ჭირვეული მეზობლები

Approved by Natia Jinjolava



90-იან წლებში თბილისში დენი, თბილი წყალი და გათბობა ერთბაშად რომ გაქრა, მსგავს გაჭირვებასა და მოულოდნელობას გადაჩვეულმა და მოუმზადებელმა ხალხმა მთელი თავისი გამჭრიახობა მოიკრიბა და ზოგმა ბებიის ნაქონი მივიწყებული „კერასინკა“ ამოჩიჩქნა სარდაფიდან, ზოგმაც რაიონებიდან სასწრაფოდ ჩამოიტანა შეშისა და სალიარის „ფეჩები“, ზოგმაც კი მარტივად შუაცეცხლი გააჩაღა სადარბაზოებსა და ეზოებში და ასე საერთო კოცონზე ამზადებდნენ სუპებსა და ლობიოს. ჩემს მეგობარს იმდენად ინტელიგენტი და პატიოსანი მამა ყავდა, რომ გაგანია ზამთარში დენის იშვიათად მოსვლის დროსაც კი არ ართვევინებდა ოჯახის წევრებს გათბობას - სხვებს დენი ჩვენზე მეტად ჭირდებათ, სახლში ბავშვები ყავთო. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ ასეთი კაცი, ეზოში გაჩაღებულ კოცონზე ცოლს ჩაიდნის ადუღების უფლებასაც რომ არ აძლევდა - უხერხულია, შეშა მათი მოძიებულია და რას იტყვიანო. ერთ დღესაც, ეტყობა სიცივემ თვითონაც ძალიან რომ შეაწუხა, გაახსენდა, რომ სარდაფში უამრავი ხის ყუთები და ძველი კარად ქონდათ და იფიქრა რომ „საზოგადოებრიც ცეცხლს“ საკუთარი საწვავით და ქვაბით მივადგები და სახლში მონატრებული ცხელი საჭმელიც გვეღირსებაო. სარდაფში რომ ჩავიდა, გაირკვა რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე მთელი მისი სამეზობლო მისივე სარდაფიდან მოპარულ შეშაზე თბებოდა და ძღებოდა - სარდაფიდან წიგნებიც კი გაზიდული და  „შეშიშხინებული“  დახვდა.
ალბათ იტყვით, გაჭირვება ხალხს რას არ აკადრებინებსო, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სხვას რამე თუ არ წაართვა ის დღე დღედ არ მიაჩნია. ერთი ჩემი ნაცნობი, სტუმრად ყოფნიდან სახლში ისე არ დაბრუნდება, ხელს ხელსახოცი ან ერთი ცალი მანდარინი მაინც თუ არ გამოაყოლა. არა, კლეპტომანი არაა, არ იპარავს. ოფიციალურად თხოულობს. არც უჭირს, უბრალოდ, კაჭკაჭივითაა და მისი აზრით, ცუდად რაც აგდია, ყველაფრი თავის ბუდეში მოაქვს. ერთხელ კიდეებ ჩამომტვრეული და საკმაოდ შელახული, ძალიან იაფფასიანი ვაზა მოიტანა სახლში - სტუმრად ვიყავი, ბავშები თამაშობდნენ ამით ეზოში, არ ჭირდებოდათ და წამოვიღეო. გარეცხა და პიანინოს თავზე შემოასკუპა. ვაზის ნამდვლი პატრონი დღესაც გაოცებული უყურებს ხოლმე თავის ყოფილ ნივთს - კი ეცნობა, მაგრამ ეჭვადაც ვერ უშვებს, რომ მისია. უფრო მეტიც, ამ ქალს ცხოველები არ უყვარს და ქუჩაში დაკარგული ლეკვი რომ აეკიდა, ვიღაცამ როგორც კი უთხრა კავკასიური ნაგაზია და 500 დოლარი ღირსო, მაშინათვე ხელი სტაცა, ჩემიაო და სახლში წამოიყვანა. გაყიდვა არც უფიქრია, უბრალოდ, ძვირფასი ნივთი იყო და სხვას ხომ არ დაუტოვებდა?!
ამიტომ ჩემს კიდევ ერთ ახლობელს ტელეფონის 1000 ლარიანი გადასახადი რომ მოუვიდა, გაოცება არა, მხოლოდ აღშფოთება იგრძნო. ატეესში დიდი ხნის კვლევისა და ხანმოკლე გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ოთხი სართულით ქვევით მეზობელს სადარბაზოს სატელეფონო გაყვანილობის მილი მოუხნია, ჩემი ახლობლის ნომერზე მიერთებულა და ხაზის პატრონს რომ არ გამოეჭირა, ყოველ ღამე 4 საათზე შვილს ურეკავდა გერმანიაში და განთიადამდე უფასოდ ესაუბრებოდა. ვერავინ ვერაფერს დაუმტკიდებდა, ერთხელ რომ არ შემცდარიყო და თბილისში არ დაერეკა ვიღაცასთან მობილურზე.
ჩემს თანამშრომელს კიდევ უფრო გასაოცარი რამ შეემთხვა. ერთოთახიან ბინაში მცხოვრებ მარტოხელა გოგოს თვიდან თვემდე დენის არნახული გადასახადი მოსდიოდა. მიხვდა რომ დენს პარავდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ დამნაშავე თვითონ უნდა იპოვო, თელასი ამაზე პასუხსს არ აგებს. როგორ არ ეძება, როგორ არ იკვლია, რა ხერხს არ მიმართა, მაგრამ „პარაზიტ“ მეზობელს ვერ მიაგნო. საბედნიეროდ, გოგოს მამიდაშვილი იყო თელასის თანამშრომელი და ის ეხმარებოდა ძებნაში. მისი „დამაქცევარის“ ძებნაში სხვა მეზობელი დაიჭირეს, რომელიც ლიფტის ხაზზე მჯდარა. მერე ისევ გამოცდილმა მამიდაშვილმა ივაჟკაცა და თელასის საბუთით მეზობლების ბინების შემოვლა დაიწყო. როგორც გაირკვა, გვერდით სადარბაზოდან, პროფესიით ელექტრიკოს მეზობელს საერთო კედელი სნაიპერული სიზუსტით დრელით  2 მილიმეტრის დიამეტრზე გაუხვრიტავს და მეზობლის კედელში გამავალ ელგაყვანილობაზე დამჯდარა. დენით თვითონაც სარგებლობდა - ყველა ოთახში ელექტროღუმელი ედგა ჩართული და ხელგაშლილ ადამიანს კიდევ სამი მეზობლისთვის უწილადებია „ლევი“ ხაზი წყლის ბაკებისა და გათბობის ჩასართავად...
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ ორი თვის წინ სახლის ტელეფონის ხაზი გამიფუჭდა, არადა, გადასახადი მომდის. მალე გაიკვა, რომ დაზიანება სადღაც სახლის გაყვანილობაში იყო. ჯერ უშუალოდ ტელეფონის სადენები გამოვცვალე - არ უშველა. მერე, ოთახის გაყვანილობა - ამაოდ, მერე მთლიან სახლში (50 მ კაბელი გამოვცვალე) - უშედეგოდ. სხვა ტელეფონი შევაერთე - არაფერი. ასე ძიება ძიებით მივედი სადარბაზოს კარებთან და გარეთაც გავიჭყიტე. ჩემს პირდაპირ მეზობელს თავისი, ჩემი და კარის მეზობლის სადენები თითო ადგილას გაუშიშვლებია, თავისაზე დამატებითი სადენი ხორთუმივით მიუბამს და მისი ტელეფინი რომ ითიშება გადაუხდელობის გამო, ხან ჩემს ხაზს აზის, ხან ჩემი კარის მეზობლისას. ეტყობა, სწორედ ამ ჩახსნა-გადაბმის პროცესში შემთხვევით ჩაწყვიტა ჩემი ხაზი. 
ვერაფერს იტყვი, სხვის ხარჯზე ცხოვრება მართლაც მშვენიერია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

საიდუმლო სერობა „შატო რუსთაველში“ - სურვილებების ჭა, ოცნებების მღვიმე და კაცის ხელით სათუთად დაბრაწული სარდელები

Approved by Natia Jinjolava


"შატო რუსთაველის" საიდუმლო კარი

დაახლოებით ერთი თვის წინ, ბედობა დღეს კლუბის  წევრებმა განსაკუთრებული საღამოს მოწყობა განვიზრახეთ, მივდექ-მოვდექით, გავიკითხ-გამოვიკითხეთ, ვინც შესაწუხებელი იყო შევაწუხეთ, მოსასმენს მოვუსმინეთ, გასათვალისწინებელი გავითვალისწინეთ, კარგად ავწონ-დავწონეთ, ასჯერ გავზომეთ, ასჯერვე გავჭერით და  ჩვენი არჩევანი „შატო რუსთაველზე“ შევაჩერეთ. საჭიროზე მეტად ბედისწერის არცერთს გვჯერა, ან თუ გვჯერა ამაზე ბევრი ფიქრით თავს მაინცდამაინც არ ვიწუხებთ, მაგრამ ბედობა დღეს რამე მისტიკურის ან ზღაპრულ-ჯადოსნურ-სასწაულებრივი ელფერის მქონეს გარეშე როგორ იქნებოდა და და „შატო რუსთაველის“ ორი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ობიექტის - „სურვილების ჭისა“ და ოცნებების მღვიმის“ დასაზვერ-ასათვისებ-გასატესტად ზოგიც მარტო, ზოგიც ორ-ორად ან სამ-სამად დაწალიკებუილები გავემართეთ და რუსთაველზე საგულდაგულოდ დამალულ და ეგზომ სასურველ კარს ზუსტად ხუთ საათზე მივუკაკუნეთ.
შიგნით გულთბილი და ხაზგასმით ზრილობიანი, საკმაოდ ელეგანტური მამაკაცი შეგვიძღვა და დაგრეხილი ქვის კიბით შატოს მთავარ დარბაზში შეგვლალა. აგიზგიზებულ ბუხარში უკვე საჭირო კონდიციამდე მისული გლინტვეინის თუხთუღებდა და ირგვლივ მათრობელა სურნელს აფრქვევდა. მალე გაირკვა რომ ჩვენი მეგზური თავად მასპინძელი ყოფილა და გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე შამფურებზე წამოცმული სარდელებიც აგვიშიშხინა, მერე უგემრიელეს გარნირთან ერთად სომხურ ლავაშებში საკუთარი ხელით სათუთად გადაგვიხვია და ჩამოგვირიგა. ასეთ მოულოდნელ და უჩვეულო აპერეტივს კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოყვა ... ერთი სიტყვით, ბევრს აღარ გავაგრძელებ - ენამოსწრებული ანეგდოტებითა და ბუხარში შებოლილი ყავის თავბრუდამხვევი არომატით დამშვენებული საკმაოდ სასიამოვნო საღამო გავატარეთ.
მერე სურვილების ჭასაც ვესტუმრეთ, მონეტები ჩავყარეთ (ერთთეთრიანებს ამ საქმისთვის მთელი კვირა ვაგროვებდით) და სურვილებიც ხმამაღლა ჩავძახეთ. მიუხედავად, მასპინძლის მტკიცებისა, მონეტის ნომინალი სურვილის ასრულებაზე არ მოქმედებსო, უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, სასწრაფო ნიხრი იქვე შევადგინეთ: 
„1 თეთრიანი - თქვენი სურვილი ოდესმე ასრულდება;
2 თეთრიანი - 5 წლის განმავლობაში ასრულდება;
5 თეთრიანი - 2 წელიწადში ასრულდება;
10 თეთრიანი - წელიწადნახევარში;
20 თეთრიანი - ერთ წელიწადში;
50 თეთრიანი -  8-დან 10 თვემდე;
1 ლარიანი - 3-დან 6-თვემდე;
2 ლარიანი - 1 თვეში;
ექსპრეს ასრულება - ეროვნულ ბანკში მიბრძანდით, ათლარიანი მონეტა გადაახურდავეთ და სურვილიჩ ჭაში მისი ჩაგდებისთნავე ახდება“.
ყველაზე დიდი მონეტა (ლარიანი) ჩვენმა ბრანვენმა გაიმეტა და ახლა ყველანი ვსხედვართ და ველოდებით მისი სურვილი თუ ასრულდება და მერე, იცოცხლე, ვინღა მოასვენებს ჩვენს „სუზეტას სურვილების ჭას“. რაც მთავარია, გზა უკვე ვიცით.
ჭას რომ შევეშვით, მერე თავი ოცნებების მღვიმეში ვდურთეთ და შუაგულ რუსთაველზე განგების თუ სხვადასხვა თაობის არქიტექტორთა მოხერხებულობის წყალობით შექმნილ ურბანისტულ ჭაბურღილში (სხვადასხვა ქუჩებზე მდგარი ოთხი თუ ხუთი კორპუსის უკანა თუ გვერდის კედლები ალბათ მქაიმუმი 4-5 მეტრის დიამეტრის დახურულ სივრცეს ქმნის შესასვლელის გარეშე) ჩვენი ოცნებები მთვარესაც შევყმუვლეთ, წამოსვლის წინ დიდი ხნის გადავიწყებული ცხელი კაკაოთი პირი ჩავიკოკლოზინეთ, გულთბილ მასპინძელს გამოვეთხოვეთ და მყარი გადაწყვეტილებით, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით, სახლებისკენ გამოვეშურეთ.
ასეთი უჩვეულო საღამო დიდი ხანია არ მქონია...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Cobb Salad - კობის სალათა

Approved by Natia Jinjolava



მსოფლიო გასტრონომიულ რეიტინგში სახელგანთქმული სალათების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. უოლდორფი
2. ცეზარი
3. ნისუაზი
4. ბერძნული სალათა
5. კობი
პირველ ოთხეულზე უკვე ვისაუბრებთ, ასე რომ დღეს კობის სალათას ანუ Cobb Salad-ის დროც დადგა. როგორც ცნობილი კულინარული კრიტიკოსები ხუმრობენ, მაცივრის შიგთავსის ქექვა ოლიმოიური სპორტის სახეობა რომ იყოს, რობერტ ჰოვარდ კობი (Robert Howard Cobb) უეჭველად ოქროს მედალისტი იქნებოდაო. 
საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის შორეულ 20-30-იან წლებში კონოვარსკვალვების საყვარელ ლოს-ანჟელესური რესტორნის „Hollywood Brown Derby“-ის მფლობელს, რობერტ კობს შუაღამისას მოშივდა და წასახემსებლად რაიმე მსუბუქი „ზაკუსკის“ მომზადება საკუთარი ხელით განისზრახა. თავისივე რეტორნის სამზარეულოში შევიდა, მაცივრის შიგთავსი გამოიკვლია, რაც კი მოეწონა თეფშზე დაიხვავა, დააქუცმაცა, იქვე მოფუსფუსე მზარეულს ბეკონი დააბრაწინა, ისიც დაამატა, სოუსი ვინეგრეტი მოასხა და მადიანად მიირთვა. მისი სპონტანური ვახშამი იმდენად გემრიელი გამოდგა, რომ სალათა რესტორნის მენიუში შეიტანეს. თუმცა, კობის სალათა სანამ მენიუში მოხვდებოდა, რესტორნის შეფ-მზარეულებმა თავისი წვლილი შეიტანეს და სერვირების ფორმა შეუცვალეს: თავად კობმა ყველაფერი იქვე გადაურია ერთმანეთში, კობის სალათას სარესტორნო ვერსიაში კი ინგრედიენტებს პატარა კუბიკებად ჭრიან და ოდნავ ღრმა და ფართო თეფშზე ერთმანეთის გვერდიგვერდ რიგებად ახვავებენ და უკვე მაგიდაზე ასხამენ სოუსს და ერთმანეთში ურევენ.
სალათის შექმნის მეორე ვერსია ასეთია: არა, კობს ავტორობას არავინ ეცილება, უბრალოდ ყვებიან, რომ იმ დღეს თურმე კბილი ატკივდა და ექიმთან ყოფილა. დანტისტმა კბილი დაუბჟინა და მშიერი რობერტ კობი რესტორანში რომ დაბრუნდა, პირს ფართოდ ვეღარ აღებდა. ამიტომ მზარეულს სთხოვა ყველაფერი ძალიან წვრილად დამიჭერიო. უკვე ძალიან გვიანი ღამე იყო და მზარეულმაც ის დაჭრა, რაც მაცივარში იპოვა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, როგორც ყველაფერი მარტივი, კობის სალათაც ძალიან გემრიელი და გენიალურია. ამიტომ მის მომზადებას ნამდვილად გირჩევთ, ჩვენი მაგიდებისთვის უცხოცაა და თან ძალიან ლამაზიც.

კობის სალათა (კლასიკური)
(4-6 პორცია)
შესაკმაზად: 50 მლ რაფსის ზეთი, 50 მლ ზეითუნის ზეთი (extra virgin), 50 მლ წითელი ღვინის ძმარი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, ¾ ჩ/კ მშრალი მდოგვი, ½ ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი, ¼ ჩ/კ შაქარი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით;
სალათისთვის: ნახევარი თავი სალათი აისბერგი, ნახევარი თავის სალათი რომენი, პატარა კონა კრეს-სალათა, 250 გრ ცისფერ ობიანი ყვლი (ჩანგლით დაფშვნილი, 6 ლენტი ბეკონი (დაბრაწული და ხრაშუნა, დაჭრილი წვრილად), 3 კვერცხი (მაგრად მოხარშული, გაფცქვნილი და 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი), 2 საშუალო ზომის პამიდორი (კანგაცლილი, კურკებამოცლილი და სანტიმეტრიან კუბიკებად დაჭრილი), 1 ქათმის ფილე (მარილმოყრილი და ტაფაზე დაბრაწული და სანტიმეტრიან კუბიკებად დაჭრილი), 1 ავოკადო (გათლილი, კურკამოცლილი და 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი), მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
დაბრაწული ბეკონი
სოუსისათვის: ერთმანეთში ავურიოთ რაფსის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ვორჩესტერის სოუსი,  შაქარი, ნიორი და ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ ბლენდერში, სანამ ერთგვაროვან სოუსს არ მივიღებთ. დავუმატოთ მარილი და პილპილი.
სალათები აისბერგი, რომენი და კრესი ფრთო ნაჭრენად დავჭრათ და ერთმანეთში არეულად დავალაგოთ დიდ და ფართო, ოდნავ ღრმა თეფშზე, ზემოდან თეფშის სიგრეძეზე ზოლებად დავალაგოთ ავოკადი მწვანე მხარით ზევით, ბეკონი, ყველი, პამიდორი, ქათამი და მოხარშული კვერცხი. სულ ბოლოს თავზე მწვანე ხახვი მოვაყაროთ. სუფრაზე გავიტანოთ სასოუსეში ჩასხმულ სოუსთან ერთად. სალათის დანახვით აღფრთოვანებული სტუმრების აპლოდისმენტები რომ მიწყნარდება სალათას მოვასხათ სოუსი და ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ.


კობის სალათა კრევეტებით
სოუსისთვის: ¼ ჭ ძმარი „ბალზამიკო“, ¼ ჭ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ მდოგვი, ½ დიდი ზომის ხახვი მაქსიმალურად წვრილად დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 4-5 ღერი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით
სალათისათვის: ½ თავი სალათი ლატუკი, ½ თავი სალათი რომენი, 3 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 დიდი ავოკადო (კუბიკებად დაჭრილი), 3 პამიდორი (გაფცქვილი და კუბიკებად დაჭრილი), 1 ნიორი დაჭყლეტილი, ½ დიდი ხახვი (თხლად დაჭრილი), 3 ს/კ ძმარი, 200 გრ ყველი „როკფორი“ (კუბიკებად დაჭრილი), 200 გრ კრევეტები (გარჩეული), ¼ ჭ თეთრი ღვინო, 2 ლიმონი, 4 ლენტი ბეკონი (დაბრაწული და კუბიკებად დაჭრილი)
სოუსის ყევლა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ, კარგად ავთქვიფოთ და 1 საათით მაცივარში შევდგათ. პამიდორი, ხახვი და ნიორი ერთმანეთში ავურიოთ, მოვასხათ ძმარი და ლიმონის წვენი და ერთი საათით მაცივარში შევდგათ. კრევეტები მოვშშოთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, ჩავთუთქოთ ღვინოსა და დარჩენილ ლიმონის წვენში. სალათის ფოთლები დიდ ნაჭრებად დავჭრათ და დავალაგოთ დიდი ზომის თეფშზე. ზევიდან ზოლებად დავალაგოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ავოკადო, კრევეტები, პამიდორი, ყველი და ბეკონი. სუფრაზე გავიტანოთ სოუსთან ერთად.

კობ სალათას ბევრი ვარიანტი არსებობს, სადაც როგოც წესი ხორცი იცვლება ხოლმე, ქათამს ხშირად თევზითაც ცვლიან, მაგრამ ძირითადი პრინციპი ერთია, აუცილებლად უნდა შედგებოდეს კუბიკებად დაჭრილი ინგრედიენტებისა და სოუსი „ვინეგრეტისგან“. თან ავოკადო, მახარშული კვერცხი, ყველი, ბეკონი და პამიდორი ყველა რეცეპტში უცვლელად რჩება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

წაბლის ფლავი აზერბაიჯანულად (გობრონიძეების ოჯახის რეცეპტებიდან)

Approved by Natia Jinjolava



ჩვენს ოჯახში ყაურმას მხოლოდ ცხვრის ხორცისგან ვაკეთებთ, თუმცა ბაქოში გავსინჯე ინდაურის ყაურმა და ისიც ძალიან გემრიელია. სამწუხაროდ, ინდაურის ყაურმის რეცეპტი ვერ ვიპოვე, მაგრამ არა უშავს - ცხვრის ყაურმასთან მაინც ვერ მივა. თუმცა, ამ რეცეპტში ცხვრის ხორცის ინდაურის ხორცით ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება, იმ განსხვავებით, რომ ინდაურს წინასწარ  მოხარშვა დასჭირდება და მოთუშვის დროსაც ბევრად მეტ ერბოს მოითხოვს (ცხვარს, როგორც წესი, პირდაპირ ვთუშავთ, თუ ასაკოვანი ცხვარი არ არის, რასაკვირველია). მამა, როგორც ყვება, ადრე წაბლის ფლავს ინდაურის ხორცით არ ამზადებდნენ და ეს კერძი მოგვიანებით ცხვრის ხორცის არმოყვარულთათვის მოიფიქრეს. სახლში ამ კერძს ყოველთვის თვალის ზომით ვაკეთებთ, მაგრამ ვისაც არასდროს გაგისინჯავთ იმათთვის აზერბაიჯანულ კულინარიულ წიგნში ჩავიხედეთ და მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, პროპორციებს მოგაწვდით - ერთი პორციისთვის დაგჭირდებათ:
100 გრ ბრინჯი (აუცილებლად ე.წ. „გრძელი“), 165 გრ ცხვრის ხორცი, 40 გრ გამდნარი კარაქი ან ერბო, 50 გრ ხახვი, 40-50 გრ წაბლი, 10-20 გრ ალუჩის და ალიბუხარის ჩირი (ჩვენ ალუჩის ნაცვლად ცოცხალ ან მარცვლებად დაკონსერვებულ ტყემალს ვიყენებთ), 75 გრ შაქარი (ჩვენ არასდროს არ ვუმატებთ), 7 გრ ძმარი (არც ძმარი დაგვიმატებია ოდესმე), 0,05 გრ შაფრანი, 0,05 გრ დაფქული წიწაკა, 3 გრ მარილი.
დაახლოებით იგივე პროპორციები ვნახე რუსულ კულინარიულ  წიგნებშიც, აზერბაიჯანულში კი ამ ყველაფერთან ერთად, დარიჩინი და მიხაკიც იყო მოცემული. თუმცა, არც მე და არც მამაჩემს დარიჩინიანი ფლავი ბაქოში არ გვიჭამია - არც ოჯახებში და არც რესტორნებში. ზოგიერთი მიხაკ-დარიჩინის მოყვარული ალბათ უმატებს კიდეც, მაგრამ თუ მენდობით, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უადგილოა.
ახლა რამდენიმე დეტალი: ჩვენს ოჯახში ფლავის მომზადებას ბრინჯის საგულდაგულო რეცხვითა და მისი დალბობით ვიწყებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხარშავთ მარილიან წყალში ნახევრად მომზადებამდე. მერე გადაგვაქვს თუშფალანგზე და გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ვათავსებთ, მერე ცოტა ხანი ვაშრობთ. მერე ფენა-ფენად ვყრით უცნაური ფორმის ქვაბში, რომელსაც აზერბაიჯანელები კაზანს უწოდებენ, მას ფართე ძირი და ვიწრო ყელი აქვს. ქვაბის ძირში ვაფენთ წინასწარ მოზელილ და თხლად გაყვანილ მაგარ ცომს (პურის ფქვილით და კვერცხით), ზემოდან ვაყრით ბრინჯს და ნაკუწებად დაჭრილ კარაქს (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შფარანის ნაყენი დააყენოთ, გამდნარ კარაქში გახსნათ ისე მოასხათ ბრინჯს). მერე ისევ ბრინჯს, ისევ შაფრანიან კარაქს და ასე შემდეგ, რამდენიმე ფენას ვაკეთებთ. ქვაბს თავზე ვახურავთ ტილოშემოხვეულ სახურავს და ვადგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე რამდენიმე საათით. ქვაბის ყელს სველ თითს რომ მიადებთ, ცხელი უთოსავით თუ აშიშხინდა, მაშინ ბრინჯი მზადაა.
პარალელურად შეიძლება ყაურმის მომზადებაც. დასერილ წაბლს ადუღებულ წყალში ვყრით და რამდენიმე წუთი ვაჩერებთ. წაბლი რბილდება და ყავისფერი კანის გაცლა და გარჩევა თავისუფლად შეიძება. გარჩეულ წაბლს რამდენიმე წუთის განმავლობაში ერბოში ვხალავთ-ვთუშავთ. ყაურმისთვის ვთუშავთ ცხვრის ხორცსაც (თუ ასაკოვანი ცხვარია ჯერ უნდა მოვხარშოთ), მერე ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, ალიბუხარის ჩირს ან ტყემალს. ხორცის მოხარშვამ თუ მოგვიწია, მაშინ ცოტა ნახარშსაც ვუმატებთ, თუ არა და, უბრალო წყალს, მარილს, წიწაკას და ბოლოს, ერბოში მოთუშულ წაბლს.
მზა ბრინჯს ფართო თეფშებზე ვიღებთ და ზემოდან ვასხამთ ერბოში (გამდნარ კარაქში) გახსნილ შაფრანის ნაყენს. ცალკე ღრმა თეფშზე (ჯამზე) გადმოგვაქვს ხორცის ყაურმა. სუფრაზე ასე გამოტანილი ბრინჯი საშუალებას იძლევა მას რამდენიმენაირი ყაურმა მივატანოთ. ტრადიციულად კი, ბრინჯს დიდ ლანგარზე ყრიან და ყაურმას ზემოდან ასხამენ და ისე მიაქვთ სუფრაზე.
და ყველაზე მთავარი დეტალი: ცომი ხომ გახსოვთ ქვაბის ძირში? არ გადააგდოთ! გამოცხობისას ცოტა ბრინჯს მიიკრავს და უგემრიელესი საკნატუნოა!


კეთილი სურვილებით, ეკა გობრონიძე

ჟულიენი

Approved by Natia Jinjolava



უკვე მოგახსენეთ, რომ „ჟულიენი“ კულინარიული გაუგებრობის შედეგია და ასეთი სახელწოდების კერძი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის იქით არ გაუგონიათ და მას ძალიან პატარა პორციებად, საგანგებო საკოკოტეებში ამზადებენ.  სახელწოდების წარმოშობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მის „ზომა-წონასთან“ დაავშირებით ძალიან ლამაზი ლეგენდა ცოდნია ჩვენს მის ენდრიუს. როგორც მისი წყაროები ირწმუნებიან, „ჟულიენს“ თურმე რომელიღაც შაჰის კარზე რომელიღაც აღმოსავლურ ქვეყანაში მიირთმევდნენ ( „ჟულიენი“ ფრანგული სიტყვაა და ამიტომ ალბათ ეს ქვეყანა ალჟირია. მაგრამ მემგონი იქ შაჰი არ ყოლოათ, მოკლედ ამ დეტალების გარჩევა ისტორიკოსებს მივანდოთ. ლეგენდა იმის ლეგენდაა, რომ ტყუილ-მართალი ერთმანეთში უნდა ირეოდეს, თორემ მაშინ ლეგენდა კი არა, ისტორიული ფაქტი ერქმეოდა). ოღონდ იქაური „ჟულიენი“ მარტო მდიდრებისთვის მზადდებოდა და მას ოქროს პაწაწუნა საკოკოტეებით (კვლავაც ფრანგული სიტყვა) მიირთმევდნენ. საკოკოტეები კი ასეთი პაწაწუნა ოქროს დეფიციტის გამო კი არ იყო, შაჰის საყვარელ ჟულიენს თურმე სოკოს ნაცვლად ბულბულის თუ მტერდის (მომკლავს მის ნედრიუ: მარტო ქვეყანა კი არა, ჩიტის ჯიშიც დამავიწყდა) ენებისგან ამზადებდნენ. ერთი პატარა საკოკოტესთვისაც კი ათეულ მგალობელ ფრინველს (მოდით, ბულბული იყოს, ლეგენდას უფრო უხდება. მტრედი ბულბულთან რას მივა) თუ არ კლავდნენ, მინიმუმ - ამუნჯებდნენ.
სხვათა შორის, ფრინველის რა გითხრათ, ენები არასდროს დამიძვრია და საქონლის ენის ჟულიენი უგემრიელესია. ქვევით ჟულიენის ჩემს საყვარელ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელშიც ძირითადი ინგრედიენტის ანუ სოკოს შეცვლა ნებისმიერი სხვა პროდუქტით შეგიძლიათ. მაგალითად ქათმის ხორცით, ხბოს ან საქონლის ხორცით, საქონლის მოხარშული ენით, ლორით, კრევეტებით, შებოლილი ორაგულითაც კი ძალიან გემრიელი გამოდის. რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ თავისუფლად იტანს ნებისმიერ ცვლილებას: სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი ან კაპერსები, ნიორი (ქათმის ხორცთან) ანუ ნებისმიერი სუნელი ან ინგრედიენტი რომელიც ძირითად კომპონენტს უხდება.

ჟულიენი
5-6 საშუალო ზომის სოკო, 100 გრ მაგარი ყველი (არაჩვეულებრივია ემენტალი, ჩედერი ან გაუდა, პარმეზანი საერთოდ დახატავს. ან მარილიანი სულგუნი), 1 თავი ხახვი, 1 ს/კ ფქვილი, 100 მლ ნაღები, 10 გრ კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით, ზეთი
ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დავუმატოთ ასევე დაჭრილი სოკო და ვთუშოთ 2-3 წუთი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად გადავურიოთ და გავანაწილოთ საკოკოტეებში. ცალკე ტაფაზე კარგად მოვხალოთ ფქვილი (შეყავისფრებამდე), დავუმატოთ ნაღები, ჩავათვქიფოთ კარაქი და რომ შესქელდება დავუმატოთ მარილი და პილპილი და ჩავასხათ სოკოებიან საკოკოტეებში. თავზე მოვაყაროთ ბლომად გახეხილი ყველი. შევდგათ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 5 წუთით, სანამ ყველი არ გადნება და ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ჟულიენი“- კულინარიული გაუგებრობა

Approved by Natia Jinjolava



არ მეგულება ადამიანი, ვისაც ოდესმე მაინც გაუსინჯავს „ჟულიენი“ და არ უყვარდეს. მოგეხსენებათ, რომ „ჟულიენი“ ჯერ კიდევ საბჭითა პერიოდის დელიკატესებში შედიოდა, გამორჩეულად ელიტარული ინგრედიენტებითა და უცხოური, მოდური დასახელებით. პირველად 1981 წელს შავ ზღვაზე კრუიზში (ბათუმი-ოდესა-ბათუმი) გემზე გავსინჯე, მეორედ ორიოდე წლის შემდეგ მოსკოვში და კიევში, ამ კერძის თბილისამდე მოღწევას კი მთელი ათწლეული დასჭირდა და მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გახდა პოპულარული და ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესაც ფუფუნებად ითვლება. 
ქვაბი და კოკოტის ქვაბუკები
აღარაფერს ვამბობ, რომ მისი დასამზადებელი ჭურჭელი „საკოკოტეები“ თბილისში დღმდე დიდი დეფიციტია. არადა, თასით მორთმეული „ჟულიენი“ უკვე ერთი ჩვეულებრივი არაჟნიანი სოკოს ცხელი სალათაა და მეტი არაფერი. ახლა იმ „თერგდალეული“ ქართველების გაოცება წარმოიდგინეთ, უცხოეთის რესტორნებში დარწმუნებული და ამაყი სახით "ჟულიენს“ რომ უკვეთავენ და შედეგად ბოსტნეულის სუპს მიირთმევენ. საქმე იმაშია, რომ „ჟულიენიც“ მორიგი თარგმანის გაუგებრობის შედეგია. ასე მშობლიურ ენაზე ჩხირებად დაჭრილ 6-7 სმ სიგრძისა და 2 მმ სიგანის ბოსტნეულს ქვია, ჩვენ რომ ჟულიენი გგვგონია იმ კერძს კი კვერცხი კოკოტი. თანაც ორიგინალი სოკოს და არაჟნის ნაცვლად კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ხორცითა და კვერცხით მზადდება. რასაკვირველია, არსებობს ბოსტნეულის და მათ შორის სოკოს ვარიანტებიც.
ბოსტნეულის ჟულიენი
რაც შეეხება ჟულიენს, ბოსტნეულის ასე დაჭრა მის სწრაფად დამუშავების (მოხარშვის/შეწვის) საშუალებას იძლევა და ამ მეთოდებს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სუპებისა და წვნიანი კერძების მომზადებისას და როგორც სათაურიდან ხვდებით, ფრანგების „გამოგონებაა“. ჩინელები კი ბოსტნეულის წვრილ ჩხირებად ჯერ კიდევ 2 ათასწლეულის წინ ჭრიდნენ, იმდენად რამდენადაც საჭმლის მოსამზადებლად დიდი ოდენობის შეშის დახარჯვა წარმოუდგენელ მფლანგველობად ითვლებოდა.
ჩვენებური ჟულიენის ანუ კვერცხი კოკოტის მოსამზადებლად კი, როგორც უკვე გითხარით სპეციალურ, პატარა ზომის ცეცხლგამძლე კერამიკის ქვაბებს იყენებდნენ (ზუსტად 1 კვერცხი რომ ჩეტიოს და ცოტა მეტი), რომელმაც თანდათანობით ფორმა იცვალა, კიდევ უფრო დაპატარავდა და ერთ ბეწო, ხშირად ლითონის
საკოკოტე
გრძელტარიან ქვაბად ანუ საკოკოტედ იქცა. ანუ, შედარებით დიდი პორცია კერამიკულ ფორმებში მზადდება, პატარები კი საკოკოტეებში, რომლებიც ხშირად იმდენად პატარაა, რომ ერთ პორციაში 2 ცალი შედის. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, კლასიკური ჟულიენი აუცილებლად პორციული უნდა იყოს და არა საერთო ქვაბში მომზადებული. დიდ ქვაბში კი კოკოტი პროვანსალურად მზადდება და ამ კერძს "ჟულიენთან" საერთო არაფერი აქვს.

კვერცხი კოკოტი
(1 პორცია)
ინგრედიენტები: 1 კვერცხი, 1 ს/კ ნაღები, 1 ს/კ კარაქი, პატარა ნაჭერი ლორი, დაბრაწული ბეკონი ან სოკო, 1 ს/კ გახეხილი ყველი, მარილი გემოვნებით და 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი
საკოკოტეს წავუსვათ კარაი, ფსკერზე ჩავასხათ ნაღები, ჩავყაროთ დაჭრილი ლორი, ბეკონი და სოკო (მათი რაოდენობა თქვენი საკოკოტეს ზომაზეა დაოკიდებული), ცოტაოდენი გახეხილი ყველი. ზემოდან დავატეხოთ კვერცხი, ისე რომ გული არ გავხეთქოთ. მოვაყაროთ ჯავზის კაკალი და მარილი. თავზე დავაგდოთ კარაქის პატარა ნაკუწი. დიდ ტაფაზე დავასხათ წყალი შიგნით ჩავდგათ საკოკოტე და ღუმეში შევაცხოთ, სანამ კვერცხის გულის კიდეები შეკვრას არ დაიწყებს.

კოკოტი ხბოს ხორცით პროვანსალურად
ინგრედიენტები: 1,5 კგ ხბოს ხორცი, 5 თავი ხახვი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა, 100 გრ შავი ზეთისხილი კურკაგაცლილი, 4-3 პამიდორი, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჭ თეთრი ღვინო, 1 ტოტი ქონდარა, 1 ტოტი როზმარინი და რამდენიმე ფოთოლ სალბი, მარილი, პილპილი
ხორცი პატარა კუბიკებად დავჭრათ და ზეთში კარგად დავბრაწოთ, გადავიტანოთ თეფშზე. ბულგარული წიწაკა წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ. პამიდვრებიც დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ისიც მოვთუშოთ სუფთა ტაფაზე. დიდი ზომის საკოკოტეში გავაცხელოთ 2 ს/კ ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარა, სალბი და როზმარინი და ვთუშოთ სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება. მერე დავუმატოთ ხორცი, წიწაკა, პამიდორი, ზეთისხილი, მარილი, პილპილი. დავასხათ ღვინო და დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში დაახლოებით 30-40 წუთი ვთუშოთ. მაგიდაზე იმავე ქვაბით გავიტანოთ.

ჩვენებური „ჟულიენი“
ინგრედიენტები: 500 გრ სოკო, 1ჭ არაჟანი, 50 გრ ყველი, 1 ს/კ ფქვილი, 2 ს/კ კარაქი
სოკო გავრეცხოთ, გადავწუროთ, დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და მოვბრაწოთ ტაფაზე. მოვაყაროთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ, დავასხათ არაჟანი, წამოვადუღოთ, გადავანაწილოთ საკოკოტეებში, თავზე გახეხილი ყველი მოვაყაროთ და შევდგათ ღუმელში ყველის გაოქროსფერებამდე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"რა სარგებლობა მოაქვს მამალს?"

Approved by Natia Jinjolava



ბინაში ახალგადასული ვიყავი, რომ ახალ სამეზობლოში გასაოცარ სცენას გადავაწყდი: ჩემს მეზობელ, 45 წლის, ჩვეულებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ზრდილობიან და ინტელიგენტ მამაკაცს სადარბაზოს კარი ფართოდ ქონდა გამოღებული და ასევე, რესპექტაბელური 40 წლის ცოლის და ორი შვილის დედის სახლიდან გამოგდებას  ცდილობდა. ქალი კარის სახელურებს, შიგნიდან და გარედან, ორივე ხელით ებღაუჭებოდა და ბოლო ხმაზე კიოდა: „ჩემი სახლია და არსადაც არ წავალო“. ქმარი კი ხან წიხლებით ცდილობდა ცოლის აქეთ-ქით მოქანავე კარებიდან ჩამოხსნას და ხანაც წელზე ებღაუჭებოდა და ქაჩავდა, მაგრამ ვერ ერეოდა, თან ვერბალურ ზემოქმედებასაც არ აკლებდა და ათასგვარი ეპითეტებით ამკობდა. ეს ყველაფერი აღრიალებული ბავშვების და გარშემო შეკრებილი მეზობლების გნიასის ფონზე ხდებოდა. საბოლოოდ ქმარი დაიღალა, გაალმასებულ ქალს შეეშვა, ცოლმა კი გამარჯვებული სახით შეაბიჯა სახლში და „გულშემატკივრებს“ კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და წელიწადში 3-4-ჯერ რეგულარულად განმეორებად მსგავს სცენებს თუ არ ჩავთვლით, ოჯახი „ბედნიერად“ ცხოვრობს.
ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა ქალი ასაკით მასზე ბევრად უფროს, ორშვილიან კაცს გაყვა ცოლად. თანაც პატარა სოფლიდან არა მარტო შუაგულ ვაკეში ამოყო თავი, მის ქმარს საკმაოდ კარგი შემოსავალიც ქონდა, პრესტიჟული მანქანაც ყავდა და პროფესორიც იყო. ერთი სიტყვით, თითქმის ყველა ქართველი პროვინვციელი გასათხოვარი გოგოს ოცნება აიხდინა. ძალიან მალე სანატრელი ვაჟიშვილიც (კაცს გოგოები ყავდა) გააჩინა და ფულიანი მამამთილის სახელიც დაარქვა წინდახედულად. არ გასულა რამდენიმე თვე, ყველას გასაკვირად, ჯერ კიდევ ჩვილ ვაჟიშვილს ხელი დაავლო და სოფელში დედასთან გაიქცა საკუთარი ნებით. თბილისში 8 თვის თავზე დაბრუნდა ცხვირამდე მუცლით და ახლობლებს საიდუმლოდ გაგვანდო: „წასული იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი ფეხმძიმობის ამბავი ქმარს არ გაეგო. აწი კი გვიანია და ბავშის მოშორებას ვეღარ მომთხოვსო. მეოთხე შვილი არ უნდოდა, მე კი ერთის იმედად ვერ ვიქნებოდი, ორი რომ მეყოლება, რომც არ ვუნდოდე, სახლიდან ვეღარ გამაგდებსო“... გულით მინდოდა მეკითხა, სახლიდან მხოლოდ ბავშის გამო რომ არ გაგდებს ისეთი კაცის გვერდით რა გინდა-თქო, მაგრამ მივხვდი რომ ვერ გაიგებდა რას ვერჩოდი.
და, ქმარს რომ ათასი ხრიკებისა და შანტაჟის წყალობით იჭერენ  ასეთი უამრავი ქალი ვიცი. მე სხვა რამე მაინტერესებს: ნეტა, ამად თუ ღირს? ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და რატომ უნდა გავატაროთ ეს სიცოცხლე იმის გვერდით, ვინც ვერ გვიტანს. არამგონია ასეთი ქალები ბედნიერები იყვნენ. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც კარგა ხანია კაბინეტში გაშლილ დივანზე სძინავს და ყოველ დილას იმის იმედით იღვიძებს, რომ ღამე კედელს იქით საძინებელში ცოლი ძილში გაიპარება და ერთ მშვენიერ დილას მკვდარი დახვდება... იკითხავთ, ცოლი თუ ასე ეზიზღება, რატომ არ მიდისო, იმიტომ რომ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, კაცებს სახლიდან წასვლა უჭირთ: სიყვარული არაფერ შუაშია, ბუნებით ბიზნესმენებს ოჯახში ჩადებული შრომის და თანხების დატოვება უჭირთ. პარადოქსია, მაგრამ განქორწინებების 85% სწორედ ქალების ინიციატივით ხდება.  თანაც, ასეთ ოჯახებს, სხვა ბევრად უარესი სტატისტიკაც მოაქვთ.
ქალი ბუნებით ერთგულია, ძალათი დატოვებულ ქმარს კი რაც არ უნდა გამძლე ბორკილებით იყოს ცოლის ფეხს გამობმული, თვალი გვერდზე გაურბის და ცოლს ყურადღებას აღარ აქცევს. ამიტომ კვლავაც კაცის თავმოუბმელობის და უთავმოყვარეობის გამო, შანტაჟისტ ცოლს ხშირად ქმრის თეორიული ქმრობა აღარ აკმაყოფილებს და შურისძიების გეგმაზე გადადის. 
შედეგად, ასევე, ოფიციალური სტატისტიკით, ქორწინებაში გაჩენილი ბავშვების 15% მამის არაა, დედების 5%-მა კი ზუსტად არ იცის ბავში ვისია... დიახ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი და საქმეში კარგად ჩახედული კაცი იტყოდა, კაცისთვის ნაღდი ნათესავი მარტო დის შვილია, დანარჩენი კი, შვილების ჩათვლით, კაცმა არ იცის ვისია. ჯობია ამაზე საერთოდ არ იფიქრო, თორემ რა უმაღლესი მათემატიკა უნდა იმის დათვლას, რომ ქართველი კაცების 98,8%-თი საყვარელი ყავს, ქართველი ქალების 80% კი გათხოვილია. ყველა კაცი იმ 20%-თან ხომ არ ადადის, არა?

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი