საიდუმლო სერობა „შატო რუსთაველში“ - სურვილებების ჭა, ოცნებების მღვიმე და კაცის ხელით სათუთად დაბრაწული სარდელები

Approved by Natia Jinjolava


"შატო რუსთაველის" საიდუმლო კარი

დაახლოებით ერთი თვის წინ, ბედობა დღეს კლუბის  წევრებმა განსაკუთრებული საღამოს მოწყობა განვიზრახეთ, მივდექ-მოვდექით, გავიკითხ-გამოვიკითხეთ, ვინც შესაწუხებელი იყო შევაწუხეთ, მოსასმენს მოვუსმინეთ, გასათვალისწინებელი გავითვალისწინეთ, კარგად ავწონ-დავწონეთ, ასჯერ გავზომეთ, ასჯერვე გავჭერით და  ჩვენი არჩევანი „შატო რუსთაველზე“ შევაჩერეთ. საჭიროზე მეტად ბედისწერის არცერთს გვჯერა, ან თუ გვჯერა ამაზე ბევრი ფიქრით თავს მაინცდამაინც არ ვიწუხებთ, მაგრამ ბედობა დღეს რამე მისტიკურის ან ზღაპრულ-ჯადოსნურ-სასწაულებრივი ელფერის მქონეს გარეშე როგორ იქნებოდა და და „შატო რუსთაველის“ ორი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ობიექტის - „სურვილების ჭისა“ და ოცნებების მღვიმის“ დასაზვერ-ასათვისებ-გასატესტად ზოგიც მარტო, ზოგიც ორ-ორად ან სამ-სამად დაწალიკებუილები გავემართეთ და რუსთაველზე საგულდაგულოდ დამალულ და ეგზომ სასურველ კარს ზუსტად ხუთ საათზე მივუკაკუნეთ.
შიგნით გულთბილი და ხაზგასმით ზრილობიანი, საკმაოდ ელეგანტური მამაკაცი შეგვიძღვა და დაგრეხილი ქვის კიბით შატოს მთავარ დარბაზში შეგვლალა. აგიზგიზებულ ბუხარში უკვე საჭირო კონდიციამდე მისული გლინტვეინის თუხთუღებდა და ირგვლივ მათრობელა სურნელს აფრქვევდა. მალე გაირკვა რომ ჩვენი მეგზური თავად მასპინძელი ყოფილა და გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე შამფურებზე წამოცმული სარდელებიც აგვიშიშხინა, მერე უგემრიელეს გარნირთან ერთად სომხურ ლავაშებში საკუთარი ხელით სათუთად გადაგვიხვია და ჩამოგვირიგა. ასეთ მოულოდნელ და უჩვეულო აპერეტივს კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოყვა ... ერთი სიტყვით, ბევრს აღარ გავაგრძელებ - ენამოსწრებული ანეგდოტებითა და ბუხარში შებოლილი ყავის თავბრუდამხვევი არომატით დამშვენებული საკმაოდ სასიამოვნო საღამო გავატარეთ.
მერე სურვილების ჭასაც ვესტუმრეთ, მონეტები ჩავყარეთ (ერთთეთრიანებს ამ საქმისთვის მთელი კვირა ვაგროვებდით) და სურვილებიც ხმამაღლა ჩავძახეთ. მიუხედავად, მასპინძლის მტკიცებისა, მონეტის ნომინალი სურვილის ასრულებაზე არ მოქმედებსო, უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, სასწრაფო ნიხრი იქვე შევადგინეთ: 
„1 თეთრიანი - თქვენი სურვილი ოდესმე ასრულდება;
2 თეთრიანი - 5 წლის განმავლობაში ასრულდება;
5 თეთრიანი - 2 წელიწადში ასრულდება;
10 თეთრიანი - წელიწადნახევარში;
20 თეთრიანი - ერთ წელიწადში;
50 თეთრიანი -  8-დან 10 თვემდე;
1 ლარიანი - 3-დან 6-თვემდე;
2 ლარიანი - 1 თვეში;
ექსპრეს ასრულება - ეროვნულ ბანკში მიბრძანდით, ათლარიანი მონეტა გადაახურდავეთ და სურვილიჩ ჭაში მისი ჩაგდებისთნავე ახდება“.
ყველაზე დიდი მონეტა (ლარიანი) ჩვენმა ბრანვენმა გაიმეტა და ახლა ყველანი ვსხედვართ და ველოდებით მისი სურვილი თუ ასრულდება და მერე, იცოცხლე, ვინღა მოასვენებს ჩვენს „სუზეტას სურვილების ჭას“. რაც მთავარია, გზა უკვე ვიცით.
ჭას რომ შევეშვით, მერე თავი ოცნებების მღვიმეში ვდურთეთ და შუაგულ რუსთაველზე განგების თუ სხვადასხვა თაობის არქიტექტორთა მოხერხებულობის წყალობით შექმნილ ურბანისტულ ჭაბურღილში (სხვადასხვა ქუჩებზე მდგარი ოთხი თუ ხუთი კორპუსის უკანა თუ გვერდის კედლები ალბათ მქაიმუმი 4-5 მეტრის დიამეტრის დახურულ სივრცეს ქმნის შესასვლელის გარეშე) ჩვენი ოცნებები მთვარესაც შევყმუვლეთ, წამოსვლის წინ დიდი ხნის გადავიწყებული ცხელი კაკაოთი პირი ჩავიკოკლოზინეთ, გულთბილ მასპინძელს გამოვეთხოვეთ და მყარი გადაწყვეტილებით, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით, სახლებისკენ გამოვეშურეთ.
ასეთი უჩვეულო საღამო დიდი ხანია არ მქონია...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

4 კომენტარი.:

  1. Eka Gobronidze

    კარი თითქოს მეცნობა, დახვეული კიბეც არ უნდა იყოს ჩემტვის უცნობი, მაგრამ მეგზურ მამაკაც მასპინძელზე გავიჭედე :)))))

  1. Natia Jinjolava

    ჰაჰაჰაჰა, აი,რას ნიშნავს დიდი ხანია მაგ კარისთვის რომ არ მიგიკაკუნებია - მასპინძელი მამაკაცი თავად ოჯახის უფროსი ბრძანდებოდა, რომელსაც დარწნმუნებული ვარ, კარგად იცნობ - უბრალოდ დიდი ხანია არ გინახავს :) ჩამოვიდა და აქაა :))))და ახლა სარდელების ნაცვლად მწვადებზე "ვკერავთ" :)))))) და პრინციპში უარზე არაა :)

  1. Eka Gobronidze

    უიიი :))) მართალი ხარ 2005, თუ 2006 წლის მერე არ მინახავს, მაშინაც დროებით იყო ჩამოსული. ძალიან მიყვარს თქვენი შატო რუსთაველი, ჩემი ბავშვობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილის მომსწრეა ეგ შატო :)))

  1. Natia Jinjolava

    ჩემი სტუდენტობოის წლების და მერე "საკონსტიტუციოს" ოქროს ხანისაც :))))))

Post a Comment