ფონდიუ

Approved by Natia Jinjolava



შვეიცარიის თითოეულ კანტონს ფონდიუს საკუთარი რეცეპტი აქვს, ადგილობრივი ყველითა და ადგილობრივი ღვინით. ასე, რომ ყველის არჩევა თქვენც უახლოესი მაღაზიის ასორტიმენტიდან შეგიძლიათ. რასაკვირველია, არ გამოდგება არცერთი ყველი, რომელიც არ დნება ან სულგუნივით ცხიმად მიდის. მე მაინც, ჩვენი სუპერმარკეტების ასორტიმენტიდან ემენტალს, გაუდას ან ჩედერს გირჩევთ. გრუიერს თუ იპოვით სადმე, ხომ გადასარევი...


ფონდიუ ნევშატელიდან
1 კბილი ნიორი, 0,3-0,4 ლ თეთრი ღვინო (სასურველია ნევშატელიდან), 300-400 გრ ყველი „გრუიერი“, 300-400 გრ ყველი „ემენტალი“, 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი, 40 მლ ბლის არაყი, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი, 1 მწიკვი ახალდაფქული თეთრი პილპილი, 500 გრ -1 კგ თეთრი პური

ნიორი გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ და გაჭრილი მხრით წავუსვათ ფონდიუს დასამზადებელ სპეციალური ქვაბი კაკელონის შიგნითა კედლებს, ნივრის სუნი კარგად რომ აუვიდეს (ნივრის დაჩეჩქვა და პირდაპირ კაკელონში ჩაყრაც შეიძლება, მაგრამ ასე უფრო დელიკატურ გემოს აძლევს). კაკელონში ჩავასხათ ღვინო და დაალ ცეცხლზე შევათბოთ. სანამ ღვინო თბება, ყველი დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ღვინოში და მრევა-მორევით გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. სიმინდის ფქვილი გავხსნათ ბლის არაყში და ჩავასხათ გამდნარ ყველში. დავუმატოთ ჯავზის კაკალი და პილპილი. კაკელონი გაზიდან გადმოვდგათ და თავის სადგამზე დავაყენოთ და შევუნთოთ დაბალი ცეცხლი - ისე რომ ყველის ტემპერატურა მუდმივად დუღილის ზღვარზე იყოს, მაგრამ არ დუღდეს.
თეთრი პური დავჭრათ 3 სმ-იან კუბიკებად და ჩავყაროთ თასში და მაგიდასთან ისე გავიტანოთ.
ფონდიუს ჭამის პრინციპი ასეთია. თითოეული სტუმარი საკუთარ ფონდიუს ჩანგალს (პაწაწუნა შამფურებს) ჩაარჭობს პურის კუბიკში და ჩააწობს მდუღარე ყველში. პურის კუბიკი ყველით კარგად რომ გაიჟღინთება, სულს შეუბერავს და პირისკენ გააქანებს.
გემრიელად მიირთვით!

ფონდიუ იტალიურად
300 გრ მაგარი ყველი „პროვოლონი“, 100 გრ შამპინიონები, 800 გრ თეთრი პური, 300 გრ ყველი „გორგონძოლა“, 1 ჭ რძე, 4 კვერცხი, 4 ს/კ კარაქი, ½ ჩ/კ თეთრი პილპილი, 1 ჭ იტალიური თეთრი ღვინო

დავჭრათ ყველი და შამპინიონები, პური დავჭრათ 3 სმ-ის კუბიკებად. ყველი გავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კვერცხები და რძე ავთქვიფოთ და ფრთხილად ჩავასხათ გამდნარ ყველში ( მასა 60°C-ზე მეტად არ უნდა გაცხელდეს). ყველში თანდათანობით დავუმატოთ შამპინიონები, კარაქი, ღვინო და პილპილი. ყველაფერი კარგად რომ აირევა ერთმანეთში, ფონდიუ მაგიდასთან მივიტანოთ და ზედა რეცეპტში აღწერილი მეთოდით მივირთვათ.






კასპოტი ჰოლანდიურად
800 გრ მაგარი ყველი „გაუდა“,  600 გრ ყველი „გაუდა“, 1 კბილი ნიორი, 400 გრ ღვიის ნაყენი, 800 გრ თეთრი პური, ½ ჩ/კ  თეთრი პილპილი, 1 მწიკვი ჯავზის კაკალი, 1 ლ თეთრი ღვინო, 1 ჩ/კ შაქარი, 1 ლიმონის წვენი, 1 ს/კ სახამებელი, 1 ჭ ნაღები

გავხეხოთ ყველი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ ღვიის ნაყენი და გავაჩეროთ 2 საათი. პური დავჭრათ კუბიკებად. ყველი გავადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ პილპილი, ჯავზის კაკალი, შაქარი, ლიმონის წვენი და ღვინო. სახამებელი გავხსნათ ნაღებში და დავუმატოთ ½ ჭ წყალი და ჩავასხათ გამდნარ ყველში. მივიყვანოთ ადუღებამდე.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment