, ისე რომ ცომის გუნდებს შორის პატარა ადგილები დარჩეს. თავზე შაქრის პუდრა მოვაყაროთ და შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დედამთილის შოკმანჟე

Approved by Natia Jinjolava

მე და ჩემს დედამთილს ძალიან გვიყვარს ტკბილეული. ჰოდა, გუშინ ღამითაც სიმსუნაგის მორიგი შემოტევის დროს ჩემმა დედამთილმა უჯრიდან თავისი კულინარიული რვეული ამოიღო და კიდევ ერთ კონდიტერულ საიდუმლოს მაზიარა. ღამის ორ საათზე დაუზარელი შრომა დაგვიფასდა და მე და ჩემი შვილი დღეს სიამოვნებით მივივირთმევთ  წუხანდელი ჯაფის შედეგს. მოკლედ, ძალიან გემრიელი და ადვილი „შოკმანჟეს“ ჩემი დედამთილისეული რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ:
4 ცალი კვერცხი, 1,5 ჭ შაქარი; 3 ს/კ კაკაო, 3 ს/კ შაქარი და 30 გრ კარაქი შოკოლადის გასაკეთებლად.
ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა და კარგად რომ ამოფუვდება დავუმატოთ შაქარი. ვთქვიფოთ დიდხანს და შაქარი რომ გაიხსნება ჩავუმატოთ კვერცხის გულები და ისევ ვთქვიფოთ.  პარალელურად მოვადუღოთ შოკოლადის მინანქარი კაკაოთი, შაქრით და კარაქით და რომ შეგრილდება შევურიოთ კვერცხიან მასას. ისევ ავთქვიფოთ. შემდეგ მიღებული მასა გავანაწილოთ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 2 საათით. შოკმანჟე კარამელივით შეიკვრება და ძალიან ნაზი და გემრიელი გამოვა!
სასარგებლო რჩევა დედამთილისგან: ვისაც უფრო თხელი, დასალევი შოკოლადის სასმელის მომზადება გსურთ, შაქარი თავიდანვე დააყარეთ კვეცხის ცილას და ბეზეს წინასწარ ნუ ათქვეფთ!
მეორე რჩევა ჩემი გამოცდილებიდან: მინანქრის ნაცვლად შეგიძლიათ შოკოლადის ფილა გაადნოთ 2-3 ს/კ წყალთან ერთად და ის შეურიოთ კვერცხის მასაში.
აი, რამხელა სარგებლობა მოაქვს ოჯახში ტკბილეულის მოყვარულ დედამთილს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

P. S. სხვათა შორის, მალე ჩემი დედამთილისეულ ხაჭაპურსაც შემოგთავაზებთ, დამიჯერეთ, ისიც უგემრიელესია!

გრეიფრუტის შერბეთი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: 1 ლ გრეიფრუტის წვენი, 2 ც ლიმონის წვენი, 2 ც ფორთოხლის წვენი, 200 მლ „კამპარი“, 400 გრ შაქრის პუდრა.
 გრეიფრუტის, ლიმონისა და ფორთოხლის წვენს დავუმატოთ „კამპარი“, შაქრის პუდრა და კარგად მოვურიოთ. შაქარი რომ გადნება, ჩავასხათ თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში და შევდგათ საყინულეში. ნახევარ საათში ერთხელ გამოვიღოთ, კარგად მოვურიოთ და ისევ შევაბრუნოთ გასაყინად. დაახლოებით 2-3 საათში მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სირვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„აბსენტწვეულება“ კლუბში

Approved by Natia Jinjolava

ჩვენს კლუბში დროთა განმავლობაში ბევრი საინტერესო (კეთილი, კარგი, მისასალმებელი) ტრადიცია მკვიდრდება: ჯერ ერთი ის, რომ კლუბს არაერთი საწინააღმდეგო სქესის (ბანაკის) წარმომადგენელი შემოუერთდა და მეორე - შემოერთებულებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ ჩვენთვის სიურპრიზების მოწყობის სურვილი (ერთგულ მკითხველებს „მოულოდნელი ჩაქაფული“ გეხსომებათ). გუშინაც ასეთი საღამო გახლდათ. როგორც ჩანს, ჩვენმა „აღმზრდელობითმა მოღვაწეობამ“ ნაწილობრივ მაინც გაამართლა და კლუბის ერთ-ერთი მავნე გამოსწორების გზას დაადგა. თუმცა ეჭვი მაინც არ მასვენებს: იქნებ სულაც ჩვენი აბსენტით დათრობა და მერე სეირის ყურება განიზრახა? მოკლედ, კეთილი აზრები აწუხებდა თუ ბოროტი, ხელდამშვენებული გვესტუმრა და როგორც „სვეცკი“ თბილისელები იტყოდნენ, მაგარი „აბსენტფართი“ (ჩვენებურად „აბსენტწვეულება“) მოვაწყვეთ!
როგორ ვერთობოდით, ამაზე მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აბსენტის ტრადიციული კოვზის უქონლობამ ხელი სულაც არ შეგვიშალა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ქართული ანდაზის „ხერხი სჯობია ღონესაო“... მართებულება, სპილენძის მავთულისგან შესანიშნავი შინაური თუ ხელნაკეთი „შაქარმჭერი“ შევქმენით, ალკოჰოლმოსხმულ ლერწმის შაქრის ნატეხებზე მშვენიერი კოცონიც გავაჩაღეთ და ასე ცეცხლის გიზგიზში ვიზეიმეთ ჩვენი მის ენდრიუსა და თავად მავნეს დაბადების დღეები.
წვეულების მენიუ:
ბეზეს მერენგები შოკოლადით
4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი, 1 ფილა თხილიანი და ქიშმიშიანი შოკოლადი
ცეცხლზე შემოვდგათ 1/3-ზე წყლით სავსე დიდი ქვაბი. ამ ქვაბში კარგად რომ ჯდება, ისეთ ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ჩავაყაროთ შაქარი. წყალი რომ ადუღდება, ცილიანი ჯამი შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ დაახლოებით 10-15 წუთი (ბეზე გამოსაცხობად თუ გინდათ, 10 წუთიც ჰყოფნის, ტორტის ან ნამცხვრის მოსართავად მთელი 15 წუთი უნდა. რაც უფრო მეტხანს თქვეფთ, გაციებული ბეზე უფრო მაგრად „ხმება“). 
თუნუქის ფორფიტაზე დავაფინოთ ძალიან თხლად ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, სუფრის კოვზით დავადოთ მოხარშული ბეზე და ოდნავ მოვასწოროთ (შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მიიღოთ საკონდიტრო შპრიცით). ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ ოდნავ კარგამოღებულ ღუმელში. მოხარშული ბეზე ფერს არ იცვლის და ცხვება თეთრად.
პატარა ჯამში ჩავტეხოთ შოკოლადის ფილა, დავასხათ დაახლოებით 50 მლ წყალი და მორევა-მორევით გავადნოთ. მოვაწუწოთ უკვე გამომცხვარ ბეზეს.
ატმის ნამცხვარი
1კგ ატამი, 4 კვერცხი, 0,5 ლ მაწონი, 200 გრ შაქარი, 50 გრ კარაქი, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, მარილი დანის წვერზე, 1,5 ჩ/კ სოდა, 50 მლ კონიაკი ან ატმის ლიქიორი
100 გრ შაქარი, კვერცხი, მაწონი და მარილი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ 3 ს/კ ფქვილი და სოდა (სოდას უკეთესად ამოჰყავს, როცა ცომში ცოტა ფქვილიცაა გარეული). მოვურიოთ და ცომი ბუშტებს რომ გაიკეთებს, ნელ-ნელა ჩავამატოთ დანარჩენი ფქვილი საშუალო სისქის არაჟნის კონსისტენციის ცომის მიღებამდე. თავზე დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში.
ატამი გავთალოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ტაფაზე დავყაროთ დარჩენილი შაქარი, დავასხათ წყალი და ლიქიორი.  
კარამელი ქაფად რომ ადუღდება, დავუმატოთ კარაქი და დავაყაროთ ატამი (ატამი წვენს გაუშვებს). ვთუშოთ დაახლოებით 3-4 წუთი.
საცხობ ფორმას სქლად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი. დავალაგოთ ატამი და ზემოდან დავასხათ ცომი (ეს ნამცხვარი უკუღმა, თავით დაბლა ცხვება). შევდგათ გახურებულ ღუმელში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25-30 წუთით. გამომცხვარი ამოვაბრუნოთ და თავზე მოვასხათ ატმებისგან დარჩენილი სიროპი. ეს ნამცხვარი კეთდება ნებისმიერი ხილიგან (შეგიძლიათ ხილი კარამელში სულაც არ ამოავლოთ), და ცომის პორციას თუ გაანახევრებთ, თავდახურულ ტაფაზეც ცხვება 10 წუთში.
ალუბლის ნამცხვარი მოხარშული კრემით
ცომისთვის: 300 გრ ლიმონიანს გულიანი ფხვიერი ორცხობილა („პეჩენიე“ - იყიდება“ნიკორაში“), 75 გრ კარაქი
კრემისათვის: 500 მლ რძე, 4 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 40 გრ ფქვილი.
მოსართავად: 1 კგ დაკურკული ალუბალი, 1პაკეტი ჟელატინი, 50 მლ ალუბლის ლიქიორი, 100 გრ შაქარი
ალუბალი დაკურკეთ, მოაყარეთ შაქარი და მოასხით ლიქიორი.
"პეჩენიე" დაფშვენით და მოზილეთ დარბილებულ კარაქთან ერთად. "პეჩენიე"-ს ცომი ამოაფინეთ გასაშლელ ან ერთჯერად ალუმინის ფოლგის ფორმაში და შედგით ნახევარი საათით საყინულეში, მერე კი მაცივარში. საკონდიტრო მოხარშული კრემის დასამზადებლად რძე დადგით ასადუღებლად. მანამდე ათქვიფეთ შაქარი და კვერცხის გულები. კარგად რომ აითქვიფება, დაუმატეთ ვანილი და ფქვილი. რძე, როგორც კი ბუშტებს გაიკეთებს (ნუ აადუღებთ), გადმოდგით ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად, მორევა-მორევით ჩაათქვიფეთ გოგლი-მოგლში. კვერცხიანი ქვაბი შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ არ შესქელდება. გადმოდგით და გააციეთ.
გაციებული კრემი დაასხით "პეჩენიე"-ს ცომზე, თანაბრად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე და შეაბრუნეთ მაცივარში.
ჟელატინი 10 წუთით ჩაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში. ალუბლები გადაწურეთ და დაალაგეთ კრემზე. გადანაწურ წვენში გახსენით დამბალი ჟელატინი (თუ არ გადნა, ცოტა შეათბეთ). შეთბობა თუ დაგჭირდათ, მერე ოდნავ შეაგრილეთ და მოასხით ალუბლებს. ნამცხვარი შედგით მაცივარში და 2-3 საათით დაივიწყეთ (ჟელეს შესქელებამდე).
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

,,მწვანე ფერია“

Approved by Natia Jinjolava

აბსენტი (Absinthe) - სპირტისა და ტუიონის, ამ ორი ძირითად ინგრედიენტის იდუმალებით აღსავსე ნაზავი, რომლის გარშემოც არაერთი მითი ტრიალებს. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება,  მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნა რევოლუციის შემდეგ საფრანგეთიდან შვეიცარიაში ემიგრირებულმა ექიმმა - პიერ ორდინიერმა. ,,მწვანე ფერია“ (,,La Fee Verte“) – ასე მოიხსენიებდნენ ამ სასმელს. მას იყენებდნენ როგორც უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას, ასევე უმატებდნენ ღვინოში, რათა გაეზარდათ ამ უკანასკნელის მათრობელი ეფექტი. სასმელის პოპულარობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა და უკვე რამდენიმე წელიწადში ჰენრი-ლუი პერნომ შვეიცარიაში აბსენტის ქარხანა გახსნა. მის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება არაერთ ქვეყანაში ხდებოდა.
აბსენტის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა აფრიკაში საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკის გატარებისას. იმ პერიოდში იგი გაიცემოდა ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებზე სასმელი წყლის დეზინფექციისა თუ ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისათვის. დროთა განმავლობაში სასმელმა აფრიკაში მებრძოლი, საფრანგეთში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობიდან ბურჟუაზიაშიც მოიკიდა ფეხი და მალე იგი პარიზული ცხოვრების დამახასიათებელ შტრიხად იქცა. თუმცა ეს სპეციფიკური გემოს მქონე სასმელი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ნელ-ნელა ვითარება შეიცვალა და აბსენტის მოხმარება საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისთვის გახდა შესაძლებელი, რამეთუ აქტიურად იქნა აპრობირებული წარმოებაში ბევრად უფრო იაფი (ხშირად უხარისხო) ნედლეულის გამოყენება. შესაბამისად იმატა ალკოჰოლიზმის დონემ, რამაც არმიაში გაწვევის პროცესში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. კერძოდ, სულ უფრო მეტი წვევამდელი იცნობოდა სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად (ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარების დამანგრეველი ზემოქმედების გამო). საზოგადოების დიდი ნაწილის აბსენტით მკვეთრმა გატაცებამ წარმოშვა ტერმინი ,,აბსენტიზმი“. აღნიშნული ტერმინი ადამიანის კონკრეტულად აბსენტზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე საფრანგეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ფიქრი ამ სასმელის აკრძალვაზე.
1905 წელს ფერმერმა ჯინ ლანდფრეიმ ალკოჰოლის (რომელშიც თავისი როლი აბსენტსაც ჰქონდა ნათამაშები) ზემოქმედების შედეგად საკუთარი ოჯახი ამოხოცა. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო ,,ანტიაბსენტისეული“ კამპანიის აქტიურად გატარებას და მალე იგი არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. ეს აკრძალვა ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა ძალაში. სასმელისათვის რთული პერიოდი 21-ე საუკუნის დასაწყისში სრულდება, როდესაც ევროპაში ეტაპობრივად დაიწყეს მის წარმოება-რეალიზაციაზე აკრძალვების მოხსნა და სასმელის ლეგალიზება, თუმცა ევროკავშირის მიერ დადგენილი იქნა გარკვეული სტანდარტები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია. ,,მწვანე ფერია“ ძლიერი ალკოჰოლური, სპეციფიკური გემოს მქონე სასმელია. იგი როგორც წესი 70-75% ალკოჰოლს შეიცავს. სასმელის შემადგენლობაში რამდენიმე მცენარე თამაშობს თავის როლს, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია - Artemisia absinthium (ლათ.), მცენარე, რომლის ეთერზეთებიც დიდი რაოდენობით ტუიონს შეიცავს. აბსენტისთვის დამახასიათებელ ეფექტში ,,ბრალი“ სწორედ ტუიონს მიუძღვის. სასმელი შეიძლება სხვადასხვა, მიმზიდველი ფერით იქნას წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე გავრცელებული შეფერილობა – ზურმუხტისფერი მწვანეა.როგორც წესი დალევის წინ აბსენტს წყლით აზავებენ, რაც ერთგვარი წესის დაცვით ხდება. შეზავებისას გავრცელებულ პროპორციებად მიიჩნევა: 5:1 ან 3:1 (ორივე შემთხვევაში წყლის წილის უპირატესობით), თუმცა ყოველივე მომხმარებლის გემოვნებაზე და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მისი ზრუნვის დონეზეა დამოკიდებული, რადგან წყლის ოდენობა განსაზღვრავს მიღებული ნაზავის სიმაგრეს. წყალთან შერევისას აბსენტისთვის ამღვრევაა დამახასიათებელი. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ წყლით გაჯერებული სპირტი ვეღარ ითავსებს ეთერზეთებს და ხდება მათი განცალკევება. შეზავებისას ასევე შაქარსაც იყენებენ. ზოგიერთის აზრით შაქარწყალი ,,აბსენტისეული ეფექტისათვის“ კატალიზატორის როლს ასრულებს. აღნიშნული პროცესი სპეციალური, პერფორირებული კოვზის გამოყენებით ხდება. აღნიშნული კოვზი თავისი სპეციფიკური სტილის წყალობით შეიძლება სრულიად სხვა დანიშნულებით გამოყენების პროცესშიც იხილოთ (ფორმით ტორტის დანას წააგავს და ბევრი შეცდომით ნამცხვრის დასაჭრელად იყენებს). არსებობს აბსენტის კოვზების საკმაოდ მრავალფეროვანი ნაირსახეობები. კოლექციონერების დიდი ყურადღებით სარგებლობენ ძველებური კოვზები ან მათი ასლები.
სასმელის შეზავების სხვადასხვა წესია ცნობილი: 1) აბსენტის ჭიქის ზემოდან, კოვზზე დადებულ შაქრის კუბს ასხამენ ყინულოვან, ცივ წყალს, რომელიც ალღობს შაქარს და მიღებული სიროფი ერევა აბსენტს; 2) აბსენტის ჭიქის ზემოდან, კოვზზე დადებულ შაქრის კუბზე ნელა ასხამენ ერთ წილ სასმელს. შემდეგ შაქარს ცეცხლს უკიდებენ. შედეგად მიღებულ კარამელს აბსენტში ღვრიან და სამ წილ წყალს უმატებენ (აღნიშნული ხერხის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან ალკოჰოლიანი ჭიქა შეიძლება ადვილად აალდეს); 3) აბსენტის ჭიქის ზემოდან, გაცხელებულ კოვზზე დადებულ შაქრის კუბზე ნელა ასხამენ სასმელს. შედეგად ხდება გამდნარი შაქრისა და შემთბარი სასმელის შეზავება; 4) შეიძლება საჭირო პროპორციის მიხედვით ცალკე მომზადებული შაქრის სიროფის სასმელთან შეზავება. შაქრიანი წყალი ხელს უწყობს სასმელის მომწარო გემოს დაბალანსებას.    
საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად აბსენტი ჰალუცინოგენური საშუალებაა, რაც 100 პროცენტიან სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ზოგს მიაჩნია, რომ ამ სამელის დაჭაშნიკების შემთხვევაში აუცილებლად ,,მწვანე კაცუნების“ გარემოცვაში აღმოჩნდება. გამოცდილთა აზრით ნამდვილი აბსენტისეული თრობა ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებულია და სხვადასხვა შემთხვევაში ეფექტი შეიძლება ძალზედ არაერთგვაროვანი იყოს. ეფექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ მის ხასიათზე და გამოვლენაზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს (მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა; მისი ორგანიზმის დამოკიდებულება ზოგადად ალკოჰოლზე ან თუნდაც სასმელის შემადგენლობაში შემავალ კონკრეტულად რომელიმე ინგრედიენტზე და ა.შ.) ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ხშირად შევხვდეთ მისაბაძი ხასიათის მქონე ადამიანს, რომელიც ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღებისა და თრობის შემთხვევაში პათოლოგიური სიმთვრალის ,,არაჩვეულებრივ“ გამოხატულებად გარდაიქმნება ხოლმე.აბსენტის მოყვარულთა რიგებში არაერთი ცნობილი პიროვნება ირიცხებოდა: ვინსენტ ვან გოგი; ერნესტ ჰემინგუეი; ანრი დე ტულუზ ლოტრეკი (მხატვარმა სპეციალურად თავისთვის შეიმუშავა აბსენტის კოვზის დიზაინი. კოვზის წვერზე ამოჭრილია მისი მონოგრამა). ერთი რამ ცხადია: აბსენტი ტრადიციულ ქართულ სუფრასთან თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოს  შემდეგ ყელის ჩასასველებლად არ გამოდგება! საქართველოს კანონმდებლობით არნიშნული სასმელი აკრძალული არ არის. ამის დასადგენად კოდექსებში ჩახედვა სულაც არ არის აუცილებელი. საკმარისია თბილისის სუპერმარკეტებისა თუ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე ორიენტირებული მაღაზიების თაროებზე მოთავსებულ სხვადასხვა მოცულობის აბსენტის ბოთლებს გადაავლოთ თვალი. იყიდება როგორც საკოლექციო - მომცრო ზომის ბოთლებში, ასევე მის აქტიურ მომხმარებელზე გათვლილი, მოცულობით ჭურჭელში ჩამოსხმული აბსენტი. შეხვდებით სასაჩუქრო კომპლექტაციებსაც, რომლებშიც აბსენტის კოვზი ან სპეციფიკური მოყვანილობის ჭიქებიც შედის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

თანამედროვე საათები

Approved by Natia Jinjolava

დეიდა პოლიმ საათების ისტორიისა და სახეობების შესახებ მოგაწოდათ ინფორმაცია. მე კი მინდა რომ თანამედროვე მოდური ძვირად ღირებული საათების ბრენდების შესახებ მოგიყვეთ. როდესაც საქმე ძვირფას საათს ეხება,  აუცილებლად გაგვახსენდება ისეთი ბრენდები როგორიც არის Cartier, A. Lange & Sohne, Longines, Ulysse Nardin და ა. შ.


შვეიცარიული კომპანია Ulysse Nardin-ი დაარსდა 1846 წელს და დღემდე  ძალიან ძვირადღირებულ  მაჯის საათებს აწარმოებს, რომელთა ტარების პატივი და უფლება მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანს აქვს. ეს ცისფერ ციფერბლატიანი საათი პლატინისაა  და იგი  240 000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. მაგრამ გაგიმართლათ, ეხლა ფასდაკლების სეზონია და ეს ნანატრი მოდელი შეგიძლიათ სულ რაღაც 180 000 დოლარად შეიძინოთJ



შედარებით იაფი დაგიჯდებათ Cartier-ის ოქროს საათი. ეს ოთხკუთხდი ფორმის ძალიან დახვეწილი მაჯის საათი ამჟამად მოდაშია.  როგორც ამბობენ ამ  საათის „პადდელკას“ თბილისის ბაზრობაზე სულ  40 ლარად იყიდი.  და იცით რა ღირს ორიგინალი? არც მეტი არც ნაკლები 143 500 აშშ დოლარი.



თუკი თქვენ არც ჩვეულებრივი მილიონერი და არც არაბი შეიხი ხართ მაშინ შეგიძლიათ შედარებით მოკრძალებული მაჯის  საათით დაკმაყოფილდეთ. დამერწმუნეთ ძვირი სულაც არ დაგიჯდებათ თუკი Montblanch-ის ამ თანამედროვე  საათს შეიძენთ. ეს მოდელი ჯინსებსაც ისევე მოუხდება როგორც ელეგანტურ შარვალ-კოსტუმს.  მისი ფასი მხოლოდ 3 999, 000 აშშ დოლარი ღირს.



ეხლა კი ორიოდე სიტყვა ჩემს საყვარელ ბრენზე:  Longines-ის ისტორია  1832 წლიდან იწყება. ამ ბრენდისთვის დამახასიათებელია ძალიან დახვეწილი საათები.  თუკი ადამიანი   Longines-ს ატარებს, ეს  არა მხოლოდ მისი მფლობელის სიმდიდრეზე,  არამედ  მის დახვეწილ გემოვნებაზეც მეტყველებს.  ამ საათების ფასები 1400–დან 2000 აშშ დოლარამდე მერყეობს.



საქართველოში ძალიან გავრცელებულია Tissot, Orient, Citizen, Seikos საათები. მინდა გითხრათ რომ ამ ბრენდებსაც  გააჩნიათ  ძვირად ღირებული და შედარებით იაფი, ჩვეულებრივი  მოკვდავი ადამიანის  გემოვნებაზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე გათვლილი მოდელები.


ბოლოს კი მოვიხსენიებ  ძალიან გავრცელებულ ბრენდ Swatch-ს. მიუხედავად იმისა რომ წელს ძალიან მოდურია ოთხკუთხედი საათები  Swatch-ის კაუჩუკის სამაჯურიანი მრგვალი საათები მაინც ძალიან აქტუალური და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში.  თუმცა  მეც დიდი სიამოვნებით ვატარებ ასეთი სტილის მაჯის საათს, მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი დიდი ხანია აღარ ვარ.. 

კეთილი სურვილებით თქვენი იფიგენია დაუტფაიერი