ფაბერჟეს პატარა შედევრები

Approved by Natia Jinjolava

წლევანდელი აპრილი აღდგომის თვეა, ეს დღესასწაული და წითელი კვერცხები კი - განუყოფელი. მე პირადად, სააღდგომოდ შეფერილი, შეღებილი თუ მოხატული კვერცხები ძალიან მომწონს და მათი შემყურეს, ფაბერჟეს ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები მახსენდება, რომლებსაც გვერდს გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავუვლიდი.

პიტერ კარლ ფაბერჟე (1846-1920) - დედით დანიელი, ფრანგი ჰუგენოტის შთამომავალი, ესტონეთში დაბადებული გერმანელი, გერმანიაში (დღეზდენსა და ფრანკფურტში) ხელობანასწავლი რუსი იუველირი და სახელგანთქმული საიუველირო დინასტიის ფუძემდებელი, რომლის სახელოსნოში შექმნილ შედევრები მთელი მსოფლიო კოლექციების საუკეთესო ექსპონატებს წარმოადგენს (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთრივ სახელოსნო მამამისმა, გუსტავ ფაბერჟემ დააარსა, სადაც  ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული  სამკაულები მზადდებოდა). რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მას „სამეფო კარისა და ერმიტაჟის ოქრომჭედლის“ წოდება უბოძა, საფრანგეთში „პარიზის იუველირების გილდიის ოსტატად“ აღიარეს, ხოლო მისი ნაკეთობის საჩუქრად მიღება დიდი ბრიტანეთის, დანიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სამეფო კარზე დიდ პატივად ითვლებოდა. რევოლუციის შემდეგ იძულებული გახდა ფირმა დაეხურა და შვეიცარიაში გადახვეწილიყო. შვილები: ევგენი, აგაფონი, ალექსანდრე და ნიკოლაი, რომლებიც საიუველირო ხელოვნებას ევროპის (გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ინგლისის) საუკეთესო სახელოსნოებში ეუფლებოდნენ, სხვადასხვა წლებში მამის გვერდიგვერდ მოღვაწეობდნენ და პატარ-პატარა, მაგრამ უძვირფასეს შედევრებს ქმნიდნენ.
ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების სერია 1885-1917 წლებში დამზადდა, პირველი კვერცხი კარლ ფაბერჟეს თაოსნობით მისი ფირმის ოქრომჭედლებმა იმპერატორ ალექსანდრე III-ს შეკვეთით შექმნეს. იმპერატორის მეუღლისთვის განკუთვნილი კვერცხი გლუვი, მოჭიქული და შემდგომ კვერცხებთან შედარებით სადა გახლდათ, შიგნით ოქროს კრუხი იჯდა, კრუხში კი ლალის გვირგვინი იყო ჩამალული. სხვათა შორის, ფაბერჟეს იდეა ორიგინალური არ იყო, „სააღდგომო სერიის“ პირველი ეგზემპლიარი მე-18 საუკუნეში დამზადებული კვერცხების მსგავსად დამზადდა, მათში კრუხი იჯდა, კრუხში გვირგვინი იდო, გვირგვინში კი - ბეჭედი (ასეთი სამი კვერცხი კოპენჰაგენში, ვენასა და დრეზდენში ინახება).  დიდებული საჩუქრით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ფაბერჟეს სამეფო კარის ოქრომჭედლის ტიტული უბოძა და ყოველი აღდგომისთვის მორიგი კვერცხის დამზადება დაავალა (ერთადერთი პირობით, რომ ყოველი მათგანი უნიკალური და ახალ-ახალი სიურპრიზით გამორჩეული უნდა ყოფილიყო). შემდგომმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ტრადიცია არ დაარღვია, პირიქით, შეკვეთა გაზარდა: ყოველწლიურად ორ კვერცხს უკვეთავდა.
ასეთი კვერცხის დამზადებას თითქმის წელიწადი სჭირდებოდა და ცხადია, ამ სამუშაოში მთელი ფირმის იუველირები მონაწილეობდნენ. იმპერატორების შეკვეთების გარდა, ფირმა ასეთ კვერცხებს სხვებისთვისაც ამზადებდა (მაგალითად, თავადი იუსუპოვისთვის, ალფრედ ნობელისთვის, როტშილდების ოჯახობისთვის და სხვ.), თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ნაკეთობები განსაკუთრებული ორიგინალობით არ გამოირჩეოდა და საიმპერატორო საჩუქრების მიახლოებულ ასლებს წარმოადგენდა. სულ ცნობილია 71 ეგზემპლიარი და აქედან „საიმპერატორო“ - 54 ცალია. ჩვენამდე  62 კვერცხმა მოაღწია და მათი უმრავლესობა მუზეუმში ინახება (თუმცა დაკარგულების აღწერილობა და ფოტოსურათები არსებობს).
ფაბერჟეს კვერცხების რევოლუციის შემდგომი ბედი და „თავგადასავალი“ ძალიან საინტერესოა: ჯერ  თავი, სხვა განძეულთან ერთად,  ზამთრის სასახლიდან მოსკოვის კრემლში უკრეს, მოგვიანებით 14 მათგანი სტალინის ბრძანებით ოფიციალურად გაიყიდა (ზოგიერთმა არმანდ ჰამერის კოლექციაში ამოჰყო თავი), ზოგიც სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში „დაბინავდა“. ჩვეულებრივ, კვერცხის ზომა სადგარიანად 20სმ-ს არ აღემატება და ძირითად მასალას ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები შეადგეს, თუმცა ბევრ მათგანში გამოყენებულია მთის ბროლი, ძვირფასი ხე და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა მექანიზმები. რა თქმა უნდა, ფაბერჟეს სახელოსნოში (სადაც საუკეთესო პერიოდში 600 ოსტატამდე  მუშაობდა) მხოლოდ სააღდგომო კვერცხები კი არა, სხვადასხვა  სამკაულები, პორტსიგარები და პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო დანიშნულების საგნებიც კი მზადდებოდა.
ცხადია, როგორც ყველა ხელოვნების ნიმუშს, გაყალბება ფაბერჟეს ნაკეთობებსაც არ ასცდა: ცნობილია, რომ 1930-იან წლებში სახელგანთქმულ კოლექციონერ არმანდ ჰამერს ხელში ჩაუვარდა (უფრო ზუსტად კი, ანასტას მიქოიანმა გადასცა) ფაბერჟეს ფირმის სახელობითი დამღა, მოხერხებულმა ჰამერმა წარმოება ააწყო და „ადრეული ფაბერჟეს ნაკეთობებს“ წლების მანძილზე წარმატებით ასაღებდა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი


„კრეისერი აზოვი“ (1891). ოქრო, პლატინა, ვერცხლი, ალმასი, ლალი, აქვამარინი, ხავერდი. წარმოადგენს ხომალდის ასლს, რომლითაც იმხანად უფლისწულმა ნიკოლოზმა 1890-91 წლებში აღმოსავლეთში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის დროს იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში ნიკოლოზს ფანატიკოსი სამურაი დაესხა თავს და მომავალი იმპერატორი სასწაულებრივად გადარჩა.




„კვერცხი სამყურას ფოთლებით“ (1902). ოქრო, ვერცხლი, ალმასი, ლალი. „შიგთავსი“, ანუ სიურპრიზი, დაკარგულია, თუმცა შემორჩენილი ცნობებით, კვერცხში მოთავსებული იყო  ბედნიერი ოჯახის სიმბოლო - „ოთხყურა“ ფოთოლი, ნიკოლოზ II-ის ოთხი ქალიშვილის მინიატურული პორტრეტებით.









„ალექსანდრეს სასახლის მოდელი“ (1908). ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ალმასი, ნეფრიტი, მთის ბროლი, მინა, ხავერდი, ძვირფასი ხე, ძვალი. ნეფრიტის კვერცხი მორთულია იმპერატორის შვილების მომცრო პორტრეტებით, ხოლო შიგნით მოთავსებულია სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციის მოდელი.









„იახტა „შტანდარტის“ მოდელი“ (1909). ოქრო, ვერცხი, ბრილიანტი, ალმასი, მარგალიტი, მთის ბროლი, ლიაპის-ლაზური. წარმოადგენს ბროლის მომინაქრებულ კვერცხს ორი ჰერალდიკური ორთავა არწივის ფიგურით. კვერცხში მოთავსებულია ნიკოლოზ II-ის საყვარელი იახტის ზუსტი მოდელი.









„ალექსანდრე III-ის ქანდაკება“ (1910). ოქრო, ვერცხლი, ალმასი, მთის ბროლი,  ლიაპის-ლაზური. წარმოადგენს ბროლის კვერცხს, რომელშიც მოთავსებულია ნიკოლოზ II-ის მიერ მამისადმი მიძღვნილი მონუმენტის ზუსტი ასლი ლიაპის-ლაზურის სადგარით.









დაუმთავრებელი ნაკეთობა (1917). ვერცხლი, ლურჯი მინა, მთის ბროლი. ჩაფიქრებული იყო მქრქალი ბროლის ამურებიან სადგარზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კაბადონის გამოსახულებიანი ლურჯი მინის სფერო, რომლის შიგნით მოთავსებული იქნებოდა საათი.

0 კომენტარი.:

Post a Comment