ღმერთო, ასე ნურასდროს დამამშევ!

Approved by Natia Jinjolava

ამ ახალ წლებზე, სრულიად მოულოდნელედ სულაც არასაახალწლო თემა გახდა ჩემთვის აქტუალური. არც მეტი არც ნაკლები, დაბადების დღეზე უნდა მოვყვე რაღაც. აი, ისეთი ამბები, კარგი რომ გინდა გულით გააკეთო და პირიქით გამოდის. მორალის და ეთიკის წესებით და არა მხოლოდ, ადამიანობითაც სწორად რომ მოიქცევი და მაინც შენ ხარ დამნაშავე.
ერთი სიტყვით, განგებამ ასე ინება და უფროსი მყავს ისეთი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს ტირამისუ. არა, კიდევ ბევრი რამე უყვარს, მაგრამ რაც გაიგო რომ ტირამისუს გაკეთება მეხერხებოდა, მას მერე მისი ფანატი გახდა და ყოველ დღე „მანამუსებდა“ ტირამისუზე ხანგრძლივი საუბრით და სევდიანი კვნესით. ჰოდა, რადგანაც ზედმეტად მომთხოვნი უფროსების ზედმეტად წახალისება არ მიყვარს, ჩემი დაბადების დღისთვის ორი კურდღლის დაჭერა განვიზრახე - თანამშრომლებისთვისაც მინდოდა დამსახურებული პატივი მეცა და უფროსიც მესიამოვნებინა. დავფაცურდი და დილის თათბირზე დიდი ლანგარი ტირამისუ და ლიქიორი მივიტანე, ვიფიქრე თათბირის მერე ყავას ყველა ერთად დავლევთ-თქო.
შენც არ მომიკვდე - ჩემი ტირამისუ, პირდაპირ პირად მაცივარში გაქანდა და ერთადერთი ადამიანის მიერ იქნა შთანთქმული, თან „ეს რა ტირამიუსია!“ და „ეს რად ვარგა!“-ს შეძახილებით. შედეგად, თანამშრომლებიც ნაწყენი დამრჩა და უფროსიც, რომელმაც ასეთი ოდენობის სუფთა ცხიმის ჭამის მერე (მოგეხსენებათ, ტირამისუს კრემი ცარიელი ნაღებია) მთელი კვირა უნიტაზზე გაატარა.
წელს ყოფილმა სტუდენტებმა სურპრიზი გამიკეთეს და ყველაზე მაგარი დაბადების დღე მომწყვეს - სამსახურში ტორტით, ფეიერვერკებით, ფერად-ფერადი ბუშტებით და სიმღერით მომადგნენ. საკუთარი თავის სიყვარულიგან გულაჩუყებულმა ტორტი იქვე დავჭერი და ვინც გამახარა იმათვე ვაჭამე (თანამშრომლებთან ერთად აღნიშვნა ცალკე მქონდა დაგეგმილი). უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ დღემდე მაყვედრან, როგორ არ წავართვი სტუდენტებს მათი მოტანილი ტორტი და ... არა, იმას კი არ მეუბნებიან სახლში როგორ არ წაიღეო... ჩვენ როგორ არ გვაჭამეო და ალბათ ყველა ხვდებით „ჩვენში“ ერთადერთი, მაგრამ სტატუსით გამორჩეული ადამიანი რომ იგულისხმება. „დაბადების დღის ტორტის შეთხვევამ“ ნათელი გახადა როგორი უზრდელი, თავნება, თავხედი და არადისციპლინერებული ვყოფილვარ და უფროსების პატივისცემაც არ მეხერხება თურმე. რა ვიცი, მე ასე გავიზარდე: სტუმარს ტკბილეული რომ მოაქვს, იქვე ვხსნი და ვუმასპინძლდები სახლში რაც მაქვს იმასთან ერთად. ის ტორტი კაბინეტის კართან კი არ დამხვდა წარწერით, ძალიან რომ მიყვარს და ძალიან რომ ვაფასებ იმ ადამიანებმა მომართვეს და სრულიად დამსახურებულადაც ჭამეს. სტუდენტი კიდევ, ჩაგრული და საძულველი კლასის წარმომადგენელი არაა, ისეთივე სრულფასოვანი ადამიანია, როგორც ლექტორი და იგივე მიპყრობას იმსახურებს. 
რა ვქნა, ხასიათი მაქვს ასეთი უზნეო, ჩემს პატივისცემას დამსახურება უნდა... და, სულ ცოტა საახალწლო ისტორიაც რომ გამოვიდეს, პატივისცემის მოპოვებას სულ არ უწყობს ხელს უცხოელი კოლეგა ქართველ თანამშრომლებთან ერთად შობა-ახალი წლის აღნიშვნის სურვილით იტალიიდან საშობაო კულიჩს (პანეტონეს) რომ ათრევს, სამჯერ დარეკავს ყველანი ხომ ხართ ერთად რომ ვჭამოთო და მერე დანარჩენებთან ერთად ელოდება როდის ინებებს უფროსი მობრძანებას. უფროსი კი კულიჩს ტირამისუს გზას რომ გაუყენებს და კაბინეტში ჩაკეტილი დაბდღვნის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. არა, ვიტყუები, მდივნებს გამოუგზავნეს ისეთი სიფრიფანა ნაჭერი, ორს კი არა ერთს არ ეყო. 
რუსებს ანდაზა აქვთ ასეთი: წყალში რაც ჩავარდა, დაკარგულიაო. ეტყობა ზოგიერთ სამსახურზეც ეს წესი მოქმედებს - სამსახურში რასაც მოგიტანენ, გაჩუქებენ ან იყიდი და საკუთარი ნებით შემოიტან, ყველაფერი ერთი ადამიანის საკუთრებაა. აბა, რისთვის გიხდიან, უკაცრავად, გიხდის (მერე რა, რომ ისიც ზუსტად შენნაირი დაქირავებული მოხელეა) ხელფასს? - იქვე უნდა დახარჯო. რამე გაკლია? - სახლიდან მოიტანო.

არ ვიცი, თანამდებობა მოქმედებს ადამიანებზე ასე თუ სხვა რამე ფაქტორი.  ალბათ როცა სხვა ღირსება და უპირატესობა არ გაქვს პრინციპის საკითხი ხდება, რომ საკუთარი აღმატებულების დასამტკიცებლად სხვას წაართვა ლუკმა? თუ მარტივი სიხარბე მოქმედებს? რამე თუ ასე გიყვარს, წადი შე დალოცვილო და იყიდე, რას ელოდები როდის მოგიტანს ვინმე?  მე მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: ღმერთო, ასე ნურასდროს დამამშევ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment