ბავარიელების (და არა მხოლოდ მათი) საყვარელი Oktoberfest-ი

Approved by Natia Jinjolava

მუმია ბრუნდება
კარგა ხნის შესვენების შემდეგ ბლოგს დავუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ აქაურობა თურმე ძალიანაც მომნატრებია..
ჩემი ხანგრძლივი გადაკარგვის აქტივ-პასივი კი ასე გამოიყურება:
მოვიარე რამდენიმე საინტერესო ადგილი (საწერ-მოსაყოლი შთაბეჭდილებები, იცოცხლე, იმდენია!);
მოვიმატე-მოვიკელი-დავიბრუნე რამდენიმე საძულველი კგ (საკუთარ თავზე ახალი დიეტები გამოვცადე და მათი უშედეგობაც ვიწვნიე);
ავითვისე ახალ-ახალი რეცეპტები (დაწუნებულებს სანაგვეზე გადავუძახე, მოწონებულები ავითვისე და შინაურ მენიუშიც შევიტანე);
რამდენიმე სახალისო ისტორიაც დავაგროვე (რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, აქ გამოვფენ).
მოკლედ, ისევ აქ ვარ, ოღონდ ჭაღარა-ასაკ- და,იმედია, ცოტა ჭკუამმომატებულიც. 



ბავარიელების (და არა მხოლოდ მათი) საყვარელი Oktoberfest-ი

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დამთავრდა წლევანდელი ოქტობერფესტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად ითვლება და გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი (სტატისტიკა თუ არ გვატყუებს, მას ყოველწლიურად საშუალოდ ექვს მილიონამდე მნახველი ჰყავს).
ოქტობერფესტის  „დაბადების“ თარიღი ცნობილია: 1810 წლის 12 ოქტომბერი - იმხანად ბავარიის კრონპრინცის და შემდგომში ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და ტერეზა საქსონელ-ჰილდბურგჰაუზელის ქორწინების დღე (სწორედ ამ უკანასკნელის სახელს ატარებს ოქტობერფესტის ჩატარების ადგილი - ქ. მიუნხენის ცენტრში მდებარე Thereseinwiese, ანუ „ტერეზას მინდორი“).
ორსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ოქტობერფესტს მძიმე წლებიც ახსოვს, როცა სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ ჟამიანობის გამო (ნაპოლეონის, ავსტრო-პრუსიის, I და II მსოფლიო ომების, 1923-24 წლის ინფლაციის, აგრეთვე ქოლერის ეპიდემიის დროს) მისი ჩატარებისთვის გულიანად დასვენების მოყვარულ გერმანელებსაც არ ეცალათ. თანდათანობით დღესასწაულმა იერიც შეიცვალა, მისი აღნიშვნა ოქტომბრიდან სექტემბერში გადმოიტანეს, თუმცა მიუხედავად ამისა, დღესასწაული ახლებურად არ „გადაუნათლავთ“. ჩვეულებრივ, ოქტობერფესტი 16 დღეს გრძელდება და მისი ბოლო დღე ოქტომბრის პირველ კვირასდღეს უნდა ემთხვეოდეს. მოგეხსენებათ, გერმანელებს სიზუსტე უყვართ და ეს მათ დღესასწაულებშიც აისახება: მაგალითად, წლევანდელი ოქტობერფესტი 19 სექტემბერს დღის 12 საათზე გაიხსნა და 5 ოქტომბრის საღამოს 11 საათზე დამთავრდა.
ოქტობერფესტის აღნიშვნა იწყება ზარბაზნის თორმეტი გასროლითა და მიუნხენის ქუჩებში საზეიმო მსვლელობით, რომელსაც წინ მიუნხენის სიმბოლო - ცხენზე ამხედრებული და შავ-ყვითელ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონა  მიუძღვის ზანზალაკით ხელში. მას უკან მიუნხენის ბურგომისტრის ეტლი, ლუდის კასრებით დატვირთული ურმები, ლუდსახარშების მესვეურები, ტრადიციულ ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი მუსიკოსები, მსახიობები და ამ მსვლელობის ჭრელა-ჭრულა მონაწილეები მოჰყვება. პროცესია ყოველთვის ერთიდაიგივე ექვსკილომეტრიანი  მარშრუტით, ქალაქის ძველი ქუჩების გავლით, ოქტობერფესტის ჩატარების ადგილისკენ მიემართება, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე მიუნხენის ლუდსახარშების კარვებია გაშლილი.
ზუსტად 12 საათზე მიუნხენის ბურგომისტრი ამ დღესასწაულისთვის სპეციალურად დამზადებული მუქი ლუდის, „ოქტობერფესტბიერის“ კასრს ხსნის (ამ კასრს რამდენი სხვა მოჰყვება, ვინ იცის!) შეძახილით „O’zapft is!“ (ბავარ. „გახსნილია“). პირველი საცობის სიმბოლური ამოგდება იმის ნიშანია, რომ ამიერიდან ლუდის კარვების სტუმრებისთვის ლუდის ჩამოსხმა ნებადართულია.
სხვათა შორის, ტრადიციის მიხედვით, ამ დღესასწაულზე მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ლუდი ისმება, რომელიც მოხარშულია 1516 წელს მიღებული „ლუდის სიწმინდის შესახებ“ კანონის წესების დაცვით.
ორიოდე სიტყვა ამ კანონის (Reinheitsgebot) შესახებ: შუა საუკუნეების ლუდსახარშებში, სასმელისთვის სპეციფიკური გემოს მინიჭებისთვის მასში საეჭვო „ინგრედიენტებს“ უმატებდნენ: დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხარის ნაღველი, სხვადასხვა მათრობელა ბალახბულახისა თუ მუხის ფოთლების ნაყენი, ფისი და ხანდახან სიკვდილით დასჯილი ადამიანების დაფქული ძვლებიც კი! ცხადია, ლუდის ამგვარი შემადგენლობა მის მოყვარულებში უქეიფობას, მოწამვლას და ხანდახან მათ საიქიოს გასტუმრებასაც იწვევდა. ერთხელაც  პედანტმა გერმანელებმა ამ უწესობის აღკვეთა გადაწყვიტეს და 1516 წლის 23 აპრილს შესაბამისი კანონიც გამოუშვეს (თუმცა ამის მცდელობა მანამდეც, მე-14 საუკუნეშიც ყოფილა, როცა ტიურინგიის ქალაქ ერფურტში შემოიღეს ლუდის ხარშვის წესები. ამ წესების მიხედვით კონკრეტული  ინგრედიენტების გამოყენება დაიშვებოდა). ამ საყოველთაო კანონის მიხედვით, რომელსაც „ლუდის სიწმინდის მცნებასაც“ უწოდებენ,  ლუდის ხარშვისას ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ ქერის, სვიისა და წყლის გამოყენება (მოგვიანებით, ამ შემადგენლობაში კანონიერ ადგილს მეოთხე და ბოლო ინგრედიენტიც - საფუარი დაიკავებს).
ოქტობერფესტის მთავარი პერსონაჟები ლუდი და მისი დამამზადებლები არიან - „დიდი მიუნხენელი ექვსეული“, ანუ მიუნხენის მთავარი ლუდსახარშები:  
Hacker-Pschorr - ამ ლუდსახარშის ისტორია მე-14 საუკუნეში იწყება.  1820 წელს ის წამყვანი ლუდსახარში გახდა, როცა მას სათავეში „მიუნხენის ლუდის მწამოებლების მეფე“, იოზეფ პშორი ჩაუდგა. 
Hofbräu - ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ V-მ 1589 წელს დააფუძნა და ცხადია, ეს ლუდსახარში დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდა: ჯერ ერთი, ბავარიელ დიდებულებს ლუდით ამარაგებდა და მეორეც, ბავარიის ფარგლებს გარეთ ლუდის „ექსპორტის“ უფლებაც ჰქონდა.  სხვათა შორის, ამ ლუდის რესტორანი  Hofbräuhaus-ს იმითაცაა ცნობილი, რომ ნაცისტების საყვარელი ადგილი გახლდათ და სწორედ აქ, 1920 წელს ადოლფ ჰიტლერმა პირველად გააჟღერა თავისი პარტიის სამოქმედო პროგრამა. 
Spaten-Franziskaner-Bräu - ამ ლუდსახარშის შესახებ ისტორიული ცნობები 1397 წელს გვხვდება, როცა ქალაქ მიუნხენის „გადასახადების რეესტრში“ მოხსენიებულია მისი პატრონი ჰანს ველზერი. ამ ლუდის სამარკო ნიშანი ნიჩაბია, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, ის ლუდსახარშის ერთ-ერთი მეპატრონის გვართან, შპატთანაა დაკავშირებული (Spatt გერმანულად „ნიჩაბს“ ნიშნავს) და მეორეც, ნიჩაბი ლუდის ხარშვის ოსტატობის ერთ-ერთი საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოა.
Augustiner-Bräu - დოკუმენტური წყაროების თანახმად, ეს მიუნხენის უძველესი ლუდსახარშია, რომელიც ავგუსტინელთა ორდენის ბერებმა 1328 წელს დააფუძნეს. ამ მარკის ლუდის გატანა ბავარიიდან გერმანიის სხვა რეგიონებში ძალიან შეზღუდული ოდენობით ხდება და ისიც, მხოლოდ ბარებსა და რესტორნებში გასაყიდად. ეს ერთადერთი ლუდსახარშია, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ლუდის მუხის კასრებში შენახვის უძველესი ტრადიცია. გარდა ამისა, ითვლება, რომ ამ ლუდის განსაკუთრებული გემო 230 მეტრის სიღრმეზე არსებული წყაროს წყლის დამსახურებაა.
Paulanerbräu - ესეც ბერების, მაგრამ ამჯერად მინიმთა (გერმანულად, პაულანერთა) ორდენის ბერების დამსახურებაა, რომლებმაც ლუდის ხარშვას ხელი 1634 წელს მიჰყვეს. თავიდან ბერების სიამოვნებისა და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი სასმელი დღეს 16 სახის ლუდს ითვლის (ღია, მუქი, მაგარი, ხორბლის, ოქტობერფესტის, უალკოჰოლო და ა.შ.).
Löwenbräu - ეს ლუდსახარში 1383 წლიდან არსებობს. მისი სახელი და სამარკო ნიშანი მისი შემქნელის დუქანის სახელწოდებიდან „Zum Löwen“ (Löwe - გერმ. „ლომი“) მომდინარეობს.
ოქტობერფესტზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა სხვის მონათხრობს საკუთარი თვალით ნახვა ჯობია - ლუდის მოყვარულებს ლუდის უზარმაზარი არჩევანი, გემრიელი მისაყოლებელი  კერძები და „გურმანული სიამოვნება“ ელით, თუმცა აქ სხვებიც არ მოიწყენენ: „ტერეზას მინდორზე“ უამრავი, ყველანაირ გემოვნებაზე გათვლილი ატრაქციონი და მათ შორის, გერმანელების (და ჩემიც!) საყვარელი კეგლბანებია მოწყობილი. წადით, იხილეთ, ისიამოვნეთ და… როგორც გერმანელები იტყვიან, Prost!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

რატომ არ მომწონს არაფერი ქართული

Approved by Natia Jinjolava

ამას წინათ სამსახურში მისაყვედურეს, რა პრეტენზიული ხარ, შენს მოსაწონს ვერავინ ვერაფერს აკეთებსო, მას მერე რაც მარგარინში ჩაჭიპჭიპებული ხაჭაპური და სოდაში დარბილებული ხორცისგან გადაფუებული ქაბაბი დავიწუნე.
როგორ გეკადრებათ? ძალიანაც მომწოს ინდური სანელებლები, ესპანური ფეხსაცმელი, ფრანგული კოსმეტიკა, ბერძნული ფორთოხლები, მეიერის ლიმონები ... კიდევ ათასი რამ და უფრო მეტიც, ძალიან მიჭირს აღიარება და ამერიკული ბოევიკებიც კი. არა, ბოევიკი კი არ მიყვარს, მაგრამ ამ დასაქცევ ამერიკელებს ასეთი წესი აქვთ, ხელს რასაც კი კიდებენ, ყველაფერს სუპერხარისხიანად აკეთებენ - ჯანმრთელობისათვის ცალსახად მავნე და სრულიად უხარისხო პროდუქტებისგან დამზადებული „კოკა-კოლისა“ და „მაკდონალდსის“ ჰამბურგერების ჩათვლით. ჰოდა, ყველაფერ ცუდში რომ მაგათ ვბაძავთ, ხომ შეიძლება რამე კარგიც ვისწავლოთ?
ეს ყველაფერი კი იმან გამახსენა, რომ ამ აღდგომას რაღაც ქართული ფირმის მიერ სათუთად დაფასოებულმა და სრულიად ამაყი წარწერის „ნატურალური პროდუქის“ მქონე კვერცხების საღებავის დანახვამ ჩემში ქართული პროდუქტის მიმართ კარგახანია მიძინებული პატრიოტიზმი გააღვიძა და გახარებულმა ვიყიდე. კარგით, გამოვტყდები. მარტო პატრიოტიზმის ბრალი არ იყო - უცხოური და თანაც ფერად-ფერადი საღებავი ვერსად ვნახე (როგორც ჩანს ჩვენს სუპერ-ჰიპერ-მინი მარკეტებსაც პატრიოტიზმის ან „ამას თუ არ გაასაღებთ, დაგერხევათ“-ს შემოტევა ქონდათ და მხოლოდ ზემოხსენებული საღებავი იყო გაყიდვაში), ენდროს ჩეჩქვა კი დამეზარა და ჯანდაბას, ვცდი-თქო ვიფიქრე. განა საღებავისთვის რა უნდა ექნათ? პირველი აღფრთოვანება უკანა გვერდზე გაკეთებულმა აშკარად ყაირათიანი დიასახლისის მიერ შედგენილმა მოხმარების წესებმა გამოიწვია. „ჩაყარეთ საღებავი 1-1,5 წყალში“, ეს ერთი ან ერთი მთელი ხუთი ვედრო იყო თუ ლიტრა ამაზე არაფერს გვეუბნებოდნენ, აშკარაა რომ მილიგრამი ვერ იქნებოდა და ალბათ მაინც ლისტრს გულისხმობდნენ მაგრამ საინტერესოა კვერცხის ღებვის ქართული ისტერიის კვალობაზე რამდენი კვერცხი უნდა ჩაეტიოს 1 ლიტრ წყალში? სამი? ხუთი? აღარ ვამბობ იმას, რომ „პატიოსან“ საღებავს ყოველთვის აწერია რამდენი კვერცხის შესაღებადაა გათვლილი. გავხსენი. მიუხედავად დაპირებისა, რომ ენდროს და ხახვის ნაფცქვენის ნარევი უნდა ყოფილიო, ენდრო არსად ჩანდა. მაინც ჩავყარე წყალში და იქვე მივხვდი რომ წითელ ან წითლის რომელიმე სპექტრის კვერცხებზე ოცნებაც  უნდა დამევიწყებინა. ერთი კი ვიფიქრე, დედაჩემს დავურეკავ, ენდრო წამომიღოს-თქო, მაგრამ სიჯიუტემ მძლია და კვერცხები წყალში ჩავალაგე....
დაპირებული 20 წუთი ხარშვის ნაცვლად, საათი და ოცი წუთის მერე ქვაბიდან ისეთი რძიანი შოკოლადისფერის კვერცხები ამოვალაგე... თბილისელი გოგოების 80 პროცენტი ასეთ რუჯისთვის კაცს მოკლავს. აქედან კი ის მორალი, რომ ქართულმა ბიზნესმა თავისი დევიზი: „ბიჭო, რომ იცოდე სამი (ოთხი, ათი...) წლის წინ რა ფულს ვშოულობდი?!“ კიდევ ერთხელ გაამართლა. წელს ხომ გაყიდეს ნაგავი და მომავალ წელს რომ მათ საღებავს არავინ გაეკარება, ეგ ვის ადარდებს. საოცარი ნიჭი გვაქს ხვალინდელ დღეზე არ ვიფირქოთ.
რამდენიმე წლის წინ ერთმა დიდმა სამშენებლო კომპანიამ ერთ რაჭველ გლეხთან ხე-ტყის სახარაჩოე მასალაზე სამ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ბედნიერ გლეხს წინა შეკვეთიდან შემორჩენილი 20 ათასის დრო და ჟამისაგან და უქმად გდებისაგან დამპალი ფიცარი ქონდა შემორჩენილი, აბა, როგორ იზარალებდა და პირველივე მანქანით გაუგზავნა კონტრაქტორს. ალბათ თავადაც ხვდებით რომ შეკვეთა გაუუქმეს. ჭკვიანმა ბიზნესმენმა წლების წინ ნაზარალები 20 ათასის გამო 3 მილიონი დაკარგა. თუმცა, რა გასაკვირია, ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც ხელოსნების ერთადერთი საამაყო თემაა, ვის რა გაუფუჭეს.
ზედიზედ ათი წელი, ყოველ აღდგომაზე ვაკეთებდი ხაჭოს პასკას, ზედიზედ ათი წელის მიწევდა სირბილი ხაჭოს შესარჩევად. ერთხელ არ ყოფილა რომ წლიდან წლამდე მიეღწია უკვე შერჩეულს. ჯერ „ნიკორას“ ასაწონი მომწონდა - აღარ აქვთ, მერე „ეკო-ფულის“ 0%-იანი - აშკარად სხვანაირია, მერე „ქობულეთის“ - გააფუჭეს... აღარ ვლაპარაკობ რომ ნამდვილი კარაქის შოვნა ფანტასტიკის სფეროდ იქცა. თუ არ გჯერათ, იყიდეთ თუნდაც ყველაზე ძვირიანი კარაქი, დააგდეთ ცხელ ტაფაზე და მთელ სახლში მარგარინის სუნი თუ არ დატრიალდა ბოდიშს მოვიხდი და ამ პოსტს წავშლი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მოგზაურობა II – Nice - Caucade - რუსული კვალი

Approved by Natia Jinjolava

ამ ისტორიას დაახლოებით ასორმოცდაათწლიანი ხანგრძლივობა აქვს, თუმცა ზუსტად არის ცნობილი წელიწადის დრო და  თარიღიც კი: 1852 წლის 26 ოქტომბერს რუსეთის იმდროისათვის უკვე გარდაცვლილი მეფის ნიკოლოზ-I-ის მეუღლემ, ალექსანდრა ფიოდოროვნამ იყიდა ნიცის აღმოსავლეთ ნაწილში - ვილფრანშის ყურეში მიწა. მას მერე ნიცა რუსული საიმპერატორო ოჯახისა და  ინტელიგენციის დასვენების საყვარელ ადგილად იქცა და რუსულმა კოლონიამ დაიწყო ზრდა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ იმ ეპოქაში ნიცაში ტუბერკულოზის სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ, ხოლო ეს დაავადება განუკურნებელ და ქრონიკულ სენად ითვლებოდა, გასაგები ხდება ლაჟვარდოვანი სანაპიროს აგრერიგად სწრაფად გავრცელებული პოპულარობა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი ე.წ. „თეთრი“ ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მეშვეობით ნიცაში რუსების რაოდენობამ 5 000-ზე მეტს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ II მსოფლიო ომის დროს ემიგრანტების დიდმა ნაკადმა ნიცა დატოვა და კიდევ ერთხელ, ამჯერად ამერიკაში, წავიდა რუსული კვალი ნიცაში ახლაც არსებობს, თუმცა კი ისიც თანდათან უფრო მქრქალი ხდება და დავიწყების ფარდა ეფარება. ყოველშემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა.
კიდევ ცოტა ისტორია: აღმავლობის ხანა „რუსული“ ნიცისათვის მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20-ს პირველი ათწლეული იყო. ამაზე მეტყველებს ქალაქის ცენტრში ცარევიჩის ბულვარზე (დიახ, ქუჩის სახელწოდება ასე ჟღერს - Boulevard du Tzarewich) აღმართული წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებლური რუსული ეკლესია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აგებულ ყველაზე ლამაზ ტაძრად ითვლება და გარეგნულად ძალიან ჰგავს მოსკოვში წითელ მოედანზე აგებულ ტაძარს. ამ მშენებლობას ტრაგიკული წინაპირობა ჰქონდა: 1865 წლის 12 აპრილს ნიცაში ტუბერკულოზური მენინგიტისაგან გარდაიცვალა რუსეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, ალექსანდრე II -ის უფროსი ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე, 21 წლის ნიკოლოზი, რომლის მოსახსენიებლად ჯერ 1868 წელს სამრეკლო, ხოლო 1903-12წწ. ეკლესია აშენდა. სხვათაშორის, ამ ტაძრის კურთხევასა და გახსნაში მონაწილეობა რუსეთის იმდროინდელმა და ამავე დროს უკანასკნელმა მეფემ ნიკოლოზ II -მ მიიღო, რომელსაც სახელი სწორედ ამ ახალგაზრდობაში გარდაცვლილი ბიძის საპატივცემულოდ ერგო.
ეკლესია შიგნიდანაც ძალიან ლამაზია - ლურჯი ფერის თაღი ოქროსფერი მზითა და ვარსკვლავებით არის მორთული. ამჟამადაც მოქმედია, წირვა აქ კვირაში სამჯერ სრულდება, რუსულ ენაზე. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მოგზაურობის განმავლობაში პირველი ქართველი აქ შეგვხვდა, თბილისელი გოგონა, რომელიც ამ ეკლესიაში მსახურობს და ჩვენი საუბრის გაგონებისას გამოგველაპარაკა. ქართულის გაგონებას ნიცაში, რუსულ ეკლესიაში არ ველოდი, თავიდან დავიბენი კიდეც. მართლაც რომ „სადაურსა სად წაიყვან“...
კიდევ ერთი ემოციურად მსგავსი შეხვედრა გველოდა, რომელიც წინასწარ არ გვქონდა დაგეგმილი. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩემი ჩემთან სიარულით მრავალნატანჯი და დამცინის, მე კრიპტებისა და სასაფლაოების ქვების „დიდი მოყვარული“ ვარ. ანუ ყველგან (თითქმის ყველგან) სადაც ჩავსულვარ, ცნობილი ადამიანების საფლავების მონახულებისაკენ მიმიწევს გული. მთლად ვერ დავეთანხმები, მაგრამ უარყოფაც არ გამომივა, რადგან ხმელთაშუაზღვისპირეთშიც იგივე გავაკეთე: ჯერ კანის გრან ჟასის სასაფლაოზე მოვისურვე წასვლა, ხოლო როცა ზღვისპირა ქალაქებში ყოველდღიური მოგზაურობებისაგან დაღლილებმა ნიცაში „მშვიდი“ დღის გატარება გადავწყვიტეთ, აქაური სასაფლაოს სტუმრობა მოვინდომე.
ამ დროისათვის ნიცაში ყველა ტურისტული, და არამარტო ტურისტული, მარშრუტი უკვე რამდენჯერმე მოვლილი და მეტ-ნაკლებად შესწავლილი გვქონდა და ქალაქსაც საკმარისად ვიცნობდით,რომ აეროპორტისაკენ, ქალაქის ცოტათი მოშორებულ უბანში, მთაზე განლაგებული კოკადის სასაფლაოს რუსული ნაწილი - Cimetière russe de Caucade - მოგვეძებნა. სასაფლაოს შესახებ ინტერნეტში ამოკითხული და ჩარჩენილი ფაქტებიც მახსოვდა: ნიცის დასავლეთ გარეუბანში სასაფლაოს რუსული ნაწილი 1867 წლიდან არსებობს და აქ 3000-ზე მეტი ემიგრანტის საფლავია, ძირითადად თავად-აზნაურების, მათი ოჯახის წევრების, სხვადასხვა ომში სხვადასხვა მახარეს მებრძოლი უმაღლესი წოდების მხედართმთავრების - რუსეთის არმიის გენერლებისა და პოლკოვნიკების, სინოდის წევრების, რუსეთის იმპერიის მინისტრების, საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტების და, ინტერნეტის სტატიას თუ დავუჯერებთ, მათ შორის წერეთლებისა და შერვაშიძეების საგვარეულო საფლავებიც უნდა ყოფილიყო. არაფერი პირადი - ნათესავი და ახლობელი ამ სასაფლაოზე არავინ მეგულებოდა, მაგრამ ნახვა მაინც მინდოდა. ოღონდ არ ველოდი, სასაფლაოს მოძებნა რთული რომ აღმოჩნდებოდა.
სირთულე პირველი: რადგან რუკაზე სასაფლაოს ადგილმდებარეობა ვერ დავადგინეთ, სასტუმროს პორტიეს ვთხოვეთ დახმარება. აღმოჩნდა, რომ ასეთი სასაფლაოს არსებობის შესახებ ქალაქის ცენტრში განლაგებული და საკმარისად ფეშენებელური სასტუმროს მრავალ ენაზე მოლაპარაკე და ნიცაში რამდენიმე წლის მანძილზე მცხოვრებმა პერსონალმა არაფერი იცოდა. თუმცა პრობლემა Google -ში შესვლით ადვილად გადაიჭრა. მივიღეთ რუკა, რომელზეც ადგილი და მისამართი კი იყო აღნიშნეული, მაგრამ მისკენ მიმავალი ქუჩების სახელები - არა.
სირთულე მეორე: ძველი სასაფლაო, თანამოსახელე მოედანზე ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ამიტომ გზას ადგილობრივი მოსახლე თუ მიგასწავლის.
სირთულე მესამე: აქ მილიონზე მეტი საფლავია. მივაგნებდით კი მის პატარა, სიძველის გამო, შესაძლებელია, მიტოვებულ რუსულ ნაწილს, სადაც ცნობილ რუსებს შორის ჩვენი თამამემამულეთა საფლავებია გაბნეული? ეს საკითხი ყველაზე მეტად მაღელვებდა, რადგან კანში ანალოგიური მიზეზით სასაფლაოზე ასულებს სრული გაწბილება გველოდა, როცა აღმოჩნდა, რომ კონკრეტული საფლავის მოსაძებნად ქუჩა (დიახ, ქუჩა) და ნომერი უნდა გვცოდნოდა.
ასე რომ კოკადის სასაფლაოსაკენ მიმავალებს ეს მწარე გამოცდილება განწყობას ოპტიმისტურს სულაც არ გვიქმნიდა. ამ ყველაფერს ერთი „პატარა“ პრობლემა ემეტებოდა, ამ დროისათვის პროვანსის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობისა და ხეტიალისას ფეხით იმდენი კილომეტრის გავლა მოგვიხდა, რომ ამჯერად მთაზე უშედეგოდ ასვლის პერსპექტივა წინასწარ გვზარავდა. ამიტომ სასაფლაოს მონახულება დილით, შედარებით დასვენებულები, ნავიგატორით და რუკით შეიარაღებულები, აღმართ-აღმართ, სვენებ-სვენებით, კითხვა-კითხვით გავეშურეთ.
გაგვიმართლა, ამინდი შესანიშნავი, მზიანი იდგა. სასაფლაოს ძირითადი ნაწილი, ჩვენი მოლოდინისამებრ, უზარმაზარი აღმოჩნდა, მაგრამ კანისაგან განსხვავებით, რუსული ნაწილი განცალკევებულად, შედარებით მაღლა მთის ფერდობზე მდებარეობდა. ჩვენს გარდა, კატა დასეირნობდა საფლავებს შორის, ნიავი უბერავდა და ზღვის სურნელი მოჰქონდა, საოცარი სიმშვიდე იდგა, ისეთი, როგორც უნდა იყოს სასაფლაოზე. საფლავებიც მოვლილი და არმიტოვებული ჩანდა.
ამჯერად სრულიად დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა როცა ინტერნეტით ამოკითხული სახელების უმეტესობა მოვძებნეთ - რუსული სიმპერატორო არმიის „თეთრი“ გენერლის ნიკოლაი იუდენიჩის (და მისი მეუღლის), დოლგორუკოვების, გაგარინების, ობოლენსკების, ვოლკონსკების, რაევსკების... საფლავები თეთრი ჯვრებით, მტირალი ქალებისა და ანგელოზების ქანდაკებებით, ძველრუსული დამწერლობით გაკეთებული ეპიტაფიებით. ამ საფლავებს შორის მართლაც იყვნენ ქართველები: წერეთლების საგვარეულო საფლავი, რომელზეც პრინცებად და პრინცესებად  წოდებული ამ გვარის სხვადასხვა დროსა და ასაკში გარდაცვლილი ორივე სქესის რამდენიმე სახელია ამოკვეთილი და პრინცესა ანია შერვაშიძის საფლავი.

ძალიან დამწყდა გული, საქართველოდან მიწა რომ არ მქონდა წამოღებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო