ბავარიელების (და არა მხოლოდ მათი) საყვარელი Oktoberfest-ი

Approved by Natia Jinjolava

მუმია ბრუნდება
კარგა ხნის შესვენების შემდეგ ბლოგს დავუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ აქაურობა თურმე ძალიანაც მომნატრებია..
ჩემი ხანგრძლივი გადაკარგვის აქტივ-პასივი კი ასე გამოიყურება:
მოვიარე რამდენიმე საინტერესო ადგილი (საწერ-მოსაყოლი შთაბეჭდილებები, იცოცხლე, იმდენია!);
მოვიმატე-მოვიკელი-დავიბრუნე რამდენიმე საძულველი კგ (საკუთარ თავზე ახალი დიეტები გამოვცადე და მათი უშედეგობაც ვიწვნიე);
ავითვისე ახალ-ახალი რეცეპტები (დაწუნებულებს სანაგვეზე გადავუძახე, მოწონებულები ავითვისე და შინაურ მენიუშიც შევიტანე);
რამდენიმე სახალისო ისტორიაც დავაგროვე (რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, აქ გამოვფენ).
მოკლედ, ისევ აქ ვარ, ოღონდ ჭაღარა-ასაკ- და,იმედია, ცოტა ჭკუამმომატებულიც. 



ბავარიელების (და არა მხოლოდ მათი) საყვარელი Oktoberfest-ი

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დამთავრდა წლევანდელი ოქტობერფესტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად ითვლება და გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი (სტატისტიკა თუ არ გვატყუებს, მას ყოველწლიურად საშუალოდ ექვს მილიონამდე მნახველი ჰყავს).
ოქტობერფესტის  „დაბადების“ თარიღი ცნობილია: 1810 წლის 12 ოქტომბერი - იმხანად ბავარიის კრონპრინცის და შემდგომში ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და ტერეზა საქსონელ-ჰილდბურგჰაუზელის ქორწინების დღე (სწორედ ამ უკანასკნელის სახელს ატარებს ოქტობერფესტის ჩატარების ადგილი - ქ. მიუნხენის ცენტრში მდებარე Thereseinwiese, ანუ „ტერეზას მინდორი“).
ორსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ოქტობერფესტს მძიმე წლებიც ახსოვს, როცა სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ ჟამიანობის გამო (ნაპოლეონის, ავსტრო-პრუსიის, I და II მსოფლიო ომების, 1923-24 წლის ინფლაციის, აგრეთვე ქოლერის ეპიდემიის დროს) მისი ჩატარებისთვის გულიანად დასვენების მოყვარულ გერმანელებსაც არ ეცალათ. თანდათანობით დღესასწაულმა იერიც შეიცვალა, მისი აღნიშვნა ოქტომბრიდან სექტემბერში გადმოიტანეს, თუმცა მიუხედავად ამისა, დღესასწაული ახლებურად არ „გადაუნათლავთ“. ჩვეულებრივ, ოქტობერფესტი 16 დღეს გრძელდება და მისი ბოლო დღე ოქტომბრის პირველ კვირასდღეს უნდა ემთხვეოდეს. მოგეხსენებათ, გერმანელებს სიზუსტე უყვართ და ეს მათ დღესასწაულებშიც აისახება: მაგალითად, წლევანდელი ოქტობერფესტი 19 სექტემბერს დღის 12 საათზე გაიხსნა და 5 ოქტომბრის საღამოს 11 საათზე დამთავრდა.
ოქტობერფესტის აღნიშვნა იწყება ზარბაზნის თორმეტი გასროლითა და მიუნხენის ქუჩებში საზეიმო მსვლელობით, რომელსაც წინ მიუნხენის სიმბოლო - ცხენზე ამხედრებული და შავ-ყვითელ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონა  მიუძღვის ზანზალაკით ხელში. მას უკან მიუნხენის ბურგომისტრის ეტლი, ლუდის კასრებით დატვირთული ურმები, ლუდსახარშების მესვეურები, ტრადიციულ ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი მუსიკოსები, მსახიობები და ამ მსვლელობის ჭრელა-ჭრულა მონაწილეები მოჰყვება. პროცესია ყოველთვის ერთიდაიგივე ექვსკილომეტრიანი  მარშრუტით, ქალაქის ძველი ქუჩების გავლით, ოქტობერფესტის ჩატარების ადგილისკენ მიემართება, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე მიუნხენის ლუდსახარშების კარვებია გაშლილი.
ზუსტად 12 საათზე მიუნხენის ბურგომისტრი ამ დღესასწაულისთვის სპეციალურად დამზადებული მუქი ლუდის, „ოქტობერფესტბიერის“ კასრს ხსნის (ამ კასრს რამდენი სხვა მოჰყვება, ვინ იცის!) შეძახილით „O’zapft is!“ (ბავარ. „გახსნილია“). პირველი საცობის სიმბოლური ამოგდება იმის ნიშანია, რომ ამიერიდან ლუდის კარვების სტუმრებისთვის ლუდის ჩამოსხმა ნებადართულია.
სხვათა შორის, ტრადიციის მიხედვით, ამ დღესასწაულზე მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ლუდი ისმება, რომელიც მოხარშულია 1516 წელს მიღებული „ლუდის სიწმინდის შესახებ“ კანონის წესების დაცვით.
ორიოდე სიტყვა ამ კანონის (Reinheitsgebot) შესახებ: შუა საუკუნეების ლუდსახარშებში, სასმელისთვის სპეციფიკური გემოს მინიჭებისთვის მასში საეჭვო „ინგრედიენტებს“ უმატებდნენ: დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხარის ნაღველი, სხვადასხვა მათრობელა ბალახბულახისა თუ მუხის ფოთლების ნაყენი, ფისი და ხანდახან სიკვდილით დასჯილი ადამიანების დაფქული ძვლებიც კი! ცხადია, ლუდის ამგვარი შემადგენლობა მის მოყვარულებში უქეიფობას, მოწამვლას და ხანდახან მათ საიქიოს გასტუმრებასაც იწვევდა. ერთხელაც  პედანტმა გერმანელებმა ამ უწესობის აღკვეთა გადაწყვიტეს და 1516 წლის 23 აპრილს შესაბამისი კანონიც გამოუშვეს (თუმცა ამის მცდელობა მანამდეც, მე-14 საუკუნეშიც ყოფილა, როცა ტიურინგიის ქალაქ ერფურტში შემოიღეს ლუდის ხარშვის წესები. ამ წესების მიხედვით კონკრეტული  ინგრედიენტების გამოყენება დაიშვებოდა). ამ საყოველთაო კანონის მიხედვით, რომელსაც „ლუდის სიწმინდის მცნებასაც“ უწოდებენ,  ლუდის ხარშვისას ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ ქერის, სვიისა და წყლის გამოყენება (მოგვიანებით, ამ შემადგენლობაში კანონიერ ადგილს მეოთხე და ბოლო ინგრედიენტიც - საფუარი დაიკავებს).
ოქტობერფესტის მთავარი პერსონაჟები ლუდი და მისი დამამზადებლები არიან - „დიდი მიუნხენელი ექვსეული“, ანუ მიუნხენის მთავარი ლუდსახარშები:  
Hacker-Pschorr - ამ ლუდსახარშის ისტორია მე-14 საუკუნეში იწყება.  1820 წელს ის წამყვანი ლუდსახარში გახდა, როცა მას სათავეში „მიუნხენის ლუდის მწამოებლების მეფე“, იოზეფ პშორი ჩაუდგა. 
Hofbräu - ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ V-მ 1589 წელს დააფუძნა და ცხადია, ეს ლუდსახარში დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდა: ჯერ ერთი, ბავარიელ დიდებულებს ლუდით ამარაგებდა და მეორეც, ბავარიის ფარგლებს გარეთ ლუდის „ექსპორტის“ უფლებაც ჰქონდა.  სხვათა შორის, ამ ლუდის რესტორანი  Hofbräuhaus-ს იმითაცაა ცნობილი, რომ ნაცისტების საყვარელი ადგილი გახლდათ და სწორედ აქ, 1920 წელს ადოლფ ჰიტლერმა პირველად გააჟღერა თავისი პარტიის სამოქმედო პროგრამა. 
Spaten-Franziskaner-Bräu - ამ ლუდსახარშის შესახებ ისტორიული ცნობები 1397 წელს გვხვდება, როცა ქალაქ მიუნხენის „გადასახადების რეესტრში“ მოხსენიებულია მისი პატრონი ჰანს ველზერი. ამ ლუდის სამარკო ნიშანი ნიჩაბია, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, ის ლუდსახარშის ერთ-ერთი მეპატრონის გვართან, შპატთანაა დაკავშირებული (Spatt გერმანულად „ნიჩაბს“ ნიშნავს) და მეორეც, ნიჩაბი ლუდის ხარშვის ოსტატობის ერთ-ერთი საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოა.
Augustiner-Bräu - დოკუმენტური წყაროების თანახმად, ეს მიუნხენის უძველესი ლუდსახარშია, რომელიც ავგუსტინელთა ორდენის ბერებმა 1328 წელს დააფუძნეს. ამ მარკის ლუდის გატანა ბავარიიდან გერმანიის სხვა რეგიონებში ძალიან შეზღუდული ოდენობით ხდება და ისიც, მხოლოდ ბარებსა და რესტორნებში გასაყიდად. ეს ერთადერთი ლუდსახარშია, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ლუდის მუხის კასრებში შენახვის უძველესი ტრადიცია. გარდა ამისა, ითვლება, რომ ამ ლუდის განსაკუთრებული გემო 230 მეტრის სიღრმეზე არსებული წყაროს წყლის დამსახურებაა.
Paulanerbräu - ესეც ბერების, მაგრამ ამჯერად მინიმთა (გერმანულად, პაულანერთა) ორდენის ბერების დამსახურებაა, რომლებმაც ლუდის ხარშვას ხელი 1634 წელს მიჰყვეს. თავიდან ბერების სიამოვნებისა და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი სასმელი დღეს 16 სახის ლუდს ითვლის (ღია, მუქი, მაგარი, ხორბლის, ოქტობერფესტის, უალკოჰოლო და ა.შ.).
Löwenbräu - ეს ლუდსახარში 1383 წლიდან არსებობს. მისი სახელი და სამარკო ნიშანი მისი შემქნელის დუქანის სახელწოდებიდან „Zum Löwen“ (Löwe - გერმ. „ლომი“) მომდინარეობს.
ოქტობერფესტზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა სხვის მონათხრობს საკუთარი თვალით ნახვა ჯობია - ლუდის მოყვარულებს ლუდის უზარმაზარი არჩევანი, გემრიელი მისაყოლებელი  კერძები და „გურმანული სიამოვნება“ ელით, თუმცა აქ სხვებიც არ მოიწყენენ: „ტერეზას მინდორზე“ უამრავი, ყველანაირ გემოვნებაზე გათვლილი ატრაქციონი და მათ შორის, გერმანელების (და ჩემიც!) საყვარელი კეგლბანებია მოწყობილი. წადით, იხილეთ, ისიამოვნეთ და… როგორც გერმანელები იტყვიან, Prost!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი