1.3.11
ერთიც დავლიოთ: ჩვენს დაშლა-არ მოშლას გაუმარჯოს!
Approved byთავადი გულბაათ ჭავჭავაძის დრო, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და ქართულ სუფრულ ტრადიციებში ბევრი რამე შეიცვალა. ქართველებს ბევრი დადებითი და ლამაზი წეს-ჩვეულება გვაქვს, და მათ შორის, ყველაზე მთავარი ქართული სუფრაა, რომელსაც გასტრონომიული ფუნქციის გარდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს - ადამიანების თავშეყრა, კომუნიკაცია და ურთიერთმოსიყვარულება. ყველამ იცის, რომ ქართველები თავისი სტუმართმოყვარეობით და გამასპინძლებით გამოირჩევიან, მაგრამ მოდით, ახლოდან ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
წარმოვიდგინოთ იდეალური ქართული სუფრა: ბარაქიანად გაწყობილ მაგიდაზე ხელგაშლილადაა დახვავებული ნუგბარ-ნუგბარი, გარშემო ტკბილად მომღიმარი დარდიმანდი ადამიანები უსხედან, ზოგი დარბაისლურად მასლაათობს, ზოგიც კერძებს აგემოვნებს, წარმოთქმულ სადღეგძელოებს ყურადღებით უსმენენ და ეთანხმებიან, ხმაშეწყობილად მღერიან, დროს ატარებენ და ერთმანეთი უყვართ.
ახლა რეალურ ქეიფს გადავხედოთ: მაგიდა იგივე, „აუდიტორია“ იგივე. აი, მშვიდი ბაასის ნაცვლად კი, მთვრალი ოხშივრით გაჟღენთილი ღრიანცელი, რომლის ჩახშობას ვიღაცა ჭიქაზე ჩანგლის კაკუნით და ვიღაცა სულაც გინებაშეყოლებული შეძახილებით ცდილობს. ერთმანეთს პირველი ნახევარი საათის შემდეგ აღარ უსმენენ. არადა, ყოველი მომდევნო სადღეგრძელო სულ უფრო გრძელი და გაუგებარი ხდება, ხშირადაც მეორდება.
ახლა თანმხლები წვრილმან- და მსხვილმანი დეტალები: გულკეთილი ასაკიანი დიასახლისი შენზე ზრუნვამ ისე გაიტაცა, რომ ჯიუტად ცდილობს თავისი ხელით გადმოგიღოს და ძალით გაგასინჯოს გადასარევად დაბრაწული გოჭის ნაჭერი და არ გიჯერებს, რომ ვეგეტარიანელი ხარ და მოკრძალებული უბრალო სალათი გირჩევნია. ამ დროს უკვე შექეიფიანებული გვერდით მჯდომი თანამეინახე თავისი მრავალგზის განალოკი ჩანგლით ზემონახსენებები სალათიდან კიტრის ნაჭრებს გულმოდგინედ გირჩევს და თეფშზე გიხვავებს. თამადა, ვინ იცის მერამდენედ, სვამს ოჯახის მორიგი წევრის სადღეგრძელოს, რომლის სახელსაც სუფრის მეორე ბოლოდან უკვე მოურიდებლად კარნახობენ.
ეგ არაფერი და, თავის დროზე ერთმა ბრძენმა ასაკოვანმა ქალმა დამარიგა: „სუფრიდან გასული და უკანდაბრუნებული კაცის ხელით მოწოდებული არაფერი ჭამოო. გასაგებია, რისთვისაც გავიდა და უმრავლესობას საპირფარეშოდან გამოსვლისას, სიმთვრალისგან ხელის დაბანა ავიწყდებაო“. მაშინ გავიკვირვე და არც დავიჯერე, მაგრამ ჩემდა უნებურად, დავაკვირდი. ჰოი, საოცრებავ, მართლაც ასეა!
ჰო, სადღეგრძელოებთან დაკავშირებით... არ იფიქროთ, რომ ქართულ სუფრულ ადათ-წესებს პატივს არ ვცემ, უბრალოდ, ზოგიერთი თამადის ზედმეტი „ნიჭიერება“ მაკვირვებს და განსაკუთრებით ქეიფის დასასრულს, საკუთარ გონიერებასა და დედაენის ცოდნაში ეჭვი მეპარება. ერთადერთ ნუგეშად მხოლოდ ის მრჩება, რომ სუფრის დანარჩენი წევრებიც იგივე მდგომარეობაში არიან და, ვისაც მეტისმეტი სიმთვრალის მიუხედავად მეტყველების უნარი ჯერ კიდევ შერჩენია, ჩუმად არკვევენ „რის სადღეგრძელოს ვსვამთო?“ (საზრიანმა ქართველებმა გამოსავალიც მონახეს და ახალი სადღეგრძელოც მოიფიქრეს: „წარმოთქმულს გაუმარჯოსო!“).
მე, აქ დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს რა უნდა გამიკვირდეს, და აი, ჩვენებურ სუფრაზე მოხვედრილი უცხოელები ხანდახან მეცოდებიან. პირველ რიგში, ძალიან უკვირთ ერთი ზოგადი მომენტი: ქვეყანაში, რომელიც მთელ მსოფლიოს დახმარებას ევედრება, ისეთი თვალუწვდენელი სუფრები იშლება და იმდენი ხელუხლებელი ხორაგი იყრება, მაშინ როცა გარეთ უამრავი მშიერი ადამიანი დადის. ხანდახან ჩვენი სადღეგრძელოებიც არანაკლებ აოცებთ.
ამას წინათ, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ერთი იტალიელი გვერდით მაგიდაზე გადაიპატიჟეს და დიდი პატივისცემის ნიშნად, ჩვენი პატრიარქის სადღეგრძელო დაალევინეს. მორჩილად დალია, მაგრამ ერთი კი დაიკვნესა: „ჩვენთან ჩამოსულ მართლმადიდებელს რომის პაპის სადღეგრძელო რომ დავალევინოთ, გესიამოვნებათო?“ იტალიელი არ მოასვენეს, მშვიდად ვახშამი არ აცალეს, მეორედაც დაუძახეს და კიდევ უფრო „დიდი პატივი სცეს“: თამადამ (რომელიც პროფესიით პროკურორი აღმოჩნდა) საკუთარ ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო ზედ სტუმრის ფეხებთან იატაკზე ჩაცალა, ნაპირალი ჭიქა შეუვსო და ქართული სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო დაალევინა. უცხოეთში პროკურორობა და საერთოდ, ზოგადად უმაღლესი განათლების ქონა, განათლების გარდა, ზრდილობის წესების აუცილებელ დაცვასა და ადამიანებთან ურთიერთობის კულტურასაც გულისხმობს. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ, რესტორანში მოხვედრილ ადამიანს საერთო თეფშიდან საკუთარი ჩანგლით კერძის გადმოღება და მითუმეტეს, ნახმარი ჭიქის სხვისთვის მიწოდება თავში აზრად არ მოუვა.
ეს რა არის და, ჩვენი სასამართლოს მესვეურებთან სტუმრად ჩამოსულ ვენეციის კომისიის წევრებს კასპის ყოფილმა პროკურორმა (ისევ პროკურორი!) გიორგი სააკაძის სადღეგრძელო ანთებულსანთლებდაკრული ყანწებით დაალევინა. საბედნიეროდ, სტუმრებს ქართული არ ესმოდათ და არ გაუგიათ, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა იგივე სადღეგრძელო შემდეგი სიტყვებით როგორ შესვა: „გიორგი სააკაძე კარგი კაცია, ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის ცოლ-შვილშიო“.
არ შემიძლია, ერთი ძალიან გულსატკენი მომენტი არ აღვნიშნო და ცხინვალში ნაომარი ბიჭის ნაამბობი არ გავიხსენო: საომარი მოქმედებების ადგილიდან თბილისში რომ ბრუნდებოდნენ და ათასგვარი ჭორისგან დაბნეულებმა ჯერ არ იცოდნენ, დედაქალაქი დახვდებათ თუ არა, თბილისის შესასვლელში, დიღმის ტრასაზე პირველი რაც დაინახეს, გაჩახჩახებული და ხალხით გადაჭედილი რესტორნები იყო. ეჭვი არ შეგეპაროთ, იმ რესტორნებში ყველა სუფრაზე განსაკუთრებული პათოსით სამშობლოს და სწორედ ამ ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის სადღეგრძელოები ისმებოდა.
კიდევ ერთი ქართული სადღეგრძელო მახსენდება. ბევრი თქვენგანი ალბათ ასეთი სცენის მომსწრეც ყოფილა, როცა ოჯახის თავი რატომღაც „თქვენობით“ და „ქალბატონოთი“ მიმართავს, სიყვარულს და პატივისცემას უმტკიცებს და ამაყად ადღეგრძელებს თავის მეორე ნახევარს, რომელიც მთელი დღე სამზარეულოში გახვითქული ტრიალებდა, მაგრამ მისთვის სუფრასთან რატომღაც ადგილი არ მოინახა.
ქართული ქეიფის დასასრული განსაკუთრებული ფენომენია, როცა მთვრალი კაცების ხროვა ხვევნა-კოცნით ჯერ ერთმანეთს დაერევა, მერე მასპინძლებს და უკვე კარის ზღურბლთან მისულებს (და ეს გზა სკამიდან გასასვლელამდე რა ხანგრძლივია ხოლმე!), გამორჩენილი სადღეგრძელოები ახსენდებათ და ჭიქას ითხოვენ! ლოშნა-ლოღნა ნადიმის კარგი დასასრულია, თორემ სიამტკბილობით დაწყებული სუფრა ხშირად აყალმაყალით და მუშტიკრივით სრულდება. დაბადების დღე ჯანდაბას და, აბა, საქორწილო სუფრა მარტივად და მშვიდობიანად როგორ ჩაივლის?! ასეთი გამოთქმაც მსმენია (ალბათ თქვენც) „ქორწილი უჩხუბრად ვის გაუგია?“
აი, ასეთია ჩემი ფხიზელი თვალით დანახული ჩვენებური სუფრა. ქეიფი და დროსტარება ძალიანაც მიყვარს (განსაკუთრებით, პირველი ერთი საათი), მაგრამ მეტისმეტი და ზღვარგადასული არაფერი ვარგა. მასპინძლის და ქართული ტრადიციის პატივისცემა თუ გინდათ, განეწყვეთ, რომ შეზარხოშებული თანამოქეიფეების აბეზრობა უნდა მოითმინოთ. ხოლო სიმთვრალისას საკუთარ ტემპერამენტს თუ ვერ აკონტროლებთ, მარტივი გამოსავალი არსებობს: ღვინის ნაცვლად ყურძნის წვენი დალიეთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
ახლა კი ნამდვილად ჩაგვქოლავენ - თქვენი მოსაწონი როგორ არაფერი არ არისო :) მაგრამ, მომკალით და მეც არ მიყვარს პირში გამონასლექ ჩანგალს ან სხვის ნაპირალ ჭიქას რომ მაწოდებენ. ერთი ჩემი ნაცნობი საკმაოდ ცნობილი ადვოკატი, რომ დათვრებოდა, თავისი ჩანგლით "ილოვიეში" მწვანე ბარდის მარცვლებზე იწყებდა ნადირობას. ერთი ორად ეჩვენებოდა და დიდხანს უმიზნებდა და სიმთვრალისგან ბევრი ხაიაც მოსდიოდა... მე კი ოლივი ისე მიყვარს...
რაც შეევება, ყველაფრის კრიტიკას, ამაზე ასე გიპასუხებთ: ჩვენ დაგპირდით, რომ ამ ბლოგში ბევრს ვიჭორავებდით. ჭორაობა კი კრიტიკაა. აბაm სად გაგიგიათ ვინმე ჭორაობდეს: ამან დისერტაცია დაიცვა, იმან ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავში გამოიყვანაო ... :)))
pirvel rigshi titsac ver dagakareben damijere:)) aseti simartle....da shen sul simartles moaxseneb qveynierebas jer ar dagiwernia:)) mere visac chveni dalagebuli ar uyvaaaars imis areuli.....:) pirvel rigshi minda samwuxaro paqtze gavamaxvilo yuradgeba, oms+restornebs vgulisxmob, ra tqma unda oms gvinis smac tan sdevs, magram ara tashpandurit sirumeze an dzen pabedize cekvit da cekvas ro morchebi im wutas dagupuli (ra mnishvneloba aqvs ra asakis kaci) 18 wlis bichis xsovnis sadgegrdzeloti. magram rogorc vicit mag sigijes chvenamde didi xnis win chaeyara sapudzveli,da yoveltvis iyvnen avadmyopebi, ras izam!!!! aris erti gamosavali, axali taoba irchevs (PEPSIs)) arays da RED BULLs:) tan dziritadad pacipistebi arian:))) exla cota moveshvat:) erti mitxari, kacebis nawili xelebs ar ibanso???:)) shen mgoni gasagebad gitxres kacebs tvalebshi uyureo :D me vici rashic aris saqme, shen xom tavmdabali adamiani xar da ra tqma unda sul dabla iyurebi :))))) am ucxoelebsac ro ar asveneben mesmis:) aba riti gavakvirvot ha???:) mereee.. visac qartuli supris lazati da mshveneba ar ugrdzvnia is siyvarulsac ver gaigebs, magram chventan kompleqsis moxsnis ertaderti elexiri gvaqvs da qartvelebze patara dozebi ar moqmedebs amitomac vdzgebit da mere grdzilebshi vkocnit ertmanets:)))DD da ertic mainteresebs exla gamaxsendaa: tu kacma xeli ar daibana da ert kitrs an pomidors sheexo?:)) ismis kitxva: ra daashava aseti im mtvralma kargma kacma tu qalma, romelmac mteli supra moamzada ar hqonda xelebi dabanili:)))) ase rom tu pardobitobis teoriis mixedvit vimsjelebt kitri da pomidori suptaa bidziaaa:))))))))))gaixaret mery and poli:DDDD
Post a Comment