სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით

Approved by Natia Jinjolava

ამას წინათ „ნიკორაში“ ქამა სოკოს გვერდით არაჩვეულებრივი პორტობელო დავინახე თუ არა, მივხვდი რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შემექმნა. და, რადგან საქმე განსაკუთრებულს ეხებოდა, რა უნდა ყოფილიყო ელტონ ბრაუნის სოკოს სტროგანოვზე უფრო შესაფერისი? მით უმეტეს, რომ მისი მეორე უმთავრესი ინგრედიენტიც იქვე, „გუდვილში“ მეგულებოდა.
მოკლედ, შეიძენთ ნიკორაში სოკო პორტობელოს, გუდვილში „არკადიას“ ბრინზას, ფეტუჩინის, ლინგვინის, ტალიატელის ან ნებისმიერ სხვა ლენტის ფორმის პასტის (მაკარონის) ნაწარმს, მწვანე ხახვს და  სულ რაღაც 40 წუთში განსაკუთრებული შრომისა და ჯაფის გარეშე კულინარიული შედევრის ავტორი გახდებით.

სოკოს სტროგანოვი თხის ყველის სოუსით ელტონ ბრაუნის რეცეპტებიდან
6 პორცია
350 გრ პასტა ფეტუჩინი, 3 ს/კ კარაქი, 6 სოკო პორტობელოს მსხვილი თავი ფეხის გარეშე, 1 ჩ/კ მარილი, 1 კონა მწვანე ხახვი  დაჭრილი ( ხახვის მწვანე ნაწილი ცალკე და თეთრი ძირები ცალკე), 1 ჩ/კ ფქვილი, 400 მლ საქონლის ხორცის ბულიონი, 220 მლ არაჟანი, 120 გრ თხის ყველი, ½ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი

სოკო საგულდაგულოს გავფერთხოთ, კოვზით ამოვფხიკოთ ქუდის ქვედა მხარეზე დაგოფრილი ნაწილი (სოკო ძალიან ჭუჭყიანი თუ არ არის, არ რეცხავენ (!) ის წყალს ღრუბელივით ისრუტავს და უგმური ხდება) და დავჭრათ სიგრძეზე დაახლოებით 0,5 სმ სიგანის ზოლებად.
დიდი ზომის ქვაბში ავადუღოთ დაახლოებით 3 ლ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ ფეტუჩინი.
სანამ პასტა იხარშება ტაფა შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე და დავაგდოთ კარაქი. დავყაროთ სოკო, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ სანამ არ გაყავისფრდება, დარბილდება და მთელ სითხეს არ გამოუშვებს - დაახლოებით 5-6 წუთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის თეთრი ძირები. ვთუშოთ კიდევ 2-3 წუთი. მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ კარგად. ვურიოთ, სანამ ფქვილი არ მოიხალება და ტავის ფსკერს ყავისფრად არ მიეკვრება, დაახლოებით 1 წუთი. დავასხათ ბულიონი, წამოვადუღოთ და ჩავუწიოთ ცეცხლი საშაულოზე დაბლამდე. ვათუხთუხოთ 10-12 წუთი. დავუმატოთ არაჟანი, თხის ყველი და პილპილი. კარგად მოვურიოთ და ცეცხლზე კიდევ გავაჩეროთ დაახლოებით 4 წუთი. გადავწუროთ ფეტუჩინი და ტაფაზევე ჩავყარო სოუსში. მოვაყაროთ მწვანე ხახვი, სურვილის შემთხვევაში დავუმატოთ პილპილი და მოვირთვათ ეგრევე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ლუდი გურმანებისთვის

Approved by Natia Jinjolava

ლუდის მოყვარულთა უმრავლესობა, ჭეშმარიტი ენოფილებისა და ვისკის მოყვარულთა მსგავსად ლუდს მხოლოდ სუფთა სახით აღიარებს, მაგრამ მრავლად არიან ე.წ. „ჩაკიდულის“ მოყვარულებიც.  ზოგიერთი ნოვატორული ლუდომანი  კი კიდევ უფრო შორს წავიდა და საყვარელი სასმელით ტკბობის სურვილის დაკმაყოფილებას ლუდის კოქტეილებითა და ლუდზე მომზადებული საჭმელებითა თუ დესერტით ცდილობს. ნიჭიერი და ექსპერიმენტატორი ბარმენების წყალობით ტრადიციული „შავი და გარუჯულისა“ (ერთმანეთში არეული პორტერი და ლაგერი) და „გველის ნაკბენის“ (სიდრი და ლაგერი) კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი დახვეწილი კომბინაცია და გემო გაჩნდა, ერთი სიტყვით, „ოქტობერფესტის“ საპატივცემულოდ, ლუდის 5 ყველაზე პოპულარული კოქტეილი:

Black Velvet (შავი ხავერდი)
შავი ხავერდი ყველაზე ეფექტური და ყველაზე „ძვირიანი“ ლუდის კოქტეილი გახლავთ, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, შამპანურისა და მუქი ლუდისაგან მზადდება.

1 პორცია
150 მლ „გინესი“ ან ნებისმიერი მუქი ლუდი
150 მლ შამპანური
მაღალ ჭიქაში ჩავასხათ ლუდი და დავუმატოთ შამპანური.
კოქტეილი განსაკუთრებით უხდება კარტოფილ ფრისა და კარტოფილთან ერთად შემწვარ სარდელებს.

Happy Mich (ბედნიერი მიჩი)
„მიქალადა“ ცნობილი მექსიკური კოქტეილი გახლავთ ლუდით, ლაიმის წვენითა და ცხარე საწებლით, რომელსაც მარილის არშიამოვლებული, პატარა, ჩაციებული ჭიქით მიირთმევენ. „ბედნიერი მიჩიც“ სწორედ „მიაქალადას“ ამერიკული ვარიაციაა.

1 პორცია
1 ჩ/კ მარილი, 0,5 ჩ/კ ცხარე წიწაკა, 1 ჩ/კ ცხარე სოუსი (მაგალითად ტაბასკო), 1 ნაჭერი ლაიმი,  2  ცალი საზამთროს 5 სმ–იანი კუბიკი (1 პატარა ნაჭერი მოსართავად), 0,5 ჩ/კ სოუსი „ტაჯინი“, 1 ჩ/კ ძმარი ბალზამიკო, 1 ს/კ ლაიმის წვენი, 2 ჭ ყინულის კუბიკები, 150 მლ ღია ფერის ლუდი
პატარა თეფშზე ერთმანეთში გადავურიოთ მარილი და წიწაკა. ლაიმის ნაჭერი წავუსვათ მაღალი ლუდის ჭიქის კიდეს და ჭიქის სველი კიდე ამოვავლოთ მარილისა და წიწაკის ნარევში. ბლენდერში დავაბლენდეროთ საზამთროს კუბიკები, მარილისა და წიწაკის ნარჩენი, ლაიმის წვენი და სოუსები. ჭიქაში ჩავყაროთ ყინული, ჩავასხათ საზამთროს პიურე და ზემოდან დავასხათ ლუდი. მოვურიოთ და მოვრთოთ საზამთროს ნაჭრით.

განსაკუთრებით უხდება ქათმის ხორცს, პამიდვრისა და ქინძის სალათას და მექსიკური სტილის ცხარე კერძებს.

Shandy
„შანდი“ ანუ „შანდიგაფი“ განსაკუთრებული პოპულარულობით ბრიტანეტში სარგებლობს და ერთნაირი რაოდენობის ლუდისა და ჯანჯაფილის ელისაგან მზადდება.

4 პორცია
1 ჭ შაქარი, 3 ჭ წყალი, 4 ცალი ლენტის ფორმაზე ათლილი ლიმონის ცედრა, 1 ჭ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 2 ტოტი პიტნა, ჩაცივებული ღია ფერის ლუდი ან ელი
პატარა ქვაბში წამოვადუღოთ შაქარი და 1 ჭ წყალი და ვურიოთ შაქრის სრულად გადნობამდე. ჩავაგდოთ ლიმონის ცედრა. სიროპი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. სიროპში ჩავამატოთ დარჩენილი 2 ჭ წყალი, ლიმონის წვენი და პიტნა. კარგად ჩავაცივოთ. გავანაწილოთ ჭიქებში და შევავსოთ ლუდით ან ელით.

უხდება ბოსტნეულის და პასტის კერძებს და ქათმის ხორცს.

The Cure
ბარმენმა ჯინა ჩერსევანიმ The Cure ანუ „გამოსავალი“ ეკონომიური პრობლემების მქონე გოგონებისთვის გამოიგონა ვაშინგტონში. ერთი ჭიქა The Cure სხვა კოქტეილებისგან განსხვავებით, სულ რაღაც 5 აშშ დოლარი ღირს.

1 პორცია
2 ჭ ყინულის კუბიკები, 2 ს/კ „Domaine de Cantro” (ჯანჯაფილის ლიქიორი), 10 ს/კ ღია ფერის მსუბუქი ლუდი, 1 ს/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 2 სანტიმეტრიანი ჯანჯაფილის ფესვი გათლილი და ასანთის ღერებივით დაჭრილი
მაღალი ჭიქა გავავსოთ ყინულის კუბიკებით, დავუმატოთ ლიქიორი, ლუდი და კარგად მოვურიოთ. მოვრთოთ ჯანჯაფილის ჩხირებით.

უხდება შესუნელებულ ქათმის ხორცს და ლორიან სენდვიჩებს.

The Stout Diplomat
ეს სადესერტო სასმელი სან–ფრანცისკოელმა იანი კაჰაგირასმა შექმნა „ნოპას“ რესტორნიდან ლუდის კოქტეილების შეჯიბრისთვის.

1 პორცია
2 ს/კ რბილი, მუქი რომი ჩაცივებული, 1 ს/კ შერი „პედრო ხიმენესი“ ჩაცივებული, 12 ს/კ შოკოლადის არომატიანი  ან ჩვეულებრივი მუქი ლუდი
პატარა, 150 მლ–იან ჭიქაში გადავურიოთ ერთმანეთში კარგად ჩაცივებული ლუდი, რომი და შერი. ეგრევე გადავკრათ.

უხდება თევზს და შოკოლადის პუდინგს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კაფა, თხები და ბრაზილია

Approved by Natia Jinjolava

სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის ყავის რეცეპტების გამოქვეყნებამ ყავის წარმოშობის (რასაკვირველია სასმელს ვგულიხმობ და არა მცენარეს) ისტორიამდე მიმიყვანა. გულწრფელად გეტყვით, დიდს არაფერ ველოდი - აბა, განა რა „ბიოგრაფია“ უნდა ქონოდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გავრცელებულ ამ პოპულარულ სასმელს. არადა, აღმოჩნდა რომ ფრიად მჩქეფარე და მოვლენებით სავსე წარსულიან სამელთან გვქონია საქმე.
თავად ყავის პირველი დაგემოვნების ლეგენდაც კი სახალისოა, აღარ ვლაპარაკობ მისი ნერგებისა და ჯიშების მრავალგზის მოპარვა, გატაცება, ფარულად გაშენების ფაქტებზე. თურმე, ნუ იტყვით და შორეულ ეთიოპიაში, ხარობდა ერთი ხე, სახელად „კაფფა“. ჰოდა, ერთმა გონიერმა თხის მწყემსმა შენიშნა, რომ მისი სამწყსო (ანუ თხები) ამ ხის ნაყოფის დაგემოვნების შემდეგ ერთიორად აქტიურდებოდა და მხიარულდებოდა, თვითონაც გასინჯა და ენერგიის მძაფრი მომატება იგრძნო. ასე აღმოაჩინეს ყავის მატონიზირებული თვისებები დაახლოებით სამი ათასი წლი წინ, მისი კულტივაცია კი მე-7 სუკუნეში დაიწყეს იემენში.
მიუხედავად იმისა, რომ აღარავინ დავობს იმაზე, რომ ყავა აუმჯობესებს რეაქციას, ამაღლებს ფიზიკურ აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აღაგზნებს ტვინს, ამცირებს დაღლიობის შეგრძნებას, ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს, ამცირებს ნარკოტიკული და საძილე საშუალებების მოქმედებას და კიდევ ვინ მოთვლის რას, 500 წლის წინ მექაში მუსლიმთა სასულიერო პირებმა ყავა შეაჩვენეს მართლმორწმუნეთა ლოცვისგან მოცდენის გამო. „... ადამიანები ყავის დალევის მერე, უკმაყოფილობას გამოხატავენ და ბევრს ყბედობენ პოლიტიკაზე“- სწორედ ასე წერია ოფიციალურ ფირმანში. თურქეთში სულთანი მუჰამედ მეოთხის მმართველობის დროს ყავის მოყვარულებს ყავის მარცვლების ტომარაში ამწყვდევდნენ და პირდაპირ ზღვაში ისროდნენ და თანაც, ეს არ იყო ყავის სმისთვის ყველაზე მძიმე სასჯელი! მოგვიანებით, სულთანი სულეიმან მეორე ყავის ბუნტის მერე იძულებული გახდა მოეხსნა ყავის სმაზე „მშრალი კანონი“ და ყოველგვარი კარძალვები. 
ყავას უკეთესი დღე ევროპაშიც არ ადგა - ხან „თურქთა შავ სისხლს“ ეძახდნენ და ხანაც „ჭვარტლის სასმელს“, სანამ XVI საუკუნეში რომის პაპმა კლიმენტ მერვემ არ ბრძანა, მანახეთ ერთი რაა ასეთიო. საბედნიეროდ, პაპს ყავა მოეწონა და სამელის ბედი ევრიპაში მშვიდობიანად გადაწყდა. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ ყავის მხარდამჭერი ბრძანებაც კი გამოსცა. შვედეთის მეფე გუსტავ მესამე უფრო შორს წავიდა და ყავის საწაულმოქმედი ძალის გამოცდა გადაწყვიტა: ექსპერიმენტითვის სიკვდილმისჯილი ტყუპები შეარჩია და ერთს დღეში სამჯერ დიდი ჭიქით ყავას ასმევდნენ, მეორეს ჩაის. მართალია, მეფე ტესტირების შედეგს ვერ მოესწრო, მალევე მოკლეს. მაგრამ, ზუსტადაა ცნობილი, რომ ძალიან დიდი ხნის მერე პირველი ჩაის მსმელი ტყუპი მოკვდა 83 წლის ასაკში. თუმცა, რამდენად იყო მისი დღეგრძელობა ჩაის დაყენების წესზე დამოკიდებული - დღემდე უცნობია.

არანაკლებ დრამატულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყავის ხის მოშენების ისტორია. პირველ ყავი პლანტაციებს არაბები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ და ცივ ნიავთან ერთად უცხოელებსაც არ აკარებდნენ. მაგრამ, ერთი ჰოლანდიური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებმა იმ პერიოდის ევროპელებისთვი დამახასიათებელი გამჭრიახობა გამოიჩინეს,  რამდენიმე ნერგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოიპარეს და იავასა და ცეილონზე დარგეს. ჰოლანდიელებს არც სხვები ჩამორჩნენ და ყოველ ახალა კოლონიაში თავისი ყავის პლანტაცია გააშენეს. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე, ქურდობას თაქვისი სასჯელიც მოსდევდა. მაგალითად, ცეილონზე ინგლისელების ყავის ბაღებს რაღაც ხის სოკო შეესია და 50 წლი განმავლობაში ბოლო ხისძირამდე გაანადგურა.
დიდი ჯაფა და ოფლისღვრა დაუჯდათ ყავის ხის გახარება ფრანგებს. ყავის პირველი ნერგი ამსტერდამის მაგისტრატმა მიართვა ლუდოვიკო მეთოთხმეტეს 1714 წელს. ხემ კი გაიხარა, მაგრამ ბერწი (უნაყოფო) აღმოჩნდა და ფრანგები იძულებული გახდნენ ხეები ამსტერდამის ბოტანიკური ბაღიდან მოეტაცათ. ნაქურდალიდან ერთადერთი გახარებული ძირი, 1723 წელს მეფის დავალებით კაპიტანმა დე კლიემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაიტანა  კუნძულ მარტინიკაზე და ასე ჩაეყარა საფუძველი სახელგანთქმულ პლანტაციებს იამაიკაზე, ჰაიტიზე, პუერტო–რიკოსა და კუბაზე. თუმცა, დე კლიეს თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია და მადლიერმა მარტინიკელებმა ძეგლიც კი დაუდგეს კუნძულზე.
ყავის ინდუსტრიაში გადატრიალება პორტუგალიელებმა მოახდინეს, რომლებმაც ყავის ნერგები არც მეტი არც ნაკლები ბრაზილიაში წაიღეს. მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით – მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს ყავის წარმოებისა და ექსპორტის 90% სწორედ ბრაზილიაზე მოდიოდა. მარტინიკელებს არც ბრაზილიელები ჩამორჩნენ და სან პაოლოში, მთავარ მოედანზე პორტუგალიელებს არა, მაგრამ ყავის ხეს კი დაუდგეს ბრინჯაოს ქანდაკება.
ასეთია ყავის მოშოენებისა და გავრცელების მოკლე ისტორია, მის ჯიშებსა და მომზადების მეთოდებზე კი სხვა დროს ... სულ მალე...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


ესეც ორშაბათი!!!

Approved by Natia Jinjolava


კარგად აღარ მახსოვს, ოდესღაც სადღაც, მგონი „კოსმოპოლიტანში“ წავიკითხე, რომ ფსიქოლოგების აზრით, შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებას ადამიანისთვის ბევრად უფრო მეტი სტრესი მოაქვს  ვიდრე შვებულებაში საერთოდ გაუსვლელობას. ზოგადად, მუშაობზე რომ არავინ გიჟდება და მთლად ობმოკიდებული პირადი ცხოვრება თუ არ აქვს, სამსახურში სიარულს სახლში ყოფნა ან სადმე გართობა რომ ყველას ურჩევნია ეგ ისედაც ცნობილია, მაგრამ დღესდღეობით ჩვენს ირგვლივ გამეფებული მსგავსი სამსახურის უკიდეგანო სიძულვილის მსგავსი არსად და არაფერი მსმენია.
თითქოს ხელფასებმაც საგრძნობლად მოიმატა, შენობებიც გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკითაც უხვად აღიჭურვა, მაგრამ პარალელურად კატასტროფულად იმატა სამსახურ გულისწასვლამდე მოძულე ადამიანთა რიცხვმაც. უფროსზე და სამსახურზე ადრეც იშვიათი გიჟდებოდა ვინმე, მაგრამ ასეთი ტოტალური ზიზღი არ ყოფილა. რამდენს უხარია თქვენს ირგვლივ დილით სამსახურში წასვლა? ნოლს. რამდენი ამბობს ერთ თბილ სიტყვას მაინც თავის უფროსზე პათოლოგიური მატყუარა ან თმისძირებამდე პადხალიმი თუ არაა? ნოლი. რამდენს ეზიზღება ორშაბათის დადგომმა და რამდენმა შეიძულა კვირა საღამო ორშაბათის წინა დღეობის გამო? თუ ყველამ არა, სრულმა უმრავლესობამ მაინც.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ როგორც ჩემი დის მეზობელი თინა კვეკვეცია იტყოდა, „მიწურის მიწურში რომ უნდა ცხოვრობდნენ და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენ“ სწორედ  იმათმა დაიკავეს თანამდებობები და ახლა დაუმსახურებლად მოპოვებული სკამები 2 ზომით პატარა ფეხსაცმელივით უჭერთ. რა ქნან? არც საქმის კეთება იციან და ვერც  ტყდებიან თავის უცოდინრიობაში და მერე თავსაც იწვალებენ და სხვასაც უმწარებენ ცხოვრებას. ასე გონიათ, აქაოდა, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მივაყენებ ჩემზე მცოდნეს, მით უფრო ჭკვიანი ვეგონებიო. ხვიშტი!
მოკლედ, სტატიის წერა შვებულებაზე დავიწყე და როგორც ყოველთვის, სხვა თემაზე გადავედი. არადა, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენს ბლოგში ფუტკარივით ჯაფაში გატარებული სამი წლის მანძილზე, ივნისის დასაწყისში, პირველად ავიღე იძულებითი შვებულება და პირველად შევწყვიტე 2 დღეზე მეტი ხნით პოსტების წერა. არა, არავის და არაფერს ვუიძულებივარ (აჰა, სულ ცინცხალი ახალქართულად ჩაკვარჩხული ზმნაც გამოვაცხვე გახარებულ გულზე!), უბრალოდ, მკითხველიც დავინდე და ჩემი თავიც და დასვენება ვცადე. თან, აქვე გამოგიტყდებით, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო (რომელთა შორისაც უპირველესი საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა)
რაზეც მეწერება იმაზე ვერ ვწერ! მე კი ღრმად მჯერა, რომ ვიზეც მეწერება იმან წერა–კითხვა არ იცის, მაგრამ ვაიდა, ცნობისმოყვარეობამ სძლიოს და თვითონ თუ დაეზარა სხვას წააკითხოს და მოკლე შინაარსი მოაყოლოს და ... ერთი სიტყვით, ესეც ცალკე თემაა და სხვა დროს.
ახლა კი, ვის და როგორ არ ვიცი და ალბათ/ნამდვილად მართლაც ცუდია დასვენების მერე სამსახურში გასვლა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბლოგში წერას მოწყურებული და სათქმელდაგროვებული ვბრუნდები!!! მომენატრეთ ჩემო წარმოსახვითო თუ რეალურო მკითხველებო! იმდენი ისტორია და იმდენი რეცეპტი დამიგროვდა და ისეთ ეშხში ვარ შესული, კლავიშებზე კაკუნისგან თითები რომ არ გამიცვდეს ალბათ კლავიატურის კალამივით მიწაში დამარხვა მომიწევს. დღეს კი, სულ ესაა. სჯობს გავჩერდე, თორემ ვატყობ, წერამ უკვე ამიტანა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


ბისკოტი შოკოლადით და ფსტის კაკლით

Approved by Natia Jinjolava

©Hans Gissinger

ყავის ბისკოტი შოკოლადით და ფსტის კაკლით
მაიკლ მეიერის რეცეპტით
2 ჭ ფქვილი, ¾ ჭ კაკაო, ½ ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი, 3 მსხვილი კვერცხი, 1 ¼ ჭ ლერწმის შაქარი, 4 ს/კ დარბილებული კარაქი, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ჩ/კ ყავის ექსტრაქტი, 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი, 220 გრ შავი შოკოლადი დატეხილი ან 300 გრ შავი შოკოლადის ჩიპსები, 1 ჭ გაფცქვნილი და უმარილო ბუსტუღი (ფსტის კაკალი)

გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. 2 ცალ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამნეტის ქაღალდი. ფართო ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, კაკაო, მარილი და სოდა. მიქსერით (დაბალ სიჩქარეზე) ჩავათქვიფოთ კვერცხები. ფანტია და ფხვიერი ცომი უნდა გამოგვივიდეს. მეორე ჯამში კარაქი, შაქარი, ვანილის, ყავის და ნუშის ექსტრაქტები ვთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. დავუმატოთ ფქვილის და კვერცხის ნამცეცები და მოვზილოთ რბილი და ერთგვაროვანი ცომი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და ბუსტუღი.
გავყოთ ცომი 4 ნაწილად და თითოეულ ნაწილ მივცეთ მოგრძო ფორმა (დაახლოებით 20 სმ სიგრძის და 5 სმ სიგანის პურის ბატონის ფორმა) და ორ-ორად გადავიტანოთ საცხობ ფირფიტებზე. ვაცხოთ დაახლოებით 22 წუთი, სანამ ბისკვიტები არ ამოვა. შუაგულ ცხობის პროცესში გამოვიღოთ ფირფიტები, შევატრილოთ თავით ბოლოსკენ და ისევ შევდგათ. ცოტა ხანში ნახევრად გამომცხვარი ნამცხვარი გადმოვიღოთ ცხაურზე, 10 წუთი შევაგრილოთ. ღუმელის ტემპერატურა დავუწიოთ 90°C-მდე. ბასრი დანით ნახევრად გამომცხვარი ბისკოტი დავჭრათ 1 სმ სიგანის ნაჭრებად (თითოდან დაახლოებით 20 ნაჭერი უნდა გამოვიდეს), ასე დაჭრილი შევაბრუნოთ ღუმელში და ვაცხოთ კიდევ 30 წუთი. 15 წუთის მერე ბისკოტის ნაჭრები გადავაბრუნოთ. გამოვიღოთ, გადმოვიტანოთ ცხაურზე და გავაგრილოთ.
მივირთვათ წითელ ღვინოში ჩაწობილი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარწყვის სალათა ქათმის ხორცით

Approved by Natia Jinjolava


მარწყვის სალათა ქათმის ხორცით
4 პორცია

500 გრ ქათმის გულმკერდის ფილე, ½ ჭ ძმარი ბალზამიკო, 2 პატარა კონა ნორჩი ისპანახი, 2 პატარა კონა სალათი რუკოლა (იყიდება „გუდვილში“), 500გრ მარწყვი გარეცხილი და დაჭრილი, 4 ლენტი დაბრაწული ბეკონი, 100 გრ თხის ყველი დაფშვნილი, ¼ ჭ მოხალული ნიგოზი, 50 მლ ძმარი ბალზამიკო

ქათმის ფილეს მოვასხათ ½ ჭ ძმარი, მოვათავსოთ თავდახურულ ჭურჭელში და მაცივარში შევდოთ 30 წუთით, ან უმჯობესია მთელი ღამით. გავახუროთ ტაფა ან გრილი, მოვაწუწოთ ცოტაოდენი ზეთი და საშუალო ცეცხლზე დავბრაწოთ ქათმის ფილე კარგად ორივე მხრიდან. დავჭრათ ქათმის ფილე, გადავურიოთ სალათის დანარჩენი ინგრედიენტები და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარწყვის ეგზოტიკური სალათა პილპილითა და ძმრით

Approved by Natia Jinjolava


მარწყვის სალათა
4 პორცია

750 გრ მარწყვი, გარეცხილი და ორდ ან ოთხად გაჭრილი, 2 ½ ს/კ ლერწმი შაქარი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, ¼ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი

ფართო ჯამში ჩავყაროთ მარწყვი, მოვაყაროთ შაქარი, გადავურიოთ და გავაჩეროთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. ფიალაში ერთმანეთში გადავურიოთ ძმარი და პილპილი და მოვასხათ მარწყვს. გადავურიოთ, სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანის ფოთლები და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი