მისი უდიდებულესობა "მერსედესი"

Approved by Natia Jinjolava

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - ,,დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler-AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად, ,,მერსედეს-ბენციიქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, განუყრელ და საიმედო მეგობრად  იქცა არა მარტო  ჩემთვის, არამედ მრავალი ადამიანისთვის. მერსედესის უნიკალურებაში რომ დარწმუნდეთ, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ იგი. მე პირადად  არასოდეს დავიღლები მერსედესის ქება-დიდებით.  მას არასოდეს გავცვლი სხვა ბრენდში. 
ბრენდის სახელი - ,,მერსედეს-ბენციწარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდისმერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული ,,დაიმლერ-ძრავების საზოგადოება, მის მიერ წარმოებულ  ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის, როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა, ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული.  ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა. 1988 ემილ ელენიკი ფსევდონიმით ,,მერსედესი” (ასე დაირქვა თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის საპატივცემოდ, რომელსაც მოფერებით სახელს, მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის ,,მერსედესიჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ მხოლოდ მძღოლის სახელი იყო.
1900 წელს ელინეკმა ,,დაიმლერ - ძრავების საზოგადოებასთანმიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი ,,მერსედეს-დაიმლერიდაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა ,,მერსედესი მანქანის სახელად გამოყენებული. იმავდროულად ელენიკი დაიმლერის დისტრიბუტორი ხდება და უკვეთავს მას 36 ცალ ავტომობილს, საერთო თანხით 550.001 მარკა (დღევანდელი კურსით, დაახლოებით 3 მილიონი ევრო), მოგვიანებით იგი დაიმლერს დამატებით უკვეთავს კიდევ 36 ცალ ავტომობილს, რომლებიც 8 ცხენის ძალიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი. ამის შემდეგ, 1901 წლიდან, ,,მერსედეს-ავტომობილები” (ეს სახელი უკვე არა მხოლოდ მძღოლისთვის, არამედ უშუალოდ მანქანების სახელად გამოიყენებოდა) წარმატებით მონაწილეობდნენ ნიცაში გამართულ ავტორბოლებში, რამაც განაპირობა ამ სახელის ფართოდ გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საბოლოოდ დაიმლერ - ძრავების კორპორაციამ 1902 წელს ბრენდის სახელწოდება ,,მერსედეს-ზე საავტორო უფლებები დაიცვა.
ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ვარსკვლავის რეგისტრაცია კი 1909 წელს მოხდა. 1926 წელს ,,დოიჩე ბანკისშუამავლობით ,,დაიმლერ-ძრავების საზოგადოებადა მისი კონკურენტი ,,ბენცი და კომპანიაშეერთდა, რის შედეგადაც შეიქმნა ,,დაიმლერ-ბენცის ავტოკორპორაცია”, სწორედ ამ წელს  უკავშირდება ,,მერსედეს-ბენცის”, როგორც ბრენდის სახელწოდების წარმოშობა.
მერსედესის თაყვანისმცემლებო, კარგად დაიმახსოვრეთ  1926 წელი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია.  აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს, შესაძლოა, სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი, შესაძლოა, საერთოდაც არ შექმნილიყო. სწორედ მისი კაპიტალი გახდა საფუძველი კარლ ბენცის ბიზნესისთვის და მან აქცია ავტომობილი გასართობი, მაგრამ უსარგებლო ტექნიკური ნივთიდან პრაქტიკული გამოყენების საგნად. 22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. არადა, წარმოების საქმე ცუდად მიდიოდა და სწორედ ფროილაინ რინგერის ფულმა გადაარჩინა გაკოტრებისგან. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად. ბერტა მედგრად ედგა გვერდში ქმარს და ამხნევებდა მაშინ, როდესაც კარლ ბენცს სულელსაც კი უწოდებდნენ და არ დაანება, უარი ეთქვა თვითმოძრავი ეკიპაჟის პროექტის შექმნაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა მათი ოჯახის მთელ ბიუჯეტს იწირავდა. სწორადაც მოიქცა, მან არა მარტო დიდება მოუტანა მის კომპანიას, არამედ თავადაც შევიდა მანქანათმშენებლობის ისტორიაში.
1888 წლის აგვისტოს ერთ დილას ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდა) და სტუმრად დედასთან  გაემგზავრა. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით. გზად ავტომობილს საწვავი გამოელია და ქალმა აფთიაქში საწმენდი საშუალება ლიგროინი (ნავთობპროდუქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბენზინისა და დიზელის ძრავისთვის) იყიდა. შემდეგ ეტლს ტყავის სამუხრუჭე შალითები გაუცვდა და ფრაუ ბენცმა მეწაღეს მიმართა დასახმარებლად. გაწყდა ამძრავი ჯაჭვიც და მსოფლიოში პირველმა ავტომობილისტმა ქალმა ახლა მჭედელთან შეიარა. გზადაგზა ბერტა ხალხს უხსნიდა, თუ რა მოსახერხებელია ავტომობილი... სხვათა შორის, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ,,Motorwagen”-მა ქალებზე მოახდინა.
ფრაუ ბენცი იმ დროისთვის შესაშური ტექნიკური საზრიანობითაც გამოირჩეოდა. როდესაც საწვავის მილში რაღაც გაიჭედა, ბევრი არ უფიქრია, თმიდან სამაგრი გამოიძრო და მილი გაწმინდა. როდესაც ეტლში ჯდომისას დენის მსუბუქად დარტყმა იგრძნო, სადენის ცვეთის ადგილი იპოვა და თავისი წინდის რეზინის სამაგრისგან იზოლაცია გააკეთა. მცირესიმძლავრიან ეტლს დამოუკიდებლად არ შეეძლო ციცაბო აღმართების დაძლევა. დროდადრო ქალი იძულებული იყო, გადმოსულიყო ეტლიდან და თავად მისწოლოდა. მოგვიანებით მეუღლეს ურჩია, ეტლისთვის მეორე სიჩქარეც დაეყენებინა. მოკლედ, ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს ,,Motorwagen”-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი ველო“. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა.


დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც დაინტერესებულ მნახველს შეუძლია იხილოს მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით - ,,Motorwagen”-ით და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil”-ით. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ამ ლინკს გადაავლოთ თვალი: http://en.wikipedia.org/wiki/Mercedes-Benz

მერსედესის ყველა მოდელის  სურათის აქ დაპოსტვა შეუძლებელია. ამიტომ youtube-ში თქვენთვის ვნახე  ლინკი სადაც მეტ-ნაკლებად არის წარმოდგენილი მერსედესის ძველი თუ ახალი მოდელები.
თქვენ წარმოიდგინეთ, ოქროს მერსედესიც კი არსებობს. ასეთი სუპერმდიდრული მერსედესი სხვას ვის ეყოლება, თუ არა არაბეთის უმდიდრეს შეიხს. იხილეთ სურათი და დატკბით.  ჩემი აზრით, არც თუ ისე ლამაზია. მე პირადად, ჩვეულებრივ 2010 წლის E-Class 350-ც თანახმა ვარ. აი ფერს რაც შეეხება, შავ მერსედესს არაფერი სჯობდა, მანამდე სანამ თეთრი ფერის ახალი  E-Class არ ვნახე - ულამაზესი იყო!!!!
ამ სტატიით მხოლოდ და მხოლოდ მერსედესის შექმნის ისტორია მოგიყევით და ცოტათი ხოტბა შევასხი ამ ბრენდს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს და იმას, თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლია ამ მანქანას, ამაზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ. თუმცა სჯობს  მერსედესის სიძლიერე  თავად გამოსცადოთ  „ლაივში“.

                                     საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

1 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    სხვათა შორის, ფრაუ ბენცს რომ საწვავი გამოელია და აფთიაქს შეაკითხა, ის აფთიაქი დღესაც არსებობს ქალაქ ვისლოხის ცენტრში, წინ პატარა ქანდაკებაც დგას (რომელიც გერმანელებმა სწორედ იმ დალოცვილ დღეს საწვავის გამოგონებას მიუძღვნეს)

Post a Comment