„Whatever can go wrong, will go wrong“ (Murphy's Law)

Approved by Natia Jinjolava

ყველას გაგონილი გვაქვს მერფის კანონზე. ხშირად ამ კანონს ერთმანეთს სიცილით ვახსენებთ ხოლმე, უმეტესად კი სიმწრის ღიმილით ჩვენვე გვახსენდება: მაგალითად,  როდესაც გინდა განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დაუტოვო ახლად გაცნობილ მამაკაცს, ზუსტად მაშინ უნდა დაგებას ენა, გადაგიბრუნდეს ფეხი, თეთრ მაისურზე წითელი ღვინო გადაგესხას... ნუთუ არსებობს ქალი, ვისაც მსგავსი რამ ჯერ არ მოსვლია (თუ თქვენ შორის ვინმე არის, ვინც ეხლა იტყვის: "კი, მე მსგავსი არასოდეს დამმართვნია", მაშ მერწმუნე,  აუცილებლად დაგემართება! ეს მერფის კანონია).
არ დამავიწყდება, რა გამწარებული მოვიდა ერთხელ ჩემთან ჩემი მეგობარი გოგონა,  დასვრილი მუხლებით და გახეული კოლგოტკებით. აწითლებული სახით, დარცხვენილმა მომიყვა: ქუჩაზე გადმოდიოდა (ყველამ ვიცით, ეს უკვე რამხელა გმირობაა საქართველოში),  რომ მის წინ მანქანა გაჩერდა და გზა დაუთმო საოცრად სიმპათიურმა  ახალგაზრდა მამაკაცმა (ასევე ვიცით, რომ ესეც სასწაულის ტოლფასია - გზის დამთმობი ჯენტლმენი სანთლითაა საძებარი და, ამასთანავე, თუ სიმპათიურიცაა...). ჩემმა მეგობარმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაიპრანჭა, განაზდა და ეცადა, რაც შეიძლება მომხიბლველად გაევლო მანქანის წინ, თანაც (რა თქმა უნდა!) ამ სიმპათიურ მამაკაცს მორცხვად შეჰღიმა, და აი აქ, ზუსტად აქ მოხდა ის, რაც გარდაუვალია: ფეხი გადაუბრუნდა და ზედ ამ სიმპატიური მამაკაცის წინ წაიქცა... თქვენ გგონიათ ეს დამთხვევაა? არა, ეს მერფის კანონია. 
თუნდაც საკუთარი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაიხსენეთ: როგორ იყო, სკოლაში რომ ბიჭს აღმერთებდით, მისი ყურადღების მიქცევას ყველანაირად ცდილობდით და ზუსტად მაშინ, როცა თქვენი ოცნების ობიექტი გაღირსებდათ და გამოგხედავდათ, იწუთასვე აუცილებლად რაღაც სასწაული უნდა დაგმართვნოდათ. ანდა მოულოდნელად ქარი ქვედაბოლოს აგიფრიალებდათ და აღარ იცოდით, სირცხვილით სად დამალულიყავით, ან მაინდამაინც მაშინ უნდა მოგხვედროდათ სახეში სხვისთვის გამიზნული უზარმაზარი თოვლის გუნდა, ან ვიღაც მოზვერი უნდა დაგჯახებოდათ და წაექციეთ, ან, ან, ან... უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ეხლა მეტყვით, ეს ბავშვობაში ვის არ მოსვლიაო, და ამ ყველაფერს ბავშვურ დაუდევრობას დააბრალებთ. გული უნდა დაგწყვიტოთ, მაგრამ მერწმუნეთ, მერფის კანონი მთელი ჩვენი ცხოვრება ძალაში რჩება და თავს მოულოდნელად გვახსენებს. აბა გაიხსენეთ, თუნდაც პირველ პაემანზე - განსაკუთრებით ლამაზი რომ გინდა იყოთ, - დილაუთენია სარკეში ჩახედვისთანავე პირველი რა შემოგცინებთ? რა თქმა უნდა, უზარმაზარი წითელი "პრიშჩიკი!“ 
ან ოფიციალურ შეხვედრაზე რომ მიიჩქარით, უსაყვარლესი თეთრი მაისურის (ყველაზე მეტად რომ გიხდებათ და თავდაჯერებულობასაც გმატებთ) სწრაფად გადაუთოვებას რომ გადაწყვიტავთ და დაგეწვებათ. არა? კი ბატონო, ამას თუ გადაურჩით, მაშინ ჩაცმისას პომადით აუცილებლად დაგესვრებათ!
იცოდით, რომ მერფის კანონს რამოდენიმე ქვეპუნქტიც ახლავს?
1)  ყველაფერი უსიამოვნო უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე გვგონია. 
არ გჯერათ? მაშინ გავიხსენოთ, როცა გვეჩქარება, სალაროსთან სანამ მივალთ, უცებ შევავლებთ თვალს, სად არის ყველაზე პატარა რიგი და სასწრაფოდ იქით მივეშურებით. ვდგავართ კმაყოფილი სახით და უცებ ვამჩნევთ, რომ გვერდით სალაროსთან, სადაც ორჯერ მეტი ხალხი იდგა, რიგი უფრო სწრაფად მიიწევს წინ. თქვენ კი მესამე იყავით რიგში, მაგრამ წუთები გადის, გვერდითა რიგი წინ მიიწევს და თქვენ კი ისევ მესამე ხართ...
ანდა ავიღოთ მანქანის გასამართი სადგურები. რა თქმა უნდა, ვაჩერებთ იქ, სადაც ყველაზე ცოტა მანქანა დგას იმ იმედით, რომ სულ რაღაც 2–3 წუთში ჩვენც მოგვემსახურებიან. და ვდგავართ... ველოდებით... დრო გადის, ჯერ საჭეზე მოუთმენლად თითებს ვაკაკუნებთ,  მერე მუშტებს... თან საკუთარ თავს ვეკითხებით, ნეტავ დღეს საწვავის ჩასხმა თუ მეღირსება?
2)  როდესაც გინდა რამით სერიოზულად დაკავდე, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რაც ამაში ხელს შეგიშლის.
მე, მაგალითად, წელიწადია, რაც სერიოზულად გადავწყვიტე, საკუთარ ჯანმრთელობას მივხედო, ანუ ფიტნესკლუბში ვიარო. თანამოაზრენიც შევაგროვე. კი, ყველას ნამდვილად ძალიან გვინდა, მაგრამ საკმარისია შევთანხმდეთ, პირველად როდის მივიდეთ, რომ აუცილებლად ზუსტად იმ დღეს გასკდება რადიატორის მილი, ან მეზობლები წყალს ჩამოგიშვებენ... თუ  მოხდა სასწაული და სახლში, სამსახურსა და სამეგობროში ყველაფერი წესრიგშია, მოულოდნელი კრება არავინ დაგინიშნა, მაინდამაინც იმ დღეს თავის შეყვარებულს არცერთი მეგობარი არ დაშორებულა და მეზობლებმაც წლის განმავლობაში ყველა მილი შეაკეთეს, მაშინ ბედნიერად ფიტნესკლუბისკენ მიმავალს, გზად აუცილებლად სიმპათიური მამაკაცი შეგხვდება, ის გზას დაითმობს, შენ ენა დაგებმევა, ფეხი გადაგიბრუნდება და... არ გჯერათ? მაშ, თავად სცადეთ.
3) ამინდი ჩვენი მოსისხლე მტერია.
მამიდაჩემი, უკვე ასაკში შესული ქალბატონი, საოცარი სისუფთავის მოყვარული გახლავთ. ერთია, რომ ფანჯრების წმენდა უჭირს ძალიან. მაგრამ არის დღეები, როცა სასწაული ჟინი შეიპყრობს, მოიმარჯვებს ჯამს და ტილოს, დადგამს კიბეს და სათითაოდ ყველა ფანჯარას გულმოდგინედ გააპრიალებს. ჩვენს მეზობლებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი შეუმჩნევლად არ რჩებათ და ყველანი სასწრაფოდ ახლად გაფენილ, ჯერ კიდევ სველ სარეცხსაც კი უკან ხსნიან და სახლში შეაქვთ. გაგაოცათ, არა, ამ უცნაურმა საქციელმა? ახლავე აგიხსნით: საქმე იმაშია, რომ მამიდაჩემი ამ ბინაში უკვე 40 წელზე მეტია ცხოვრობს და ყველა მეზობელმა ისწავლა, რომ, როდესაც მამიდაჩემი ფანჯრებს წმენდს, რაც არ უნდა გვალვა იყოს თბილისში, იმ დღეს აუცილებლად კოკისპირულად იწვიმებს. 
და საერთოდ, ვინ თქვა, რომ ჩვენ ბუნების შვილები ვართ? მე თუ მკითხავთ, ბუნება ჩვენი გაავებული დედინაცვალია. აბა, გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილა, რომ მზიან თბილ ამინდში, ლამაზად გამოწყობილი, საგულდაგულოდ თმებგასწორებულ-დაყენებული ქუჩაში გასულხართ და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ბედნიერი, სახეს მზეს მიუშვერთ, გაზაფხულის თბილ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ და გაიფიქრებ, რომ შეუძლებელია დღეს რამემ ხასიათი გაგიფუჭოს, აი, სწორედ მაშინ უნდა ამოვარდეს ქარი, ან წამოვიდეს თავსხმა წვიმა! თუკი ამას გადაურჩით (ეტყობა, მამიდაჩემს იმ დღეს ფანჯრები არ დაუწმენდია), მაშინ თავზე აუცილებლად გადაგიფრენთ მტრედების გუნდი და... ან... ან... ან... მოკლედ, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. მე კი პიტერ ო`ტულის კომენტარით დაგემშვიდობებით: "Murphy was an optimist."

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა

ქალური სულისკვეთება - მუხანათობა და ფლიდობა

Approved by Natia Jinjolava

თანადგომასა და ერთიანობაზე ამდენი ლაპარაკის მერე, ჩემს აზრსაც მოგახსენებთ:
ჩემო კარგებო, ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, უყვართ მეტოქეობა და ჯიბრი. თუმცა მეცნიერების მტკიცებით, ბრძოლის ქალური ხერხები და პრინციპები, კაცების მეთოდებისგან რადიკალურად განსხვავდება (რაშიც აბსოლუტურად და კატეგორიულად ვეთანხმები). ქალებისთვის მთავარი ლიდერობა კი არა, კონკურენტების ერთხელ და სამუდამოდ (და უპირობოდ!) მოშორებაა. გარდა ამისა, ისინი მართლაც ძალიან მუხანათები და ფლიდები არიან. ახლა არ მედავოთ!
ამერიკელი ფსიქოლოგები შორეული ჰარვარდიდან გვარწმუნებენ, რომ ქალები ოდითგანვე ეშმაკობასა და სიმუხთლეს ეყრდნობოდნენ და დღესაც ეყრდნობიან (თქვენ რა გამოგასწორებთ?!). ღია და პირდაპირი აგრესიის ნაცვლად, ხშირად ინტრიგებს, ჭორებსა და ფარულ ხრიკებს მიმართავენ. ჭკვიანი ხალხის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ, თუ საერთო მტრის გასანადგურებლად ვინმესთან გაერთიანება რამენაირად შესაძლებელია, ქალი აუცილებლად ამ ვარიანტს ამოირჩევს და მტრის გასანადგურებლად მარტო აღარ იმოქმედებს, თანამოაზრეების მთელ ბატალიონს შეკრებს და ისე დაესხმება თავს (დიახ, დიახ!).
კაცებს უფრო ხშირად მოსალოდნელი დამარცხება ადარდებთ მაშინ, როცა ქალები საკუთრივ მარცხის გამორიცხვის შესაძლებლობის ვარიანტებს ეძებენ. ამიტომაც ვითომ სუსტი სქესი,  მამაკაცებისგან განსხვავებით, საერთო მეტოქის წინააღმდეგ ერთიანდება და „მეგობრობს“ მანამ, სანამ...
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ხერხემალი ერთია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბრძენი არგაბედო

„თხა თხაზე ნაკლებიო...“

Approved by Natia Jinjolava

მამაკაცური სოლიდარობის თემამ დამაფიქრა და დავასკვენი, რომ ადამიანები, განურჩევლად სქესისა, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა ქალების და კაცების მეგობრობის „გაგება“ მაინც განსხვავდება. წინა პოსტში აღწერილმა სიტუაციამ, ძმაკაცები როგორ დაჟინებით ცდილობენ „გაბედნიერებული“ მეგობარი სატრფოს, საცოლეს თუ სულაც ცოლს დროებით მაინც მოწყვიტონ,  ანალოგიურ მდგომარეობაში ქალების ქცევა გამახსენა. საკუთარ მეხსიერებაში კარგად მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკე და მართლაც, მეგობარი ქალების ვერც ერთი მსგავსი საქციელი ვერ გავიხსენე. დაქალებს შეუძლიათ შენს რჩეულს კერძო და უწყინარ საუბარში ვითომდა შემთხვევით, სრულიად მიამიტად შენი ყველა ნაკლი გამოუმზეურონ: ზედმეტი კილოგრამები, ზომაზე დიდი ყურები, კულინარიული ნიჭის უქონლობა, ფეთხუმობა თუ ფიცხი ხასიათი. ამავე დროს შეუძლიათ უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე და, ხანდახან სრულიად უტაქტოდაც, კუთხეში მიგაყენონ და, სანამ შენი შეყვარებულის ყველა დეფექტს გამოთქმით არ დაგაზეპირებინებენ, არ მოისვენონ. სიმართლესაც გეტყვიან და ბევრ უსამართლობასაც მოაყოლებენ, გააკრიტიკებენ, გალანძღავენ, მაგრამ, რაც არ უნდა „ცუდი“ კაცის გვერდით იყო, შენს აზრს მაინც გაითვალისწინებენ და ხელსაც არ შეგიშლიან (რა თქმა უნდა, თუ კონკრეტული მამაკაცი მათი პირადი ინტერესების ობიექტს არ წარმოადგენს - რას იზამ, ასეთიც ხდება).
ერთი ფრანგი მწერლის გამონათქვამი მახსენდება, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ქალები ერთმანეთთან საუბარში შესანიშნავად ახერხებენ მეგობრული სოლიდარობის, ნდობისა და გულახდილობის იმიტაციას, რომლის უფლებასაც მამაკაცებთან ურთიერთობისას თავს არასდროს აძლევენ. მაგრამ ამ გარეგნული კეთილგანწყობის მიღმა, რამდენი უნდობლობაა! და არცთუ უსაფუძვლო...“
ქალი მამაკაცს მართლაც ბევრ რამეს არ უმხელს. ბუნებრივია, ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სხვებთან უკეთესი გამოჩნდეს, უფრო ლამაზი, მიმზიდველი, ჭკვიანი და ა.შ. საკუთარი უარყოფითი მხარეების დამალვას ყველანი ვცდილობთ, უბრალოდ, ზოგს ეს უკეთ გამოსდის და ზოგიც მეტისმეტი გულმოდგინებით სრულიად საწინაამღდეგო შედეგს აღწევს.
ვნახოთ, აბა, რის უფლებას აძლევენ ქალები ერთმანეთთან ურთიერთობაში. განსაკუთრებული ნიჭი და გულუხვობა საეჭვო ქათინაურების თქმაში ვლინდება. „უი, როგორ მოგიმატია, არაჩვეულებრივად გამოიყურები, მაგრამ მეტი არ გინდა!“ - ეს ასეთი კომპლიმენტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მაგალითია, მაგრამ კეთილმოსურნეთა „კბენის“ სხვა უფრო დახვეწილი ვარიანტებიც არსებობს. ქალები დამეთანხმებიან, რომ ხშირად ასეც ხდება: განსაკუთრებულად კარგად გამოიყურები, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხარ და სწორედ ამ დროს ის ახლობელი ქალები, რომლებიც თმაგაწეწილს და შეუღებავს საქებ სიტყვებს არ გამადლიან, პირში წყალს იგუბებენ და ჯიუტად დუმან. ჩემს სამეგობროში ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია: ერთი ჩემს გარეგნობაში წვრილმან ნიუანსებს მაშინვე ამჩნევს და კომპლიმენტებს არასდროს იშურებს, მეორე ამ მხრივ ძალიან (მეტისმეტადაც) თავშეკავებულია - ალბათ პლასტიკური ოპერაციაც რომ გავიკეთო, ჯიუტად „ვერ დაინახავს“. ერთ დღესაც ვარცხნილობა და თმის ფერი რადიკალურად შევიცვალე. ჩემი ახალი ქოჩრის ესთეტურობას და მოწონება-არმოწონებას თავი რომ დავანებოთ, ბრმა უნდა ყოფილიყავით, რომ არ შეგენიშნათ. აი, აქ კი ქალების ქცევის მორიგ უჩვეულო ფენომენს წავაწყდი: ჩემს თვალმახვილ და ხოტბის შესხმის მოყვარულ დაქალს ხმა-კრინტი არ დაუძრავს, აი, მეორემ კი (ჩვენი მეგობრობის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ალბათ სულ ორჯერ ექნებოდა „ტკბილი სიტყვა“ ნათქვამი) ქათინაურების კორიანტელი დააყენა. საკუთარი იერ-სახის მიმართ ობიექტურობის გრძნობა დავკარგე და კარგა ხანს ვერ მივხვდი, ის ოხერი ვარცხნილობა მიხდებოდა თუ არა...
მერი პოპინსს ათი წლის მანძლზე სტაბილურად ერთი წონა ჰქონდა, ერთ გრამსაც არ იკლებდა და არც იმატებდა. მთელი ეს ხანი ერთი ნაცნობი ქალი ყოველ შეხვედრაზე ამ სიტყვებით ეგებებოდა: „უჰ, შენ გასუქებულხარ!“ და ასე წლიდან წლამდე... შარშან მერიკომ მართლაც სულ ცოტა მოიმატა. იმ დღიდან მოყოლებული, იმ ქალისგან ჩვეული მისალმება აღარ სმენია. რა არის ეს,  მოყვასის სიყვარული თუ წინააღმდეგობის გრძნობა, ქალური სოლიდარობა თუ შური?
არსებობს ქალური ურთიერთდამოკიდებულების კიდევ ერთი სახე - წამხედურობა, რომელიც პრინციპში იგივე შურია, თითქოს უწყინარი და გაუთვითცნობიერებული. ერთი-ორი ისეთი დაქალიც გეყოლებათ, რომელსაც მარტო ის მოსწონს, რაც სხვას დაუნახა: თმის ფერი, ტანსაცმელი, აქსესუარები... ასეთებს ადვილად ამოიცნობთ: სიახლის დანახვაზე მაშინვე კითხვას დაგისვამს  „სად იყიდე, მიმასწავლე“, და ანალოგის შესაძენად გაქანდება.  ერთხელ მე და ჩემი ზემოხსენებული სიტყვაძუნწი დაქალი საერთო მეგობრის ქორწილში დაგვპატიჟეს. მე მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი და ქორწილისთვის სამზადისს სერიოზულად მოვეკიდე.
გოგოებს როგორც ჩვევიათ, მასთან ერთად ტანსაცმლის შესაძენად წავედი. ბევრი ვიარეთ, ბევრი მოვიზომეთ, ბევრიც დავიწუნეთ და, როგორც იქნა, დღის ბოლოს დაღლილები, მაგრამ საკუთარი არჩევანით კმაყოფილები დავიშალეთ: ჩემთვის მეჯვარისთვის არატრადიციული, მაგრამ მოხდენილი შარვლიანი კოსტუმი შევარჩიე, მეგობარმა - არანაკლებ მოხდენილი კაბა. მეორე დღეს ქორწილში მისულს უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა ზუსტად ჩემნაირ კოსტუმში ტყუპისცალივით გამოწყობილი დაქალის სახით. კითხვაზე: „ამის ყიდვა როდის მოასწარი?“ (თითქოს მთელი დღე ერთად გავატარეთ და ზუსტად იცოდა, რომ ეს კოსტუმი მეორე დღეს ჩასაცმელად შევიძინე), მშვიდად მიპასუხა: „სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ მეც მინდოდა. გავიქეცი და მაღაზიას დაკეტვამდე სულზე მივუსწარი“. ამდაგვარ თავყრილობებზე ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი მისვლას ბევრი ვერ რისკავს, მაგრამ მეგობრის ფეხსაცმლის, სამკაულის თუ სუნამოს „დუბლიკატით“ საკუთარ კარადას სიამოვნებით ავსებენ  და განსაკუთრებით „თავხედები“ გაოცებით სახალხოდ გარცხვენენ კიდეც: „ვაა, შენც ჩემნაირი გიყიდა!“
ერთმა ჩემმა, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტმა ნაცნობმა, თავისი უფრო წარმატებული მეგობრის ძალიან პრესტიჟულ, ფრანგულენოვან სამსახურში გადასვლის ამბავი რომ შეიტყო, სასწრაფოდ ფრანგული ენის სწავლა დაიწყო. სხვა საქმეა, რომ ეს მონდომება მხოლოდ სამ გაკვეთილზე ეყო...
ისე, ქალს, რომელსაც შენი სტილი, ჩვევები თუ შენს საკუთრებაში არსებული ნივთი ასე მოსწონს და „ითვისებს“ კიდეც, რატომ არ შეძლება ერთ დღეს შენს „სიმპათიას“ - რჩეულ მამაკაცს დაადგას თვალი?
დაწერილს გადავხედე და მივხვდი, რომ მეტისმეტი მომივიდა. იფიქრებთ, ყველაფერი ასე რომ ახსოვს, რა ბოღმიანი ყოფილაო. აბა, დავიწყების საშუალებას ვინ მოგცემს, როცა ასეთი „ისტორიები“ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეორდება? ამასობაში იმუნიტეტი გამომიმუშავდა და მსგავსი „წვრილმანები“ აღარ მწყინს, უბრალოდ, საკუთარი გამოცდილებიდან ფაქტებით განმტკიცებული, ქალური შურის ორიოდე, ყველაზე ბანალური  მაგალითი მოგიყვანეთ.
ჰო, კიდევ ერთი (სხვისი)  ბრძნული ნათქვამი, რომელსაც  ვეთანხმები: „ხმამაღლა გაჟღერებული შური, როგორ წესი, უმოქმედოა. იმ შურის გეშინოდეს, რომელიც დუმს“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

კაცური სოლიდარობის ფარული მოტივები

Approved by Natia Jinjolava

ქართველი კაცები ბევრ სხვა რამესთან ერთად, უზადო თანადგომითა და მეგობრობის ნიჭით ამაყობენ. თვლიან, რომ, მათ რომ იციან, ასეთი მხარდაჭერა და ერთგულება მსოფლიოში სხვას არავის შეუძლია. ჭირსა თუ ლხინში, ტყუილსა თუ სიმართლეში, თანამოძმის გვერდით სალი კლდესავით ურყევად დგანან და ფეხს არ იცვლიან.
ნეტავ, მართლა ასეთი მტკიცეა მათი მეგობრობა და კაცური სოლიდარობა?! დიახ, მაგრამ მანამ, სანამ საქმე, როგორც ერთხელ უკვე ვწერდით, მათი სიყვარულის ობიექტებს (სამსახურს, მანქანას და საყვარელ ქალს) ეხება.
არა, ერთი წუთით არ იფიქროთ, ერთმანეთს ღიად ერჩოდნენ ან ებრძოდნენ. ინტრიგა ჩუმად   და ნატიფად იხლართება. „ვაჰ, რა კარგი მანქანაა გიყიდია! მეც მინდოდა, მაგრამ უფრო იაფი და უკეთესი ვნახე“... „შენი თორმეტიათასიანი კი კარგია, მაგრამ ჩემი მეზობელის ოთხიათასიანი გაგასწრებს“... „შენი ოციათასიანი „აუდი“ გლიჯავს, მაგრამ ბევრად იაფიანი „პასატის“ ასლია და „ფოლკსვაგენი“ უკეთესად დადის ჩვენს გზებზე“... „მაგარი მანქანაა, მაგრამ ბენზინს ბევრს წვავს“. თანაც ამ ყველაფერს ისეთ მანქანაზე ამბობენ, რომლის პატრონსაც ბენზინის ან საბურავის მაღალი ფასები ნამდვილად არ უნდა ადარდებდეს... და ახლა ნუ მომედავებით, რომ ეს შური არაა, თუნდაც კეთილგანწყობით შენიღბული და უწყინარი, და იმის მტკიცებასაც ნუ დამიწყებთ, რომ ამ ყველაფერს მეგობრის სიყვარულით აკეთებენ და მისთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. კარგი თუ გინდა, იხარე რა მოყვასის სიხარულით, ჩაუჯექი ახალ მანქანაში და კრიტიკის ნაცვლად, შენც ისიამოვნე და მასაც ასიამოვნე! ალბათ ისიც შეგიმჩნევიათ, ერთი ძმაკაცი მეორის გამონაცვალ მანქანას იაფად რომ იყიდის და მერე (ვითომ ხუმრობით) გაუთავებლად წუწუნებს, რა ნაგავი შეასაღეს და მანქანას რამდენი რამე უჭირს. შე დალოცვილო, მანამდე დღედაღამ მაგ მანქანაში არ იჯექი და მეგობართან ერთად „პროფილაქტიკაშიც“ არ დადიოდი? შენზე უკეთესად ვინ იცოდა, რა „ჯართასაც“ ყიდულობდი, და არც მანქანის და არც შენი მეგობრის ბრალია, გამონაცვალი თუ შეგრჩა.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ოცი წლის წინ ამერიკიდან ძალიან იშვითი „ჯიშის“ მანქანა ჩამოიყვანა და გარშემომყოფების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. იმ დროს საქართველოში სულ ორად-ორი ტაურუსი დადიოდა. ცოტა ხანში ტაურუსის ახალი მოდელი გამოვიდა, ისიც შეიძინა, პირველი კი დიდი ხნის წინ რიგში ჩაწერილ და მანქანის გადალოცვის მოუთმენლად მომლოდინე ძმაკაცს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა. იდეალურად გამართულ მანქანას საჩუქრად ახალი აკუმულატორი და მისი მიერთების ვრცელი ინსტრუქციაც მიაყოლა. ძმაკაცი (სხვათა შორის, პროფესიით ტექნიკოსი იყო და თავი გამოცდილ მძღოლადაც მიაჩნდა) პლიუს-მინუსში ვერ გაერკვა და სადენები უკუღმა შეაერთა. შედეგად, მთელი ელექტრობა გადაიწვა და მანქანა კარგა ხანს ვეღარ მოიყვანეს გონზე და „ხოდზე“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ტაურუსმა მას მერე 7 პატრონი გამოიცვალა და თბილისის ქუჩებში დღესაც მოძრაობს. მანქანის უხეირო მყიდველი ძმაკაცი დღემდე გაუთავებლად მოთქვამს, როგორ მოატყუა აფერისტმა მეგობარმა და გაუმართავი მანქანა როგორ შეაჩეჩა. ისე, კაცმა აკუმულატორის ჩადგმა თუ არ იცი, რად გინდა მანქანა? იარე ველოსიპედით და არც მოუხერხებელი კაცის და არც უმადური ძმაკაცის სახელს არ მოიხვეჭ.
კაცებთან დაკავშირებით ერთი გამოცანა მოსვენებას არ მაძლევდა. ერთმანეთის კარგი ბინა არასდროს ადარდებდათ, მაგრამ აი, აგარაკს რაც ეხება, ძალიან მტკივნეულად განიცდიან ერთი მეორის საზაფხულო სახლში ნანახი ყველა ნოვაციის ან კომფორტის ელემენტის არსებობას: “აუ, ტო, იმას ისეთი დაჩა აქვს...“ ამას წინათ მოვისმინე, ერთ ახლობელს მორიგი თაყვანისმცემელი (სხვათა შორის, ცოლიანი) შაბათ-კვირას აგარაკზე შავ ღვინოსა და რომანტიულ მუსიკაზე საცეკვაოდ როგორ ეპატიჟებოდა ტექსტით: „კარგად გავერთობით, შენ რაც არ გინდა, არაფერი არ მოხდება“. გონებაც გამინათდა და გამოცანაც ამოვხსენი: მამაკაცებს სახლში ცოლები უსხედან (ქართველი კაცის ცხოვრებაში ცოლის ფენომენზე სხვა დროს ვისაუბრებ), ერთმანეთის ცოლის ნაკლებად შურთ, აი, „დაჩაზე“ კი ქალები დაჰყავთ... ბუნებრივია, რომ ქალისთვის თავის მოსაწონი ბუდის მოწყობა საკუთარი ცოლისთვის კომფორტის შექმნაზე ბევრად მეტად მნიშვნელოვანია“ „იმას ცოლის სტატუსიც ეყოფა, სადღა წავა?“
რადგან ცოლ-საყვარლის მტკივნეულ, მაგრამ აქტუალურ თემას შევეხე, ბარემ კიდევ ერთ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომელიც ერთი კაცის მეორის საყვარლისადმი დამოკიდებულებას ეხება. მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ სხვისი უკეთესი ქალი გულზე არავის ეხატება. უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ და იტანენ, ითმენენ და ეგუებიან, ისიც ხელსაყრელი მომენტის დადგომამდე. ანუ რას ვგულისხმობ: მეგობრის რჩეულთან ახლობლობენ, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ვითომ ხელს არაფერში არ უშლიან და ხანდახან თითქოს უწყობენ კიდეც. ზურგსუკან კი ენებს ილესავენ, არ იზარებენ და, ვითომდა უნებლიედ, ქალის ყველა ნაკლზე მიუთითებენ გრძნობისგან „დაბრმავებულ“ მეგობარს. და ვაი იმ დღეს, ამ უკანასკნელმა სატრფოს ცოლად მოყვანა თუ განიზრახა! კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოგო მართლა კარგია და სხვების მეორე ნახევრებს სჯობია. შეტევა ჯერ შორიდან იწყება: კაცს მაქსიმალურად ასაქმებენ - დაჰყავთ სახინკლეებში, რესტორნებში, მხოლოდ მამაკაცების ოჯახურ შეკრებებზე, თან არცხვენენ „ქალის გულისთვის სულ დაგვივიწყე, ჩვენთვის აღარ გცალია, კაბა ვის არ უნახავს, შენ კი სულ დაიკარგე“. საბრალო ჭეშმარიტი ქართველი მამაკაციც თავისი ვაჟკაცობისა და საყვარელი ქალის გავლენის ქვეშ არყოფნის დასამტკიცებლად, ძმაკაცების ყოველ ზარზე სატრფოს ტოვებს და გარბის. აბა, რა უნდა ქნასო, მკითხავთ. მე არ მახსოვს, ჩემთვის რომელიმე დაქალს დაერეკოს და აღშფოთებულიყოს, საყვარელ მამაკაცთან ერთად ყოფნა ჩვენთან ყავის სმას რატომ გირჩევნიაო. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და, თუ ვინმე ამიხსნის, ძმაკაცებთან 5 დღე გადაბმული სმის შემდეგ ცოლ-შვილთან (საყვარელ ქალთან, ან თუნდაც მშობლებთან) დასვენების დღეების გატარების სურვილი რატომ არის სირცხვილი, მაშინვე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. ან ოჯახის მარტო სადღეგრძელოში კი არა, საქმეში სიყვარულიც ხელს რას უშლის თავმოყვარეობას? ქალი თუ უყვარს, ან ცოლად მოიყვანა, ბუნებრივია, რომ მასთან ერთად ყოფნაც უნდა, პირველ ხანებში მაინც.
მაგალითად, ჩემს „ალტერ ეგოს“ (მეორე ნახევარს) ძალიან კარგი ძმაკაცები ჰყავს, მაგრამ საკმარისია,  სადმე ერთად წასვლა ან დასვენება დავაპიროთ და ამის შესახებ მისმა მეგობრებმა შეიტყონ, ტყდება ალიაქოთი, ტელეფონი არ ჩუმდება. ყოველ ათ წუთში ერთხელ რეკავენ და კიდევ და კიდევ ეპატიჟებიან სადღაც, ხან რა საქმეზე და ხან რა ღონიძიებასა თუ ღვინისძიებაზე. უარი არ ჭრის, რეკავენ და რეკავენ... ჩემს ქმარს კი კარგი ნერვები აქვს, მაგრამ... თუ თქვენ ამას ძმაკაცობას არქმევთ, მაშინ კაცების და მეგობრობის არაფერი მესმის.
მეგონა, რომ სტატიას კაცების სოლიდარობაზე (სინამდვილეში კი, მის არქონაზე ვწერდი), მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოლიდარობა არაფერ შუაშია, ამ ყველაფერ მარტივი სახელი - შური ჰქვია. ხანდახან გამიზნული, ხანდახან უნებლიე თუ გაუთვითცნობიერებული, მაგრამ მაინც შურია და, რა სახელიც არ უნდა შეურჩიო, შურად დარჩება. ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩება, რომ, როგორც ბრძენი ხალხი ამბობს, შური ყველაზე გულწრფელი და სუფთა გრძნობაა. ადამიანს თუ შურს, არასდროს არ ტყუის, მართლა შურს და ამას ვერსად წაუხვალ.  

საუკეთესო სურვილებით, მერი პოპინსი

ერვე თისის "შოკოლადის შანტილი"

Approved by Natia Jinjolava

ჰესტონ ბლუმენალი (Heston Blumenthal) 2002 წელს შეფმზაეულთა შეფად, 2001 წელს  კი წლის შეფად აირჩიეს. იგი ბერკშირის საგრაფოს ქალაქი ბრეიში (Bray) რესტორნის  „The Fat Duck“-ის  (მსუქანი იხვი) მეპატრონე და შეფ მზარეული გახლავთ და მიშლენის რამდენიმე ვარსკვლავსაც ფლობს. მისი რესტორანი 2005 წელს  ჟურნალმა „Restaurant“ მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად დაასახელა. ბლუმენტალმა სახელი კულინარიისადმი მეცნიერული მიდგომით - ე.წ. „მოლეკულური გასტრონომიის“ ანუ „კულინაიული ალქიმიის“ დაფუძნებით გაითქვა. მისი სამზარეულო მოყვარული-გურმანებსა და კოლეგა-სპეციალისტებსაც ერთნაირად იზიდავს. „მსუქანი იხვის“ მენიუში დღემდე არარსევულ ისეთი კერძებს ნახავთ, როგორიცაა: რიზოტო კიბორჩხალებით ან კიბორჩხალას ნაყინი, კასონადი (შქარის წეულა) ბულგარული წიწაკისგან, დაბალ ცეცხლზე დაბრაწული ბატკნის უნაგირი, ღუმელში დაბრაწული ონგლე (Onglet - ხორცის ნაჭერი, რომელსაც მხოლოდ გრილზე ამზადებენ), ყავისა და ნივრის ნამცხვრის მაქმანები, პასტერნაკის ბურბუშელა პასტერნაკის რძით საუზმისთვის...
ბლუმენტალს ბევრი ქმედითი რჩევა და მართლაც ძალიან გემრიელი რეცეპტი აქვს. მისი წიგნი „მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“, ჩამივარდა ხელში და გადავწყვიტე რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ. თანაც არ დავიზარე, და ქართულადაც ვთარგმნე.

Herve This’s Chocolate Chantilly

პიცის დამზადების ახალი მეთოდები კულინარიაში არ არსებობს, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ერვე თისმა როგორღაც სწორედ ასეთი ახლი მეთოდის გამოგონება მოახერხა. ერვე თისი ქიმიკოსია, მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტი და საფრანგეთის მთავრობის დავალებით პარიზში, თავის ლაბორატორიაში კულინარიულ ტექნოლოგიებს იკვლევს.
ეს დაუჯერებლად მარტივი კერძია.  შოკოლადისა და წყლის ემულსიფიკაციის გზით შოკოლადის კრემი „შანტილის“ მსგავსი ნარევი მიიღება, თანაც უფრო დაწმენდილი გემოთი, იმიტომ რომ სინამდვილეში კრემი სულ არ არის. ნებისმიერ კულინარიულ სკოლაში გეტყვიან, რომ წყალი შოკოლადის მტერია. რეალურად კი, ზოგიერთ რეცეპტს თუ არ ჩავთვლით, ასე არ არის.  
დაგვჭირდება: 200 მლ წყალი, 225 გ  მწარე შოკოლადი
ერვე თისი
შოკოლადი დავამტვრიოთ და ჩავყაროთ წყლიან ჭურჭელში. გავაცხელოთ ზომიერ ცეცხლზე და შოკოლადის საბოლოო გადნობამდე ვურიოთ. ავიღთ ორი ჯამი, ერთი უფრო დიდი, მეორე უფრო პატარა. დიდ ჯამში ჩავყაროთ ცოტაოდენი ყინულის ნატეხები და დავასხათ ცივი წყალი. მერე ყინულებიან ჯამზე პატარა ჯამი მოვათავსოთ. გამდნარი შოკოლადი პატარა ჯამში ჩავასხათ და ავთქვიფოთ ასე ყინულზე შემოდგმული. მასა თანდათან გასქელდება და ათქვეფლ ნაღებს დაემსგავსება. კერძი მზადაა, მიირთვით.
ასეთი „კრემის“ კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შოკოლადისა და წყლის მასას ზედმეტად თუ ათქვეფთ, შეგიძლიათ გაადნოთ და თავიდან ათქვიფოთ“.

(„მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“, ჰესტონ ბლუმენტალი)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

სიმინდის ფქვილის ბრაწულები

Approved by Natia Jinjolava

საქართველოში სიმინდი ძალიან გვიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მოხარშულს (ძალიან იშვიათად კოცონში დაბრაწულს) ვჭამთ, მისი ფქვილისაგან კი მარტო მჭადს და ღომს ვამზადებთ. არადა, უამრავი გემრიელი რამის გაკეთება შეიძლება. ოღონდ, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ - სიმინდის ფქვილისგან გაკეთებული კერძების უმრავლესობა, მხოლოდ ცხელ მდგომარეობაშია გემრიელი. რატომ და როგორ, ახსნას არ დავიწყებ, ცივი მჭადი ყველას გიჭამით.
სხვათა შორის, თავი რომ მოგვაქვს და მხოლოდ ჩვენი გვგონია, ზუსტად ჩვენნაირ ღომს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში აკეთებენ და მაგალითად: სპილოს მწყემსები ბოცვანაში (ღომი თავის დროზე სამეგრელოშიც მეჯოგეების საჭმელად ითვლებოდა) აფრიკულ აჯიკასთან ერთად მიირთმევენ. აი, ჩეხები კი წინასწარ მოხარშული სიმინს ფქვილისგან ზუსტად ჩვენნაირ მჭადის კვერებს აცხობენ, მერე ხახვს და ბეკონს ბრაწავენ და მჭადთან ერთად მიირთმევენ (ძალიან გამრიელია!).
ამჟამად ჩემი მჭადის ბურთულების რეცეპტს შემოგთავაზებთ.
მოზილეთ ჩვეულებრივი მჭადის ცომი, დაუმატეთ ცოტა ზეთი, ნახევარ კილო ფქვილზე სადღაც 30-40 გრამი დარბილებული კარაქი, ბლომად მარილი, ორეგანო, დაფქული წითელი წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, მოთუშული ხახვი, დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ბეკონი და დაფშვნილი ყველი. ასეთის არსეობის შემთხვევაში, ძალიან უხდება გახეხეილი ყველი „პარმეზანი“. რა და რამდენი ჩაყაროთ ცომის ოდენობითა და თქვენი სურვილით განსაზღვრეთ. მჭადის ფქვილი ცომს რამის სიზედმეტით ან ნაკლებობით, გემოს გარდა ვერაფერს გაუფუჭებთ. განსაკუთრებით გემრიელი რომ გამოვიდეს, ცომი ზომაზე ოდნავ მეტად მარილიანი და წიწაკიანი უნდა იყოს. სიცხარის ნუ შეგეშინდებათ, ფქვილს კარგად გააქვს და მხოლოდ უცნაურ  და პიკანტურ შეგრძნებას და არომატს ტოვებს. ნუ, ახლა მთალდ ერთ ქილა წითელ წიწაკასაც ნუ ჩაუძახებთ!
მომზადებლი ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე. შედგით წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. თამამად შეუჭყიტეთ ხოლმე და რომ დაიბრაწება, გამოიღეთ.
მიირთვით ცხლად! ძალიან გემრიელია. მე ხანდახან არაჟანსაც ვასხამ. ცხელი, ოდნავ მლაშე და ზედმეტად შესუნელებული მჭადი და ზემოდან მოსხმული ცივი, მჟავე არაჟანი ძალიან სასიამოვნო კონტრასტს იძლევა.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!“

Approved by Natia Jinjolava

ამ თარიღთან დაკავშირებით, ალბათ ყველას ერთი და იგივე - ბავშვობიდან გამოყოლი ფრაზა ახსენდება, ფრაზასთან ერთად კი სხვადასხვა დროს თავს გადახდენილი თუ სხვისი ნაამბობი კურიოზები. რამოდენიმე ასეთ ისტორიას მოგიყვებით, რომლის მონაწილე, მომსწრე და თვითმხილველი ვარ.
ერთმა ბიჭმა ორი მეგობრის საპირველაპრილოდ „გაღადავება“ გადაწყვიტა, ჩაის დასალევად დაპატიჟა და თავად სახლიდან გაიძურწა. მეგობრები მივიდნენ და, სახლის კარი რომ არავინ გაუღო, ჯერ გაიკვირვეს, მერე თავი დაიმშვიდეს, ალბათ მასპინძელი მაღაზიაშია ჩასულიო და ხანმოკლე ლოდინისთვის მშვიდად განეწყვნენ. ლოდინმა დიდიხანს მოუწიათ, მასპინძელი არსად ჩანდა. მომლოდინეებს გაახსენდათ, რა დღეც იყო, მიხვდნენ, რა მახეშიც გაებნენ და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს. ბევრი არ უფიქრიათ, მზერა იქვე ეზოში დახვავებული აგურისა და ქვიშის გორას მიაპყრეს და მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგნენ. არ დაიზარეს, „უპატრონო“ აგურები მესამე სართულზე საკუთარი ზურგით ზიდეს და გაპარულ მეგობარს შესავლელი კარი ამოუშენეს. თავდაუზოგავად იშრომეს და კარი უბრალოდ კი არ ამოქოლეს, ვერაგებმა აგურებისგან ორმაგი კედელი აღმართეს იმ აზრით, „პირველ ფენას რომ დაარღვევს, კიდევ ერთი კედელი დახვდებაო“ და დამშვიდებული თავმოყვარეობით დაიშალნენ.
მუხანათი მასპინძელი გამთენიისას გვარიანად შექეიფიანებული დაბრუნდა. საკუთარი კარის ნაცვლად აგურის გალავანი რომ დახვდა, სასწრაფოდ გამოფხიზლდა და მის დაშლას შეუდგა. შუადღემდე გულმოდგინედ იშრომა და ბევრი ოფლიც ღვარა, სადარბაზოს სივიწროვის გამო აგურებს იქვე აკურატულად ალაგებდა, თან მეგობრებს (ამ „ხუმრობის“ ავტორების ვინაობას თავიდანვე მიხვდა) გულში (და არა მხოლოდ) „ლოცავდა“. სამუშაოს დამთავრებას ცოტა აკლდა, გვერდით ბინიდან მეზობელმა ქალმა გამოიხედა და შეიცხადა: „როგორ გამახარე, ჩემი აგურები რომ მოგიზიდია, რატომ წუხდებოდიო“. ოფლში გახვითქულმა ბიჭმა მეზობლის მადლი კი მოისხა, მაგრამ „ხუროთმოძღვარ“ მეგობრებს მას მერე დიდხანს არ ელაპარაკებოდა...
სხვათა შორის, ამ ოხუნჯი „მშენებლებიდან“ ერთ-ერთს უარესიც გაუკეთებია. ოდესღაც ერთ ხანდაზმულ კაცს ემეგობრებოდა, რომელიც თავის დროზე სერგო ფარაჯანოვის მეგობარი და კოლეგა გახლდათ, დღედაღამ ფარაჯანოვს ახსენებდა და მის ისტორიებს ყვებოდა. ერთხელაც ჩემმა მეგობარმა (ის დღეც პირველი აპრილი იყო) ამ კაცს უთხრა: „წუხელ სერჟიკა დამესიზმრა, მოგიკითხა, მაგრამ შენზე ძალიან ნაწყენია. ასე თქვა, ჩემი საყვარელი ოდეკოლონი „მოჟმოტა“ და საფლავში არ ჩამატანაო“. კაცს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ფერი ეცვალა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა. ამის მერე, ერთი კვირით დაიკარგა და, რომ გამოჩნდა, ჩემს მეგობარს მიახარა: „ახლა სინდისი დაშვიდებული მაქვს - ერევანში იმ დღესვე წავედი და სერჟიკას საფლავზე ოდეკოლონი მივიტანეო“.
ჩვენი სტუდენტობისას უნივერსიტეტში ერთი მეტად პოპულარული და მოდური ბიჭი, სახელად ალექსანდრე, სწავლობდა. გოგოების მეტისმეტი ყურადღება თავში ჰქონდა ავარდნილი, საკმაოდ ამპარტავანიც იყო და ხანდახან თავს ზედმეტად უხეში ხუმრობის უფლებას აძლევდა. ერთხელაც თავისი შესაძლებლობები ვერ მოზომა და ჩვენი მერი პოპინსის მეგობარ გოგონას უმიზეზოდ აწყენინა და მანდ შეცდა! ამბობენ, „შურიძიება ცივი კერძიაო“, ჰოდა, მერიკომ ბიჭს რამდენიმე კვირა აცალა და პირველ აპრილს სამაგიერო ასე გადაუხადა: ჯერ დარწმუნდა, რომ იმ საღამოს ბიჭი ნამდვილად სახლში იყო, მერე სასწრაფო დახმარებას დაურეკა და ბიჭის მისამართზე „ოცდაერთი წლის მშობიარე ალექსანდრა .....-სთან“ მეან-გინეკოლოგების ბრიგადა გამოიძახა. მეორე დღეს უნივერსიტეტის ბირჟაზე გამოსულ ბიჭს დანა კბილს არ უხსნიდა.
აი, კიდევ ერთი ისტორია: ჩვენს მეგობარს სამსახურში პერიოდულად ღამ-ღამობით მორიგეობა უწევდა. მეწყვილედ ერთი სვანი ჰყავდა, ცვლას ასე ინაწილებდნენ: ღამის 12-დან 4 საათამდე ერთს ეძინა, 4-დან დილის 8 საათამდე - მეორეს. ჩვენმა მეგობარმა პირველი აპრილის მორიგეობა ასე გაიხალისა: შუაღამის ცვლა სვანს დაუთმო: „შენ მშვიდად დაიძინე და მე გაგაღვიძებო“. სვანმა ხვრინვა ამოუშვა თუ არა, ბიჭი საქმიანად დატრიალდა, ოფისში არსებული კედლის თუ კომპიუტერის ყველა საათი სამი საათით წინ გადაიყვანა, არ დაიზარა და მძინარე მეწყვილის მაჯის საათიც ზედ მიაყოლა. ღამის პირველ საათზე სვანი უსინდისოდ გააღვიძა („შენი კუთვნილი ოთხი საათი გავიდაო“) და თვითონ ტკბილად დაიძინა... ნებივრობა შეშინებული სვანის ხმამ გააწყვეტინა: „გაიღვიძე, მგონი, მეორედ მოსვლა იწყება! დილის რვა საათია, ისევ ბნელა, არა და არ გათენდაო!“
დაბოლოს, მოსკოვში სასწავლებლად წასული ორი ქართველის ამბავი მახსენდება. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ჩინელთან ერთად შეასახლეს და პირველ ხანებში ენერგიული ქართველი ბიჭები იმით ერთობოდნენ, რომ უსიტყვო და მორჩილ ჩინელს აწვალებდნენ: ხან ფეხსაცმელი დაუჭედეს, ხან ლოგინი გაუპასტეს, ხან ოთახის გასაღები დაუმალეს, მოკლედ, ყოფა გაუმწარეს. საბრალო მსხვერპლი ყველაფერს ჩინური ფილოსოფიური უდრტვინველობით იტანდა. დროთა განმავლობაში ბიჭები ოთახის აზიელ ბინადარს შეეჩვივნენ, ადამიანობა გამოიჩინეს - გადაწყვიტეს, „ეგზეკუციას მოვრჩეთო“.
 ქართული ტრადიციისამებრ, ჩინელს სუფრასთან უხმეს და ჰუმანური გადაწყვეტილებაც საზეიმოდ ამცნეს: „კარგი ბიჭი ყოფილხარ, ამდენი რომ გვითმინეო და აწი აღარაფერს გერჩითო“. ჩინელმა თავი მშვიდად დაუხარა და მწვალებლებს გამოუცხადა: „Холосо, я тосе не буду писать в ваш цайник”. ბიჭებმა სასწრაფოდ ოთახი შეიცვალეს, მას მერე სხვის ადუღებულ ჩაის აღარ ეკარებიან და თავს დღემდე ასე ინუგეშებენ: „იმ დღეს პირველი აპრილი იყო და ის შობელძაღლი ალბათ გვეხუმრაო“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი