4.4.11
კაცური სოლიდარობის ფარული მოტივები
Approved byქართველი კაცები ბევრ სხვა რამესთან ერთად, უზადო თანადგომითა და მეგობრობის ნიჭით ამაყობენ. თვლიან, რომ, მათ რომ იციან, ასეთი მხარდაჭერა და ერთგულება მსოფლიოში სხვას არავის შეუძლია. ჭირსა თუ ლხინში, ტყუილსა თუ სიმართლეში, თანამოძმის გვერდით სალი კლდესავით ურყევად დგანან და ფეხს არ იცვლიან.
ნეტავ, მართლა ასეთი მტკიცეა მათი მეგობრობა და კაცური სოლიდარობა?! დიახ, მაგრამ მანამ, სანამ საქმე, როგორც ერთხელ უკვე ვწერდით, მათი სიყვარულის ობიექტებს (სამსახურს, მანქანას და საყვარელ ქალს) ეხება.
არა, ერთი წუთით არ იფიქროთ, ერთმანეთს ღიად ერჩოდნენ ან ებრძოდნენ. ინტრიგა ჩუმად და ნატიფად იხლართება. „ვაჰ, რა კარგი მანქანაა გიყიდია! მეც მინდოდა, მაგრამ უფრო იაფი და უკეთესი ვნახე“... „შენი თორმეტიათასიანი კი კარგია, მაგრამ ჩემი მეზობელის ოთხიათასიანი გაგასწრებს“... „შენი ოციათასიანი „აუდი“ გლიჯავს, მაგრამ ბევრად იაფიანი „პასატის“ ასლია და „ფოლკსვაგენი“ უკეთესად დადის ჩვენს გზებზე“... „მაგარი მანქანაა, მაგრამ ბენზინს ბევრს წვავს“. თანაც ამ ყველაფერს ისეთ მანქანაზე ამბობენ, რომლის პატრონსაც ბენზინის ან საბურავის მაღალი ფასები ნამდვილად არ უნდა ადარდებდეს... და ახლა ნუ მომედავებით, რომ ეს შური არაა, თუნდაც კეთილგანწყობით შენიღბული და უწყინარი, და იმის მტკიცებასაც ნუ დამიწყებთ, რომ ამ ყველაფერს მეგობრის სიყვარულით აკეთებენ და მისთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. კარგი თუ გინდა, იხარე რა მოყვასის სიხარულით, ჩაუჯექი ახალ მანქანაში და კრიტიკის ნაცვლად, შენც ისიამოვნე და მასაც ასიამოვნე! ალბათ ისიც შეგიმჩნევიათ, ერთი ძმაკაცი მეორის გამონაცვალ მანქანას იაფად რომ იყიდის და მერე (ვითომ ხუმრობით) გაუთავებლად წუწუნებს, რა ნაგავი შეასაღეს და მანქანას რამდენი რამე უჭირს. შე დალოცვილო, მანამდე დღედაღამ მაგ მანქანაში არ იჯექი და მეგობართან ერთად „პროფილაქტიკაშიც“ არ დადიოდი? შენზე უკეთესად ვინ იცოდა, რა „ჯართასაც“ ყიდულობდი, და არც მანქანის და არც შენი მეგობრის ბრალია, გამონაცვალი თუ შეგრჩა.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ოცი წლის წინ ამერიკიდან ძალიან იშვითი „ჯიშის“ მანქანა ჩამოიყვანა და გარშემომყოფების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. იმ დროს საქართველოში სულ ორად-ორი ტაურუსი დადიოდა. ცოტა ხანში ტაურუსის ახალი მოდელი გამოვიდა, ისიც შეიძინა, პირველი კი დიდი ხნის წინ რიგში ჩაწერილ და მანქანის გადალოცვის მოუთმენლად მომლოდინე ძმაკაცს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა. იდეალურად გამართულ მანქანას საჩუქრად ახალი აკუმულატორი და მისი მიერთების ვრცელი ინსტრუქციაც მიაყოლა. ძმაკაცი (სხვათა შორის, პროფესიით ტექნიკოსი იყო და თავი გამოცდილ მძღოლადაც მიაჩნდა) პლიუს-მინუსში ვერ გაერკვა და სადენები უკუღმა შეაერთა. შედეგად, მთელი ელექტრობა გადაიწვა და მანქანა კარგა ხანს ვეღარ მოიყვანეს გონზე და „ხოდზე“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ტაურუსმა მას მერე 7 პატრონი გამოიცვალა და თბილისის ქუჩებში დღესაც მოძრაობს. მანქანის უხეირო მყიდველი ძმაკაცი დღემდე გაუთავებლად მოთქვამს, როგორ მოატყუა აფერისტმა მეგობარმა და გაუმართავი მანქანა როგორ შეაჩეჩა. ისე, კაცმა აკუმულატორის ჩადგმა თუ არ იცი, რად გინდა მანქანა? იარე ველოსიპედით და არც მოუხერხებელი კაცის და არც უმადური ძმაკაცის სახელს არ მოიხვეჭ.
კაცებთან დაკავშირებით ერთი გამოცანა მოსვენებას არ მაძლევდა. ერთმანეთის კარგი ბინა არასდროს ადარდებდათ, მაგრამ აი, აგარაკს რაც ეხება, ძალიან მტკივნეულად განიცდიან ერთი მეორის საზაფხულო სახლში ნანახი ყველა ნოვაციის ან კომფორტის ელემენტის არსებობას: “აუ, ტო, იმას ისეთი დაჩა აქვს...“ ამას წინათ მოვისმინე, ერთ ახლობელს მორიგი თაყვანისმცემელი (სხვათა შორის, ცოლიანი) შაბათ-კვირას აგარაკზე შავ ღვინოსა და რომანტიულ მუსიკაზე საცეკვაოდ როგორ ეპატიჟებოდა ტექსტით: „კარგად გავერთობით, შენ რაც არ გინდა, არაფერი არ მოხდება“. გონებაც გამინათდა და გამოცანაც ამოვხსენი: მამაკაცებს სახლში ცოლები უსხედან (ქართველი კაცის ცხოვრებაში ცოლის ფენომენზე სხვა დროს ვისაუბრებ), ერთმანეთის ცოლის ნაკლებად შურთ, აი, „დაჩაზე“ კი ქალები დაჰყავთ... ბუნებრივია, რომ ქალისთვის თავის მოსაწონი ბუდის მოწყობა საკუთარი ცოლისთვის კომფორტის შექმნაზე ბევრად მეტად მნიშვნელოვანია“ „იმას ცოლის სტატუსიც ეყოფა, სადღა წავა?“
რადგან ცოლ-საყვარლის მტკივნეულ, მაგრამ აქტუალურ თემას შევეხე, ბარემ კიდევ ერთ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომელიც ერთი კაცის მეორის საყვარლისადმი დამოკიდებულებას ეხება. მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ სხვისი უკეთესი ქალი გულზე არავის ეხატება. უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ და იტანენ, ითმენენ და ეგუებიან, ისიც ხელსაყრელი მომენტის დადგომამდე. ანუ რას ვგულისხმობ: მეგობრის რჩეულთან ახლობლობენ, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ვითომ ხელს არაფერში არ უშლიან და ხანდახან თითქოს უწყობენ კიდეც. ზურგსუკან კი ენებს ილესავენ, არ იზარებენ და, ვითომდა უნებლიედ, ქალის ყველა ნაკლზე მიუთითებენ გრძნობისგან „დაბრმავებულ“ მეგობარს. და ვაი იმ დღეს, ამ უკანასკნელმა სატრფოს ცოლად მოყვანა თუ განიზრახა! კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოგო მართლა კარგია და სხვების მეორე ნახევრებს სჯობია. შეტევა ჯერ შორიდან იწყება: კაცს მაქსიმალურად ასაქმებენ - დაჰყავთ სახინკლეებში, რესტორნებში, მხოლოდ მამაკაცების ოჯახურ შეკრებებზე, თან არცხვენენ „ქალის გულისთვის სულ დაგვივიწყე, ჩვენთვის აღარ გცალია, კაბა ვის არ უნახავს, შენ კი სულ დაიკარგე“. საბრალო ჭეშმარიტი ქართველი მამაკაციც თავისი ვაჟკაცობისა და საყვარელი ქალის გავლენის ქვეშ არყოფნის დასამტკიცებლად, ძმაკაცების ყოველ ზარზე სატრფოს ტოვებს და გარბის. აბა, რა უნდა ქნასო, მკითხავთ. მე არ მახსოვს, ჩემთვის რომელიმე დაქალს დაერეკოს და აღშფოთებულიყოს, საყვარელ მამაკაცთან ერთად ყოფნა ჩვენთან ყავის სმას რატომ გირჩევნიაო. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და, თუ ვინმე ამიხსნის, ძმაკაცებთან 5 დღე გადაბმული სმის შემდეგ ცოლ-შვილთან (საყვარელ ქალთან, ან თუნდაც მშობლებთან) დასვენების დღეების გატარების სურვილი რატომ არის სირცხვილი, მაშინვე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. ან ოჯახის მარტო სადღეგრძელოში კი არა, საქმეში სიყვარულიც ხელს რას უშლის თავმოყვარეობას? ქალი თუ უყვარს, ან ცოლად მოიყვანა, ბუნებრივია, რომ მასთან ერთად ყოფნაც უნდა, პირველ ხანებში მაინც.
მაგალითად, ჩემს „ალტერ ეგოს“ (მეორე ნახევარს) ძალიან კარგი ძმაკაცები ჰყავს, მაგრამ საკმარისია, სადმე ერთად წასვლა ან დასვენება დავაპიროთ და ამის შესახებ მისმა მეგობრებმა შეიტყონ, ტყდება ალიაქოთი, ტელეფონი არ ჩუმდება. ყოველ ათ წუთში ერთხელ რეკავენ და კიდევ და კიდევ ეპატიჟებიან სადღაც, ხან რა საქმეზე და ხან რა ღონიძიებასა თუ ღვინისძიებაზე. უარი არ ჭრის, რეკავენ და რეკავენ... ჩემს ქმარს კი კარგი ნერვები აქვს, მაგრამ... თუ თქვენ ამას ძმაკაცობას არქმევთ, მაშინ კაცების და მეგობრობის არაფერი მესმის.
მეგონა, რომ სტატიას კაცების სოლიდარობაზე (სინამდვილეში კი, მის არქონაზე ვწერდი), მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოლიდარობა არაფერ შუაშია, ამ ყველაფერ მარტივი სახელი - შური ჰქვია. ხანდახან გამიზნული, ხანდახან უნებლიე თუ გაუთვითცნობიერებული, მაგრამ მაინც შურია და, რა სახელიც არ უნდა შეურჩიო, შურად დარჩება. ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩება, რომ, როგორც ბრძენი ხალხი ამბობს, შური ყველაზე გულწრფელი და სუფთა გრძნობაა. ადამიანს თუ შურს, არასდროს არ ტყუის, მართლა შურს და ამას ვერსად წაუხვალ.
საუკეთესო სურვილებით, მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment