ყველის შვიდეული და მიტევების კვირადღე

Approved by Natia Jinjolava


ყველიერის დადგომას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. ჩემთვის ეს დღესასწაული (თუ, არ ვიცი რა დავარქვა) ძალიან კარგ ტრადიციებთან და მოგონებებთანაა დაკავშირებული. ჯერ ერთი, მთელი შვიდი დღე გრძელდება და რამდენიმე შეკრება-ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა.  მეორეც, ეს ის შემთხვევაა, როცა მე სხვის გამზადებულ-მორთმეულს გეახლებით და სტუმრის როლში გამოვდივარ, რაც ასევე ძალიან მიყვარს და ნიჭიერადაც გამომდის. საქმე იმაშია, რომ ჩვენს იუფემია ენდრიუსს არაჩვეულებრივი ბლინების ცხობა ეხერხება და ყოველ წელს გვანებივრებს. ხან ფუმფულა საფუარიანი ცომით გვიცხობს, ხანაც მაქმანივით მოქარგულ რძიანებს, ხანაც წიწიბურას ფქვილით, ხანაც „დანამატით“ (ცომაში დამატებული გახეხილი ვაშლით, ქიშმიშით, კურაგით, ან რაიმე არატკბილით: მაგ. სოკო, ყველი ან ფარში). ბლინები კი ყველას ძალიან გვიყვარს, მერე ვსხდებით და მივირთმევთ კლასიკურს - არაჟნითა და ჟოლოს კონფიტიურით, ან სულაც ბლინის ტორტებს და რულეტებს ვაწყობთ. მოკლედ, კარგად ვერთობით და მანამდე რამდენიმე დღე შიმშილობის წყალობით სიმწრით დაკლებულ გრამებს (ხანდახან კილოგრამსაც) რამდენიმე საათში უკან ყოველგვარი შრომისა და გარჯის გარეშე ვიბრუნებთ. ბლინები ასე თუ გიყვართ, სხვა დროს მის გამოცხობაში ხელს რა გიშლითო, მკითხავთ. არც არაფერი, საკუთარი სიზარმაცის და მოუცლელობის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა არაფერი,  ნამდვილი ბლინების ცხობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ტაფაზე დაასხი, გადააბრუნე, გადმოიღე, კარაქი წაუსვი, დაასხი, გადააბრუნე... და ასე, გაუთავებლად. თან რამდენი და რა მალე იჭმევა?! აი, მარტივად გამოსაცხობ ბრაწულა მაჭკატებს (იგივე „ალადიკებს“) კი საკმაოდ ხშირად მივირთმევ.
თავად ყველიერის აღნიშვნის წესი ქრისტიანობაში წარმართობიდან გადმოიპარა, რელიგიის მოთხოვნებს საკმაოდ ჰარმონიულად მოერგო და მყარად დამკვირდა კიდეც. მისი აღნიშვნის ტრადიცია ოდითგანვე ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის შეგებების ცერემონიას უკავშირდებოდა. დასახელებაც კი ქრისტიანობასთანაა დაკავშირებული - ყველიერი აღდგომის დიდმარხვის დაწყებას ერთი კვირით უსწრებს და ამ დროს რძის პროდუქტებისა და თევზის ხსნილია დაშვებული. მართლმადიდებლობაში ყველის შვიდეული ახლობლებთან შერიგების, წყენის დავიწყების, მიტევებისა და დიდმარხვისათვის მზადების პერიოდად ითვლება. მთელი კვირა შინაურებთან და მეგობრებთან ურთიერთობასა და სიკეთის ქმნაში უნდა გაატაროთ.
ყველიერი, თავისთავად, მხიარული დღესასწაულია. ზამთარს ონავრობითა და საყოველთაო მხიარულებით ემშვიდობებიან და გაზაფხულის სითბოსა და მზეს ეგებებიან. საქართველოსგან განსხვავებით, მას ბევრგან დღესაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ევროპული „მარდი გრას“ დროს (იქაური ყველიერი) ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად, ქალაქ ახალ ორლენასა და ეკვადორზე (რა საინტერესო გეოგრაფიაა, არა?) რამდენიმედღიანი, დიდი და ხმაურიანი კოსტუმირებული კარნავალი იმართება.
სხვათა შორის, ოდესღაც  სხვადასხვა თამაშობებსა და „ბერიკაობას“ საქართველოშიც მართავდნენ. მაგალითად, თუშეთში „ბერიკაცობა“ (არ შემშლია, „ბერიკაობა“ სხვა რამეა) და „ქალთგორობა“ ეწყობოდა. „ბერიკაცობაში“ მონაწილეობის მისაღებად მთელი სოფელი ემზადებოდა. რომელიმე სახლში სამი მამაკაცი სპეციალურ კოსტუმებში ეწყობოდა, ერთი ბერიკა ბამბის წვერ-ულვაშით დამშვენებულ ქეჩის ნიღაბს იკეთებდა, ორი კი ქალის კაბას იცვამდა და „ბერიკას“ დედასა და ცოლს ასახიერებდა. და ასე მორთულ-მოკაზმულები თანასოფლელებით გადავსებული  მდელოსკენ მიემართებოდნენ. ხის ხმლით საგანგებოდ შეიარაღებული „ბერიკა“ თანასოფლელებს საცეკვაოდ იწვევდა და, ვინც არ გამოეცეკვებოდა, სწორედ ამ ხმლით სცემდა. ამასობაში, ახალგაზრდები ბერიკას ცოლს მალავდნენ და ატყუებდნენ, მოკვდაო. ბერიკა ტირილს იწყებდა და თავში ხელების ცემით ცოლს დაეძებდა. მისი საცოდაობის ყურებით გულს რომ იჯერებდნენ, მერე აყვირდებოდნენ: „შენი ცოლი ცოცხალია“. ამ დროს „ქალიც“ გამოჩნდებოდა და განრისხებული ბერიკა მატყუარებს ხის ხმლით გამოენთებოდა. ხმალი ვისაც მოხვდებოდა, სახლში მიდიოდა და პურმარილიც მოჰქონდა. საღამოს მთელი სოფელი ერთად ქეიფობდა.
„ქალთგორობისას“ მთელი სოფელი დილიდან ვინმეს სახლში იკრიბებოდა და ოჯახის უხუცესი წევრისთვის ქადები (კვლავაც მზის სიმბოლო) მიჰქონდათ. უხუცესი ქადას ჭრიდა და გარდაცვლილებს ახსენებდა. შემდეგ, სახით აღმოსავლეთისკენ დგებოდა და ხორბლის მარცვალს სამჯერ მიმოაფრქვევდა და თან ხვავისთვის და ბარაქისთვის სპეციალურ სარიტუალო სიტყვებს წარმოსთქვამდა. ამის მერე დამსწრე კაცებს თითო-თითო პეშვ ხორბალს ურიგებდა და  შუადღიდან ცეკვა-თამაში და გართობა იწყებოდა. ახალგაზრდები ერთმანეთს მურით მჭვარტლავდნენ. ამოგანგლულები დასაბანად მდინარეზე მიდიოდნენ და დიდხანს და მხიარულად ჭყუმპალაობდნენ. დაბანილები მიწაზე ხისგან გამოთლილ რგოლს აგდებდნენ და ირგვლივ სხდებოდნენ. ზურგსუკან ხელებშემოლაგებულები, რგოლის აღებას კბილებით რიგ-რიგობით ცდილობდნენ. ვინც ვერ აიღებდა, იმ დღის პურმარილიც მასზე იყო.
გართობის გარდა, რასაკვირველია, რომ ბევრ ხაჭაპურსაც აცხობდნენ, რომელიც თავისი ფორმითა და დაბრაწული ოქროსფრით, სწორედ ციურ მნათობს, ანუ მზეს ასახიერებდა და ეს ტრადიციაც  მზის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული. ხაჭაპური მზეს ემსგავსება თუ მთვარეს, ანდა სულაც სატურნს, პირადად ჩემთვის სულერთია - მას წელიწადის 365 დღე სიამოვნებით მივირთმევ.  ამიტომაც,  ყველიერს რუსული ტრადიციის თანახმად, უფრო მონატრებული და არაყოველდღიური ბლინებით (კვლავაც მზის სიმბოლო) აღვნიშნავ. თუმცა ხაჭაპურზეც არ ვამბობ უარს.  
უძველეს გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, ვინც ყველიერს მოწყენილი და ბოღმიანი გაატარებს, მთელი წელიც ასეთივე ექნება. ასე რომ, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად თქვენც ჩემსავით იმხიარულეთ, ყველა ჯიშისა და ფორმის ხაჭაპური, ბლინი, ქადა, კვერი და თუნდაც ლობიანი და კუბდარი მიირთვით და დატკბით ცივი და მოწყენილი ზამთრის შემდეგ ჯერ კიდევ ძუნწად შემოპარული მზის სხივებით.
ჩვენთან  როგორ იყო, ნამდვილად არ ვიცი და, რუსეთში ყველიერის ყოველ დღეს თავისი სახელი და დანიშნულება აქვს, რაც იმდენად მომეწონა, რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია:
ორშაბათი - „შეხვედრა“ - დედამთილ-მამამთილი რძალს დილიდანვე გოგოს მშობლების სახლში ამწესებს. საღამოს კი მძახლებთან თვითონაც მიდიან სტუმრად. საერთო წვეულებას გეგმავენ და სტუმრების სიასაც ადგენენ. ორშაბათსვე იწყება სახალხო სეირნობა, თამაშები, იმართება კარუსელები, საქანელები და სახელდახელო სცენები ქუჩის სპექტაკლისთვის. ბლინების ცხობასაც ამ დღეს იწყებენ. პირველ ბლინებს აუცილებლად ღარიბ-ღატაკებს ურიგებენ.
სამშაბათი - „თამაშობები“ - ამ დღეს საპატარძლოს გადასანახულებლად დადიან (ყველიერის თითქმის ყველა ცერემონია, სწორედ მაჭანკლობას უკავშირდება. რაც ლოგიკურიცაა - ყველიერზე დაინიშნებიან, დიდმარხვის შემდეგ კი, გაზაფხულზე დაქორწინდებიან).
ოთხაშაბათი - „სასუსნავები“ - სიდედრთან სიძე მიდის სტუმრად და მოყვრებთან დიდი ლხინი იმართება.
ხუთშაბათი - „ლხინი და დროსტარება“ - მთავარი მხიარულება ამ დღიდან იწყება. იმართებოდა თამაშები, მარულა, ჭიდაობა და ყოველი შეჯიბრის შემდეგ, რასაკვირველია, ნადიმი.
პარასკევი - „სიდედრის წვეულება“ - ამჯერად სიძეები მასპინძლობენ სიდედრებს.
შაბათი - „რძალ-მულის შეხვედრები“ - ახალი რძლები სახლში მულებს ეპატიჟებიან და საჩუქარსაც ახვედრებენ.
კვირა - „გაცილება“ - ყველიერის ბოლო დღეს ტაძრებში წინამძღვრები მიტევების ლოცვას აღავლენენ. მრევლი ერთმანეთს თავის დაკვრით პატიებას სთხოვს და პასუხად, „უფალი გაპატიებს“ ღებულობს. ამ დღეს ამბორის და მიტევების დღესაც ეძახიან. წირვის მერე აბანოში მიდიან, მთელი კვირის ღრეობის შემდეგ მორჩენილ საჭმელს ყრიან, ჭურჭელს განსაკუთრებული მონდომებით რეცხავენ და მომავალი დიდმარხვისთვის ემზადებიან. საღამოსკენ, დღესასწაულის დამთავრების და გაზაფხულის დადგომის ნიშნად, ზამთრის ფიტულს (რომელსაც, როგორც წესი, მოხუცი ქალის სახე აქვს) საზეიმოდ წვავენ და გარდაცვლილების მოხსენიებლად კვერცხებს, ბლინებს და კვერებს მოგიზგიზე კოცონში ყრიან. დამწვარი „ზამთრის“  ფერფლს კი მიწის ნაყოფიერებისთვის მინდვრად ფანტავენ.
უჰ, ჭიაკოკონობაც ძალიან მიყვარს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment