სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით

Approved by Natia Jinjolava

ამას წინათ „ნიკორაში“ ქამა სოკოს გვერდით არაჩვეულებრივი პორტობელო დავინახე თუ არა, მივხვდი რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შემექმნა. და, რადგან საქმე განსაკუთრებულს ეხებოდა, რა უნდა ყოფილიყო ელტონ ბრაუნის სოკოს სტროგანოვზე უფრო შესაფერისი? მით უმეტეს, რომ მისი მეორე უმთავრესი ინგრედიენტიც იქვე, „გუდვილში“ მეგულებოდა.
მოკლედ, შეიძენთ ნიკორაში სოკო პორტობელოს, გუდვილში „არკადიას“ ბრინზას, ფეტუჩინის, ლინგვინის, ტალიატელის ან ნებისმიერ სხვა ლენტის ფორმის პასტის (მაკარონის) ნაწარმს, მწვანე ხახვს და  სულ რაღაც 40 წუთში განსაკუთრებული შრომისა და ჯაფის გარეშე კულინარიული შედევრის ავტორი გახდებით.

სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით ელტონ ბრაუნის რეცეპტებიდან
6 პორცია
350 გრ პასტა ფეტუჩინი, 3 ს/კ კარაქი, 6 სოკო პორტობელოს მსხვილი თავი ფეხის გარეშე, 1 ჩ/კ მარილი, 1 კონა მწვანე ხახვი  დაჭრილი ( ხახვის მწვანე ნაწილი ცალკე და თეთრი ძირები ცალკე), 1 ჩ/კ ფქვილი, 400 მლ საქონლის ხორცის ბულიონი, 220 მლ არაჟანი, 120 გრ თხის ყველი, ½ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი

სოკო საგულდაგულოს გავფერთხოთ, კოვზით ამოვფხიკოთ ქუდის ქვედა მხარეზე დაგოფრილი ნაწილი (სოკო ძალიან ჭუჭყიანი თუ არ არის, არ რეცხავენ (!) ის წყალს ღრუბელივით ისრუტავს და უგმური ხდება) და დავჭრათ სიგრძეზე დაახლოებით 0,5 სმ სიგანის ზოლებად.
დიდი ზომის ქვაბში ავადუღოთ დაახლოებით 3 ლ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ ფეტუჩინი.
სანამ პასტა იხარშება ტაფა შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე და დავაგდოთ კარაქი. დავყაროთ სოკო, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ სანამ არ გაყავისფრდება, დარბილდება და მთელ სითხეს არ გამოუშვებს - დაახლოებით 5-6 წუთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის თეთრი ძირები. ვთუშოთ კიდევ 2-3 წუთი. მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ კარგად. ვურიოთ, სანამ ფქვილი არ მოიხალება და ტავის ფსკერს ყავისფრად არ მიეკვრება, დაახლოებით 1 წუთი. დავასხათ ბულიონი, წამოვადუღოთ და ჩავუწიოთ ცეცხლი საშაულოზე დაბლამდე. ვათუხთუხოთ 10-12 წუთი. დავუმატოთ არაჟანი, თხის ყველი და პილპილი. კარგად მოვურიოთ და ცეცხლზე კიდევ გავაჩეროთ დაახლოებით 4 წუთი. გადავწუროთ ფეტუჩინი და ტაფაზევე ჩავყარო სოუსში. მოვაყაროთ მწვანე ხახვი, სურვილის შემთხვევაში დავუმატოთ პილპილი და მოვირთვათ ეგრევე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ლუდი გურმანებისთვის

Approved by Natia Jinjolava

ლუდის მოყვარულთა უმრავლესობა, ჭეშმარიტი ენოფილებისა და ვისკის მოყვარულთა მსგავსად ლუდს მხოლოდ სუფთა სახით აღიარებს, მაგრამ მრავლად არიან ე.წ. „ჩაკიდულის“ მოყვარულებიც.  ზოგიერთი ნოვატორული ლუდომანი  კი კიდევ უფრო შორს წავიდა და საყვარელი სასმელით ტკბობის სურვილის დაკმაყოფილებას ლუდის კოქტეილებითა და ლუდზე მომზადებული საჭმელებითა თუ დესერტით ცდილობს. ნიჭიერი და ექსპერიმენტატორი ბარმენების წყალობით ტრადიციული „შავი და გარუჯულისა“ (ერთმანეთში არეული პორტერი და ლაგერი) და „გველის ნაკბენის“ (სიდრი და ლაგერი) კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი დახვეწილი კომბინაცია და გემო გაჩნდა, ერთი სიტყვით, „ოქტობერფესტის“ საპატივცემულოდ, ლუდის 5 ყველაზე პოპულარული კოქტეილი:

Black Velvet (შავი ხავერდი)
შავი ხავერდი ყველაზე ეფექტური და ყველაზე „ძვირიანი“ ლუდის კოქტეილი გახლავთ, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, შამპანურისა და მუქი ლუდისაგან მზადდება.

1 პორცია
150 მლ „გინესი“ ან ნებისმიერი მუქი ლუდი
150 მლ შამპანური
მაღალ ჭიქაში ჩავასხათ ლუდი და დავუმატოთ შამპანური.
კოქტეილი განსაკუთრებით უხდება კარტოფილ ფრისა და კარტოფილთან ერთად შემწვარ სარდელებს.

Happy Mich (ბედნიერი მიჩი)
„მიქალადა“ ცნობილი მექსიკური კოქტეილი გახლავთ ლუდით, ლაიმის წვენითა და ცხარე საწებლით, რომელსაც მარილის არშიამოვლებული, პატარა, ჩაციებული ჭიქით მიირთმევენ. „ბედნიერი მიჩიც“ სწორედ „მიაქალადას“ ამერიკული ვარიაციაა.

1 პორცია
1 ჩ/კ მარილი, 0,5 ჩ/კ ცხარე წიწაკა, 1 ჩ/კ ცხარე სოუსი (მაგალითად ტაბასკო), 1 ნაჭერი ლაიმი,  2  ცალი საზამთროს 5 სმ–იანი კუბიკი (1 პატარა ნაჭერი მოსართავად), 0,5 ჩ/კ სოუსი „ტაჯინი“, 1 ჩ/კ ძმარი ბალზამიკო, 1 ს/კ ლაიმის წვენი, 2 ჭ ყინულის კუბიკები, 150 მლ ღია ფერის ლუდი
პატარა თეფშზე ერთმანეთში გადავურიოთ მარილი და წიწაკა. ლაიმის ნაჭერი წავუსვათ მაღალი ლუდის ჭიქის კიდეს და ჭიქის სველი კიდე ამოვავლოთ მარილისა და წიწაკის ნარევში. ბლენდერში დავაბლენდეროთ საზამთროს კუბიკები, მარილისა და წიწაკის ნარჩენი, ლაიმის წვენი და სოუსები. ჭიქაში ჩავყაროთ ყინული, ჩავასხათ საზამთროს პიურე და ზემოდან დავასხათ ლუდი. მოვურიოთ და მოვრთოთ საზამთროს ნაჭრით.

განსაკუთრებით უხდება ქათმის ხორცს, პამიდვრისა და ქინძის სალათას და მექსიკური სტილის ცხარე კერძებს.

Shandy
„შანდი“ ანუ „შანდიგაფი“ განსაკუთრებული პოპულარულობით ბრიტანეტში სარგებლობს და ერთნაირი რაოდენობის ლუდისა და ჯანჯაფილის ელისაგან მზადდება.

4 პორცია
1 ჭ შაქარი, 3 ჭ წყალი, 4 ცალი ლენტის ფორმაზე ათლილი ლიმონის ცედრა, 1 ჭ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 2 ტოტი პიტნა, ჩაცივებული ღია ფერის ლუდი ან ელი
პატარა ქვაბში წამოვადუღოთ შაქარი და 1 ჭ წყალი და ვურიოთ შაქრის სრულად გადნობამდე. ჩავაგდოთ ლიმონის ცედრა. სიროპი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. სიროპში ჩავამატოთ დარჩენილი 2 ჭ წყალი, ლიმონის წვენი და პიტნა. კარგად ჩავაცივოთ. გავანაწილოთ ჭიქებში და შევავსოთ ლუდით ან ელით.

უხდება ბოსტნეულის და პასტის კერძებს და ქათმის ხორცს.

The Cure
ბარმენმა ჯინა ჩერსევანიმ The Cure ანუ „გამოსავალი“ ეკონომიური პრობლემების მქონე გოგონებისთვის გამოიგონა ვაშინგტონში. ერთი ჭიქა The Cure სხვა კოქტეილებისგან განსხვავებით, სულ რაღაც 5 აშშ დოლარი ღირს.

1 პორცია
2 ჭ ყინულის კუბიკები, 2 ს/კ „Domaine de Cantro” (ჯანჯაფილის ლიქიორი), 10 ს/კ ღია ფერის მსუბუქი ლუდი, 1 ს/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 2 სანტიმეტრიანი ჯანჯაფილის ფესვი გათლილი და ასანთის ღერებივით დაჭრილი
მაღალი ჭიქა გავავსოთ ყინულის კუბიკებით, დავუმატოთ ლიქიორი, ლუდი და კარგად მოვურიოთ. მოვრთოთ ჯანჯაფილის ჩხირებით.

უხდება შესუნელებულ ქათმის ხორცს და ლორიან სენდვიჩებს.

The Stout Diplomat
ეს სადესერტო სასმელი სან–ფრანცისკოელმა იანი კაჰაგირასმა შექმნა „ნოპას“ რესტორნიდან ლუდის კოქტეილების შეჯიბრისთვის.

1 პორცია
2 ს/კ რბილი, მუქი რომი ჩაცივებული, 1 ს/კ შერი „პედრო ხიმენესი“ ჩაცივებული, 12 ს/კ შოკოლადის არომატიანი  ან ჩვეულებრივი მუქი ლუდი
პატარა, 150 მლ–იან ჭიქაში გადავურიოთ ერთმანეთში კარგად ჩაცივებული ლუდი, რომი და შერი. ეგრევე გადავკრათ.

უხდება თევზს და შოკოლადის პუდინგს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი