ისტორია მეორე: თანამედროვე დედამთილი თავისი თანამედროვე პრობლემებით

Approved by Natia Jinjolava



მანამდე რა და როგორ იყო არ ვიცი - ერთი ახალგაზრდა და სიმპატიური ბავშვიანი ქალი მეორედ გათხოვდა და საკმაოდ სიმპატიურ და ახალგაზრდა, მაგრამ უსაქმურ კაცს გაყვა ცოლად. არა, წინა ისტორიისგან განსხვავებით, ქმარი ცოლს არც ცემდა და არც აგინებდა, უბრალოდ, ცოლიც ფეხზე ეკიდა და ოჯახიც და თავისი გართობის გარდა არაფერზე ფიქრობდა. ამჯერადაც ქალის მამა არჩენდა ოჯახს. სიძე კი ყოველ დღე სვამდა, გრიალებდა, მღეროდა და ცეკვავდა და ყველა სიკეთესთან ერთად კაზინოშიც თამაშობდა, სიმამრის ფულსაც და თავის მოგებულსაც მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ხარჯავდა... ასე გადიოდა წლები, ოჯახში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა და გაიზარდა. ამასობაში უფროსმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა და დიდი და „ბედნიერი“ ოჯახი ასე ცეკვა-თამაშში აგრძელებდა ცხოვრებას. სანამ ახალგაზრდა დედამთილს რძლის ყურება არ მობეზრდა და ბავშვიანად სახლიდან არ გააგდო - კაცები კი კვლავაც არ ერეოდნენ სახლის ამბებში, კვლავაც ისმღერას და ცეკვას განაგრძობდნენ... შვილმა ერთი კი გაიფართხალა, ცოტა ხანი ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე დაბრუნდა და ისევ სმა და ცეკვა განაგრძო.
მკითხავთ, ეს ცეკვა რას ამოიჩემე, ერთობა ხალხი და რას ერჩიო? ცეკვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა რეალური სურათი წარმოიდგინეთ: ოჯახის მამა არაფერს არ აკეთებს, ოჯახის საქმეებში არ ერევა და შვილები და ცოლი საკმაოდ ძუნწი ბაბუის გადმოგდებულზე ცხოვრობენ, არცერთ შვილს უმაღლესი განათლება არ მიუღია იმიტომ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე (სკოლის მაღალ კლასებშიც) ზემოხსენებული ბაბუის კერძო საწარმოში მუშაობენ თავი რომ ირჩინონ; სახლში მხოლოდ ცარიელი კედლები აქვთ, მაგრამ კარგი DVD სისტემა კარგი კარაოკეთი; არ აცვიათ, არ ახურავთ და მანქანებს მხოლოდ მამა იცვლის წამდაუწუმ; ჰო კიდევ, კარგად ჭამენ და დასასვენებლადაც დადიან. ერთი სიტყვით, ბოშებივით მარტო დღევანდელი დღით ცხოვრობენ - უფროსი შვილის შილის ამბავსაც არ კითხულობენ და არ ნახულობენ - არ აინტერესებთ. ამ ფონზე, ყოველ საღამოს სტუმრები ყავთ, ყოველ საღამოს თვრებიან და მერე ფეხშიშველი ცეკვავენ და მღერია. არ ვაჭარბებ - წელიწადის 365 თუ არა, 340 დღე ნამდვილად ასეა.
ამასობაში უმცროსმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი და საკმაოდ კარგი და ყურადღებიანი ქმარიც გამოდგა - ახალგაზრდა ცოლს რაც შეეძლო, არაფერს არ აკლებდა. საკუთარი ხელფასით პაწაწუნა ქორწილიც კი გადაიხადა (მამამ დაფინანსებაზე უარი უთხრა, ფული არ მაქვსო და ზუსტად ერთ კვირაში ახალი მანქანა იყიდა, ბაბუამ სადმე სახინკლეში 20 კაცს დაგიპატიჟებო...), ცოლს საქორწილო კაბაც უყიდა, ერთი სიტყვით, ცდილობდა გოგოსთვის გული არაფერზე დაეწყვიტა. რძალი ოჯახში ძალიან კარგად მიიღეს (დედამთილის მოწონებული და სასურველი სარძლო იყო), ეფერნენ, კოცნეს, აცეკვეს, ვერ ამღერეს, გოგოს სმენა არ ქონდა და საერთო მხიარულება ჩვეულებრივ განაგრძეს... სანამ ოჯახის ბიუჯეტს უმცროსი შვილის წილი არ მოაკლდა. 
ბიჭი თავის პატარა ოჯახს თვითონ პატრონობდა. დედამთილმა ჯერ გამათბობელი გაიტანა ახალდაქორწინებულთა ოჯახიდან, თქვენი დენის ხარჯი ჩვენ რატომ გადავიხადოთო, მერე რაც კი პატარძლის ნაყიდი იყო სამზარეულოს ნახმარი მაგიდის ტილოების ჩათვლით, ოთახში შეუყარა, შენი არაფერი მინდაო. არადა, გოგო ჩვეულებრივ ოჯახში იყო გაზრდილი და ჩაის ჭიქებიც კი იყიდა, რომ არ დახვდა. მერე რძალს ზედაც აღარ იყურებდა და აღარ ელაპარაკებოდა. ცოტა ხანში მორალური ზეწოლა გააძლიერა, რძლის დანახვაზე გიჟივით ხმამაღალ ხარხარს ტეხდა. ისევ პატარ გოგო მივიდა და კითხა, რა გაწყენინეო. რაზეც დედამთილმა კივილი დაუწყო და ჩემი შვილი შენს ჭკუაზე დაგყავს და საკუთარი ბიუჯეტი თუ გაქვთ, აქედან წაეთრიეთ და სადაც გინდათ იქ იცხოვრთო. საქმეში მაზლი ჩაერია, დედაჩემი ვერავის ვერ ეგუება, ჩემი ცოლიც ზუსტად ასე გამიგდო და გამაუბედურა და ცალკე თუ გადახვალთ საცხოვრებლად, მეც თქვენთან წამოვალო... ამ დროს მამამთილი ტახტზე იყო წამოწოლილი და მღეროდა... არა, ვიტყუები, ერთადერთხელ ამოიღო ხმა და შვილს გასძახა, ცოლს თუ გაყვები ჩასიძებული ქათამი იქნებიო, არადა თვითონ სიმამრის ნაყიდ სახლში სიმამრის ხარჯზე ცხოვრობს.
თავმოყვარე გოგომ ბარგი ჩაალაგა და სახლში წავიდა. მეორე დღეს დედამთილმა დარჩენილი ნივთებიც გაუგზავნა, ოღონდ სიურპრიზით: გოგოს საქორწილო და ბანკეტის კაბებზე მურაბა და ყავა იყო გადასხმული, ნამზითვი ლოგინის გადასაფარებლით ძაღლის მონაკუკი იყო მოწმენდილი და კიდევ, ერთი პარკი ნაგავი - ნაჭამი ვაშლებით, ქათმის ბარკლის ძვლით და ა.შ...
ოჯახის სამი კაციდან არცერთს არ უკითხავს რა მოხდაო. ისევე განაგრძობენ ქეიფსა და სიმღერას. ყველა სიკეთესთან ერთად მამამთილს საყვარელიც ყოლია, სახლში კვირაობით არ მოდისო, როცა მოდის ცოლთან ერთად ქეიფობს და ერთად სვამენ, დიახ დიახ, დედამთილიც სვამს... ოღონდ სიმწრისგან, რამდენიც არ უნდა იცეკვოს, არავის არ უხარია უსაქმური და სისტემატიურად მთვრალი მოთამაშე ქმარი, რომელიც კისერზეც გაზის და იმდენად თავხედდება რომ საყვარელიც ყავს. მაგრამ თავის პატარა, თუნდაც მახინჯ სამყაროში დედოფალია და იქ სხვა ქალის, თანაც ნორმალურის (რომელიც უყვართ და რომელსაც პატივს სცემენ) არსებობას არ აიტანს. მისი შვილის ოჯახმა დაანახა სინამდვილეში როგორ უნდა ცხოვრობდეს, რეალობისთვის თვალის გასწორება და საკუთარი ცხოვრების კრახის აღიარება კი ძალიან ძნელია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment