20.10.13
სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით
Approved by
ამას
წინათ „ნიკორაში“ ქამა სოკოს გვერდით არაჩვეულებრივი პორტობელო დავინახე თუ არა, მივხვდი
რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შემექმნა. და, რადგან საქმე განსაკუთრებულს ეხებოდა,
რა უნდა ყოფილიყო ელტონ ბრაუნის სოკოს სტროგანოვზე უფრო შესაფერისი? მით უმეტეს, რომ
მისი მეორე უმთავრესი ინგრედიენტიც იქვე, „გუდვილში“ მეგულებოდა.
მოკლედ,
შეიძენთ ნიკორაში სოკო პორტობელოს, გუდვილში „არკადიას“ ბრინზას, ფეტუჩინის, ლინგვინის,
ტალიატელის ან ნებისმიერ სხვა ლენტის ფორმის პასტის (მაკარონის) ნაწარმს, მწვანე ხახვს
და სულ რაღაც 40 წუთში განსაკუთრებული შრომისა
და ჯაფის გარეშე კულინარიული შედევრის ავტორი გახდებით.
სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით ელტონ ბრაუნის
რეცეპტებიდან
6 პორცია
350 გრ პასტა ფეტუჩინი, 3 ს/კ კარაქი, 6 სოკო პორტობელოს
მსხვილი თავი ფეხის გარეშე, 1 ჩ/კ მარილი, 1 კონა მწვანე ხახვი დაჭრილი ( ხახვის მწვანე ნაწილი ცალკე და თეთრი
ძირები ცალკე), 1 ჩ/კ ფქვილი, 400 მლ საქონლის ხორცის ბულიონი, 220 მლ არაჟანი, 120
გრ თხის ყველი, ½ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი
სოკო
საგულდაგულოს გავფერთხოთ, კოვზით ამოვფხიკოთ ქუდის ქვედა მხარეზე დაგოფრილი ნაწილი (სოკო ძალიან ჭუჭყიანი თუ არ არის, არ რეცხავენ (!) ის წყალს ღრუბელივით ისრუტავს და
უგმური ხდება) და დავჭრათ სიგრძეზე დაახლოებით 0,5 სმ სიგანის ზოლებად.
დიდი
ზომის ქვაბში ავადუღოთ დაახლოებით 3 ლ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ ფეტუჩინი.
სანამ
პასტა იხარშება ტაფა შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე და დავაგდოთ კარაქი.
დავყაროთ სოკო, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ სანამ არ გაყავისფრდება, დარბილდება და
მთელ სითხეს არ გამოუშვებს - დაახლოებით 5-6 წუთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე
ხახვის თეთრი ძირები. ვთუშოთ კიდევ 2-3 წუთი. მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ კარგად.
ვურიოთ, სანამ ფქვილი არ მოიხალება და ტავის ფსკერს ყავისფრად არ მიეკვრება, დაახლოებით
1 წუთი. დავასხათ ბულიონი, წამოვადუღოთ და ჩავუწიოთ ცეცხლი საშაულოზე დაბლამდე. ვათუხთუხოთ
10-12 წუთი. დავუმატოთ არაჟანი, თხის ყველი და პილპილი. კარგად მოვურიოთ და ცეცხლზე კიდევ გავაჩეროთ დაახლოებით 4 წუთი. გადავწუროთ ფეტუჩინი და ტაფაზევე ჩავყარო სოუსში. მოვაყაროთ მწვანე
ხახვი, სურვილის შემთხვევაში დავუმატოთ პილპილი და მოვირთვათ ეგრევე.
საუკეთესო
სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი