საზრიანი ცრუპენტელების და გულუბრყვილო ჩერჩეტების დღე

Approved by Natia Jinjolava

საიდან მოდის პირველი აპრილის აღნიშვნის ტრადიცია? ამის თაობაზე უამრავი ვერსია და ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. ერთია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ თარიღს პატივს სცემს და დიდი და პატარა ამ დღეს ძველი და მრავალნაცადი თუ ახალი და მზაკვრული ოინებით ეგებება. თვითონ დღესასწაულის სახელიც კი ყველგან სხვადასხვანაირია: დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მას  „ბრიყვების დღეს“ ეძახიან, ინდოეთში - „ხუმრობების დღეს“, საფრანგეთსა და იტალიაში - „სააპრილო თევზს“, ზოგან კი ეს დღე უბრალოდ „პირველი აპრილია“, მორჩა და გათავდა! აი, ანტიკურ რომში (ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ დღის აღნიშვნა სწორედ ძველმა რომაელებმა დაიწყეს) ამ დღეს პატივს სიცილის ღმერთს მიაგებდნენ.
ყველაზე გავრცელებული აზრით, საპირველაპრილო ხუმრობების ტრადიცია მე-16 საუკუნის საფრანგეთში წარმოიშვა, როცა კარლ IX-მ გრეგორიანული კალენდარი შემოიღო და ახალი წლის დაწყება 1 აპრილის ნაცვლად 1 იანვარს დააწესა. „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და ფრანგებმა „საახალწლო საჩუქრების“ ტრადიცია არ მოიშალეს - ამ დღეს სახუმარო (ხშირად ცარიელ) პატარ-პატარა ძღვენებს არიგებდნენ, თან ერთმანეთს ზურგზე თევზის ფორმის ბარათებს აკრავდნენ. რატომ მაინცდამაინც თევზის? ფრანგები ამას იმით ხსნიან, რომ წელიწადის ამ დროს მზე თევზების თანავარსკვავედში იმყოფება. იტალიელები ამტკიცებენ, რომ ამ დღესასწაულს და მის სახელსაც ნეაპოლელ მეფე მონრეტეის უნდა ვუმადლოდეთ, რომელსაც მორიგი მიწისძვრის დასრულების აღსანიშნავად თევზი მიართვეს. მომდევნო წლის იგივე დღეს მეფემ ისევ ის თევზი მოითხოვა. აბა, ზუსტად ასეთს სად იპოვიდნენ? საზრიანმა მზარეულმა თავი იმტვრია, იმტვრია და ბოლოს მეფეს მსგავსი თევზი მოუმზადა.. იმანაც თევზი ფხიან-ძვლიანად გემრიელად მიირთვა, მშვენივრად მიხვდა, რომ გააცურეს, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. მეტიც, გამხიარულდა და საპირველაპრილო ხუმრობებსაც დასაბამი ასე დაედო.
დიდ ბრიტანეთში პირველი აპრილის აღნიშვნამ ფეხი მე-18 საუკუნეში მოიკიდა, თანაც ისე, რომ შოტლანდიელებმა ერთი დღე არ იკმარეს და „Fool’s day”-ს ორი დღის განმავლობაში ზეიმობენ, თან ერთმანეთს ზურგზე ბარათებს აკრავენ წარწერით: „პანჩური ამომარტყი“, ბარათდაკრულებს დასდევენ და... ცხადია, რომ წიხლები და პანღურები არ ენანებათ! აი, გერმანელები ამ არასერიოზული დღესასწაულის შემოღებას სრულიად სერიოზულ ისტორიულ ფაქტს უკავშირებენ (გერმანელები არიან და!) - ახალი მონეტის მიმოქცევაში შემოღებას, რაც 1530 წლის 1 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. ელოდნენ, ელოდნენ და სულ ტყუილად - რეფორმა „გადაიდო“, ახალი ფული არ მოიჭრა და გერმანელებიც იმ დღიდან ერთმანეთს სიამოვნებით ატყუებენ.
პირველი „მასობრივი ტყუილი“ 1703 წლის 1 აპრილს მოსკოვში განხორციელდა, როცა მთავარ მოედანზე „არაჩვეულებრივი წარმოდგენის“ სანახავად ხალხი მიიზიდეს,  სპექტაკლით დასატკბობად მისულ გულუბრყვილოებს კი თეატრალური ფარდის უკან დიდი წარწერა ელოდათ: „Первый апрель – никому не верь!“
მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი ბევრგან აღინიშნება, წელიწადის სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, ოფიციალურ უქმედ გამოცხადებული არსად არ არის. მის პოპულარიზაციაზე მასმედიის საშუალებებმა იზრუნეს და ასე შეიქმნა ახალი ჟანრი „Mockumentary” (ე.წ. ფსევდოდოკუმენტური ფილმი ან რეპორტაჟი). პირველი აპრილი წელიწადის ერთადერთი დღეა, როცა ცნობილი ჟურნალ-გაზეთები და სერიოზული სატელევიზიო არხები თავს საკუთარი აუდიტორიის მოტყუების უფლებას აძლევენ. თუმცა ჟურნალისტური ეთიკითა და დაუწერელი კანონით, ასეთი სტატიები და სიუჟეტები ზომიერების ფარგლებს არ სცილდება და ავტორები მკითხველ-მაყურებელს წინასწარ თუ არა, დღის ბოლოს აუცილებლად ამცნობენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
პირველად „ფაქტის ასეთი გაყალბება“ 1957 წელს მოხდა, როცა ტელეკომპანია BBC-მ სიუჟეტი მოამზადა თბილი ზამთრისა და მაკარონისნაირთა მავნებლის სრული მოსპობით გამოწვეულ სპაგეტის უჩვეულოდ უხვ მოსავალზე ტიჩინოში (შვეიცარია). უნდა ითქვას, რომ იმ წლებში იტალიურ პასტას დიდ ბრიტანეთში მაინცდამაინც არ წყალობდნენ და მხოლოდ პომიდვრის ტომატში დაკონსერვებული სპაგეტის სახით იცნობდნენ, ამიტომ გადაცემის მომდევნო დღეებში რვამილიონი მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი სტუდიაში რეკავდა და კითხულობდა, შეიძლებოდა თუ არა სპაგეტის ხის დარგვა-გახარება სახლის პირობებში, ტელევიზიის ოხუნჯი მუშაკები კი დაინტერესებულებს ასეთი სიტყვებით „აკვალიანებდნენ“: „სპაგეტის ყლორტი ტომატის ქილაში მოათავსეთ და მოსავალს უკეთესი მომავლის იმედით დაელოდეთ!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

არუგამის ყურე

Approved by Natia Jinjolava

მეთევზეების დასახლება
პალმის ფოთლებით გადახურული სასტუმრო
სერფინგის ტალღების ნაპირი და დელფინების ლაგუნა

ავტობუსი, რომლითაც Fluffy Foxy მაღალმთიანი, ცეილონის ჩაით დაფარული  მთებიდან დაბლობში ეშვება, სამხრეთ სანაპიროსკენ მიქრის, ოკეანის ნაპირს უახლოვდება. 
Fluffy Foxy-ს ამ მხარეში მეგობრები არ ჰყავს და არც არავინ იცნობს. ხუთსაათიანი  მგზავრობის  შემდეგ ავტობუსი ჩერდება.  ქუჩის ორივე მხარეს მჭიდრო დასახლებაა, პატარა მაღაზიები და  სასადილოები. საშინლად წვიმს, მაგრამ საკმაოდ თბილა.  
ამბობენ, ეს ადგილი ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავსო. ოკეანის ნაპირი  განსხვავებულია, წყლის  სიღრმე კი იმდენად დაბალი, რომ ოკეანის ფსკერზე  შეიძლება  ფეხით გაისეირნო. თუ  დაიღლები, სადმე  წყალში  ამობურცულ რომელიმე კლდეზე შემოჯდები ოკეანის ჩიტივით და დატკბები ამ უკიდეგანო ლურჯი სივრცის სილამაზით; ნახავ, როგორ უერთდება ცის ჰორიზონტს ოკეანის გაღმა ნაპირი. ამ ყურეში თეთრი დელფინებიც ცხოვრობენ. მათი ნახვა თუ მოგინდება, მოტორიანი  ნავით ნაპირიდან 30 კილომეტრს გაიქროლებ და მიადგები დელფინების მყუდრო თავშესაფარს.
როგორ უყვარს Fluffy Foxy-სს ეს მხიარული და  ჭკვიანი არსებები, მათ დანახვაზე სიხარულით გული უჩერდება, მკლავებს უწვდის, ჩასახუტებლად ეძახის. დელფინები Fluffy Foxy- ის ძმები და დები არიან, მაგრამ რამდენი წელია ერთმანეთი არ უნახავთ.  საოცარია მათი პირველად შეხვედრის მომენტი: სიხარულის ცრემლები, მთელ  სხეულში სიყვარულის ტალღების ვიბრაცია. ზოგჯერ დელფინებს დაკარგული  სხეულის ნაწილებივით შეიგრძნობს. მართალია, ამ ნაწილებს Fluffy Foxy  სამუდამოდ ვერასოდეს დაიბრუნებს, მაგრამ ახლა, როცა მათ  სრიალა და გლუვ კანს ეფერება, გრძნობს, რომ იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, ეს სიყვარული  მას ღმერთთან  აახლოებს და განსხვავება ადამიანსა და დელფინს შორის ქრება. ყველანი ერთნი ხდებიან.
არუგამის  ყურეში  2004  წელს  ცუნამმა ყველაფერი გაანადგურა. ვინც გადარჩა და 60-მეტრიანი ტალღის შთანთქმას გადაურჩა, მერე ისევ უკან დაუბრუნდა ამ მხარეს,  თავიდან ააშენა ეს ნაპირი თავისი პატარა სასტუმროებით, რესტორნებითა და მეთევზეების სახლებით.
ნაპირი სავსეა მეთევზეთა ნავებით. რანაირ ნავს აღარ ნახავ: ზოგი იალქნიანი, ზოგი სათევზაო, კიდევ კანოე და უცნაური მორა ნავები... ყველგან თევზის დასაჭერი დაგრაგნილი  ბადეები  ყრია. სანაპიროს  საფარველი  ოქროს  სილაა. 
Fluffy Foxy ფიქრებში ჰემინგუეის მოხუც კაცს და იმ  ბიჭს ხედავს... ვინ იცის, აქ იქნებ ლომებიც არიან. სულ ცოტა, ადვილია, რომ მოელანდოს ლომები. თუ მოინდომებს, უსიზმროდაც  დაინახავს. 
არადა, ამ ოქროს ნაპირს  ლომები მართლა როგორ მოუხდებოდა.
არუგამის ყურე დღემდე სერფინგის მოყვარულების საყვარელი ადგილია, მარტის ცხელ სეზონზე აქაურობა ტურისტებითაა გადაჭედილი, ამ სანაპიროს განსაკუთრებით სერფინგის მოყვარული ავსტრალიელი ტურისტები ირჩევენ დასასვენებლად.  
 დილიდან ტროპიკულმა წვიმამ დასცხო, თითქოს კოკიდან გადმოასხესო, წყალი გზაზე  ღელესავით მიედინება.
Fluffy Foxy  ცალ ხელში  დიდი ქოლგით, მეორეში კი   დიდი  ჩანთით, სადმე პატარა  სასტუმროს ეძებს. ადგილობრივი მცხოვრებლები, წვიმას შეფარებულნი, პატარა  რესტორნებიდან და მაღაზიებიდან დიდი ინტერესით ათვალიერებენ მას. ჯერ  წარმოდგენა არა აქვთ, რომ მათი უცხოელი სტუმარი აქაურ ადგილობრივ ენას    ბუნებრივად და თავისუფლად იყენებს. როცა მოუნდება, იტყვის ისეთ  რამეს, რომელიც მხოლოდ აქ დაბადებულ ადამიანს თუ მოუვა აზრად, მაგრამ  მისი უცნაური აქცენტი? ვინ მიხვდება, სადაურია Fluffy Foxy? მართლა აქ თუ იქ, იმ უცხო ქვეყანაში დაიბადა?  Georgia ჰქვიაო იმ ქვეყანას? თან ცოტა უცნაურად ლაპარაკობს ყველაფერზე. ვერ გაიგებ, მართალს  ამბობს  თუ  ხუმრობს;  ყველას  შეკითხვას მოთმინ-
ებით პასუხობს; არ იღლება, არ ელევა ეშმაკური  გაღიმება  და  თავგზას უბნევს  ყველას. ჰო,  მაგრამ მაინც  რანაირად ლაპარაკობს ასე მშობლიურად და ასე საყვარელი უცხო აქცენტით? ამ აქცენტზე ხომ ყველა გიჟდება. მზად არიან, სტუმარს ნებისმიერი სურვილი შეუსრულონ. ნეტავ, ვინ არის? თითქოს ციდან ჩამოფრინდა. მეთევზეები დღის   ბოლომდე დაბნეულები არიან. მათ დიდხანს ეყოფათ ეს ამბავი თავსატეხად. დასახლებაში გაიგეს: თურმე Fluffy Foxy დღეს არუგამის ყურეში  ჩამოვიდა და პალმის ფოთლებით გადახურულ  სასტუმროში დასახლდაო.
ყველაზე თამამი ბიჭები მეორე დილიდან კუდში დასდევენ, ყველა მეთევზეა, დაკოჟრილი ხელები აქვთ, გაუხეშებული ბადეების თრევით. Fluffy Foxy-ის არაფრის  ეშინია, მარტო სეირნობს გაწვიმებულ სანაპიროზე. ფარდულებიდან მეთევზეები  თვალს ადევნებენ. როცა მაგრად დასცხებს და ქოლგა ვეღარ იფარავს, რომელიმე  მეთევზის ფარდულს  შეაფარებს თავს.
ჰეიი, ცოტა ხნით მოვედი, სანამ წვიმა გადაიღებს... როდის გადიხართ სათევზაოდ? ხვალ, დილის 5 საათზე. ვის  შეუძლია  ყველაზე დიდი ცოცხალი  თევზი დამიჭიროს  და მაჩუქოს? დაველოდები თქვენს ნავს, ხვალ ისევ მოვალ აქ, 12 საათზე დაგხვდებით.   რომელი ნავით მიდიხართ?  აი, იმ დიდი ლურჯი ახალი ნავით. დიდი  ჭრელი თევზი ჩემთვის  არ დაგავიწყდეთ... ყველანი  გაოცებულები  უყურებენ თურმე  წიგნს  წერს და იმ  წიგნში ჩვენზეც დაწერსო.
ჩვენ ოკეანის შვილები ვართ, ოკეანე გვარჩენს. აქ დავიბადეთ და მისი ჩვევები, მისი ხასიათი ყველაფერი გვესმის. ოკეანე ხანდახან სასტიკია და  დაუნდობელი, მაგრამ ჩვენ ის მაინც ძალიან გვიყვარს. ყოველდღე  ნავებით შორს  მივდივართ, იღბლიან  დღეს უკან ბევრი თევზით ვბრუნდებით, ხანდახან ცარიელი ნავებით. მაინც არასოდეს ვიცით, უკან დავბრუნდებით თუ ვერა. ეგ ღმერთის ნებაა. ამიტომ ვცდილობთ,  ბოროტი საქმე არ ჩავიდინოთ, რომ უკან დაბრუნების შანსი გვქონდეს. თუ ბოროტ საქმეს  არ ჩავიდენთ, უკან აუცილებლად  დავბრუნდებით.
Fluffy Foxy-ის პალმის ფოთლებით გადახურულ სასტუმროში დილაადრიან საჩუქარი  დახვდა: მარჯნის ბღუჯა და ზღვის ვარსკვლავები, ეს იმ ბიჭმა გამოუგზავნა, რომელიც  ყველაზე გაბედულია მეთევზეებს შორის, ცდილობს Fluffy Foxy-ის გვერდით  ამოუდგეს, თან მის გასაგონად რაღაც სასაცილო სიმღერას ღიღინებს, ცდილობს,  ყველგან მისი გამცილებელი იყოს, სულ პალმის ფოთლებით დახურული სასტუმროს   ახლოს დახეტიალობს, იქნებ Fluffy Foxy-ის  სადმე  თვალი მოჰკრას. დღეს გაუმართლა,  გზაზე დაეწია, დიდი ქოლგა და წყლის ბოთლიანი ჩანთა გამოართვა და ფეხდაფეხ მისდევს. აქვე ახლოს დიდი  მწვანე კაკტუსების ბაღია, Fluffy Foxy იქ სურათების გადასაღებად მიდის. რა ლამაზი  ყვითელი ყვავილები აქვთ ამ კაქტუსებს... ერთი  მოწყვიტა, მაგრამ თითში ეკალი შეერჭო.
 „ალააჰ, ეს რა დაგემართა, მომეცი თითი. აბა, მაჩვენე, ძალიან გტკივა? ნუ გეშინია, შხამიანი არაა, ახლავე   ამოვაძრობ ეკალს“.
 Fluffy Foxy დგას და უყურებს ამ ბიჭს, რომელიც თავისი დაკოჟრილი თითებით  აცლის ეკალს  და მერე მოულოდნელად მის თითს ნაზად სუნავს. რას აკეთებ? ეგ რაღაა? არ მინდა შენი დახმარება.. Fluffy Foxy-ის უცებ გაახსენდა ამ ხალხის ენაზე კოცნისა და სუნვის აღმნიშვნელი მხოლოდ ერთი სიტყვაა: imbinava ნიშნავს, როგორც სუნთქვას,  ისე კოცნას. ახლა მიხვდა Fluffy Foxy, რომ ამ ბიჭმა ეკლის ამოძრობისას თითზე აკოცა, ღმერთო ჩემო, როგორ განრისხდა არც შენი ნაჩუქარი მარჯნები მინდა და არც შენი  დახმარება როგორ გაბედე და მომიახლოვდი. ახლავე წადი! ახლავე წადი-მეთქი...  დამტოვე და ახლოს აღარ მოხვიდე! განრისხებული Fluffy Foxy ფეხებს აბაკუნებს  ოქროს სილაში, საწყალი მობუზული მეთევზე კი ლუღლუღით მიდის: კარგი, წავალ, კარგი, როგორც  გინდა.
საღამო მოვიდა, ახლა ნაპირზე მხოლოდ დაღლილი ნავები ყურყუტებენ,  გათენებას  და თავიანთ პატრონებს ელოდებიან. მალე პალმების ხეივანში თენდება, ბრტყელი  ყვავილები - კიბორჩხალას კლანჭები წუხანდელი ნამით შეციებულები,  ღრუბლებიდან შემოპარულ დილის მზის სხივებზე თბებიან. პალმის ფოთლებით გადახურულ სასტუმროს ჭიშკრთან  ტუკ-ტუკტაქსი ჩერდება.
Fluffy Foxy არუგამის ყურიდან დღეს შორეულ ჯუნგლებში მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად... ისევ წვიმს, არუგამის  ყურე წვიმისფერია...

(გაგრძელება იქნება...)

ფიქრია აფხაიძე

Fluffy Foxy Tail

Approved by Natia Jinjolava


დღეს გაგაცნობთ ჩვენი კლუბის სტუმარს, ახალგაზრდა ენათმეცნიერს, მწერალსა და მოგზაურს ფიქრია აფხაიძეს, რომელიც ჩვენს ბლოგს Fluffy Foxy Tail-ის (მელიის ფუმფულა კუდი) სახელით შემოემატა.
Fluffy Foxy Tail-ის უყვარს ეგზოტიკური და ველური სამყარო, წერა, აინტერესებს აბორიგენი ტომების კულტურა და ენები, გატაცებულია იოგით და ტიბეტური ვარჯიშებით. უსმენს ფოლკმუსიკასა და როკს.
ოცნებობს საქართველოში „ვარსკვლავების  კოლეჯის“  დაარსებაზე, სადაც  მხოლოდ ყველაზე  ნიჭიერი და ხელმოკლე მოზარდები უფასოდ მიიღებდნენ საუკეთესო განათლებას. აპირებს სინჰალას და თამილის ხალხების ენობრივ-სოციალური ურთიერთობების  შესწავლას ინგლისში მცხოვრები  დიასპორების მაგალითზე.
ცხოველებიდან განსაკუთრებით უყვარს ზღარბი და მონადირე ძაღლი, ადამიანებში კი მისაბაძად ის მიაჩნია, ვინც თავმდაბალი, თბილი  და  გულწრფელია სხვების მიმართ და აქვს მოთმინებისა და მიტევების უნარი.
ფიქრიასთვის საინტერესო მამაკაცს უნდა შეეძლოს ასწავლოს, როგორ მოერიო სიძნელეებს და დაბერდე ღიმილიანი.

ქალის უწყინარი მავნე ჩვევები

Approved by Natia Jinjolava

საქმის ნაკლებობა ქალებში ხშირად პატარ-პატარა უწყინარ მავნე ჩვევებს აღვიძებს.  ეს ლოგიკურიცაა - სახლში მობზრიალე ადამიანი უქმად ჩამოსაჯდომად იშვიათად იცლის, აი, სამსახურში კი, როცა ნაკლებად დატვირთული დღე გამოერევა (ხანდახან რამოდენიმეც, ერთმანეთის მიყოლებით), პრინციპით „დრო როგორ გავიყვანოთ?“ იწყება ყავის გაუთავებლად მოდუღება, მოსაწევად წარამარა გასვლა, კომპიუტერული პასეანსების შლა, უთავბოლო უშინაარსო ქაქანი და სამსახურიდან გაპარვის მცდელობა საყიდლების ან თუნდაც ვიტრინების დათვალიერების მიზნით.
მსგავსი უსაქმურობის ჟამს ერთმა ჩემმა თანამშრომელმა კბილის ექიმთან წასვლა მოიმიზეზა, უფროსს ერთი საათით დაეთხოვა და ახლომახლო არსებული მაღაზიების შემოსარბენად გაქანდა. ამ გადარბენაში თავი ავეჯის მაღაზიაშიც ამოჰყო და დიდი ხის ნანატრი ჭაღი დაინახა. ისე გაერთო,  სულ დაავიწყდა, სტომატოლოგთან რომ „იყო წასული“, სამსახურში უზარმაზარი ჭაღით ხელდამშვენებული დაბრუნდა და გახარებულ გულზე შენაძენი უფროსსაც ამაყად აჩვენა.
მავნე ჩვევების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარია. ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებსაც სისუფთავეზე ზრუნვა და აკურატულობა ჰიპერტოფირებულ ხარისხში აჰყავთ. ასეთმა ქალმა რეცხვა თუ მოინდომა, ვერანაირი ამინდი (უფრო სწორად, უამინდობა) ვერ შეაჩერებს და მერე უკვირს, თითქმის გამშრალი სარეცხი წვიმამ რატომ დაუსველა. ერთმა ახლობელმა ხერხემლის საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ბევრ სხვა შეზღუდვასთან ერთად, ექიმებმა სარეცხ მანქანასთან, ცოცხთან და მსგავს მოწყობილობებთან ურთიერთობა (მოკლედ, ოჯახური საქმეების კეთება) კარგა ხნით აუკრძალეს. სისუფთავეზე მანიაკალურად გადარეულმა ქალმა იყოჩაღა და ერთ დღესაც, უკაცრავად, ერთ ღამეს უზარმაზარი სახლის ორმოცივე ფანჯარა ერთი ხელის მოსმით დაწმინდა. იკითხავთ, „კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ღამით?“ რატომ და, მეზობლებს რომ არ ეთქვათ, ეს ახლადნაოპერაციები ქალი რამ გააგიჟა და, ლოგინში წოლის ნაცვლად, ფანჯრებს რას ეტაკაო.
ზოგიერთი ასეთი ჩვევა მართლაც ახირებაში გადადის. ბევრს ვიცნობ, უგუნებოდ მყოფი, დაგროვებული უარყოფითი ენერგიის ამოსაფრქვევად ავეჯთან ბრძოლას რომ იწყებს. რასაც თვითონ მოერევა, აქეთ-იქით დაახრიგინებს და საკუთარი „შემოქმედებით“ ტკბება, რასაც ვერა და, დამხმარე ძალას (ქმარ-შვილს, მეზობელს ან შემთხვევით შემოსწრებულ ინკასატორს) იხმობს და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებს.
საკუთარი „ბუდის“ კეთილმოწყობის გარდა, ქალს ზოგადად გადაკეთების ჟინიც ხშირად იპყრობს ხოლმე. ჩემი ერთი ახლობელი, ტანსაცმელს შერჩევისას - რაც არ უნდა უხდებოდეს და მის ტანზე იყოს შეკერილი, - რამე წუნს აუცილებლად უპოვის და დაუყოვნებლივ შეუდგება ნივთის „გადასხვაფერებას“ - ხან სახელოს დაავიწროვებს, ხან სიგრძეს დაუმოკლებს, შარვლიდან ქვედაბოლოს „შექმნის“,
 კაბას გადაჭრის და ჟილეტად აქცევს. უკიდეგანო ფანტაზიის პატრონია და, უნდა ითქვას, ჭრა-კერვა და ხელსაქმეც კარგად ეხერხება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი ფუსფუსის შედეგად, ბევრ იდეალურ ნივთს კარადის ნაცვლად თავი ნაგვსაყრელზე ამოუყვია.
ისეთებსაც ვიცნობ, ვინც მოწყენილობას თმის ფერის ან ვარცხნილობის შეცვლით ებრძვის. ეგ არაფერი, ამ შემთხვევაში თვითონ „ზარალდება“. ვაი იმის მარჩენალებს და ოჯახის წევრებს, ვინც უგუნებობას ასე იქარვებს და ცუდ განწყობას უსარგებლო ნივთების განურჩევლად ყიდვით „მკურნალობს“. თავის გასამართლებად, ამას სამეცნიერო სახელიც კი შეარქვეს - „შოფინგთერაპია“.
ერთი ჩემი ნაცნობი ერთხელ ისე გაერთო, ქმარს ამოცარიელებული და ბოლომდე გასვლეპილი საკრედიტო ბარათი დაახვედრა. სახლში დახვავებული ფუთების დანახვაზე ქმარს ხმა-კრინტი არ დაუძრავს და წარბიც არ აუწევია, მაგრამ როცა მეორე დღეს კარზე მუშებმა მიუკაკუნეს და უზარმაზარი შიფონერი აუყუდეს, ერთი დაიკვნესა, „ეს სად წავიღოთ, დასადგამი ადგილი რომ არ გვაქვს?“ იმ გამოუყენებული კარადის ნაწილები დღემდე გარაჟში უწყვიათ. ბუხარიც არა აქვთ, შეშად რომ გამოიყენონ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი


ანტიკური ჯაკუზი და ქართული ჩეჩმა

Approved by Natia Jinjolava

ოფურო
დღეს მსოფლიოში ძალიან უჩვეულო დღესასწაულს აღნიშნავენ - ცხელი აბაზანის დღეს. აბა, ასეთ ღირშესანიშნავ თარიღს როგორ გამოვტოვებდით?!  ცხელი წყალი და აბაზანა  ხომ თანამედროვე (და არა მხოლოდ) ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში არსებული წყალგაყვანილობის სისტემები, აბანოს ტრადიცია და პირადი ჰიგიენა პირდაპირ მიუთითებს მოსახლეობის განვითარების დონესა და კულტურაზე. არქეოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი სწორედ წყლის პროცედურებთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ნაშთებია. მათი ფორმა და სახესხვაობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამშენებლო მასალის თავისებურებით, ცხოვრების სტილითა და წეს-ჩვეულებებით განსხვავდება. სხვადასხვა ხალხების აბანოები, არა მარტო კონსტრუქცით, არამედ სარიტუალო დანიშნულებითა და წყლის პროცედურების თავისებურებებითაც გამოირჩევა.  
საუნა
ოდესღაც ბანაობის პროცესი რელიგიას უკავშირებდა. წყლის გამაჯანსაღებელ ძალასა და მის სამკურნალო თვისებებზე მრავალი ლეგენდა და გადმოცემა მოგვითხრობს. ბევრი მდინარე წმინდად ცხადდებოდა და ადამიანებს სჯეროდათ, რომ  წყალში განბანვა მათ სულიერ და ფიზიკურ განწმენდას მოუტანდათ. სწორედ სტიქსში ჩაყვინთვამ შესძინა ანტიკურ გმირ აქილევსს ჯადოსნური ხელშეუხებლობა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აბანო დაახლოებით სამოცი საუკუნის წინ (ქვის ხანაში) არსებობდა. თუმცა ისტორიკოსები ჯერ კიდევ  ვერ შეთანხმებულან, პირველი აბანო სად გაჩნდა. ყველა ცივილიზაციას აბანოს თავისებური ფორმა აქვს: მისი ჩვეულებრივი ტრადიციული გაგების გარდა, ორთქლის აბანოებიც არსებობს, რომლის გაჩენაც ცივმა კლიმატმა და ხანგრძლივმა ყინვებმა განაპირობა. ასეთ აბანოებს ვხვდებით ჩრდილოეთის ტყეებში მცხოვრების ევროპელების, ჩრდილოეთ აზიის, ორივე ამერიკის (აცტეკებისა და მათი მეზობელი ტომების) ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ კულტურებში.
ეგვიპტელი ქურუმები ქვაში გამოკვეთილ აბაზანაში დღეში ოთხჯერ(!) ბანობდნენ. ფარაონები ჯერ ცხელ წყალში ნებივრობდნენ, მერე არომატიზირებულ გრილ წყალს ივლებდნენ და დამამშვიდებელ მასაჟსაც იკეთებდნენ. აბანო მხოლოდ დიდგვაროვნების და მდიდრების ფუფუნება არ იყო, იგი უბრალო ხალხისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. აბაზანის მიღების საკუთარი ტრადიციები ჰქონდათ ძველ ბაბილონელებს, სირიელებსა და თვით  სკვითებსაც კი.
თერმა
ბანაობის კულტურა განსაკუთრებით მაღალ დონეზე ანტიკურ რომში აიყვანეს, სადაც აბანოს პირადი ჰიგიენის დაცვის გარდა, სხვა დანიშნულებასაც გააჩნდა. რომაული „თერმები“ სხვადასხვა შენობების კომპლექსს წარმოადგენდა, სადაც საკუთრივ აბანოს გარდა (სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სამი აუზის), გასახდელები, გიმნასტიკის დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები, სატრაპეზოები, სპა-პროცედურებისა და მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახები და ბიბლიოთეკებიც კი არსებობდა და ერთი სიტყვით, თანამედროვე „ფიტნეს-ცენტრის“ წინაპარი იყო. ოღონდ, ერთი სხვაობით - ქალებისა და მამაკაცების აბანოში ერთდროულად შესვლა პერიოდულად იკრძალებოდა. სამაგიეროდ, მდიდრებიც და ღატაკებიც კვირაში სამჯერ რეგულარულად ჭყუმპალაობდნენ. რომის ელიტა აბანოში ნადიმებს თუ მართავდა, გასართობი ღარიბებისთვისაც მოინახებოდა.
ძველრომაელთა ჩვევა, საბედნიეროდ, დანარჩენ ევროპასაც მოედო და გარკვეული ხნით სხვა ხალხებიც „გასუფთავდნენ“. საზოგადოებრივი აბანოები მთელ ევროპაში გავრცელდა და ახალი პროფესიაც გაჩნდა - „მეაბანოვე“, რომელსაც შესაშურ ჯანმრთელობასთან ერთად ბევრი სხვა ნიჭიც უნდა ჰქონოდა, არითმეტიკაშიც გაწაფული უნდა ყოფილიყო და რამდენიმე ევროპული ენაც (საყველპუროდ მაინც) უნდა სცოდნოდა. არც აბანოს სტუმრებისთვის იყო საქმე მარტივად. ბანაობის მსურველებს დღევანდელი ჯანმრთელობის ცნობის მსგავსი საგანგებო „ლიცენზია“ უნდა წარედგინათ, რომელიც თავისუფლად იყიდებოდა, ქირავდებოდა და მემკვიდრეობითაც გადაიცემოდა. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ევროპაში ბანაობის კულტურამაც იკლო და გარკვეული დროის შემდეგ თითქმის გაქრა. ქრისტიანული ეკლესია წარმართული რომის უკანასკნელი ნაშთების მოსპობასაც ცდილობდა და „თერმებში“ ერთი მეორის მიყოლებით ეკლესიებს ხსნიდა.
ჰამამი
XI-XII საუკუნეებში ჯვაროსნების წყალობით ევროპამ აღმოსავლური აბანო გაიცნო. მეთხუთმეტე საუკუნისთვის ყველა დიდ ევროპულ ქალაქში იპოვიდით საზოგადოებრივ აბანოს. აქაც, რომის მსგავსად, ქალების და მამაკაცების ერთად ბანაობა იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, აბანოში ორგიები მაინც გრძელდებოდა და გასუფთავების ნაცვლად ბევრი ვენერიული დაავადების გავრცელების წყაროსაც წარმოადგენდა. ისეთი დროც იყო, როცა აბანოში ერთი ღატაკის დაბანასაც კი ეკლესია ღვთის წყალობად მიიჩნევდა, მაგრამ პერიოდულად ხალხისა და ეკლესიის აბანოების მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა და, ისტორიკოსებს თუ ვენდობით, 1920 წლისთვის (უკვე მეოცე საუკუნეა!) ევროპის ქალაქებში საზოგადოებრივი აბანოს პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აბანოები ცალკეულ სოფლებში, ალპებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთსა და რუსეთის ჩრდილოეთში შემორჩა.
დღეისათვის ბანაობის ტრადიცია აღორძინდა, და აბანოს კარგა ხნით მივიწყებული ტიპები ისევ პოპულარული გახდა (თურქული ჰამამი, ფინური საუნა, რუსული აბანო, მექსიკური ტამასკალი, იაპონური ოფურო და სხვ.).
ქართველებს აბანოს კულტურა არ უნდა გვიკვირდეს, თბილისში გოგირდის აბანოების მთელი კომპლექსი გვაქვს, რომელიც თავის დროზე ქალაქის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, სადაც ქალაქელებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ირჩეოდა და წყდებოდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თბილისის აბანოთუბანმა თავისი პირველადი დანიშნულება და ხიბლი დაკარგა და დღეისათვის ისტორიული უბნის ნაცვლად, უცხოელი ტურისტისთვის გასართობ ადგილად დარჩა, ქართველების უმრავლესობისთვის კი იაფფასიანი საროსკიპოს სინონიმად იქცა. ცენტრალურ წყალგაყვანილობას მიჩვეულ თბილისელებს უახლოესი წარსულის მძიმე წლებმა ვედროთი გამთბარი წყლით და „კრუჟკით“ ნაწილ-ნაწილ ბანაობა გვასწავლა, აი, საქართველოს ბევრ რეგიონში კი დღესაც ცუდად გვაქვს საქმე. გნებავთ, ქობულეთში, ანდა ბორჯომის ხეობაში, სადაც დედაქალაქიდან ჩასული დამსვენებლების დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, აბანო ახლაც  არ იქნებოდა. კარგად მახსოვს, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, წაღვერში დასვენებისას კეჩხობის დამსვენებელთა სახლის ნაცნობ დირექტორს როგორ ვეღრიჯებოდით და ისიც, კვირაში ერთხელ დიდსულოვნად გვიშვებდა სანატორიუმის აბანოში (სხვა საშუალება ფიზიკურად არ იყო).
გოგირდის აბანოები
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ესპანეთში ვიზიტისას, ერთ ჩემს ნაცნობს ასეთი რამ შეემთხვა: საზეიმო ვახშამზე მასპინძლებისთვის სამადლობელო სადღეგრძელოში საქართველოს კარგი კუთხით გაცნობა მოინდომა, ჩვენი ისტორიის ქება-დიდებას მოყვა და სიტყვა ჩვენთვის სასახელო თარიღებით უხვად შეკაზმა. ესპანელებმა უსმინეს, უსმინეს და მერე ერთმა განსაკუთრებით უზრდელმა შეაწყვეტინა: „ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რას გვაკვირვებ, ჩემს სოფელში რომაელების დროინდელი თერმების ნანგრევები იპოვეს, სამი ფერის მოჭიქული კაფელითაა მოპირკეთებული“. შენამუსებულმა ქართველმა ერთი კი გაიფიქრა, რომაელების მემკვიდრეობით მოტრაბახე ესპანელს თავის ადგილზე მივსვამო, მაგრამ მერე დღევანდელი იმერეთი გაახსენდა, სადაც ერმიტაჟივით გაწყობილ სამსართულიან სახლში საკუთარი აბაზანა ბევრს დღესაც არა აქვს და ეზოს ბოლოში მადლიანი ბაბუის დადგმულ ჩეჩმაში საცალფეხო ბილიკით დადის...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტიბეტური სულები, იაკი და ბლოგერავტორები

Approved by Natia Jinjolava

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს „კამანდას“ დღესასწაულები ძალიან უყვარს და ამისთვის საგანგებო მიზეზი და ოფიციალური თარიღი სულაც არ გვჭირდება. დედიკო რუმ ჭორი მოგვიტანა, „ამ დღეებში ტიბეტში წარმატების მომტანი სულების დღეს ზეიმობენო“. მეტი რა გვინდოდა, მერი პოპინსმა საიდანღაც სტუდენტობისდროინდელი უმოწყალო ხმარებისგან გაქუცული ძველისძველი ბლოკნოტი გამოაძრო, „მახსოვს, ერთი ოცი წლის წინ ტიბეტური ჩაის რეცეპტი ჩავიწერეო“. ამჯერად ინგრედიენტებზე მისის დაუტფაიერი ვაფრინეთ, ჩაის სმის პროცედურისთვის აუცილებელ და შეუცველ ატრიბუტზე - ფაიფურის ჩაიდანზე ზრუნვა მის ენდრიუს დაევალა. მე მუქთახორობა გადავწყვიტე და ყველაზე იოლი მოვალეობა მივითვისე - მახარობლის როლი მოვირგე და ყველას ჩამოვურეკე: „არიქა, მოდით, რაღაც საინტერესო გველოდება“.
ხალხი შეიყარა და, სანამ მერი პოპინსი ჩაიდანთან ჯადოქრობდა, მის ენდრიუმ (გახსოვთ ალბათ, ჩვენი მის ენდრიუ ყოვლისმცოდნე და სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაციის  ცოცხალი საგანძურია), პატარა ლექცია ჩაგვიტარა ტიბეტური ჩაი „ჩასუიმას“ შესახებ: „რა გიხარიათ, ახლა რძისა და იაკის კარაქის მარილიან ნაზავს დაგვალევინებენო“ (აქვე დაგამშვიდებთ, სინამდვილეში მერი პოპინსი ასევე ტიბეტურს, მაგრამ სულ სხვა ჩაის აკეთებდა). მერიკოს რეცეპტის მიხედვით, ტიბეტელი სულები რომ არ დაფრთხნენ და თავქუდმოგლეჯილი რომ არ გაიქცნენ, ჩაი ერთმა ადამიანმა უნდა დაამზადოს და ისიც უსიტყვოდ. ჰოდა, სამზარეულოში მარტოდმარტო დარჩენილ მერი პოპინსს სულ არ გაუგია, მეზობელ ოთახში რა ვნებათაღელვა ატყდა. ლანგარზე ჩაკიწკიწებული, ქაფქაფა ჩაის ჭიქებით თავმომწონედ რომ გამოგვეცხადა, პატარა აჯანყებაც დახვდა. ამბოხი სასწრაფოდ ჩავახშეთ (ტიბეტში იაკის მოსაწველად ნამდვილად არავინ გაქცეულა) და უნებლიე ბუნტისთავს დასჯით (ჭურჭლის იძულებით დარეცხვით) დავემუქრეთ.
თქვენც რომ დარწმუნდეთ, რომ ეს ჩაი საკმაოდ გემრიელი და სასიამოვნო დასალევია, მის რეცეპტს აქვე შემოგთავაზებთ და იმასაც გეტყვით, რომ ამ სასმელს ძალიან უხდება მისის პოტსის საავტორო კექსი.

ტიბეტური ჩაი

ინგრედიენტები: 0,5 ლ რძე, 7-8 ც მიხაკი, 9-11 ც ილი, 0,5 ჩ/კ მშრალი ან 1 ს/კ ცოცხალი ჯანჯაფილი,  0,5 ჩ/კ ჯავზის კაკალი, 2 ჩ/კ მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ ჩაი „დარჯელინგი“.
ილი და მიხაკი დავნაყოთ. წყალი ჩავასხათ ემალის ჭურჭელში, დავუმატოთ ილი, მიხაკი, მწვანე ჩაი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ერთი წუთი დუღილის შემდეგ, დავუმატოთ რძე და „დარჯელინგი“ და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ჯანჯაფილი. დუღილს რომ დააპირებს, ჩავუმატოთ ჯავზის კაკლის ნაფხვენი და ვადუღოთ რამდენიმე წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავწუროთ, ჩავასხათ ფაიფურის ჩაიდანში. ჩაიდანს შემოვახვიოთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ ცოტა ხნით.
როგორც ტიბეტელები ამბობენ, ჩაი ერთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, თორემ სამზარეულოში ბევრი ხალხი თუ ზიმზიმებს, ტიბეტური წარმატების სულები დაფრთხებიან და ჩაიც არ გამოვა. ჩაი ისმება თურქული ყავის ჭიქებით და ჭიქანახევარზე მეტის დალევა არ შეიძლება.
მერი პოპინსი გირჩევთ: „ვერ ვიტან ჩაიში (კოქტეილში, გლინტვეინში) რაღაც ნამცეცები რომ დაცურავენ, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვიღებ პაკეტის ჩაის, რომელიმე ბოლოდან აკურატულად ვხსნი, ჩაის გარეთ ვფერთხავ და ცარიელ პაკეტში ვყრი სანელებლებს, მერე პაკეტს ძაფით თავს ვუკრავ და ისე ვათავსებ წყალში (რძეში, ღვინოში). ხარშვას რომ მოვრჩები, პაკეტს ვიღებ და ვაგდებ“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ალუბლის კექსუნია იოგურტითა და ალუბლით

Approved by Natia Jinjolava

სიმსუნაგემ შემიპყრო და მთელი დღე რაღაც განსაკუთრებულ და ახალ ტკბილეულს დავეძებდი. ჩემმა შვილმა ოჯახში შოკოლადის მთელ მარაგს მუსრი რომ გაავლო ისევ კექსუნიების გაკეთება განვიზრახე. ჩემში ექსპერიმენტატორის სულმა გაიღვიძა და ძველი რეცეპტი შევცვალე. მაცივარი გამოვიკვლიე და აღმოჩენილი პროდუქტებით ვისარგებლე.
ავიღე 4 საშუალო ზომის კვერცხი (დიდი სამიც გეყოფათ), დავამატე 2,5 შაქარი და ვთქვიფე გოგლი-მოგლის გათეთრებამდე, მერე ამ მასას დავუმატე ვანილი (გემოვნებით), 1 მაწონში (500) გახსნილი 0,5 / სოდა, კარგად რომ გაფუვდა დავუმატე სახლში შემთხვევით აღმოჩენილი ალუბლის იოგურტი (ჩვეულებრივი, პატარა), რომლის ცოცხალმა ალუბლებმაც ნამცხვარს განსაკუთრებით სასიამოვნო გემო მისცა. ცეცხლზე გავადნე 100 კარაქი და სანამ ცივდებოდა, მოვხალე 100 თხილი. თხილი დავჭერი და კექსზე ზემოდან მოსაყრელად გავამზადე.
ამასობაში გაციებული კარაქი ჩავუმატე ძირითად მასას, კარგად ავთქვიფე და ფქვილის ჯერიც დადგა. ცომი სქელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს. მერე ფორმები შევაკარაქე, და ცომი ჩავასხი ფორმის ზუსტად ნახევარ სიმაღლემდე. ზემოდან მოვაყარე თხილი და წინასწარ გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით შევდგი. ცხობის დრო ფორმის ზომაზეა დამოკიდებული, მაფინის ფორმებში 15 წუთში ცხვება, დიდ ფორმაში რასაკვირველია, უფრო მეტი დრო უნდა.
ძალიან გემრიელი გამოვიდა. ალუბლის იოგურტი არ დაგავიწყდეთ! 2 ცალს თუ დაუმატებთ, მთლად გადასარევი იქნება. ჩემს ოჯახსაც ძალიან მოეწონა და მეგობრებსაც, რომლებმაც ამგემრიელობისსურათი იხილეს თუ არა, მეხვეწებოდნენ, ერთი ნაჭერი ჩვენც შეგვინახეო.
სცადეთ და არ ინანებთ, თქვენს ახლობლებს ძალიან მოეწონებათ ეს გემრიელი კექსუნია!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი