ბლოგერთა ომები

Approved by Natia Jinjolava


კარგი იყო, ამ ფრაზას ქართული თარგმანიც მოყვებოდეს...
ბლოგს რომ ვხსნიდით, მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდა და ნაკლებად გვადარდებდა ვინმე წაიკითხავდა თუ არა. დროთა განმავლობაში, მკითხველების მატებასთან ერთად - ჩემმა მადამაც და ამბიციამაც იმატა და ცოტა არ იყოს ჩემი ახლობელ-მეგობარ-ნათესავების საქციელმა დამაბნია: წაკითხვა და ფეისბუქზე დაპოსტვა კი არა, დალაიქებაც ეზარებათ. კომენტარზე აღარ ვლაპარაკობ. არად, გადახედეთ ნებისმიერ ბლოგს ან ფეისბუქის პოსტს და მისი შინაარსისა და სიჭკვიანე/სისულელის მიუხედავად არც ლაიქები აკლია და არც ანალოგიური შინაარსის კომენტარები. როგორც ჩანს, ან მე ვწერ ძალიან უაზროდ, ან ჩემი გარემოცვა დგას ყურადღების ამ პატარა ნიშნებზე მაღლა და მსგავის მდაბიო საქციელი მათი ინტელექტუალური თუ სოციალური დონისთვის მიუღებელია. თუმცა, პრეტენზია გულწრფელად არ მაქვს - ჩემი მეგობრები და ახლობლები იმიტომ არიან, რომ ალბათ თავის დროზე სწორედ ასეთი ზნისა და ხასიათის გამო გამიწია მათთან სიახლოვისაკენ გულმა.
ერთი სიტყვით, ბლოგერულ საქმეში ჩახედულმა ხალხმა თავიდანმე კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ არასდიდებით არ მომეხსნა შეზღუდვები უცხოებისთვის ბლოგზე კომენტარის დატოვების უფლებაზე - დარეგიტრირებას თუ არ მოითხოვ, ვისაც არ დაეზარება, ყველა ათას სისულელეს და უმგავსობას დაწერსო. აბა, იმათმა არა იცოდნენ, უცხო კი არა, დარეგიტრირებულიც რომ არ დაწერდა რამეს. რასაკვირველია, კეთილ მრჩევლებს მეც დავუჯერე. საზოგადოებათან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან თავადაც კარგად ვუწყოდი ამ ქვეყნად რამდენი გიჟი დადის. ზუსტად ვერ ვიტყვი ამის, თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო, მაგრამ კომენტარები მართალაც იშვიათად მხვდება და თურმე ამიტომაც ვცხოვრობ მშვიდად. შეგიმჩნევიათ, რა ხდება ქართულ კულინარიულ საიტებზე და არამარტო? დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტაა გაჩაღებული - ერთმანეთს თავ-ყბას ამტვრევენ და თავ-ლაფს ასხამენ. თან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. „ეს რეცეპტი არ ვარგა!“, „დებილობა იქნება!“, „ფუ, რა საზიზღრობაა!“ და ა.შ. რაღაც ამდაგვარი ერთხელ ჩვენთანაც იყო, ვიღაცამ უნგრული ლეჩოს რეცეპტზე ანონიმურად მიმიკომენტარა: „მე უკეთესი რეცეპტი მაქვს!“. - მერე?
მეც ვთვლი რომ არაჩვეულებრივი ტექნიკის მიუხედავად,
შესრულება და გემოვნება მოიკოჭლებს, მაგრამ
სავალდებულოა დააკომენტარო?
სხვათა შორის, „პირველ კულინარის“ და ბევრი სხვა ძალიან სახელგანთქმული ჟურნალების თუ საიტების ძალიან ბევრ რეცეპტში მაქვს ნაპოვნი სერიოზული შეცდომები. თან ის კი არა, რომ ჩემს რეცეპტში სხვანაირად წერია, უბრალოდ არის რაღაცეები, რის გამოც კერძი საერთოდ არ გამოდის და ფუჭება. მაგალითად, ერთი ცნობილი მოყვარული  ქართველი მზარეულის მიერ თავის ფეიბუქის გვერდზე გაპიარებული და აშკარად არასწორად ნათარგმნი არაჟნის ჟელე ნატურალური ანანასით და კივით ავიღოთ. ნებისმიერმა გამოცდილმა დიასახლისმა იცის რომ ნატურალური ანანასის წვენი არ დედდება და მისი მჟავიანობა ჟელატინს ადნობს. ამიტომ, მაინცდამაინც ჰესტონ ბლუმენთალი თუ არ ხარ, ანანასის კამპოტი უნდა იხმარო და შედედებისთანავე ჭამო, იმიტომ რომ მეორე დილისთვის ისიც გადნება.  მაგრამ არესბობს კოლეგიალური ეთიკა და ჩუმად ვარ.
აქ ნაზუქის ფოტოს გამო მიდის საქმის გარჩევა
კიდევ უფრო მაოცებს კატეგორია, რომლიც თვითონ იპარავს უცხოური საიტებიდან რეცეპტებს, იკერძის სურათებს და მერე სხვებს ეჩხუბება ჩემგან ნუ მიგაქვთ, საავტორო უფლებებს მირღვევთო. უფრო მეტიც, მოპარულ სურათს თავის ლოგოს ან საიტის მისამართს ადებს ზემოდან - აქაოდა ჩემიაო. ინტერნეტიდან სურათები მეც ხშირად მომაქვს - ჯერ ერთი რეცეპტის გამოქვეყნების მომეტისთვის ყოველთვის ვერ ვახერხებ კონკრეტული კერძის მომზადებას და მეორე - ჩემს გადაღებულს ყოველთვის ჯობია პროფესიონალის ფოტო. მაგრამ არის სხვა მომენტიც: როცა ამ საქმიანობიდან შემოსავალს ღეულობ და ამ რეცეპტებს ყიდი, მაშინ კეთილი ინებე და ხარჯიც გაწიე: კერძიც მოამზადე და სურათიც გადაუღე.
პიცებზე სტატია ახალგაკეთებული მქონდა და „გარაჟში“ ჩავედი - თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ პიცერიაში კედლებზე ყველა სურათი ინტერნეტიდან  მოპარული კიდია (ვიცანი), თანაც მათგან 2 ამერიკული პიცაა და ერთი ასევე ამერიკული მაკ’ენ’ჩიზი. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სხვაგანაც და ამიტომ სურათების ინტერნეტიდან გადმოტანისთვის ბოდიშს არავის მოვუხდი - სხვა საქმეა ჩემი სურათი და რეცეპტი თუ არ დაემთხვა ერთმანეთს - რაც ძალიან ცნობილ საიტებზე საკმაოდ ხშირად ხდება. და კიდევ ერთი - ყველა იმ ქაჯის დედა, ინტერნეტში რამეს რომ ატვირთავს და მერე ჩხუბობს, ჩემია და ნუ მიგაქვთო! თუ არ გინდა, რომ წაიღონ, მაგისთვის პრივატული აქაუნთები არსებობს, ან არავირტუალური, ქაღალდის ალბომი და ბლოკნოტი.
მე მყავს ისეთი ნაცნობები ცოცხალი თავით თავისი ნამცხვრის რეცეპტს რომ არ იძლევა, მაგრამ სამაგიეროდ, ინტერნეტშიც არ აქვეყნებს. ყველას ვიღაცისგან სწავლობს ან იწერს. აბა, თავში საკუთარი კულინარიული წიგნით არავინ იბადება.
განაკუთრებულად ღრმაშინაარსიანი კომენტარი,
სამაგიეროდ, კეთილი
ჩემი ასეთი გულისწყრომა და ამ სტატიის გაშანშალება კი ერთი კონკრეტული საიტის მესვეურების უღირსმა საქციელმა გამოიწვია: საქმე იმაშია, რომ ჩემი დის შვილი, ბავშვიანი ახალგაზრდა დედაა და საკმაოდ კარგი კულინარი, რომელიც  ჩვენთვის სტატიებს წერდა ხოლმე. დროთა განმავლობაში, საკუთარი მოგონილი რეცეპტების გარკვეული მარაგი რომ დაუგროვდა, თავისი კულინარიული ბლოგი გახსნა და რომ შეევსო, ჩვენი რეცეპტებიც წაიღო, თან პატიოსნად მიუთითა პირველწყარო. ამას წინათ, საიტი tomato.ge-დან დაუკავშირდნენ და მისი ბლოგის დახურვა და რეცეპტების მათთვის წერა შესთავაზეს. გოგომ ზრდილობიანი უარი უთხრა - ბავშვი მყავს, არ მცალია, რეცეპტები მაინც იქიდან მომაქვსო და ჩვენთან გადმოამისამართა, მაგრამ შეცდა და "ფესიბუქზე" დაუმეგობრდა. მას მერე არ ასვენებენ, როგორც ჩანს განზრახული აქვთ ყველა ახალბედა დააშინონ და კონკურენტი ბლოგ-საიტების დახურვა აიძულონ. მათ საქციელს, იურიდიულ ენაზე ფსიქოლოგიური დევნა ქვია და კანონით ისჯება. წერილებით აავსეს, რას ქვია რეცეპტებს უცხოური საიტებიდან თარგმნი ან სხვისგან მოგაქვსო, ეგ რა საქციელია, ეგრე არაფერი გამოგივა, როგორ არ გრცხვენია,  სისულელეს აკეთებ, ეგ რა უბედუებააო და ა.შ.
ჩემს დის შვილს ძარღვებში ჩემი სისხლი ტყუილად კი არ უდის, თავად tomato.ge-ს რეცეპტების პირველწყაროები ამოყარა ინტერნეტიდან და გააჩუმა. თან, აღიარებინა - კარგი, ჰო, თარგნა შეიძლება, მაგრამ სხვისი ბლოგიდან მაინც ნუ მოგაქვს, დაგძირავსო. თურმე გუგლის ძიება ორივე ბლოგს ერთად რომ ამოაგდებს, მისაზე აღარავინ შევა. გასაოცარი ლოგიკაა.
ჰოდა, მთელი ეს ამბები რომ მოვისმინე, დამაინტერესა და tomato.ge-ს ვესტუმრე. საკმაოდ მოვლილ და რეკლამებით დამშვენებულ საიტზე, პირველი რაც თვალში მომხვდა, აშკარად მოპარული ფოტოები იყო. დაუსაბუთებელი ბრალდება არ მიყვარს და ფოტოს გადმოწერა ვცადე, გუგლის სურათების მაძებლით რომ მიმეკვლია „დედნისთვი“. ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი სიახრული: სურათებზე ავტორიზაცია აქვთ დადებული და არ იწერება(!). მაგრამ საკუთარი სისხლის და ხორცის დაცვის სურვილით შეპყრობილი, ფარხმალს ასე იოლად ხომ არ დავყრიდი?! პრინტ-სკრინის მეშვეობით ეკრანს სურათი გადავუღე, ფოტო ამოვჭერი და დავგუგლე. აი, მათი ბანანის მილქშეიქი ორიგინალი მისამართი: http://www.vatgia.com/673/1437803/banana-smoothie.html.
მეორე, რამაც ასევე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დესერტის ჩამონათვალში მურაბისა და ნაყინის მხარდამხარ მოხვედრილი ჟელატინია. ჟელატინი ნივთიერებაა, რომლისგანაც ჟელეს ამზადებენ. ვინ-ვინ და მზარეულმა უნდა იცოდეს კერძს რა ქვია. ეს იგივეა, სალათა „ოლივიეს“ შინაურულად მაიონეზს რომ ეძახიან ხოლმე. მაგრამ, რაც სოფლიდან ჩამოსულ დიასახლისს ეპატიება, კულინარიულ საიტზე არ უნდა ხდებოდეს. ბოლოს, „კლასიკურ ტირამისუს“ ჩავხედე და... ნახევარ კილო მასკარპონეზე 4 კვერცხი ეწერა. ნეტა, თუ უნახავთ ერთი მუჭის ხელა რომაა ნახევარი კილო მასკარპონე? 4 კვერცხით ცარიელი გოგლიმოგლი გამოვა (რეალურად ამდენ ყველზე 1 კვერცხი გული უნდა) და თან ხსნადი ყავა... ნებისმიერი თავმოყვარე იტალიელი ბებო თავს ჩამოიხრჩობს. არა, რასაკვირველია, ხსნადითაც აკეთებენ, მაგრამ ეს უკვე კლასიკური ნამცხვარი კი არა, მისი ერზაცია...
მეტი აღარაფერი მიძებნია, შეგროვებული კომპრომატები ჩემს დის შვილს გადავუგზავნე და იმანაც დაისვენა და მეც. მაგრამ, თურმე ნუ იტყვით, forum.ge-ზე ამბები ყოფილა?! ჩვენი ნორჩი კულინარები ერთმანეთს სულ თმებს აპუტავენ. არადა, უცხოურ საიტზე კომნტარებს როგორი ინტერესით ვკითხულობ: მადლობას იხდიან, წერენ როგორ გააკეთეს, რეცეპტში რა შეცვალეს, რა დაამატეს და თან მშვიდი და ზრდილობიანი ტონით. 
იქ ვერ შეხვდებით: „ეს რად ვარგა!“, „ფუ!“, „ამ წუთას ვაკეთებ და არ გამოდის!“... რა უბედურება გვჭირს ამისთანა? საიდან ამდენი აგრესია და შური?
არა, ბატონო, ნუ შეწუხდებით და მსგავსი კომენტარები თქვენთვის შეინახეთ. მაინც არ გიპასუხებთ - ბლოგი ჩვენია და ჩვენთვის ვწერთ. ჩვენს რეცეპტებს და აზრებს შვილიშვილებს ვუგროვებთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქათამი რძეში იტალიურად

Approved by Natia Jinjolava


ინგრედიენტების ეს მეტად უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელი კომბინაცია ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან აუცილებლად უნდა სცადოთ:

ქათამი რძეში
4 პორცია
1 ცალი 1,5 კგ-იანი ქათამი, ზღვის მარილი (იყიდება აფთიაქებში, ოღონდ არომატიზირებულს და ფერადს ნუ იყიდით, ნატურალური მოითხვეთ) და ახალდაფქული პილპილი, 115 გრ კარაქი, ზეითუნის ზეთი, ½ დარიჩინის ჩხირი, 1 სავსე მუჭა სალბის ფოთლები (ცოცხალს ვერ იშოვით, მაგრამ ხმელი ასევე აფთიაქში იყიდება), 2 ლიმონის გახეხილი ცედრა, 10 კბილი ნიორი თავისავე ტყავში, 565 მლ რძე
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე და ქათმისთვის შესაფერისი ზომის მაღალბორტიანი ტაფა მოვძებნოთ. ტაბაკასავით გაფარჩხული ქათამი შიგნიდან და გარედან კარგად დავამარილ შევაპილპილოთ და შევწვათ კარაქსა და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან სანამ მუქი ოქროსფერი არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ქათამი თეფშზე გადავიტანოთ, ტაფაზე დარჩენილი ცხიმი კი გადავასხათ. ტაფის ფსკერზე ქათმის მინაწვავი დარჩება, რაც ჩვენს კერძს მოგვიანებით ძალიან მადისაღმძვრელ გემოს მისცემს.
ქათამი ტაფაზე დავაბრუნოთ, დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით საათნახევრით. როცა გაგახსენდებათ, ღუმელი გამოაღეთ და ქათამს თავისივე წვენი გადაასხით ხოლმე ზევიდან. ლიმონის ცედრა რძეს აჭრის და საოუსს სრულიად ფანტასტიკურს გახდის.
ამ კერძს ძალიან უხდება კარაქში მოთუშული ისპანახი ან კარტოფილის პიურე.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

ქათმის ესკალოპი

Approved by Natia Jinjolava


მორიგი უგემრიელესი კერძი გორდონ რამზის რეცეპტებიდან:

ქათმის ესკალოპი პამიდვრის სოუსითა და ჭარხლის ფოთლებით
4 პორცია
4 ცალი ქათმის გულმკერდის ფილე, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 2 კვერცხი, 1 ს/კ რძე, 60 გრ ფქვილი, 200 გრ დაფქული ორცხობილა, ზეითუნის ზეთი, ერთი პატარა თავი ყველი მოცარელა (250 გრ რძიანი სულგუნით შეგიძლიათ შეცვალოთ), 50 გრ გახეხილი პარმეზანი
პამიდვრის სოუსისთვის: ზეითუნის ზეთი, 2 თავი ხახვი, დაახლოებით 250 გრ პამიდორი ჩერი, ½ ჩ/კ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი
კარტოფილისთვის: 500 გრ კარტოფილი, 1 ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკის ფანტელები
ჭარხლის ფოთლებისთვის: 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 600 გრ ნორჩი ჭარხლის ფოთოლი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. გავთალოთ და დავჭრათ კარტოფილი და მოვხარშოთ მარიალიან წყალში. გადავწუროთ და გადავდოთ გვერდზე. ქათმის ფილეები შუაზე ჩავჭრათ ჰორიზონტალურად, ოღონდ ბოლომდე ნუ გავჭრით და პეპლის ფრთებივით გადავშალოთ, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ პატარა ჯამში. ორ თეფშზე  ცალ-ცალკე დავყაროთ ფქვილი და ორცხობილა. ამოვავლოთ ქათმის ფილეები ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში და ბოლოს, ორცხობილაში. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ქათმის ფილეები ორივე მხრიდან დავბრაწოთ გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 2-2 წუთი. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს.
სოუსისთვის დავჭრათ ხახვი, პამიდვრები გავჭრათ შუაზე. გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე და მოვთუშოთ ხახვი და ნიორი. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება (დაახლოებით 2-3 წუთი) დავუმატოთ პამიდორი და შაშკვლამი. პამიდორი რომ დარბილდება, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ქათმის ფილეები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან გავანაწილოთ პამიდვრის სოუსი. მოცარელა დავჭრათ ნახევარი სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად და ისიც ფილეებზე გავანაწილოთ. ზევიდან გახეხილი პარმეზანი მოვაყაროთ, მოვაწუწოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შევდგათ ფახურებულ ღუმელში დაახლოებით 8 წუთით - სანამ ქათამი არ შეიწვება, ყველი კი გადნება.
კარტოფილს მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ წიწაკის ფანტელები. მოვაყაროთ მარლი და პილპილი და დავბრაწოთ ცხელ ტაფაზე. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, მოვთუშოთ ნიორი და დავყაროთ ჭარხლის ფოთლები. ვთუშოთ ფოთლების დარბილებამდე. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოციან თეფშზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს.
ქათმის ესკალოპები დავალაგოთ თეფშეზე და მოვრთოთ დაბრაწული კარტოფილითა და ჭარხლის ფოთლებით.
მერე კი გემრიელად მივირთვათ!


 საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნაპოლეონი და ქათამი „მარენგო“

Approved by Natia Jinjolava


ოდესღაც ქათმის ეს კერძი იტალიის სოფელ მარენგოში ნაპოლეონს მიართვეს. საქმე იმაში გახლდთ, რომ მარენგოს შეტაკების შემდეგ ბრძოლისგან მადაგაღვიძებულმა იმეპარტორმა ტრადიციულად მოითხოვა საჭმელი და მისი შეფ-მზარეულიც იძულებული გახდა ხელთარსებული, მაშინდელი საზომით, მწირი ინგრედიენტებისგან რაიმე სწრაფი და ეფექტური შეექმნა. იმდღევანდელი პროვიზიის მარაგს ქათამი, რამდენიმე კვერცხი, პამიდორი, ხახვი, ნიორი, მწვანილები, ზეითუნის ზეთი, კიბორჩხალა და  ცოტაოდენი კონიაკი ნაპოლეონის პირადი მათარიდან შეადგენდა. მოხერხებული მზარეულიც დაფაცურდა: ქათამი ზეითუნის ზეთში დაბრაწა. კიბორჩხალისა და მოხარშული კვერცხისგან გარნირი მოამზადა, ზევიდან კი პამიდვრის, ხახვისა და ნიორის სოუსი მოასხა. ბრძოლამოგებულ იმპერატორს კერძი ისე მოეწონა, რომ იღბლიანად შერაცხა და მას მერე, მთელი საბრძოლო კამპანიის განმავლობაში, როგორც კი კიბორჩხალას ჩაიგდებდნენ ხელში, მზარეულს სულ მის მომზადებას (თანაც რეცეპტის ზედმიწევნით ზუსტად გამეორებას) ავალებდა.
თანამედროვე კერძიდან დროთა განმავლობაში კიბორჩხალა გაქრა, სამაგიეროდ ზეთისხილი და მწვანილები დაემატა.
მაშ ასე:

ქათამი „მარენგო“
1 ცალი 1,2 კგ-იანი ქათამი, ½ ჩ/კ ახალდაფქული თეთრი პილპილი, 125 მლ ზეითუნის ზეთი, 200 გრ შამპინიონები, 1 ლიმონის წვენი, 250 მლ ქათმის ბულიონი, 6 ანჩოუსის ფილე, 2 კბილი ნიორი, 1 ღერო ოხრახუში, 2 ღერო ქონდარა (thyme), ½ დაფნის ფოთოლი, 400 გრ პამიდორი, 12  ცალი შავი ზეთისხილი კურკაგაცლილი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მარილი
ქათამი გავრეცხოთ და დავჭრათ პორციებად. გავაშროთ და წავუსვათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შამპინიონები გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ წვრილად და მოვაწუწოთ ლიმონის წვენი. გავაცხელოთ ქათმის ბულიონი. ანჩოუსის ფილეები დავჭრათ წვრილად. ნიორი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. მწვანილი გავრეცხოთ, დავფერთხოთ და ძაფით შევკრათ კონად დაფნის ფოთოლთან ერთად.  დარჩენილი ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე და ქათმის ნაჭრები დავბრაწოთ კარგად ორივე მხრიდან დაახლოებით 10 წუთი. ტაფაზე ქათამს დავუმატოთ შამპინიონები, ანჩოუსები, ნიორი, მწვანილი და ცხელი ბულიონი, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი. პამიდორებს გავაცალოთ კანი და ყუნწეები და დავჭრათ კუბიკებად. დავუმატოთ ქათამს ზეთისხილთან ერთად და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. გავფცქვნათ მოხარშული კვერცხები, დავჭრათ ძალიან წვრილად და ჭამის წინ მოავაყაროთ კერძს და მერე გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქართული სათაგური და უფასო ყველი

Approved by Natia Jinjolava


უფასო ყველი რომ მარტო სათაგურშია - ყველამ იცის. გაცილებით ცოტასთვისაა ცნობილი, რომ პირველი ლატარია ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვამ მოიგონა ლუდოვიკოს ხაზინის შესავსებად და რეალურად ხალხის მოსატყუებელი და დიდი თანხის მარტივად შესაგროვებელი უზარმაზარი აფიორაა. ნებისმიერი ლოტოტრონის გაყალბების ათასობით მეთოდი არსებობს - აღარ ვლაპარაკობ ინტერნეტ-გათამაშებაზე. მაგრამ მყისიერად და ყოველგვარი შრომის გარეშე, დაუმსახურებლად გამდიდრების სურვილი, ადამიანის გენეტიკაში იმდენად მყარადაა ჩადებული, რომ ამ ფენომენის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ ჭრის.
მახსოვს, ერთი კარგი ნაცნობი მონტე-კარლოს კაზინოდან როგორი ბედნიერი გამოვიდა - სამოცი ევრო მოვიგეო. სიხარულისგან თავგზააბნეულს აღარ ახსოვდა, რომ შიგნით ასით შევიდა და რეალურად ორმოცი წააგო. აი, ასსამოცით რომ გამოულიყო, მაშინ სულ სხვაგვარად იქნებოდა საქმე.
კიდევ უფრო გამაოგნებელია ერთი ქალბატონის სიხარბე, რომელსაც თავისი კერძო ფირმა აქვს. მისივე ხელქვეითი, უწინდელ დროში ზავხოზი (მნე) და დღეს ლოგისტიკის განყოფილების უფროსის ამაყი სახელის მატარებელი უმოწყალოდ ქურდავს - ოფისის დასალაგებელი ინვენტარისთვის სამმაგ და ოთხმაგ ინვოისებს წერს, ფირმის ბიუჯეტის თანხას ტეხავს და ... უფროსს უყოფს - წილს აძლევს. დამატებითი ე.წ. „ლევი“ შემოსავლის არსებობით ქალი ისეთი ბედნიერია, რომ ვერ ხვდება რომ ფირმის მფლობელი თვითონაა, თაღლითი თანამშრომელი მის ფულს იპარავს და მისავე ფულს უყოფს დისულოვნად.
ან, ჩვენში ასე ცნობილი და კარგად რეკლამირებული, ზუსტად აღარ მახოვს რა ერქვა, მგონი „საოჯახო ლოტო“ ავიღოთ - მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გათამაშების პირდაპირ ეთერში გათამაშების დაწყებამდე სულ ორი წამით აინთო და ჩაქრა პირველი ორი მოგებული ციფრი - რაც ყველამ დაინახა, მაგრამ მაინც მთელი საქართველო თამაშობდა ჯეკ-პოტის მოგების იმედით. იგივე ფირმის გადასაფხეკი ბარათები თუ გახსოვთ? პირველი ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველი მეხუთე ბილეთი იგებდა ხუთიდან ოც ლარამდე. მეც კი ჩვევად მქონდა - ვაკის „გუდვილში“ ჩასვლამდე ორ ან სამ ბარათს გადავფხეკდი, ოც ლარს მოვიგებდი და მერე ფორტუნის ნაწყალობები თანხით შეძენილ კრუასანებს მივირთმევდი ბონუსის სახით. ბოლო წელიწადნახევრის თუ მეტის მანძილზე ბოლოს როდის მოიგეთ ლარზე მეტი? ხალხი მიიჩვიეს და მოგებებიც მოკვდა. ახლა აღარავინ თამაშობს, მაგრამ სანამ შევიგნებდით და მივხვდებოდით, კარგა მსხვილი თანხა მოხსნეს.
დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს სეზონური ფასდაკლებების დროსაც - ნურავის ნუ გონია, რომ თუნდაც 70%-იანი ფასდაკლებისას არ იხდის ნივთის სრულ ღირებულებას - მაგრამ ჩვენთვის, მყიდველებისთვის, ხანდახან მაინც რომ არ გვწეწავენ, ეგეც ხეირია.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, ამ ბოლო დროს მომრავლებული ინტერნეტ-შუამავლების (vovovo.ge; swoop.ge; hotsale.ge და ა.შ.) წინადადებები, რომლებიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა თუ ვახშამ/სადილ/საუზმე/კოსმეტიკური პროცედურების ფასდაკლების კუპონებს გვთავაზობენ ფრიად მიმზიდველ ნახევარ და ხშირად მესამედ ფასში. სხვათა შორის, მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს საზღვარგარეთ, სადაც გამოცდილებიდან უკვე ისწავლეს, რომ ასეთი წინადადებები ლატარიას გავს - ან გაგიმართლებს, ან არა. მთელი ეს სისტემა და შემოთავაზების ტექსტი ისეა აგებული, რომ  უკვე შეძენილი ათი კუპონიდან ორით მაინც ვერ ისარგებლო. იქ რეგისტრაციის ვადა არ დაემთვევა, ძალიან წვრილი შრიფტით მიწერილი რაღაც პაწაწინა ფრაზის წაკითხვა თუ გამოგრჩა, აქ რაღაც ორაზროვანი წერია და მოთხოვნის პირობებს ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებ... ერთი სიტყვით, ყველა ასო და ციფრი ზუსტად თუ არ წაიკითხე და ყველა ფრაზას ბოლომდე არ ჩაუფიქრდი - შარში ხარ და როგორც წესი, ეს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ გადახდილი თანხა ამდენ დავიდარაბად და ნერვების შლად არ გიღირს და თავს ანებებ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ხშირად ერთ რაღაცას ვყიდულობთ და რეალურად მეორეს ვიღებთ.
ჩემი უცხოელი მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრს მოგზაურობს და თავის ცოლთან ერთად სულ საჰაერო ბუშტით გაფრენაზე ოცნებობდა (ეს კი მოგეხსენებათძალიან ძვირი სიამოვნებაა), მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ამერიკულ საიტზე ძალიან მომხიბვლელ წინადადებას გადააწყდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ინფორმირებული მსგავს მაქინაციებზე, ცდუნდა და ფასდაკლებითაც საკმაოდ მსუყე ფასიანი საოცნებო გაფრენა მეგობარ ცოლ-ქამართან ერთად შეიძინა. თავიდან თანხის გადარიცხვის, მერე რეგისტრაციის, ბოლოს გაფრენის დღის დაჯავშნის ვადების დარღვევაში დასდეს ბრალი, ედავნენ ხელშეკრულების თითო სიტყვაზე. სასამართლოში ჩივილის მუქარისა და 3 იურისტის ჩარევის შემდეგ თავისი შეცდომა აღიარეს და ახლა გაფრენის თარიღის დადგენაზე გააჩაღეს დისკუსია. ჯერ შუაგულ ქარიშხალში დანიშნეს - რასაკვირველია, გადაიდო.  მერე ზამთრის სეზონი აარჩიეს - როცა არ ფრინავენ და გარანტირებულად უნდა ჩაშლილიყო გაფრენა. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავად კლიენტს ეთქვა მათ მომსახურებაზე უარი, მოგეხენებათ, გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ჩემი მეგობარი გასაოცრად ჯიუტი აღმოჩნდა და კუპონის შეძენიდან 14 თვის თავზე 2 კვირის წინ გაფრინდა. თუმცა, გამიმხილა - იმათი ჯინი მაქვს და პრინციპის საკითხია, თორემ ისე გამაწამეს, აღაც ფრენა მინდა და აღარც საჰაერო ბუშტიო...
გულუბრყვიოდ მეგონა, რომ ჩვენთან, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს მთლად ამდენს ვერ გაბედავდნენ და ერთ მშვენიერ საღამოს, ძალიან მშიერ კუჭზე მეგობრებს შევუთანხმდი და  swoop.ge-ზე ბარი „ლუდვიგის“ კანჭის 40 ლარიანი მენიუ 24,5-ად შევიძინე, რომლის ვაუჩერიც, შემოთავაზებას თუ ვენდობოდით, ნახევარ საათში იმეილზე უნდა მომსვლოდა. რადგან შემოთავაზება დამთავრებული არ იყო, დაუყოვნებლივ მომსახურებისთვის საიტი ვაუჩერის ამობეჭდვას და ბარში წარდგენას მოითხოვდა. ამიტომ, მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთების სერვისით ვისარგებლე და ვაუჩერი იმ მეგობრის სახელზე ვიყიდე, პრინტერთან ყველაზე ახლოს ვინც იჯდა. თანხა დაუყოვნებლივ ჩამომეჭრა, ვაუჩერი კი არსად ჩანდა...
საიტზე ვრეკეთ, იმეილები ვუგზავნეთ, ფეხები ვაბაკუნეთ - პასუხს ვერ ვეღირსეთ. ბოლოს, "ფეისბუქზე" მათ გვერდს მივაკვლიე, რომელიც სხვათა შორის მსგავსი საჩივრებით სავსე იყო და ჩვენი გასაჭირი შევჩივლეთ - მოგეხენებათ, მგელივით გვშიოდა.
კომენტარში, სადავ ვწერდი რომ ვაუჩერი არ მომსვლია, „სვუპის“ წარმომადგენლებმა თავისი ჭკუით დამცინეს, კანჭს სახლში არავინ მოგართმევდათ, ბარში უნდა წასულიყავითო. იცოცხლე, მე გავცეცხლდი და იმათ დღე ვაყარე, მაგრამ რა ხეირი?! სამი დღის შემდეგ იკადრეს და წერილი გამოგზავნეს, რომ თურმე ვაუჩერს მეგობრისთვის თუ ყიდულობ, წინადადების დასრულებამდე ვერ ისარგებლებ - რაც არც საიტზე და არ შემოთავაზების პირობებში არ ეწერა: არ დავიზარე და ყველაფერი მისხალ-მისხალ ჩავიკითხე.
იმ საღამოს, რასაკვირველია, სხვაგან ვივახშმეთ და სანამ ვაუჩერი მოვიდა, რომელმაც შემოთავაზები ვადის გასვლის შემდეგაც კარგა გვარიანად დაიგვიანა, კანჭის ჭამის სურვილმაც გადაგვიარა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, კარგა ხანი გავიდა სანამ ვაუჩერი გამახსენდა და ერთ დღესაც მისი მოქმედების ვადის გადამოწმება მოვინდომე - „სვუპისგან“ მოსულ შეტყობინებაში შავით თეთრზე ეწერა, რომ იგი 29 სექტემბრამდე მოქმედებდა. რამაც ძალიან დამაეჭვა, იმიტომ რომ  კანჭის ჭამის ერთთვიანი უფლება აშკარად ივლისის ბოლოს შევიძინე. გადავრეკე და თურმე ნუ იტყვით, ჩემი ვაუჩერის ვადა 29 აგვისტოს მთავრდება, 29 სექტემბრამდე კი 40 ლარიან კანჭს თუ შევუკვეთავ, ჩემი უკვე გადახდილი 24 არ დამეკარგება და მხოლოდ სხვაობას მიანგარიშებენ. როგორ მოგწონთ? ოპერატორთან სამჯერ გადავამოწმე, რომ წინადადება 29 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებდა და სწორედ ამ დღეს დავთქვით "ლუდვიგში" სტუმრობა.
მივედით. სამი გოგო რომ დაგვინახეს, ჯერ ოფიციანტისთვის მისაღები მაგიდა ვერ მოინახა, ხან სად მიგვითითა, ხან სად, სანამ ჩვენთვის შესაფერისს მიაგნებდა. მერე ვიღაცის ნაჭამის ალაგებას და  მაგიდის გადაწმენდას ვერ ვეღირსეთ და როცა გადაწმინდა, ნამცეცებიც დარჩა და ხელებიც გვეწებებოდა ცხიმიანი მაგიდის ზედაპირზე. მენიუს სადღაც 15 წუთი ვუცდიდით... რაც იმის ბრალი იყო რომ საკმაოდ ხალხმრავალ ბარს ერთი, დაღლილ-დაქანცული გოგონა ემსახურებოდა, რომელსაც ჩვენი მისვლის მომენტითვის სუფრის ალაგება-დალაგების კი არა, მეტყველების ძალა და უნარი ქონდა წართმეული. სადღაც ნახევარ საათი ვერ მივიქციე მენეჯერის ყურადღება, რომელიც პარალელურად ბარმენობდა. როგორც იქნა, ვაუჩერი მივაჩეჩე ხელში და გაჩაღდა ვაჭრობა რომ კანჭი არ აქვთ და წინასწარ უნდა შემეკვეთა და აჯობებს ხვალ მივიდე. რაზეც ვუთხარი, რომ ხვალ ვაუჩერს ვადა გასდიოდა. აი, აქ ჩაიხედეს პირველად ვაუჩერში და აღმოაჩინეს, რომ იგი ოცდაცხრის ჩათვლით კი არა 29-მდე მოქმედებდა. ანუ, ისიც არ იცოდნენ რომ მათი აქცია საერთოდ დამთავრდა - მოგეხენებათ ვაუჩერი ერთთვიანი შეთავაზების ბოლო დღეს ვიყიდეთ.
ისეთი სახით ავდექით და კარისაკენ გავემართეთ, რომ შეატყვეს, ბარში დარჩენას და იქ ფულის დახარჯვა პრინციპულად რომ არ ვაპირებდით (წინასწარ შეძენილ საკმაოდ მარილიან და ცხიმიან მენიუს სასმელები წინდახედულად არ მოყვებოდა, რაც გარანტირებულად იძლეოდა დამატებითი ხარჯისა და ბარის შემოსავლის გარანტიას) დაგვეწივნენ და კანჭის სახვალიოდ მოტანას კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ. 
რამდენიმე წუთიანი ვაჭრობისა და ცალყბად ნათქვამი „ამაზე აუცილებლად დავწერთს“ შემდეგ, ჩვენი 40 ლარიანი კანჭის ოთხკაციანი მენიუს ნაცვლად ნეკნების ოთხკაციანი მენიუთი შეცვლა  შემოგვთავაზეს. რომელიც როგორც მერე ბარის მენიუში ვნახე, ზუტად ჩვენი გადახდილი 24,5 ლარის ფარგლებში ღირდა.
მართლაც ობიექტურად უგემრიელესი ნეკბები ოთხის ნაცვლად სამ კაცზე მოგვიტანეს და რასაკვირველია ლუდის ფულიც გადაგვახდევინეს, რომელიც აქციით დაპირებულ 40 ლარის გამასპინძლებაში იდეალურად ჯდებოდა. ამდენი დავიდარაბისგან მოშიებულ გულზე ისეთი ვქენით, საკუთარი მადის დღესაც მრცხვენია.
თანაც ჯადოსნურმა ფრაზამ „ამაზე აუცილებლათ დავწერთ“ (მერე, რა რომ არ იცოდნენ რას და სად ვწერდით), შეასაშური გავლენა იქონია - ოფიციანტი და მენეჯერი თავს ყველაზე საპატიოს სტუმრებივით გვევლებოდნენ, ყოველი ლუკმის მერე თეფშებს გვიცვლიდნენ, აზრს გვეკითხებოდნენ, გვეფერებოდნენ, გვიყვავებდნე და სიყვარულით სავსე სათნო თვალებით გვიღიმოდნენ...
თავად „ლუდვიგი“ ცალკე სტატიას იმსახურებს - ბევრი კარგი და რაღაც ცუდიც აქვს. მაგრამ ამაზე სხვა დროს, ნაკლებად აჟიტირებული რომ ვეწვევი მერე. მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენს მაგივრად იგივე სოციალური სტატუსის და შემოსავლის მქონე 3 ბიჭი რომ მისულიყო, იმათ ვერ გაუბედავდნენ კანჭი არ გვაქვსო.
შევიძენ თუ არა კიდევ მსგავს შემოთავაზებებს? აუცილებლად! ალბათ „სვუპში“ აღარ - პრინციპის საკითხია (არ უნდა დაეცინათ), მაგრამ სხვაგან - კი. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის მოსაყოლი ისტორიები მაინც მექნება და მეტი არაა ჩემი მტერი, მე მაგათ რამე შევარჩინო...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


საფირმო ბლინები ქათმის ხორცით

Approved by Natia Jinjolava


დღეს ჩემს ერთ-ერთ საფირმო კერძს წარმოგიდგენთ, რომლის დეგუსტაციამაც ჩვენი კლუბის ერთ-ერთ შეკრებაზე წარმატებულად ჩაიარა.
პირველ რიგში დავაცხოთ ბლინები. 3 კვერცხი, ½ ლ წყალი, 1 ს/კ შაქრი, 2 ს/კ ზეთი და მწიკვი მარილი ერთმანეთში ავურიოთ და თანდათანობით ჩავაყაროთ ფქვილიც. იმდენი, ბლინის თხელი ცომი რომ გამოგვივიდეს. გავაჩეროთ 5 წუთი.
ბლინის საცხობი ტაფა (აჯობებს ტაფები - ასე უფრო მალე მოვრჩებით) გავავარვაროთ, დავასხათ ცოტა ზეთი და დავიწყოთ ბლინების ცხობა. ჩამჩით დავასხათ ცომი (იმდენი რომ ტაფა თხელ ფენად დაფაროს) და როგორც კი ერთი მხრიდან მოიბრაწება და ზედაპირი შეუშრება, თხელი ნიჩბით გადმოვიღოთ თეფშზე და ახლის ცხობას შევუდგეთ: დავასხათ ზეთი, ცომი, გადმოვიღოთ და ასე ცომის გათავებამდე.
ბლინები რომ გაგრილდება, მოვხარშოთ 1 ჭ ბრინჯი. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ 1 კგ ქათმის ფილე. 1 ცალი ხახვი დავჭრათ წვრილად. 1 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ცოტაოდენი ზეთი და კარაქი, მოვხრაკოთ ხახვი და ნიორი, დავუმატოთ ქათმის ხორცი, ½ ჩ/კ პილპილი, მარილი გემოვნებით, ცოტაოდენი ხმელი ქინძი და ძირა. ქათამი რომ შეიწვება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავურიოთ ბრინჯი. ცოტა შევაგრილოთ და გავახვიოთ ბლინები - ცომის დაუბრაწავი მხარე გარედან უნდა იყოს.
ჭამის წინ დახვეული ბლინები ზეთისა და კარაქი ნარევში კარგად დავბრაწოთ ყველა მხრიდან.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბატი ტასიკო 

ქათამის პარმეზანით - ამერიკული კლასიკა

Approved by Natia Jinjolava


Chicken Parmesan ანუ ქათამი პარმეზანით კიდევ ერთი ძალიან პოპულარული და გადაამერიკულებული იტალიური კერძია. დღევანდელი რეცეპტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კულინარიული ჟურნალი „bon appétit“-ის 2008 წლის სექტემბრის ნომრიდანაა და ცნობილი მზარეული მარიო ბატალის ნიუ-იორკის პიცერია „ოტოს“ თანამშრომლების ოჯახური კერძია, ანუ კერძი რომელსაც რესტორნის თანამშრომლების ყველა შეკრებაზე მიირთმევენ.

Chicken Parmesan
10 პორცია
პამიდვრის სოუსითვის: ¼ ჭ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 1 ¾ ჭ წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 კბილი ნიორი დასრესილი, ¾ ჭ ძალიან წვრილად გახეხილი სტაფილო, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ქონდარას ფოთლები, 2  ცალი 800 გრამიანი ქილა დაკონსერვებული პამიდორი
ქათმისათვის: 10 ცალი კან და ძვალგაცლილი ქათმის მკერდის ფილე, 3 ჭ ახადაფქული პურის ნაფშვენები, 2 დიდი ზომის კვერცხი, 1 ჭ ფქვილი, 6 ს/კ ან ცოტა მეტი ზეითუნის ზეთი, 3 ჭ გახეხილი და კარგად დაწურული ახალი ყველი მოცარელა (შეგიძლიათ შეცვალოთ ახალი სულგუნით), 1 ¼ ჭ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი, 1 ¼ ჭ ახალგახეხილი ყველი პეკორინო რომანო, 2 ს/კ ახალდაჭრილი ოხრახუში, 1 ს/კ ახალდაჭრილი ცოცხალი მაიორანი
სოუსისთვი: საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი დიდი ზომის ტაფაზე. დავყაროთ ხახვი და ნიორი და ვთუშოთ სანამ ხახვი არ დარბილდება და გაოქროსფერდება, დაახლოებით 10 წუთი. დავუმატოთ სტაფილო და ქონდარა (ქონდარი არ გეგონოთ, ეს არის thyme, ხმელი იყიდება სუპერმარკეტებში და ყველაზე მეტად გავს ომბალოს), ვთუშოთ სანამ სტაფილო არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთი. ჩავამატოთ პამიდორი თავისი წვენით. წამოვადუღოთ და პამიდვრები ჩავშალოთ ჩანგლით. დავუწიოთ ცეცხლს საშუალოზე ოდნავ დაბლა. ვათუხთუხოთ სანამ სოუსი არ შესქელდება და არ დავა დაახლოებით 5 ჭიქამდე, დახალოებით 1 საათი. ჩავაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სოუსის მომზადება ერთი დღით ადრეც შეიძლება, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და შევინახოთ მაცივარში, გამოყენების წინ კი ისევ შევაცხელოთ.
ქათამისთვის: ქათმის ფილეები მოვათავსოთ ცელოფნის ორ ფენას შორის და დავბეგვოთ  და დავიყვანოთ 1 სმ-ს სისქემდე. ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. პურის ნამცეცები დავყაროთ თეფშზე. საშუალო ზომის ფართო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი. ცალკე თეფშზე დავყაროთ ფქვილი. ქათმის ფილეები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში და ბოლოს, პურის ნამცეცებში (ან საფანელში).
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. დავასხათ 2 ს/კ ზეთი ფართო ტეფლონიან ტაფაზე და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილეები ცალ-ცალკე დავბრაწოთ ორივე მზრიდან (თითო მხარეზე დაახლოებით 2 წუთი) ღია ოქროსფერ ფერს სანამ არ მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ხოლმე ზეთი. შემწვარი ფილეები ლანგარზე დავალაგოთ. 38X25-ზე სმ და 10 სმ სიღრმის საცხობ ფირფიტაზე დავასხათ დაახლოებით 1 ჭ პამიდვრის სოუსი, ჩავაწყოთ ქათმის ფილეების ერთი ფენა. ზევიდან მოვასხათ კიდევ 2 ჭ პამიდვრის სოუსი. მოვაყაროთ მოცარელას, პარმეზანისა და პეკორინო ნახევარი. დავალაგოთ დარჩენილი ქათმის ფილეების კიდევ ერთი ფენა, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ მოცარელა, პარმეზანი და პეკორინო. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ სანამ ყველი არ გადნება და ქათამი ბოლომდე არ შეიწვება, დაახლოებით 20 წუთი. მოვაყაროთ ოხრახუში და მაიორანი და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი