ბერძნული სააღდგომო ღვეზელი

Approved by Natia Jinjolava

60 გრ საფუარი, 120 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 1 კგ ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ჭ თბილი წყალი, 200 გრ სეზამის მარცვლები, 5 ცალი წითლად შეღებილი და მოხარშული კვერცხი, 1 ც კვერცხი ზემოდან წასასმელად, ზეთი
საფუარი გახსენით შაქრიან რძეში და 10 წუთი დააცადეთ გაფუება, დაუმატეთ 125 გრ ფქვილი, კარგად მოურიეთ დადგით თბილ ადგილას და ერთი დღით დატოვეთ ამოსასვლელად. ამოსულ მასას დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, წყალი, მარილი, ფორთოხლის ცედრა და ზილეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ცომი გაყავითსამ ნაწილად, დააგუნდავეთ ჟგუტის ფორმაზე და გააკეთეთ მსუქანი ნაწნავი. ნაწნავს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ალაგ-ალაგ, ოდნავ დახრილად ჩაარჭვეთ წითელი კვერცხები. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოცხობამდე გააჩერეთ 2-3 საათი  თბილ ადგილას (ამოსასვლელად). გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 200°C ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სააღდგომო კულიჩი

Approved by Natia Jinjolava

სააღდგომო კულიჩის (ჩვენებურად პასკის) რეცეპტებიდან გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რუსული  კულინარიის კორიფეს ვ.ვ. პოხლიობკინის ვარიანტი. ზედმეტი დეტალიზაციის მიუხედავად, მისი რეცეპტების მიხედვით კერძი აუცილებლად ძალიან კარგი გამოდის, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც დაიცავით ყველა წესი და ტექნოლოგიის თავისებურება, ისეთი, როგორც მაგალითად, ფქვილის ჩახარშვა მდუღარე რძეში, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა კონკრეტულ რეცეპტში.
1 კგ ფქვილი, 50 გრ ცოცხალი საფუარი ან 1 გრანულირებული საფუარის პატარა პაკეტი, 1-1,5 ჭიქა რძე, 10 კვერცხის გული, 250 გრ შაქარი, 200 გრ კარაქი, 100 გრ ქიშმიში, 25 გრ ცუკატი, 25 მლ კონიაკი, 3 ჩ.კ ლიმონის დახეხილი ცედრა, 1 ჩ.კ. დაფხვნილი ჯანჯაფილი (კარდამონი), 0,5 ჩ.კ. დაფხვნილი ჯავზის კაკალი, 1ჩ.კ. ნამდვილი ზაფრანის ნაყენი, 3-4 ჩ. კ. ვანილის შაქარი, 1 გრ მარილი.
ცომი N 1. ნახევარ ჭიქა მდუღარე რძეში ჩავახარშოთ 100 გრ ფქვილი, სწრაფად მოვურიოთ. ცომი ელასტიური უნდა იყოს.
ცომი N 2. იმავდროულად საფუარი გავხსნათ ნახევარ ჭიქა  თბილ რძეში 100 გრ. ფქვილთან ერთად და გავაჩეროთ 10 წუთი.
შევაერთოდ ცომი N1 და 2 და დავდგათ თბილ ადგილას 1საათით ან მეტით.
კვერცხის გული, შაქარი და მარილი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნახევარი ჩავასხათ საფუარიან მასაში, დავამატოთ 250 გრ ფქვილი და გავაჩეროთ ერთი საათი, შემდეგ დავამატოთ კვერცხის მეორე ნახევარი და 500 გრ ფქვილი და ვზილოთ, სანამ ცომი ხელებს აღარ მიეწებება. ამ ცომს დავამატოთ გამდნარი თბილი კარაქი, ჩავაზილოთ კონიაკი, სუნელები და დავდგათ ხელმეორედ ამოსასვლელად.
მეორე ამოსვლის შემდეგ ცომში დავამატოდ ფქვილმოყრილი ქიშმიშის და ცუკატების 2/3 და ცომს მესამედ ამოსვლა ვაცალოთ.                                                                                              
ამოსული ცომი გავყოთ ორ ნაწილად (ორ კულიჩად), შევავსოთ ფორმები ნახევრამდე, ზემოდან დარჩენილი ქიშმიში და ცუკატები მოვაყაროთ და ფორმის 2/3-მდე ვაცალოთ ამოსვლა, შემდეგ წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

პუდინგი სააღდგომო კულიჩისგან

Approved by Natia Jinjolava

მართალია, "პანეტონე" იტალიური საშობაო კულიჩია, მაგრამ ჩვენთან სააღდგომოდ იყიდება და თანაც მისი შეცვლა ამ შემთხვევაში, ჩვენებური პასკითაც შეიძლება. ძალიან გემრიელი პუდინგია და ვისაც უკრემო ნამცხვარი არ გიყვართ, ან საჭიროზე ბევრად მეტი პასკა შემოგეყიდათ, ან სტუმრების გაოცება გსურთ - შესანიშნავი და მარტივი გამოსავალია.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კექსი ცუკატებით

Approved by Natia Jinjolava

ვისაც ტრადიციული სააღდგომო კულჩის გამოცხობა გეძნელებათ, გეხლაფორთებათ ან სულაც გეზარებათ, ეს კექსი მას საკმაოდ კარგად ჩაანაცვლებს.  რაღაც საშუალოა ჩვენებურ პასკასა და იტალიურ პანეტონეს შორის, საკმაოდ ადვილად მზადდება  და არასააღდგომო დღეებშიც შესანიშნავად იჭმევა. თანაც, გადაცემის წამყვანი კექსის ცხობის პროცესში სააღდგომო ტრადიციებთან დაკავშირებით ბევრ საინტერესო რამეს ყვება.


გერიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

აღდგომის კულიჩი ანუ ჩვენებური პასკა

Approved by Natia Jinjolava

აღდგომა მოდის და ჰაერში პასკის სუნი უკვე დატრიალდა. თუმცა, ჩვენ რომ პასკას ვეძახით, ეგ აღდგომის კულიჩია, ნამდვილი პასკა კი ხაჭოსგან და ქიშმიშისგან კეთდება და მისი ორი - უმი და მოხარშული ვარიანტი არსებობს. თანაც გამოცხობა არ უნდა და საკმაოდ მარტივადც მზადდება. სხვათა შორის, ხაჭოს პასკას ფშავ-ხევსურეთში აკეთებენ და მის რეცეპტს უახლოეს მომავალში დავდებთ. ჩვენს კლუბში სააღდგომო კულიჩების დაცხობა, სხვა ბევრ გემრიელობასთან ერთად, ცომეულში გაწაფულ იუფიმია ენდრიუსს ევალება და იმედი გვაქვს რომ წელსაც ტრადიციულად გაგვანებივრებს. თავის რეცეპტს ისიც გვპირდება და ალბათ ამ დღეებში დაპოსტავს კიდეც. მანამდე კი, ვისაც ცხობა არ გეზარებათ და ნაყიდს საკუთარი ხელით შექმნილი გირჩევნიათ, იულია ვისოცკაიას ვიდეორეცეპტს  გთავაზობთ. ხომ იცით, ასჯერ წაკითხულს და ახსნილს, ხშირად საკუთარი თვალით ნანახი სჯობია.


გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

აღდგომის კვერცხი ბისერისგან

Approved by Natia Jinjolava


სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიც დადგება. წელს, ამ დროისათვის უჩვეულო სიცივეების მიუხედავად, აი, უკვე მერამდენე დღეა, ქალაქის სხვავადსხვა წერტილში ვაკვირდები ტიპიურ სურათს: ფანჯარაში მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლის 9/10-ით (ცხრა მეათედით) გადმოყოფილი სხეული  სართულისდა მიუხედავად ვირტუოზულად როგორ ბალანსირებს სივრცეში. ხშირ შემთხვევაში არატანწერტეტა, მაგრამ ეკვილიბრისტის მოქნილობით დაჯილდოვებული მანდილოსანი გრძელ ჯოხზე, რამდენსაც მისი  ხელების სიგრძე და ფანტაზიის უნარი გასწვდება, ზოგჯერ გასაოცარი მეთოდითაც კი, ამაგრებს ფანჯრის ტილოს, (რომელიც რა იყო წარსულში - ღმერთმა უწყის) და იწყებს სისუფთავისთვის ბრძოლის თავის რიტუალს.
წინასადღესასწაულო „გენუბორკის“ მოახლოებასთან ერთად, ჩვენში მატულობს სინდისის ქენჯნა („ - სახლი ცოტათი მაინც  მივალაგო“) მაგრამ იქვე, მშვიდად იძინებს გაურკვეველი წარმომავლობის, მაგრამ ოპტიმიზმით აღსავსე შინაგანი ენერგიის შემოტევა და მასთან ერთად ძალაგამოცლილი აზრიც და მისი პატრონიც („ - ამ სახლს ცოტა არ ეყოფა და მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისთვის მორიგი შაბათ-კვირაც ივარგებს“).
მსგავსი სიტუაციებიდან საუკეთესო გამოსავალია - დაკავდეთ რაიმე განსხვავებულით, რაც ცოტა ხნით განგტვირთავთ, ახალი ენერგიით აგავსებთ და ამასობაში დაგეგმილსაც ხალისით გაუმკლავდებით. ჩვენს შემთხვევაში განსხვავებული საქმე იქნება ბისერისგან სააღდგომო კვერცხის დამზადება. განგებ შევარჩიე ყველაზე მარტივი და ადვილი ვარიანტები, თანაც მათ ისეთი დასურათებული ახსნა აქვთ დართული, სულ რომ ჩინური იყოს, ენის ცოდნის გარეშედაც ყველაფერი გასაგებია.
ამ საქმისთვის გამოდგება თიხის, ხის, პლასტმასის ან სხვა ნაკლებად სრიალა მასალის კვერცხის ფორმა, 20 გრ ბისერი, საშუალო სისქის ძუა და ბისერის ნემსი. ბისერის უკეთ მოსარგებად შეგიძლიათ კვერცხს ლენტი შემოახვიოთ და დაამაგროთ და უკვე დამთავრების წინ ლამაზი ბაფთა შეუკრათ. პირველი სქემა გრძელი ბისერით ანუ სტეკლიარუსითაა დამზადებული, თავისუფლად შეგიძლიათ ის იგივე სიგრძეზე გათვლილ მრგვალი ბისერით შეცვალოთ. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ყოველთვის კონკრეტულ მაგალითს უნდა მოერგოს - ესაა ბისერის ბადის გათვლა კონკრეტულ ზომაზე. აქ მხოლოდ ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერის პრინციპი (ანუ ხშირი მიზომება) უშველის სიტუაციას.
ყველაფერი ძალზე მარტივად კეთდება, მაგრამ  ძალიან დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, როდესაც არც თუ დიდ დროში თქვენი ხელით შექმნილ პრაქტიკულად ფაბერჟეს კვერცხის მფლობელი გახდებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

კვერცხების დამზადების მეთოდები იხილეთ შემდეგ მისამართებზე:


„სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა...“

Approved by Natia Jinjolava


სიყვარულთან დაკავშირებული კურიოზი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჰქონია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. იციც თავისთავად უკვე კურიოზია, მთელი მსოფლიო სიყვარულის დღეს შეთანხმებულად და უნისონში 14 თებერვალს რომ ზეიმობს და ჩვენ, ქართველები აქაც საყვარელი დუალიზმისაკენ გადავიხარეთ, არც იმაზე ვთქვით უარი და საკუთარიც დავაწესეთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ერთი გვესმის და არც მეორე - შეყვარებული თუ ხარ, შენთვის 365 დღე სიყვარულისაა, ან სასურველია რომ იყოს, და შეყვარებულისგან საჩუქარს მხოლოდ 14 თებერვალს ვერ დაველოდებით, სხვა დღეებშიც სიამოვნებით მივიღებთ და უფრო მეტადაც გაგვეხარდება, იმიტომ რომ გულით გააკეთა და არა მოვალეობის გამო.
ჩვენს მერი პოპინსს სტუდენტობისას ერთი ბიჭი „აბამდა“ და საკონდიტრო ფაბრიკის დირექტორი მამის წყალობით ტკბილულს არ აკლებდა. იფ, რა კარგი დრო იყო, სახლში სპეცშეკვეთა „ბომბონერები“ და შოკოლადის კამფეტები არ ელეოდა. ერთხელაც განსაკუთრებული კამფეტები მოუტანა. საღამოს მსუნაგი დაქალები შოკოლადის მადისაღმძვრელ სურნელზე შევიკრიბეთ და „ძღვენს“ ბოლო მოუღეთ, მერი კი ასე ვანუგეშეთ: „სიყვარულში მთავარი ტკბილი მოგონებაა, კამფეტები შენც შემოგეჭმეოდა. ახლა კი სამახსოვროდ მის ქაღალდებს გიტოვებთ, კარგად შეინახე“.
კარგი სიტყვა მარილითა და მადლით ერთნაირად უნდა იყო შეკმაზული და ამიტომ თავს ჩვენებური კბენის უფლებასაც მივცემთ. რესტორანში ან კაფეში შესული ხშირად იხილავთ შეყვარებული წყვილის ასეთ სურათს: ბიჭი სიყვარულით სავსე თვალებით საკუთარ ხორაგდახვავებულ თეფშს უცქერს და მთელ ყურადღებას საჭმელს უთმობს, წინ კი ობოლი ყავის ან წვენის ჭიქით ხელში, გოგონა სევდიანად ხან თავის ჭიქას გასცქერის, ხანაც ბიჭს და დუმან, დუმან, დუმან...  და ამ დუმილს შიგადაშიგ ბიჭის კმაყოფილი შეძახილი არღვევს: „იფ, რა გემრიელია!“ რას ერჩი, პატივი სცა - რესტორანში წაიყვანა.
სიყვარულს ყველა თავისებურად ავლენს და ხანდახან მეტისმეტად ორიგინალურ საქციელს გაუგებრობაც მოყვება ხოლმე. ერთი ჩვენი მეგობარი (ზედმიწევნით რომანტიული ყმაწვილი და სხვათა შორის, კარგი მომღერალი) ერთ გოგონას ჰყვარობდა. ერთხელაც განიზრახა, გოგონა გაეხარებინა და გამთენიისას საკუთარი სიმღერით გაეღვიძებინა. მაღალსართულიანი კორპუსის სხვენზე ზურგზე გიტარამოკიდებული აიპარა, იქიდან მერვე სართულზე გოგონას საძინებელში გადაძვრა, სასთუმალთან ნაზად ჩამოუჯდა და „სერენადაც“ გააბა. ახლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორია სისხამ დილით საკუთარ საწოლთან უცხო კაცის ღიღინი რომ გაგაღვიძებს. მოკლედ, მათი „დიდი სიყვარული“ იქ დასრულდა.
შეყვარებული ბიჭების გალობა ყოველთვის როდი მთავრდება ასე სევდიანად. მერი პოპინსი, სკოლას რომ ამთავრებდა, ერთ მშვენიერ საღამოს აივანზე გავიდა და სიმღერის ხმა შემოესმა. ხმაც ეცნო და მელოდიაც. საით არ იყურა, მაგრამ მგოსნებს ვერსად მიაგნო. რაც მეტს ათვალიერებდა არემარეს, სიმღერაც უფრო ურევდა და ბოლოს ხარხარში გადაიზარდა. რას წარმოიდგენდა სახლის ბოლო სართულზე მცხოვრები მერი, რომ მისი „მარიაჩოები“ მოპირდაპირე შენობის სახურავზე ისხდებოდნენ და „ხმაშეწყობილი“ სიმღერით უბანს იქიდან ატკბობდნენ. მერის რა მოგახსენოთ და მისმა მეზობლებმა მთელი ღამე ისიამოვნეს, ერთი-ორმა კონცერტის მოსასმებად აივანზე სკამიც კი გამოდგა... მაშინდელი სოლისტი დიდი ხნის მერე მერის ცხოვრების თანამეგზური გახდა და ახლა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მღერის.
მსგავსი რომანტიული „გამოხტომები“ ქორწინებამდელ ეტაპზე ბევრს ახასიათებს, მაგრამ ქორწინების მერე რატომღაც დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ხშირად ბაზრიდან ერთად მომავალ ცოლ-ქმარს რომ შეხედავ, ბატონი და მისი მსახური გაგახსენდება: ქმარი ჯიბეში ხელჩაწყობილი წინ მიდის, უკან კი არაქათგამოცლილი და მხარზე ენაგადაკიდებული ცოლი მოჰყვება და გაძეძგილ ჩანთებს ეზიდება.
უნივერსიტეტის ბირჟაზე ერთი თვალშისაცემი შეყვარებული წყვილი დადიოდა - სათვალიანი ბიჭი და შლიაპიანი გოგონა. ერთხელაც გოგომ ჩვენთან დაიტრაბახა: „ჩემზე ყველა ბიჭი გიჟდებოდა, ექვსი საუკეთესო ავარჩიე და სახლში ერთად დავპატიჟე. მამაჩემმა ტესტირება ჩაუტარა, ყველაზე პერსპექტიული აარჩია და ჩემმა ბონდომ გაიმარჯვა“... ვაი, უბედურო, ყმაწვილებო, ეს რა დღე დაგიდგათ, საჯიშე საქონელივით რომ გათვალიერეს, კბილები გაგისინჯეს და დაგიწუნეს კიდეც. ერთადერთ იმედად ისღა გრჩებათ, რომ იმ ექვსიდან ოთხი მაინც საკუთარი ნებით გაიქცა... სამაგიეროდ, უნდა გენახათ, კონკურსში გამარჯვებული ეგზემპლიარი როგორ ამაყობდა! მთელი უნივერსიტეტის სალაპარაკო წყვილი იყო...
ოჯახში თაყვანისმცემლების ერთდროულად სტუმრობა თავისთავად კურიოზული და ხშირად უხერხული მომენტიცაა (თაყვანისმცემლების ტემპერამენტს და ტაქტს გააჩნია). ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ჩვენს დეიდა პოლის ორი გამიჯნურებული ყმაწვილი ერთდროულად მიადგა (ერთმანეთს ფეხდაფეხ მოჰყვნენ). არა, წესიერად იქცეოდნენ და არაფერს აშავებდნენ, მაგრამ ერთი მეორის ჯიბრზე, წასვლას არ ჩქარობდნენ, შუადღეს მისულები შუაღამემდე ჯიუტად ისხდნენ და, ვინ იცის, მერამდენე ჭიქა ჩაით იჭყიპებოდნენ. არც დეიდა პოლის ადგა კარგი დღე, ორ ცეცხლშუა ჩავარდნილს ერთი სული ჰქონდა დაუპატიჟებელ სტუმრებს   თავიდან როდის მოიშორებდა. როგორც იქნა, ერთს ნერვებმა უღალატა, ფარ-ხმალი დაყარა და მეორეც ზუსტად ორ წუთში მიჰყვა უკან.
შეყვარებულისგან ყვავილები ვის არ მიუღია, მაგრამ ამ თითქოს მარტივ მოქმედებასაც  შეიძლება გაუგებრობა მოჰყვეს. ჩვენი ერთი ნაცნობი თავის სატრფოს ასეთ სიურპრიზს უწყობდა: კართან ყოველდღე მისი საყვარელი ყვავილების თაიგულს  უტოვებდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ გოგონა ამ „პატარა ცელქობის“ ავტორის ვინაობას ხვდებოდა.  გოგონასგან მადლიერი მზერაც რომ ვერ მიიღო, ერთი თვის თავზე საერთო მეგობრებთან დაიჩივლა და ამ „უნებლიე უმადურობის“ მიზეზიც გაიგო: თურმე საწყალს სადარბაზო არევია და სათუთად შერჩეულ ყვავილებს გოგონას ნაცვლად, მის შინაბერა მეზობელს უტოვებდა. მეზობელი კი ხარობდა (იმედიც მიეცა და სალაპარაკოც), აი, ბიჭი კი...
სხვათაშორის, სასიყვარულო ისტორიებში დიდ როლს შემთხვევითობაც თამაშობს. ჩვენი ერთი „წუწკი“ მეგობარი, რომელიც ხუთ-ექვს გოგონას შორის არჩევანს ვერ აკეთებდა ხოლმე და ყველას ერთნაირი თავგამოდებით ეტრფოდა, ერთხელაც ასე დაკვალიანდა: მორიგმა შეყვარებულმა  სახლში პირველად დაპატიჟა. ბიჭი ამ საპატიო მისიისთვის გულმოდგინედ განემზადა, საგანგებოდ გამოეწყო, ყველას სათითაოდ რჩევა გვკითხა. მეორე დღეს რატომღაც ძალიან დაღვრემილი გამოგვეცხადა. ვიზიტმა კი წარმატებულად ჩაიარა, მაგრამ ბედისწერას რას გაუგებ - ბიჭს კარი შეყვარებულის უმცროსმა დამ გაუღო და ბიჭიც მისით მოიხიბლა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს სიყვარულის დღეა და ჩვენც რამდენიმე ისტორია მოგიყევით. ყველას ისე უყვარს, როგორც შეუძლია და ეხერხება. „სიყვარული ბრუნვადი და ვერტიკალურია“, დიდია და ყველას ეყოფა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორები