ალპური ზონის საზამთროები და გუდამაყრელი ოჩოპინტრე

Approved by Natia Jinjolava

როგორც იქნა, გაზაფხულდა. დათბა, მზემ გამოანათა და ბებერი ძვლებიც შეათბო. რაღა გასაკვირია, რომ სულმა, გულმა და ზამთარში კომპიუტერთან საათობით ჯდომისგან ლამის ატროფირებულმა კუნთებმა გარეთ გაიწია. გიხაროდეთ მეგობრებო, პიკნიკების და მზეზე მიფიცხების დროც მოვიდა!
მთელი სეზონით გადანახული საპიკნიკო ამუნიცია მოვიძიე, ბლოგერავტორებს და ბლოგთან მიახლოებულ პირებს შევუცაცხანე, მანქანიანი ბლოგერავტორების „ლურჯები“ შევკაზმეთ და ლაშქრობისთვის განვემზადეთ. გზას გავუდექით, გზამ კი ფიქრი იცის და ძველი თავგადასავლებისა და ფათერაკების გახსენებას შევუდექით.
ოდესღაც ალპინისტობის ჟინს აყოლილნი, საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ ჩვენთვის რთული სიმაღლის დასაპყრობად გავემართეთ. გზად პატარა ალპური მდელო შეგვხვდა. ჩვენმა გამოცდილმა მეგზურმა გვითხრა, უკანა გზაზე ამ მდელოზე ვისადილებთო. მე და ჩემს ერთ მეგობარს ზურგჩანთებში თითო მომცრო ზომის საზამთრო გვედო და გადავწყვიტეთ, „რაღაზე ვათრიოთ, ბარემ აქვე სადმე გავაგოროთ“ (ჩვენს გარდა კაციშვილი არ ჭაჭანებდა და აბა, ვინ წაიღებდა?!) და ასეც მოვიქეცით. ხარფუხები სხვებისგან შეუმჩნევლად დავაბინავეთ და გზა გავაგრძელეთ. ექსპედიციის დეტალებით აღარ მოგაწყენთ. მდელოზე დავბრუნდით, კოცონიც დავანთეთ, ირგვლივ შემოვუსხედით და სადილობას შევუდექით. ჩემს მეგობარს ვეუბნები: „უი, ეს ის მდელო არ არის, შარშან საზამთროები რომ დავთესეთ?“ მანაც იაზრა, მიხვდა ჩემს მუხანათურ განზრახვას და მხარიც ამიბა. მხატვრულად მოყვა, გასულ ზაფხულს საზამთროს კურკები როგორ დავთესეთ. „წავალ, მოსავალს დავხედავო“ და „იმ ადგილის“ საძებნელად გაეშურა. რაღა თქმა უნდა, არავინ არ დაგვიჯერა. ცოტა ხანში ჩემი მეგობარი იღლიაში ამოჩრილი საზამთროებით რომ დაბრუნდა, ყველა წამოიშალა და დაღამებამდე მთელ მინდორზე არარსებულ საზამთროებს გაფაციცებით (ცხადია, უშედეგოდ) ეძებდა. ბოლომდე არ გამოვტყდით და ზოგიერთ იმდღევანდელ ექსკურსანტს დღემდე სჯერა, რომ საქართველოში ალპურ ზონაში საზამთრო ხარობს...
დედიკო რუმ ჩემი ძმის ვითომ „უწყინარი“ ხუმრობა გაიხსენა: წაღვერის პარკის ტყეში შესული, როგორ უცნაურ ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა და პარკში მოსეირნე დედები ამ ხმის გაგონებაზე უცხო მხეცის შიშით ბავშვებს სახლში როგორ მიარბებინებდნენ. ჩემი ძმა კი გულიანად გაერთო, მაგრამ წაღვერში თუ დაისვენებთ, შეიძლება დღესაც მოისმინოთ იქაურობას შემოჩვეული იდუმალი ნადირის ისტორია, რომელიც შემზარავად ყმუის.
ტყესა და უცხო მხეცზე დეიდა პოლის მისი მეგობარი გაახსენდა, რომელიც ერთ ზაფხულს ახლობლებმა გუდამაყარში წაიყვანეს და მერე დიდხანს ნანობდნენ. ერთ დღეს ტყეში მარტოსულად სეირნობისას ბიჭმა, დარწმუნებულმა, რომ სრულიად უკაცრიელ ადგილას იმყოფება, ბუნებასთან შერწყმა გადაწყვიტა, რაც იმით განახორციელა, რომ გზადაგზა ტანსაცმელს იხდიდა, აქეთ-იქით ყრიდა და ტყის სიღრმეში შედიოდა. ასე ლაღად დახტოდა და დანავარდობდა, მაგრამ საწადელის ბოლომდე ასრულება არ დასცალდა. ტანსაცმელი სრულიად რომ შემოიძარცვა, მისდა საუბედუროდ, ტყეში ფიჩხის საკრეფად ათიოდე წლის გოგონა შეხეტიალდა, დედიშობილა, თავგადაპარსული და წვერგაბურძგნული მოკუნტრუშე არსების დანახვაზე დაიზაფრა და სოფლიკენ უკანმოუხედავად მოკურცხლა. სოფელში „ტყეში ოჩოპინტრე ვნახე“-ს ძახილით შევარდა. ბებიამისმა, ჭარმაგმა, მაგრამ გულადმა მთიელმა ქალმა ჟაკანის თოფი გადმოიღო, მეზობლებს შეუძახა და იმათმაც, ვისაც რა ჰქონდა, (ქვა, თოხი, ორკაპი, წალდი) „იარაღი აისხეს“ და გოგონას წინამძღოლობით ოჩოპინტრეს შესაპყრობად გაემართნენ. აღარ მოგიყვებით, საბრალო ბიჭი ბუნჩქნარში მიმოფანტულ ტანსაცმელს როგორი სისწრაფით აგროვებდა, იცვამდა და მასპინძლის ოჯახისკენ თავის საშველად როგორ გარბოდა...
გზაში უამრავი მსგავსი ისტორია გავიხსენეთ, ბევრი ვიცინეთ, მოკლედ, გულიანად ვიმხიარულეთ. დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიეთ, ტრადიციული ჭიაკოკონაც გავმართეთ და მწვადსაც გეახელით.
ამაზე დეიდა პოლიმ შუაგულ საბურთალოზე, კორპუსის აივანზე მწვადის შეწვის თავისი დებიუტიც გაიხსენა. მეგობარმა ბიჭმა გოგოებს 5 კილო სამწვადე ხორცი და შამფურები მიუტანა და დაუბარა, „ერთ საათში მოვალ და გაწმენდილ-გამზადებული დამახვედრეთ, დანარჩენს მე მივხედავო“. დეიდა პოლი საქმეს ჩვეული აკურატულობით და სკურპულიოზულობით მიუდგა და ხუთკილოიანი სამწვადე ხორცი 1 კილო მჭლე და ქონ (და ყველაფერ) გაცლილ პაწაწინა ფილედ აქცია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ მას მერე დეიდა პოლი მწვადის დამზადების  რიტუალს სხვებს სიამოვნებით უთმობს და თავად საქმიანი და კონსტრუქციული (ხანდახან დესტრუქციული) შენიშვნებით შემოიფარგლება.

მოკლედ, მწვადი კარგი ვჭამეთ, მშვენივრად მოვილხინეთ, დანესტილ-დაჟანგებული სხეული გავამზეურეთ.  და ამ წლის პირველი პიკნიკიც ჩავატარეთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გასვლა გველის და ვნახოთ, ეს წელიწადი რამდენ ახალ კურიოზს და თავგადასავალს მოგვიტანს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment