ხომ გაგიგიათ: ერთი ქალის ფასი თმა ჰქონდაო...

Approved by Natia Jinjolava

როგორ მომენატრეთ, რომ იცოდეთ, ჩემო საყვარელო საზოგადოებავ! მე კი სულ არ მცალია, უამრავი საქმით ვარ დაკავებული, ქარივით დავქრივარ დუნიაზე და ვცდილობ ხან ვის ამოვუდგე გვერდში და ხანაც რა რჩევით დავეხმარო ვინმეს. ახლახან კალიფორნიაში გახლდით, მოგეხსენებათ, შვარცნეგერი გუბერნატორობიდან გადადგა და მეც სასწრაფოდ, დახმარებისთვის მიხმეს და მაშინათვე გავქანდი ელანძე. ასეა, ქურუმ-გურუმ-გურმანი რომ გახდები და ამხელა თანამდებობას მიაღწევ, ყველას შენი გამოცდილება და აზრი აინტერესებს. გამოცდილებას და ცოდნას კი ბაშვობიდან ვაგროვებდი, როდესაც დღისით გამურული შუშით ვიყურებოდი ზეცაში და ღამით დიდი დათვისა და ორიონის თანავარსკვლავედებს ანდრომედას ნისლეულთან ერთად ვაკვირდებოდი კოპერნიკივით და სანამ მე თვითონ არ დავრწმუნდი ჯორდანო ბრუნოს სიტყვების უტყუარობაში, რომ დედამიწა მართლაც ბრუნავს, ვერ მოვისვენე.  
ჰოდა, ამდენი დაკვირვებისა და ფიქრის შედეგად ცხრამეტი წლის ასაკში უკვე ჭაღარაშერეული გახლდით და ბუნებრივად მქონდა დღეს ასე მოდური მელირება. როგორც ხვდებით, თმის შეღებვასაც ადრიანად შევუდექი და ამ საქმეში ისეთ ოსტატობას მივაღწიე, ბევრი ცნობილი სტილისტი უკან ჩამოვიტოვე. ახლა ქალის სილამაზის ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხეთ: სალონში ნუ წახვალთ და თმა თქვენ თვითონ შეიღებეთ სახლში, რაც ფულისა და დროის ეკონომიას ერთდროულად მოგცემთ და გარდა ამისა, თქვენი ცხოვრება სიურპრიზებით გახდება სავსე. არ გჯერათ? აბა კარგად მომისმინეთ - ერთ მშვენიერ საღამოს თმის შეღებვა განვიზრახე და ყავისფერი საღებავი შევიძინე. ინსტრუქცია იქვე გადავაგდე, ჩემებური გურული ენერგიით გავაზავე და თავიც შევიღებე. მშვიდად დავიბანე და დავიძინე დილაუთენია გამოპრანჭული რომ წავსულიყავი სამსახურში. დილით წამოვხტი, მოვიკაზმე და სახლიდან გასვლის წინ სარკეში ჩავიხედე და თვალებს არ დავუჯერე - ჩემი თმა აღდგომის კვერცხივით წითლად იყო შეღებილი. ასე სახლიდან რაღას გავიდოდი, არადა ახლიდან შეღებვის დროც არ მქონდა. ჩემი სწრაფი აზროვნება მოვიხმე და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბებიაჩემის მეთოდი გავიხსენე. ე.წ. შავი „კაპიროვკა“ მოვძებნე და სასწრაფოდ მთელ თმაზე გადავისვი. სარკეში ჩემს თმაგაშავებულ და „კაპიროვკის“ საღებავისგან გალაქულ ღერა-ღერა ვარცხნილობადაყენებულ ორეულს კმაყოფილმა გავუღიმე და დამშვიდებული გავიჭერი სახლიდან. მთელი დღე ქუჩაში ვიწოწიალე, ყველა სახეობის ტრანსპორტი მოვიცვალე და უამრავი საქმე მოვილიე და ხალხის მიერ ჩემს მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება მაოცებდა. დიდი და პატარა თვალს ვერ მაშორებდა. გვიან საღამოს სამსახურამდეც მივაღწიე, ხელები დავიბანე და ანგარიშის ჩასაბარებლადაც მოვემზადე. ამ დროს თანამშრომელი ქალი მეუბნება: „უკაცრავად, მაგრამ ასეთი ფერის თმას პირველად ვხედავ, ამ ფერს რა ქვიაო?“ შეშფოთებული წამოვხტი, სარკესთან მივირბინე და... ჩემი ქოჩორი უმწიფარი წიწაკასავით ხასხასა მწვანე იყო... სახლამდე ძლივს მივაღწიე. თბილისის ერთი მესამედი იმ დღეს თურმე ჩემს თავზე გაჩაღებულ ნოვაციას დაუინტერესებია.
არ გჯერათ? თვითონ სცადეთ და ნახავთ - ყურადღების ცენტრში მაშინათვე მოექცევით და ქალსაც სხვა რა უნდა?!
ჩემს თავმოყვარეობას მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ თვითონ ის ქალბატონი, ჩემი ბალახივით მწვანე თმა ვინც მომახარა, წვიმიან ამინდში მეტროში გაშლილი ქოლგით შევიდა და ესკალატორზე და მატარებლითაც ისე იმგზავრა, რომ სანამ მის ქოლგასამოფარებული სხვა მგზავრები არ შეწუხდნენ, ვერაფერი შენიშნა...
მართლაც უსაზღვროა ქალის ფანტაზია, როცა საქმე სილამაზეს ეხება.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment