ძველეგვიპტელი მეწაღეები და თბილისური "ტრუსარდი"

Approved by Natia Jinjolava

სანამ თანამედროვე მოდის ტენდენციებს გავეცნობოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ფეხსაცმლის შექმნის ისტორია. ფეხსაცმელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8–9 საუკუნეში გამოიგონეს და მათ სხვადასხვა მასალისგან ამზადებდნენ. მაგალითად ეგვიპტეში აქტიურად იკერებოდა სანდლები პაპირუსისგან. სამწუხაროდ, მათი ტარების უფლება მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ უბრალო ადამიანები,  არამედ ფარაონის ცოლებიც კი ფეხშიშველები დადიოდნენ. ქმრებისგან განსხვავებით მათაც კი არ ჰქონდათ პაპირუსის სანდლების ტარების პატივი. სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება დღეს ასეთი პოპულარული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნა.
სანდლებს ატარებდნენ ძველი ბერძნებიც, რომელიც ცხოველის ტყავისგან იკერებოდა. ძველ ბერძნულ და ეგვიპტურ სანდლებს გრძელი თასმები ჰქონდათ, რომელიც მუხლთან იკვრებოდა. იმედია, ასთი სტილის ფეხსაცმელი მოსახერხებელი იქნებოდა  სახმარად. ე.წ  „შუზის“ ანუ ნახევარჩექმის გამოგონება კი ბიზანტიელების დამსახურებაა. წლების მანძილზე ძველბერძნულმა და ეგვიპტურმა სანდლებმა ტრანსფორმაცია განიცადა. შეიცვალა სტილი, მასალა, ქუსლის ფორმა და ასე შემდეგ. შედეგად მე–17 საუკუნიდან მოდაში შემოდის მაღალი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები.
ნეტავ, რა გვეშველებოდა ქალებს ასეთი სტილის ფეხსაცმელი რომ არ გამოეგონებინათ. ნეტავ,  რის კოლექციის შეგროვებას დაიწყებდა 21–ე  საუკუნის პოპულარული სერიალ „Sex and the City”–ს  მთავარი გმირი კერი ბრედშოუ?! მე–17 საუკუნის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იმდენად დიდი ქუსლი ჰქონდა, რომ საბრალო ქალები მხოლოდ ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდნენ. გამახსენდა: „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“ თურმე ადრე ქუსლის ფერსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად წითელი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ სამეფო გვარის  წარმომადგენლებს ჰქონდათ.
საბედნიეროდ, დღეს ყველა ქალს შეუძლია იმ ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მოსწონს მიუხედავად ქუსლის ფერისა და სტილისა.
ეხლა კი თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ: მოდით ვნახოთ რას გვთავაზობს  ჩემი საყვარელი ბრენდი Roberto Cavalli. როგორც ყოველთვის ამ ბრენდის ფეხსაცმელები შექმნილია უმაღლესი ხარისხის ტყავით. ამჯერად კავალი არც თუ ისე ღია მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ჩექმებს გვთავაზობს. კავალის მოდელები უნიკალურია თავისი ორიგინალური დეკორაციებით.
ვისაც სპორტული ფეხსაცმელი მოსწონს მისთვის საინტერესო იქნება Nero Giardini. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო  თუ რაოდენ დახვეწილია ნეროს მამაკაცის  ფეხსაცმლის კოლექცია.
არანაკლებ საინტერესოა Moschino-ს ქუსლიანი  სანდლები და ე.წ ბალეტკები ანუ ტაპკები (მაპატიეთ რუსული სიტყვების გამოყენებისთვის). ტაპკები წელსაც ისევე მოდაშია, როგორც გასულ წელს. რაც უფრო დიდი ვარდი ან ბაფთა ამშვენებს ამ სტილის ფეხსაცმელს, მით უფრო მოდურია იგი. 
მე რამოდენიმე ბრენდი შემოგთავაზეთ, მაგრამ ჩემო კარგებო, დამერწმუნეთ, ხანდახან არაბრენდი, უბრალო მაღაზიაში 50 ლარად  შეძენილი და გემოვნებით შეკერილი ფეხსაცმელი  შეიძლება უფრო გემოვნებით იყოს შერჩეული, ვიდრე რომელიმე ბრენდის ქმნილება.
ასე რომ, თუ რომელიმე მოდელი მოგეწონათ და ის ძალიან ძვირი ღირს ან კიდევ  საერთოდ ვერ იშოვეთ, ქართველი მეწაღეები შესანიშნავად შეგიკერავენ მის ანალოგს. ერთ–ერთ იტალიურ ჟურნალში Trussardi – ს ფეხსაცმელს წავაწყდი. სამწუხაროდ ისეთი ფეხსაცმელი ვერსად ვიშოვე. ამიტომ ერთ–ერთ  ქართველ მეწაღეს მივადექი ჩემი ჟურნალით. ერთი კვირის შემდეგ  მასთან დავბრუნდი  შეკერილი ფეხსაცმლის გამოსატანად.  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ხელში ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი, მეჭირა როგორსაც გამწარებული დავეძებდი მთელს დუნიაზე.
როდესაც ჩემი ფეხსაცმლით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა მკითხეს: „რა მაგარიაააა, ეს იტალიიდან ჩამოიტანე?“. მეც ავდექი და თავმომწონედ ვუპასუხე:  „ არა, ეს Achiko Trussardia”! :)”.
                                             
კეთილი სურვილებით,  თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

მურინები კუნძულ მურანოდან

Approved by Natia Jinjolava


ალბათ ბევრ თქვენგანს იტალიის ხსენებაზე ვენეცია აგონდება, ვენეციის ხსენებაზე კი - წყალი, საკარნავალო ნიღბები, კაზანოვა, რიალტოს ხიდი და ვინ იცის, კიდევ რა... მე კიდევ ერთი ძირძველი „ვენეციელის“ არსებობას შეგახსენებთ - მინას კუნძულ მურანოდან.
მინის ტექნოლოგია ვენეციელებმა მე-12-13 საუკუნეეში ბიზანტიიდან შემოიტანეს, თუმცა ვენეციის მკვიდრებს მინის წარმოება მანამდეც ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, ყველაფერი ბენედიქტელთა მონასტერში დაიწყო, როცა ბერებმა მონასტრის სახელგანთქმული ლიქიორისთვის მათარების დამზადება განიზრახეს. ასეა თუ ისე, ამგვარი მინის ნივთების, სამკაულების და ვიტრაჟების „სამშობლოდ“ ვენეცია ითვლება.
ჭკვიანმა და შორსმჭრეტელმა დოჟებმა, ხელნაკეთი მინა ჭეშმარიტად ვენეციურ მიღწევად გამოაცხადეს და ოსტატებს მინის წარმოების საიდუმლოს გათქმა მკაცრად აუკრძალეს (დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა). მეტიც, 1291 წელს ქალაქის მმართველობის დეკრეტით  მინის საამქროები შუაგულ ვენეციას მოაშორეს და კუნძულ მურანოზე გადაიტანეს, ვითომდა  „სანიტარული მოსაზრებებით“ (დეკრეტში სწორედ ასე ეწერა) - ანუ მინის საამქროების გავარვარებული ქურების მიზეზით გაჩენილი და გახშირებული ხანძრების თავიდან ასარიდებლად, სინამდვილეში კი მინის ტექნოლოგიის უცხო თვალისგან მოსაშორებლად. მურანოზე „გასახლებულ“ ოსტატებს სხვადასხვა პრივილეგიები ენიჭებოდათ, თუმცა ყველაზე მთავარი - თავისუფლად გადაადგილების, ანუ კუნძულიდან წასვლის უფლება ერთმეოდათ (ერთადერთი გამონაკლისი მინის ხელოსნების ქალიშვილები გახლდნენ, რომლებსაც ვენეციის მკვიდრებზე, მათ შორის დიდგვაროვნებზეც, გათხოვების უფლება უნარჩუნდებოდათ). მე-15 საუკუნეში მურანოზე, რომელსაც „მინის რესპუბლიკა“ შეარქვეს, 300-მდე საამქრო, საკუთარი მმართველობა და სასამართლო არსებობდა, იქაურებს ფულის მოჭრის უფლებაც კი მიეცათ.
ვენეციური (და აწი უკვე „მურანოს“) მინის ისტორია დრამატულია. ვინ მოთვლის ტექნოლოგიის საიდუმლოების ძალით თუ ეშმაკობით გაგების მცდელობებს, ხელოსნების მოსყიდვებს, გადაბირებული ოსტატების ტრაგიკულ დასასრულს... მეტიც, გაქცეული ხელოსნის ნათესავებსაც კი ხშირად საპყრობილეში წლების გატარება ელოდათ. მკაცრი ზომების მიუხედავად, ტექნოლოგიის ნიუანსებმა მაინც „გაჟონა“ და ნელ-ნელა ეს ხელობა სხვებმაც აითვისეს, თუმცა „ვენეციური“ იდუმალება მაინც ხელმიუწვდომელი დარჩა.
ვენეციურ მინას ზეობაც ახსოვს და მივიწყებაც. მე-15 საუკუნეში ასეთი ნაკეთობები მთელი ევროპის სამეფო კარებს ამშვენებდა, მერე „უღალატეს“ და მიივიწყეს, მე-19 საუკუნეში ხელახლა „აღმოაჩინეს“. ევროპელ წარჩინებულებს შორის ვენეციური მინის დეკორატიული ნივთის (ჭურჭელი იქნებოდა თუ სანელსაცხებლე) შეძენა ან საჩუქრად მირთმევა კარგ ტონად ითვლებოდა, ასეთი მინა პატრონის სიმდიდრეზე მეტყველებდა. ცნობილია მარია მედიჩის მომცრო წიგნის ზომის უძვირფასესი ვენეციური სარკე, რომელიც ვენეციის რესპუბლიკამ მას საფრანგეთის მეფეზე დაქორწინებისას მიართვა.
მურანოს მინის დაბადებიდან საუკუნეები გავიდა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრი სიახლე შემოიტანა, მაგრამ ამ მინის წარმოებაში ცვლილებებმა ფეხი ვერ მოიკიდა. ხელობის (ხშირ შემთხვევაში, ოჯახური) საიდუმლო დღესაც თაობიდან თაობაზე გადადის. მასალის შერჩევის და შერევის პრინციპები, სამუშაო იარაღებიც და ღუმელის გახურების ტექნიკაც უცველელი დარჩა. სხვადასხვა ფერის მისაღებად დღესაც იგივე მინარევებს ამატებენ, რასაც საუკუნეების წინ იყენებდნენ: მწვანე, წითელი და თეთრი ფერისთვის მინას რკინის, სპილენძისა და კალის ჟანგებს ურევენ, ოქრისფრისა და ლურჯისთვის - ოქროს და კობალტის ფხვნილს. მიღებულ მასას სხვადასხვა ტექნიკით ამუშავებენ:
ფილიგრანული - მინაში რძისფერი „ძაფების“ ჩართვა და „დაქსელვა“;
აქატისებრი - ნაირფერი შრეებით აქატის ზედაპირის მსგავსი შეფერილობის მიღება;
ავანტურინი - გამლღვალ მინაში სპილენძის ნამცეცების დამატება (ეს ნამცეცები მინის გაცივებისას კრისტალიზდება და ოქროსფრად ციმციმებს);
მოზაიკური „Millefiori“ - მინის ძაფების გრეხილის განივი კვეთით ყვავილების ან ვარსკვლავების ფორმის ორნამენტების შექმნა (ასეთ ორნამენტს „Murrina“ ჰქვია);
კრაკელაჟი - მაღალი და დაბალი ტემპერატურების მონაცვლეობით მინის ზედაპირზე დეკორატიული ბზარების მიღება;
პულეგოზო - გავარვარებული ღუმელისა და ცივი წყლის სწრაფი მონაცვლებით მინაში შეღწეული ჰაერის ბუშტუკებით ნაკეთობის ზედაპირის „მოხატვა“.
ტექნოლოგიის აღწერით და ბერვის პროცესის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, თუ ვინმეს მოგეპოვებათ ასეთი მინის გულსაკიდი, ჭიქა ან სულაც ერთი ციცქნა მძივის ბურთულა, ხელისგულზე დაიდეთ და დააკვირდით: სითბოსაც იგრძნობთ და ნაირფერი სხივების ჯადოსნურ ციმციმსაც დაინახავთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

უწიგნურთა უმეცრება და „წიგნიერთა“ სიბრიყვე

Approved by Natia Jinjolava

რამდენიმე წლის წინ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები (სკოლა, ის-ის იყო, დაამთავრეს) მესტუმრნენ და ბაქი-ბუქით წამეტრაბახნენ, ერთ-ერთ ბარში ვიღაც მაგარი „ნაშა“ როგორ ოსტატურად „დაკერეს“. ასეთი  რა ჰქენით-მეთქი, დავინტერესდი. მოდურ ბარში მსხდარან, გვერდით მაგიდასთან ვიღაც სიმპათიური გოგო იჯდა. მისი ყურაღების მისაქცევად ყმაწვილებმა ხმამაღალი საუბარი გააბეს და ერთმანეთს გასულ ზაფხულს ვენეციაში წარმოსახვითი მოგზაურობის ამბებს ახსენებდნენ. ოინმა გაჭრა და გოგონამ ბიჭების მაგიდასთან გადმოინაცვლა.  აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. ეშხში შესული „ნორჩი მოგზაურები“ გოგოს  თავს აწონებდბენ და აზარტით მოუთხრობდნენ, რომ თურმე ერთ დღეს ვენეციაში „იქაური ნავით“ სეირნობდნენ, ამ დროს რომელიღაც აივნიდან მომხიბვლელმა იტალიელმა ქალმა გადმოჰყო თავი და ბიჭებს „ფიესტა, ფიესტა“ დაუძახა. ჩემი ძმა ფეხზე წამოხტა, ნავში შემთხვევით აღმოჩენილი ყვავილების თაიგული ქალს სტყორცნა და ამ ჩოჩქოლში წყალშიც გადავარდა. არ დაიბნა, წყლიდან თავი ამოყო და ქალს მხიარულად შესძახა: „სიესტა, სიესტა!“-ო. ქალთან ერთად ის დღე როგორ გაატარეს, აღარ მოვყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ტყუილმა შედეგი გამოიღო - ქართველი გოგონა, ვენეციელ ქალს თავი რომ მოაწონეს, ისეთ ვაჟკაცებს, აბა, როგორ დაიწუნებდა?!
ბევრი ვიცინე და „ახალბედა კაზანოვებს“ მერე მოვუყევი, სინამდვილეში რა მოხდა: მათი ნაამბობის მიხედვით, ბიჭები გონდოლათი სეირნობდნენ, ვენეციელმა ქალმა რატომღაც ესპანურად მიაძახა: „დღესასწაულიო“, ანუ „მოდით, ბიჭებო, კარგად გავერთოთო“. ვენეციური არხის ბინძურწყალნაყლაპმა ჩემმა ძმამ კი აღტაცებულ ქალს, ასევე ესპანურად „რა დროს ეგაა, წადი ქალო, დაიძინე“, უპასუხა („სიესტა“ ხომ შუადღის ძილია). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ჩემი ძმა და ვერც მისი მეგობრები და, მით უმეტეს ქართველი გოგონა, უკვე „გასაერთაშორისოებულ“ ტერმინებში მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ ერკვეოდნენ.
ბავშვების რა მიკვირს, ეს გაუგებრობა მათ უმწიფრობას დავაბრალოთ. არაერთი ე.წ. „ინტილიგენტი“ ვიცი, „გენოკოლოგთან“ „შიკოლათით“ და „კანიაკით“ ხელდამშვენებული რომ მიდის. „კალიდორი“ და „მანიქაშიც“ არაერთხელ გექნებათ გაგონილი. ბევრი მოდასაყოლილი იურისტისგან მსმენია, „ცივილიზებულს“ (განვითარებულს) „ცივილურში“ (სამოქალაქოში) რომ ურევს და, ვერავინ დამაჯერებს, ამ ტერმინების მნიშვნელობა რომ არ იცოდეს, უბრალოდ, „რუსთავი-2“-მა ხელის ერთი მოსმით სიტყვები: „ცივილური“ და „ფოიერვერკი“ დაამკვიდრა. ნეტავ ასეთი ენთუზიაზმით მართლა საჭიროსაც ვსწავლობდეთ! ალბათ „შამპანიურის“ მოყვარულებსაც იცნობთ, ახლობლები „რეამინაციაში“ რომ უწევთ, ან „წალამალა“ თავი სტკივათ... და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შესანიშნავი სიტყვა „გვქონია“: სამსე, სტაიანჩიკი, ბასანოჭკი, კასტუმი, კასტრული, მარშუტკა, "ნაპალეონი"... „მანქნების“ მარკებს არ იკითხავთ? „ბენვე“, „რენაულტი“, „პეჟოტი“, „ლამბორჯინი“, „ხა-5“ და სრულიად შედევრი და ჩემპიონი - ვიღაცამ ინგლისური „Jeep“-ი, კაცმა არ იცის, რა ენაზე, მაგრამ „ლეერად“ წაიკითხა და „მუავტო.ჯი“-ზე დადო გასაყიდად. ადამიანმა უცხო ენა რომ არ იცის და ზოგიერთი სიტყვის დაწერილობაში ვერ ერკვევა, დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ არც იმით დაშავდება რამე, ასეთ შემთხვევაში თავი რომ არ გაიმასხრო და ვინმე მცოდნეს ჰკითხო.
ერთხელ ერთმა მეგობარმა ფრანჩესკო როზის „კარმენი“ მომიტანა. ჩვენც სიამოვნებით ვუყურებდით. ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტი შემოგვესწრო და ფილმის მსვლელობამ ჩაითრია. გოგოს ეჩქარებოდა, წასასვლელი იყო და შეგვეხვეწა: „მითხარით რა, როგორ მთავრდებაო“. მერიმე რომ წაკითხული არ გაქვს, არც ამით ფუჭდება რამე, მაგრამ ხოსემ რომ კარმენი მოკლა, უნდა იცოდე და „ჰაბანერა“ მაინც უნდა გქონდეს მოსმენილი. და, კარგი ბატონო, ნუ გეცოდინება ოპერის ავტორი ვინ არის.
ვან გოგის მზესუმზირების დანახვისას, ერთი ჩემი ნაცნობი ისტორიკოსივით არ უნდა ჰკითხო რეპროდუქციის პატრონს, ტილო მისი დახატული ხომ არ არის და „ვან გოგენზეც“ არ უნდა გიჟდებოდე. ამაზე დოსტოევსკის საბრალო „იდიოტი“ გამახსენდა, ერთმა ჩვენმა „светская львица“-მ საქვეყნოდ ამაყად რომ განაცხადა: მართალია, ქართულ კლასიკას არ ვიცნობ, მაგრამ მამაჩემმა ევროპულ შედევრებს მაზიარა და დოსტოევსკის „კრეტინი“ წაკითხული მაქვსო. ერთ სკოლაში საახალწლოდ „მაკნატუნაზე“ დასასწრები ბილეთები დაარიგეს. მასწავლებელმა მშობლებს დაურეკა: „ნინო ანანიაშვილი მონაწილეობს და ბავშვი აუცილებლად წაიყვანეთო“. ერთ-ერთმა მშობელმა იკითხა, ეგ რომელ თეატრშია და ვინ თამაშობსო.
შეიძლება კითხვა არ გიყვარდეს და სწავლით თავს არ იკლავდე, მაგრამ ზოგადი განათლების ნასახი მაინც აუცილებლად უნდა გქონდეს. საღამოობით ოჯახური საუბრებიდან, ტელევიზორიდან, ფილმებიდან და თუნდაც ინტერნეტიდან ის მაინც უნდა იცოდე, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია“ მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არ იყო, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა და საერთოდ, ასე მითიურ პერსონაჟებს ერქვათ; შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში ხანდახან ხატავდნენ კიდეც და ა.შ....


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქართველი მთარგმნელის მძიმე ჯვარი და ჯვარცმული მკითხველი

Approved by Natia Jinjolava

აწ განვლილ ზამთარსა და უამინდობაზე უმცროსკლასელებისთვის გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან რუსულიდან ქართულად თარგნილი ლექსის ტაეპი გამახსენდა: „ქარი ზეცას მგლებით ფარავს“. აბა, თუ გეცნობათ? ჰო, ჰო, ესაა: „Буря мглою небо кроет“...
ადრე უცხო ენიდან  ნათარგმნი  წიგნების  თავფურცელზე  ყოველთვის უთითებდნენ „ამ და ამ  ენიდან თარგმნა მავანმა“. მერე ამ ფრაზიდან ენის მინიშნება ნელ-ნელა ამოიღეს, ახლა კიდევ უფრო გაამარტივეს და ახალი ფორმულირებაც გამოიგონეს „გადმოაქართულა...“
რას არ შეხვდებით ბოლოდროინდელ ნაბეჭდ ლიტერატურაში? არა, თარგმანებში ადრეც ბევრი შეცდომა თუ ლაფსუსი შეინიშნებოდა, მაგრამ დღეს... მე და ჩემი მეგობრები ასეთი „მარგალიტების“ შეგროვებამ გაგვიტაცა და მინდა, თქვენს წინაშე ჩვენი „კოლექციის“ რამდენიმე ფასეული ექსპონატი გამოვფინო.
ადრე თუ თარგმანებში არსებული შეცდომები ხშირ შემთხვევაში სინონიმის არასწორი შერჩევით ან იდიომატური გამოთქმის პირდაპირი გადმოტანით იყო გამოწვეული, დღეს შეცდომათა უმრავლესობას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. ქართული ენის ცუდად ცოდნა და ზოგიერთი სიტყვის  მნიშვნელობის მცდარი გაგება (ამ შეცდომის თავიდან არიდებისთვის, მიმართეთ ისეთ  შესანიშნავ ხერხს, როგორიცაა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩახედვა და საკუთარი ცოდნის გადამოწმება); 2. ზოგადი განათლების ხარვეზები (გამოსავალი ასეთ შემთხვევაშიც მოინახება - საჭიროა არა მარტო თარგმნა, არამედ კითხვაც! და, რაღა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში ენციკლოპედიების მოშველიება).
განათლების სისტემაში სახელმძღვანელოების დღეისათვის არსებულმა მრავალფეროვნებამ ბევრი წააქეზა „თავისი სიტყვა ეთქვა“. უფრო ყოჩაღებმა საკუთარი შექმნეს, უფრო ზარმაცებმა კი იოლ გზას მიაგნეს და სხვადასხვა ენებიდან „გადმოაქართულეს“. აი, სწორედ ამ უკანასკნელმა ფენომენმა გამოიწვია  ასეთი „გაპარული“ შეცდომების მთელი საბადოს გაჩენა. რუსული ენიდან ნათარგმნი ისტორიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში უჩვეული ფრაზების მთელი თანავარსკვლავედი აღმოვაჩინეთ: „ერთ მუშტად შეკრული გლეხები“, არც მეტი არც ნაკლები, „кулаки“ ყოფილა, „დიდხანს მცხოვრები გლეხები“ კი (ეტყობა, მთარგმნელი გლეხებს ერჩოდა მაინცდამაინც) – „зажиточные крестьяне“.
ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგამოცდო ტესტებში ორი „შედევრი“ დაგვხვდა: „сероводородный“ ქართულად თურმე რუხ-წყალბადოვანია, ხოლო კითხვაზე „ექიმმა სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს“ სწორი პასუხი ასეთი იყო: „სისხლის მიმოქცევა უნდა შეაჩეროს(!!!)“. აქ თარგმანი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ალბათ არც მთარგმნელმა და არც გამსწორებელმა არ იცოდა, რა განსხვავებაა „დენასა“ და „მიმოქცევას“ შორის. წარმოიდგინეთ საბრალო პაციენტი, რომელიც ამ ტესტჩაბარებულ ექიმთან გაჭრილი თითით მივიდა და ჭრილობის გადახვევის ნაცვლად, საიქიოს გაისტუმრეს!
ექიმებზე უკეთეს დღეში  არც ინფორმატიკა-კომუნიკაციის დარგში მომუშავენი არიან. გარდა იმისა, რომ ინტერნეტკავშირის გასაუმჯობესებლად თურმე „ბითუმ-ბოჭკოვანი კაბელი“ („оптико-волоконный“) გაჰყავთ, ქართულ საიტებზე ათასი გაურკვეველი ჯურის ტერმინი ხვდებათ: მაგალითად, ერთი ქართული ბანკი ერთ დროს (საბედნიეროდ, შეასწორეს), გარკვეული ოპერაციის ჩატარების შემდეგ ასეთ რამეს გთავაზობდათ: „დააჭირეთ მჭიდროდ“. „მჭიდროდ“ თურმე “close“-ის ქართული ვერსია ყოფილა, ვიღაც განსაკუთრებულად ნიჭიერ ენის სპეციალისტს კომპიუტერული ტერმინი „დახურვა“ საერთოდ დაავიწყდა, ინგლისური სიტყვის კიდევ ერთი მნიშვნელობა „ახლოს“ არ მოეწონა და ლიტერატურულად გააკეთილხმოვანა... რას არ შეხვდებით ქართულ ვებ-სივრცეში! ზოგან „ძებნის“ ნაცვლად „გამოკვლევა“ შეგხვდებათ, ზოგან „shortcut” „სწრაფმხმობია“ (კაცი ენას მოიტეხს!), ზოგან საიტი „რუქა“ სულაც „კარტოგრაფიაა“ და ასე შემდეგ... ჩემი მეგობარი ქართულ საიტებზე მოტანილი ფილმების სათაურების თავისებური თარგმანებით ტკბება: „სტანციის მაყურებელი“ („Станционный смотритель“), „დედალი ჭრელა“ („Курочка ряба“), „კი, არა, ალბათ“ (ამ ფილმის ნამდვილი სახელი დედანში ასე გამოიყურება: „Definitly no“. როგორც ჩანს,  „გადმომქართულებელს“ ინგლისური ენა არ ხელეწიფებოდა და რუსული მოიშველია, მაგრამ აქაც არ გაუმართლა და იდიომატური გამოთქმა დახვდა: „Да, нет, наверное“), „გასროლილი ბეღურა“ („Стрелянный воробей“ - ესეც იდიომატურ გამოთქმაზე წაბორძიკების შემთხვევაა), „მასკის შვილი“ („Сын маски“ - კომენტარი ზედმეტია).
არანაკლებ საუნჯეს ვხვდებით მასმედიის წერით და ზეპირმეტყველებაში. თუმცა აქ მთარგმნელზე მეტად, რედაქტორი სცოდავს: ჩვენი ჟურნალისტებისთვის „ნაღდი ფული“ რატომღაც „ნამდვილი ფულია“, სოჭი და ბიჭვინთა - „სოჩა“ და „პიცუნდა“, მდინარე იორდანე - „ჯორდანე“, პლანეტა იუპიტერი - „ჯუპიტერი“, იოანე ნათლისმცემელი - „ჯონ მნათვლელი“, ხოლო კრეტიენ დე ტრუა - სულაც „კრეტიენ ტროიანელია“. იცოდით, რომ “Joan of Arc” (ჟანა დ’არკი) „ჯოუნის კიდობანი“ ყოფილა? მე -არა...
ეგ რაა და, ფრაზა „კოსმონავტები ღია კოსმოსში ზურგზე გიშერმოკიდებული გავიდნენ“ რომ წავიკითხე, ძალიან დავიბენი. ჯერ ვიფიქრე, რომ კოსმონავტები ცრუმორწმუნე ხალხია და გათვალვის ეშინიათ, მერე ფრაზა ინგლისურად „გადავიყვანე“ და ყველაფერი ნათელი გახდა: ჩვენს სულსწრაფ მთარგმნელს სიტყვა „jet“-ის მნიშვნელობათა ჩამონათვალი, ეტყობა, ბოლომდე არ წაუკითხავს და პირველივე განმარტებაზე შეჩერდა. თვალი ოდნავ დაბლა რომ ჩაეყოლებინა, „რეაქტიულ ძრავასაც“ იპოვიდა...
არ შემიძლია, ქართული ჟურნალისტიკის სიტყვაკაზმული აბსურდის კიდევ ერთი მაგალითი არ მოვიყვანო. 2007 წელს გაზეთი „რეზონანსი“ ასეთი „ნიუსებით“ გვანებივრებდა: „ავსტრალიელმა ბუნების დამცველებმა გუშინ უდიდესი გომბეშო დაიჭირეს. მისი სიგრძე 40სმ-ს აღემატება, წონა კი - კილოს. როგორც დამჭერთა კოორდინატორმა, გრემ სოიერმა განაცხადა, ეს გომბეშო ხვადია და, იმის გათვალისწინებით, რომ ხვადი გომბეშოები მდედრებზე გაცილებით ტანმორჩილნი არიან, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა საძაგლობა იქნებოდა მისი დედა ან და. არადა, ეს იმ ჯიშის გომბეშო ყოფილა, რომ აკოცებ და ვასილისა პრეკრასნაიად რომ გადაიქცევა. ეს, რასაკვირველია - ხუმრობით. სერიოზულად კი ამ ჯიშს შაქრის ლერწმისა ეწოდება, ის შხამიანია და ავსტრალიაში მისი წარმომადგენლები 1930-იანებში გადაასახლეს იმ მიზნით, რათა მისი დახმარებით ლერწმოვანს შესეული ხოჭოეული მოესრა. მაგრამ ამ გომბეშომ არამარტო ხოჭოეული მოსრა, არამედ კონტინენტის არაერთი სხვა სახეობაც დააზიანა, თავისზე პატარები იმით, რომ შეჭამა, მოზრდილები კი - მაგალითად, გველ-ნიანგეული - იმით, რომ შეეჭმევინა. ჰოდა, დადის ახლა მისტერ სოიერი თანამოაზრეებთან ერთად და თავად ამ ჯიშის გომბეშოთა განადგურებას ცდილობს“ (სტილი, პუნქტუაცია და ა.შ. დაცულია!!!)
კლასიკით დავიწყე და კლასიკით დავამთავრებ. ქართველი მთარგმნელები, ეტყობა, განსაკუთრებით პუშკინს „სწყალობენ“ - პოემაში „რუსლანი და ლიუდმილა“ 33 გოლიათი აქაფებული ზვირთებიდან „ზღვაში შეძენილ ბიძას თანხლებით“ რომ ამოვიდნენ („...Тридцать три богатыря, Все красавцы удалые, Великаны молодые, Все равны, как на подбор, С ними Дядька Черномор...“), წიგნი დავხურე...
იგავის მორალი ასეთია: „მრავალ ენათა წრთვნილი“ თუ ხართ, წიგნები ორიგინალში იკითხეთ. აბა, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ზღაპრის შინაარსის ამარა დარჩენილი, სტილ- და აფორიზმებშემოძარცვული, უცხო ენაზე „გატყავებული“ „ვეფხისტყაოსანი“...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ძაღლის საბელზე გამობმული პატრონები

Approved by Natia Jinjolava

a
გუშინ ერთი იუმორისტული სტატია წავიკითხე იმაზე, თუ რამდენი რამე იცვლება ცხოვრებაში, როდესაც ძაღლის პატრონი ხდები. სტატიის ავტორის აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება და ხდები აბსოლუტურად „სულძაღლიანი“, მთელი დღის გეგმები იწყობა და ინგრევა ამ არსებისა და მისი კეთილდღეობისთვის. დღეს ძაღლთან ერთად სეირნობისას, ზუსტად ამ თემაზე წამოვიწყეთ საუბარი მე და ჩემმა მეგობარმა და თანამოსეირნე ჰელგამ. აღმოჩნდა, რომ სტატიას მასაც წაუკითხავს და ორივემ უცებ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა და, რა თქმა უნდა, არ მოხდება. რას ჰქვია, მთელი ცხოვრება და ყოველდღიური გეგმები ძაღლს მიუსადაგო და მის მიხედვით ააწყო? ჩვენი საერთო აზრით, პირიქით მოხდა - ძაღლი მოგვერგო ჩვენ და არა ჩვენ - ძაღლს.
თუმცა სტატიის ავტორს ერთ რამეში ვეთანხმები: ძაღლის მოყვანის პირველივე დღიდან უნდა დაემშვიდობო გაქათქათებულ ფარდებს, გაპრიალებულ შუშებს და სუფთა იატაკს. სამაგიეროდ, რამდენი დადებითი ენერგიით ივსები? მაგალითად, ბუნებაში სეირნობისას. ადრე თუ ჩემი ბუნებასთან ახლო ურთიერთობა ინსტიტუტიდან შატალოზე ვაკის პარკში გაპარვით შემოიფარლებოდა, მას მერე, რაც გერმანული ნაგაზის პატრონი გავხდი, საათობით ტყე-ღრესა და მინდორ-ველში დავხეტიალობ, ხანდახან სიამოვნებით (მზიან თბილ ამინდში), უმეტესად კი გაწუწული, ტალახიანი და სიცივისგან მობუზული. არ გეგონოთ, რამეს ვჩიოდე, პირიქით! ხომ ამბობენ, ცუდ ამინდში სეირნობა ადამიანს აკაჟებსო, ჰოდა, მეც ჯიუტად ვსეირნობ ქარშიც და წვიმაშიც და ველოდები, როდის გავკაჟდები (ალბათ ეს მორიგი გაციება რომ გამივლის, მაშინ უკვე ნამდვილად... ვნახოთ).
ამ წლებში კიდევ ერთი დადებითი თვისება გამივითარდა. ვისაც ოდესმე ძაღლი ჰყოლია, მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა კარგი მხედველობა. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, რა დამზაფვრელია, როცა ძაღლი მოულოდნელად, ფაქტიურად თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდება (იმიტომ, რომ სადღაც კატამ დაიკნავლა, ან ჩიტმა შეიფრთხიალა), მიმიხვდება, რამხელა შიში განვიცადე, როდესაც ჩემი ძაღლი მინდორში აშვებისთანავე გასროლილი ისარივით შევარდა ტყეში და ირემს გაეკიდა (ჰოი, საოცრებავ და საქართველოში წარმოუდგენელო სასწაულო!). დიახ, ტყეში ირმები ცხოვრობენ, მინდვრებში კი კურდღლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მელიებიც კი შემხვედრია. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ აი, ძაღლმა თუ დაგასწროთ და ასეთი არსება თქვენზე ადრე დაინახა, მასში ჯიშისდა მიუხედავად მომენტალურად იღვიძებს მგელი. იდექით მერე და ელოდეთ, როდის გაახსენდება, რომ მგელი კი არა, მწევარიც არაა და დარცხვენილი უკან მოგიბრუნდებათ.
ასე რომ, რაც ეს შიში მეც ვიგემე, მას მერე მხედველობა ასმაგად გამიუმჯობესდა და შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღეს ჩემს ძაღლზე ბევრად ადრე ვხედავ წრუწუნებს, ციყვებს, ზღარბებსაც კი, ფოთლებში რომ იმალებიან. ერთადერთი გაუკონტროლებელი მაცდური კურდღელიღაა დარჩენილი და ამაზეც ვმუშაობთ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ნამდვილად მაზოხისტი კურდღლები ცხოვრობენ - ზედ ძაღლის ცხვირწინ  უშიშრად გამოხტებიან და ისე გამომწვევად დახტუნაობენ აქეთ-იქით, თითქოს აქეზებენ „აბა, თუ ბიჭი ხარ, დამეწიეო“. არ ვიცი, ან სიცოცხლე აქვთ მობეზრებული (გამიგია, კაი ცხოვრებაც მოსაბეზრებელიაო), ან სადღაც ისწავლეს, რომ საბელით დაბმული ძაღლი საშიში არაა.
გარდა გამახვილებული თვალისა და მოდუნებული ყურისა (რაღად მინდა კარგი სმენა, თუ ჩემს ძაღლს გაფაჩუნებაც ესმის და მატყობინებს?!), საკუთარ თავს კიდევ ერთი რამ შევამჩნიე - გემოვნება შემეცვალა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია, ასაკმა? ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ მაღაზიებში პირველ რიგში კაბებს და ქვედაბოლოებს ვიზომებდი და ვყიდულობდი, დღეს ჩემი გარდერობი სავსეა ჯინსის შარვლებით (უმეტესად, მუქი ფერის. ძალიან პრაქტიკულია - ჭუჭყი და ტალახი ნაკლებად ეტყობა). ადრე თხელი და ქუსლიანი ნაზი ფეხსაცმელი მიყვარდა, დღეს კი თითქოს უფრო ბოტასებით, სქელძირიანი და მაღალყელიანი ფეხსაცმლით ვიხიბლები. სხვათა შორის, ამაში ჩემი მეგობარი ჰელგაც დამეთანხმა. მისი აზრით, წლებთან ერთად გემოვნებაც გვეცვლება და
რა გასაკვირია, რომ ადრე თუ გულისცემას პატარა სპორტული მანქანები გვიჩქარებდა, დღეს უპირატესობას დიდ, საბარგულიან მანქანებს ვანიჭებთ?! თანაც ეს დიდი საბარგული რა პრაქტიკულია, რამდენი რამე ეტევა და ძაღლიც თავისუფლად ზის...
მანქანებზე გამახსენდა... რა თქმა უნდა, არიან მართლაც რომ სულძაღლიანები, ვინც მთელ ცხოვრებას საკუთარი ძაღლის კომფორტზე ფიქრში ატარებენ. აი, მაგალითად, ერთი ჩემი თანამოსეირნე სვენი: ორი მანქანა ჰყავს, ერთი - ცუდი ამინდისთვის დიდი „ფოლკსვაგენ კომბი“ და მეორე - კარგი ამინდისთვის სპორტული კაბრიო. თურმე მის ძაღლს ღია მანქანაში ჯდომა ურჩევნია და რა ქნას აბა? სულ დახურულით ხომ არ ატარებს აქეთ-იქით? ეს ამბავი ჩვენმა მეორე თანამოსეირნემ რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და, რადგან მისი საფულე ორ მანქანას ვერ გასწვდებოდა, სასწრაფოდ ჯიპი იყიდა. ზამთარ-ზაფხულ გამოსადეგია!
მე და ჰელგას, რა თქმა უნდა, ასეთ ხალხი ბევრ ახალ საჭორაო თემას გვაძლევს. აი, გუშინაც ამ სკანდალურ სტატიაზე მსჯელობისას, მაგალითად ასეთი პარტონები მოვიყვანეთ, თორემ ჩვენ? ჩვენ, მას მერე რაც ძაღლები გვყავს, არაფერი შეგვიცვლია. მართალია, ჰელგა წელს უკვე მეორედ იცვლის ბინას, რადგან მეოთხე სართულზე ცხოვრება აღარ აწყობს. როგორც იქნა, ბინა პირველ სართულზე იშოვა. შესანიშნავია - ბოლო დროს მის ძაღლს უკვე ძალიან უჭირს კიბეებზე აღმა-დაღმა სიარული...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა

კუჭმაჭი იტალიურად - Trippa alla Fiorentina

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: საქონლის ფაშვი 1,5 კგ; ხახვი 2-3 ც; სტაფილო 2 ც; ნიახურის ძირი 30 გ; 2 სკ ზეითუნის ზეთი; 0,5 გ პამიდორი; შაშკვლამის ფოთლები; ყველი „პარმეზანი“ და მარილი გემოვნებით.

საქონლის ფაშვი დავჭრათ ძალიან წვრილად.  გასუფთავებული სტაფილო, ხახვი და ნიახური დავჭრათ  წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში  და დაუმატოთ დაჭრილი ფაშვი. კარგად მოვხრაკოთ და დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ დავუმატოთ კან- და თესლგაცლილი პამიდვრები. ჩავაყაროთ მარილი და დაახლოებით ნახევარი საათი ან 40 წუთი დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სოუსი მთლიანად არ ამოშრება. (მოურიეთ ხოლმე!)
ტრიპას გარნირის გარეშეც მიირთმევენ, მაგრამ ძალიან გემრიელია თუ გამზადებულ კერძს თავზე გახეხილ პარმეზანს მოვაყრით და ცხელ ღუმელში შევდგამთ სულ 5 წუთით (ოქროსფერი ქერქის გაკეთებემდე). განსაკუთრებით უხდება მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი  ან (იდეალურ ვარიანტში) კარაქში მოთუშული ჯუჯა ლობიო. მოვრთოთ შაშკვლამის ფოთლებით.

Trippa კარტოფილით და ლობიოთი

ინგრედიენტები: საქონლის ფაშვი 1კგ; სტაფილო 1ც; ნიახურის ბოლქვი 1ც; ხახვი 1 ც; კარტოფილი 5 ც; წითელი ლობიოს კონსერვი 400გ; დაკონსერვებული პამიდორი 400გ; ბულიონის კუბიკი 2 ც; ზეთი 30 მლ; თეთრი ღვინო 100 მლ.

ტაფაზე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და ნიახური. დავუმატოტ ფაშვი და ღვინო და ვხრაკოთ სითხის ამოშრობამდე. დავუმატოთ ლობიო, პამიდორი, ბულიონის კუბიკები და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. მოვაყაროთ მარილი და ვხრაკოთ 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



Trippa alla Fiorentina

კუჭმაჭი ფრანგულად - Tripes a la Mode

Approved by Natia Jinjolava

ფრანგები რისი ფრანგები იქნებიან, ყველაფერი თუ არ გაართულეს. საკმაოდ შრომატევადი კერძია და მის მომზადებას მინიმუმ 12 საათი უნდა (რაც მეტი მით უკეთესი). ვისაც არ გეზარებათ და ზედმეტად ცხიმიან კერძზე გართულება გაქვთ, შეგიძლიათ სოუსიც გადაწუროთ. ანუ: გამზადებულ კერძს გაწურავთ, წვენს ცალკე გააციებთ. გაციებული წვენი თავზე ქონს რომ გაიკეთებს, მოაშორებთ. ცხიმგაცლილ წვენს ფაშვს დაასხამთ, ერთად გააცხელებთ და მიირთმევთ. ფრანგული კუჭმაჭი სტრუქტურით ძალიან წააგავს ქართულ მუჟუჟს (ხალადეცს), ოღონდ მას ცხლად მიირთმევენ!
ძალიან გრძელი ვიდეო იყო და ფაშვის არჩევის და გარეცხვის პროცესი ჩამოვაჭერი (ამის საჭიროება საქართველოში არ გვაქვს, უკვე გარეცხილი იყიდება), იმედია არ მიწყენთ!





საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი