29.4.11
აპრილის საველე სამუშაოები
Approved byაპრილის ბოლოც მოვიდა, ამ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, თორემ რაც არ უნდა მოვინდომოთ, ამ დროისათვის წესითა და რიგით გათვალისწინებულ სითბოსთან ვერანაირ შესაბამისობას, ან სხვა წლების იგივე პერიოდთან მისადაგების ანალოგიას ვერ იპოვით - იმისთანა ამინდებია. ბრიტანეთმაც კი გაგვასწრო - იქ +26°C-ია. ასე მახსოვს, რომ მას და არა საქართველოს შეარქვეს ნისლიანი ალბიონი. ვშიშობ, მალე ეს ფაქტი გადასახედი არ გაგვიხდეს.
როგორც არ უნდა იყოს, საქმე საქმეა და სჯობს მას მივხედოთ. ე.ი. ვინც საკუთარი ინტერიერ-ექსტერიერის გალამაზებას სხვას არ ანდობს და ყველაფერს თესლიდან თავად ზრდის - დროა ერთხელ უკვე გადარგული ყვავილების ჩითილები, რომელსაც ამ დროისათვის 4-5 ნამდვილი ფოთოლი უნდა ჰქონდეს, გადარგოთ ღია გრუნტში თქვენივე მეთვალყურეობის ქვეშ. ვინიცობა გამოაცხადონ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ღამით 0-მდე, დროულად შეიტანეთ ჩითილებიანი კონტეინერი უფრო თბილ ადგილას, ვიდრე ქუჩაა. გადარგვიდან 10-12 დღეში ცოტაოდენ გაანებივრეთ და რამე „გემრიელი“ სასუქი მიართვით, დაიწყეთ კომპლექსური დანამატით, სადაც საჭირო ნივთიერებები ასე თუ ისე თანაბრადაა წარმოდგენილი. შედეგს მორწყვიდან რამდენიმე დღეში უკვე შეატყობთ: ფერზედაც მოვა, თვალებშიც გამოიხედავს და სიჯანსაღის ფლუიდებსაც დააფრქვევს გარშემო. მსგავსი პროცედურა ყოველ 10-14 დღეში გაიმეორეთ.
გაძლიერებული კვება არ აწყენს არც ამ გაზაფხულზე უკვე ცივილური ფორმით (ანუ დახურული საფესვო სისტემით, მისაღებ ქოთანში და არა კონსერვის ქილაში) გაყიდვაში გამოსულ სხვადასხვა ნაირსახეობის ყვავილს. სახლში მოტანის, მიწიანად ქოთანში ან კონტეინერში გადატანის, უხვად მორწყვის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი კოკრების აყვავებას ელის და ასე ჰგონია, რომ დანარჩენი ყვავილი იქნება იმ ზომის, რაც ის პირველი, რომელმაც ყიდვისაკენ გვიბიძგა. სამწუხაროდ, დანარჩენი კოკრები იფურჩქნებიან და საუკეთესო შემთხვევაში გაცილებით პატარა თუ არა, ჩვეულებრივი ზომის არიან. ის, პირველი ყვავილი, სასათბურე პირობებში, სხვა რაციონზე, ტემპერატურაზე და ტენიანობაზეა გაზრდილი. ცოტათი რომ შევუმსუბუქოთ ახალ გარემოსთან შეგუება, დავუსხათ კალიუმიანი სასუქი ყოველ 10 დღეში. ამით მცენარეს ყვავილობასაც ვუხანგრძლევებთ, კოკრების რაოდენობასაც ვუმრავლებთ და ყვავილების ზომაზეც ვიზრუნებთ.
სხვათა შორის, მთელს ქალაქში ერთ ყაიდაზე ქოთნებში ჩაწყობილ ყვავილებს რომ ყიდიან, და მის გაზრდას ხან ვის და ხან ვის აბარალებენ, სინამდვილეში ჩვენთან, თბილისში, ისნის ტერიტორიაზე უზარმაზარ სათბურში ახარებენ. ერთი უნდა ვეწვიო, აი, სად გაირკვევა საიდუმლო (ფასი), რომელსაც გადამყიდველები მალავენ, როგორც ქალის ასაკს. თუ მივედი, აუცილებლად შეგატყობინებთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment