All Hallows Eve ანუ Halloween

Approved by Natia Jinjolava


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჰელოუინი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. დიახ, დიახ ეროპელების (კერძოდ ბრიტალნელების და ფრანგების) და არა ამერიკელების. უფრო მეტიც, 1845 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი აღნიშვნა კანონით აკრძალულიც კი იყო.
დღესასწაულს, რომელშიც ქრისტიანობის, ანტიკური რომისა და წარმართული ევროპის ადათები ერთმანეთს ასე ჰარმონიულად ერწყმის, თავისი ფესვებით დრუიდებამდე მივყავართ, იმ დრომდე, როცა  თანამედროვე ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ საფრანგეთი ტერიტორიებზე მცხოვრები კელტები  მზის ღმერთს ეთაყვანებოდნენ და წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ - ზამთრის და ზაფხულის ნახევრებად. ისინი თვლიდნენ, რომ ზამთარში მზის ღმერთი სემჰეინი, სიკვდილისა და ბნელეთის ღმერთი ტყვეობაში იმყოფებოდა და ამიტომ კელტური ახალი წლის დადგომის ღამეს (31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ღამეს) სეიმჰეინის საპატივცემულოდ დღესასწაულს მართავდნენ და ასე მოსავლის აღების დამთავრებას და ზამთრის დადგომას აღნიშნავდნენ. იკითხავთ, ეგ რაღა აღსანიშნავიაო, მაგრამ კელტების გაგებით,
 სიბნელე, დაზამთრება თუ სიკვდილი დამთავრების კი არა, დასაწყისის, განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლო იყო. ითვლებოდა, რომ ამ ღამეს ზამთრის ღვთაება აწმყოსა და წარულს, ამ და იმ ქვეყანას, მატერიალურსა და ზებუნებრივს, ზამთარსა და ზაფხულს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ კარს აღებდა. სხვათა შორის, დღევანდელი „ჰელოუინის“ პერსონაჟები - ალქაჯები და დემონები, სწორედ ამ კარიბჭის მკაცრი მცველები გახლდნენ. ამ ერთი ღამით ყველა წინაღობა იხსნებოდა და სამყარო სადღაც შუაში, ერთ ადგილზე „იჭედებოდა“. კელტებს ღრმად სჯეროდათ, რომ ახალი წლის ღამეს გარდაცვლილთა აუსრულებელი ოცნებები და იმედები დედამიწაზე ბრუნდებოდა, მათი სულები კი ოჯახურ კერას სტუმრობდნენ. საიქიოდან გამოპარული სულები სხვადასხვა ფორმას ღებულობდნენ. მაგალითად ჩვეულებრივი ბოროტები ცოხოველებში სახლდებოდნენ, განსაკუთრებულად ავაები კი კატებში.
ამ ღამეს დრუიდები გორაკებზე გაშენებულ მუხის კორომებში გაჩაღებული კოცონის გარშემო იკრიბებოდნენ, მკითხაობდნენ და ავსულების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მსხვერპლს სწირავდნენ. დილით ისევ სოფელში ბრუნდებოდნენ და ხალხს რიტუალური კოცონიდან წამოღებულ ნაღვერდალს ურიგებდნენ ახალი წლის დილის კერიის გასაჩაღებლად. ასეთი გზით მოტანილი ცეცხლი ოჯახს გრძელი ზამთრის განმავლობაშიც ათბობდა და თან ბოროტი სულებისგანაც იცავდა.
სადღაც პირველი საუკუნისათვის რომაელებმა კელტების ტერიტორიები დაიპყრესს და თან საკუთარი ტრადიციები და დღესასწაულებიც მიიტანეს. ასე აირია ერთმანეთში ჩვენთვის უკვე ცნობილი სემჰეინის და კიდევ ორი რომაული დღესასწაულის - ფერალიებისა და პომონას დღის ტრადიციები. ფერალიებზე რამაელები გარდაცვლილებს ახსენებდნენ, პომონა კი ხეხილის ქალღმერთი გახლდათ და სწორედ მისი დამსახურებაა „ჰელოუინზე“ ასე პოპულარული დაკარამელებული ვაშლები და ვაშლით თამაშობები.
ქრიასტიანობის გავცელების შემდეგ, VII საუკუნეში რომის პაპმა, ბონიფაცი IV-მა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთგზის ნაცად ხერხს მიმართა, ძველი წარმართული დღესასწაული დაახლოებით იგივე შინაარსის ქრისტიანულით ჩაანაცვა და 1 ნოემბერი ყველაწმინდას დღედ გამოაცხადა. ამ დღეს ინგლისურად All Hallows Eve ანუ ყველა წმინდას დღე ერქვა, რომელიც თანდათანობით სალაპარაკო ენაში ჯერ  Hallowe’en-ად იქცა და მერე საბოლოოდ დღევანდელ Halloween-ად ჩამოყალიბდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ავსულების დაფრთხობისა თუ მოსყიდვის ტრადიციას, ისევე როგორც „ჰელოუინის" ატრიბუტიკად ქცეულ გობლინებს,
 ალქაჯებს, დემონებს, ჩონჩხებს, ვამპირებს და მოჩვენებებს კარგა ხანი ებძოდა, მაინც ვერაფერს გახდა და გამოსავალს მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიაგნო, როცა ეს დღე სახალხო დღესასწაულად აქცია. ხელისუფლების წარმოდგენებს გასართობი ღონისძიებებისა და გასართობი წარმოდგენების, ბაზრობების გამართვა დაევალა და ამ დღემაც ნელ-ნელა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე და მსოფლიოს ნომერ პირველ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოსტუმირებულ ზეიმად იქცა.

საუკეთესო საახალწლო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი 

უნგრელ თვითმკვლელთა სიმღერა - Gloomy Sunday

Approved by Natia Jinjolava

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და ამ ქვეყნად თურმე მკვლელი სიმღერაც არსებობს. „მოღუშული კვირა დღე“ (Szomorú vasárnap) უნგრელმა კომპოზიტორმა რიოჟე შერეშმა (Rezső Seress) 1933 წელს დაწერა. სიმღერა იმდენად ტრაგიკული აღმოჩნდა, რომ მალე მსოფლიოში ცნობილ ჰიტად იქცა და ჭორებს თუ დავუჯერებთ, არა ერთი შეყვარებული ახალგაზრდის ცოდვაც დაიდო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ტრაგიკული მელოდიის შექმნის ისტორია ასეთია:
ერთმა დამწყებმა მაგრამ ამბიციურმა უნგრელმა კომპოზიტორმა 1932 წელს ბედის საცდელად პარიზს მიაშურა. როგორ არ იწვალა, რას არ ეცადა, მაგრამ ფრანგი მელომანებისა და მუსიკალური კრიტიკოსების მოსაწონი ვერაფერი ქნა. ახალგაზრდა ყმაწვილი თავისი ოცნების გზაზე, საყოველთაოდ ცნობილი მუსიკოსი გამხდარიყო, ფარხმალს არ ყრიდა და სატრფოს ხვეწნა-მუდარის მიუხედავად სადმე მაინც იმუშავეო, მშიერი ამაყად უჯდა ნოტების რვეულს და რომელიმე ქარხანაში მუშად წასვლას და ფიზიკური შრომით ლუკმა პურის შოვნას არც აპირებდა. დარწმუნების რა ხერხს არ მიმართა საბრალო ქალმა, მაგრამ ახალბედა ხელოვანი უკომპრომისო გამოდგა და მორიგი განცხადების შემდეგ, მუშაობას მაწანწალობა ან მოხეტიალე მუსიკოსობა მირჩევნიაო, სასოწარკვეთილმა საცოლემ ბარგი ჩაალაგა... თუმცა, ისეთი ღატაკები იყვნენ, აბა რა ბარგი უნდა ჰქონოდა... ფუთაში ერთადერთი ხელი საცვალი და თბილი წინდები გამოკრა და ბინის კარი სამუდამოდ გაიხურა.
მეორე დილას, შეყვარებულისაგან მიტოვებულმა მუსიკოსმა მეტად ნაღვლიან ხასიათზე გაიღვიძა, მისი განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა ფანჯრის დამტვერილი მინებს მიღმა სევდიანად ატუზულმა წვიმიანმა პარიზმა. "რა მოღუშული კვირა დღეა", გაიფიქრა ბედკრულმა რიოჟემ და საუზმის უქონლობისდა გამო (აბა, სხვა რაღა დარჩენოდა) მაგიდის ნაცვლად თავის ერთადერთ და ერთგულ მეგობარს, ინსტრუმენტს მიუჯდა. ფორტეპიანომ საწყალობლად დაიკვნესა და ნახევრადცარიელი და გაქუცული ოთახი მალე  შეყვარებულთან განშორებითა და  უამინდობით პროვოცირებულმა გულისგამგმირავმა ჰანგებმა აავსო. საკუთარი ტანჯვით ტკბობამიღებულმა კომპოზიტორმა მედლოდია სასწრაფოდ ქაღალდზე გადაიტანა და სულ რაღაც ნახევარ საათში სიმღერა "მოღუშული კვირა დღის" პირველი ტექსი მზად იყო (მოგვიანებით მისი სიტყვები ერთმა ბუდაპეშტელმა ჟურნალისტმა გააკეთილშობილა).
საკუთარი ნიჭით აღფრთოვანებული ახალგაზრდა მიხვდა, რომ ბედმა როგორც იქნა გაუღიმა და მოღრუბლული ამინდისდა მიუხედავად, ცა გაეხსნა. თავისი ქმნილება სასწრაფოდ კონვერტში მოათავსა და მუსიკალურ გამომცემლებს გაუგზავნა. პასუხმაც არ დააყოვნა. წერილში კრიტიკოსები იტყობინებოდნენ: "მოუშულ კვირა დღეს ფანტასტიური, მაგრამ საოცრად დამრთგუნველი მელოდია და რიტმი აქვს. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ვერ მივიღებთო". ნებისმიერი სხვა ხელს ჩაიქნევდა, მაგრამ ჩვენი რიოჟე, მოგეხსენებათ როგორი ჯიუტიც იყო და მეორე მცდელობაზე მართლაც გაუმართლა. სიმღერა გამომცემელმა არა მარტო მიიღო, მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის ხმისჩამწერ სტუდიებშიც დაგზავნა. სიმღერის გამოსვლას რამდენიმე თვეში ტრაგიკული მოვლენების მთელი წყება მოყვა: ბერლინში ახალგაზრდა კაცმა "მოღუშული კვირა დღე" რომ მოისმინა, ახლობლებს შესჩივლა, რა სევდიანი მელოდიააო და ტყვია იკრა შუბლში; იქვე ახალგაზრდა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო და გამოსათხოვარი წერილის ნაცვლად ამ სიმღერის პარტიტურა დატოვა; ნიუ-იორკში მდივანმა ქალმა თავი გაზით მოიწამლა და ამჯერად პარტიტურას წერილიც მოაყოლა, ამ მუსიკის თანხლებით დამასაფლავეთო; იგივე პარტიტურა იპოვეს ბარბიტურატით მოწამლული ბრიტანელი ლედის ჯიბეში; სიმღერა რომ მოისმინა, ერთი რომაელი გოგონა ხიდიდან თავით გადაეშვა; საკუთარ ფორტეპიანოზე მისი შესრულების შემდეგ მეშვიდე სართულიდან ისკუპა 82 წლის (!) ნიუ-იორკელმა მამაკაცმა. ამ ჩამონათვალის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება...
გაზეთები იმასაც წერდნენ, რომ ლონდონის ერთ-ერთ უბანში ერთი ინტრიგანი ქალი ბოლო ხმაზე ჩართულ შედევრს დილიდან საღამომდე უსმენდა და ასე აცოფებდა და შიშის ზარს სცემდა ცრუმორწმუნე მეზობლებს. ერთხელაც, გრამოფონის ნემსი ფირფიტაზე გაიჭედა და მთელი დღე ერთი და იგივე კუპლეტის ტრიალისგან მოთმინებიდან გამოსულმა კაცებმა საღამოს აბეზარ ქალს მიაკითხეს.  დიდხანს და უშედეგოდ კაკუნის შემდეგ კარი შეამტვრიეს და ნარკოტიკების ზედმეტი დოზისგან მკვდარი ქალი სავარძელში გაშხლართული იპოვეს. შედეგად, BBC-ის რადიოსადგურემბა ამ სიმღერის ტრანსლიაცია კარგა ხნით აკრძალეს. სტატისტიკის თანახმად, სიმღერის ეთერში ყოველ გასვლაზე ქაოტური თვითმკვლელობების რიცხვი იმდენად იზრდებოდა, რომ უნგრეთის რადიომ 1936 წელსვე მიბაძა ბრიტანელ კოლეგებს.
თუმცა, უსაფრთხოების თუ თავდაცვის ეგზომ მკაცრ ზომებს ხელი არ შეუშლია თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე თავად ამ სიმღერის ავტორს და მის ყოფილ შეყვარებულს (ვისაც "მოღუშული კვირა დღე" ეძღვნებოდა). რიოჟე შერეშმა 1968 წელს ბუდაპეშტში საკუთარი სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან განახორციელა ნახტომი. სამართლიანობისათვის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპოზიტორის სუიციდის უშუალო კავშირი სიმღერასთან ვერ დამტკიცდა, მაგრამ ვინ იცის...
"მოღუშულ კვირა დღეს" სხვადასხვა წლებში ასეულებდნენ პოლ რობსონი, დამია, პიოტრ ლეშჩენკო, ბილი ჰოლიდეი, ელვის კოსტელო, "ჯენესისი", შინეიდ ო'კონორი, ბიორკი, სარა ბრაითმენი და კიდევ არა ერთი ცნობილი მომღერალი. როგორც ამბობენ, უნგრეთის საზღვრებს გარეთ ამ სიმღერის ასეთი პოპულარულობა მისმა მეტსახელმა  - "უნგრელი თვითმკვლელების სიმღერამ" (The Hungarian Suicide Song) გამოიწვია. ასე იყო თუ ისე, მეორე მსოფლიო ომი რომ არ დაწყებულიყო და საერთო უბედუების ფონზე ეს სიმღერა დავიწყებას არ მიცემოდა, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი უიმედო მიჯნურის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.
რაც შეეხება ლეგენდას, ვისაც საკუთარი თავის იმედი გაქვთ, სცადეთ და მოუსმინეთ.  სიმღერა მე ვერ მთრგუნავს, ჩემი ორი წლის დის შვილი კი მისი მელოდიის გაგონებისთანავე ცეკვას იწყებს (როგორც ჩანს, რომ გაიზრდება შავი იუმორი ეყვარება). შთაბეჭდილებების გამძაფრებისთვის ტექსტსაც მოგაშველებთ. უკაცრავად, ორიგინალი არ მოგართვით, ეჭვი მეპარება უნგრულენაწვრთნილი ჩვენში ბევრი იყოს. ასე რომ, იმედია ინგლისურ ვარიანტსაც არ მიწყენთ:




Gloomy Sunday by Sara Brightman
Sunday is gloomy my hours are slumberless
Dearest the shadows I live with are numberless
Little white flowers will never awaken you
Not where the black coach of sorrow has taken you
Angels gave no thought of ever returning you
Would they be angry if I thought of joining you
Gloomy Sunday!
Sunday is gloomy with shadows I spend it all
My heart and I have decided end it all
Soon there'll be candles and prayers that are said
I know, but them not weep
Let them know that I'm glad to go.
Death is no dream, for in death I'm caressing you
With the last breath of my soul I'll blessing you.
Gloomy Sunday!
Dreaming, I was only dreaming
I wake and I find you asleep in the deep of my heart dear
Darling I hope that my dream never haunted you
My heart is telling you how much I wanted you
Gloomy Sunday...


ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

შინდის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 12 ს/კ შაქარი, 12 ს/კ ფქვილი, მარილი და სოდა დანის წვერზე, 1,5 ს/კ მდუღარე წყალი, 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
კრემისთვის: 500 გრ ყველი მასკარპონე, 4-5 ს/კ შაქრის პუდრა; 100 გრ გახეხილი შინდის ჯემი
ბეზესთვის: 4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი, 4-5 ს/კ გახეხილი შინდის ჯემი
დასანამად: ალუბლის ან შავი მოცხრის ლიქიორი

დავიწყოთ ბისკვიტით: გავახუროთ ღუმელი. დაცხიმულ ტორტის ფორმაში ფსკერზე ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ცილებს დავუმატოთ მარილი დანის წვერზე და ვთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე. ბეზე კარგად რომ აითქვიფება, თითო-თითოდ ჩავათქვიფოთ 10 ს/კ შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, ვანილიანი შაქარი და 2 ს/კ შაქარი, თქვეფისას დავუმატოთ 1,5 ს/კ მდუღარე წყალი (მდუღარეს კვერცხში პირდაპირ თუ ჩაასხამთ და ეგრევე არ მოურევთ, კვერცხი მოიხარშება!). გულები კარგად რომ აითქვიფება და სუნს დაკარგავს, წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცილებში, მერე თითო-თითო კოვზად მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ან ხის კოვზით ჩავაყაროთ ფქვილი და სოდა. კარგად და ფრთხილად ამოვურიოთ, მზა ცომი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი. მზა ბისკვიტი ფორმიდან ამოვიღოთ და გავაცივოთ.
მასკარპონეში გადავურიოთ შაქრის პუდრა უბრალოდ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შაქრის პუდრას ოდენობა საკუთარი გემოვნებით შეამცირეთ ან დაუმატეთ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ მასკარპონე ძალიან ადვილად ტკბება და ფრთხილად იყავით ზედმეტი არ მოგივიდეთ და ვანილიც არ გინდათ, ვანილით მასკარპონეს ნატურალურ სინაზეს დააკარგვინებთ.
ბისკვიტი რომ გაცივდება გავჭრათ ჰორიზონტალურად 2 ან 3 ფირფიტად. ყოველი ფირფიტა დავნამოთ და მერე წავუსვათ  ჯერ ჯემის თხელი ფენა, მერე კრემი. ფირფიტები ერთმანეთს შემოვადგათ.
მოხარშული ბეზე რომ გავაკეთოთ, ამისთვის გაზზე დიდი ქვაბით დავადგათ წყალი ასადუღებლად. ამ ქვაბში ჩასადგმელად რომ გამოდგება ისეთ ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილები და შაქარი. ჯამს ქვაბში რომ ჩავდგამთ მდუღარე წყალი ქვაბის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს, ბეზე ხომ ორთქლზე უნდა მოიხარშს. მოკლედ, წყალი რომ ადუღდება ქვაბზე ჯამი შემოვდგათ და დავწიყოთ თქვეფა აუცილებლად მიქსერით. 15 წუთი უნდა ვთქვიფოთ. სადღაც მეათე წუთიდან დავიწყოთ ბეზეში შინდის ჯემის ჩამატება. 15 წუთის თავზე თბილი ბეზე საკონდიტრო შპრიცში გადავიტანოთ და ტორტი მოვრთოთ. მოხარშულ ბეზესთან დაკავშირებით ერთი რამ გაითვალისწინეთ: ხარშვა თუ დააკლდა, ბეზე ზეფირივით ნაზი გამოდის, მაგრამ მაშინ უცებ უნდა მორთოთ, თორემ გაციებასთან ერთად მორევას ვეღარ იტანს სიპრიალეს კარგავს და „იჭრება“. თუ ზედმეტად გადაგეხარშათ, გამომცხვარი ბეზესავით ხმება და ამ შემთხვევაშიც უნდა იჩქაროთ მორთვისას. რაც მთავარია, ბეზე არც ერთ შემთხვევაში არ ფუჭდება! ტორტი შეგიძლიათ დამატებით მორთოთ და გაალამაზოთ ნებისმიერი წითელი ფერის კენკრით. 
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მთვარის კალენდარი და მისი მეცამეტე თვე

Approved by Natia Jinjolava


მთვარის და მზის კალენდრების არსებობა და ის ფქატი, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში მზის კალენდარმა მთვარის დიდი ხანია წარმატებულად ჩაანაცვლა ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს წარმართ წინაპრებს მეცამეტე თვეც რომ ჰქონდათ, თანაც სადღაც ოქტომბერსა და ნოემბერს შორის გამოკვეხებული, ამის შესახებ ცოტას თუ სმენია. იმდენად, რამდენადაც თანამედროვე კალენდარში არ გვაქვს, შესაბამისად მისი სახელიც აღარ არსებობს. მაგრამ, მთვარის კალენდრით მცხოვრები თითქმის ყველა ხალხი და კულტურა მას ლურჯი მთვარის (მკვდრების მთვარის, მონადირე მთვარის, წინაპრების მთვარის, მონადირეთა მთვარის) თვეს უწოდებდა და თან საიქიო ცხოვრებასთან და იმქვეყნიურ შიშებთან თუ თქმულებებთან იყო დაკავშირებული. ერთგან სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, სხვაგან კი მთელი 29 დღეც. 
ზოგი ხალხი გამორჩეულ სახელს არქმევდა, ზოგიც კი იმდენად წმინდა და საშიშ პერიოდად მიიჩნევდა, რომ მისთვის სახელის დარქმევა კი არა, მისი ხსენებაც მკრეხელობად ითვლებოდა. ამაში თავადაც რომ დარწმუნდეთ ამისთვის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე არსებული წარმართული დღესასწაულების და მათი შინაარსის მოკლე ჩამონათვალიც კმარა: ინკებთან მკვდრების დღესასწაული - აიამარკა; 28 ოქტომბრიდან - ეგვიპტეში ისიდას ექვსდღიანი დღესასწაული, როცა გარდაცვლილი ოსირისის პოვნას და მის მკვდრეთით აღდგენას ზეიმობდნენ; 29 ოქტომბერს - იროკეზების მკვდრების დღესასწაული, გარდაცვლილთა მოხსენიების დღე; 30 ოქტომბერს - მექსიკაში  ანხელიტოსი, გარდაცვლილი ბავშვების სულების ხსენების დღე; 31 ოქტომბერს - კელტური გარდაცვლილთა დღესასწაული; სეხმეტისა და ბასტის დღე ეგვიპტეში; ინდოეთში დაშერვის შემოდგომის დღესასწაული, რომელიც რამასა და კალის დემონ რავანასთან ბრძოლის საპატივცემულოდ იმართება; 1 ნოემბერს - კელტურ სახელმწიფოებში ბებრუხანა კაილიგის ანუ მკვდრების დღესასწაული; ირლანდიაში ბრანშისის დღე; ჰელის, სიკვდილის ღმერთის დღესასწაული სკანდინავიურ ქვეყნებში; მექსიკაში მკვდრების დღესასწაული; ეგვიპტეში ისიის მეხუთე დღე, როცა ბოროტი სეთის მიერ დანაწევრებული ოსირისი როგორც იქნა იპოვეს... და ასე უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება.
თანამედროვე ყველაწმინდას დღე ანუ ჰელოუინი (31 ოქტომბერი) სინამდვილეში ხომ წარმართული მკვდრების დრესასწაულის გადმონაშთია (ისევე, როგორც ძალიან ბევრი რელიგიური დღესასწაული თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულ ყველა რელიგიაში). ადამიანი ოდითგანვე განიცდიდა მოთხოვნილებას გამოეხატა პატივისცემა და მოწიწება გარდაცვლილთა და იქითა სამყაროს ღმერთების თუ მბრძანებლების მიმართ და ამისათვის სიმბოლური დატვირთვის მქონე კოსტუმებს, მორთულობას, რიტუალებსა და საჭმელსაც იყენებდა.
სხვათა შორის, მე მინახავს სამეგრელოში და დარწმუნებლული ვარ რომ სხვა კუთხეებშიც იქნება ასეთი ტრადიცია, რელიგიურ დღესასწაულებზე, როგორ ამზადებენ სადილს გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად. ამ ცერემონიას „საკურთხის დადგმას“ ეძახიან. მეგრულ რიტუალზე ძირითადად ქალები ზრუნავენ და კაცები ტრადიციულად მხოლოდ გამზადებულის და „მოსაკურთხებულის“ ჭამაში ღებულობენ მონაწილეობას. დიასახლისი დილიდან მიდის ბაზარში და საუკეთესო პროდუქტს ყიდულობს, მერე საზეიმო სადილს (ვახშამს) ამზადებს და სუფრასაც აწყობს აუცილებლად კენტი ოდენობის ადამიანზე. ისიც გამიგია, საჭმელი ერთმა ადამიანმა უნდა დაამზადოს და მაგიდა მეორემ გააწყოსო, თან სამზადისის განმავლობაში არაფრის გასინჯვა და ლაპარაკიც არ შეიძლება (სანამ მკვდრები არ ისადილებენ). სუფრაზე საჭმელთან ერთად დგამენ, ღვინოს პურზე გადასაწუწად, სანთელს და საკმეველს. სანთელი და საკმეველი რომ დაიწვება (ანუ მკვდრები დაძღებიან), მხოლოდ მას შემდეგ უსხდება ოჯახის ცოცხალი წევრები მაგიდას...
ეს ცერემონია პირველად ბავშვმა ვნახე კარის მეზობლის, ბებიაჩემის ბიძაშვილის ოჯახში და მთელი სიტუაციის რიტუალურობით ისე აღვფრთოვანდი, რომ სახლში აღშოთებული დავბრუნდი „ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ-მეთქი“. მოგეხსენებათ, საკმაოდ განებივრებული მოზარდი გახლდით და ბებიაჩემიც მორჩილად შეუდგა მზადებას და მალე სუფრაც გაშალა. სადღაც 40 წუთი უშედეგოდ ვურბინე მაგიდას გარს. ჩემი დიდი მოლოდინისდა მიუხედავად (აბა, ასეთ გემრიელ საჭმელზე მკვდრები უარს როგორ იტყოდნენ), არც ცხელ ელარჯს და არც მეგრულ საცივს არაფერი აკლდებოდა. წინაპრების მხრდან გამოჩენილმა მსგავსმა გულგრილობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, ბაბუაჩემმა დამამშვიდა: „ბებიაშენს და მის ბიძაშვილს ხომ საერთო ნათესაობა ჰყავთ, იმასთან დაძღნენ და ჩვენთან რომ მოვიდნენ, ჭამის თავი აღარ ჰქონდათო“...
ეს ლირიული გადახვევა გახლდათ და ახლა ისევ საქმეს დავუბრუნდები: უძველესი დროის ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ დღევანდელი ოქტომბრის მეორე თვე საშუალებას აძლევლდათ დაენახათ სიცოცხლის დაუსრულებელი წრე, როგორც ბუნებაში, ასევე საკუთარ თავში, დაფიქრებულიყვნენ საიდან მოდიან და საით მიდიან, სად მიიყვანთ საკუთარი სულიერი გზა. პირველ ნოემბერს დღესაც ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ გარდაცვლილთა დღეს. მაგალითად, მექსიკაში მკვდრების დღესასწაული სულაც არ გეგონოთ სამგლოვიარო ცერემონიალი. თავის ქალებისა და ჩონხის ფორმების კამფეტებსა და ნამცხვრებს ამზადებენ და ერთმანეთს გაღიმებულები, საყკეთესო სურვილებთან ერთად ჩუქნიან. ფერად, მხიარულ ტანსაცმელში გამოწყობილები ქუჩაში მსვლელობებს აწყობენ და არაჩვეულებრივ განწყობას სასაფლაოზე გამართული პიკნიკებიც კი არ უფუჭებთ. ზოგიერთ ქრისტიანულ ქვეყანაში ამ დღეს ყველაწმინდას დღეს უწოდებენ და ინგლისურმა ტრადიციამაც, კარიდან კარზე კალათით ხელდამშვენებულებმა იარონ და  ტკბილეული იმათხოვრონ, მჭიდროდ მოიკიდა ფეხი. რაც თავისთავად მკვდრებისათვის სასაფლაოზე საჭმლის მიტანის ბევრად უფრო ძველი ტრადიციიდან მოდის... ამაზე აღარ გავაგრძელებ, ჰელოუნმა ჩვენს თინეოჯერებშიც იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ უკვე აშკარად ცალკე სტატიას იმსახურებს.
ასეა თუ ისე, გინდა მკვდრების იყოს, გინდა ცოცხლების - ოქტომბრის ბოლო ჩვენს წინაპრებში აშკარაა, რომ განსაკუთრებული მხიარულებისა და დროსტარების საბაბს იძლეოდა. ისევ და ისევ ადამიანის ბუნებაშია ყველაფერ ცუდში თუ არასასურველში იპოვოს კარგი. წინაპრების ხსოვნა და მატი პატივისცემა მკვდრებზე მეტად, ისევ ჩვენ გვჭირდება. რაც არ უნდა კარგი იყოს პოროვნება, ვერასდრის იქნება ბოლომდე კარგი, თუ თავის წარსულს და თავის ფესვებს ვერ აფასებს. ყოველთვის ექნება პატარა ნაკლი და პატარა ხარვეზი. ის, რის გამოც უბრალოდ კარგი იქნება და არა ძალიან კარგი. ასაკიანი ადამიანის და სხვისი ღირსეულად განვლილი ცხოვრების ან გაკეთებული დიდი საქმის დანახვაზე მოკრძალება თუ ვერ ვიგრძენით, ვერასდროს შევძლებთ საკუთარი მიღწევებით ტკბობას - რაც არ უნდა წარმატებულად მოგვეჩვენოს თავი და რაც არ უნდა „სხვებისთვის თვალის დასაფსებად“ ვიყოთ, მაინც არ ვიქნებით ბოლომდე კმაყოფილი, ვერ მივიღებთ სიამოვნებას ისე, როგორც უნდა ვღებულობდეთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ინგლისური კლასიკა - ზღმარტლის ტორტი 1660 წლის რეცეპტების წიგნიდან

Approved by Natia Jinjolava


1660 წელს გამოცემულ რობერტ მეის (Robert May) კულინარიულ წიგნში „The Accomplisht Cook“ ზღმარტლის ტორტის უმარტივეს რეცეპტს გადავაწყდი, რმლის თანამედროვე ინტერპრეტაციაც დაახლოებით ასეთია:
ტორტის გამოსაცხობ ფორმაზე ამოვაფინოთ ნებისმიერი ცომი (ცომის 1/3 ზემოდან გადასაფარებლად შევინახოთ). გაფცქვნილი და საცერში გატარებული მწიფე ზღმარტლი ჩავყაროთ ქვაბში დავუმატოთ რამდენიმე კვერცხის გული, შაქარი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ცოტა ხანი ვადუღოთ. ზღმარტლის კრემი ჩავასხათ ტორტის ფორმაში. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ, ფიგურული საჭრელებით ორნამენტები ამოვჭრათ და ნამცხვარს ზემოდან გადავაფაროთ. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ. რომ გამოცხვება მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ვისაც გაინტერესებთ, ორიგინალი რეცეპტი ასეთია:
 „Take medlars that are rotten, and set them on a chaffing dish of coals, season them with sugar, cinnamon and ginger, put some yolks of eggs to them, let it boil a little, and lay it in a cut tart; being baked scrape on sugar”.
გემრიელად მიირთვით!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მემორიალური დაფა თბილისის ერთ-ერთ კორპუსზე: "ამ სადარბაზოში ცხოვრობდა ჩვენი მეგობარი გიზო"

Approved by Natia Jinjolava


„გუშინ გასვენებაში იმისთანა მაგარი თაიგული მივიტანეთ, მკვდარი თვითონ შემოგვეგება გამოსართმევადო“ - ქართული ხალხური ანეგდოტი

შავი იუმორის დიდად მოყვარული არ ვარ, თუმცა ზოგი რამ ძალიან მომწონს, ზოგზეც სულ ვერ ვიცინი, არადა ჰელოუნი მოდის და სიკვდილ-სიცოცხლისა და დრო-ჟამის ბრუნვის თემას გვერდს ვერ ავუვლი. ჰოდა, გადავწყვიტე ჩემი ბავშვობა და სასკოლო არდედეგებები გავიხსენო. ახლა მკითხავთ, არდედეგები და სიკვდილ-სიცოცხლე რა შუაშიაო - იმ შუაშია, რომ არდედეგებზე სამეგრელოში მივდიოდი ბებია-ბაბუასთან, სამეგრელო და მკვდრის „გაპატიოსნება“ კი ქილიკისა და შაყირის უცვლელი თემაა. არადა მოდი და არ იშაყირო, როცა სამძიმარზე მისულს შალახოთი და დიმპიტაურ-დამპიტაურით გეგებებიან, მიცვალებულს უყვარდაო...
ეგ არაფერი, ერთი შორეული ნათესავის, 105 წლის ქალის სამძიმარზე მსხდომ თბილისიდან ჩასულ ნათესაობას მონდომებული ჭირისუფალი მთელი ერთი კვირა დალიდას და ალენ დელონის „Paroles, paroles“-თი, ჯო დასენის „A toi“-თა და მისივე “Emmanuelle”-თი გვატკბობდა. ტოგორც ჩანს, ეს საქმეც უყვარდა ცხონებულს ახალგაზრდობაში... მუსიკა იქით იყოს და ხანდახან რასაც სამეგრელოში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც აკეთებენ, მკვდრის შეურაწყოფის გარდა არაფერი ქვია. აღარ ვლაპარაკობ დაუქორწინებლებისთვის ქორწილის გადახდაზე, მანქანას მკვდრის სურათთან ერთად მისი ცოცხალი შეყვარებულის სურათსაც რომ აკრავენ და მერე კუბოს აცეკვებენ; რელსებზე შეყენებული ცოცხალი ადამიანის საიმაღლის გარდაცვლილის ფოტოსურათზე, რომელიც სამძიმარზე მოსულებს ეგებება და სახლის კარიდან ოთახამადე აცილებს; ეზოში გაჩაღებულ ნარდის და კარტის თამაშზე - აქაოდა გარდაცვლილს ესიამოვნებაო...
მამიდაჩემის მეზობლად ერთი სტატუსით ძველი, მაგრამ ბიოლოგიურად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა რუსეთში - ჩვენში გულითო კი იძიახიან, მაგრამ დიაგნოზს ალბათ თავადაც ხვდებით. თვითონ კი ჩამოასვენეს, მაგრამ იქაური ძმაბიჭობა ვერ ჩამოყვა და მათ მოლოდინში მოცვალებულიც დაუმარხავად 21 დღე გააჩერეს - ეს 21 დღე, უკაცრავად, დღე და ღამე, მთელი უბანი ტკბებოდა ეზოში გამოტანილი უზარმაზარი დინამიკებიდან: „ტაშკენტიდან მოდის ქარავანით“ და „ასეთია ქურდი კაცის ბედით“, რომლებსაც შიგადაშიგ კინტაური და აჭარული ცვლიდა, თურმე გარდაცვლილი ბავშვობაში ცეკვაზე დადიოდა... ახლა კი მისი სულის საცხონებლად მეზობლის ბავშვებს აცეკვებდნენ! სადღეც მეორე კვირის თავზე, მეზობელი უბნიდან, გარდაცვლილი შვილი სახლის პირველ სართულზე სასტუმრო ოთახში რომ ყავს დასაფლავებული ისეთმა დედამ მალემსრბოლი აფრინა ახალგარდაცვლილის ოჯახში: „თქვენი შვილი არ მომკვდარა, წუხელის ჩემთან იყო სტუმრად, ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა და გიტარაზე უკრავდაო“. ალბათ შვილის დაღუპვით გონებაარეული და გაგიჟებული უბედური დედა შეგეცოდათ ხომ? არც იფიქროთ, რომ მის ნათქვამში ვინმემ ეჭვი შეიტანა - ეტაკნენ კუბოს, საცოდავი მკვდარი, ხან წამოაყენეს, ხან წამოაჯინეს, უჩქმიტეს, ნემსიც უჩხვლიტეს და მხრებქვეშეყუდებულებმა ეზოში მისი გატარებაც სცადეს... მთელი ორი დღე დასჭირდათ, რომ დაეჯერათ და დაესვენებინათ საბრალო ბიჭი. 21 დღეს მოსკოვიდან ქურდების დელეგაციამაც ჩამოაღწია და  დასაფლავების ნებართვაც გასცეს. კუბო შამპანურების ბათქა-ბუთქის ფონზე გამოასვენეს ეზოდან და რა გგონიათ, სასაფლაოზე წაასვენეს? არა, ჯერ ქალაქის ცენტრში გაასეირნეს, საყვარელი ადგილები შემოატარეს, ქუჩის ბოლოში ჩამოსასხმელი ნაყინის საჭმელადაც შეჩერდნენ... არ ვიტყუები, გარდაცვლისლს ყვარებია! არ არის ახლა ეს მკვდრის შეურაწყოფა? აბა, რა ქვია ამ სიველურეს?! ახლობლების ეზოში და სახლში დასაფლავების მანკიერ ტრადიციას რაც შეეხება, ამას არც გარდაცვლილის, არც დანარჩენი შვილების და არც არავის, მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულის გარდა სხვა სახელი არ ქვია და სხვა ახსნა არ აქვს. ადამიანი რომელიც სხვებზე, ან მკვდარზე ფიქრობს ამას არ იზამს და მკვდარს მშვიდად წასვლის, დანარჩენებს კი ბედნიერად ცხოვრების საშუალებას მისცემს. შენთვის კი კარგია, სასაფლაოზე წასვლაც რომ არ გიწევს, აქვე ყურუსძირში გყავს, მაგრამ ერთი მომავალ შვილიშვილს, კითხე რა ხასიათზეა, რომელიც ნაადრევად დაღუპულ ბიძას არც კი მოსწრებია, მაგრამ მის ჩონჩხთან ერთად უწევს ყოველდღე ტელევიზორის ყურება. 
გეფიცებით, ჩემი თვალით მინახავს ბავშვობაში სასაფალოზე დადგმული მაცივრები, ტელევიზორები და მანქანებიც კი, დივანზე და სავარძლებზე აღარ ვლაპარაკობ. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა ქუჩაში რამდენიმე კილომეტრზე გაბმული ძაფი შევნიშნე და მაშინ ამიხსნეს. სვანეთში ასეთი ტრადიცია ქონიათ: ადამიანი სახლსგარეთ თუ გარდაიცვალა, მისი სული სახლამდე მიყავთ. ცერემონია ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ამისთვის სანთელი, მამალი და კოჭის ძაფი ჭირდებათ. სანთელს მემგონი გარდაცვალების ადგილას ანთებენ, მამალს რას უშვებიან ნამდვილად აღარ მახსოვს და ტრაგიკული მოვლენის ადგილზე გამობმულ ძაფს კი სახლამდე ჭიმავენ და ასე მიყავთ სული. ახლა წარმოიდგინეთ რამდენი კილომეტრი ძაფი და რამდენი დრო ჭირდებოდა ვთქვათ ზუგდიდის საავადმყოფოში დაღუპული სვანის სულის მესტიამდე წაყვანას??? იქვე მითხრეს რომ ამ ცერემონიას არა ერთი მანქანის მოტორი შეწირვია დიდი ხნის მანძილზე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობის გამო.
სამეგრელოში კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქონდათ და აკბათ აქვთ კიდეც - ოჯახის წევრი თუ გარდაეცვლებოდათ, მისი მაგიერი აყავდათ. ანუ ძმას თუ დაკარგავდი, ნაცნობებში ძმის მაგიერს არჩევდი და დამიჯერეთ, მაგიერს ძირითადად ნათლიასავით ფულის, გავლენისა და თანამდებობის მიხედვით არჩევდნენ და ხშირად ძმის მაგიერი, ძმაზე ბევრად გამოსადეგი იყო ხოლმე. ახლა ვიხსენებ, და ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, ვინმეს დის მაგირი აეყვანა, რაც ჩემს თეორიას კიდევ უფრო ამყარებს - მოგეხსენებად ადრე ფინანსები და ძალაუფლება სწორედ კაცების ხელში იყო. როგორც ხვდებით, ყველაზე ხშირად ძმის მაგივრობის გაწევა რაიკომის მდივნებსა და კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს უწევდა. ძმის მაგიერი ვალდებული იყო, დამწუხრებული ახალშეძენილი ნათესავისათვის მისი წინამორბედის ორმოცზე თმა თავისი ხელით შეეჭრა და წვერი მოეპარსა (სხვაგან არ ვიცი და სამეგრელოში კაცები გლოვის ნიშნად თმოვან საფარს იზრდიდნენ) და მერე მთელი ცხოვრება დახმარებოდა ფინანსურად ლხინსა თუ ჭირში.
ისევ და ისევ სამეგრელოს მივუბრუნდები და კიდევ ერთი საოცარი მიგნება უნდა გავიხსენო. მეგრულ კუდაბზიკობაზე არაერთხელ ვისაუბრე და არც მკვდარია გამონაკლისი. ნუ იკითხავთ, მკვდარს როგორ ალამაზებენ. მიცვალებული გაციებას ვერ ასწერებს, იწყება სახლის დალაგება, თვითონ თუ არ აქვთ, ან კარგი არ აქვთ, ახლობლებისგან და მეზობლებისგან ხალიჩებისა და ჭაღების მოზიდვა. ვინ იცის უბანში რამდენი კაცია დატირებული მამიდაჩემის ხელითნაქარგი ფრანგული ფარდების ფონზე... მიტანილ ყვავილებს შენს ნებაზე ვინ დაგადებინებს და მკვდარი-ჭირისუფლი-თაიგულებით დადგმულ კომპოზიციას ვინ დაგარღვევინებს, კარებში ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილი ადამიანი გხვდება და ყველა კინკილა ღერს თავის ადგილს უჩენს. როგორც ხვდებით, მთელ ამ კომბინაციაში ცენტრალური ადგილი „ღონისძიების“ მთავარ მიზეზს უკავია და ამიტომ უიმე, როგორ ალამაზებენ და უვლიან, ფერი არ იცვალოს, გამომეტყველება სასურველი ქონდეთ. მოგეხსენებათ, საქართველოში უცხოეთივით მიცვალებულის მაკიაჟის კულტურა არ გვაქვს, მაგრამ მეგრელებს ამან ხელი არ შეუშალა და ათიოდე წლის წინ რაღაც სრულიად შეურაცხადი გამოიგონეს - დახლ-მაცივრები გადააკეთეს და მიცვალებულს დასაფლავებამდე ფიფქიასავით შუშისქვეშ გაყინულს ინახავენ! ასეთი მაცივრები დამზადებული აქვთ ზუგდიდში პოპულარული ნებისმიერი ავეჯისა თუ მოსაპირკეთებელი ქვების დიზაინით. რანაირს არ ნახავთ, მარმარილოს იმიტაციით თუ „რენესანსიან“ სასტუმრო ოთახში დასადგმელს. ამას წინათ მითხრეს, რომ ამ ნოვაციას თბილისამდეც ჩამოუღწევია - დარწმუნებული ვარ მეგრელების ოჯახი იქნებოდა. არადა, პირველად რომ ვნახე, ჩემი ახლობელი ნაყინის გამყიდველივით, როგორ ხსნიდა შუში კარს და გარდაცვლილ დედას შუბლზე ნამს როგორ წმენდდა... მეგონა, რომ პირველი და უკანასკნელი იყო და ამას აღარვინ გაიმეორებდა. შევცდი, როგორც ვიცი, ზუგდიდში მსგავის მაცივრის დაქირავებაზე რიგები დგას და მაგაზე დიდი სირცხვილი არაფერია, შენი მკვდარი საყინულეში რომ არ ჩადო.
კიდევ ერთი მომენტი და დავამთავრებ. ისევ სამეგრელოში გასვენებაში ვიყავი და გაოცებული ვუყურებდი, ეზოს გვერდით მინდორზე მიცვალებულის საპატივცემულოდ გამართულ მარულაზე (ლელოს მსგავსი თამაში ბურთით და ცხენებით), უკვე მთვრალი მეზობლები ცხენებიდან პანტა-პუნტით როგორ ცვიოდნენ და ჩემთვის მიკვირდა, რამდენად არ უნდა გქონდეს ახლობლების პატივისცემა, როცა ოჯახში ტრაგედიაა და შენ დასაფლავებასაც არ უცდი, მანამდე ტყვრები ღორივით. მკითხავთ, მარულა არ გაგიკვირდა და ეგ რა დასაძრახიაო. კაი, ჭირისუფალს დარდმა გონება დაუბნელა და რას აკეთებს თვითონ არ იცის - ხან ცეკვავს და ხანაც „მარულას“ გეგმავს, მაგრამ შენ ხომ უნდა გქონდეს ნამუსი და იმდენის ფიქრის უნარი, რომ ესეთ დროს ეგებ რამეში შენი დახმარება ჭირდებათ. მაგრამ მარულაც დამავიწყდა და იქაური მთვრალებიც, როცა თანამშრომლის დედის დასაფლავებაზე უკვე გურიაში, სუფსაში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ სოფლის ყველა კაცი მუქთა სასმელით დილიდან ისეთი მთვრალი იყო, რომ მიცვალებული ქალებმა გამოასვენეს... მერე მითხრეს რომ ბოლო წლებში სოფელებში ასეთი რამ ხშირად ხდება. ამ ზომამდე რომ მივა ადამიანი, ის ალბათ მალე მკვდარსაც აღარც დაასაფლავებს... თუმცა არა, ვცდები! ქელეხის და იქ დადგმული მჟავე ღვინის გამო ამაზე უარს არასდროს იტყვიან.
„ჭიჭიკიას მამის გასვენებაში იმდენი ხალხი იყო, ორი კუბო ჩავდგით, თორემ მოგვეჭრებოდა თავიო“ - ქუთაისური ანეგდოტი

დიდხანს და ბედნიერი (ღირსეული) სიცოცხლის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სტატია კი სპეციალურად უცხოური საფლავის ქვებით დავასურათე - გულს ნუ გაიტეხთ, ისინი ჩვენზე უარესი გიჟები არიან!

იდეალურად დაბრაწული კარტოფილი ჯეიმი ოლივერისაგან

Approved by Natia Jinjolava


იდეალურად დაბრაწული კარტოფილისთვის კარტოფილიც იდეალური დაგვჭირდება. ასე რომ, შევარჩიოთ ჩვენთვის საყვარელი ჯიშის კარტოფილი, გავთალოთ და შუაზე გავჭრათ (თუ ძალიან დიდი კარტოფილები გვაქვს, გავჭრად ოთხად). ჯამში ჩავყაროთ და ცოტა ხანი გამდინარე წყლის ქვეშ დავდგათ, ზედმეტი სახამებელი რომ გავაცალოთ. მერე ჩავყაროთ ცივი წყლით სავსე ქვაბში, ჩავაყაროთ ბლომად მარილი და დავდგათ მოსახარშად. კარტოფილი რომ მოიხარშება, წყალი გადავწუროთ. ცხელი კარტოფილი ქვაბშივე შევაჯანჯღაროთ - რაც უფრო ხაოიანი ზედაპირი ექნება კარტოფილს, დაბრაწვისას მით უკეთეს კრაწუნა ქერქს გაიკეთებს. ახლა მოვამზადოთ ცხიმი: შეგვიძლია დავამზადოთ კარტოფილის სამნაირი ვარიანტი. 1. ზეითუნის ზეთზე; 2. კარაქზე და 3. ბატის ქონზე (შეგიძლიათ იხმაროთ ერბო ან ღორის მუცლის ქონიც). ამისთვის ავიღოთ სამი საცხობი ფორმა, შემოვდგათ გაზზე და ერთზე ზეთი, მეორეზე კარაქი და მესამეზე ერბო დავასხათ. სამივეზე გავანაწილო კარტოფილი, ისე რომ კარტოფილმა ტაფის ან საცხობი ფორმის ფსკერი ერთ ფენად დაფაროს. სამივეს მოვაყაროთ ზღვის მარილი და დაფქული პილპილი გემრიელად. სამივე შევდგათ 190 °C-მდე  გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით, სანამ კარტოფილი არ გაოქროსფერდება. კარტოფილი გარეთ გამოვდგათ და ზემოდან ფრთხილად დავაწვეთ კარტოფილის საჭყლეტით ან ნებისმიერი ბრტყელი საგნით და დაბრაწული კარტოფილები ცოტაზე დავჭყლიტოთ, ბოლომდე რომ არ დაისრისოს, მაგრამ ოდნავ დაიბზაროს და დატყდეს. 
ამ ეტაპზე დავამატოთ სურნელოვანი ბალახებიც. ბალახები თავიდან რომ დაგვეყარა, დაიწვებოდა და უსიამოვნო საჭმელი იქნებოდა. ზეითუნის ზეთიან კარტოფილს სულ ცოტა ზეითუნის ზეთი, ძმარი, როზმარინი და მთელ-მთელი ნივრის კბილები დავუმატოთ. ქონში დაბრაწულ კარტოფილს ქონდარას (ქონდარი არ გეგონოთ, thyme-ს ქართულად ასე რქმევია, ხმელი იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში), ნივრის კბილების, ზეითუნის ზეთის, ძმრისა და დაფნის ფოთლების ნარევი მოვასხათ. კარაქიანს კი სალბის ფოთლების (ხმელი აფთიაქში იყიდება), ნივრის კბილების, მანდარინის ცედრისა და ზეითუნის ზეთის სოუსი მოვასხათ (მანდარინის კანი არ იჭმევა). გამზადებული კარტოფილი ცხელ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით შევდგათ და ბოლომდე დვბრაწოთ.
გემრიელად მიირთვით!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

რამდენიმე იდეა „ჰელოუინური“ მენიუს თაობაზე

Approved by Natia Jinjolava


გარესამყაროს დღესასწაულებიდან საქართველოში სხვებზე მეტად ორმა მოიკიდა ფეხი: „ჰელოუინმა“ და „ვალენტინობამ“. პირველი სხვებზე მეტად სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს მოსწონთ, მეორე კი გასათხოვარ გოგოებს... ასეა თუ ისე, ორივე გართობის საბაბია, ჩვენ კი გართობა და დროსტარება გვიყვარს. ოქტომბრის დადგომასთან ერთად, კლუბში „საჰელოუნო“ მზადებასაც შევუდექით. დავგეგმეთ შესაბამისი სტატიები, თემები, წვეულება და რაღა გასაკვირია, რომ მენიმუდეც მივედით. მოგეხსენებათ, „ვალენტინობისგან“ განსხვავებით „ჰელოუინი“ კოსტუმირებული დღესასწაულია და მთელი რიგი წესები და ატრიბუტიკაც აქვს, რაზეც უახლოეს მომავალში საგანგებოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი რამდენიმე, მარტივ და გემრიელ იდეებს გაგიზიარებთ ამ დღის სუფრის თაობაზე.

ცხელი კერძი: მუმიის თავი (Yummy Mummy Meatloaf)
700 საქონლის ფარში, 1 კვერცხი, 1 ხახვი (დაჭრილი), 1 ჭ რძე, 1 ჭ დაფქული ორცხობილა ან დაფშვნილი პურის ქერქი, ¼ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ დაფქული პილპილი, 1/3 ჭ „კეტჩუპი“ ან პამიდვრის საწებელი, 2 ს/კ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ მდოგვი, 200 გრ მაკარონი „Pappardelle“, 350 გრ-იანი ყველი „მოცარელას“ თავი, 1 ქილა კუკრკაგაცლილი მსხვილი შავი ზეთისხილი
სოუსისთვის - ¾ ჭ „კეტჩუპი“, ¾ ჭ წყალი, ¼ ჭ ლერწმის შაქარი, ½ ჩ/კ მდოგვი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ცოტაოდენი ზეთი დავასხათ მრგვალი ფორმის საცხობ ფორმაზე. ერთმანეთში ავურიოთ ფარში, კვერცხი, ორცხობილა, ხახვი, რძე, მარილი და პილპილი. ფარშისაგან დიდი ბურთი გავაკეთოთ და საცხობ ფორმაზე მოვათავსოთ. 1/3 ჭ „კეტჩუპი“, 2 ს/კ ლეწრმის შაქარი და 2 ს/კ მდოგვი ერთმანეთში ავურიოთ და ხორცის ბურთს კრემივით გადავუსვათ. გამოვაცხოთ 1 საათის განმავლობაში. გამომცხვარი ხორცის ბურთი დაფაზე გადავიტანოთ და 20 წუთი „დავასვენოთ“. მანამდე მაკარონი მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცომის „ლენტები“ ერთმანეთს რომ არ მიეწებოს ცალ-
Pappardelle 
ცალკე დავალაგოთ. ამასობაში სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ დაახლოებით 3 წუთი. გადავასხათ სასოუსეში და თბილად შევინახოთ. ხორცის ბურთი გადავიტანოთ თეფშზე. „მოცარელა“ შუაზე გავჭრათ (შეგიძლიათ იგივე ყველის ნაცვლად მოხარშული კვერცხითაც გააკეთოთ, მაგრამ ყველი უფრო გემრიელია). მაკარონის ლენტები ხორცის ბურთს მუმიის ბინტებივით შემოვახვით. თვალების ადგილას დავატანოთ შუაზე გაჭრილი შავი ზეთისხილის ბურთებით გაფორმებული „მოცარელას“ ნახევრები. გამზადებულ მუმიის თავს ირგვლივ ზეთისხილები შემოვუწყოთ და სუფრაზე სოუსთან ერთად გავიტანოთ.

გარნირი: კატროფილის აჩრდილები (Potato Ghosts)
2 კგ მოსახარში კარტოფილი, 75 გრ კარაქი, 1 ¼ ჭ რძე, 3 კვერცხის გული, შავი სეზამის მარცვლები თვალებისთვის (შეგიძლიათ შეცვალოთ ხმელი ქინძის ან კამის მარცვლებით), ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ პილპილი.
კარტოფილი გავთალოთ, ოთხად გავჭრათ, ჩავყაროთ მარილიან წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 15-20 წუთი დარბილებამდე. სანამ კარტოფილი იხარშება, ცალკე ქვაბში ჩავასხათ რძე, ჩავაგდოთ კარაქი და შემოვდგათ ცეცხლზე სანამ კარაქი არ გადნება. გადავდგათ გვერდზე შესაგრილებლად. გავაცხელოთ ღუმელი 200°C-მდე. კარტოფილი გადავწუროთ და ჩავყაროთ დიდ ჯამში, დავუმატოთ მარილი და პილპილი და ვაქციოთ პიურედ (შეგიძლიათ ამისთვის პიურეს პრესი ან ბლენდერი გამოიყენოთ). დავუმატოთ რძე, კვერცხის გულები და ელექტომიქსერით კარგად ავთქვიფოთ. პიურეს 1/3 ცეცხლგამძლე დეკორატიული ჭურჭლის ფსკერზე გავანაწილოთ, დანარჩენი კი ტორტის მოსართავ ტომსიკაში მოვათავსოთ და განაწილებულ კარტოფილს ზევიდან კონუსის ფორმის „მოვენებები“ დავასვათ. „მოჩვენებებს“ თვალები გავუკეთოთ და ღუმელში შევდგათ დაახლოებით 20-25 წუთით, კონუსების წვეტების შეოქროსფერებამდე და გამაგრებამდე.

დესერტი: ტორტი „ეშმაკის საჭმელი“ შოკოლადის აბლაბუდით (Devil’s Food Cake)
(ტორტს ასე მეტისმეტად ბევრი შოკოლადის გამო ქვია და თან მსოფლიოში სახელგანთქმული ტორტების ათეულშიც შედის, რასაკვირველია აბლაბუდას გარეშე)
აბლაბუდასთვის - 200 გრ შავი შოკოლადი
ტორტისათვის 2 ჭ ფქვილი, 1 ¼ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჭ მდუღარე წყალი, ¾ ჭ კაკაოს ფხვნილი, ½ ჭ რძე, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 200 გრ კარაქი, 1 ¼ ჭ ლერწმის შაქარი, ¾ ჭ შაქარი, თბილ წყალში შემთბარი 4 დიდი კვერცხი (გასათბობად კვერცხები თბილ წყალში 10 წუთი გააჩერეთ)
ყავის ბეზესათვის: 3 კვერცხის ცილა, 1 ½ ჭ შაქარი, 6 ს/კ წყალი, 1 ½ ს/კ ხსნადი ყავის ფხვნილი
გავაცხელოთ ღუმელი 180°C-მდე. მოვამზადოთ 23 სმ დიამეტრიანი ტორტის გამოსაცხობი სამი მრგვალი ფორმა - წავუსვათ კარაქი, ჩავუფინოთ პერგამენტი და გვერდებზე მოვაყაროთ ფქვილი (ზედმეტი ფქვილი გადმოვფერთხოთ). პატარა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. მეორე ჯამში მდუღარე წყალში გავხსნათ კაკაო, ჩავათქვიფოთ რძე და ვანილის ექსტრაქტი. კარაქი შაქართან ერთად ელექტრომიქსერით ავთქვიფოთ, სანამ კრემისებურ მასას არ მივიღებთ (დაახლოებით 3 წუთი). კვერცხები ჩავუმატოთ თითო თითოდ და კარგად ავთქვიფოთ. ძალიან დაბალ სიჩქარეზე სამ ეტაპად დავუმატოთ ფქვილი და კაკაო - დავიწყოთ ფქვილის ნახევრით, ვთქვიფოთ, მერე ჩავათქვიფოთ კაკაოს ხსნარი და თქვეფა დარჩენილი ფქვილის ჩამატებით დავამთავროთ. ცომი ფორმებში გავანაწილოთ და გამოვაცხოთ. ბისკვიტი რომ ფორმის კედლებს მოშორდება და შუაში ჩარჭობილი ხის ჩხირი მშრალი ამოვა, გამოვიღოთ (დაახლოებით 20-25 წუთი დასჭირდება). ბისკვიტები ფორმაშივე გავაჩეროთ. 20 წუთის შემდეგ, გადმოვატრიალოთ, ლანგარზე გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაციოთ.
სანამ ბისკვიტი გრილდება: პერგამენტისგან 23 სმ-ის დიამეტრის წრე გამოვჭრათ და ზემოდან აბლაბუდა და (თუკი საკუთარი ხატვის ნიჭი ხელს გიწყობთ) თვით ობობაც დავახატოთ მუქი ფერის ფლომასტრით, ნახატი პერგამენტის მეორე მხრიდან რომ გამოჩნდეს. პერგამენტი ამოვატრიალოთ. შოკოლადი გავადნოთ და შოკოლადიანი ჯამი მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე შემოვდგათ (უცებ რომ არ გაგვიცივდეს) და კარგად მოვურიოთ, უფრო პრიალა რომ გახსეს. ოდნავ შეგრილებული შოკოლადი წვრილთავიან საკონდიტრო ტომსიკაში ჩავასხათ და პერგამენტზე ჩვენი შაბლონის მიხედვით ჯერ შოკოლადის აბლაბუდის კონტურები დავხატოთ და მერე ობობაც მივაყოლოთ. შოკოლადის ნახატი 1 საათით საყინულეში შევდგათ გასამაგრებლად.
ბეზეს ინგრედიენტები ცეცხლგამძლე ჯამში ჩავყაროთ და ჯამი მდუღარე წყლის აბაზანაზე შემოვდგათ. დაბალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ, შაქრის გადნობამდე მერე კი თქვეფა მაღალ სიჩქარეზე გავაგრძელოთ დაახლოებით 7-10 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და 5 -10 წუთი შეგრილება ვაცადოთ.
ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ ბეზეს 1/3 და თავზე მეორე ბისკვიტი დავადოთ, იმასაც წავუსვათ ბეზე და თავზე მესამე ბისკვიტი დავაფაროთ. ტორტს თავზე და გვერდებზე ბეზე წავუსვათ და ზევიდან უკვე გაცივებული და გამაგრებული შოკოლადის აბლაბუდით და ობობით მოვრთოთ. ტორტი განსაკუთრებულად გემრიელია 4 საათი თუ ჩავაცივებთ.

დესერტის კიდევ ერთი ვარიანტი: თვალდაჭყეტილი ქაფქეიქები (Eyeball Cupcakes)
ამისთვის დაგჭირდებათ ნებისმიერი მზა ქაფქეიქები (მაგალითად „7Day“), ნებისმიერი თეთრი სარკალა, ჟოლოს ან ნებისმიერი წითელი ხილის ჯემი და საღეჭი ჟელატინის კამფეტები.
ვანილის სარკალა: ½ ჭ დარბილებული კარაქი, 4 ჭ შაქრის პუდრა, ½ ჩ/კ მარილი, 1/3 ჭ რძე, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და თანდათამობით დავუმატოთ შაქარი, მარილი, რძე და ვანილი და ვთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე.
მზა ან საკუთარი ხელით გამომცხვარ ნებისმიერი ჯიშის კაფქეიქებს თავზე გადავსუვათ თეთრი სარკალა. ჯემი შევათბოთ და ჩავასხათ ძალიან წვრილ თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და სარკალაზე „სისხლძარღვები“ დავახატოთ. კექსების შუაგულში მოვათავსოთ ჟელატინის კამფეტებისგან დამზადებული თვალის ბაიები. საჭირო ფორმის კამფეტებს თუ ვერ ნახავთ, პრობლემა არაა, იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება შუაზე გაჭრილი მწვანე ყურძნის მარცვლებით. ისინი ამობურცული მხარით ზემოთ მოვათავსოთ თეთრ სარკალაზე და თითო წვეთი გამდნარი შოკოლადით თვალის გუგებიც დავახატოთ.

მოგეხსენებათ, „ჰელოუინზე“ კარს მომდგარ მცირეწლოვან „მოძალადეებს“ ფულს ან ტკბილეულს ჩუქნიან. ამ დროს განსაკუთრებულად პოპულარულია  ხის ტარზე წამოცმული დაკარამელებული ვაშლები. სიმართლე გითხრათ, ასეთი ვაშლი დიდი გემრიელობით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან ლამაზია და თან „ჰელოუნი“ მის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ჩვენი ახალი წელი უგოზინაყოდ. მოკლედ, თქვენთვის შედარებით „დანავაროტკებული“ რეცეპტი შევარჩიე:

 ვაშლი წითელი ღვინის კარამელში (Red Wine Caramel Apples)
8 ცალი პატარა ზომის ვაშლი, 1 ½ ჭ წითელი ღვინო, 2 ჭ შაქარი, ½ ჭ წყალი, 6 ს/კ ცხიმიანი ნაღები, 8 ცალი ხის ჯოხი
www.epicurious.com
ხის ტარები რაც შეიძლება ღრმად ჩავარჭოთ ვაშლებში ყუნწი სადაც ქონდათ იმ ადგილიდან. პერგამენტის ქაღალდი დავცხიმოთ. საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცლზე ღვინო წამოვადუღოთ და ცეცხლზე დავტოვოთ სანამ ½ ჭ-მდე არ ამოორთქლდება (დაახლოებით 8-10 წუთი). გადმოვდგათ ცეცხლიდან. შაქარი და წყალი პატარა ტაფაზე მოვათავსოთ და ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე. ქვაბის გვერდებიდან ცივ წყალში ამოვლებული ნიჩბით შაქრის კრისტალები ბოლომდე ჩამოვწმინდოთ. სიროპი დავტვოთ ცეცხლზე და იდუღოს, ნუღარ მოვურევთ. სიროპი რომ გამუქდება და დაკარამელდება დავუმატოთ ღვინო (კარამელი აბუყბუყდება და ორთქლს აუშვებს, ნუ შეგეშინდებათ), ტაფა შიგადაშიგ შევანღრიოთ. დავუმატოთ ნაღები და ცოტა ხანი კიდევ გავაჩეროთ. კარამელი კარგად რომ შესქელდება, ქაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. ხის ჯოხის მეშვეობით ვაშლები სათითაოდ ამოვავლოთ კარამელში, ისე რომ ყველა მხრიდან კარგად დაიფაროს. დაკარამელებული ვაშლები გასაშრობად ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე დავალაგოთ. დაახლოებით 30 წუთში მზა იქნება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შავი ხელი და ფანჯრის უკან ატუზული ჰამლეტის მამის აჩრდილი

Approved by Natia Jinjolava


ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის ეშინოდა რაღაც ზებუნებრივი, არაადამიანური წარმოშობის, არაამქვეყნიური ძალების. თუნდაც სრულიად უწყინარი მიცვალებულის... არადა, რომ დაფიქრდე, რა უნდა დაგიშავოს მკვდარმა? საშიში სწორედ ცოცხალია, ბოროტი აზრები რომ უტრიალებს თავში. და სწორედ ასეთი შიშებიდან მოდის, თვალის, ჯადოს, წყევლის ანუ მისტიური ხასიათის და სიბნელის, ოთახში მარტო დარჩენის და ა.შ. - პირველზე ბევრად უფრო მიწიერი ხასიათის შიშები. რასაკვირველია, გაცილებით ადვილია ფეხის გადაბრუნება დააბრალო ვიღაცის შურიან მზერას, ვიდრე საკუთარ უგერგილობასა და საგულდაგულოდ შერჩეულ და ამაყად წამოცმულ უხეირო ფეხსაცმელს. ისიც გასაგებია, რომ ჩაბნელებულ უკაცრიელ ქუჩაში მარტო დარჩენა არავის უხარია, სრულიად მიწიერი ქურდების და მოკვდავი მძარცველების გვეშინია, მაგრამ ნეტა რა მონსტრი უნდა გველოდებოდეს საღამოს ცხრა საათზე ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში? არა, ასე ჩემთვის ვმსჯელობ, თორემ არავის და არცერთნაირი შიშებისთვის არ დავძრახავ. შიში ისეთი უცნაური რამეა, ამაზე ქილიკი არ ღირს. გეშინია და მორჩა - ახსნა არ აქვს.


ჩემს დას მაგალითად ბუმბულის ეშინია, ხელს ვერ კიდებს. ბალიშიდან ამოყოფილ წვეტს რომ დაინახავს, რეზინის ხელთათმანს იცმევს და პინცეტით იღებს. ისე, კაცმა რომ თქვას, რადგან მიდის და იღებს, თუნდაც ხელთათმნით, ეს უკვე ნახევრადდაძლეული შიშია. მე პირადად, მისტიურ შიშებს არ ვუჩივი, ღამე მარტოც კარგად ვრჩები და არ ქარის ღმუილი მიფრთხობს ძილს ზამთრის ღამით. რა თქმა უნდა, სახლში შემოსული ქურდი ან გზადგადაყრილი ლომი ან გველი ნამდვილად დამზაფრავს, მაგრამ კალიები, ხოჭოები და ტარაკნები ვერ მაფრთხობენ. ისინი უბრალოდ მეზიზღებიან. რა უნდა მიქნას შემოფრენილმა კალიამ? კბენითაც ვერ მიკბენს, ვერ შემჭამს და ვერც ფეხს მომტეხს. აი, ღამურა ან ვირთხა კი... ააააა!!! თუმცა პანიკა აქაც არაა საჭირო, ბოლოსდაბოლოს სარკეში ჩაიხედეთ და მერე იმათ შეხედეთ, ღამურა დათვი ხომ არ არის, ვერ მოგვერევა. იმათ ჩვენზე უფრო ეშინია...

არა, წერტილის დასმა თუ არ ვისწავლე, ასე არ ივარგებს - ჩემი ჭკუით სტატიის წერა ზებუნებრივის და არაამქვეყნიურის შიშზე დავიწყე. რაც არ უნდა ილაპარაკონ და რაც არ უნდა მარწმუნონ, ღრმად მჯერა, რომ ნებისმიერ პარანორმალურ მოვლენას აბსოლუტურად ნორმალური ახსნა აქვს. ამის მაგალითად, რამდენიმე პატარა ისტორიას მოგიყვებით, თან ბავშვობა გავიხსენოთ... ალბათ ყველას გვიყვარდა სადარბაზოს კუთხეში შებინდებულზე შეკრება და „შავ ხელის“ მსგავსი ჟრუანტელისმომგვრელი ისტორიების მოყოლა.
ისტორია პირველი - ალმოდებული ცხვარი და ღვთის რისხვა
დიდი, დიდი ხნის წინათ ერთი პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ტარხუნდა დამწიფდა და მისი სურნელისგან თავბრუდახვეულმა და რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილმა ბიჭებმაც ღვთისთვის ცხვრის შეწირვა განიზრახეს. საკუთარი გამჭიახობით აღფრთოვანებულმა ყმაწვილებმა ჯერ ბაზარში შეირბინეს: ღვინო, კიტრი, პამიდორი, ყველი მოიხაზირეს (აბა, ცხვრის დაკვლას რა აზრი ექნებოდა, მერე ჩაქაფულს განმკლავით და ჭიქით ხელში ირვლივ თუ არ შემოუსხდებოდნენ) და შემოგარენს მიაშურეს. მეცხვარეები და ფარა მოიძიეს და კარგი ჭედილაც შეარჩიეს. პატივგებულ პირუტყვს ფეხები შეუკრეს და ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე საბარგულში ოცლიტრიან ბენზინის ავზსა და სათადარიგო საბურავს შორის უკრეს თავი. მოგეხსენებათ, პურმარილს კარგი ბუნებაც უხდება და გეზი შორიახლო მონასტრისკენ აიღეს. ბევრი იარეს თუ ცოტა, დანიშნულების ადგილამდეც მიაღწიეს. მღვდელი მონახეს და რომ არ შემოღამებოდათ და ქეიფიც არ დაგვიანებულიყო დაჩქარებული წესით შეუდგნენ მსხვერპლთშეწირვის ცერემონიას. მანქანას რომ მიაკითხეს, აღმოაჩინეს, რომ საბარგულში ბენზინი ჩაღვრილიყო და ცხვრის მატყლი ღრუბელივით გაჟღენთილიყო. 
ახალგაზრდა ღვთისმოსავებმა, აქოთებულ ცხოველს რომ დახედეს, ცხვირი ერთი კი შეიჭმუხნეს, მაგრამ რაც მთავარია, ბებზინის სუნი ხორცს ვერ გააფუჭებდაო და აქტიური სამზადისი გააჩაღეს. ოცი ლიტრით დამძიმებული საბრალო ცხვარი საბარგულიდან გამოათავისუფლეს, ბაწარი ფეხებიდან შეხსნეს, ყელზე შეაბეს და ტაძრის ირგვლივ შემოსატარებლად წაათოხარიკეს. მღვდელმა ლოცვა ჩაათავა, ცხვრისკენ შემოტრიალდა და წესისა დარიგის მიხედვით, მორჩილად მდგარ ცხოველს შუბლზე ანთებული სანთელი მიაკრა... რაღაცამ იბუთქა და გაოცებული ცხვარი მყესეულად ზეცად აღმაღლდა! მაგრამ ცხვრის გაოცება რას მოვა, მამაოს გაოცებასთან: „ამისთანა რა ცოდვა გქონდათ ჩადენილიო?“
ვინც ბოლომდე ვერ ჩაწვდა სიტუაციას და ნავთობპროდუქტებში მაინცდამაინც ვერ ერკვევა, იმათთვის განვმარტავ - ბენზინი სალიარი არაა, არ იწვის, ბენზინი ფეთქდება. ერთი საშუალო ცხვრისა და ოცი ლიტრი ბენზინის აფეთქების შეფარდებითი ძალის გამოთვლა კი თქვენთვის მომინდვია.
ისტორია მეორე - პიანინო და პატარა თაგუნა
ერთხელაც ერთი პატარა გოგო სოფელში ისვენებდა. ბებია ახალგარდაცვლილი ყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებული სასტუმრო ოთახიდან გაასვენეს, გოგონას მაინც იქ უყვარდა  გასაშლელ ტახტზე დაძინება - წიგნების კითხვით ერთობოდა ხოლმე ღამ-ღამობოთ. სასტუმრო ოთახშ კი ყველაზე მეტი წიგნის თარო იდგა. ერთხელაც, ღამის სამ საათზე გოგონა სავარძელში იჯდა და როგორც უკვე ხვდებით, კითხულობდა. არც რამე ფაჩუნი ყოფილა, არც რაიმესთვის მოუკრავს თვალი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე რაღაც უჩინარმა ძალამ თავი ააწევინა (აი, აქ კი აშკარად განგების ხელი ურევია), და დაინახა პატარა წრუწუნა პიანინოს უკან როგორ შეძვრა. გოგონა გულადი იყო, თაგვების არ ეშინოდა და კითხვა მშვიდად განაგრძნო. ცოტა ხანში პიანინომ დაკვრა დაიწყო, თან უბრალოდ კი არ უკრავდა, არაამქვეყნიურ, არამიწიერ ხმებს გამოსცემდა...
როგორც ხვდებით, პატარა ონავარი მღრღნელი დაძვრებოდა პიანინოს სიმებში. თუ წარმოგიდგენიათ, რა ხასიათზე დავდგებოდი (ის გოგონა მე გახლდით), შუაღამეზე პიანინოს დაკვრის ხმას რომ გავეღვიძებინე და მის უკან შემძვრალი თაგვი არ დამენახა?! სწორად ხვდებით. მაგრამ ეს ისტორიების სწორედ იმას მოვაყოლე, რომ ამქვეყნად აუხსნელი არაფერია, უბრალოდ რაღაც არ ვიცით, ვერ დავინახეთ, ვერ შევნიშნეთ, ან სულაც დაგვავიწყდა. ამქვეყნად იმდენი მედიცინის მიერ აღიარებული შიშია, ზებუნებრივისთვის დროც აღარ უნდა გვრჩებოდეს...

 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


შოკოლადის ტორტი წაბლის კრემით

Approved by Natia Jinjolava


ბისკვიტისთვის: 26 სმ დიამეტრის ტორტის ფორმა, 6 კვერცხის გული, 180 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 6 კვერცხის ცილა, 80 გრ ფქვილი, 60 გრ კარტოფილის სახამებელი, 60 გრ კაკაო
ღუმელი გავახუროთ 180 °C-მდე. ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი ან საფანელი ცომი რომ არ მიიკრას. კვერცხის გულები, შაქრის ნანახევარი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად. კვერცხის ცილები ცალკე ჯამში ავთქვიფოთ და მყარ, თეთრ ბეზეს რომ მივიღებთ დავუმატოთ დარჩენილი შაქარი. ათქვეფილი ბეზე ხის კოვზით ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში. ფქვილი, სახამებელი და კაკაო ერთმანეთში ავურიოთ, გავცრათ და კვლავაც ხის კოვზით ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ კვერცხებში. ცომი ფრთხილად გადავასხათ ტორტის ფორმაში, ზედაპირი საკონდიტრო ნიჩბით მოვუსწოროთ და შევდგათ ღუმელში 25-30 წუღით. ხის წვრილი ჩხირით მისი მზაობა შევამოწმოთ და ჩხირს სველი ცომის ნამცეცები თუ არ ამოყვა, გამოვიღოთ და გავაგრილოთ. თუ აკლია გამოცხობა, 5-7 წუთი კიდევ გავაჩეროთ. მზა ტორტი გავაცივოთ და მერე ამოვიღოთ ფორმიდან. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ ტორტს, უფრო კარგად იჭრება ფირფიტებად, ამიტომ ბისკვიტის გამოცხობა ყოველთვის წინა დღით სჯობს.
კრემისთვის: 440 გრ კონსერვირებული წაბლი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 6 ს/კ ნაღები, 7 ს/კ შაქრის პუდრა, ½ ჭ გარგრის მარმელადი (ჯემი), 250 გრ მარციპანი, 150 გრ შაქრის პუდრა, 200 გრ გამდნარი შოკოლადი თავზე მოსასხმელად
შოკოლადის ბისკვიტი გავჭრად 3 ფენად. წაბლები, ლიმონის წვენი, ნაღები და 7 ს/კ შაქრის პუდრა ბლენდერში ვაქციოთ პიურედ. მზა პიურე ვთქვიფოთ, სანამ პრიალა კრემს არ მივიღებთ. ავიღოთ ბისკვიტის ერთი ფენა და წავუსვათ წაბლის კრემის ნახევარი, თავზე მეორე ფენა დავაფაროთ და წავუსვათ დარჩენილი კრემი. კრემს თავზე მესამე ფენა დავაფაროთ და წავუსვათ შეცხელებული გარგრის ჯემი. მარციპანს შაქრის პუდრა დავუმატოთ და გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული მარციპანი ტორტს გადავაფაროთ, ისე რომ თავზეც და გვერდებზეც შემოეკრას. ზედმეტი მარციპანები შემოვაჭრათ და დავაგუნდაოთ და ისევ გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე და ტორტის მოსართავად ფიგურული საჭრელებით ლამაზი ფიგურები გამოვჭრათ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და ტორტს ზემოდან გადავუსვათ. რომ გაშრება და გაცივდება მოვრთოთ მარციპანის ფიგურებით.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

წაბლის სუპი პორტუგალიურად

Approved by Natia Jinjolava


ინგრედიენტები: 500 გრ წაბლი, ¾ ლ ნებისმიერი ბულიონი (რასაკვირველია თევზის გარდა), 100 გრ თეთრი პური, თითო მწიკვი მარილი, თეთრი პილპილი და შაქარი, 2 ს/კ კარაქი
ღუმელი გავახუროთ 250°C-მდე. წაბლის კანი ბასრი დანით მრგვალი მხრიდან დავსეროთ ჯვრის ფორმაზე, დავყაროთ საცხობ ფირფიტაზე და დაახლოებით 20 წუთით შევდგათ ღუმელში. ტყავი გასკდომას რომ დაიწყებს გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და გავფცქვნათ. დარჩეული წაბლი ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ ბულიონი და დაახლოებით 40 წუთი ვხარშოთ თავდახურულად. 8 ცალი წაბლი ამოვიღოთ, კუბიკებად დავჭრათ და გვერდზე გადავდოთ. დანარჩენი ბლენდერის ან სპეციალური პრესის საშუალებით პიურედ ვაქციოთ და ისევ ქვაბში ჩავასხათ. პურს ქერქი შემოვაჭრათ, რბილობი დავაქუცმაცოთ და სუპს შევურიოთ. ცოტა ხანი კიდევ ვხარშოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით და სულ ცოტა შაქარი. ჭამის წინ შევურიოთ კარაქი და მოვაყაროთ კუბიკებად დაჭრილი წაბლი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის რულეტი წაბლის კრემით

Approved by Natia Jinjolava


ამ უგემრიელეს ნამცხვარს ძალიან მარტივი რეცეპტი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი შანსია, რომ უამრავი მიზეზის გამო არ გამოვიდეს: გაზი მთლად კარგად არ მუშაობს, ან კვერცხი არ იყო ძალიან ახალი, ან შაქარი გამოდგა დანესტილი და სულაც შოკოლადს აქვს საჭიროზე მეტი ცხიმი. ამიტომ საკუთარი თავის და ინგრედიენტების იმედი თუ არ გაქვთ, ნუ გარისკავთ. ვისაც სუფლეს ცხობა გეხერხებათ, ან ექსპერიმენტების არ გეშინიათ და „ჩავარდნილი“ ნამცხვრის გადაგდება პრობლემას არ წარმოადგენს, სცადეთ - მართლა გამორჩეულად გემრიელი და ჰაეროვანი რულეტია. ბისკვიტი თუ მაინც გამოვიდა, მაგრამ მერე დახვევისას დაიბზარა, არ ინერვიულოთ - ეს იმის ნიშანია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ!

ინგრედიენტები: 175 გრ შავი შოკოლადი, 30 მლ (2 ს/კ) მაგარი შავი ყავა, 5 კვერცხი, 175 გრ შაქარი, 250 მლ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ მოხარშული ან გამომცხვარი წაბლის პიურე, 4 ს/კ შაქრის პუდრა, კიდევ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და ნაკლებად ცხიმიანი ნაღები მოსართვავად
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. 33X23 სმ ზომის საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი და დავაფინოთ პერგამენტი. შოკოლადი გავადნოთ ჯამში და ჩავასხათ ყავა. დავტოვოთ შესაგრილებლად. მანამდე კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და გოგლი-მოგლი რომ გამზადდება ჩავურიოთ შეგრილებულ გამდნარ შოკოლადს. მეორე ჯამში ავთქვიფოთ კვერცის ცილა. ბეზე რომ გამზადდება, ჯერ ერთი კოვზი გადაავურიოთ შოკოლადის კრემში, შემდეგ კი დანარჩენიც დავუმატოთ და ძალიან ფრთხილად მოვურიოთ. მიღებული მასა საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე გავანაწილოთ და გამოსაცხობად 20 წუთით შევდგათ. არა, არ გამომრჩენია, ამ ბისკვიტს ფქვლი არ ჭირდება და მისი გამოცხობის მთელი სირთულეც სწორედ ამაში მდგომარეობს. გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ, ფირფიტაზე დატოვებულსვე ჩაის ტილო გადავაფაროთ და ცივ ადგილას რამდენიმე საათი გავაჩეროთ.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. ერთად ათქვეფილი წაბლის პიურე და შაქრის პუდრა ნაღების კრემს დავუმატოთ. პერგამენტის ქაღალდზე შაქრის პუდრა მოვაფრქვიოთ და გამომცხვარი ბისკვიტი თავდაღმა დავაფინოთ. ავაცალოთ უკანა მხრიდან ცხობისას მიკრული ქაღალდი. ქაღალდაცლილ ბისკვიტს ფრთხილად გადავუსვათ წაბლის კრემი 2,5 სმ-ს სისქეზე და მერე ქვევიდან დაფენილი პერგამენტის დახმარებით ბისკვიტი ძალიან ფრთხილად და რამდენადაც შესაძლებელია მჭიდროდ დავახვიოთ. მზა რულეტი 2 საათით მაცივარში შევდგათ, შემდეგ თავზე ცოტაოდენი შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ფრთხილად დავჭრათ. ყოველ ნაჭერს თითო კოვზი ნაკლებადცხიმიანი ნაღები მოვასხათ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი