Crêpe Suzette

Approved by Natia Jinjolava

„კრეპ-სუზეტი“ მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგული დესერტია, რომელიც ბლინჩიკებით და დაკარამელებული ფორთოხლის წვენის, შაქრისა და კარაქის  სოუსისგან (beurre Suzette) მზადდება. გარდა საუცხოო გემოსი ამ ტკბილეულის მთლი მუღამი იმაში მდგომარეობს, რომ გამზადებულ დესრეტს ზუსტად ჭამის წინ ალკოჰოლს ასხამენ და ბლინებზე კაი გვარიან კოცონსაც აჩაღებენ.
კერძის და მისი სახელის წარმომავლობაზე ბევრს დაობენ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული გადმოცემის თანახმად, მისი გამოგონება მზარეულის თანაშემწის, 14 წლის ჰენრი ჩარპენტიეს კისერზეა, რომელიც 1895 წელს მონტე კარლოს „Café de Paris“-ში მაშნდელი უელსის პრინცისთვის (მომავალი მეფე ედუარდ VII) და მისი მეგობარი გოგონა სუზეტისთვის კრეპებს ამზადებდა და თავისი უხეირობის თუ დაბდურობის წყალობით კრეპებს ცეცხლი გაუჩინა.
„... ყველაფერი შემთხვევით მოხდა. კერძს თავს დავტრიალებდი და უცებ სოუსს ცეცხლი წაეკიდა. მეგონა, რომ გავაფუჭე. პრინცი და მისი მეგობარი მელოდებოდნენ. ახლის გაკეთების დრო სად მქონდა? გემო გავუსინჯე. მაშნვე მივხვდი, რომ ასეთი დახვეწილი და ტკბილი არომატების შეთანხმება არასდროს გამესინჯა. და დღესაც ასე ვფიქრობ. სწორედ ცეცხლმა გამოიწვია მთელი ამ ინსტრუმენტების ერთ ჰარმონიულ გემოდ შერწყმა... პრინცი კრეპებს ჩანგლით მიირთმევდა, თეფშზე დარჩენილ სიროპს კი კოვზით აგროვებდა.
მერე მკითხა, ასეთი სიამოვნება რომ მომანიჭა ამ კერძს რა ჰქვიაო. „პრინცის კრეპები-თქო“ ვუპასუხე. მიხვდა რომ კრეპებს მამრობითი სახელწოდება მხოლოდ მის საპატივცემულოდ ჰქონდა და ირონიული სიცილით გააპროტესტა, რომ თან ქალიცბატონიც ახლდა. ქალს ენიშნა, ფეხზე წაოდგა და კაბის კალთა წამოიწია და რევერანსი გაუკეთა: „თქვენო ბრწყინვალებავ, „პრინცის კრეპი“ „სუზეტის კრეპით“ ხომ არ შეგვეცვალა?“. ასე დაიბადა და მოინათლა ქმნილება, რომლის ერთხელ გასინჯვაც კი, ჩემი ღრმა რწმენით კანიბალსაც ცივილზებულ ჯენტლმენად გადააქცევს...“ - წერს თავის მემუარებში უკვე სახელგანთქმული მზარეული ჰენრი ჩარპენტიე. თუმცა, კულინარიული კრიტიკოსები იმასაც ირწმუნებიან, რომ კერძი ჩარპენტიემ კი არა, ალბათ მისმა ზედამხედველმა მზარეულმა მოამზადა, იმიტომ რომ ასე ახალგაზრდას საპატიო სტუმრის მოსამსახურებლად არავინ მიუშვებდაო.
რაღაც დესერტები მოგვაკელითო, ჩივილი შემომესმა და ეს ამხელა ისტორიაც მაგას მოვაყოლე და ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ჯულია ჩაილდი ამ ყველაფერს ჩემზე თვალსაჩინოდ განახებთ:

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„კექსეფინები“

Approved by Natia Jinjolava


ყველიერი, ყველიერიო და ამდენი რძის პრიდუქტის გადამკიდე, მე და ჩემს შვილს რამე ტკბილი და გემრიელი მოგვენატრა.  რთული და საწვალებელი ნამცხვრის  გაკეთება დამეზარა და „მაფინები“ გამოვაცხობა გადავწყვიტე.
კლასიკური რეცეპტი გადავაჩემებურე, უფრო სწორედ, რეცეპტის მოძებნა დამეზარა და საკუთარ ფანტაზიას და იღბალს მივენდე. მაგრამ ისეთი გემრიელი შედეგი გამოვიდა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც მომეყოლა. არ დაიზაროთ, გააკეთეთ და არ ინანებთ. სულ მარტივად და მალე კეთდება. უბრალოდ, არც მთლად „მაფინივით“ სველი გამოვიდა და არც „კექსივით“ მშრალი, რაღაც მაგათ ნაჯვარს გავდა და ამიტომ, ჩემს შედევრს „კექსეფინი“ დავარქვი.
ცომისთვის:  2 ჭ შაქარი, 1 ქილა მაწონი, 2 კვერცხი, სოდა-ძმრით, და ვანილი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ 150 გ გამდნარი კარაქი და იმდენი ფქვილი, რომ სქელი არაჟნის სისქის ცომი გამოვიდეს. ცომის 1/3 ცალკე გადმოვიღოთ და 1 სკ კაკაო დავუმატოთ. ცომის ძირითად მასას ქიშმიში დავუმატოთ.
შემდეგ გამზადებული თეთრი მასით გავავსოთ ცხიმწასმული ფორმები 2/3-ის სიმაღლეზე, თავზე ცოტა კაკაოიანი ცომი მოვასხათ. ისე, რომ აბსტრაქტული ნახატები გამოვიდეს. ზემოდან შაქარი მოვაყართ და გამოსაცხობად შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში. თხილის ან ნიგოზის მოაყრაც შეგიძლიათ, ან უკვე გამომცხვარს შოკოლადი მოასხათ, მაგრამ მერე „ზებრა“ ნახატები აღარ გამოჩნდება და გამოდის, რომ ამდენი ტყუილად გვიშრომია (ისე, ნიგოზის, თხილის, ნუშის, შოკოლადის ნატეხების ან ლიმონის ცედრის ცომში ჩაყრაც შეიძლება).
15-20 წუთში გამოცხვება და  მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

კრეპები, ბლინები და პანქეიქები...

Approved by Natia Jinjolava

კრეპები
ჩვენი იუფიმია რუსული ბლინების ნამდვილი გურუა და შესანიშნავი რეცეპტებიც მოგვაწოდა და ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრა. მე ცოტა სხვა კუთხით გადავუხვევ. ბოლო პერიოში, თბილისში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ჯურის „კრეპერიები“ (ფრანგული ბლინები) და ზოგ კაფეშიც „პანქეიქებს“ (ამერიკული ბლინები) გვთავაზობენ. და სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ, არც ერთგანაა კრეპები და არც მეორეგან პანკეიკები. ინტრიგანი ნუ ხარ, ბლინი ბლინიაო, მეტყვით და სწორიც იქნება. მაგრამ მთლად მასეც იოლადაც არაა საქმე. ბლინები, კრეპები და პანკეიკები ნათესავები კი არიან, მაგრამ ფაქტურაში და დანიშნულებაში სხვაობა აქვთ.  სულ პატარა ნიუანსებში აქვთ განსხვავება, მაგრამ მთელი მუღამიც მაგაშია.
ბლინები
ბლინების ოჯახი სამ ძირითად შტოდ იყოფა: „ბლინჩიკები“ (ქართულად არ ვიცი და ვერ დავადგინე რაქვია), რომელიც ძირითადად წყალზე მზადდება, ნაკლები ცხიმი აქვს, ძალიან თხელია და უფრო ტყავივით ფაქტურა აქვს. „ბლინჩიკს“ ცალკე არ ჭამენს, რაიმე ნოყიერი შიგთავსის გასახვევად იყენებენ და ამიტომ, როგორც წესი, ძირითად კერძად ან დერესრტად ითვლება. აი, სწორედ ასეთია კლასიკური კრეპები.
„ბლინი“ - საფუარიან ცომით მზადდება, კრეპზე ცოტა სქელია, უფრო რბილი და ტკბილ ან არატკბილ სოუსმოსხმულს მიირთმევენ.  შეიძლება იყოს, როგორც ე.წ. „ზაკუსკა“, ძირითადი კერძი, ან დესერტი. აი, ასეთია რუსული ბლინები.
პანქეიქები
„მაჭკატი“ (ოლადიკი) - ამ ოჯახიდან ყველაზე სქელია, ფუმფულა და კარგად გამომშრალი. მასაც სუსოსხმულს გეახლებიან საუზმეზე და ასეთია გემოზე სმა-ჭამის მოყვარული ამერიკელების პანკეიკი.
ბლინებზე ჩვენი იუფიმია უკვე გვესაუბრა, ფრანგულ კრეპებს ამერიკელი ჯულია ჩაილდი, ხოლო ამერიკულ პანქეიქებს  კი რუსი ელენა ჩეკალოვა წარმოგვიდგენენ:

სოკოს და ისპანახის კრეპები



პანქეიქები მარწყვის სალათით
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნამდვილი ბლინები ყველიერისთვის

Approved by Natia Jinjolava

აი, უკვე რამდენი წელია, პრაქტიკულად, როგორც რიაზანოვის ფილმში -  მეგობრებს გვაქვს ტრადიცია - ყოველ ყველიერზე ვაცხობთ ნამდვილ ბლინებს - საფუარზე, სქელს და ცხიმიანს, სწორედ ეს დეტალი ასხვავებს მათ თხელი ბლინჩიკებისაგან. ერთადერთი რამ, რაც  არ იცვლება წლების მანძილზე - ბლინი თხელია თუ სქელი - ყველა ჩემი დასაცხობია ხოლმე. (ისევე, როგორც მუდამ მერის პოპინსის დასარეცხია ჭურჭელი). მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რეცეპტი, ეგებ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და მომბაძოთ. მოკლედ, ვიწყებთ.
ბლინი „წითელი“ ანუ „ლამაზი“
800 გრ პურის ფქვილი, 800 მლ რძე, 4 კვერცხი, 50 გრ კარაქი, 1 ს.კ. მარილი 1 ჩ.კ. შაქარი 20 გრ „ცოცხალი“ საფუარი. (მშრალი საფუარის ყოველ შეფუთვას გამოსაყენებელი ფქვილის რაოდენობა აქვს მითითბული. ერთი პატარა 8-10 გრ  პაკეტი მიახლოებით 500-1000 გრ ფქვილზეა გათვლილი).
საფუარი, 400 გრ ფქვილი და 400 მლ რძე  და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, დავდგათ ძალიან თბილ ადგილას ასაფუვებლად. როცა ამოვა, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხის გული და დარჩენილი ფქვილი და რძე (400-400 გრ), კიდევ ერთხელ ამოსვლა ვაცადოთ (დაახლოებით 30 წთ) და მარილი და ათქვეფილი ცილა შევურიოთ ფრთხილად. ცოტა ხნით კიდევ დავტოვოთ და შემდეგ გამოვაცხოთ გავარვარებულ (თუნუქის ან ტეფლონის) ზეთწასმულ ტაფაზე. ზედმეტი ზეთი რომ არ მოგივიდეთ გაფცქვნილი კარტოფილი ააცვით ჩანგალზე, ლამბაქზე დასხმულ ზეთში ჩააწეთ და ისე მოუსვით ტაფას. ზეთს  ვასხამთ ცოტათი იმაზე მეტს, ვიდრე ბლინჩიკის გამოცხობისას. გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც დაუბრაწეთ.
ბლინები ბოიარული
2 ჭიქა წიწიბურის ფქვილი (თუ ვერ იშოვეთ, საფქვავში გადასარევად იფქვება ბურღული), 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 4 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ნაღები, 1 ჭიქა არაჟანი, 100 გრ კარაქი, 5 კვერცხი, 30 გრ საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი ½ - 1 სუფრის კოვზამდე მარილი, ზეთი.
ნახევარ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი წიწიბურის ფქვილი შევურიოთ და ძალიან თბილ ადგილას დავდგათ ასაფუვებლად. როცა ამოვა, 2 საათში, დავასხათ დარჩენილი თბილი რძე, დავამატოთ  არაჟანთან, კარაქთან, შაქართან და მარილთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები, შევურიოთ დარჩენილი ხორბლის ფქვილი და ხელმეორედ ამოსასვლელად დავტოვოთ. გამოცხობის წინ, ცალ-ცალკე ათქვეფილი ნაღები და კვერცხის ცილა ფრთხილად გადავურიოთ ძირითად ცომს, ბოლოჯერ ვაცალოთ ამოსვლა 15-20 წუთით და გამოვაცხოთ.
და ბოლოს, იმათთვის, ვისთვისაც უბრალო 5 წუთში სახელდახელოდ მომზადებული ჩვეულებრივი ბლინჩიკების ცომი გაკეთებაც კი გმირობის ტოლფასია.  მოიმარჯვეთ გმირის წოდება, მომავალი მედლის ესკიზი და სასიამოვნო საჩუქარი იმისგან, ვისთვისაც „ამისთანა“ საქმეს აკეთებთ და შეუდექით ექსპერიმენტის ჩატარებას. მაშასადამე,
ბლინჩიკები ჩვეულებრივი
დაგჭირდებათ 500 გრ ფქვილი, 3 ჭიქა რძე, წყალი ან მათი ნაზავი, 2-3- კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ½ კოვზი მარილი სოდა და ლიმონის მჟავა (სურვილისამებრ).
მაღალკედლიან ჯამში  მიქსერით (საუკეთესო და ყველაზე ჩქარი საშუალება) აურიეთ ჯერ ყველა თხევადი ინგრედიენტი და შემდეგ დაუმატეთ ფქვილი ( სველის და მშრალის ცალ-ცალკე ათქვეფა, ცომოვანი ნაწარმის მომზადების ბოლო მოდაა). რაც შეეხება სოდას და ლიმონის მჟავას - ორივე გახსენით წყალში და ისე გამოიყენეთ, მებებიაჩემის პატარა საიდუმლოს ვამჯობინებ: ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით სოდა, არ შეგეშინდეთ, სოდა „აღშფოთდება“ მდუღარეში, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი სითხე და მიყევით რეცეპტს. ასეთი მეთოდით მომზადება სოდის უსიამოვნო გემოს არ დატოვებს. ცომი მზადაა. შეგიძლიათ გამოაცხოთ.
როგორც ხედავთ, მომზადების  „მოკლე“ ექსპრეს-მეთოდიც შემოგთავაზეთ და ყველიერისთვის უდავოდ უფრო მისადაგებული „გრძელი“. არჩევანი თქვენზეა.
საუკეთესო სურვილებით, იუფიმია ენდრიუსი

ყველიანი კალათები და ყველის დაბრაწული ბურთულები

Approved by Natia Jinjolava

ცნობილ მზარეულს, ჯულია ჩაილდს პოპულარობა ევროპაში, და ჩვენთანაც, კინოფილმმა "ჯული და ჯულია"-მ მოუტანა. აი, ამერიკაში კი მას ყველა იცნობს. მისი კულინარიული წინგნი - "Mastering the Art of French Cooking" უფროსი თაობის ამერიკელთათვის ისეივე კლასიკაა, როგორც "კულინარების მეფისა და მეფეთა კულინარის" ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს "Le Guide Culinaire" ფრანგებისთვის,  ელენა მოლოხოცევის "Подарок молодым хозяйкам" რუსებისთვის და თუნდაც ნინო ხოფერიას "საოჯახო სამზარეულო" ქართველ დიასახლისთათვის.
ჯულია ჩაილდის მთავარი დამსახურება იმაშია, რომ საკმაოდ რთული და პრეტენზიული ფრანგული "მაღალი სამზარეულო" თავის წიგნში დეტალურად "გადაღეჭა" და ამერიკელთათვის (და უბრალო მოკვდავთათვის)  გასაგები და "ხელმისაწვდომი" გახადა.
კვლავაც ყველიერის ხათრით, ჯულია ჩაილდის ორ რეცეპტს გთავაზობთ: ყველის კალათებს და დაბრაწულ ბურთულებს. ორივე უადვილესი გასაკეთებელია და ამასთანავე, ძალიან გემრიელიცაა.

ყველიანი კალათები

დაბრაწული ბურთულები ყველით

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Fastnacht, Fasching, fünfte Jahreszeit, ორი სიტყვით: გერმანული კარნავალი

Approved by Natia Jinjolava

კარნავალი თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებითა და ჭრელა-ჭრულა რიტუალებით, საინტერესო და ბევრისმთქმელი ფენომენია - ადამიანებს ყოველთვის უნდოდათ სხვისი როლის თამაში და სხვისი ტყავის მორგება, თანაც ნიღაბაფარებული ადამიანის თავისუფლება სულ სხვაა!
კარნავალის საწყისები ძველი რომიდან და წარმართობიდან მოდის, შუა საუკუნეების ევროპაში ფეხს მყარად იკიდებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იკრძალება და იდევნება, ჩვენამდე ჯიუტად მაინც აღწევს და, რაც მთავარია, არ ბერდება!
გერმანიაში კარნავალის ტრადიცია შედარებით გვიან დამკვიდრდა - მის შესახებ ისტორიული ცნობები სულ რაღაც მე-14 საუკუნეში გვხვდება, როდესაც გერმანია იტალიასა და საფრანგეთს არ ჩამორჩა, მეტიც, კარნავალს „წელიწადის მეხუთე დრო“ დაარქვა და მისი აღნიშვნის ოფიციალურ თარიღად 11 ნოემბრის 11 საათი და 11 წუთი დაასახელა. ამ თარიღის ახსნის ვერსიებიც სხვადასხვაგვარია: ერთის მიხედვით, ალქიმიასა და რიცხვების მაგიასთანაა დაკავშირებული, მეორეს მიხედვით -  11 ნოემბერს, წმინდა მარტინის ხსენების დღეს, ყველა საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მთავრდება და გლეხებს სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. ასე თუ ისე, გერმანიაში კარნავალის პერიოდი სწორედ ნოემბერში იწყება, მერე ადვენტისა და შობის მოახლოებასთან ერთად ნელდება, ჩვენებური ყველიერის დროს ახალი ძალით რომ იფეთქოს. გერმანელები, რამდენადაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში საკმაოდ თავდაჭერილი ხალხია, იმდენად თავშეუკავებელნი არიან დაწესებულ ქეიფსა და დროსტარებაში, ტრადიციას დააკანონებენ, კანონს შეასრულებენ და ყველაზე ხმამაღლადაც იმხიარულებენ.
გერმანიის ყველა კუთხეს თავისი კარნავალი აქვს, მაგრამ ყველაზე ცნობილი (და ყველაზე ხმამაღალიც!) კიოლნში ტარდება. 1823 წელს ქალაქის  მოსახლეობამ „საკარნავალო კომიტეტი“ დააწესა, რომელსაც ამ დღესასწაულის მოწყობა ევალებოდა (ეს კომიტეტი დღესაც არსებობს, მისი წევრები წერენ ექვსდღიანი მსვლელობების სცენარს, ადგენენ განაწესს, ურთიერთობენ ქალაქის სხვადასხვა საკარნავალო ასოციაციებთან, მოკლედ რომ ვთქვათ, მუხლჩაუხრელად შრომობენ).
ოფიციალურად კიოლნის კარნავალი „ქალების ხუთშაბათს“ იწყება, როდესაც ქალებს ყველაფრის უფლება ეძლევათ. ქალები მამაკაცებს მაკრატლებით დასდევენ და ჰალსტუხებს ძირში სიამოვნებით აჭრიან (ამ დღეს მომჭირნე გერმანელი ახალ და ძვირადღირებულ ჰალტუხებს კარადაში ღრმად ინახავს). „დაკოდვის“ თავისებურ რიტუალს ვერც ქალაქის მერი გადაურჩება - კუდიანებად გადაცმული ქალების ჯგუფი ქალაქის რატუშას „შტურმით იღებს“ და საწყალ ქალაქის თავს დიდხანს დამალვის და, მითუმეტეს, გაქცევის უფლება არა აქვს. 
პარასკევი, შაბათი და კვირა საყოველთაო მხარულებაში, ღრიანცელში, ჟრიამულში, აურაცხელი კათხა ლუდის სმასა და „ვარდების ორშაბათის“ მოლოდინში გადის. ამ დღეს, ზუსტად დილის 11 საათზე იწყება მთავარი სანახაობა - გადაცმული ადამიანების აღლუმი, რომლებსაც წინ სამი ალეგორიული პერსონაჟი მიუძღვით: უფლისწული, გლეხი და ქალწული (ამ უკანასკნელის როლსაც მამაკაცი ასრულებს). საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული  ურმებიდან ურიცხვი კამფეტი იყრება (გადმოცემით, ოდესღაც ვარდებს ისროდნენ - და ამ დღის სახელწოდებაც აქედანაა), ბავშვები ტკბილეულს კრეფენ, უფროსები ერთმანეთს ლუდის სმასა და ვურსტების ჭამაში ეჯიბრებიან. მომდევნო დღეს, რომელსაც „იების სამშაბათი“ ჰქვია, ქანც- და ილაჯგაწყვეტილი ნაქეიფარები დღისით სულს ითქვამენ, საღამოს კი საზეიმოდ წვავენ ფიტულს, რომელიც წლის მანძილზე დაგროვებულ ცოდვებს განასახიერებს. კარნავალი „ნაცრის ოთხშაბათს“ მთავრდება - ამ დღეს თევზის კერძებით და ერთმანეთისთვის შუბლზე ნაცრის ჯვრების დასმით აღნიშნავენ. მშვიდობით, თავაშვებულო სილაღევ! ხვალიდან მარხვა და სულ სხვა დღესასწაულისათვის მზადება იწყება...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ლურჯი მუხლუხო

ერთიც დავლიოთ: ჩვენს დაშლა-არ მოშლას გაუმარჯოს!

Approved by Natia Jinjolava

თავადი გულბაათ ჭავჭავაძის დრო, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და ქართულ სუფრულ ტრადიციებში ბევრი რამე შეიცვალა. ქართველებს ბევრი დადებითი და ლამაზი წეს-ჩვეულება გვაქვს, და მათ შორის, ყველაზე მთავარი ქართული სუფრაა, რომელსაც გასტრონომიული ფუნქციის გარდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს - ადამიანების თავშეყრა, კომუნიკაცია და ურთიერთმოსიყვარულება. ყველამ იცის, რომ ქართველები თავისი სტუმართმოყვარეობით და გამასპინძლებით გამოირჩევიან, მაგრამ მოდით, ახლოდან ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
წარმოვიდგინოთ იდეალური ქართული სუფრა: ბარაქიანად გაწყობილ მაგიდაზე ხელგაშლილადაა დახვავებული ნუგბარ-ნუგბარი, გარშემო ტკბილად მომღიმარი დარდიმანდი ადამიანები უსხედან, ზოგი დარბაისლურად მასლაათობს, ზოგიც კერძებს აგემოვნებს, წარმოთქმულ სადღეგძელოებს ყურადღებით უსმენენ და ეთანხმებიან, ხმაშეწყობილად მღერიან, დროს ატარებენ და ერთმანეთი უყვართ.
ახლა რეალურ ქეიფს გადავხედოთ: მაგიდა იგივე, „აუდიტორია“ იგივე. აი, მშვიდი ბაასის ნაცვლად კი, მთვრალი ოხშივრით გაჟღენთილი ღრიანცელი, რომლის ჩახშობას ვიღაცა ჭიქაზე ჩანგლის კაკუნით და ვიღაცა სულაც გინებაშეყოლებული შეძახილებით ცდილობს. ერთმანეთს პირველი ნახევარი საათის შემდეგ აღარ უსმენენ. არადა, ყოველი მომდევნო სადღეგრძელო სულ უფრო გრძელი და გაუგებარი ხდება, ხშირადაც მეორდება.
ახლა თანმხლები წვრილმან- და მსხვილმანი დეტალები: გულკეთილი ასაკიანი დიასახლისი შენზე ზრუნვამ ისე გაიტაცა, რომ ჯიუტად ცდილობს თავისი ხელით გადმოგიღოს და ძალით გაგასინჯოს გადასარევად დაბრაწული გოჭის ნაჭერი და არ გიჯერებს, რომ ვეგეტარიანელი ხარ და მოკრძალებული უბრალო სალათი გირჩევნია. ამ დროს უკვე შექეიფიანებული გვერდით მჯდომი თანამეინახე თავისი მრავალგზის განალოკი ჩანგლით ზემონახსენებები სალათიდან კიტრის ნაჭრებს გულმოდგინედ გირჩევს და თეფშზე გიხვავებს. თამადა, ვინ იცის მერამდენედ, სვამს ოჯახის მორიგი წევრის სადღეგრძელოს, რომლის სახელსაც სუფრის მეორე ბოლოდან უკვე მოურიდებლად კარნახობენ.
ეგ არაფერი და, თავის დროზე ერთმა ბრძენმა ასაკოვანმა ქალმა დამარიგა: „სუფრიდან გასული და უკანდაბრუნებული კაცის ხელით მოწოდებული არაფერი ჭამოო. გასაგებია, რისთვისაც გავიდა და უმრავლესობას საპირფარეშოდან გამოსვლისას, სიმთვრალისგან ხელის დაბანა ავიწყდებაო“. მაშინ გავიკვირვე და არც დავიჯერე, მაგრამ ჩემდა უნებურად, დავაკვირდი. ჰოი, საოცრებავ, მართლაც ასეა!
ჰო, სადღეგრძელოებთან დაკავშირებით... არ იფიქროთ, რომ ქართულ სუფრულ ადათ-წესებს პატივს არ ვცემ, უბრალოდ, ზოგიერთი თამადის ზედმეტი „ნიჭიერება“ მაკვირვებს და განსაკუთრებით ქეიფის დასასრულს, საკუთარ გონიერებასა და დედაენის ცოდნაში ეჭვი მეპარება. ერთადერთ ნუგეშად მხოლოდ ის მრჩება, რომ სუფრის დანარჩენი წევრებიც იგივე მდგომარეობაში არიან და, ვისაც მეტისმეტი სიმთვრალის მიუხედავად მეტყველების უნარი ჯერ კიდევ შერჩენია, ჩუმად არკვევენ „რის სადღეგრძელოს ვსვამთო?“ (საზრიანმა ქართველებმა გამოსავალიც მონახეს და ახალი სადღეგრძელოც მოიფიქრეს: „წარმოთქმულს გაუმარჯოსო!“).
მე, აქ დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს რა უნდა გამიკვირდეს, და აი, ჩვენებურ სუფრაზე მოხვედრილი უცხოელები ხანდახან მეცოდებიან. პირველ რიგში, ძალიან უკვირთ ერთი ზოგადი მომენტი: ქვეყანაში, რომელიც მთელ მსოფლიოს დახმარებას ევედრება,  ისეთი თვალუწვდენელი სუფრები იშლება და იმდენი ხელუხლებელი ხორაგი იყრება, მაშინ როცა გარეთ უამრავი მშიერი ადამიანი დადის. ხანდახან ჩვენი სადღეგრძელოებიც არანაკლებ აოცებთ.
ამას წინათ, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ერთი იტალიელი გვერდით მაგიდაზე გადაიპატიჟეს და დიდი პატივისცემის ნიშნად, ჩვენი პატრიარქის სადღეგრძელო დაალევინეს. მორჩილად დალია, მაგრამ ერთი კი დაიკვნესა: „ჩვენთან ჩამოსულ მართლმადიდებელს რომის პაპის სადღეგრძელო რომ დავალევინოთ, გესიამოვნებათო?“ იტალიელი არ მოასვენეს, მშვიდად ვახშამი არ აცალეს, მეორედაც დაუძახეს და კიდევ უფრო „დიდი პატივი სცეს“: თამადამ (რომელიც პროფესიით პროკურორი აღმოჩნდა) საკუთარ ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო ზედ სტუმრის ფეხებთან იატაკზე ჩაცალა, ნაპირალი ჭიქა შეუვსო და ქართული სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო დაალევინა. უცხოეთში პროკურორობა და საერთოდ, ზოგადად უმაღლესი განათლების ქონა, განათლების გარდა, ზრდილობის წესების აუცილებელ დაცვასა და ადამიანებთან ურთიერთობის კულტურასაც გულისხმობს. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ, რესტორანში მოხვედრილ ადამიანს საერთო თეფშიდან საკუთარი ჩანგლით კერძის გადმოღება და მითუმეტეს, ნახმარი ჭიქის სხვისთვის მიწოდება თავში აზრად არ მოუვა.
ეს რა არის და, ჩვენი სასამართლოს მესვეურებთან სტუმრად ჩამოსულ ვენეციის კომისიის წევრებს კასპის ყოფილმა პროკურორმა (ისევ პროკურორი!) გიორგი სააკაძის სადღეგრძელო ანთებულსანთლებდაკრული ყანწებით დაალევინა. საბედნიეროდ, სტუმრებს ქართული არ ესმოდათ  და არ გაუგიათ, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა იგივე სადღეგრძელო შემდეგი სიტყვებით როგორ შესვა: „გიორგი სააკაძე კარგი კაცია, ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის ცოლ-შვილშიო“.
არ შემიძლია, ერთი ძალიან გულსატკენი მომენტი არ აღვნიშნო და ცხინვალში ნაომარი ბიჭის ნაამბობი არ გავიხსენო: საომარი მოქმედებების ადგილიდან თბილისში რომ ბრუნდებოდნენ და ათასგვარი ჭორისგან დაბნეულებმა ჯერ არ იცოდნენ, დედაქალაქი დახვდებათ თუ არა, თბილისის შესასვლელში, დიღმის ტრასაზე პირველი რაც დაინახეს, გაჩახჩახებული და ხალხით გადაჭედილი რესტორნები იყო. ეჭვი არ შეგეპაროთ, იმ რესტორნებში ყველა სუფრაზე განსაკუთრებული პათოსით სამშობლოს და სწორედ ამ ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის სადღეგრძელოები ისმებოდა.
კიდევ ერთი ქართული სადღეგრძელო მახსენდება. ბევრი თქვენგანი ალბათ ასეთი სცენის მომსწრეც ყოფილა, როცა ოჯახის თავი რატომღაც „თქვენობით“ და „ქალბატონოთი“ მიმართავს, სიყვარულს და პატივისცემას უმტკიცებს და ამაყად ადღეგრძელებს თავის მეორე ნახევარს, რომელიც მთელი დღე სამზარეულოში გახვითქული ტრიალებდა, მაგრამ მისთვის სუფრასთან რატომღაც ადგილი არ მოინახა.
ქართული ქეიფის დასასრული განსაკუთრებული ფენომენია, როცა მთვრალი კაცების ხროვა ხვევნა-კოცნით ჯერ ერთმანეთს დაერევა, მერე მასპინძლებს და უკვე კარის ზღურბლთან მისულებს (და ეს გზა სკამიდან გასასვლელამდე რა ხანგრძლივია ხოლმე!), გამორჩენილი სადღეგრძელოები ახსენდებათ და ჭიქას ითხოვენ! ლოშნა-ლოღნა ნადიმის კარგი დასასრულია, თორემ  სიამტკბილობით დაწყებული სუფრა ხშირად აყალმაყალით და მუშტიკრივით სრულდება. დაბადების დღე ჯანდაბას და, აბა, საქორწილო სუფრა  მარტივად და მშვიდობიანად როგორ ჩაივლის?! ასეთი გამოთქმაც მსმენია (ალბათ თქვენც) „ქორწილი უჩხუბრად ვის გაუგია?“
აი, ასეთია ჩემი ფხიზელი თვალით დანახული ჩვენებური სუფრა. ქეიფი და დროსტარება ძალიანაც მიყვარს (განსაკუთრებით, პირველი ერთი საათი), მაგრამ მეტისმეტი და ზღვარგადასული არაფერი ვარგა. მასპინძლის და ქართული ტრადიციის პატივისცემა თუ გინდათ, განეწყვეთ, რომ შეზარხოშებული თანამოქეიფეების აბეზრობა უნდა მოითმინოთ. ხოლო სიმთვრალისას საკუთარ ტემპერამენტს თუ ვერ აკონტროლებთ, მარტივი გამოსავალი არსებობს: ღვინის ნაცვლად ყურძნის წვენი დალიეთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი