28.1.14
მოგზაურობა II – Nice - Caucade - რუსული კვალი
Approved by
ამ ისტორიას დაახლოებით
ასორმოცდაათწლიანი ხანგრძლივობა აქვს, თუმცა ზუსტად არის ცნობილი წელიწადის დრო და თარიღიც კი: 1852 წლის 26 ოქტომბერს რუსეთის იმდროისათვის
უკვე გარდაცვლილი მეფის ნიკოლოზ-I-ის
მეუღლემ, ალექსანდრა ფიოდოროვნამ იყიდა ნიცის აღმოსავლეთ ნაწილში - ვილფრანშის ყურეში
მიწა. მას მერე ნიცა რუსული საიმპერატორო ოჯახისა და ინტელიგენციის დასვენების საყვარელ ადგილად იქცა
და რუსულმა კოლონიამ დაიწყო ზრდა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ იმ ეპოქაში ნიცაში ტუბერკულოზის
სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ, ხოლო ეს დაავადება განუკურნებელ და ქრონიკულ სენად ითვლებოდა,
გასაგები ხდება ლაჟვარდოვანი სანაპიროს აგრერიგად სწრაფად გავრცელებული პოპულარობა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი ე.წ. „თეთრი“ ემიგრანტებისა და მათი ოჯახის
წევრების მეშვეობით ნიცაში რუსების რაოდენობამ 5 000-ზე მეტს მიაღწია. მიუხედავად
იმისა, რომ II მსოფლიო ომის დროს ემიგრანტების დიდმა ნაკადმა ნიცა დატოვა და კიდევ
ერთხელ, ამჯერად ამერიკაში, წავიდა რუსული კვალი ნიცაში ახლაც არსებობს, თუმცა კი ისიც
თანდათან უფრო მქრქალი ხდება და დავიწყების ფარდა ეფარება. ყოველშემთხვევაში, მე ასე
მომეჩვენა.
კიდევ ცოტა ისტორია:
აღმავლობის ხანა „რუსული“ ნიცისათვის მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20-ს პირველი
ათწლეული იყო. ამაზე მეტყველებს ქალაქის ცენტრში ცარევიჩის ბულვარზე (დიახ, ქუჩის სახელწოდება
ასე ჟღერს - Boulevard du Tzarewich) აღმართული წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებლური რუსული
ეკლესია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აგებულ ყველაზე ლამაზ ტაძრად ითვლება და
გარეგნულად ძალიან ჰგავს მოსკოვში წითელ მოედანზე აგებულ ტაძარს. ამ მშენებლობას ტრაგიკული
წინაპირობა ჰქონდა: 1865 წლის 12 აპრილს ნიცაში ტუბერკულოზური მენინგიტისაგან გარდაიცვალა
რუსეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, ალექსანდრე II -ის უფროსი ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე,
21 წლის ნიკოლოზი, რომლის მოსახსენიებლად ჯერ 1868 წელს სამრეკლო, ხოლო 1903-12წწ.
ეკლესია აშენდა. სხვათაშორის, ამ ტაძრის კურთხევასა და გახსნაში მონაწილეობა რუსეთის
იმდროინდელმა და ამავე დროს უკანასკნელმა მეფემ ნიკოლოზ II -მ მიიღო, რომელსაც სახელი
სწორედ ამ ახალგაზრდობაში გარდაცვლილი ბიძის საპატივცემულოდ ერგო.
ეკლესია შიგნიდანაც ძალიან
ლამაზია - ლურჯი ფერის თაღი ოქროსფერი მზითა და ვარსკვლავებით არის მორთული. ამჟამადაც
მოქმედია, წირვა აქ კვირაში სამჯერ სრულდება, რუსულ ენაზე. როგორი უცნაურიც უნდა იყოს,
ლაჟვარდოვან სანაპიროზე მოგზაურობის განმავლობაში პირველი ქართველი აქ შეგვხვდა, თბილისელი
გოგონა, რომელიც ამ ეკლესიაში მსახურობს და ჩვენი საუბრის გაგონებისას გამოგველაპარაკა.
ქართულის გაგონებას ნიცაში, რუსულ ეკლესიაში არ ველოდი, თავიდან დავიბენი კიდეც. მართლაც
რომ „სადაურსა სად წაიყვან“...
კიდევ ერთი ემოციურად
მსგავსი შეხვედრა გველოდა, რომელიც წინასწარ არ გვქონდა დაგეგმილი. საქმე იმაშია, რომ
როგორც ჩემი ჩემთან სიარულით მრავალნატანჯი და დამცინის, მე კრიპტებისა და სასაფლაოების
ქვების „დიდი მოყვარული“ ვარ. ანუ ყველგან (თითქმის ყველგან) სადაც ჩავსულვარ, ცნობილი
ადამიანების საფლავების მონახულებისაკენ მიმიწევს გული. მთლად ვერ დავეთანხმები, მაგრამ
უარყოფაც არ გამომივა, რადგან ხმელთაშუაზღვისპირეთშიც იგივე გავაკეთე: ჯერ კანის გრან
ჟასის სასაფლაოზე მოვისურვე წასვლა, ხოლო როცა ზღვისპირა ქალაქებში ყოველდღიური მოგზაურობებისაგან
დაღლილებმა ნიცაში „მშვიდი“ დღის გატარება გადავწყვიტეთ, აქაური სასაფლაოს სტუმრობა
მოვინდომე.
ამ დროისათვის ნიცაში
ყველა ტურისტული, და არამარტო ტურისტული, მარშრუტი უკვე რამდენჯერმე მოვლილი და მეტ-ნაკლებად
შესწავლილი გვქონდა და ქალაქსაც საკმარისად ვიცნობდით,რომ აეროპორტისაკენ, ქალაქის
ცოტათი მოშორებულ უბანში, მთაზე განლაგებული კოკადის სასაფლაოს რუსული ნაწილი - Cimetière
russe de Caucade - მოგვეძებნა. სასაფლაოს შესახებ ინტერნეტში ამოკითხული და ჩარჩენილი
ფაქტებიც მახსოვდა: ნიცის დასავლეთ გარეუბანში სასაფლაოს რუსული ნაწილი 1867 წლიდან
არსებობს და აქ 3000-ზე მეტი ემიგრანტის საფლავია, ძირითადად თავად-აზნაურების, მათი
ოჯახის წევრების, სხვადასხვა ომში სხვადასხვა მახარეს მებრძოლი უმაღლესი წოდების მხედართმთავრების
- რუსეთის არმიის გენერლებისა და პოლკოვნიკების, სინოდის წევრების, რუსეთის იმპერიის
მინისტრების, საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტების და, ინტერნეტის სტატიას თუ დავუჯერებთ,
მათ შორის წერეთლებისა და შერვაშიძეების საგვარეულო საფლავებიც უნდა ყოფილიყო. არაფერი
პირადი - ნათესავი და ახლობელი ამ სასაფლაოზე არავინ მეგულებოდა, მაგრამ ნახვა მაინც
მინდოდა. ოღონდ არ ველოდი, სასაფლაოს მოძებნა რთული რომ აღმოჩნდებოდა.
სირთულე პირველი: რადგან
რუკაზე სასაფლაოს ადგილმდებარეობა ვერ დავადგინეთ, სასტუმროს პორტიეს ვთხოვეთ დახმარება.
აღმოჩნდა, რომ ასეთი სასაფლაოს არსებობის შესახებ ქალაქის ცენტრში განლაგებული და საკმარისად
ფეშენებელური სასტუმროს მრავალ ენაზე მოლაპარაკე და ნიცაში რამდენიმე წლის მანძილზე
მცხოვრებმა პერსონალმა არაფერი იცოდა. თუმცა პრობლემა Google -ში შესვლით ადვილად გადაიჭრა.
მივიღეთ რუკა, რომელზეც ადგილი და მისამართი კი იყო აღნიშნეული, მაგრამ მისკენ მიმავალი
ქუჩების სახელები - არა.
სირთულე მეორე: ძველი
სასაფლაო, თანამოსახელე მოედანზე ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ამიტომ გზას ადგილობრივი
მოსახლე თუ მიგასწავლის.
სირთულე მესამე: აქ მილიონზე
მეტი საფლავია. მივაგნებდით კი მის პატარა, სიძველის გამო, შესაძლებელია, მიტოვებულ
რუსულ ნაწილს, სადაც ცნობილ რუსებს შორის ჩვენი თამამემამულეთა საფლავებია გაბნეული?
ეს საკითხი ყველაზე მეტად მაღელვებდა, რადგან კანში ანალოგიური მიზეზით სასაფლაოზე
ასულებს სრული გაწბილება გველოდა, როცა აღმოჩნდა, რომ კონკრეტული საფლავის მოსაძებნად
ქუჩა (დიახ, ქუჩა) და ნომერი უნდა გვცოდნოდა.
ასე რომ კოკადის სასაფლაოსაკენ
მიმავალებს ეს მწარე გამოცდილება განწყობას ოპტიმისტურს სულაც არ გვიქმნიდა. ამ ყველაფერს
ერთი „პატარა“ პრობლემა ემეტებოდა, ამ დროისათვის პროვანსის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობისა
და ხეტიალისას ფეხით იმდენი კილომეტრის გავლა მოგვიხდა, რომ ამჯერად მთაზე უშედეგოდ
ასვლის პერსპექტივა წინასწარ გვზარავდა. ამიტომ სასაფლაოს მონახულება დილით, შედარებით
დასვენებულები, ნავიგატორით და რუკით შეიარაღებულები, აღმართ-აღმართ, სვენებ-სვენებით,
კითხვა-კითხვით გავეშურეთ.
გაგვიმართლა, ამინდი
შესანიშნავი, მზიანი იდგა. სასაფლაოს ძირითადი ნაწილი, ჩვენი მოლოდინისამებრ, უზარმაზარი
აღმოჩნდა, მაგრამ კანისაგან განსხვავებით, რუსული ნაწილი განცალკევებულად, შედარებით
მაღლა მთის ფერდობზე მდებარეობდა. ჩვენს გარდა, კატა დასეირნობდა საფლავებს შორის,
ნიავი უბერავდა და ზღვის სურნელი მოჰქონდა, საოცარი სიმშვიდე იდგა, ისეთი, როგორც უნდა
იყოს სასაფლაოზე. საფლავებიც მოვლილი და არმიტოვებული ჩანდა.
ამჯერად სრულიად დავიკმაყოფილე
ცნობისმოყვარეობა როცა ინტერნეტით ამოკითხული სახელების უმეტესობა მოვძებნეთ - რუსული
სიმპერატორო არმიის „თეთრი“ გენერლის ნიკოლაი იუდენიჩის (და მისი მეუღლის), დოლგორუკოვების,
გაგარინების, ობოლენსკების, ვოლკონსკების, რაევსკების... საფლავები თეთრი ჯვრებით,
მტირალი ქალებისა და ანგელოზების ქანდაკებებით, ძველრუსული დამწერლობით გაკეთებული
ეპიტაფიებით. ამ საფლავებს შორის მართლაც იყვნენ ქართველები: წერეთლების საგვარეულო
საფლავი, რომელზეც პრინცებად და პრინცესებად წოდებული ამ გვარის სხვადასხვა დროსა და ასაკში გარდაცვლილი
ორივე სქესის რამდენიმე სახელია ამოკვეთილი და პრინცესა ანია შერვაშიძის საფლავი.
ძალიან დამწყდა გული,
საქართველოდან მიწა რომ არ მქონდა წამოღებული.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო