ბედნიერი ქალი

Approved by Natia Jinjolava

ნეტავ უნგრეთში თუ არსებობს ამდენი ახალი წელი?
როგორც იქნა, ჩვენთვის წელიწადში ყველაზე „მძიმე“ პერიოდმა ჩაიარა, დღესასწაულები წარმატებულად გადავაგორეთ. ვინ როგორც შეძლო - ზოგმა გოჭ-ინდაურით და ყანწმომარჯვებულმა, ზოგმა ფეირვერკების ბათქა-ბუთქით. ერთმა ჩემმა მეგობარმა სულაც მორატორიუმი გამოაცხადა და ახალი წლის აღნიშვნა უკეთეს დრომდე გადადო. სანამ ჩვენი კაცები ღვინის ყოველდღიური სმით „იტანჯებოდნენ“, ხოლო ქალები სასმელისთვის მისაყოლებელი პურ-მარილის მზადებასა და მერე ნასუფრალის ალაგებით იყვნენ დაკავებულნი, უნგრეთი 24 იანვარს „ბედნიერი ქალის დღეს“ აღნიშნავს. მე კი არ ვიცი, უნგრელი ქალები სინამდვილეში რამდენად ბედნიერები და კმაყოფილები არიან, აი, ჩვენები კი..
ბოლო დროს ყველა, ვისაც არ ეზარება, ბევრს ლაპარაკობს გენდერულ თანასწორობაზე, სინამდვილეში ქალებმა კაცის ყველა ფუნქცია წარმატებით შეითავსეს, ქალის ფუნქციებს კი მამაკაცების უმრავლესობა რატომღაც გაურბის, თანაც ხშირად უკანმოუხედავად. ქალის პატივის- და-თაყვანისცემა ძველებურად სადღეგრძელოებში დარჩა.
ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე და ვნახოთ, რისგან შედგება იგი. მთელი დღის განმავლობაში ნაშრომ-ნაჯაფი საღამოს შინ ბრუნდება (გზად ჩამწკრივებულ მაღაზიებში შერბენის შედეგად, ზურგზე უხვკილოგრამიან საპალნემოკიდებული, თან შიგადაშიგ ხან ქმარი ურეკავს და ხან რომელიმე შვილი და ვაი, მის დღეს, ვისთვის სიგარეტი და ვისთვის საღეჭი თუ დაავიწყდა!), სახლში ტელევიზორის წინ მხართეძოზე წამოწოლილი და განცხრომაში მყოფი მეუღლე და შვილების მთელი რაზმი (ხშირად კლასელ-კურსელებთან ერთად) ელოდება. მოშიებული დამხვდურები შეგვიანებულ დიასახლისს მზერაში უტყვი საყვედურით ხვდებიან. ქალი გზადაგზა ტანსაცმელს იცვლის, მოზიდულ სანოვაგეს აბინავებს და დილაუთენია გაკეთებული სადილის გასაცხელებლად სამზარეულოსკენ გარბის. ცალ თვალს მის არყოფნაში დაგროვებული დასარეცხი ჭურჭლისკენ აპარებს, მეორეს - დასაუთოებელი სარეცხის გორისკენ, თან გულის კანკალით მარჩიელობს, ბავშვების ოთახში რა ელოდება.
მაშ ასე, ოჯახი დაპურებულია, მაგიდა ალაგებული. სამზარეულოში ტაბურეტის კიდეზე ჩამომჯდარი ქალი გამალებით ფიქრობს, ქმარ-შვილისგან დიდსულოვნად სანქცირებული ერთადერთი სერიალის დაწყებამდე ბინის დალაგებას მოასწრებს თუ არა? ესეც უხმაუროდ და შეუმჩნევლად უნდა გააკეთოს, რომ შვილებს კომპიუტერთან „მეცადინეობაში“ ხელი არ შეუშალოს და საყვარელ მეუღლეს საინფორმაციო გამოშვების ნახვით მიღებული ნეტარება არ დაურღვიოს (ჩემს ერთ მეგობარს ქმარმა მტვერსასრუტი იმ პირობით აჩუქა, რომ მას მხოლოდ ქმრის არყოფნაში ჩართავდა - ემანდ, აგრეგატის ღმუილმა თავი არ ამატკიოსო).
და ეს ყველაფერი სამსახურში გატარებული მძიმე სამუშაო დღის შემდეგ! არ გეგონოთ, ქალი იქ უსაქმურობს - მოხსენებებსაც წერს, გაუთავებელ თათბირებშიც მონაწილეობს, უამრავ საჭირო თუ უსარგებლო სატელეფონო ზარსაც პასუხობს და სამსახურში მიმდინარე გაუთავებელ რეორგანიზაციებზე ნერვიულობასაც ასწრებს!
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქალი ლამაზიცაა, მოვლილიც და ცხოვრების ხალისსაც არ კარგავს. მერე რა, რომ მის დღე-ღამეში 24 სამუშაო საათზე მეტია და ხშირად გაღიმების ძალაც აღარ აქვს... ხშირ შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრზე მაღალი შემოსავლის მქონე, მაინც დანარჩენების მოსამსახურეა და მისი შრომით „გადაღლილი“ ოჯახის დასასვენებლად გაშვება-წაყვანაც მისი საზრუნავია.
ნახევარსაათიანი სერიალის განმავლობაში ოდნავ სულმოთქმული ქალი დღეს ტრადიციულად ამთავრებს: ცდილობს კომპიუტერს მიჯაჭვულ შვილს 10 წუთი გამოსტყუოს “Facebook“-ში ფერმის დასალაგებლად...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ორიოდე მარტივი იდეა, უბრალო ხაჭო და საუცხოო შედეგი

Approved by Natia Jinjolava

გადავინაცვლოთ გერმანიაში. აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ და ძალიან მიყვარს. გერმანულ სამზარეულოს რაც ეხება, რატომღაც არცთუ ისე მომხიბლავად ითვლება, თუმცა ალბათ არავინ შემომეკამათება, რომ გერმანული ხორცეული (რომელზეც აუცილებლად დავწერ) - ძეხვები, ვურსტები, ლორი და ვინ იცის, კიდევ რა, ოდას ნამდვილად იმსახურებს. დღეს კი ჭეშმარიტად გერმანულ დესერტს, ბავარიულ ქეზექუხენს (ანუ ხაჭოს ნამცხვარს) შემოგთავაზებთ. რეცეპტი, როგორც ყოველთვის, მარტივია.
შემადგენლობა:
ცომი: 50გ შაქარი, 100გ კარაქი, 150გ ფქვილი, 1 კვერცხის გული, ვანილი.
სატენი: 350მლ რძე, 200გ შაქარი, 600-700გ ხაჭო (შეგიძლიათ გერმანული ქვარკიც და იტალიური რიკოტაც თამამად გამოიყენოთ), ლიმონის ცედრა, 1 პარკი (დაახლოებით 40გ) ვანილის პუდინგი, 50გ  სახამებელი, 3 კვერცხის ცილა, 100გ ქიშმიში ან ნუში (სურვილისამებრ).
ცომის ინგრედიენტები ავურიოთ და მოვზილოთ ცომი, რომელსაც ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანთ (ფორმის ძირი და კედლები ისე დავფაროთ, რომ ცომმა ჭურჭლის ფორმა მიიღოს) და  ცოტა ხნით მაცივარში მოვათავსებთ.
სანამ ცომი მაცივარში ისვენებს, სატენის მასალა (კვერცხის ცილის გარდა) მიქსერით ავთქვიფოთ, ცალკე ათქვეფილი ცილა ფრთხილად დავამატოთ, მიღებული მასით გაციებული ცომი მთლიანად დავფაროთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში.
ღუმელიდან  საბოლოოდ გამოღებამდე 15 წუთით ადრე შეგიძლიათ ნამცხვრის ზედაპირს კვერცხის ცილა წაუსვათ.  თუ გეშინიათ, რომ ხაჭოს მასა ცომზე უფრო ადრე გამოცხვება და ზევიდან მიიწვება, შეგიძლიათ საცხობ ფორმას ალუმინის ფოლგა დაახუროთ და გვერდები შემოუკეცოთ.
გაითვალისწინეთ, გამომცხვარ ქეზექუხენს მაცივარი ძალიან უყვარს, ასე რომ გააციეთ და ისე მიირთვით!
თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ ქეზერქუხენი მორთოთ გამდნარი შოკოლადით, სხვადასხვა კენკრით ან სულაც ჯემით. ერთი სიტყვით, თქვენი ნებაა, მე კი წავედი, სამზარეულოში „რევიზიას“ ჩავატარებ, სათანადო პროდუქტებს დავძებნი, ხელებს დავიკაპიწებ და ცხობას შევუდგები...

კეთილი სურვილებთ, თქვენი დეიდა პოლი

ნამცხვარი ლიმონის კრემით

Approved by Natia Jinjolava

შესანიშნავი რეცეპტი გამახსენდა ჩაის მოყვარულთათვის:










საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჯუ-ჯუ-ჯუჯალარი!

Approved by Natia Jinjolava

დღევანდელი დღის მთავარი გმირი, ყველასათვის ნაცნობი, ფრთოსანთა ოჯახის ლამის ყველაზე გავრცელებული  წარმომადგენელი -  ქათამია. როგორ გამოიყურება ეს ფრინველი უმად, საინტერესო ნაკლებადაა, აქ მისი მხოლოდ „გარუჯულ“ სურათებს იხილავთ. ამიტომ საკუთარი თვალით გადახედეთ დახლებზე წარმოდგენილ პროდუქციას და თავად აირჩიეთ რომელი „ჩიტი“ გირჩევნიათ, „პარკიანი ცივილიზებული“ ანუ გაპუტული, გამოშიგნული და ა.შ. მაგრამ გაყინული,  თუ სერიიდან „სწავლა - აღმოჩენით“ და ლოზუნგით „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“ ადგილობრივი წარმოების არაგილიოტინირებული, ზოოვეტისთვის განკუთვნილი თვალსაჩინოება, რომელსაც ერთი კარგი თვისება გააჩნია, გალღვობას არ საჭიროებს.
აი, ისიც, ჩვენი "ფოტომოდელი"
არჩევანის გაკეთებისა და სამზარეულოში წინამოსამზადებელი პროცედურების ჩატარების შემდეგ მივხედოთ რეცეპტს, სადაც ქათმის გარდა სატენიც დაგვჭირდება. რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, რაც დამოკიდებულია გემოვნებაზე, სეზონზე და სახლში მოპოვებული პროდუქტების არსებობაზე. ჩემს ვარიანტში, დიდხანს არ მიფიქრია, ნახევრამდე მოვხარშე მიახლოებით ნახევარ ჩაის ჭიქაზე ოდნავ მეტი გრძელი ბრინჯი, წყალი გადავწურე, ხახვში და ერთ კბილ ნიორში მოვხრაკე სოკო, სადღაც ისიც 250-300 გრ, დავუმატე ცოტა კარაქი სოკოს გემოს დასარბილებლად, დავამარილ-დავაპილპილე, ტაფაშივე გადავურიე გადაწურული ბრინჯი, გავუსინჯე გემო და გასაცივებლად აივანზე გავიტანე. სანამ ქათამს „ვაწესრიგებდი“, ამასობაში ბრინჯიანი სოკოც გაცივდა და გაზქურის ღუმელის ჩართვის შემდეგ უშუალოდ ქათმის დატენვას მივჰყავი ხელი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სატენი ხომ ქათმის შიგნით უნდა აღმოჩნდეს. ამ მნიშვნელოვანი პროცედურის  ჩატარების შემდეგ, ქირურგადაც ვიმუშავე, შიგთავსი რომ არ გადმოცვენილიყო ქათამი საგულდაგულოდ გავკერე. ნემსი და ძაფის მაგივრად შეიძლება რამდენიმე (უხმარი) კბილის საჩიჩქნიც გამოიყენოთ. ხრაშუნა კანისთვის ზემოდან წავუსვი ერთმანეთში არეული 2 ს.კ. არაჟანი, 1 ს.კ. აჯიკა, 1 ს. კ. მარილი, 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი.
ბედნიერმა შევდგი უკვე გახურებულ ღუმელში საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე და სადღაც ერთი საათით დავივიწყე მისი არსებობის შესახებ. ამ დროის განმავლობაში ჩემი 2კგ 700 გრ დატენილი ქათამი ზემოდან შეიბრაწა. მადისაღმძვრელი სუნზე მეც სანახავად გავეშურე, დაგროვებული წვენი საგულდაგულოდ, ყველა მხრიდან გადავასხი, მსგავს „შხაპს“ ქათამს რაც უფრო ხშირად ჩაუტარებთ, მით უფრო ხრაშუნა კანს, და ნაკლებად გამომშრალ ხორცს მიიღებთ.
როგორ უნდა მიხვდეთ მზადაა თუ არა? ჩაარჭვეთ ჩანგალი ბარკალში, თუ გამჭირვალე წვენი გამოვიდა, ე.ი. მზადაა. ჩემმა ქათამმა 2 სთ. 30 წთ. გაატარა ღუმელში.
სუფრაზე მიტანამდე მზა ქათამს ძაფი (ან კბილის საჩიჩქნები) გამოაცალეთ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

„როგორც შენ გინდა, ძვირფასო!“

Approved by Natia Jinjolava




დღეს ჩვენი, ქალების დღეა - ბულგარეთში სლავების უძველესი ღვთაების, ბაბ-იაგის დღეს აღნიშნავენ. ბევრი აღმიშფოთდებით, მაგრამ მოდით, გამოტყდით, რომ ყველა ქალში არის რაღაც ბაბა-იაგის ან ალქაჯისაგან. ყველა დამეთანხმება, ვისაც გაალმასებული, გაკაპასებული და გაცეცხლებული ქალი (რაღა თქმა უნდა, კაცის ხელშეწყობით) ერთხელ მაინც უნახავს. თუნდაც მშვიდი, სათნო და უწყინარი იერის მქონე ქალის გულის, სულის თუ რაღაცის კუნჭულში ჭეშმარიტი ფურია ბუდობს. უბრალოდ ხანდახან სძინავს, ან მის მფლობელს ჰყავს კარგად მოთვინიერებული. ამ მთვლემარე ტალანტის პირველი შემღვიძებლები კაცები არიან, მაგრამ ვერცერთი კაცი ვერ გამოიწვევს ქალის ისე მარტივად და ოსტატურად აფეთქებას, როგორც სხვა ქალი. რა ვქნათ, ასეთი ნიჭიერები შეგვქმნა ღმერთმა. თან კაცი რომ დაინახა, მიხვდა, რა შეცდომაც დაუშვა («Первый блин комом») და სიტუაციის გამოსასწორებლად, სასწრაფოდ დააძრო ზედმეტი ნაწილები, გამოძერწა ქალი და დატოვა პირველქმნილება ასე უნეკნოდ (რაც შეეხება ხერხემალს და კისერს, თვითონ იტეხენ ჩვენი დახმარების გარეშე).
 „ქალებთან ფრთხილად... ღმერთმა ხომ ქალი მრუდე ნეკნისგან შექმნა...
ეწადა, ვერ გაასწორა, თუმცა ეცადა...
გაღუნავ ძალით - გატყდება ძვალი,
გაუშვებ, ისევ გაიღუნება.
ასეა, ადამ, ქალის ბუნება,
ამიტომ ფრთხილად, იწამე ღმერთი,
აბა, რად გინდა იტკინო გვერდი?!“
კაცებო, ჩვენი თუ არა, გოეთესი მაინც დაიჯერეთ! ადამს ცუდ რჩევას არ მისცემდა, სხვა თუ არაფერი, ისიც კაცია (გამოცდილი ჰქონდა ეტყობა, ბევრჯერ ტკენია). სხვათაშორის, ბევრისთვის ნაცნობი და პატივცემული „домовой“-ს ცოლი „кикимора болотная“-ა!
ჩვენი ბრძენი წინაპრებიც ტყუილად  არ ამბობდნენ: „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააბამსო“. ჩვენ თუ რამე მოვინდომეთ, ვერაფერი შეგვაჩერებს, გვსდიე მერე უკან და გვეძახე „სუსტი სქესი“.
სისუსტის რა გითხრათ და, სწორედ ეს თვისებაა ჩვენი თავდაცვისა და გადარჩენის ერთადერთი იარაღი. მატრიარქატი გაიხსენეთ, ამორძალები, სახელგანთქმული ქალი-მეფეები, რომის პაპის ტახტზეც კი მჯდარა ქალი (თუმცა, საბრალომ ცუდად დაამთავრა...), მუზებიც  ქალები იყვნენ, აღარ ვლაპარაკობ ქალღმერთებზე. ყველაფერი ხელგვეწიფება, სიბრძნე და ომი (ათენა), ნადირობა (არტემიდა), ოჯახური კერა (ჰერა)... სხვათაშორის, ერთადერთი ხილული სასწაული, რომლის გამოც ძველი ხალხები ქალს ეთაყვანებოდნენ, ბავშვის დაბადება იყო (და არის პრინციპში).
 Кикимора болотная
ჩვენი სამართლიანი აღშფოთება რომ არ აღიარონ, კაცები რას არ გვიწოდებენ: გორგონა, ჰარპია, ფურია... პანდორას ყუთიც ხომ ჩვენ შემოგვტენეს, გეგონება, იქ გამოკეტილი ყველანაირი ბოროტების ავტორები და პირველი გამვრცელებელ-გადამტანები თვითონ არ იყვნენ. ბერძნებს რას ვერჩი, აგერ აქვე, ყურისძირში, სამეგრელოში, საკუთარი პოზიციის მქონე ქალს „დევის დედინაცვალს“ ეძახიან. ჯერ დევი რა არის და მერე მისი დედინაცვალი!
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ვიღაც გონიერს უთქვამს: ოჯახში კაცი თავია, ქალი კი კისერიო. კისერი საითაც მიბრუნდება, თავიც იქით გატრიალდებაო. დიახ! რაც არ უნდა მაგარი მამლაყინწა იყოთ გარეთ, ოჯახში ამინდს ცოლი გიქმნით და ძმაკაცებთან თავის მოსაწონ პურმარილსაც ის გიშლით.
კიდევ ერთი ჭკვიანური ფრაზა, ამჯერად კინოფილმიდან: „რა არის კაცზე უარესი? ორი კაცი!“ (ბევრზე რომ არაფერი ვთქვათ).
ამას წინათ ტელეგადაცემას ვუყურებდი ირანელი ქალების ყოფაზე. ერთ-ერთი ოჯახის გამოცდილი და მრავალშვილ-შვილიშვილიანი დიასახლისი ამბობდა: „ჩვენს ოჯახში ბოლო სიტყვას,  რა თქმა უნდა, მამაკაცი ამბობს. და ეს სიტყვებია: „როგორც შენ გინდა, ძვირფასო“.





საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

გეყურებაათ! მევედი!

Approved by Natia Jinjolava

ბლოგის შექმნის და პირველი სტატიების გამოქვეყნების მომენტიდანვე მის წევრთა საქმიანობას გაფაციცებული ვაკვირდები და აი, დადგა დრო ჩემი გამოჩენისა. როგორც იტყვიან: „აი, მეორე ხმაც მოვედი!“  დიახ! მეც მოვედი, რამეთუ გურუმ-გურიამაც უნდა თქვას თავისი სათქმელი ამ დუნიაზე და სათქმელის მეტი რაა... გურული კი ვარ, მარა თან იმ დმანისში ვარ დაბადებული, რომელ დმანისსაც მზიამ და ზეზვამ სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში.
ჰოდა, რაღა დასამალია და  ბავშვობიდან ბევრ ფულზე ვოცნებობდი. არ გეგონოთ, ფულით „წითელი წკაპუნების ან ფოჩიანი კანფეტების“ ყიდვას ვაპირებდი. არა და არა! ჩემი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იყო, რათა მენახა ქვეყნები და ღირშესანიშნაობანი მათში. და აი, ახლა ამ ბლოგში უხუცეს ქურუმ-გურუ-გურმანთა საბჭოში წევრობით გახარებულს და აღფრთოვანებულს საშუალება მომეცა ბოლოს და ბოლოს რეალურად დავუკავშირდე, გავეცნო და ეგებ წავბოდიალდე კიდევაც ბავშვობისდროინდელ ნაოცნებარ ქვეყნებში და  „არ ვიჟდე მოჭვასავით პწკალაზე“. არამედ, გურული რისი გურულია რწყილივით თუ არ ახტა-დახტა და არ შეუდგა „საქმეს ლაპარაკის ნაცვლად“ და არ გამოვიდეს ნოვატორული წინადადებებით საქმიანობის სხვადასხვა სფეროში!
ჰოდა, რით დავიწყო? რადგან მეხერხება ნებისმიერი საქმის დროის უმოკლეს მონაკვეთში წარმატებით შესრულება, მაგალითად: მარტის თვეში ადესის დასაკრეფად თხემლის კენწეროზე ასვლა და იქიდან თავით გადმოვარდნილს ფეხზე დადგომა; ყურებიანი ხაჭაპურის გამოცხობა; ქსელში ჩართული უთოს სიმხურვალის ენით შემოწმება; გონდაკარგულის, ტვინარეულის და წყალწაღებულის შველა და ა.შ. ყველა საიდუმლოს ერთდროულად ხომ არ გაგიმხელთ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე!

გეამბორებით,
თქვენი ერთგული ცისკრის ვარსკვლავივით ახლად გაბჟღიათებული ვარდისფერი პანტერა

კულინარიული ღვთაება, ანუ კირკიტა კაცი სამზარეულოში

Approved by Natia Jinjolava



20 იანვარს ჩინეთში სამზარეულოს ღმერთის დღეა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კერიის ან ღუმელის (ასეც მოიხსენიებენ) ეს ღმერთი, ჯერ კიდევ ჩინეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა აღმოსავლურ სამყაროში. თითქმის ყველა სახლში მის გამოსახულებას კერიის ან ღუმელის თავზე ათავსებენ, საიდანაც ოჯახს უთვალთვალებს. 20 იანვარს თაფლს უსვამენ, ოღონდ ცოტნე დადიანისგან განსხვავებით ქალაქის მთავარ მოედანზე არ გააქვთ, ასე მის დასატკბობად იქცევიან და... წვავენ... კვამლს რომ გაყვეს და ზეციურ ნეფრიტის იმპერატორს მოახსენოს, როგორ იქცეოდნენ ოჯახის წევრები მთელი წლის განმავლობაში. სწორედ მის მოხსენებაზეა დამოკიდებული ციური „უზენაესის“ კეთილგანწყობა და ოჯახის ბედი ახალ წელიწადში. ახალი წლის დადგომის შემდეგ სამზარეულოში ახალ „ჩამშვებს“, ანუ  გაზქურის ღმერთის ახალ პორტრეტს ჰკიდებენ.
ეგ არაფერი, კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთა ლეგენდამ ამ ღმერთის წარმოშობის შესახებ. იყო ერთი მდიდარი ფერმერი, მობეზრდა კარგი ცოლი, სახლიდან გასვა და უფრო ახალგაზრდა მოიყვანა. თავისი შესაძლებლობები ვერ მოზომა, ახალმა ცოლმა ყველაფერი გაუყიდა, ქუჩაში დატოვა და თვითონ ფულიან კაცს გაეკიდა. „საბრალო“ ფერმერი მათხოვრად იქცა. ერთხელაც შიმშილისგან ცოცხალ-მკვდარი მდიდარ ფერმას მიადგა, სადაც დაბანეს, დავარცხნეს და კარგადაც აჭამეს. რომ გაძღა, მოითხოვა, მასპინძელი მანახეთო. ოთახში მისი პირველი ცოლი შემოვიდა. კაცს შერცხვა, შუაცეცხლში გადახტა და თავი შეიშიშხინა. ქალმა მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერაფერი უშველა. ზეციურმა ნეფრიტის იმპერატორმა „უსამართლოდ დაჩაგრული“ კაცის ისტორია რომ მოისმინა, გული აუჩუყდა და თავგანწირვისთვის დააჯილდოვა: სამზარეულოს ღმერთად დანიშნა და ოჯახური სიწმინდის და კერიის დამცველად ყველა სახლში გაგზავნა. ანუ: ტიპმა ცოლი გააგდო, ქალებში „იგულავა“, ქონება გაანიავა, უბედური ცოლყოფილი კინაღამ გააგიჟა, მის თვალწინ აუტოდაფე რომ მოიწყო და კიდევ ეს შერაცხეს წამებულად! სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ პირველ ცოლს იმქვეყნად შეურიგდა (არც აქ მოასვენა და არც იქ) და ოჯახებში ქალების თვალთვალი მიანდო დიდსულოვნად.
ასეა თუ ისე, ვისაც აღმოსავლური ჰოროსკოპის გჯერათ და ბარაქიანი და წარმატებული წელი გინდათ, აი, ამ ვაჟბატონს უნდა მოეფეროთ: სახლიც დააწკრიალოთ და ნამცხვრებიც გამოუცხოთ. თუ არ მოქრთამეთ, არაფერი გამოგივათ. არ ვხუმრობ, მართლა ასე ითვლება. ჩემი თუ არ გჯერათ, შეხედეთ, როგორი კარგად ნაკვები და ჩასუქებულ-ჩაკურატებულია - ჭეშმარიტი მამაკაცი, ქალი ჯერ ამ ცხოვრებაში მოინელა და იქაც მისი წყალობით გაიკვლია გზა. აი, კაი ცოლი რას ნიშნავს!
ჩვენი ერთი ახლობლის და აქტიური მკითხველის ქმარმა დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა. ქალების ჯგუფი ჰყავს - ოფისებს ალაგებენ.  როგორც თვითონ ამტკიცებს, უამრავ ქალში ნამდვილი მამალივითაა: გავივლი-გამოვივლი, ქვეშევრდომებს ბრაზიან თვალებს დავუბრიალებ, შენიშვნებს მივცემ და განსაკუთრებული სიმკაცრის გამოსახატად, მამლაყინწასავით ცალი ფეხით მიწასაც კი გავქექავ ხოლმეო. ჰოდა, სწორედ იმ ქალებმა უთხრეს, სისუფთავეში ისე კარგად ერკვევი, შენი ცოლი აშკარად კარგი დიასახლისიაო. მართლაც ასეა, თუმცა ცოლიც წუწუნებს, სამსახურში ყველაფრის გაკონტროლებას ისე მიეჩვია: რამდენჯერმე შევამჩნიე, მაგიდას თითი როგორ აუსვა და შეამოწმა, მტვერი ხომ არ დევსო.
თქვენი არ ვიცი და მე ჩემი გამკონტროლებლები, ქალებიც და კაცებიც (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით) ნერვებს მაგრად მიშლიან. რამე თუ არ მოსწონთ, მიბრძანდნენ და თვითონ გააკეთონ, სიამოვნებით დავუთმობ! არ გეგონოთ, რომ კრიტიკას არ ვღებულობ. ყურადღებით ვისმენ რჩევებსაც და კონსტრუქციულ შენიშვნებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ უხეირო ცოლის წყალობით შარვალზე უთოსგან დარჩენილი 5 ზოლის მქონე მამაკაცი ჩემს გატკიცინებულ მაგიდის გადასაფარებელს კრიტიკული მზერით რომ უყურებს, ან ჩემს მუქი ფერის ჭიქაში ეჭვის თვალით იცქირება, როგორი გარეცხილიაო, მზად ვარ მის სახლში ნანახი ვითომ შიგნიდან სუფთა და უკანა მხრიდან ფენა-ფენა მრავალწლოვან ცხიმშემხმარი ქვაბი თავზე ჩამოვამხო. არც სხვებზე უკეთესად დალაგებული სახლი მაქვს და არც სხვებზე უკეთესად დახეხილი ჭურჭელი, მაგრამ ყველაფერს სხვებზე უარესად რომ აკეთებენ, სწორედ ისინი და მათი ხელდასმით სხვების გაჭორვას შეწვრთნილი ქმრები იჩენენ განსაკუთრებულ გულმოდგინებას მავანთა სისუფთავეზე ლაპარაკში.
მოკლედ, ჩემს სამზარეულოში არავისი პორტრეტი არ კიდია. ვირტუალურად თუ მაკვირდება ვინმე, არ ვიცი (კედელზე ჭიქმიყუდებულ და ყურმიდებულ ჩემს ცნობისმოყვარე მეზობელს არ ვგულისხმობ). ზეციური ნეფრიტის იმპერატორისგან არაფერს ველოდები, თუმცა ტრადიციები ისე მიყვარს, ვფიქრობ, მიკროტალღოვანი და სხვა ღუმელების ღვთაების  გამოსახულების ნაცვლად, ჩვენი ხილ-ბოსტნეულის გამყიდვლის სურათი ხომ არ დავიკიდო, წლის განმავლობაში ხარისხიანი პროდუქტებით რომ მამარაგებს?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი