ჭირვეული მეზობლები

Approved by Natia Jinjolava



90-იან წლებში თბილისში დენი, თბილი წყალი და გათბობა ერთბაშად რომ გაქრა, მსგავს გაჭირვებასა და მოულოდნელობას გადაჩვეულმა და მოუმზადებელმა ხალხმა მთელი თავისი გამჭრიახობა მოიკრიბა და ზოგმა ბებიის ნაქონი მივიწყებული „კერასინკა“ ამოჩიჩქნა სარდაფიდან, ზოგმაც რაიონებიდან სასწრაფოდ ჩამოიტანა შეშისა და სალიარის „ფეჩები“, ზოგმაც კი მარტივად შუაცეცხლი გააჩაღა სადარბაზოებსა და ეზოებში და ასე საერთო კოცონზე ამზადებდნენ სუპებსა და ლობიოს. ჩემს მეგობარს იმდენად ინტელიგენტი და პატიოსანი მამა ყავდა, რომ გაგანია ზამთარში დენის იშვიათად მოსვლის დროსაც კი არ ართვევინებდა ოჯახის წევრებს გათბობას - სხვებს დენი ჩვენზე მეტად ჭირდებათ, სახლში ბავშვები ყავთო. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ ასეთი კაცი, ეზოში გაჩაღებულ კოცონზე ცოლს ჩაიდნის ადუღების უფლებასაც რომ არ აძლევდა - უხერხულია, შეშა მათი მოძიებულია და რას იტყვიანო. ერთ დღესაც, ეტყობა სიცივემ თვითონაც ძალიან რომ შეაწუხა, გაახსენდა, რომ სარდაფში უამრავი ხის ყუთები და ძველი კარად ქონდათ და იფიქრა რომ „საზოგადოებრიც ცეცხლს“ საკუთარი საწვავით და ქვაბით მივადგები და სახლში მონატრებული ცხელი საჭმელიც გვეღირსებაო. სარდაფში რომ ჩავიდა, გაირკვა რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე მთელი მისი სამეზობლო მისივე სარდაფიდან მოპარულ შეშაზე თბებოდა და ძღებოდა - სარდაფიდან წიგნებიც კი გაზიდული და  „შეშიშხინებული“  დახვდა.
ალბათ იტყვით, გაჭირვება ხალხს რას არ აკადრებინებსო, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სხვას რამე თუ არ წაართვა ის დღე დღედ არ მიაჩნია. ერთი ჩემი ნაცნობი, სტუმრად ყოფნიდან სახლში ისე არ დაბრუნდება, ხელს ხელსახოცი ან ერთი ცალი მანდარინი მაინც თუ არ გამოაყოლა. არა, კლეპტომანი არაა, არ იპარავს. ოფიციალურად თხოულობს. არც უჭირს, უბრალოდ, კაჭკაჭივითაა და მისი აზრით, ცუდად რაც აგდია, ყველაფრი თავის ბუდეში მოაქვს. ერთხელ კიდეებ ჩამომტვრეული და საკმაოდ შელახული, ძალიან იაფფასიანი ვაზა მოიტანა სახლში - სტუმრად ვიყავი, ბავშები თამაშობდნენ ამით ეზოში, არ ჭირდებოდათ და წამოვიღეო. გარეცხა და პიანინოს თავზე შემოასკუპა. ვაზის ნამდვლი პატრონი დღესაც გაოცებული უყურებს ხოლმე თავის ყოფილ ნივთს - კი ეცნობა, მაგრამ ეჭვადაც ვერ უშვებს, რომ მისია. უფრო მეტიც, ამ ქალს ცხოველები არ უყვარს და ქუჩაში დაკარგული ლეკვი რომ აეკიდა, ვიღაცამ როგორც კი უთხრა კავკასიური ნაგაზია და 500 დოლარი ღირსო, მაშინათვე ხელი სტაცა, ჩემიაო და სახლში წამოიყვანა. გაყიდვა არც უფიქრია, უბრალოდ, ძვირფასი ნივთი იყო და სხვას ხომ არ დაუტოვებდა?!
ამიტომ ჩემს კიდევ ერთ ახლობელს ტელეფონის 1000 ლარიანი გადასახადი რომ მოუვიდა, გაოცება არა, მხოლოდ აღშფოთება იგრძნო. ატეესში დიდი ხნის კვლევისა და ხანმოკლე გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ოთხი სართულით ქვევით მეზობელს სადარბაზოს სატელეფონო გაყვანილობის მილი მოუხნია, ჩემი ახლობლის ნომერზე მიერთებულა და ხაზის პატრონს რომ არ გამოეჭირა, ყოველ ღამე 4 საათზე შვილს ურეკავდა გერმანიაში და განთიადამდე უფასოდ ესაუბრებოდა. ვერავინ ვერაფერს დაუმტკიდებდა, ერთხელ რომ არ შემცდარიყო და თბილისში არ დაერეკა ვიღაცასთან მობილურზე.
ჩემს თანამშრომელს კიდევ უფრო გასაოცარი რამ შეემთხვა. ერთოთახიან ბინაში მცხოვრებ მარტოხელა გოგოს თვიდან თვემდე დენის არნახული გადასახადი მოსდიოდა. მიხვდა რომ დენს პარავდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ დამნაშავე თვითონ უნდა იპოვო, თელასი ამაზე პასუხსს არ აგებს. როგორ არ ეძება, როგორ არ იკვლია, რა ხერხს არ მიმართა, მაგრამ „პარაზიტ“ მეზობელს ვერ მიაგნო. საბედნიეროდ, გოგოს მამიდაშვილი იყო თელასის თანამშრომელი და ის ეხმარებოდა ძებნაში. მისი „დამაქცევარის“ ძებნაში სხვა მეზობელი დაიჭირეს, რომელიც ლიფტის ხაზზე მჯდარა. მერე ისევ გამოცდილმა მამიდაშვილმა ივაჟკაცა და თელასის საბუთით მეზობლების ბინების შემოვლა დაიწყო. როგორც გაირკვა, გვერდით სადარბაზოდან, პროფესიით ელექტრიკოს მეზობელს საერთო კედელი სნაიპერული სიზუსტით დრელით  2 მილიმეტრის დიამეტრზე გაუხვრიტავს და მეზობლის კედელში გამავალ ელგაყვანილობაზე დამჯდარა. დენით თვითონაც სარგებლობდა - ყველა ოთახში ელექტროღუმელი ედგა ჩართული და ხელგაშლილ ადამიანს კიდევ სამი მეზობლისთვის უწილადებია „ლევი“ ხაზი წყლის ბაკებისა და გათბობის ჩასართავად...
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ ორი თვის წინ სახლის ტელეფონის ხაზი გამიფუჭდა, არადა, გადასახადი მომდის. მალე გაიკვა, რომ დაზიანება სადღაც სახლის გაყვანილობაში იყო. ჯერ უშუალოდ ტელეფონის სადენები გამოვცვალე - არ უშველა. მერე, ოთახის გაყვანილობა - ამაოდ, მერე მთლიან სახლში (50 მ კაბელი გამოვცვალე) - უშედეგოდ. სხვა ტელეფონი შევაერთე - არაფერი. ასე ძიება ძიებით მივედი სადარბაზოს კარებთან და გარეთაც გავიჭყიტე. ჩემს პირდაპირ მეზობელს თავისი, ჩემი და კარის მეზობლის სადენები თითო ადგილას გაუშიშვლებია, თავისაზე დამატებითი სადენი ხორთუმივით მიუბამს და მისი ტელეფინი რომ ითიშება გადაუხდელობის გამო, ხან ჩემს ხაზს აზის, ხან ჩემი კარის მეზობლისას. ეტყობა, სწორედ ამ ჩახსნა-გადაბმის პროცესში შემთხვევით ჩაწყვიტა ჩემი ხაზი. 
ვერაფერს იტყვი, სხვის ხარჯზე ცხოვრება მართლაც მშვენიერია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment