ისტორია პირველი: თანამედროვე დედამთილი მოძველებული კომპლექსებით

Approved by Natia Jinjolava



არც თუ დიდი ხნის წინათ, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი თუ არა დაშლის პირას მაინც იყო, ერთი თბილისელი (ნახალოვკელი) გოგო სიმპატიურ მაგრამ სოფლელ და უპატრონო ბიჭს გაყვა ცოლად. ახალგაზრდა ოჯახზე სიმამრი ზრუნავდა და თავიდან ბოლომდე პატრონობდა, სიძე კი ლოთი, მოჩხუბარი და უმაქნისი გამოდგა. არც მუშაობა უნდოდა და რამდენი დათვრებოდა ცოლს ცემდა. აბა, ასეთი წვრილმანის გამო ოჯახი ვის დაუნგრევია, ქალმა აქაოდა ქმარი გამოსწორდებაო, სასწრაფოდ ბიჭი გააჩინა. ახლა კაცი ცოლთან ერთად შვილსაც ცემდა და ასე გრძელდებოდა ძალიან, ძალიან დიდხანს. ოჯახს კვლავაც ქალის მამა არჩენდა, რომელსაც დროთა განმავლობაშ სიძემ სახლში მოსვლა და შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობა აუკრძალა, თუმცა, დისტანციაზე დაფინანსების ნებას დიდსულოვნად აძლევდა. ქალიც დადიოდა ნაცემი და გატანჯული, აბა, ქმარს ხომ არ გაშრდებოდა და ხალხს ხომ არ ალაპარაკებდა... 
არა, გულს ძალიანაც ნუ აიჩუყებთ, ქალი უბრალოდ ზარმაცი იყო და მსხვერპლის როლი იდეალურად მოირგო: მუშაობა და თავის რჩენა არც უცდია (ნებას ვინ მისცემდა?), თავს არ უვლიდა (აბა, ვისთვის?), სახლას არ უვლიდა (რა აზრი ქონდა?), შვილი არცერთ წრეზე არ უტარებია (აბა, როგორ უნდა ეტარებინა?) და დასასვენებლადაც არსად არ ყოლია (რა საჭირო იყო?). ასე გადიოდა წლები სანამ, კაცმა არ იცის, ვიღაც მადლიანმა ასწავლა თუ თვითონ მიაკვლია სადმე, ქალმა რაღაც სამედიცინო პრეპარატს არ მიაგნო (კუჭის თუ გულის წამალია), ქმარს საჭმელში უყრის და იმასაც ღვინო ალერგიას აძლევს. მერე რა, რომ სულ პატარა „პერედოზი“ და კაცი მოკვდება. ოჯახის მამამ სმა მიატოვა, უზარმაზარი ენერგია ბიზნესისკენ მიმართა და მაგარი ფული იშოვა... შედეგად, შვილისთვის იდეალი გახდა, ყველაფერში მამას ბაძავს - მისი პატივისცემით ყველა სუფრაზე მამის საყვარელ ანუ საკუთარი თავის სადღეგრძელოსაც კი სვამს და ირგვლივმყოფთა გაოცებულ მზერებსაც ვერ ამჩნევს. მამა ყველაზე კარგია, ფული აქვს!
ბიჭმა ცოლი მოიყვანა. მამა კი „გამოსწორდა“ მაგრამ უღვინობისგან ზრდილობა და ტაქტი არ შემატებია. ყოველი დილა ცოლის გინებით იწყებოდა... მერე სამსახურში მიდიოდა და საღამომდე სიმშვიდე იყო. ეს ხმაური არ ისმოდა, თორემ დედამთილმა რძალი ვერ იგუა, მის საყვარელ შვილსა და მას შორის სხვა ქალი ჩადგა... გოგო ჩვიდეტი წლის იყო, გამოცდილება არ ეყო თუ რა მოხდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ მალე გაიქცა სახლიდან და მას მერე კარგა ხანია გასული, მაგრამ დღესაც საომარი მდგომარეობა აქვთ. გამარჯვებული დედამთილი, სახლში მისულ ყველა სტუმარს ამაყად უყვება რა გათახსირებული რძალი ყავდა და ასევე, ამაყად ამთავრებს: „ვინ გამოდგა მართალი?!“. მე მართლა არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ გამოდგა მართალი, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი დაინგრა.
ბიჭმა მეორე ცოლი მოიყვანა. ახალი რძალი შესაშური ნერვებისა და სიმშვიდის პატრონი გამოდგა, საიდან არ უვლის დედამთილი, ვერაფერი გააწყო. გოგომ დედამთილ-მამამთილის გაუთავებელ ვაი-უისაც წაუყრუა და თავის ქმართან არაჩვეულებრივი ურთიერთობაც ააწყო. შვილსაც არაჩვეულებრივად ზრდის და ერთადერთი სერიოზული პრობლემა აქვს: როცა დედამთილი ბავშვის საცემად მოიწევს (საკუთარ გაზრდილ პირველი რძლის შვილს გაალმასებული ქალი გასისხლიანებამდე ცემს ხოლმე და ნერვებს ისე იწყნარებს), ბავშვს წინ ეფარება და ნებას არ აძლევს და აი, აქ იწყება ხოლმე. არადა, იმ ავადმოსახსენებელმა მამამთილმა (სამსართულიან სახლში ცხოვრობდნენ ქალაქგარეთ), ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ბინა გაარემონტა - ყველას ეგონა რომ ახალდაქორწინებულები გადავიდოდნენ. ასეც მოხდა, მაგრამ ახალგაზრდა ცოლქმარს დედამთილიც გაეკიდა - რამეს რომ ეტყვიან, მე რას გიშლითო და ტირილს იწყებს და შვილსაც გული უჩუყდება, დედაჩემი სულ დაჩაგრული იყო და ვერ ვაწყენინებო.
ქალი სრულიად  კმაყოფილი და კმაყოფილი ცხოვრობს ახალგაზრდების ნერვების ხარჯზე (მთელი დღე სამზარეულოში ზის, სიგარეტს აბოლებს და კროსვორდებს ავსებს) და თან რძალს ქალური ეშმაკობის "მასტერეკლასებსაც" უტარებს: ქალაქგარეთ მარტოდარჩენამ მამამთილზე კარგად იმოქმედა და ადამიანური ურთიერთობები მოენატრა, ამიტომ ბევრად უფრო მშვიდი გახდა და პერიოდულად ოჯახთან დარჩენას ცდილობს. სტუმრობა ორ საათზე მეტხანს თუ გაუგრძელდა, დედამთილი რაიმე მიზეზით ჯაჯღანს იწყებს (მოგეხსენებათ, ისედაც აგრესიული  კაცის აყოლიება არ გაუჭირდება), კაცი ჭკუიდან გადაყავს და მერე სახლიდან აგდებს. ფული რომ შემოაკლდებათ (მამამთილი არჩენთ), დედამთილი ქმართან რძალს არეკინებს, რომ ვითომ ცუდადაა და კვდება და მამამთილს სასწრაფოსთან ერთად იბარებენ. მერე ქმარს, ვითომ ექიმთან წაყვანას თხოვს და საკმაოდ მსხვილ თანხას ართმევს, მიყვება კლინიკამდე, იქ ფოიეში შედის, ნახევარი საათი იცდის და უკან გამოდის - ქმარს წამლების ფულსაც თხოვს და კვლავაც ქალაქგარეთ ისტუმრებს, ამჯერად მშვიდობიანად. მეორე დღეს კი ბაზრობაზე გარბის თავისი საყვარელი ტაფებისა და ქვაბების საყიდლად.
ახლა მკითხავთ, კი მაგრამ, რძალს რას შუშავებსო. ახლავე აგიხსნით: რძალი რომ მოიყვანა, სადილიც არ დაახვედრა, დამეზარა და დედაშენთან წადით, იქ ჭმეთ გელოდებათო. ახალგაზრდებს ერთი საათითაც არ ტოვებს მარტოს. მთელი დღე ენას არ აჩერებს შენიშვნებით - ეს ასე ნუ დადე, იმას იქ ნუ აკეთებ, აქ ნუ დადიხარ... და რძლის ნევებზე მოქმედებს. ქალაქგარეთ სახლიდან ახალში ბავშვს სათამაშოები არ გადაატანინა, იატაკი დაიჩხაპნებაო, ბავშვს ნებისმიერი მიზეზით ცემს, ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა შვილმა კარგადანაზღაურებადი სამსახური ვერ იშოვოს და დამოუკიდებელი არ გახდეს. იძახის, რომ ზღვა, მთა და ნებისმიერი კურორტი ბავშვს რად უნდა (ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე აღარაა ლაპარაკი), სახლშიც ისედაც კარგი პორობები გვაქვსო. თვლის რომ ქალს განათლება არ ჭირდება, სახლში უნდა იჯდეს და ქმრის მონა იყოს... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსაშველოს შემიძლია.
რძალს ძალიან დიდხანს ატერორებდა, აქედან მაინც ვერ წახვალ, ხალხი რას იტყვის, ვინ იქნება მართალიო?! (ღმერთო შენ მიშველე და გამაგებინე, ეს „ვინ იქნება მართალი“ რას ნიშნავს), ერთხელაც ძალიან ზედმეტი რომ მოუვიდა (კვლავაც შვილიშვილის ცემა განიზრახა), რძლის მშობლები მივიდნენ და უსიტყვოდ წამოიყვანეს შვილი და შვილიშვილი, რა მოხდა ისიც კი არ უკითხავთ. დედამთილს წამალმა არგო, მიხვდა რძალს არავინ დააჩაგვრინებდა და ამჯერად მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჯერდება... ეჰ, წავიდა ეგ დრო ჩემო კარგო დედამთილო, განათხოვრობა სირცხვილად დიდი ხანია აღარ ითვლება. პირადად რას ითმენდი არავისი საქმე არაა, მაგრამ შენს შვილს რომ ცემდა ქმარი და ამის ნებას აძლევდი და ხმისამოუღებლად, ჩემი აზრით, სირცხვილი ეგაა. 
მხოლოდ განგების ძალიათ, ბიჭი არაჩვეულებრივი გაიზარდა (თუმცა მამას აღმერთებს და გენეტიკა თავს იჩენს ხოლმე სიჯიუტეში), მაგრამ ისეთივე სადისტი რომ გამოსულიყო? თუმცა, დედამთილი ალბათ გაცილებთ უფრო ბედნიერი და უკეთესი დედამთილი იქნებოდა მის შვილს რძალი ერთხელ მაინც რომ გაელახა - დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებდა და ნაცემ გოგოს წრფელი გულითაც უთანაგრძნობდა და დაამშვიდებდა კიდეც. ახალგაზრდების კარგი ურთიერთობა და სიყვარული ვერ ასვენებს სწორედ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment