11.4.11
"Я усики не брею, большой живот имею..."
Approved byაქამდე არასოდეს მქონია სურვილი კაცების თემაზე დამეწერა, მაგრამ კალამი დიდმა გულისტკივილმა ამაღებინა. რატომღაც ქართველ კაცებს თავი საუკეთესო ჰგონიათ. ისინი თვლიან, რომ მათზე სიმპატიური, ქარიზმატული და ვაჟკაცი არც ერთი ეროვნების კაცი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მწარედ ცდებიან. სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გავიგე, რატომ ფიქრობენ ასე. გადაავლონ თვალი მსოფლიოში არსებული ახალი თუ ძველი თაობის მამაკაცების ფოტოებს და დარწმუნდებიან, რომ ყველაზე სიმპატიურები და ქარიზმატულები ნამდვილად არ არიან. რაღა შორს წავიდეთ, ავიღოთ თუნდაც იმ სერიალების გმირი კაცები, რომლებმაც წალეკა დღევანდელი ტელესივრცე.
გამოგიტყდებით, ხანდახან იმიტომ ვუყურებ ამ სერიალებს, რომ თვალს წყალი დავალევინო. ეკრანზე მაინც დავინახო სასურველი მამაკაცი, რომელიც ქართულ სინამდვილეში არათუ იშვიათობაა, არამედ პრაქტიკულად არ არსებობს. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქალია ჩემს დღეში. უცხოელი კაცებისგან განსხვავებით ქართველებს თავის მოვლის კულტურაც არ გააჩნიათ. ისინი ელემენტარულად იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ კაცის კანიც ისევე ბერდება როგორც ქალის, რომ მათ კანსაც სჭირდება მუდმივი კვება და დატენიანება, რომ კაცისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლა და პირადი ჰიგიენა. მოკლედ, კაცსაც ისევე სჭირდება ფორმაში ყოფნა, როგორც ქალს.
დღეს კი თითებზე ჩამოსათვლელ ქართველ მამაკაცებს, რომლებიც მართლაც მოვლილები არიან, ფორმაც შენარჩუნებული აქვთ, კრემებსაც ისვამენ და ფრჩხილებსაც იკეთებენ, ე.წ. ვითომ ვაჟკაცები „პეტუხებს“ ეძახიან. მათი აზრით, უფრო ვაჟკაცურია კაცს დიდი ღიპი ჰქონდეს, ბუჩქივით წარბები „ამშვენებდეს“, ჭუჭყიანი ფრჩხილები ჰქონდეს და რაც მთავარია, ხინკლის და ღვინის სურნელს აფრქვევდეს. ყველაფერ ამ „ბედნიერებასთან“ ერთად აუცილებლად შავი ფერის ტანსაცმელი უნდა ეცვათ, ერთნაირი „პრიჩოსკები“ უნდა ჰქონდეთ (თუკი თავზე თმა ჯერ კიდევ შემორჩენიათ).
ჰო, მართლა, ჩაცმას რაც შეეხება, ძალიან მომწონს როდესაც კაცს ფერადი ტანსაცმელი აცვია, მომწონს აგრეთვე, როდესაც გემოვნებით შერჩეული აქსესუარებიც უკეთია. საბედნიეროდ, უმცროს თაობაში წამოვიდა გემოვნებით ჩაცმის ტენდენცია. მიხარია, რომ ჩემი რამოდენიმე მეგობარიც სწორედ ასეა შემოსილი, თავსაც უვლის და იდეალურ ფორმაშიც არის. სწორედ ამის გამო ხშირად მეუბნებიან, რომ ე.წ „პეტუხებთან“ ვმეგობრობ. ეტყობა, ამას შურის ნიადაგზე ამბობენ. ხოლო რაც შეეხება "პრიჩოსკებს", ვის არ მოხიბლავს კაცის მაგარი ვარცხნილობა?! სულაც არ არის სათაკილო, თუკი მელოტი კაცი თმებს გადაინერგავს.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ძველი თაობის ქართველ მსახიობ კაცებზე, სახელებს არ ჩამოვთვლი შეგნებულად. ისინი ხომ არა მხოლოდ ქართველების, არამედ სხვა ეროვნების ქალების საოცნებო მამაკაცები იყვნენ. სად წავიდა მათი შარმი, მათი ათლეტური აღნაგობა? რატომ აღარ უვლიან თავს, რატომ დაიდეს მამაპაპური ღიპები? რატომ არიან დღევანდელი სატელევიზიო სახეები ფორმადაკარგულები და მოუვლელები? ალბათ იმიტომ, რომ თვლიან რომ ხალხის სიმპატია უკვე განაღდებული აქვთ და მეტი რაღა უნდა ქნან. ნუთუ თვითონ არ აქვთ სურვილი, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, თუნდაც იმისთვის, რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის არ შეეშინდეთ?
მეგობრებო, შეხედეთ რა ფორმაშია 50 წლის ტომ კრუზი, ხანშიშესული რიჩარდ გირი, ჯორჯ კლუნი, რომელმაც 45 წელს დიდი ხანია გადააბიჯა და ასე შემდეგ. მიბაძეთ იმ კაცებს, ვინც თავს უვლის, ვინც ყოველთვის მოწესრიგებული და ფორმაშია, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. დამიჯერეთ, იმისათვის რომ კაცი მალე არ დაბერდეს, არც კრემების წასმაა სათაკილო. მოვლილი კაცი ნებისმიერ ასაკში ბევრად უფრო სასურველია ქალისთვის!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment