შარფის შეკვრის 25 მეთოდი

Approved by Natia Jinjolava

დღეს სხვადასხვა ბრენდების შარფები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქალებში, არამედ კაცებშიც. მე-20 საუკუნეში შარფის ტარება ააღორძინა მარჩელო მასტროიანიმ. იგი უბრალოდ აღმერთებდა ამ აქსესუარს. განსაკუთრებით ხარისხიანი შარფების ფართო არჩევანს გვთავაზობს Missoni, Armani, Hermes, Fendi და სხვ. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. არც იმაზე დავიწყებ საუვარს, რომელი სტილის შარფია მოდაში დღეს და რომელი არა. ჩემი აზრით, ყველანაირი შარფი მოდაშია, რომელსაც თქვენს ჩაცმულობას მოუხდენთ. მინდა მოგიყვეთ მოკლედ, თუ როგორი ისტორია აქვს შარფს და ბოლოს შემოგთავაზებთ ვიდეომასალას შარფის შეკვრის 25 მეთოდის შესახებ.
ახლა ცოტა რამ შარფის ისტორიაზე: პირველად შარფი ძველ რომში გამოჩნდა. მაშინ მას აქსესუარის ფუნქცია არ გააჩნდა. შარფი ისეთი ფაქტურის უნდა ყოფილიყო, რომელიც მწველ მზიან ამინდში მისი პატრონის კისერზე მომდგარ ოფლს ადვილად შეიწოვდა. მას ატარებდნენ რომაელი ლეგიონერებიც, რათა თავი დაეცვათ მათთვის უჩვეულო სიცივისგან გალიასა და გერმანიაზე ლაშქრობის დროს. ძველ რომში შარფს ქამრის ფუნქციაც ჰქონდა.
შარფს ჩინელი მეომრებიც კარგად იყენებდნენ: ქსოვილის ნაჭერს კისერზე იხვევდნენ, რომელიც მას სიცივის, ქარისა თუ სხვა ავდრისგან იცავდა. ალბათ შენიშნავდით, რომ ცნობილ ტერაკოტის მეომრებსაც ყელზე შარფი უკეთიათ.
1648 წლიდან შარფის ძველ რომაელებსა და ჩინელებს შუასაუკუნეების რუმინელმა ტომებმაც მიბაძეს და თითქმის ყველა რუმინელ ჯარისკაცს კისერზე შარფი ეკეთა.
ლუდოვიკო XIV ჭკუას კარგავდა ყველაფერ ლამაზსა და უჩვეულოზე, ამიტომ ხორვატიული სიახლე ძალიან მოეწონა. ყელზე მოსახვევით „მეფე მზე“ ისე მოიხიბლა, რომ თავისთვის დაინიშნა სპეციალური მსახურთუხუცესი, რომლის მოვალეობებშიც სამეფო ყელის მორთულობებზე ზრუნვა შედიოდა. 1692 წელს ამავე ლუდოვიკოს არმიას, რომელიც განლაგებული იყო ბელგიურ სოფელში, სტეინკერკში, მოულოდნელად თავს დაესხა ინგლისელთა რაზმი. ფრანგ ოფიცრებს აღარ ეცალათ მეომრული მოდის ყველა წესის დაცვით შარფების შესაკრავად, მათ უბრალოდ მოიხვიეს შარფები კისერზე, ბოლოები შეკრეს ჩვეულებრივი ნასკვით და ჩაიტენეს მუნდირის საღილეში. ასე გაჩნდა „სტეინკერკის სტილი“.
ოფიცრის ფორმა პეტრე პირველის დროს არაფრით გამოირჩეოდა ჯარისკაცის სამოსისგან. პირველი განმასხვავებელი ელემენტი ოფიცერსა და ჯარისკაცს შორის ოფიცრის შარფი გახდა.
საფრანგეთის რევოლუციის დროს მოდაში იყო მუსლინის უზარმაზარი გახამებული მოსახვევები, რომელსაც კისერზე რამდენიმე ფენად იხვევდნენ. ამ მოსახვევს ერქვა „ენკრუაბლი“, რაც „უჩვეულოს“ ნიშნავს. რევოლუციონერებმა, როგორც ყოველთვის, განმასხვავებელი ნიშანი აირჩიეს და პროტესტის ნიშნად, თეთრი მოსახვევის ნაცვლად, შავი ჰალსტუხების ტარება დაიწყეს (შავი, ყველაფერ ნეგატიურთან და წყევლასთან ასოცირდებოდა).
პარიზში პოპულარულიც კი იყო კერძო გაკვეთილები, სადაც ასწავლიდნენ შარფის გაკეთებისა და ტარების ხელოვნებას. მეც მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვიდეოკლიპი, სადაც ჩვენი ერთგული მკითხველი გაეცნობა შარფის მოხვევის 25 წესს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი


პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

აპრილის საველე სამუშაოები

Approved by Natia Jinjolava

აპრილის ბოლოც მოვიდა, ამ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, თორემ რაც არ უნდა მოვინდომოთ, ამ დროისათვის წესითა და რიგით გათვალისწინებულ სითბოსთან ვერანაირ შესაბამისობას, ან  სხვა წლების იგივე პერიოდთან მისადაგების ანალოგიას ვერ იპოვით - იმისთანა ამინდებია. ბრიტანეთმაც კი გაგვასწრო - იქ +26°C-ია. ასე მახსოვს, რომ მას და არა საქართველოს შეარქვეს ნისლიანი ალბიონი. ვშიშობ, მალე ეს ფაქტი გადასახედი არ გაგვიხდეს.
როგორც არ უნდა იყოს, საქმე საქმეა და სჯობს  მას მივხედოთ. ე.ი. ვინც საკუთარი ინტერიერ-ექსტერიერის გალამაზებას სხვას არ ანდობს და  ყველაფერს თესლიდან თავად ზრდის - დროა ერთხელ უკვე გადარგული ყვავილების ჩითილები, რომელსაც ამ დროისათვის 4-5 ნამდვილი ფოთოლი უნდა ჰქონდეს, გადარგოთ ღია გრუნტში თქვენივე მეთვალყურეობის ქვეშ. ვინიცობა გამოაცხადონ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ღამით 0-მდე, დროულად  შეიტანეთ ჩითილებიანი კონტეინერი უფრო თბილ ადგილას, ვიდრე ქუჩაა. გადარგვიდან 10-12 დღეში ცოტაოდენ გაანებივრეთ და რამე „გემრიელი“ სასუქი მიართვით, დაიწყეთ კომპლექსური დანამატით, სადაც საჭირო ნივთიერებები ასე თუ ისე თანაბრადაა წარმოდგენილი. შედეგს მორწყვიდან რამდენიმე დღეში უკვე შეატყობთ: ფერზედაც მოვა, თვალებშიც გამოიხედავს და სიჯანსაღის ფლუიდებსაც დააფრქვევს გარშემო. მსგავსი პროცედურა ყოველ 10-14 დღეში გაიმეორეთ.
გაძლიერებული კვება არ აწყენს არც ამ გაზაფხულზე უკვე ცივილური ფორმით (ანუ დახურული საფესვო სისტემით, მისაღებ ქოთანში და არა კონსერვის ქილაში) გაყიდვაში გამოსულ სხვადასხვა ნაირსახეობის ყვავილს. სახლში მოტანის, მიწიანად ქოთანში ან კონტეინერში გადატანის, უხვად მორწყვის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი კოკრების აყვავებას ელის და ასე ჰგონია, რომ დანარჩენი ყვავილი იქნება იმ ზომის, რაც ის პირველი, რომელმაც ყიდვისაკენ გვიბიძგა. სამწუხაროდ, დანარჩენი კოკრები იფურჩქნებიან და საუკეთესო შემთხვევაში გაცილებით პატარა თუ არა, ჩვეულებრივი ზომის არიან. ის, პირველი ყვავილი, სასათბურე პირობებში, სხვა რაციონზე, ტემპერატურაზე და  ტენიანობაზეა გაზრდილი. ცოტათი რომ შევუმსუბუქოთ ახალ გარემოსთან შეგუება, დავუსხათ კალიუმიანი სასუქი ყოველ 10 დღეში. ამით მცენარეს ყვავილობასაც ვუხანგრძლევებთ, კოკრების რაოდენობასაც ვუმრავლებთ და ყვავილების ზომაზეც ვიზრუნებთ.
სხვათა შორის, მთელს ქალაქში ერთ ყაიდაზე ქოთნებში ჩაწყობილ ყვავილებს რომ ყიდიან, და მის გაზრდას ხან ვის და ხან ვის აბარალებენ, სინამდვილეში ჩვენთან, თბილისში, ისნის ტერიტორიაზე უზარმაზარ სათბურში ახარებენ. ერთი უნდა ვეწვიო, აი, სად გაირკვევა საიდუმლო (ფასი), რომელსაც გადამყიდველები  მალავენ, როგორც ქალის ასაკს. თუ მივედი, აუცილებლად შეგატყობინებთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

მოუსვენარი სიძე

Approved by Natia Jinjolava

ქალების მავნე ჩვევებზე რომ ვწერდი, მივხვდი, რომ უსამართლობა იქნებოდა, მსგავსი პანეგირიკი მამაკაცებისთვის არ მიმეძღვნა, მით უმეტეს, რომ ერთი ახლობლის მხოლოდ ერთ ასეთ „ჩვევაზე“ სათქმელი (და საწერი) იმდენია, თქვენთვის როგორ დავინანებდი! ეს ახლობელი ჩემი სიძეა, ასე რომ, რასაც მოგიყვებით, ყურმოკრული არ გეგონოთ, მომსწრეც ვარ, დამსწრეც და მონაწილეც. საქმე  ავეჯის გადაადგილების სიყვარულს ეხება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი ჩვევაა, რომ არა ერთი „წვრილმანი“ -  სავარძლისთვის ადგილის შეცვლა თუ კარადის ჩაჩოჩება გარშემო ყველას და ყველაფრის სახეცვლილების დაუოკებელ ჟინში გადადის ხოლმე.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი სიძე საკმაოდ ჭკვიანი, უზომოდ საქმიანი და ძალიან სერიოზული ადამიანია. ერთი ნაკლი კი აქვს: უსაზღვროდ ენერგიულია და ხანდახან მისი ენერგია სტიქიური უბედურების ტოლფასია. საშინლად მოუსვენარია და უსაქმოდ  ვერ ჩერდება, სულ რაღაცის შეცვლას და გადასხვაფერებას ცდილობს (ცხადია, რაზეც ხელი მიუწვდება), თანაც არას დაგიდევთ, საქმე მის საკუთარ სახლს ეხება, თუ სხვის „სივრცეს“. თან ძალიან ჯიუტია - მტრისას, რამე თუ აიკვიატა! რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისას გაიტანს და გააკეთებს - ეს ხომ პრინციპის ამბავია! 
წლების წინ მასთან ვმუშაობდი. იმ დროის კვალობაზე არცთუ პატარა კომპანიის „მამამთავარი“ გახლდათ, საქმესაც გონივრულად წარმათავდა და „სამსწყოსაც“ (თანამშრომლების სახით) კარგად უძღვებოდა, თანამშრომლებსაც უყვარდათ. ერთხელაც ოფისისთვის (რომელიც 12 საკმაოდ მოზრდილი ოთახისგან შედგებოდა) ასაწყობი ავეჯი შეუკვეთა. ავეჯს რამდენიმე ამწყობი მოჰყვა. დასხდნენ, დიდხანს იბჭეს და ითათბირეს, ნახაზები შეადგინეს, ყველაფერზე შეთანხმდნენ და აწყობასაც შეუდგნენ, ჩემი სიძე კი მივლინებაში გაფრინდა.
ამდენი ოთახის სამყოფი ავეჯის აწყობას ეხუმრები? მოკლედ, ხელოსნებმა არაერთი დღე იშრომეს და საქმიანობა ჩემი სიძის დაბრუნების დღისთვის დაასრულეს. უფროსი აეროპორტიდან პირდაპირ ოფისში მოქანდა (საქმიანი ადამიანების კიდევ ერთი ჩვევა), ოთახები შემოირბინა და „ასე არ ივარგებსო“ გადაჭრით განაცხადა. ხელოსნებს ფერი ეცვალათ, მაგრამ ახალი ნახაზების მომზადებას მორჩილად შეუდგნენ. უფროსისთვის სასურველი განლაგება კიდევ უფრო ზედმიწევნით დააზუსტეს, დეტალებზე შეუთანხმდნენ, აწყობილი მაგიდა-კარადები დაშალეს და თავიდან ააწყვეს. ამჯერად შედეგი მოიწონა. ორიოდე კვირაში ისევ მივლინებაში გაფრინდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში დაბრუნებული, პირველი რასაც იზამდა, ისევ ოფისის ოთახებს დაუვლიდა და... ავეჯის ხელახლა დაშლა-გადაკეთებას მოითხოვდა! მსგავსი სცენა მერეც არაერთხელ განმეორებულა, ხელოსნები ოჯახის წევრებივით გაგვიხდნენ,  თანამშრომლები კი უფროსის მორიგი მივლინებიდან დაბრუნებას გულის ფანცქალით ველოდებოდით.
დაახლოებით იგივე მოხდა, როცა სამსახურისთვის მძიმეზე მძიმე სეიფი შეიძინა. ამჯერად მუშების მოვალეობას სამი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ასრულებდა. სეიფი სათითაოდ ყველა კუთხეში დააყენებინა და ცხადია, მისი მოწონება არცერთმა ვარიანტმა არ დაიმსახურა. ბიჭები ოფლში გახვითქა და სიქაც გააძრო, თვითონ კი გარშემო ტრიალებდა და „აბა, ასე სცადეთ, ერთი ცოტაც მისწიეთ“, იმეორებდა. სამასკილოგრამიანი რკინის ყუთის კუთხიდან კუთხეში „მიგრაცია“ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ილაჯგაწყვეტილ ახალგაზრდებს, ვითომ შემთხვევით, სეიფი მის ფეხზე რომ არ დაედგათ. ამის მერე უფროსი სეიფის ნებისმიერ ადგილმდებარეობაზე თანახმა იყო.
წლები გავიდა. ის კომპანია დაიშალა და ყველა თავ-თავის გზას ეწია. ჩემი და სამუშაოდ  საზღვარგარეთ მოიწვიეს. ისე მოხდა, რომ ცოტა ხანში ჩემი სიძეც თან მიჰყვა, ოღონდ სხვა ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ დასთან სტუმრად ჩავედი, ჩემი საზაფხულო არდადეგები სიძის ჩამოსვლას დაემთხვა. ცოლ-ქმრის პირველი „აზრთა სხვადასხვაობა პრინციპულ საკითხზე“, რომელსაც შევესწარი, ნაგვის ვედროს ეხებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ის ოხერი ვედრო ჩემს დას სამზარეულოში ედგა (ვისაც სამზარეულოში ტრიალი უწევს,  დამეთანხმება, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია), ჩემი სიძე კი თვლიდა, რომ ვედროს იქ არაფერი ესაქმება.  ვედროს  ხელი წაავლო და ადგილი სააბაზანოში მიუჩინა. ცოლმა, ნაგვის გადაყრა რომ დასჭირდა და ვედრო ვეღარ იპოვა, მოიძია და სამზარეულოში დააბრუნა. ქმარმა ჯიუტად ისევ სააბაზანოში გაარბენინა. ვედროს აქეთ-იქით ფრიალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, თანაც ერთიდაიგივე სცენარით: სიძე სისხამ დილას ვედროს სააბაზანოში დასაბინავებლად ფეხაკრეფით მიიპარებოდა, მერე მშვიდი გულით სავარჯიშოდ მიდიოდა. კარს გაიხურავდა თუ არა, ოთახიდან  ჩემი და გამოდიოდა, ნამძინარევი, და ვედროს ძველ ადგილას უდრტვინველად აბრუნებდა. მერე სიძე შინ ბრუნდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. თან ეს ყველაფერი აუღელვებლად, უხმოდ და ყველანაირი დაკადაკის გარეშე! გამგზავრების წინ სიძემ ცოლს დააფიცა, „ჩემი ხათრი თუ გაქვს, ვედრო სააბაზანოში დადგიო“. ცოლმაც თავი დაუქნია, აეროპორტში გაისტუმრა და, ცხადია, „დავის საგანი“ ისევ ჩვეულ კუთხეს დაუბრუნდა.
ჩემი შემდეგი „უცხოური“ არდადეგები ისევ სიძის ჩამოსვლას დაემთხვა. ჩემმა დამ შემთხვევით ისარგებლა, ქმარს ერთკვირიანი დასვენება „გამოსტყუა“, ბავშვები დაუტოვა და სამოგზაუროდ წავედით. დამ პირველივე საღამოს სახლში ამბის გასაგებად რომ დარეკა, ფერი ეცვალა - ქმარმა მაშინვე ახარა: „სახლი მივალაგ-მოვალაგე და რაღაცეებს ადგილი შევუცვალეო“. რას იზამდა, გული არ გაიტეხა, შვებულება არ გაიფუჭა, ერთი კი დაიკვნესა, „იქაურობას თავდაყირა დააყენებდაო“. მოგზაურობით ნასიამოვნები სახლში  რომ დავბრუნდით, რაღა თქმა უნდა, ბინა ვერ ვიცანით, აივანზე რატომღაც თაროები ეკიდა, ავეჯი გადაადგილებული, ხოლო ნივთები ისე იყო გადალაგებული, რომ კარგა ხანს ვერაფერს ვპოულობდით.. ეგ არაფერი და, სიძე ძირითად საქმიანობას პირველ დღესვე მორჩა, მერე დეტალების დახვეწას შეუდგა, საქმე რომ გამოელია და მოიწყინა, გარდერობის გენერალურ დალაგებას შეუდგა. ჩემი გაოცება წარმოიდგინეთ, საკუთარ უჯრაში ტანსაცმელი ფერის მიხედვით აკურატულად, დასტა-დასტად აკოკოლავებული რომ დამხვდა! მე აღვშფოთდი, „ჩემს ნივთებს რაღას ერჩოდი-მეთქი“, წესრიგის მეტისმეტად მოყვარული სიძე კი კარგა ხანს ნაწყენი დადიოდა: „რა უმადური ვინმე ყოფილხარ, კეთილი საქმე გაგიკეთე, უჯრა დაგილაგე, შენ კი მადლობის მაგივრად მსაყვედურობო“...
მსგავსი გასახსენებელი ბევრი გვაქვს, უბრალოდ, ვინც ამ ადამიანს კარგად ვიცნობთ, ჭკუაც ვისწავლეთ და ამ საფრთხისგან თავდაცვაც - ყოველ ჯერზე მოსალოდნელი შედეგის გადასატანად მოთმინებით ვიჭურვებით და ვიცით, რომ სტიქიას ვერ შეეწინააღმდეგები,  უნდა გადაიტანო...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

პარკი ლობიო ნაღების სოუსში

Approved by Natia Jinjolava

"როგორ მოვხარშოთ პარკი ლობიო და სხვა მწვანე ფერის ბოსტნეული

1.პარკ ლობიოს ორივე ბოლო წაატეხეთ და სანამ მოხარშავთ, 2-3 საათის განმავლობაში ცივ წყალში ჩაალბეთ. „ახალი“ პარკი ლობიო მაღაზიაში დაკრეფიდან 2 კვირის თავზე ხვდება და წყალში ჩალბობა მას სითხის აღდგენის საშუალებას აძლევს.
2. ქვაბში (ალუმინის ქვაბი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება) კალციუმის დაბალი შემცველობის მარილიანი წყალი აადუღეთ.
3. ჩამბალი ლობიო გადაწურეთ. შემდეგ მდუღარე წყალში ჩაყარეთ. მთავარია, ძალიან ბევრი ლობიო არ იყოს, იმიტომ რომ ლობიოს ჩაყრისგან წყალი გაცივდება. წყალი კი  რაც შეიძლება მალე უნდა წამოდუღდეს.
4. ქვაბს თავსახური დაახურეთ.
5. მოხარშეთ მზადყოფნამდე. ხარშვის ხანგრძლივობა ბოსტნეულის სახეობაზეა დამოკიდებული. მზა პარკი ლობიო ოდნავ მაგარი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ხრაშუნებდეს.
6. ლობიო წყლიდან ამოიღეთ, და დაუყოვნებლივ მირთმევას თუ არ აპირებთ, ცივი წყალი გადაავლეთ. ამას ფერის შესანარჩუნებლად კი არ ვაკეთებთ, არამდე მის გასაციებლად. ლობიოს პარკს  გაციება ოთახის ტემპერატურაზე რომ ვაცადოთ გადაიხარშება. ცხელი ბოსტნეული მის შიგნით არსებული ტემპერატურის ხარჯზე ხარშვას განაგრძობს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ხარშვა დააკლოთ და მერე მშვიდად გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
7. მოგვიანებით მირთმევას თუ აპირებთ,  ბოსტნეული კარაქისა და წყლის ნარევში (დაახლოებით 1 წილი კარაქი და 2 წილი წყალი) შეაცხელეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. გადაწურეთ და მიირთვით.

პარკი ლობიო ნაღების სოუსში
Haricots a la crème

პარკ ლობიო კარაქით, ნაღებითა და მდოგვით - ამ კერძისადმი კლასიკური ფრანგული მიდგომაა
200 გრ პარკი ლობიო, 10 ჯუჯა ხახვი, 1 კბილი ნიორი, 125 გრ უმარილო კარაქი, 50 გრ ცხიმიანი ნაღები, 75 მლ წყალი, მარილი, პილპილი, 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ლობიო მოვხარშოთ ზემოთ მოყვანილი წესების დაცვით, მაგრამ სულ ბოლომდე ნუ მოხარშავთ, რამდენიმე წუთით ადრე გამორთეთ.
ხახვები დავფცქვნათ და დაჭრათ წვრილად, დავნაყოთ ნიორი. ძალიან დაბალ ცეცხლზე კარაქის საერთო ოდენობის ნახევარში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, ნიორი კი სუნს არ დაკარგავს (დაახლოებით 10 წუთი).
ხახვს დავამატოთ უკვე გაციებული პარკი ლობიო, კუბიკებად დაჭრილი 50 გ კარაქი, ნაღები და წყალი. მოვაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი, მოვუმატოთ ცეცხლი და ვხარშოთ კიდევ 3-4 წუთი, სანამ სითხე სოუსის კონსისტენციამდე შესქელებას არ დაიწყებს. დავუმატოთ ჩ/კ მდოგვის მარცვლები, დარჩენილი კარაქი, და საჭიროების შემთხვევაში, მარილი და პილპილი. კარგად გავაცხელოთ, მოვაყაროთ ოხრახუში და მივირთვით ცხლად.
მიაქციეთ ყურადღება, რომ მდოგვს ხარშვის სულ ბოლო ეტაპზე ვამატებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლობიო ძალიან უშნო მოყვითალო-მოყავისფრო ფერს მიიღებს."
("მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია", ჰესტონ ბლუმნტალი)

საუკეთესო სურვილებით, თვენი მადამ დუროვა

ფაბერჟეს პატარა შედევრები

Approved by Natia Jinjolava

წლევანდელი აპრილი აღდგომის თვეა, ეს დღესასწაული და წითელი კვერცხები კი - განუყოფელი. მე პირადად, სააღდგომოდ შეფერილი, შეღებილი თუ მოხატული კვერცხები ძალიან მომწონს და მათი შემყურეს, ფაბერჟეს ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები მახსენდება, რომლებსაც გვერდს გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავუვლიდი.

პიტერ კარლ ფაბერჟე (1846-1920) - დედით დანიელი, ფრანგი ჰუგენოტის შთამომავალი, ესტონეთში დაბადებული გერმანელი, გერმანიაში (დღეზდენსა და ფრანკფურტში) ხელობანასწავლი რუსი იუველირი და სახელგანთქმული საიუველირო დინასტიის ფუძემდებელი, რომლის სახელოსნოში შექმნილ შედევრები მთელი მსოფლიო კოლექციების საუკეთესო ექსპონატებს წარმოადგენს (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთრივ სახელოსნო მამამისმა, გუსტავ ფაბერჟემ დააარსა, სადაც  ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული  სამკაულები მზადდებოდა). რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მას „სამეფო კარისა და ერმიტაჟის ოქრომჭედლის“ წოდება უბოძა, საფრანგეთში „პარიზის იუველირების გილდიის ოსტატად“ აღიარეს, ხოლო მისი ნაკეთობის საჩუქრად მიღება დიდი ბრიტანეთის, დანიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სამეფო კარზე დიდ პატივად ითვლებოდა. რევოლუციის შემდეგ იძულებული გახდა ფირმა დაეხურა და შვეიცარიაში გადახვეწილიყო. შვილები: ევგენი, აგაფონი, ალექსანდრე და ნიკოლაი, რომლებიც საიუველირო ხელოვნებას ევროპის (გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ინგლისის) საუკეთესო სახელოსნოებში ეუფლებოდნენ, სხვადასხვა წლებში მამის გვერდიგვერდ მოღვაწეობდნენ და პატარ-პატარა, მაგრამ უძვირფასეს შედევრებს ქმნიდნენ.
ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების სერია 1885-1917 წლებში დამზადდა, პირველი კვერცხი კარლ ფაბერჟეს თაოსნობით მისი ფირმის ოქრომჭედლებმა იმპერატორ ალექსანდრე III-ს შეკვეთით შექმნეს. იმპერატორის მეუღლისთვის განკუთვნილი კვერცხი გლუვი, მოჭიქული და შემდგომ კვერცხებთან შედარებით სადა გახლდათ, შიგნით ოქროს კრუხი იჯდა, კრუხში კი ლალის გვირგვინი იყო ჩამალული. სხვათა შორის, ფაბერჟეს იდეა ორიგინალური არ იყო, „სააღდგომო სერიის“ პირველი ეგზემპლიარი მე-18 საუკუნეში დამზადებული კვერცხების მსგავსად დამზადდა, მათში კრუხი იჯდა, კრუხში გვირგვინი იდო, გვირგვინში კი - ბეჭედი (ასეთი სამი კვერცხი კოპენჰაგენში, ვენასა და დრეზდენში ინახება).  დიდებული საჩუქრით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ფაბერჟეს სამეფო კარის ოქრომჭედლის ტიტული უბოძა და ყოველი აღდგომისთვის მორიგი კვერცხის დამზადება დაავალა (ერთადერთი პირობით, რომ ყოველი მათგანი უნიკალური და ახალ-ახალი სიურპრიზით გამორჩეული უნდა ყოფილიყო). შემდგომმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ტრადიცია არ დაარღვია, პირიქით, შეკვეთა გაზარდა: ყოველწლიურად ორ კვერცხს უკვეთავდა.
ასეთი კვერცხის დამზადებას თითქმის წელიწადი სჭირდებოდა და ცხადია, ამ სამუშაოში მთელი ფირმის იუველირები მონაწილეობდნენ. იმპერატორების შეკვეთების გარდა, ფირმა ასეთ კვერცხებს სხვებისთვისაც ამზადებდა (მაგალითად, თავადი იუსუპოვისთვის, ალფრედ ნობელისთვის, როტშილდების ოჯახობისთვის და სხვ.), თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ნაკეთობები განსაკუთრებული ორიგინალობით არ გამოირჩეოდა და საიმპერატორო საჩუქრების მიახლოებულ ასლებს წარმოადგენდა. სულ ცნობილია 71 ეგზემპლიარი და აქედან „საიმპერატორო“ - 54 ცალია. ჩვენამდე  62 კვერცხმა მოაღწია და მათი უმრავლესობა მუზეუმში ინახება (თუმცა დაკარგულების აღწერილობა და ფოტოსურათები არსებობს).
ფაბერჟეს კვერცხების რევოლუციის შემდგომი ბედი და „თავგადასავალი“ ძალიან საინტერესოა: ჯერ  თავი, სხვა განძეულთან ერთად,  ზამთრის სასახლიდან მოსკოვის კრემლში უკრეს, მოგვიანებით 14 მათგანი სტალინის ბრძანებით ოფიციალურად გაიყიდა (ზოგიერთმა არმანდ ჰამერის კოლექციაში ამოჰყო თავი), ზოგიც სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში „დაბინავდა“. ჩვეულებრივ, კვერცხის ზომა სადგარიანად 20სმ-ს არ აღემატება და ძირითად მასალას ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები შეადგეს, თუმცა ბევრ მათგანში გამოყენებულია მთის ბროლი, ძვირფასი ხე და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა მექანიზმები. რა თქმა უნდა, ფაბერჟეს სახელოსნოში (სადაც საუკეთესო პერიოდში 600 ოსტატამდე  მუშაობდა) მხოლოდ სააღდგომო კვერცხები კი არა, სხვადასხვა  სამკაულები, პორტსიგარები და პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო დანიშნულების საგნებიც კი მზადდებოდა.
ცხადია, როგორც ყველა ხელოვნების ნიმუშს, გაყალბება ფაბერჟეს ნაკეთობებსაც არ ასცდა: ცნობილია, რომ 1930-იან წლებში სახელგანთქმულ კოლექციონერ არმანდ ჰამერს ხელში ჩაუვარდა (უფრო ზუსტად კი, ანასტას მიქოიანმა გადასცა) ფაბერჟეს ფირმის სახელობითი დამღა, მოხერხებულმა ჰამერმა წარმოება ააწყო და „ადრეული ფაბერჟეს ნაკეთობებს“ წლების მანძილზე წარმატებით ასაღებდა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი


„კრეისერი აზოვი“ (1891). ოქრო, პლატინა, ვერცხლი, ალმასი, ლალი, აქვამარინი, ხავერდი. წარმოადგენს ხომალდის ასლს, რომლითაც იმხანად უფლისწულმა ნიკოლოზმა 1890-91 წლებში აღმოსავლეთში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის დროს იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში ნიკოლოზს ფანატიკოსი სამურაი დაესხა თავს და მომავალი იმპერატორი სასწაულებრივად გადარჩა.




„კვერცხი სამყურას ფოთლებით“ (1902). ოქრო, ვერცხლი, ალმასი, ლალი. „შიგთავსი“, ანუ სიურპრიზი, დაკარგულია, თუმცა შემორჩენილი ცნობებით, კვერცხში მოთავსებული იყო  ბედნიერი ოჯახის სიმბოლო - „ოთხყურა“ ფოთოლი, ნიკოლოზ II-ის ოთხი ქალიშვილის მინიატურული პორტრეტებით.









„ალექსანდრეს სასახლის მოდელი“ (1908). ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ალმასი, ნეფრიტი, მთის ბროლი, მინა, ხავერდი, ძვირფასი ხე, ძვალი. ნეფრიტის კვერცხი მორთულია იმპერატორის შვილების მომცრო პორტრეტებით, ხოლო შიგნით მოთავსებულია სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციის მოდელი.









„იახტა „შტანდარტის“ მოდელი“ (1909). ოქრო, ვერცხი, ბრილიანტი, ალმასი, მარგალიტი, მთის ბროლი, ლიაპის-ლაზური. წარმოადგენს ბროლის მომინაქრებულ კვერცხს ორი ჰერალდიკური ორთავა არწივის ფიგურით. კვერცხში მოთავსებულია ნიკოლოზ II-ის საყვარელი იახტის ზუსტი მოდელი.









„ალექსანდრე III-ის ქანდაკება“ (1910). ოქრო, ვერცხლი, ალმასი, მთის ბროლი,  ლიაპის-ლაზური. წარმოადგენს ბროლის კვერცხს, რომელშიც მოთავსებულია ნიკოლოზ II-ის მიერ მამისადმი მიძღვნილი მონუმენტის ზუსტი ასლი ლიაპის-ლაზურის სადგარით.









დაუმთავრებელი ნაკეთობა (1917). ვერცხლი, ლურჯი მინა, მთის ბროლი. ჩაფიქრებული იყო მქრქალი ბროლის ამურებიან სადგარზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კაბადონის გამოსახულებიანი ლურჯი მინის სფერო, რომლის შიგნით მოთავსებული იქნებოდა საათი.

მოხარშული კვერცხი ტომატის სოუსში

Approved by Natia Jinjolava

ვისაც უბრალოდ მოხარშული კვერცხი ჩემსავით არ გიყვართ და აღდგომის დღეებში ნაჭახუნები და შეუჭმელი კვერცხის გადაგდება გენანებათ, შესანიშნავ გამოსავალს გთავაზობთ. ტომატის სოუსში გამომცხვარი მოხარშული კვერცხები ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი ნოყიერი კერძია, რომელიც სრულფასოვანი სადილის მოვალეობასაც თავისუფლად შეასრულებს.

(ელენე ჩეკალოვას რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

აღდგომას გილოცავთ!

Approved by Natia Jinjolava

აღდგომა და წითელი კვერცხები

Approved by Natia Jinjolava

ყველას უყვარს აღდგომაზე კვერცხის წითლად შეღებვა და მერე საზეიმო სუფრაზე ამ კვერცხების ჭახა-ჭუხი. მაგრამ ცოტამ თუ იცის საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია ან რატომ გახდა კვერცხი ქრისტიანულ სამყაროში აღდგომის სიმბოლო.
ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული საეკლესიო ლეგენდის თანახმად, მარია მაგდალინელმა ქრისტეს აღდგომის შესახებ რომ შეიტყო, სასწრაფოდ რომში გაემგზავრა და  ახალი ამბის შესატყობინებლად იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. მაშინდელი ტრადიციის თანახმად,  იმპერატორთან ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა და ღარიბ-ღატაკ მარია მაგდალინეს სხვა რაღა დარჩენოდა, ტიბერიუსს ძღვენად ერთი ცალი ქათმის კვერცხი მიართვა. ქალმა იმპერატორს კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა!“ ქრისტეს სასწაულებრივად აღდგომის ამბავი რომ მოისმინა, ტიბერიუსმა არ დაიჯერა და წამოიძახა: „ადამიანი მკვდრეთით ვერ აღსდგება, ისევე როგორც ეს თეთრი კვერცხი ვერ გაწითლდება“ და ამ სიტყვებზე თეთრი კვერცხი ხელშივე გაუწითლდა.
მეორე ლეგენდა გვიყვება, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ შვიდი იუდეველი საქეიფოდ შეიკრიბა. სხვა ნუგბარ-ნუგბარ საჭმელებთან ერთად მაგიდაზე შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხებიც იდო. ქეიფის დროს, იმდღევანდელი ჯვარცმის ამბავი გაიხსენეს და ერთ-ერთმა იუდეველმა თქვა: „ქრისტე მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებაო“. ამაზე მასპინძელმა უპასუხა: „ქრისტეც ისევე გაცოცხლდება, როგორც ეს შემწვარი ქათამი აკაკანდება ან ეს მოხარშული კვერცხი გაწითლდება“ და კვერცხმა მყესეულდ ფერი იცვალა, ქათამი კი აკრიახდა და ეზოში გაფრთხიალდა. ზოგიერთი ვერსიით იმასაც ამბობენ, რომ ქრისტეს აღდგომის მომენტში გოგლოთაზე ქვები წითელ კვერცხებად იქცა. ბავშვობაში ისიც მსმენია, რომ ჯვარსგაკრულ ისესოსთან ხალხს პატივისცემის ნიშნად კვერცხები მიქონდა, ფეხებთან ულაგებდნენ და კვერცხებიც მაცხოვრის სისხლით იღებებოდა.
კიდევ ერთი ქრისტიანული გადმოცემა კვერცხების წითლად შეღევბვის ტრადიციას რომის იმპერატორი მარკ ავრელიუსის სახელს უკავშირებს. მარკ ავრელიუსი რომ იბადეოდა იმ დღეს იმპერატორის დედის ერთ-ერთმა  ქათამმა წითლად დაწინწკლული კვერცხი დადო და ეს სასწაული მომავალი იმპერატორის დაბადების ბედნიერ წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს. ასე რომ, 224 წლიდან რაიმეს მისალოცად შეღებილი კვერცხების ერთმანეთისათვის გაგზავნა რომში ტრადიციად იქცა. რომაელმა ქრისტიანებმა ეს ტრადიცია აიტაცეს, ოღონდ თავისებურად გადააკეთეს და კვერცხის სიწითლეში ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლიკა ჩადეს.
ერთ-ერთი ლამაზი ლეგენდის მიხედვით, ყრმა ისესოს თავად ღვთისმშობელი უღებავდა ფერად კვერცხებს.
კვერცხის წითლად ღებვის ტრადიციას ისტორიულად ასე ხსნიან: იუდეაში დიდი მარხვის დროს კვერცხის ჭამა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აიკრძალა. და იმდენად რამდენადაც მაცივარი და პროდუქტების შენახვის თანამედროვე მეთოდები არ არსებობდა, კვერცხისმდებელ ქათმებს კი საეკლესიო კალენდრის არაფერი გაეგებოდათ და კვერცხის დებას მარხვის დროსაც „უნამუსოდ“ აგრძელებდნენ, კვერცხის ხანგრძლივად და ვარგისიანად შენახვის აუცილებლობაც წარმოიშვა. შედეგად, კვერცხებს ხახვის ნაფცქვენებთან ერთად ძალიან დიდხანს ხარშავდნენ. ხარშვის პროცესში ხახვის ნახარშში შემავალი ანტიბაქტერიალური ნივთიერებები ნაჭუჭის ფორებს ავსებდა და ასეთი მეთოდით მოხარშული კვერცხი დიდხანს არ ფუჭდებოდა (სხვათა შორის, ჰენდროს და სხვა ნატურალურ საღებავებს ეს თვისება არ აქვთ). შვიდკვირიანი დიდი მარხვის შემდეგ ძველი ქრისტიანები დაგროვებულ ფერად კვერცხებს ჭამდნენ კიდეც და ერთმანეთსაც ურიგებდნენ.
კვერცხებით თანამოძმეების დასაჩუქრების წესი ყველაზე ადრე იუდეისა და ეგვიპტის ქრისტიანებს შორის დაამკვიდრდა. ძველ დროში ასეთი კვერცხის მთელი წელი შენახვის ტრადიციაც კი არსებობდა. ხახვის ნაფცქვენებში შეღებილი კვერცხი იმდენად კარგად ინახება, რომ დროთა განმავლობაში შიგთავსი ხმება და რამდენიმე თვეში შუშისმაგვარ პატარა ბურთულად იქცევა. ჩვ.წ.აღ. I-II საუკუნეების ქრისტიანების ცხოვრება ძველ რომში იმდენად მძიმე იყო, რომ აუცილებლობისას ასეთ გამხმარ კერცხებს მდუღარე წყალში ალბობდნენ და მერე გემრიელად მიირთმევდნენ. რომაელი ქრისტიანების მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და 313 წელს წარმართმა რომის იმპერატორმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სხვათა შორის, ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეხვეწებით, არსად არ თქვათ: ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად პირველად 301 წელს, სომხეთში გამოცხადდა.
სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება. ხელნაწერ პერგამენტში (რომელიც საბერძნეთში ფასალონიკთან ახლოს წმინდა ანასტასის მონატერის ბიბლიოთეკაში იანხება) საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს დაურიგებს კვერცხებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!“. „ნომოკანონ ფოტიას“ ხელნაწერის თანახმად (XIII ს) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.
და მაინც, რატომ ითვლება მაინცდამაინც კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმობოლოდ? ოდითგანვე კვერცხს მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ქრისტიანობამდელი პერიოდის უძველეს სამარხებსა და ყორღანებში ნატურალურ, ქვის, მარმარილოს და თიხის კვერცხებს სისტემატიურად პოულობენ. ეტრუსკული სამარხები სავსეა სირაქლემისა და ქათმის კვერცხებით. რაც გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ  წარმართულ სამყაროში კვერცი ახალი სიცოცხლის, განახლების, ბუნების გაღვიძების, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ  ითვლებოდა. არაერთი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სამყარო სწორედ კვერცხიდან გაჩნდა. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები ყოველ გაზაფხულზე ნილოსის ადიდებასთან ერთად, უკვდავებისა და ახალი ცხოვრების ნიშნად, ერთმანეთს მოხატულ კვერცხებს ურიგებდნენ. „ვედები“ გვარწმუნებს, რომ ბრამა ოქროს კვერცხიდან „გამოიჩეკა“ და  ინდოეთში კვერცხიდან გამოჩეკილ ჩიტს დღესაც „ორჯერ დაბადებულს“ ეძახიან. ერთი აღმოსავლური თქმულების თანახმად, სამყარი ქაოსი იყო, ეს ქაოსი კი უზარმაზარ კვერცხში იყო მოქცეული და სიცოცხლი ყველა ფორმა შიგ იყო ჩაკეტილი. კვერცხის ნაჭუჭს გარედან ღვთაებრივი ცეცხლი ათბობდა და ერთ დღესაც კვერცხიდან მითოლოგიური არსება პანგუ დაიბადა. ქაოსში რაც უწონადი იყო, ცად იქცა, მყარი კი მიწად. პანგუმ ცა და მიწა შეაერთა, გააჩინა ქარი, სივრცე, ღრუბლები, მეხი და ელვა. მერე ახალშექმნილი მიწას გასათბობად მზე აჩუქა და გასაგრილებლად მთვარე. მზემ მიწა გაათბო, მთვარემ გაანათა და პლანეტები და ვარსკვლავებიც გაჩნდა.
მომავალი ბედნიერების, ახალი ცხოვრების დაწყებისა და ბარაქის ნიშნად კვერცხს სახლის საძირკველშიც აყოლებდნენ. გაზაფხულის დადგომის, ბუნების გამოღვიძების და სიცოცხლის ზეიმის აღსანიშნავად ახალ წელს (ნავრუზზე 21 მარტს ირანელები კვერცხებს დღესაც ღებავენ) და დაბადების დღეებზე ღარიბები ერთმანეთს ფერად კვერცხებს ჩუქნიდნენ, მდიდრები კი ოქროსას ან მოოქროვილს (როგორც მზის სიმბოლოს). ძველ რომაელებს ასეთი ტრადიციაც ჰქონდათ, ტრაპეზის დაწყებამდე ახალი წამოწყების წარმატების საწინდრად ღუმელში გამომცხვარ კვერცხს მიირთმევდნენ.
და რაღა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერმა გამოძახილი ქრისტიანულ რელიგიაშიც ჰპოვა და თვისი ადგილი დაიმკვიდრა. ცნობილმა იტალიერმა ფერმწერმა პიერო დელა ფრანჩესკამ მონტე ფელტროს საკურთხველში (მილანი, XV ს) მადონასა ყრმა იესოს თავზე ჩამოკიდებული სირაქლემის კვერცხი გამოსახა. ფრესკაზე კვერცხი ღმერთკაცი იესოს სასწაულებრივ დაბადებასა  და სამყაროს ქრისტიანულ აღქმაზე მიგვანიშნებს. ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და ფილოსოფი იოან დამასკინი ამტკიცებდა (ისევე, როგორც იმ პერიოდის ბევრი თეოლოგი), რომ ცა და მიწა კვერცხის ანალოგიაა: ნაჭუჭი - ცაა, აპკი - ღრუბლები, ცილა - წყალი, გული კი მიწა. კვერცხის უსულო მატერიისგან სიცოცხლე იბადება და მასში განითარების, შესაძლებლობებისა და წინსვლის იდეაა ჩადებული.
ბევრ სხვა ზებუნებრივ ძლაასთან ერთად, შეღებილ კვერცხს მკვდრებსა და ცოცხლებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ძალის მოვალეობასაც აკისრებდნენ და საფლავზე შეღებილი კვერცხის დადებით, ცოცხლები გარდაცვლილებს თავიანთი ჭირისა და ლხინის ამბავს აწვდიდნენ (აქედან მოდის საფლავზე კვერცხის გადაგორების ტრადიცია).
საეკლესიო კანონების თანახმად სააღდგომო კვერცხები „სუფთა ხუთშაბათს“ იღებება. დიახ, დიახ, ხუთშაბათს და არა პარასკევს, არ მეშლება. კვერცხების პარასკევს შეღებვა წმინდა ქართული ტრადიციაა და საიდან და რატომ გაჩნდა, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავადგინე. მოკლედ, წესის და რიგის მიხედვით, ხუთშაბათ დილას უნდა იბანაოთ, ირგვლივ ყველაფერი მიალაგ-მოალაგოთ,  რომ მთელი წელი თქვენს სახლს ჭუჭყი და სიბინძურე ვეღარ გაეკაროს და მერე სააღდგომო სამზადისსაც შეუდგეთ - დააცხოთ კულიჩები, გააკეთოთ ხაჭოს პასკა და შეღებოთ კვერცხები. მერე კი ეს ყველაფერი „დიდ შაბათს“ ეკლესიაში საკურთხებლად წაზიდოთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ხაჭოს პასკა იულია ვისოცკაიასგან

Approved by Natia Jinjolava

ვინაიდან და რადგანაც ხაჭოს პასკის ფორმა ფრიად დეფიციტურია (პირადად მე მინის დეკორატიულ ფორმაში ვაკეთებ და იქვე ვტოვებ, არ ამომაქვს), გადავწყვიტე ეს ვიდეორეცეპტოც დამედო, სადაც წამყვანი ფრიად გონებამახვილურ და მარტივ გამოსავალს გვთავაზობს.


გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ხაჭოს პასკა

Approved by Natia Jinjolava

დიახ, დიახ, არ შემშლია - ნამდვილი პასკა სწორედ ხაჭოსია და არა ის, რომელსაც ასე  (შეცდომით!) ვეძახით და სინამდვილეში „კულიჩი“ ჰქვია. სხვათა შორის, ვისაც ხაჭოს პასკა გაუსინჯავს, დამეთანხმება, რომ ძალიან გემრიელი დესერტია და მისი ჭამა წელიწადის სხვა დროსაც დიდი სიამოვნებაა.
შემადგენლობა: 500გ ხაჭო, 100გ კარაქი, 2-3სკ სქელი არაჟანი, 0,5ჭ შაქარი, 50გ ქიშმიში, 50გ სქლად დაჭრილი ნუში (ან ნიგოზი), 50გ ცუკატი (სურვილისამებრ), ვანილი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ქიშმიშის, ნუშის თუ ცუკატის ოდენობა თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, 50 გრამის ნაცვლად 70-ს თუ ჩაყრით, პასკას ამით არ დააზიანებთ, პირიქით! იმასაც გეტყვით, რომ ცუკატი სულაც არ არის აუცილებელი - ის უფრო სილამაზისა და ქათქათა თეთრ დესერტში ჭრელი ელემენტის შესატანად გამოიყენება. ასე რომ, საკუთარ სამზარეულოში ცუკატი თუ არ გეგულებათ, თამამად შეგიძლიათ ქიშმიშით და ნუშით შემოიფარგლოთ.
მომზადების წესი: პასკის მომზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. იდეალური შედეგის მიღება ხაჭოს კონსისტენციაზეა დამოკიდებული - ხაჭო ძალიან მშრალი უნდა იყოს. ამიტომ გირჩევთ ძველ და მრავალნაცად ხერხს მიმართოთ: ხაჭო მარლაზე განათავსეთ და რამდენიმე საათით (ან თუნდაც მთელი ღამით) ჩამოკიდეთ, რომ კარგად დაიწუროს და ზედმეტი სითხისგან დაიცალოს. ჩემი რჩევაა: მარლა 3-4 ფენად დაკეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწურს მთელი თქვენი ხაჭოც თან გაჰყვება!
გადაწურულ ხაჭოს დაამატეთ კარაქი და შაქარი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, ან ასეთის არქონის შემთხვევაში, ხორცსაკეპი მანქანა მოიმარჯვოთ (კიდევ ერთი რჩევა: ხაჭოს ხორცსაკეპ მანქანაში ერთხელ გატარებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, ამიტომ ნუ დაიზარებთ და ხელმეორედ გაატარეთ). ამ პროცესის დამთავრების შედეგად მიღებულ ერთგვაროვან მასას დაუმატეთ ქიშმიში, ნუში (ან ნიგოზი), ცუკატი, არაჟანი, ვანილი და კარგად გადაურიეთ.
შენახვის წესი სუფრაზე მირთმევამდე: ტრადიციულად, პასკას ხისგან გამოთლილ  სპეციალურ, კონუსის ფორმის ჭურჭელში ათავსებენ და 1-2 დღით მაცივარში ინახავენ. ამ ჭურჭლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოთავსებული ხაჭოს მასა იწნეხება და იმდენად მკვრივდება, რომ მაცივრიდან გამოღებულის დანით დაჭრა შეიძლება. გარდა ამისა, პასკაზე ამ ჭურჭლის გვერდებზე გამოსახული ჯვრისა და სხვა ქრისტიანული სიმბოლოების ანაბეჭდიც რჩება და დესერტიც თავისებურ იერს იღებს.
ასეთი ჭურჭელი ალბათ ცოტა ვინმეს მოეძევება, მაგრამ გამოსავალი აქაც მოინახება: ისევ მარლა მოიშველიეთ, ხაჭოს მასა მარლაზე გადაიტანეთ, კარგად შეკარით, ზედ რამე მძიმე საგანი დაადეთ (მე ამისთვის ბებიაჩემის ნაქონ სპილენძის როდინს ვიყენებ) და მაცივარში ისე შეინახეთ. ცხადია, ასეთ პასკაზე ორნამენტების ნაცვლად მარლის უჯრულა ანაბეჭდი გექნებათ, მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტთ - სამაგიეროდ, თქვენს სააღდგომო სუფრას უჩვეულო, სადღესასწაულო და ძალიან გემრიელი კერძი დაამშვენებს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ჩემი რომი

Approved by Natia Jinjolava

დღეს რომის დაბადების დღეა. ლეგენდის მიხედვით, ძუ მგელის გამოზრდილი ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთმა, რომულმა ქალაქი ჩვ.წ.აღ-მდე 753 წლის 21 აპრილს დააარსა.

რომი - დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთან არის და მერე რა, რომ ეს სულ სხვა ქალაქზე ითქვა...

პირველად მოხვედრილ ადამიანს აქაურობა მეტისმეტად საზეიმოდაც კი შეიძლება მოეჩვენოს. ირგვლივ, საითაც გაიხედავ, ყველგან თვალისმომჭრელად ქათქათა მარმარილო და უამრავი შადრევანია, რაც აკვედუკებისა და წყალსაცავების პირველი მშენებლების ქალაქში უჩვეულო სულაც არ არის. თითქმის ყველა ქუჩაზე წყლის პატარ-პატარა ონკანები (აქაურები მათ „ცხვირნისკარტებს“ ეძახიან) იმისთვისაა, რომ სიცხით გათანგულმა ტურისტმა წყურვილი მოიკლას, იქვე ჩამოჯდეს და წყალი თვალსაც დაალევინოს. აქ ტურისტული სეზონის ცნება არ არსებობს, წელიწადის ნებისმიერ დროს ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდები ვიდეო-, ფოტოაპარატ- თუ რუკამომარჯვებულ უცხოელს. ტურისტებს აქაურობა „მიაქვთ“ და ყველგან ნაკვალევს ტოვებენ ქაღალდებისა და ნაგვის სახით. თუმცა მათთვის ჩვეული მარშრუტების მიღმა არსებობს სულ სხვა რომი. ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალაქს კარგად თვითონაც არ იცნობენ. ან კი როგორ უნდა იცნობდე, თუკი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია შენთვის ახალი, სინამდვილეში კი ძალიან ძველი ნანგრევები თუ ათასწლეულების წინანდელი ნასახლარი აღმოაჩინო?!
კოსმოპოლიტი ქალაქის სიჭრელე... სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე მოლაპარაკე, მოსაუბრე, მოყაყანე ხალხი ანტიკური, შუასაუკუნეების, ბაროკოს, მოდერნის, ერთი სიტყვით, ყველანაირი არქიტექტურის ფონზე. ქაოსი, ყველგან ქაოსი... მანქანებისა და მოტოციკლების ნაკადი, უწყვეტი სიგნალებისა და კარგად ნაცნობი სცენა: უკმაყოფილო მძღოლების ხმამაღალი გადაძახილები და მეტყველი ჟესტები (შინაარსი გასაგებია).
ოდნავ გვერდზე გადაუხვევ და აღმოჩნდები ვიწრო ქუჩების ლაბირინთში, რომელიც ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სადარბაზოში იწყება და სრულიად განსხვავებულ სამყაროში შეჰყავხარ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შუკაში წააწყდები სანტა პუდენციანას სახელობის ეკლესიას, რომელიც უძველესი ფრესკებით და მოზაიკითაა ცნობილი და იმ ადგილზეა აგებული, სადაც ლეგენდის მიხედვით, რომაელმა პატრიციელმა პუდენტემ წმინდა პეტრეს უმასპინძლა. აქ ყველაფერი ლეგენდებითაა გაჯერებული, თითოეულ ქვას თავისი ისტორია აქვს. ვია აპია ანტიკაზე წმინდა პეტრეს კვალს გაჰყევი და ის ადრექრისტიანთა კატაკომბებისთვის გვერდის ავლით, პატარა ეკლესიამდე მიგიყვანს, სადაც რომიდან იმპერატორ ნერონის სისასტიკეს გაქცეულ წმინდანს ქრისტე შეხვედრია. თქმულებას ეკლესიის იატაკის ფილაზე აღბეჭდილი იესოს ნაფეხური ადასტურებს (იხ. ჰ. სენკევიჩის რომანი „Quo vadis?”).
რომში მუდამ რაღაც მოვლენის ირგვლივ ციებ-ცხელებაა - მორიგი არჩევნები, მუდმივი ბერლუსკონიადა, პილიგრიმები, თეოლოგიურ-მისტიკური თემების გაცხოველებული განხილვა. სხვათა შორის, მასონური სიმბოლოების საძებნელად შორს წასვლა არ დაგჭირდება - სანტა მარია მაჯორეს საკათედრო ტაძარში, ზედ საკურთხეველთანაა გამოსახული ყბადაღებული სიმბოლო, პირამიდაში ჩახატული თვალი. ისე, რომში ნამდვილ პირამიდასაც იპოვი - ეს უკვე გვიანდელი ეგვიპტის კულტურის გავლენაა, რომლის მაგალითი ქუჩაში აღმართული ობელისკები და ისიდა-ოსირის-ანუბისის ტურის თუ კატისთავიანი ქანდაკებებია, რომლებმაც ძველი რომაელების სასახლეებიდან მუზეუმებში გადაინაცვლეს.
მუდმივი დღესასწაული... აქ ყველანაირი გემოვნების ადამიანის ნებისმიერი მოთხოვნისა და პრეტენზიის დაკმაყოფილება შეიძლება. რენესანსი თუ მოგწყინდა, მუზეუმებთან ასეული მეტრის სიგრძის რიგს გასცდი და მოდილიანის აქამდე უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების გამოფენაზე შეიარე, გვერდით ქუჩაზე პატარა გალერეაში ენდი ვორჰოლის და რობერტ რაუშენბერგის ექსპოზიციაა. ხელოვნებამობეზრებულ და ღამის გართობის მოყვარულს ტრასტევერეს და ტესტაჩოს კლუბები და დისკოთეკები ელოდება, საიდანაც სხვადასხვა სტილის მუსიკის გამაყრუებელი ნაზავი ისმის, ხმაურით დამძიმებულ ჰაერში მარიხუანისა და სასმელის სუნი იგრძნობა. ათასნაირი ჯურის ხალხი თავისებურად ცდილობს ხვალინდელი დღის მოლოდინში საზრუნავი დაივიწყოს. დაუსრულებელი ზეიმის ილუზიის უკან უამრავი გადაუჭრელი, ხშირად ერთმანეთისგან გამომდინარე პრობლემა დგას, ალბათ ისევე, როგორც სხვაგან: მასობრივი უმუშევრობა, ე.წ. „ექსტრაკომუნიტარები“ (ძირითადად, აფრიკიდან ჩამოსულები) და პრობლემა N1 - დემოგრაფიული, რაც ცხადია, უმუშევრობის, დაუსაქმებლობისა და გვიანდელი ქორწინებების შედეგია.
ჰო, იტალია ნამდვილად არ არის სამოთხე! რად ღირს სადგურის მიმდებარე უბნებში, საბნებში გახვეული და ასფალტზე მძინარე მათხოვრების დანახვა... მერე რა, რომ საკუთარი სახლის ფანჯრებიდან აუწერელ სილამაზეს - დილის ნისლით დაბინდული ვატიკანის გუმბათს ხედავ და სიგრილესთან ერთად შენში ქალაქის ხმები - თვითმფრინავების განუწყვეტელი გრუხუნი, „მოტორინოების“ ხმაური, მოხეტიალე მუსიკოსების სიმღერა და დანის მლესავების გამყინავი ძახილი „arrotooo“ იჭრება... ამ დროს ცხოვრება გინდება. ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა „Latte Più“-ში შეიძლება, რომელიც კუბრიკის ფილმის „მექანიკური ფორთოხლის“ ესთეტიკითაა გაჟღინთული და სადაც პროზაული რძისგან დამზადებულ ათასნაირ კოქტეილთან ერთად, მე-20 საუკუნის დასაწყისის მხატვრების საყვარელ და ერთ დროს აკრძალულ აბზინდის ოთხმოცგრადუსიან მწვანე არაყს შემოგთავაზებენ. და ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მუსიკის ფონზე!
თუ გინდა რომის ორომტრიალს მოსწყდე, კასტელი რომანის მიაშურე. მიქელანჯელოს დაპროექტებული კარიბჭედან, პორტა პიადან გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთით აიღე, ზეთისხილის ვერცხლისფერ ბაღებს გასცდი და დაახლოებით ოც წუთში ძველი ლათინელების აგარაკზე აღმოჩნდები. მაღლობზე გაშენებული დასახლებიდან რომი ხელისგულზე გაშლილივით ჩანს და მუდმივ მოძრაობაში მყოფ მეგაპოლისსა და ამ მეგაპოლისში მცხოვრებლების ნანატრ სიმშვიდეს შორის განსხვავება განსაკუთრებით თვალში საცემია. აქ ცხოვრებას თითქოს სხვა ტემპი აქვს, დინჯი, გამოზომილი, არავის არსად ეჩქარება. კანტინების კართან ჩამომსხდარი მოხუცი გლეხების საუბარი, პორკეტა დ’არიჩას და ახალი ღვინის მათრობელა სუნი... აქ ჰაერიც სულ სხვაა.
რომიდან დაახლოებით ოცი კილომეტრის მოშორებით, მის ჩრდილოეთ პროვინციაში, ტივოლიში, სამოთხის კიდევ ერთი „ნაგლეჯია“ – „ვილა ადრიანა“. ამ ქალაქ-მუზეუმის აშენება მეორე საუკუნეში იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით დაიწყო (მართალია, ადრიანე მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. საწყალი ადრიანე! ვერც თავისი სასახლის, კასტელ სანტ ანჯელოს დამთავრება მოასწრო, რომელიც შემდგომ იმპერატორის მავზოლეუმი გახდა). ოთხმოც ჰექტარზე გადაჭიმული ვილების, თერმებისა და მიწისქვეშა ნაგებობების ურთულესი კომპლექსი უჩვეულო, ე.წ. „შერეული“ ტექნიკითაა (რომელიც რომბისებური აგურებისა და ცემენტის ნაზავს წარმოადგენს) შექმნილი. კომპლექსის ერთ-ერთი ამფითეატრი კერძო სამფლობელოს ტერიტორიაზეა, რომლის მეპატრონე სახელმწიფოსთვის მის გადაცემაზე უარს აცხადებს იმიტომ, რომ მისი გვარი ამ მიწაზე ხუთ საუკუნეზე მეტია სახლობს. და აი, ასე ცხოვრობს - საკუთარ ეზოში ანტიკურ ამფითეატრს უვლის.
უცნაური ხალხი.. უცნაური და ძალიან დადებითი ენერგიით დამუხტული.. სანტ ანდრეა დელა ვალეს თეატინელთა ორდენის მოხუცი, სიფრიფანა არქივარიუსი, რომელიც უცნობი ქვეყნიდან ჩამოსულ, სხვა კონფესიის და გაურკვეველი პროფესიის უცხოელს ტაძრის არქივში მეგზურობას გიწევს და თავდავიწყებით საუბრობს პიეტრო დელა ვალეს გასაოცარ მოგზაურობაზე შორეულ საქართველოში. მხოლოდ იმიტომ, რომ მსმენელის თვალებში ინტერესს ხედავს. უცნობი მეცნიერი, რომელიც თავის საქმეს ივიწყებს და რამდენიმე საათს კატალოგებში შენთვის სასურველი დოკუმენტების ძებნაში ატარებს. ამ ინტერესის გამოა, წმინდა კონგრეგაციის არქივში ქრისტოფორე კასტელის წერილებს და მე-17 საუკუნის ხელნაწერებს ხალისით რომ დაგათვალიერებინებენ. უზარმაზარი ფოლიანტებიდან გაცრეცილი, ოთხი საუკუნის წინანდელი ქაღალდის სუნი გცემს. ვატიკანის ბიბლიოთეკაში (რა თქმა უნდა, სათანადო საბუთების წარდგენისა და სხვადასხვა ფორმულარის შევსების შემდეგ) შეგიძლია თაროდან პირველივე წიგნი ჩამოიღო და ის ეგვიპტური პაპირუსების ან რომის რომელიღაც პაპის (მაინც რამდენნი იყვნენ ეს პაპები და ანტიპაპები!) სიგელების კრებული აღმოჩნდება.
ოცნებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ახდენილი, თავის მიმზიდველობას კარგავს. რომი გამონაკლისია - იქ ერთხელ მოხვედრილ ადამიანს უკან დაბრუნება უნდა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი