აღდგომის კურდღლები და ფერადი კვერცხები

Approved by Natia Jinjolava


ალბათ ბევრს აინტერესებს საიდან მოდის აღდგომის ინგლისური სახელწოდება Easter ან გერმანული  Ostern, ან რა კავშირი აქვს მაცხოვრის აღდგომასთან სააღდგომო კურდღლებს და შოკოლადის ფერად კვერცხებს. რეალურად არც არანაირი. ამ საგაზაფხულო ტრადიციის ფესვები წარმართობიდან და უძველესი რელიგიიდან მოდის. უბრალოდ,  ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად,  მისი ოფიციალური  „იდეოლოგია“ სულ ცოტათი შეიცვალა და ახალ რწმენას მოერგო, თავდაპირველი ლეგენდა კი დავიწყებას მიეცა.
გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში იყო ქალღმერთი Ostara, (ანგლო-საქსონებთან Eostre), რომელიც გაზაფხულს, განთიადს, ნაყოფიერებას, აღორძინებასა და ახალი სასიცოცხო ციკლის დაწყებას მფარველობდა. მისი სიმბოლები ახალი მთვარე, კურდღელი, კვერცხი (ათასფრად მოხატული კვერცხებით სავსე კალათი), ხორბალი და ბუმბული (ჰაერი) იყო. ოსტარას სახელობის დღესასწაულს გაზაფხულის (ახალი წლის) დადგომასთან ერთად გაზაფზული ბუნიობისას (დღე-ღამ ტოლობისას)  ანუ 21 მარტს აღნიშნავდნენ.
ამ ქალღმერთის სახელწოდების მრავალი ვარიანტი არსებობს და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა Eastre-მა მისცა დასახელება ინგლისურ აღდგომას და როგორ არ ეცადნენ ქრისტიანები ევროპელი ხალხისგან ძველი რელიგიის გადმონაშთები და ცრურწმენები აღმოეფხვრათ, ვერაფერს გახდნენ და მერე ნაცად ხერხს მიმართეს, ახალი რელიგიაში ძველის ტრადიციები და დღესასწაულები გადმოიტანეს, სახელი შეუცვალეს და თარიღი სულ ცოტათი ჩააჩოჩეს.
თავად კვერცხებისა და კურდღლის ლეგენდა კი ასეთია: ოსტარამ თოვლში ნახევრად გაყინული დაჭრილი ჩიტი იპოვა და დაჭრილი ფრინველი რომ არ მომკვდარიყო კურდღლად აქცია. მაგრამ მალე გაირკვა რომ გარდასახვამ მთლად იდეალურად ვერ ჩაიარა. ჩიტი კურდღლად კი იქცა, მაგრამ კვერცხების დებას განაგრძობდა. მადლიერმა კურდღელმა თავისი დადებული კვერცხები შეაგროვა, მოხატა, კალათაში ჩაალაგა და მხსნელს საჩუქრად მიართვა. ქალღმერთს ისე გაეხარდა, რომ გადაწყვიტა სიხარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა და მოხატული კვერცხების გაცვლა-გამოცვლა წესად აქცია.
სხვათა შორის ევროპულ მითოლოგიაში ფერად კვერცხებისმდებლად პერიოდულად წერო, გუგული, დურაჯი, ყანჩა და თვით მელაც კი გვევლინება. კვერცხისმდებელმა კურდღელმა კი განსაკუთრებულად დიდი პოპულარობა XVIII საუკუნიდან მოიპოვა და ერთმანეთისთვის კვერცხების ჩუქების ტრადიციაც დამკვიდრდა. თუმცა, ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, ეს ყველაფერი ჯვაროსნული ლაშქრობების ინიციატორ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკოს უკავშირდებაო. ხანგრძლივი ტყვეობიდან სახლში დაბრუნებულ მონარქს დიდი წვეულება გაუმართეს და საზეიმო სუფრა სულ ფერად-ფერადი კვერცხებით მორთული დაახვედრეს. მას მერე, ფერად კვერცხებს წარმატებისა და ბედნიერების ნიშნად ჩუქნიდნენო.
ასეა თუ ისე, ევროპელებს (ამერიკელებსაც) კურდღლებთან და კვერცხებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკმაოდ ლამაზი და სახალისო ტრადიცია აქვთ. აღდგომა ღამეს მთელ სახლში და მის შემოგარენში კვერცხებს (ხშირად, შოკოლადისასაც) მალავენ, ბავშვები კი დილით მათზე „ნადირობას“ აჩაღებენ. ასეთი თამაშის მასშტაბები ხანდახან წარმოუდგენელ ზომებს აღწევს -1985 წელს ქალაქ ჰომერში 80 ათასი სააღდგომო კვერცხი იყო დამალული.
ამასობაში კი სააღდგომო კვერცხებმა (Easter Eggs) აღდგომის ატრიბუტიკიდან კომპიუტერულ პროგრამებში, საიტებზე, ფილმებსა და თამაშებში გადაინაცვლა და პროგრამაში ჩადებულ „საიდუმლო სიურპრიზების“ დასახელებადაც იქცა. მაგალითად, Apple Mighty Mouse-ის გარკვეული კუთხით შებრუნებისას,  დიოდური განათებით დახატულ  თაგუნიას სიფათს დაინახავთ. ინტერნეტში არა ერთი საიტია გახსნილი, სადაც გეიმერები ერთმანეთს თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ „სააღდგომო კვერცხების“ და მათი საწყობების  ადგილსამყოფელის თაობაზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაზე საინტერესო „კვერცხები“ Blizzard Entertainment-ის თამაშებშია. რომლის პროგრამისტებიც არ იზარებენ და ყოველი ახალი სათამაშოს რომელიმე დონეზე აუცილებლად „მალავენ“ მინიშნებებს თავის ძველი „ცელქობების“ შესახებ და სრული სიამოვნებისთვის შემწვარი ქათმის და ლიმონათის რეცეპტსაც კი ტოვებენ.

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    დღეს ტელევიზიით სრული საოცრება მოვისმინე: კანადის ერთ-ერთ სკოლაში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა აკრძალეს. ერთ-ერთმა მასწავლებელმა ითხოვა, რომ სკოლაში სააღდგომო შეღებილ კვერცხებს ბავშვებს მივუტანო. დირექტორმა ნება დართო მხოლოდ იმ პირობით, რომ კვერცხებს სადღესასწაულო ბურთებს ან სადღესასწაულო სფეროებს უწოდებდა და სააღდგომო კვერცხების ხსენება სასტიკად აკრძალა! :))))))))))))))))

Post a Comment