ყველიანი ჩხირები და ლორის კრუასანები

Approved by Natia Jinjolava


აბა, ლუდის სმა რა ლუდის სმა იქნება თან ფსტის კაკალი ან გემრიელი ყველიანი ჩხირები თუ არ მივაყოლეთ. და, რაც არ უნდა გემრიელად მოგვეჩვენოს მეზობელ სუპერმარკეტში ნაყიდი ორცხობილები და კრეკერები, კიდევ უფრო გემრიელი გამოდის საკუთარი ხელით და სულ ოდნავ ორიგინალური რეცეპტით გამომცხვარი სასუსნავი. მოკლედ, ვისაც ლუდი და სამზარეულოში ფუსფუსი ერთნაირად უყვარს იმათთვის:

ყელიანი ჩხირები
30 ცალისთვის: 250 გრ უცხიმო ხაჭო, 250 გრ ფქვილი, 250 გრ ცივი კარაქი ან მარგარინი, მარილი, პილპილი, გახეხილი ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 250 გრ ყველი „გაუდა“, 2 კვერცხის გული, 4 ს/კ რძე ან ნაღები
ხაჭო ჩავდოთ საცერში და ერთი საათი დავტოვოთ სითხისგან დასაწრეტად. შემდეგ ფქვილი, კარაქი და ხაჭო დავყაროთ სამუშაო დაფაზე, ზემოდან დავაყაროთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკალი (მუსკატის კაკალი) და ავკეპოთ დანით. ბოლოს ხელები დავიხმაროთ და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით შევდოთ მაცივარში. ყველი გავხეხოთ. ცომი გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ 20 სმ სიგრძის და 2 სმ სიგანის ზოლებად. კვერცხის გული და ნაღები ერთად ავთქვიფოთ და წავუსვათ ცომის ზოლებს და ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ (ყველს ხელით ოდნავ დავაწვეთ, ცომზე კარგად რომ დაფიქსირდეს). შემდეგ ყველიანი ზოლები სპირალივით დავახვიოთ და ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ. გამოვაცხოთ 200°C-მდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი, გაოქროსფერებამდე.

ლორის კრუასანები
40 ცალისთვის: 250 გრ უცხიმო ხაჭო, 250 გრ ფქვილი, 250 გრ ცივი კარაქი ან მარგარინი, მარილი, პილპილი, გახეხილი ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 500 გრ ლორი, 1 კვერცხის გული, 2 ს/კ რძე ან ნაღები
ხაჭო ჩავდოთ საცერში და ერთი საათი დავტოვოთ სითხისგან დასაწრეტად. შემდეგ ფქვილი, კარაქი და ხაჭო დავყაროთ სამუშაო დაფაზე, ზემოდან დავაყაროთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკალი და ავკეპოთ დანით. ბოლოს ხელები დავიხმაროთ და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით შევდოთ მაცივარში. ცომი გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ 14 სმ სიგრძის ზოლებად. შემდეგ ეს ზოლები დავჭრათ მახვილკუთხა სამკუთხედებად. ღუმელი გავაცხელოთ 200°C-მდე. საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი. თითოეულ სამკუთხედზე მოვათავსოთ ლორის ნაჭერი და დავახვიოთ კრუასანის ფორმაზე. გამზადებული კრუასანები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე, წავუსვათ კვერცხში ათქვეფილი ნაღები და გამოვაცხოთ 22-25 წუთის განმავლობაში გაოქროსფერებამდე.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, მერი პოპინსი

ლუდომანია

Approved by Natia Jinjolava


გამოგიტყდებით, ცოტა ხნის წინ მეგობართან სტუმრობისას გაოცებულმა მოვისმინე, რომ იგი თავისი მცირეწლოვანი შვილის „შიშით“ სახლში ლუდს ვეღარ სვამს. თურმე ბავშვს მოუხერხებია და მამამისის კათხიდან ლუდის რამდენიმე წვეთი დაუგემოვნებია და საკმაოდაც მოსწონებია. არადა, პირადად მე, სკოლის უფროს კლასებში ვიყავი, როცა ერთი კათხა ლუდი (თანაც ალკოჰოლის ნაკლები შემცველობით) ძლივს დავლიე. ისიც, მეგობრების შაყირის ობიექტად რომ არ ვქცეულიყავი იმიტომ. გავიდა დრო და ეს ჯადოსნური სასმელი ჭეშმარიტად დავაფასე და დღესდღეობით დიდი სიამოვნებით გეახლებით ხოლმე (რასაკვირველია ზომიერ ფარგლებში).
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წინამდებარე სტატია არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების მოხმარების პროპაგანდას ან რომელიმე მწარმოებელი კომპანიისა თუ კონკრეტული მარკის რეკლამას. უბრალოდ, მინდა შეძლებისდაგვარად თავი მოვუყარო ლუდისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ მონაცემებს და მერე თქვენს წინაშე წარმოვადგინო. თუმცა, ამისთვის ალბათ ერთი სტატიაც არ მეყოფა, მაგრამ ყველაფერი თანდათნობით დავიწყოთ. გარკვეული მიზეზების გამო დღეს ბავარიულ ლუდზე შევჩერდები. ამასთან, აუცილებლად დავძენ, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
თავს არ შეგაწყენთ ლუდის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებების მოყოლით. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმცირე აშკარად არ შეინიშნება. ერთი რამ ცხადია - ლუდი ერთ-ერთი უძველესი სასმელია, რომლის მომზადების ტექნოლოგიაც მაშინაც (უძველს სამყაროში) და ახლაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან კულტურული, გეოგრაფიული, თუ სხვა ფაქტორების გავლენით. მის დასამზადებლად იმთავითვე სხვადასხვა ნედლეულს იყენებდნენ: ხორბალი, ქერი, სვია, სიმინდი, ბრინჯი და სხვ. თანაც, ხელისუფლების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიის დაცვაზე მუდამ სერიოზული კონტროლი არსებობდა და დამრღვევებს საკმაოდ მკაცრი სანქციებიც ელოდათ. მაგალითად, 1516 წელს ბავარიაში (გერმანია) მიიღეს ლუდის „სისუფთავის კანონი“ (Reinheistgebot), რომლის თანახმადაც ამ სასმელის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქერის (მოგვიანებით ალაოს), სვიისა და სუფთა წყლისაგან. ტრადიციის ერთგულ ბავარიულ ლუდსახარშებში ამ წესებს დღემდე დიდი გულმოდგინებით იცავენ.
ლუდის მოყვარულ ადამიანს შეუძლებელია ერთხელ მაინც არ ქონდეს გაგონილი სიტყვა „ოქტობერფესტი“ (Oktoberfest) - გერმანიის ყოველწლიური ლუდის ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ღონისძიების სახელწოდება მიგვანიშნებს ოქტომბრის თვეზე, იგი ტრადიციულად სექტემბრის მესამე უიქენდზე იწყება და 16 დღე გრძელდება.
გადმოცემის თანახმად, ამ შესანიშნავ ტრადიციას საფუძველი ასე ჩაეყარა: 1810 წლის 12 ოქტომბერს ბავარიის პრინც ლუდვიგ პირველისა და პრინცესა ტერეზას ქორწინების დღეს საქორწილო წვეულებაზე მთელი ქალაქი დაპატიჟეს. ზეიმი ქალაქგარეთ მდებარე დიდ მინდორზე გაიმართა, რომელსაც ამ მოვლენის საპატივცემულოდ დღეს ტერეზას მინდორს (Teresienwiese) უწოდებენ. სტუმრებს უფასო ლუდს და სანახაობას სთავაზობდნენ. "საყოველთაო დროსტარებამ" იმდენად კარგად ჩაიარა, რომ პრინცმა ლუდვიგმა ზეიმის ყოველწლიურად გამართვის განკარგულება გასცა. დროთა განმავლობაში სულ ახალი და ახალი ტრადიციები მკვიდრდებოდა. ლუდის დღესასწაული სულ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი ხდებოდა და დღეისათვის ნამდვილი „სატყუარაა“ მილიონობით ტურისტებისათვის ან სულაც ლუდზე შეყვარებულთათვის. აი, ასე დაფუძნდა თავისი მასშტაბებით გინესის რეკორდების წიგნში შესული ლუდის უმსხვილესი ფესტივალი.
ტრადიციულად, ფესტივალის პირველ დღეს 12 საათზე მიუნხენის მერი პირველ კასრ ლუდს ხსნის, უფრო სწორედ რომ ვთქვათ - ძლიერი დარტყმით აგდებს საცობს კასრიდან, რითიც სიმბოლურად აღნიშნავს თექვსმეტ დღიანი მხიარულების დაწყებას. ასე იწყება 6 კილომეტრიანი კოსტუმირებული მსვლელობა უცვლელი მარშრუტით და საბოლოო დანიშნულების ადგილით - „ ოქტობერფესტის“ პავილიონებამდე ტერეზას მოედანზე. მინდორზე, როგორც წესი, 14 გიგანტური კარავია გაშლილი. თუმცა, ძნელია კარავი უწოდო კონსტრუქციას, რომელიც ერთდროულად 10 ათას ადამიანს იტევს... ფესტივალის დროს შეგიძლიათ ხსენებული კარვებიდან ნებისმიერს, ან სულაც ყველას რიგ-რიგობით ესტუმროთ, მაგრამ ყველაფერი 23:30-მდე უნდა მოასწროთ - ამ დროს ყველა კარავი იხურება. კელნერებს (ოფიციანტებს) ამ ღირშესანიშნავი მოვლენისთვის „უფრო ძლიერის“ პრინციპით არჩევენ, რადგან ძველგერმანულ, ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა ხშირად შემკვეთის მაგიდამდე 12 ლიტრი ლუდის ერთდროულად მიტანა უნდა მოახერხონ (ფესტივალზე 1 ლიტრის მოცულობის ლუდის კათხებს იყენებენ. ასეთ კათხას „მასი“ ეწოდება).
ოქტობერფესტზე პროდუქციის გამოტანის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ 6 ლუდსახარშს აქვს, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ მარკებთან ერთად აუცილებლად წარმოადგენენ საგაგებოდ ფესტივალისთვის შექმნილი ლუდის სახეობას. ექვსი „ბედნიერს“ სია ასეთია:
Augustiner - ეს ლუდი პირველად მე-14 საუკუნის 20-იან წლებში (მისი დაბადების თარიღად 1328 წელი ითვლება) მოხარშეს ავგუსტინელთა ორდენის ბერებმა. გადმოცემის თანახმად, ბავარიის მეფე ახალ ლუდს იმდენად მოუხიბლავს, რომ ბრძანება გაუცია - მონასტერი გადასახადებისგან მთლიანად გაეთავისულებინათ და თან ბერებს ლუდის გაყიდვის ნებაც დართო. ამ ლუდსახარშში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციებს. ლუდის შესანახად დღესაც მუხის კასრებს იყენებენ, რაც ამ მარკის პოპულარობას ძალიან ზრდის. ფესტივალზე   Augustiner-ის კარავში კლიენტებს ლუდს პირდაპირ ხის კასრიდან უსხამენ.
Hofbräu - ლუდის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია. იგი ზედმიწევნით ზუსტად იცავს ლუდის ხარშვის მკაცრ კანონებს, რომლებიც როგორც უკვე ვიცით, ჯერ კიდევ 1516 წელს იქნა მიღებული და ის იმ ლუდსახარშთა რიცხვში შედის, რომლებიც წარმოებაში არასდროს მიმართავენ პროცესის დამაჩქარებელ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, აქცენტს არა პროდუქციის მოცულობაზე, არამედ მის ხარისხზე აკეთებენ. ამ მარკას ოქტობერფესტზე ყველაზე დიდი კარავი აქვს, სადაც სხვა კარვებისგან განსხვავებით ფეხზე მდგომ კლიენტებსაც ემსახურებიან.
Paulaner - ლუდსახარში მე-17 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით მისი ნათლიები ბავარიელი ბერები არიან, რომლებიც წმ. ფრანცისკის (პაოლიდან) ორდენს ეკუთვნოდნენ.
Löwenbräu - ბავარიული ლუდის ერთ-ერთი უძველესი მარკაა, რომლის შექმნის ისტორიის ფესვებიც მე-14 საუკუნეში იკარგება. როგორც ამბობენ, ბრენდის დასახელება ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში მდებარე ტრაქტირის -  „Zum Löwen“-ის (ლომის ტრაქტირი) სახელწოდებიდან მოდის, რომელის მეპატრონემაც ეს ლუდი პირველად 1382 წელს მოახარშა. თუმცა, აღნიშნული მარკა მიუნხენის ლუდსახარშთა რეესტრში ოფიციალურად მხოლოდ 1746 წლიდანაა მოხსენიებული. „ლოვენბრაუ“ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) იყიდება. ადვილად დასამახსოვრებელია ლუდის ეტიკეტიც თავისი ფერებითა თუ ორიგინალურობით. მის ემბლემაზე გამოსახული ლომი სიმამაცის, სიძლიერისა და ლიდერობის სიმბოლოა.
Spaten - ბავარიული ლუდის კიდევ ერთი ცნობილი მარკა. სახელწოდება „შპატენ“ გერმანულად ნიჩაბს ნიშნავს და ბრენდის ლოგოც შესაბამისია - მასზე რა თქმა უნდა ნიჩაბია დახატული. ლოგო 1884 წელსცნობილმა მხატვარმა ოტო ჰუპმა შემქნა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სავაჭრო მარკად ითვლება.
Hacker-Pschorr - იოზეფ ფშორს ლუდის ხარშვის ხელოვნების დახვეწისთვის ბევრი ლუდისმხარშველთა მეფეს უწოდებდა. საინტერესოა, ისიც რომ მისი ქალიშვილის ფრანც შტრაუსზე ქორწინების შედეგად „ვალსების მეფედ“ ცნობილი რიფარდ შტრაუსი მოევლინა ქვეყანას.
ახლა ისევ ზოგადად ლუდის თაობაზედ: ლუდს მინის ბოთლებში, ალუმინის ქილებში ან სულაც კეგებში ინახავენ (კეგი რა არის?! მეტალის ჭურჭელი, რომელიც ძირიღადად ფოლადისგან მზადდება. იგი გამოიყენება, როგორც ალკოჰოლური, ასევე არაალკოჰოლური სასმელების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის). ისიც გამიგია, რომ ლუდი -2°C ტემპერატურაზე იყინება. ექსპერიმენტი პირადად არ ჩამიტარებია და სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ ასეთი მანიპულაციის შემდეგ ლუდის გალღობა და დალევა შეიზლება, მაგრამ ის თავის გემოვნურ თვისებებს კარგავს. ასე რომ, არც თქვენ გირჩევთ. სჯობს, თქვენი გემოვნების მიხედვით შერჩეული ლუდი თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე ჩააციოთ და წელიწადის დროის ცვალებადობის მიუხედავად, ისიამოვნოთ. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე - ზომიერება უპირველეს ყოვლისა!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ


ტორტი „ჟირაფი“

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის - 350 გრ ფქვილი, 175 გრ კარაქი, 1 მწიკვი მარილი, 100 გრ შაქარის პუდრა, 3 კვერცხის გული; გულსართისთვის - 6 კვერცხი და 9 კვერცხის გული, 7 ლიმონის ცედრა, 7 ლიმონის წვენი,  300 გრ შაქარი, 300 გრ კარაქი
გავცრათ ფქვილი, ჩახახეხოთ 175 გრ კარაქი და ჩავაყაროთ მარილი. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ (ბურბუშელას მსგავსი ფხვიერი მასა უნდა მივიღოთ). დავამატოთ შაქრის პუდრა და 3 კვერცხის გული. მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავაკეთოთ გუნდა  (ძალიან ფხვიერი ცომი თუ გამოვიდა და არ შეიკრა, სულ ცოტა კარაქი ან წყალი დავამატოთ და კიდევ ერთხელ მოვზილოთ), გავახვიოთ ცელოფანის პარკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი-1 საათით.
სანამ ცომი ცივდება, ჯამში ჩავასხათ 9 კვერცხის გული და 6 კვერცხი და ავთვიფოთ კარგად. დავუმატოთ ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა და შემდეგ ლიმონის წვენი. ავთქვიფოთ კარგად, ბოლოს დვუმატოთ შაქარი. კვერცხის მასა შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის კრემის მიღებამდე (არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი შეიკვრება!). შაქარი რომ გადნება, სათქვეფი გვერდზე გადავდოთ და მორევა დიდი კოვზით გავაგრძელოთ. კრემი ცოტათი რომ შესქელდება (ჯერ კიდევ წყლის აბაზანაზე), დავუმატოთ კარაქის ნახევარი. კარაქი რომ გალღვება, მერე კარაქის მეორე ნახევარიც ჩავამატოთ. კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცოტა შევაგრილოთ.
სანამ კრემი ცივდება, მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი. გასახსნელ ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი. გაცივებული ცომი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. გახეხილი ცომი ჩავყაროთ ტორტის ფორმაში და ხელით ამოვტკეპნოთ ფსკერზე და გვერდებზეც. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან და დავასხათ ლიმონის კრემი. 5-8 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში (თავზე კრემი ალაგ-ალაგ უნდა დაიწვას).
ტორტი გააგრილეთ გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ფორთოხლიანი შოკოლადის ტორტი პიტნის კრემით

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები:  400 გრ მზა ფხვიერი ცომი, 120 გრ ფორთოხლის არომატიანი (ან ნებისმიერი რძიანი) შოკოლადი, 70 გრ დარბილებული კარაქი, 155 გრ შაქარი, 40 გრ ფქვილი,  6 კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 350 მლ ცხიმიანი ნაღები, 2-3 ს/კ შაქრის პუდრა, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ცოცხალი პიტნა

მომზადენის წესი:
1. გავაცხელოთ ღუმელი 190-°C-მდე. მზა ცომი ამოვაფინოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ შეოქროსფერდება. გამომცხვარი ცომი ღუმელიდან გამოვიღოთ, მაგრამ ფორმაში ჩავტოვოთ და ღუმელის ტემპერატურა 150°C-მდე შევამციროთ.
2. სანამ ცომი ცხვება, ქვაბში დამტვრეული შოკოლადი ჩავყაროთ და მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოვდგათ გასადნობად. ვურიოთ, სანამ ბოლომდე არ გადნება. ჩავურიოთ კარაქი და ისიც გავალღვოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და ფქვილი, დავუმატოთ კვერცხები და ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. კვერცხიანი მასა გამდნარ შოკოლადში ჩავურიოთ.
3. მივუბრუნდეთ ტორტის ფორმასა და მასში მოთავსებულ ცომს. ცომს ზემოდან შოკოლადის კრემი დავასხათ და ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით შევაბრუნოთ. კრემი გვერდებში უნდა შესქელდეს, მაგრამ ფორმის შეჯანჯღარებისას მსუბუქად უნდა თახთახებდეს. გამომცხვარი ტორტი კარგად გავაგრილოთ.
4. ნაღები 1 ს/კ შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ შესქელებამდე. ჩავურიოთ პიტნა და თქვეფა ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ. დარჩენილი შაქრის პუდრა ტორტს თავზე მოვაფქრვიოთ და დავჭრათ პორციებად. თითოეული ნაჭერი ათქვეფილი ნაღების კრემით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!


(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან) 
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კუმკვატი, ბერგამოტი, რანგპური...

Approved by Natia Jinjolava


ციტრონი "ბუდას თითები"

შემოდგომა ყველაზე მეტად ციტრუსების, განსაკუთრებულად კი მანდარინის სიჭარბის გამო მიყვარს. ჰოდა, დღეს ციტრუსებზე მოვინდომე საუბარი და საქმეს ჩვეული გულმოდგინებით მივუდექი. თავიდან უზარმაზარი სიაც გავაშანშალე: ფორთოხალი, ნარინჯი, თურინჯი, კლემენტინი, ტანჯერინი, ციტრონი, პამპელმუსი, პამელო, ბერგამოტი, მეიერის ლიმონი, რანგპური ... და ა.შ. და მივხვდი, რომ ყველას ბლოგის კი არა, ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ ფორმატი არ ეყოფოდა და ჩემი არჩევანი მხოლოდ საქართველოში ბინადარ და უკვე შემოპარულ ეგზემპლიარებზე შევაჩერე: 

ლაიმი
ლაიმი (Citrus aurantiifolia) - ანუ მწვანე ლიმონი მსოფლიოში ძალიან პოპულარული, მაგრამ საქართველოსთვის დღემდე „უცხო“ ხილია. სხვა ციტრუსებზე მეტად წააგავს ლიმონს, აქვს უფრო ნაზი და ნაკლებად მჟავე წვენი  და ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, როგორც ძირითადი კერძების, ასევე კოქტეილების და დესერეტების დასამზადებლად. ლაიმის ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ტკბილი ლაიმი, რანგაპური და მექსიკური ლაიმი.

ლაიმის კრემი (4 პორცია)
4-5 ლაიმი, 3 ფირფიტა ჟელატინი, ¼ ჭ რძე, 3 კვერცხის გული, 150 გრ შაქარი, 1,5 ჭ ნაღები, 2 ს/კ შაქარი, 20 მლ ფორთოხლის ლიქიორი, 4 ცალი დაშაქრული ალუბალი მოსართავად  
ლაიმებისგან გამოვწუროთ ½ ჭ წვენი და გადავდგათ გვერდზე. ჟელატინი 10 წუთით ჩავალბოთ ცივ წყალში. რძე, კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ ქვაბში და კარგად რომ გაითქვიფება, შემოვდგათ წყლის აბაზანაზე. კვერცხიანი მასა კრემის კონსისტენციის რომ გახდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ჟელატინი გავწუროთ და გავხსნათ კრემში. კრემი გავაციოთ. ავთქვიფოთ ნაღები და თანდათანობით დავუმატოთ 2 ს/კ შაქარი. ნაღები ფრთხილად გადავურიოთ გაციებულ კრემში. ბოლოს, ლაიმის წვენი და ლიქიორიც კრემში ჩავამატოთ. კრემი გავანაწილოთ 4 ლამაზ სანაყინე ჭიქაში და ერთი საათით შევდგათ მაცივარში. ჭამის წინ მოვრთოთ დაშაქრული ალუბლებით.

პომელო
პომელო (Citrus maxima, Citrus grandis) - ყველაზე დიდი ციტრუსია, რომელიც გამოირჩევა ძალიან გემრიელი და ნაზი არომატით. მისი ერთი ცალი ნაყოფის ზომა 1-დან 10 კილოგრამამდე მერყეობს და 4-5 ადამიანს თავისუფლად ყოფნის. ერთნაირი წარმატებით გამოიყენება კულინარიასა (განსაკუთრებით ჩინეთსა და ტაილანდში) და პარფიუმერიაშიც.

პომელოს ნამცხვარი
ცომისთვის: 10 ს/კ კარაქი,  3 ს/კ შაქრის პუდრა, 2 ს/კ შაქარი, 1 ¼ 4 ფქვილი; გულსართისათვის: 6 კვერცხის გული, ¾ ჭშაქარი, ¾ ჭ პომელოს წვენი. 1 ლიმონის ცედრა, 5 ს/კ დარბილებული კარაქი, 3 ს/კ შაქრის პუდრა თავზე მოსაყრელად; 180°C-მდე გახურებული ღუმელი
კარაქი კარგად ავთქვიფოთ და ჩავაყაროთ ერთმანეთში არეული შაქარი და შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ 2-3 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ¾ ჭ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ჩავამატოთ დანარჩენი ფქვილი. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი, ცომი რომ არ მიიკრას. ცომი ფორმაზე გავაბრტყელოთ და შევდგათ გამოსაცხობად დაახლოებით 30 წუთით, ან სანამ გვერდები არ შეუოქროსფერდება (შეიძლება შუაგული კვლავაც თეთრი იყოს, მაგრამ არაუშავს). გულსართის დასამზადებლად საშუალო ზომის ქვაბში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ პომელოს წვენი და კარაქი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით 8 წუთი შეუწყვეტლივ ვურიოთ სანამ თხელი არაჟნის კონსისტენციამდე არ შესქელდება (არ აგიდუღდეთ, თორემ ტკბილი ერბოკვერცხი გამოგივათ კრემის ნაცვლად!). კრემი რომ შესქელდება ცეცხლიდან გადმოვდგათ და საცერში გადავწუროთ. დავუმატოთ ლიმონის ცედრა და კარგად მოვურიოთ. ბისკვიტი რომ გამოცხვება, ღუმელიდან გამოვიღოთ, ღუმელის ტემპერატურა კი 190°C-მდე გავზარდოთ. კრემი ბისკვიტზე მოვასხათ და საკონდიტრო ნიჩბით თანაბრად გავანაწილოთ. ნამცხვარი ღუმელში შევაბრუნოთ დაახლოებით 16-18 წუთით. უკვე გამომცხვარი დაახლოებით 1 საათი მაინც თავისივე ფორმაში დავტოვოთ და ისე გავაციოთ. მერე თავზე შაქრის პუდრა მოვაყაროთ და კვადრატებად დავჭრათ.



ფორთოხალი (Citrus sinensis)  - აბა, ფორთოხალზე მე რა უნდა გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ისედაც ყველაფერი იცით. ამავე ჯგუფში ერთიანდება თურინჯი, ნარინჯი და ვაშინგტონი.

ფორთოხლის ნამცხვარი (30 ნაჭერი)
100 გრ კარაქი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 120 გრ კაქარი, 1 მწიკვი მარილი, 4 კვერცხის გული, 2 ფორთოხლის წვენი და ცედრა, 3 კვერცხის ცილა, 90 გრ ფქვილი, 30 გრ კარტოფილის სახამებელი, 100 გრ დაფქული ნუში, 200 მლ ფორთოხლის მარმელადი, 200 გრ შაქრის პუდრა, 4 ს/კ ფორთოხლის წვენი, 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი „კუანტრო“
გამოსაცხობ თუნუქის ფირფიტას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. ავთქვიფოთ კარაქი შაქრის ნახევართან, ვანილთან და მარილთან ერთად და სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები, ფორთოხლის წვენი და ცედრა. შაქრის მეორე ნახვერისა და კვერცხის ცილისგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად შევურიოთ კარაქიან მასას. ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი, სახამებელი და ნუში. მოვურიოთ აკურატულად. ცომი საცხობ ფირფიტაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ და 10 წუთით შევდგათ ღუმელში. გამომცხვარი ნამცხვარი სულ ცოტა 2 საათი გავაჩეროთ. შემდეგ შუაზე გავჭრათ, ქვედა ფენას წავუსვათ ფორთოხლის მარმელადი და ზემოდან დავაფაროთ მეორე ფენა. შაქრის პუდრას ფრთხილად ჩავურიოთ ლიქიორი და ფორთოხლის წვენი და მიღებული სარკალა მოვასხათ ბისკვიტს. მზა ნამცხვარი დავჭრათ 30 თანაბარ ნაწილად.

გრეიფრუტი



გრეიფრუტი (Citrus paradisi) – რასაკვირველია ციტრუსების ამ წარმომადგენელსაც კარგად იცნობთ.




კოქტეილი „კამპარი სქუიზი“
შეიკერში ჩაასხით ერთი წილი „კამპარი“ და წერთი წილი ვარდისფერი გრეიფრუტის წვენი - კარგად ავანჯღრიოთ. ჩავასხათ ყინულებით სავსე ჭიქაში, თავამდე შევავსოთ „კლაბ-სოდით“ (ვანილის ლიმონათით) და მოვრთოთ ფორთოხლის კანის ანათალით.

ბერგამოტი

ბერგამოტი (Citrus bergamia) - ციტრონისა და ნარინჯის ხელოვნურად შეჯვარების შედეგად მიღებული ციტრუსია, რომელსაც ცალკე არ ჭამენ, მაგრამ სწორედ მისი განუმეორებელი არომატის დამსახურებაა ინგლისური ჩაის „ერლ გრეის“ ეგზომ დიდი პოპულარულობა.

ერლ გრეის ტრიუფელები (გამოდის დაახლოებით 35 ცალი)
ინგრედიენტები: 2/3 ჭ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ დარბილებული კარაქი, 2 ჩ/კ ერლ გრეის ჩაის ფოთლები, 150 გრ ნახევრადტკბილი შავი შოკოლადი, 1 ჭ კაკაოს ფხვნილი
ნაღები და კარაქი პატარა ქვაბში ჩავასხათ და მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავაყაროთ ჩაის ფოთლები და დავაყენოთ 5 წუთი. მანამდე შოკოლადი გავხეხოთ და ჩავყაროთ საშუალო ზომის ჯამში. ნაღები გადავწუროთ საცერში და ჩავასხათ შოკოლადში და კარგად ავთქვიფოთ. ჯამს თავზე ცელოფანი გადავაკრათ და გავაციოთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში მაცივარში. გაციებული განაში (შოკოლადის მასა) პორციებად დავყოთ ჩაის კოვზით. კაკაოს ფხვნილი პატარა ჯამში ჩავყაროთ, ცოტაოდენი კი ხელის გულებზე მოვიყაროთ და განაშის პორციები ბურთულებად დავაგორგოლაოთ. გამზადებული კამფეტები კაკაოში სათითაოდ ამოვავლოთ (ხელები წებოვანი თუ გაგიხდათ, ისევ კაკაო მოიფრქვიეთ) და პერგამენტის ქაღალდზე დავალაგოთ. ასეთი ტრიუფელები ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 7-10 დღე ინახება.

მანდარინი


მანდარინი (Citrus reticulata) - მანდარინზე მემგონი არ გეწყინებათ, ხმა რომ არ ამოვიღო და პირდაპირ რეცეპტზე გადავიდე.




მანდარინის ჩიზქეიქი (6-8 პორცია)
ბისკვიტისთვის: 175 გრ ფხვიერი შაქარლამა, 75 გრ კარაქი; კრემისთვის: 400 გრ ნაღების კრემი (მაგალითად მასკარპონე), 2 ც ვანილის ჩხირი, 100 გრ შაქრის პუდრა, 1 ფორთოხლის ცედრა, 300 მლ ცხიმიანი ნაღები; მოსართავად: 600 გრ მანდარინის ლებნები
20 სმ-ს დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი. მანდარინის ლებნები გავფცქვნათ თეთრი კანისაგან და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე. ბისკვიტის გასაკეთებლად შაქარლამა ბლენდერში ჩავყაროთ და დავაქუცმაცოთ. ნამცეცებში დარბილებული კარაქი გადავურიოთ, ცომივით მოვზილოთ კარგად და გავაბრტყელოთ ცხიმწასმული ტორტის ფორმის ფსკერზე. შევდგათ საყინულეში 5 წუთით - ფორმა რომ შეინარჩუნოს. ნაღების ყველი ავთქვიფოთ დიდ ჯამში. ვანილის ჩხირები გავჭრათ შუაზე, დანით გამოვფხიკოთ თესლი და შევურიოთ ათქვეფილ ყველს. კრემს დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა და შაქრის პუდრა. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები და კარგად რომ აითქვიფება, ნაზად გადავურიოთ ყველის კრემში. საყინულედან გამოვიროთ ბისკვიტი და თავზე კრემი დავასხათ და მოვასწოროთ. მინიმუმ 5 წუთით ისევ საყინულეში შევაბრუნოთ. რომ გაცივდება, ზევიდან მანდარინის ლებნებით მოვრთოთ და ფორმიდან ფრთხილად ამოვიღოთ. ჩიზქეიქის ჭამას გაკეთებისთანავე თუ არ აპირებთ, საყინულის ნაცვლად მაცივარში შედგით 1-1,5 საათით.

ლიმონი



ლიმონი (Citrus limon)  - აქაც ჩუმად ვარ.




ინგლისური კრემი ლიმონით
3 დიდი ლიმონი, 75 გრ დარბილებული კარაქი, 3 კვერცხი, 225 გრ შაქარი
ლიმონები დავმდუღროთ, გავაშროთ, მერე კანი ჩამოვხეხოთ და წვენი გამოვწუროთ. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები და კარაქი, დავუმატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა. შემოვდგათ ცხელი წყლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ სანამ კრემი სქელი და წელვადი არ გახდება. კრემი არ უნდა აგვიდუღდეს, თორემ კვერცხი შეიკვრება. გამზადებული კრემით ავავსოთ ქილები და თავი მჭიდროდ დავახუროთ. მაცივარში 4 კვირამდე ინახება, ძალიან გემრიელია კალათებსა და ხილის ტორტებში.

კუმკვატი


კუმკვატი - ასე უწოდებენ  სამეფო ანუ ჯუჯა ფორთოხლებს, რომლებსაც კანი უფრო გემრიელი აქვს, ვიდრე რბილობი, უმად არ ჭამენ, მაგრამ კულინარიაში აქტიურად იყენებენ. განსაკუთრებულად გემრიელია ცუკატების სახით.



კუმკვატის კონფიტიური რომით
900 გრ კუმკვატი, 500 გრ შაქარი, 1 პაკეტი მურაბის კონსერვანტი (კვიტინი), 100 მლ რომი, 1 ლაიმი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი
კუმკვატი კარგად დავმდუღროთ და გავამშრალოთ, მერე დავჭრათ კუბიკებად და გავაცალოთ კურკები. დიდ ჯამში კუმკვატის კუბიკები, შაქარი და კვიტინი ერთმანეთში კარგად ავურიოთ, რაიმე გადავაფაროთ და დავტოვოთ 3-4 საათით. შემდეგ მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ რომი, ლაიმის წვენი და ვანილიანი შაქარი და 10-15 წუთი ვადუღოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. მზა კონფიტიური ქილებში გავანაწილოთ და თავსახური ჰერმეტულად დავახუროთ.

ტრიფოლიატი (Poncirus trifoliata) – ველური მანდარინის ეკლებიანი ბუჩქი, რომლიც ცოცხალი ღობის გარდა არაფერში გამოიყენება. თუმცა, უცხოეთში მგონი ზეთსაც ხდიან. ძველ დროში სამეგრელოში მისგან ცოცხალ ღობეს აკეთებდნენ და ისიც ერთნაირი წარმატებით იცავდა ოჯახს ეზოში არასასურველი შინაური ცხოველებისა და დაუპატიჟებელი სტუმრების შებოდიალებისგან.



საუკეთესი სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თავდაცვის დღე თბილისში

Approved by Natia Jinjolava



დღეს საქართველოში კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეს ვზეიმობთ!
იცოდით? დარწმუნებული ვარ, არა, და თქვენს მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობის  ცხრა მეათედიც, არა,  ოცდაცხრა ოცდამეათედი. ბევრი დღევანდელ „ახალ ამბებში“ მოკრავს ყურს და არც დაინტერესდება, სხვა არხზე გადართავს, ბევრიც უხერხულად შეიშმუშნება და ისიც გადართავს, ბევრსაც სულ კიდია... მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს ფაქტი არავის (ამ დღესასწაულის ორგანიზატორებს არ ვგულისხმობ) არ აღელვებს, ჩვენს ბლოგს კი მოგეხსენებათ, სხვადასხვა ორგანიზაციების ფუჭი და წლის განმავლობაში გაწერილი ბიუჯეტის დასახარჯად გამიზნული ფუსფუსი გულგრილად არასდროს ტოვებს და ამ „დღესასწაულსაც“ ვერ ჩავუვლიდით უყურდღებოდ.
გასაგებია, რომ ამ ღირშესანიშნავ თარიღს მაგიდაზე ღვინით, საცივით და დაბრაწული გოჭით, არავინ და არსად შეხვდება, მაგრამ კონტრაცეფციისადმი ცოტა უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება აშკარად არ გვაწყენდა. პირველ რიგში, იკლებდა აბორტების რივხვი; ამ პუნქტის მორალურ მხარეზე არ ვილაპარაკებ, ისედაც ყველაფერი ნათელია და თან კარგ ხასიათზე ვარ და განწყობის გაფუჭება არ მინდა; 2 - ვენერიული დავაადებები. მოგეხსენებათ, ქართველი ქალების ძალიან დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მტკივნეული და ჯანმრთელობისათვის არც თუ სასარგებლო მკურნალობის პროცედურების ჩატარება კარგი  ბიჭის, მოქეიფის, დარდიმანდის და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის - საკუთარი ქმრის წყალობით უწევს. რატომ? ვაჟბატონი რომ გამოტყვრა და კაცმა არ იცის რა რეპუტაციისა და ჰიგიენის ქალებში წაბრძანდა, იმაზეც კი არ იზრუნა ერთი ქეციანი პრეზერვატივი ეყიდა. გასაგებია, მაშინ არ უფიქრია, რომ რამეს აიკიდებდა (არადა, უნდა ეფიქრა!) და ისიც ფეხზე დაიკიდა ცოლი რომ გაიგებდა. მერე რა... კაცია; 3. პრეზერვატივებით შეიძლება კარგად გაერთოთ - ზოგს დანიშნულებისამებრ იხმართ, ზოგს კი გაბერავთ, გახეთქავთ, გაბერილისგან სასაცილო ცხოველებს დაამზადებთ, ევროპელი მოდელიერებივით კაბებს შეკერავთ, არგენტინელებივით სპიდის საწინააღმდეგო დღეზე ქალაქის მთავარ ობელისკს ჩამოაცმევთ... ერთი სიტყვით კარგად იმხიარულებთ.
რამდენიმე წლის წინ ქორწილში მივდიოდით და მანქანაში მძღოლი და ხუთი გოგო ვისხედით. მეც კაი ტიპი ვარ, გზად „კოსმოპოლიტანის“ ახალი ნომერი დავინახე, მანქანა გავაჩერებინე და ვიყიდე. ჟურნალს სარეკლამო აქცია ქონდა და ერთ-ერთ გვერდზე საჩუქრად 3 ცალი პრეზერვატივი იყო მიწებებული, რამაც ტრადიციული მხიარულება გამოიწვია. ჩემი ერთ-ერთი თანამგზავრი (28 წლის გოგო) თვალწარმტაცად ბრჭყვიალა ოქროსფერ ყუთებს დასწვდა, ეს ჩემიაო, ყიჟინით, ერთი ცალი გახსნა, უკბინა, უსუნა, გაწელა, ათვალიერა, გადააბრუნა-გადმოაბრუნა,  და ბოლოს იკითხა: ამას ქალი იცმევს თუ კაციო? სხვადასხვა მიზეზების გამო რომ არ გისარგებლია - ნორმალურია, მაგრამ სრულწლოვანმა ადამიანმა რომ არ იცი რისთვისაა და რა მისია აკისრია სირცხვილია. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტი შევნიშნე. ქართველები საკუთარ სექსუალურ „გმირობებზე“ ამაყად და საკმაოდ ლაღად ვყვებით, ვინმეს ჯიბეში (ჩანთაში) ავადმოსახსენებელი პრეზერვატივის დანახვაზე კი ისტერიული სიცილი და უხერხულობის დასაფარავი მხიარულება გვიტყდება. არადა, რომ არ დევს იმაზე უფრო უნდა ვხმაურობდეთ - პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ყბადაღებული პრეზერვატივი ჩვენ რომ გგვგონია ისეთი უბრალო ტიპიც არაა. მაგალითად არომატიზირებულები ოთახს ძალიან სასიამოვნო ამბრით ავსებს და მისი სურნელი მომხმარებლის გემოვნებასაც თუ დაემთხვა, საკმაოდ ძლიერი აფროდიზიაკის მოვალეობასაც ასრულებს, თუ არ დაემთხვა და ცუდადაა საქმე. მე პირადად, ნესვის სუნზე გული მერევა. არის კიდევ, ძალიან საინტერესო - მენთოლიანი ეგზემპლიარები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით რეალურად რისთვისაა, მაგრამ ჩემმა ახლობელმა წყვილმა მისი ტრადიციულად გამოყენება და 90-იანი წლების უდენო და უგათბობო ზამთრის გახალისება განიზრახა (თუ გახსოვთ, იმდენად ციოდა, ხალხი ძილის წინ ტანსაცმელს იმატებდა და ლოგინში ისე წვებოდა)... მენთოლისაგან „გაგრილებული“ ცოლ-ქმარი ყინვიან ღამეში სექსის ნაცვლად ველური ინდიელების ცეკვას ასრულებდნენ და გამწარებულები ოთახიდან-ოთახში, შიშვლები კარგახანი დახტოდნენ.
არადა, კონტრაცეფციას ავტომანქანებზე დიდი ხნის და მდიდარი ისტორი აქვს. ჩვენს შორეულ წინაპრებსაც არანაკლებ აწუხებდათ შობადობის კონტროლის პრობლემა და თავდაცვის საშუალებების გამოგონებაში გასაოცარ გონებამახვილობას იჩენდნენ. პირველი პრეზერვატივი სად და როდის გაჩნდა ზუსტად არავინ უწყის, მაგრამ ზედმიწევნითაა ცნობილი, რომ არაბებმა ერთ-ერთმა პირველებმა მონახეს გამოსავალი. არაბი მამაკაცების სამარხებში აღმოჩენილია ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სპეციალური სამოსი გენიტალიებისათვის. თუმცა, სხვა წყაროები იმასაც ირწმუნებიან, რომ პირველი პრეზერვატივი ტყავისგან იყო დამზადებული და მას თავად ტუტანხამონი ხმარობდა. პარალელურად, რაღაც მსგავსი იაპონლებსაც გამოუგონიათ, მოგეხსენებათ დღესაც ტექნიკური პროგრესის სათავეში იმყოფებიან და მაშინ ხომ არ ჩამორჩებოდნენ დანარჩენ სამყაროს. ძველიაპონური პრეზერვატივი ძალიან რბილი ტყავის იყო და სახელად „კავაგატა“ ერქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილი კონტრაცეპტივები სულ 400 წელს ითვლის, პრეზერვატივს თურმე ჯერ კიდევ 12-15 ათასი წლის წინაც ხმარობდნენ და ამის დამადასტურებლად საფრანგეთში Grotte Des Combarrelles-ს გამოქვაბულებში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა მოჰყავთ. ძველ ეგვიპტესა და ანტიკურ სამყაროში მცირეშვილიანობა მოდურად ითვლებოდა და კონტრაცეფციის არა ერთ მეთოდს იყენებდნენ. თან დღევანდელი ქართველებივით ისინიც თვლიდნენ რომ ეს მხოლოდ ქალის საზრუნავი იყო. ძველ საბერძნეთში ასეთი ლეგენდაც კი არსებობდა: კრეტის მეფე მინოსის სპერმა თურმე მორიელებს, გველებს და სხვა შხამიან არსებებსაც შეიცავდა, ამიტომ მზრუნველმა მინოსმა თავისი საყვარელი ქალის დასაცავად თხის შარდის ბუშტისგან ქალის პორველი პრეზერვატივი შექმნა. სხვა ვერსიით მინოსი თავად ხმარობდა თევზის საცურაო ბუშტისაგან დამზადებულ „საცვლებს“. იმავე პერიოდის აზიაში თავს კაცები იცავდნენ - ჩინურ პრეზერვატივებს გაქონილი აბრეშუმის ქაღალდისგან ქმნიდნენ...
განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანია სხვადასხვა ეპოქაში კონტრაცეპტივებს რომ ამზადებდნენ იმ მასალის ჩამონათვალინ. ზოგიერთი ისტორიკოსის ცობით ძველ რომში პრეზერვატივებს ბრძოლაში დაღუპული მეომრების კანისგან კერავდნენ, ეგვიპტელები კი ჩვენს ერამდე ათასი წლის წინ სელის ტომრუკებს იცმევდნენ, რომლებსაც რომ არ გამძვრალიყო, მისაბმელად სპეციალურ თასმებს აკერებდნენ (სხვათა შორის ამ ტომრებმა ორნახევარი ათასი წელი იარსებეს). შუასაუკუნეების პრეზერვატივების შესახებ ცნობები არაა (ალბათ არც არსებობდა, დემონებზე ნადირობის ეპოქაში, როცა ეკლესია ქალებს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარეისთვისაც კი კოცონზე აშიშხინებდა, მსგავსი რამის ჩაცმას აბა ვინ გაბედავდა!), მაგრამ აღორძინების ეპოქის ცნობილი ექიმი გაბრიელ ფალოპიო თავის ჩანაწერებში ამ დანიშნულებისთვის და რაც მთავარია, მთელ ევროპას მოდებული სიფილისისაგან თავდასაცავად, ქიმიკატებით საგანგებოდ დამუშავებული ერთგვარი ქსოვილის გამოყენების თაობაზე მოგვითხრობდა. 1564 წელს დაბეჭდილ წიგნში (De morbo Gallico) ექიმი წერს, რომ თავისი გამოგონება 1100 ადამიანზე გამოსცადა და არც ერთი მათგანი არ დაავადებულა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, თავად ცნობილი მექალთანე კაზანოვაც არ შეუდგებოდა საქმეს, სანამ თავის სიამაყის საგანს სპეციალური ამუნიციით არ აღჭურვავდაო. მეთვრამეტე საუკუნიდან პრეზერვატივების, მოკრძალებული ოდენობით, მაგრამ მაინც მასიური წარმოება დაიწყეს. და ალბათ, ხვდებით რომ ეს სიამოვნება მაინცდამაინც იაფიც არ ჯდებოდა.
ბუენის-აირესი
ერთ-ერთი უძველესი ეგზემპლიარი - 350 წლის ანტიკური პრეზერვატივი ლონდონის მუზეუმშია გამოფენილი. იგი შინაური ცხოველის გამხმარი ნაწლავისგანაა დამზადებული, მრავალჯერადი სარგებლობის იყო და ხმარების წინ რამდენიმე საათი რძეში ალბობდნენ. დღევანდელის უშუალო წინაპრის გამოშვება კი კაუჩუკის გამოგონებასთან ერთად მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან (1855 წლიდან) დაიწყო და თქვენ წარმოიდგინეთ თანამედროვეებისგან დიდად არც განსხვავდება. ჩვენი ეპოქის პრეზერვატივებზე რა გითხრათ? რანაირსაც ინატრებთ სულო და გულო: ნებისმიერი ფორმის, ზომის, ფერის, არომატის... ჩაცმა თუ გეზარებათ, უკვე სპეციალური ლატექსის სპრეიც კი არსებობს, რომელიც დაახლოებით გასარუჯი სპრეის პრინციპით მუშაობს - დაასხამ, დაელოდები, გაშრება -ფერი თქვენი გემოვნებით და შედეგი არაჩვეულებრივი!
ალბათ მკითხავთ, კონტრაცეფციის ამდენი საშუალებიდან მარტო პრეზერვატივი რატომ ამოვიჩემე. იმიტომ რომ ძალიან მხიარული და სახალისოა! ჩვენი ცხოვრების ეს პატარა,  თითქმის უჩინარი და უტყვი თანამგზავრი თავის საქმეს შესაშური მუყაითობით ასრულებს, სულ რამდენიმე წუთი, მაგრამ როგორი მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობს და მერე უპრეტენზიოდ, ურნაში ასრულებს სიცოცხლეს. თუმცა, არა, ზოგიერთს სიკვდილიც სიცოცხლესავით ომახიანი აქვს: ყველას გეყოლებათ ერთი მეზობელი მაინც, სექსის მერე აივანზე გასვლა (ფანჯარასთან მისვლა) და ნახმარი პრეზერვატივის იქიდან სროლა რომ არ ეზარება! თუ არ გჯერათ, გადაიხედეთ ფანჯრიდან და დაინახავთ - ერთი მაინც ეგდება ასფალტზე გაშხლართული...

საუკეთესო სურვილეით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ვერ მოვითმინე (აბა ამხელა ცოდნას რა გული დაიტევდა!) და სტატიის დეტალები სხვადსხვა ადამიანებთან წინასწარ გავამხილე.  თითქმის ყველგან შემომედავნენ პრეზერვატივების  12-15 ათასი წლის წინათ წარმოშობის ვერსიაზე - რა სისულელეა, მაგ დროს ქვის ხანაში ვიყავითო. საქმეც მაგაშია, რომ არქეოლოგებმა პირველი პრეზერვატივის კვალს სწორედ  პირველყოფილების კედლის მხატვრობაში მიაგნეს. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ფოტოც, მართალია, დეტალები კარგად არ ჩანს, მაგრამ ეს ჩემი იდეა არაა, ეგ ნახატი ახლოდან და ლუპით რომ დაათვალიერეს ის მეცნიერები ამბობენ ასეაო! 

შოკოლადის რიზოტო

Approved by Natia Jinjolava


კლასიკური და არაკლასიკური რიზოტოც არატკბილი კომპონენტებისაგან მზადდება და ჩვენებურად რომ ვთქვათ „ზაკუსკას“ ანუ „აპეტაიზერს“ წარმოადგენს. დღეს ბრინჯის მოყვარულებს მის მეტად უჩვეულო -  ტკბილ ვარიანტს შემოგთავაზებთ. პრინციპში, ვისაც ბრინჯის ფაფა, პუდინგი, სიუტლაჩი ან თუნდაც ტკბილი ფლავი უყვარს ეს კერძიც ძალიან უნდა მოეწონოს. სხვათა შორის, დაახლოებით ამდაგვარი რაღაც, ოღონდ შოკოლადის ნაცვლად თაფლითა და გოგრით მაღალმთიან აჭარაშიც მზადდება და მასაც ცივად მიირთმევენ. აჭარლებს ბრინჯის თაფლიანი და პილპილიანი კერძიც აქვთ, რომელიც ერთდროულად ძალიან ტკბილი და ცხარეცაა და საკმაოდ საინტერესო საჭმელია. გპირდებით, ერთ დღეს მათ რეცეპტსაც მოვიძიებ (ჩემს მრავალრიცხოვან რეცეპტების რვეულებში ჩაიკარგა) და შემოგთავაზებთ, დღეს კი ჯეიმი ოლივერის შოკოლადის რიზოტოთი შემოვიფარგლოთ. შეგახსენებთ, რიზოტოს პორციები ასე იზომება - 1 ადამიანზე 2 პეშვი ბრინჯი.
ინგრედიენტები: 200 გრ ბრინჯი, 75 კარაქი, 1 ვანილის ჩხირი, 1 დარიჩინის მოკლე ჩხირი, 1 ტოტი როზმარინი, 150 გრ თეთრი ღვინო, 75 გრ შაქარი, დაახლოებით 500 მლ რძე, 125 გრ თეთრი შოკოლადი, 100 გრ შავი ან რძიანი შოკოლადი
პატარა ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავაგდოთ 50 გრამიანი კარაქის ნაჭერი. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე და გამოვფხიკოთ თესლი. როზმარინის ტოტს გავაცალოთ ფოთლები. ვანილის თესლი, როზმარინის ფოთლები და დარიჩინის ჩხირი ჩავაგდოთ კარაქში და მოვურიოთ კარაქი რომ არ დაიწვას.  დავუმატოთ ბრინჯი და ისევ მოვურიოთ. ბრინჯი რომ მოიხალება დავუმატოთ ღვინო. არ დაგავიწყდეთ, რომ რიზოტოს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ! ჩავაყაროთ შაქარი (შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციოთ თქვენი გემოვნების მიხედვით). ღვინოს რომ ამოიშრობს, დავიწყოთ რძის თანდათანობით დამატება ზუსტად რიზოტოში ბულიონის ჩამატების პრინციპით - დავუმატევთ 100 მლ-ს, ვურევთ, ამოიშრობს, ისევ ვუმატებთ, ვურევთ, ამოიშრობს, ვუმატებთ და ა.შ სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. თეთრი შოკოლადი დავჭრათ კუბიკებად და ჩავყაროთ უკვე გამზადებულ ბრინჯში დარჩენილ კარაქთან ერთად და კარგად მოვურიოთ. ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და 2 წუთი გავაჩეროთ. შავი შოკოლადი ავთალოთ ფართო ბურბუშელებად. რიზოტო გადმოვასხათ თეფშზე და მოვაყაროთ შავი შოკოლადის ბურბუშელა (შეგვიძია დავუმატოთ ცოტა კარაქიც). რიზოტო მზადაა, უფრო გემრიელი იქნება ჩაცივებულს თუ მიირთმევთ. დარიჩინის ჩხირის ამოღება არ დაგავიწყდეთ.
გემრიელად მიირთვით!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქათმის ფლავი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები:
1 საშუალო ზომის ქათამი ან 400 გრ ქათმის ფილე, 2,5 ჭ გრძელი ბრინჯი, 1 ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 2 საშუალო თავი ხახვი, 50 გრ კარაქი, 2 ს/კ ზეთი, 5-6 კბილი ნიორი, 2 ჩ/კ მარილი, ცხარე წითელი წიწაკა და დაახლოებით 3-4 ჩ/კ კარი

ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაგდოთ კარაქი და დავბრაწოთ კარგად მარილმოყრილი ქათამი ან მისი ფილე (ვისაც რომელი გირჩევნიათ). სანამ ქათამი იბრაწება, წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი. ხორცი რომ შეიწვება, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მის შენაწვავ ცხიმში კი მოვთუშოთ ხახვი და ნიორი. შიგადაშიგ მოვურიოთ. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დავუმატოთ პილპილი, და ბლომად კარი (ინდური სანელებელი, იყიდება სუპერმარკეტებში). ცოტა ხანი კიდევ ვთუშოთ და დავუმატოთ ბრინჯი და მოვხალოთ ღია ოქრსოფრამდე. რომ არ მიიწვას მოვურიოთ ხოლმე. მოხალულ ბრინჯში დავაბრუნოთ ქათმის ნაჭრები, დავაყაროთ მწვანე ბარდა და ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. დავასხათ მარილიანი წყალი (ბრინჯი 1 სმ-ზე რომ დაფაროს) და თავდახურული ტაფა ან ქვაბი დავტოვოთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე სანამ წყალს არ ამოიშრობს. წყალს რომ ამოიშრობს, ბრინჯი მოხარშული თუ არ იქნა, ცოტა წყალი კიდევ დაუმატეთ და ხარშვა გააგრძელეთ ბრინჯის მზაობამდე. გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი ან სანელებლები.
შეგიძლიათ ბარდასთან ერთად დაუმატოთ მწვანე ბულგარული წიწაკა, ან ბარდა სულ არ უქნათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გემრიელი გამოდის. მომზადების განმავლობაში თამამად ახადეთ თავი და თუ საჭიროდ ჩათვლით მოურიეთ კიდეც. მოხალული გრძელი ბრინჯი არ დაიზეპება და მაინც ფანტია დარჩება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

უზბეკური ფლავი

Approved by Natia Jinjolava

500 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, 2,5 ჭ გრძელი ბრინჯი, 2 საშუალო სტაფილო, 2 საშუალო თავი ხახვი,  2 პატარა თავი ნიორი, 2 ს/კ ზეთი, 50 გრ კარაქი, 2 ჩ/კ მარილი და 2-3 ჩ/კ ძირა, ცხარე წიწაკა გემოვნებით

წესით, უზბეკურ ფლავს უმი ხორცი უნდა, მაგრამ ქართული საქონლის ხორცი დიდი სირბილით ვერ დაიკვეხნის და ამიტომ მისი წინდაწინ მოხარშვა საქმეს ბევრად გაგიადვილებთ. მოკლედ, ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთსა და კარაქში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის მოხარშვისას ბულიონის თავზე მომდგარი ცხიმიც). ხახვი რომ გაოქროსფრდება, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. ცოტა ხანში დაუმატეთ ძირა, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ხორცი. ნივრის თავი გაფცქვენით, მაგრამ თვითონ კბილებს ნუ გააცლით მაგარ კანს და ასევე ჩაყარეთ ხორცში. დაუმატეთ ბრინჯიც, კარგად მოურიეთ და მოხალეთ ბრინჯის გაოქროსფრებამდე.  მოურიეთ ხოლმე, რომ არ დაგეწვათ. დახლოებით 5-7 წუთში დაუმატეთ მარილიანი წყალი, ისე რომ ბრინჯი 1 სმ-ზე დაფაროს. ქვაბს ან ტაფას თავი დაახურეთ და დაახლოებით 40 წუთი დატოვეთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე სანამ წყალს არ ამოიშრობს. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალიც და მარილიც.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შრედინგერის ხვადი

Approved by Natia Jinjolava



შრედინგერის კატა - ფიზიკის პარადოქსის დასახელება, რომლის დროს ოთახში ერთი, ერთდრულად ცოცხალი და მკვდარი კატაა (ან ორი სხვადასხვა მკვდარი კატა, თუ მათ გამოკვებაზე ვინმემ დროულად არ იზრუნა).
„შრედინგერი ბოლთას სცემდა და კატას ეძებდა, ის კი ოთახში ცოცხალ-მკვდარი გასუსულიყო“.

***

ოთახში ოთხნი ისხდნენ. ერთი რვა ჩხირით შალის წინდას ქსოვდა, ორნი ლოტოს თამაშობდნენ, მეოთხე კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს ჩაჰკირკიტებდა. სიჩუმეს მხოლოდ საქსოვი ჩხირების წკარუნი, ფურცლების შრიალი და შიგადაშიგ კოჭის ნომრის ამოძახილი არღვევდა.
კარი გაჯახუნდა. ამ ხმაზე ოთხივემ თავი ერთდროულად ასწია და მიხურულ კარს მიაჩერდა.
- მაინც გაიპარა.
- ვინ იყო? - იკითხა როგორც ყოველთვის სხვებზე მეტად დაბნეულმა მის ენდრიუმ.
- იდეალური მამაკაცი.
- ხომ ვაფრთხილებდით, ნუ შეხვალ, ხიფათს გადაეყრები-თქო. ოთახში მაგიდაზე თასი დგას, თასში კი მოწამლული ღვინო ასხია. მიეფეთება, დალევს და უკანასკნელი მამაკაციც ფეხებს გაფშიკავს.
- და კაცები აღარ იქნებიან? - იფიგენიას შიშისგან თვალები გაუფართოვდა.
- აბა, საიდან? ეს ხომ ბოლოა.
- არ დალევს, - ყველაზე დიდი ოპტიმიზმი ამჟამადაც იფიგენიამ გამოიჩინა, - ნამდვილი ქართველი მამაკაცია და ერთ ჭიქა ღვინოს არ დახარბდება. გახსოვთ, იმ დღეს სუფრას რომ თამადობდა? ლამაზი სადღეგრძელოები თქვა, არაფერი გამორჩენია და არც არაფერი შეშლია. გვერდზე მჯდომი ქალიც არ დაივიწყა. შეამჩნიეთ, ატამი როგორ გაუთალა და მიაწოდა? აუ, მასპინძელს იმ დიდი პარკით რა მაგარი საჩუქარი მიუტანა! გაიგონეთ, ვიღაცამ ნათესავის სამსახურში მოწყობა რომ სთხოვა? იქვე გადარეკა და ჩაუწყო. თუ შეამჩნიეთ, რა ხარისხიანი კოსტუმი ეცვა? ქარიზმატული მამაკაცია, ფულიც აქვს და მანქანაც მაგარი ჰყავს. ნახეთ, თავის „მაიბახში“ რომ ჩაჯდა, ადგილიდან როგორ მოხია? სულ საზღვარგარეთ დადის. მაგ მჟავე ღვინოს არ დალევს.
მის ენდრიუმ წიგნი გვერდზე გადადო: - იმ დღეს რომ თამადობდა, როგორც ჭკვიანმა კაცმა, სადღეგრძელოები წინასწარ ჩამოწერა. სერიოზული ადამიანია და მოუფიქრებლად არაფერს აკეთებს, ამიტომაცაა ასეთი კარგი თამადა. ყველა სიკეთესთან ერთად, აზიზიცაა. შენიშნა, რომ ატამს გვერდი მომპალი ჰქონდა, ამიტომაც გათალა, გაფუჭებული ადგილი ამოჭრა და გვერდით მჯდომს ისე მოაწოდა. მასპინძელს რომ აჩუქა, იმსიმძიმე პარკი იყო, აშკარად წიგნები იქნებოდა. აი, იმ ტიპის სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით კი, ერთს გეტყვით: რას არ დარეკავდა, მაგ ბიჭმა ხუთი ენა იცის და ასეთ თანაშემწეზე უარს როგორ იტყოდა?! მისი მადლიც მოისხა და თავისთვის საქმეც გაიკეთა. ქეიფს რომ მორჩა, საჭესთან თვითონ არ დამჯდარა, მძღოლი გამოიძახა. ჩაცმით მართლა გემოვნებით იცვამს, სამარკო ტანსაცმელში კარგად ერკვევა და სულ ცნობილი ბრენდების კოსტუმები აცვია. უცხოეთში სასწავლებლად დადის, ძალიან საქმიანი კაცია, ღვინოს ზედაც არ შეხედავს.
- ითამადებდა, აბა, რას იზამდა?! - საუბარში მერი ჩაერია, - ნამდვილი კაცია, სმაც კარგად ეხერხება და სიტყვაც უჭრის. იმ ლამაზ ქალს როგორ აბამდა? მთელი საღამო თავს ევლებოდა, ხან ატამს სთავაზობდა, ხან ღვინოს უსხამდა. პარკზე ეტყობოდა, მასპინძელს რამე ეგზოტიკურს აჩუქებდა. მამამისი ისეთი მაგარია, ოღონდ სთხოვე და სამსახურში ვის არ მოაწყობს? ფულიც იმდენი აქვს, ცუდად რომ ეცვას, ეგ იქნებოდა გასაკვირი! დასასვენებლად საზღვარგარეთ დადის, ერთიმეორეზე უკეთეს კურორტებს იცვლის. აბა, სურამში ხომ არ დაისვენებს? ეგ სპორტული მანქანაც მამიკომ აჩუქა. დალევს, შანსი არაა!
- თამადობა გენში აქვს, ბაბუამისი ცნობილი კაცი იყო, ქორწილებში სათამადოდ დაჰყავდათ. ისეთ ოჯახშია გაზრდილი, თვითონაც ქეიფობს და გვერდით მსხდომებსაც კარგად აქეიფებს. ატმის და, საერთოდ, ხილის შეთავაზება როგორ შეეშლება?! იმ გოგოს გაუთალა და დაუჭრა კიდეც. ზუსტად ვიცი, მასპინძელს ძვირიან სასმელს მიუტანდა. მსგავსი ნათესაობის პატრონს, „ყვავის ჩხიკვის მამიდის“ სამსახურში მოწყობა სულ არ გაუჭირდებოდა. თანაც როგორ თავმდაბალია? უბრალო მოკვდავებთან ახლობლობას არ უკადრისობს. მის გარეგნობაზე სტილისტები ზრუნავენ. ფული ბევრს აქვს, მაგრამ მთავარი გემოვნებაა. უცხოეთშიც ივლის, აბა, რას იზამს? თავისი „ჰამერი“ ამერიკიდან ჩამოიყვანა. მანქანასაც მაგრად ატარებს, ძველი რალისტია. ღვინოს აუცილებლად დალევს! - დაასკვნა პოლიმ.
- ვაიმე, დალია და მოკვდა?
- ალბათ.
- ცოცხალი იქნება.
- ან მკვდარი...
- სანამ კარს არ გავაღებთ, ვერ გავიგებთ.
- მაშინ ნუ გავაღებთ!
- მკვდარი თუ არ ვნახეთ, ესე იგი, ცოცხალია.
- ეგებ მკვდარი გდია?
- შველა ხომ არ სჭირდება?
- ღვინოში ციანიდი იყო. თუ დალია, მოკვდებოდა, ვეღარაფერს ვუშველით.
- დაველოდოთ, თუ ცოცხალია, თვითონ გამოვა.
- რომ მაინტერესებს?
- დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ ვღელავთ, ის კი იქ არხეინადაა და თავის საქმეს მშვიდად აკეთებს. 
- რა მაგარია!
- რა არის მაგარი?
- სანამ კარს არ გავაღებთ, იდეალური მამაკაცი ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც.
- ეგ რანაირად?
- სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავთ, ცოცხლის და მკვდრის ალბათობა ერთნაირია - ან დალია და მოკვდა, ან არა და ცოცხალია. სანამ კარს არ გავაღებთ, ვერ გავიგებთ.
- უნიკალური მდგომარეობაა...
- მოდი, კარი აღარ გავაღოთ და ასე დავტოვოთ. გინდ ყოფილა, გინდა არა...
- სანამ შევიდოდა, რა ხეირი რო? მაინც შორიდან შევხაროდით.
- ასე რატომ ამბობთ? ბოლოა და ერთადერთი. ეგეც თუ მოკვდა, რაღა გვეშველება?
- ვისაც გაინტერესებთ, გააღეთ და ნახავთ. ჩემთვის ცოცხალია და მისი გვამის პოვნა სულ არ მინდა!
- გავაღოთ! ზუსტად ვიცი, ცოცხალია! ღვინოს არ დალევდა!
- ჰოდა, შენ გააღე!
- გააღე, გააღე. სხვის ნაპირალ თასს არ გაეკარებოდა.
- რას არ გაეკარებოდა? სხვის ნაპირალ ყანწებსაც მშვენივრად სვამს!
- უნდა დალიოს, აბა, რა უნდა ქნას?
- ხომ ვაფრთხილებდით, არ შეხვიდე...
- ნამდვილი კაცი სხვის ჭკუაზე როგორ გაივლიდა?!
- ესე იგი, ახლა ცოცხალიცაა და მკვდარიც?
- ვისთვის ცოცხალი და ვისთვის მკვდარი.
- მოდით, გავაღოთ და მოვრჩეთ! წიგნს ტყუილად მომწყვიტეთ. მაინც ცოცხალი იქნება.
- ვინ გააღებს?
- მე ვერა! მჯერა, რომ ცოცხალია, მაგრამ თუ მოკვდა, მეც მოვკვდები. ბოლო კაცია...
- მკვდარი იქნება, მაგრამ გაურკვევლობას ყველაფერი ჯობია.
- მოკლედ, ვაღებთ!
კარს ოთხივე ერთად ფეხაკრეფით მიუახლობდა. ჯერ ყური მიადეს - იქიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მერე კარს ხელი ფრთხილად ჰკრეს და ისიც ჭრიალით გაიღო.
- ვაი!
კარს იქით სიცარიელე დახვდათ...

მორიგე მედდის ხმა რეპროდუქტორიდან: - პალატა ნომერი თექვსმეტი! დაეწყვეთ, ეზოში თქვენი გასეირნების დროა!

***
Cursus morbi:  
შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტს აღენიშნება პერიოდული გამწვავებები, სმენითი და ყნოსვითი ჰალუცინაციები, რომელიც ჩნდება დეპრესიის და მანიის ფონზე (თუმცა ცნობიერება შენარჩუნებულია). შესაძლოა პიროვნების გაორება, ბოდვის გაღრმავება და პარანოიდალური სინდრომი.