ლიმონის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ლიმონის ტორტი

ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 12 ს/კ შაქარი, 2 ს/კ მდუღარე წყალი, 11ს/კ ფქვილი, სოდა დანის წვერზე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
სუფლესათვი: 4 კვერცხის გული,  0,5 ლ რძე, 100 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 2 ს/კ ჟელატინი
ლიმონის კრემისათვის: 2 კვერცხი, 1 ჭ შაქარი, 3 ლიმონის წვენი, 100 გრ კარაქი
დასანამად: 75-100 გრ ლიქიორი ლიმონჩელო; ან 100 გრ შაქარი, 2 ლიმონის წვენი და 2 ს/კ ჯინი ან მარტინი
მოხარშული ბეზესთვის: 4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი
მოსართავად: მარციპანისაგან გამოძერწილი ლიმონები, კარამელში ამოვლებული ლიმონის კანის ბირბუშელა ან გამდნარი შოკოლადი მოსაწუწად.

საკმოად სახლაფორთო რეცეპტია, მაგრამ იმას თუ გავითვალისიწნებთ რომ ლიმონის კრემი 3-4 კვირა ინახება თავდახურულ ქილაში, ბისკვიტი კი ყოველთვის წინა დღის გამომცხვარი სჯობია (2-3 დღის მთლად გადასარევია), შეგიძლიათ ტორტის სხვადასხვა ფენები ცალ-ცალკე გააკეთოთ და ერთ დღეს არ მიაკვდეთ ყველაფერს. შეგიძლიათ ბისკვიტი კიდევ უფრო ადრე გააკეთოთ და სუფლე წინა დღეს, მით უმეტეს რომ სუფლე შესადედებლად მინიმუმ 6 საათი მაინც უნდა გააჩეროთ. ასე რომ, შრომას თუ გაანაწილებთ, ერთი ტორტის გაკეთებას მთელი კვირას კი მოანდომებთ, მაგრამ სამაგიეროდ, არ დაიღლებით.

დაბიწყოთ ბისკვიტით: ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი და ფსკერზე ჩავაფინოთ ასევე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი. დიდი ზომის სუფთა და კარგად გამშრალებულ ჯამში ჩავასხათ 10 კვერცხის ცილა, ჩავყაროთ 1 მწიკვი მარილი და ვთქვიფოთ. ბეზე კარგად რომ გათეთრდება და ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს, თითო-თითო სუფრის კოვზად ჩავათვქვიფოთ 10 ს/კ შაქარი და ბეზე საბოლოოდ რომ გამყარდება გადავდგათ გვერდზე.  მეორე, უფრო მომცრო ზომის ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, 2 ს/კ შაქარი, ვანილის შაქარი და მდუღარე წყალი. გულები რომ გათეთრდება წვრილ ნაკადად, ძალიან ფრთხილად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ ბეზეში. მერე თითო-თითო კოვზად ხის კოვზით ქვევიდან ზემოთ მოძრაობით ძალიან ნაზად და ფრთხილად გადავურიოთ გაცრილ ფქვილი და სოდა. სულ ბოლოს ჩავაყაროთ ლიმონის ცედრაც. ფრთხილად გადავურიოთ, ჩავასხათ ტორტის ფორმაში, ცომს თავი თანაბრად მოვუსწოროთ ხის კვზით და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით. ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ჩხირი შუაში ჩაარჭვეთ და ნამცეცები თუ არ ამოყვა, ბისკვიტი მზადაა.
ამასობაში მოვამზადოთ ლიმონის კრემი: კვერცხები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ ცილა გაითვიფოს კარგად, თორემ ცალკე მოიხარშება და კრემი კურკუტებს გაიკეთებს. მერე ჩავასხათ ლიმონის წვენი, ჩავაგდოთ კარაქი და სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. მასა ჯერ ქაფს გაიკეთებს, მერე დაიწმინდება და თანდათან შესქელებას დაიწყებს. მორევას ნუ შეწყვეტთ, ნელ-ნელა კრემი გადაპრიალდება. სამზარეულოს თერმომეტრი თუ გავთ, კრემი 76°C-მდე უნდა გაცხელდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგიდუღდეთ. ვისაც თრმომეტრი ჩემსავით არ გაქვთ, ნეკა თითი ჩაყავით ხოლმე, მზა კრემი თითზე  კარგად უნდა იკბინებოდეს. მოკლედ, კრემი რომ შესქელდება სქელი არაჟნის სისქეზე, გადაპრიალდება და გემრიელად დასალევი ჩაის ტემპერეტურამდე გაცხელდება - მზადაა. გააგრილეთ და მერე თავდახურულ ქილაში ან კონტეინერში ჩაასხით და მაცივარში შედგით.
ტორტის დასანამად „ლიმონჩელო“ თუ არ გაქვთ, შაქრისა და ლიმონის წვენისაგან მოადუღეთ სიროპი და რომ გაცივდება ჯინი ან მარტინი დაუმატეთ, ან სულაც კონიაკი.
ტორტის მოსართავად შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მარციპანის ლიმონები. ამისთვის თეთრი ფერის მარციპანს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა და ყვითელი ფერის ტორტის საღებავი, მერე კი ყველაფერი თქვენს შემოქმედებით ნიჭზეა დამოკიდებული - ლიმონის გამოძერწვა ნამდვილად არაა ძნელი. დაკარამელებული ბურბუშელისთვის კი სპეციალური სათლელით აათალეთ ლიმონს კანის ბურბუშელები, მდუღარე სიროპში ამოავლეთ (50 გრ შაქარი და 1 ს/კ წყალი) და გააშრეთ.
ამ ყველაფერს რომ მორჩებით, მერე უნდა დაიწყოთ სუფლეს მომზადება: სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე. ჯამში კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად და რძე კარგად რომ გაცხელდება (ნუ აადუღებთ), ძალიან წვრილ ნაკადად ჩავურიოთ. კვერცხიანი და რძიანი მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და შემოვდათ დაბალ ცეცხლზე და მორევა მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ ნუ ავადუღებთ (თორემ კვერცხი შეიკვრება და კრემს კვერცხის სუნი ექნება). იმისდა მიხედვით რომელი ჟელატინი გაქვთ (მომზადების მეთოდი ნახეთ ჟელატინის პაკეტზე), ზოგს წინასწარი დალბობა უნდა, ზოგს არა, გადავურიოთ კრემში და შევაგრილოთ, მაგრამ ბოლომდე ნუ გავაცივებთ, თორემ კრემი შეიკვრება.
ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრად ორად და ერთი ფენა ჩავდოთ იმ ფორმაშ ირომელშიც გამოვაცხვეთ ბისკვიტი, დავნამოთ, წავუსვათ ლიმონის კრემი, დავასხათ შეგრილებული სუფლე, თავის მოვუსწოროთ და ნახევარი საათით მაცივარში შევდგათ. სუფლეს თავი რომ შეეკვრება და გამყარდება ზევიდან წავუსვათ ძალიან ფრთხილად ლიმონის კრემი და თავზე ქვემოდან დანამული ბისკვიტის მეორე ფენა დავახუროთ ცელოფანი გადავაკრათ და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათით. მუფლე რომ შედედდება, ფორმის კიდეებზე დანა მოვატაროთ (მუსი რომ არ მიეკრას), ტორტს ზევიდან თეფში დავაფაროთ და ძალიან ფრთხილად გადმოვაყირავოთ. ბისკვიტი ზევიდანაც დავნამოთ და თავზე და ირგვლივ თხელ ფენად წავუსვათ ლიმონის კრემი.
დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი და ამ წყლის აბაზანაზე შემოვდგათ ჯამი (ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს), ჩავასხათ კვერცხის ცილები, ჩვაყაროთ შაქარი და ვთქვიფოთ დაახლოებით 15 წუთი. ჯერ კიდევ ცხელი ბეზე ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და მოვრთოთ ტორტი. ზევიდან გავაფორმოთ მარციპანის ლიმონებით და დაკაამელებული ლიმონის კანის ბურბუშელით ან გამდნარი შოკოლადის წუწებით.
გემრიელად მიირთვით!

ჰო, კიდევ ერთი რჩევა: ჩემსავით თუ მოგრჩათ ზედმეტი კრემი, სუფლე, არ დაიზაროთ და უმარტივესი ნამცხვარი შექმენით:

ლიმონის ნამცხვარი
"ნიკორაში" იყიდება ლიმონის პეჩენიები,  ლიმონის კრემის გულსართით (შეგიძიათ შეცვალოთ ნებისმიერი ფხვიერი პეჩენიით), დაახლოებით 300 გრამი დაფშვენით და 50 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქში გადაურიეთ და ეს "ცომი" ამოაფინეთ ნამცხვრის ალუმინის ფოლგის ერთჯერად ფორმაში ან მინის ან კერამიკის ნებისმიერ ლანგარში, რომელსაც 2 სმ სიმაღლის ბორტები აქვს. 5 წუთით საყინულეში შედგით გასამაგრებლად. მერე გამოღეთ და სუფლე ჩაასხით. 10 წუთით მაცივარში შედგით. მერე თავზე ლიმონის კრემი გადაუსვით. კრემი ზევიდან ბეზეს ფენით დაფარეთ და სულ ბოლოს გამდნარი შოკოლადიც მოაწუწეთ. 1 საათით ჩააცივეთ და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment