28.2.12
„ყველა ქალი სულელია“
Approved by
როგორ უყვართ ხოლმე კაცებს საკუთარი ჭკუა-გონებით თავის მოწონება და მერე თავიანთივე აზრით ზეგონებამახვილი დასკვნის გაკეთება, რომ ყველა ქალი სულელია. ზოგი ქალი მართლაც წაისულელებს, მაგრამ, აი, კაცი თუ გამოდგა ბრიყვი, მის სიბრიყვეს ბარე ერთად აღებული 10 ყველაზე სულელი ქალიც კი ვერ გაუწევს კონკურენციას. თანაც ქალს მსუბუქი სიბენტერე ცოტათი თუ ამშვენებს კიდეც, გონებაშეზღუდული კაცის ყურება ნამდვილი საშინელებაა. ცნობილი ქართველი ქალთმოძულე და დიდი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია საერთოდ მიიჩნევდა, რომ ქალს მხოლოდ იმდენი ჭკუა უნდა ქონოდა, ხანძარი რომ არ გაეჩიან. კონსტანტინე გამსახურდიას ქალთმოძულეობის ვისაც არ ჯერა, იმათ კი ვთხოვ რომ მისი ნაწარმოებების პერსონაჟი ქალები გაიხსენონ და მერე მომდგეგ. არცერთს არ გააჩნია გამოკვეთილი ხასიათი, ღრმა შინაგანი სამყარო და ა.შ. საკმაოდ საინტერესო კაცი პერსონაჟების ფონზე ლანდებივით დაფარფატებენ და დეკორაციის როლს ასრულებენ. ახლა ისევ მთავარს მივუბრუნდეთ: უნდა გამოვტყდე, რომ ქალების „გონებაგამჭრიახობა“ ხანდახან მეც მაოცებს ხოლმე და სერიოზულად მიკვირს, ასეთი ადამიანები როგორ არ იღუპებიან თანამედროვე სამყაროში. ეტყობა თვითგარდარჩენის რაღაც საოცარი ინსტინქტი აქვთ.
ჩემი მეგობრის დედას (ძალიან კარგი ადამიანია), მაღაზიაში რომ უშვებდნენ, ზუსტად დათვლილ პურის ფულს ერთ მუჭში უდებდნენ, „ბორჯომისა“ მეორეში და მერე მთავარი იყო გადახდისას ხელები არ არეოდა... შვილებიც შესანიშნავად გაზარდა, შვილიშვილებიც და სახლის გზაც არ არევია არცერთხელ.
სახლის მიგნებამ გამახსენა - ერთხელ დიდი დიღმიდან მარშუტკით მოვდიოდი და გზაში დაახლოებით 45-50 წლის ქალი ამოვიდა. როგორც იქნა მოკალათდა და მძღოლს ეუბნება: „დელისთან ვცხოვრობ და სახლიდან რომ გამოვდივარ კი ვცნობ იქაურობას, მაგრამ აქედან ვერ ვიცნობ და რომ მივალთ ხომ მეტყვიო?“ საკუთარი სახლი როგორ ვერ უნდა იცნო, გინდა წასვლისას და გინდა მოსვლისას?!
ბრძნულ დასკვნებში ბადალი არ ყავს ერთ ჩემს ნაცნობ ქალს. ერთხელაც ქმარმა უსაყვედურა, ბაზარში ფასის უკითხავად რომ ყიდულობ ყველაფერს, ზრდილობის გამო მაინც შეევაჭრეო და ცოლმაც ქმრის წინაშე თავის მოწონება განიზრახა და სტაფილოს გამყიდველს მკაცრად კითხა რა ღირსო. მანაც ოცდაათი თეთრიო. ქალმა შუბლი შეიკრა,ცოტა ხანი იანგარიშა და კატეგორიული ტონით გამოაცხადა: „სამ კილოში ლარს მოგცემ და ვაჭრობა აღარ დამიწყოო“. იგივე ქალს ქმარი ეკითხება: „თანამშრომლის ბებიის გასვენებაში არ მიდიხარო?“. „რა მინდა, ეგ რა ბებიაა, მამის დედააო“, უპასუხა გაოცებულმა ქალმა.
გასულ აღდგომაზე მეზობელის ქალმა ნიგვიზანი ყაბაყი მომართვა და მომიბოდიშა, ხომ იცი მარხვა იყო და ბარდიჯანი აღარ გავაკეთეო... უფრო საინტერესოდ მოიქცა ჩემი ნათლულის ბებია: ბაბუის ომოცზე მარხვააო და შემწვარი ქათამი მაიონეზი ბაჟეში ჩადო.
ქალის სიბრიყვის მწვერვალს კი მომავლისთვის შემოვინახავ. ეს ისეთი ისტორიაა, ცალკე სტატიას იმსახურებს და პირობას გაძევთ, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგიყვებით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment