სიდედრიადა

Approved by Natia Jinjolava


ჩემი ერთი შუახნის ნაცნობი, საკმაოდ ნიჭიერი და მრავლისმნახველი კაცი, რომელიც თავის პროფესიიდან გამომდინარე, სახლში მუშაობდა, სულ ამტკიცებდა, რომ ყბადაღებული მითი სიდედრების შესახებ გადაჭარბებულია: „აგერ უკვე ოცდაათი წელია, სიძე ვარ და სიდედრს ჩემთვის არაფერი უწყენინებიაო“. თუმცა რატომღაც ავიწყდებოდა, რომ სიდედრი ძალიან ბევრი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და საკმაოდ იშვიათად ხვდებოდა (ალბათ საკუთარ ქორწილში, და მერე სულ ათიოდეჯერ სხვადასხვა ოჯახურ ღონიძიებებზე თუ ეყოლებოდა ნანახი). ერთხელაც ცოლმა გაახარა და, სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, მარტო დარჩენილი 85 წლის სიდედრი საცხოვრებლად თავისთან გადმოიყვანა. სანამ ოჯახის დანარჩენი წევრები სამსახურში იყვნენ, მოსიყვარულე სიძე-სიდედრი მთელ დღეს „სიამტკბილობაში“ ატარებდნენ. ამ იდილიამ ზუსტად ერთ თვეს გასტანა. ერთ დღეს სტუმრად მისულს, ჩემი ნაცნობი კარებში შემომეგება, გვერდზე გამიყვანა და საიდუმლოდ გამანდო: „სადაცაა გავგიჟდები! გარდა იმისა, რომ ჭკუიდან გადავყავარ, ჩემი სიდედრი, მგონი, სატანისტია, ჩაიში შაქარსაც კი უკუღმა ურევსო!“ და თვითონაც მრავატანჯული სიძეების რიცხვს შეუერთდა.
ერთხელ ჩვენთან სამსახურში მოწყობილ საახალწლო ზეიმზე ვიქტორინა გაიმართა და კითხვაზე „ვინ არის ყველაზე საშიში მხეცი“, მრავალცოლგამოცვლილმა და მრავალსიდედრნანახმა  გაიმარჯვა პასუხით „ჩემი სიდედრიო“ და ზეიმის მთავარი პრიზიც დაიმსახურა. ეტყობა, ამ ადამიანს სიდედრთან განსაკუთრებული გრძნობა აკავშირებს. ალბათ ბევრს გეხსომებათ, შარშან ზაფხულს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემე საქარის ხელოვნურ ტბაში (რომელიც სინამდვილეში პატარა გუბეა და ზედ გადაბიჯებაც თავისუფლად შეიძლება) რაღაც უცხო მხეცი როგორ აღმოაჩინეს (აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სიდედრი სწორედ იქ ცხოვრობს). მოკლედ, ამ კაცის აგარაკზე ვზივართ და ტელევიზორში ახალ ამბებს ვუყურებთ: ერთად შეკრებილი საქარელი ქალები ჟივილ-ხივილით ყვებიან, იმერეთის ლოხნესში დამალულმა ურხულმა ზოგს ხბო, ზოგს ძაღლი და ზოგს თხა როგორ შეუჭამა. სიუჟეტს ყველანი დიდი ინტერესით და გაფაციცებით ვადევნებდით თვალს. კაცის საქარელი ცოლი ვერ ისვენებდა, სულ წრიალებდა, ეგებ სადმე დედაჩემს მოვკრა თვალიო. ბოლოს შეწუხებულმა წამოიძახა: „ყველა მეზობელი დავინახე, ნეტა დედაჩემი სადღაა?“ იქვე მჯდარმა, გაზეთში თავჩარგულმა ქმარმა თავი ასწია, სათვალის ქვეშიდან გამოგვხედა და აუღელვებლად გვამცნო: „მე ვიცი, სადაც არის - ტბაშია“.
ერთხელ იგივე კაცთან სიდედრს სტუმრობა გაუგრძელდა. იურისტმა სიძემ შვილებს უხმო, სიდედრთან ახლოს ჩამოსხა და ყველასთვის მოულოდნელად იურიდიული კაზუსების განხილვას შეუდგა. დაწვრილებით ხსნიდა, რა განსხვავება იყო განზრახ და უნებლიე მკვლელობას შორის. ყველა ჰიპოთეტური ისტორია ასე იწყებოდა: „გინდა მოკლა სიდედრი...“ მეორე დილას სიდედრმა გუდა-ნაბადი აიკრა და მშობლიურ საქარას დაუბრუნდა.
ამ კაცის მეგობარს ერთი კვირის განმავლობაში ჯერ სიმამრი და მერე სიდედრი გარდაეცვალა. ჩვენმა სიძემ დამწუხრებულ მეგობარს დაურეკა და ჰკითხა: „გეხვეწები გამიმხილე, რას აჭმევდი, ეგებ მეც მეშველოსო“. თან ძალიან განიცდიდა, „ჩემმა თანატოლებმა სიდედრების საფლავების ღობეები უკვე რამდენჯერმე გადაღებეს, მე კი არაფერი შემეხოო“. ბაზარში საყიდლებზე წასული, გამყიდველებს თავს აცოდებს, „ცოტა დამიკელით. არ გეცოდებით, ამხელა ხნის მოვიყარე და სიდედრი ჯერაც ცოცხალი მყავსო“. სიმამრი რომ გარდაეცვალა (სხვათა შორის, სიმამრს ძალიან დიდ პატივს სცემდა და გული ძალიანდასწყდა), სამძიმარზე ვერმისულებს აქეთ ანუგეშებდა, „არა უშავს, სიდედრი ჯერ ცოცხალი მყავს, მოსამძიმრებას კიდევ მოასწრებთო“.
ჩემი ბებია-ბაბუის კამათის ერთადერთი მიზეზი ბებიაჩემის დედის საარაკოდ ცნობილი სიძუნწე იყო. ბებია ამტკიცებდა, „ჩემი ქმარი იგონებს, მთლად მასეც არ იყოო“. ბაბუა კი ამბობდა: „კიდევ კარგი, ჩემს დროს მზითევში „ვეფხისტყაოსანს“ აღარ ატანდნენ, თორემ ჩემი სიდედრი ისეთი ძუნწი იყო, მთლიან წიგნს როგორ გაიმეტებდა?! განსაკუთრებით საინტერესო ადგილებს ამოხევდა და თავისთვის დაიტოვებდაო“.
ერთი სიდედრი ქალიშვილთან ცხოვრობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებლიდან საწოლის ჭრიალის ხმას გაიგონებდა თუ არა, მაშინვე შვილს უხმობდა „ცუდად ვარ, წყალი მომიტანეო“. ერთ დღესაც თავმობეზრებულმა სიძემ სამაგიერო ასე გადაუხადა: სახლში ნასვამი მივიდა და მთელი ღამე საგანგებოდ აჭრიალა საწოლი. დილით ყველას ნასიამოვნები უყვებოდა: „როგორც იქნა, ჯავრი ვიყარე და წუხელ წყლის სმით გავჭყიპეო!“ აბა, რა იცოდა, რომ სულ მალე შურიძიების უკეთესი შანსი მიეცემოდა.
 აგარაკზე (მაღალმთიან და მიუვალ ადგილას) ერთად ისვენებდნენ. სიდედრი მსუბუქად გაცივდა და „არიქა, ვკვდები, სასწრაფოდ ექიმი მომიყვანეთო“. იმ სოფელში ასე უცებ ექიმის პოვნა შეუძლებელი იყო, და ეს სიდედრმა მშვენივრად იცოდა. უნრალოდ, სიძისთვის მისი უმაქნისობის დამტკიცების შემთხვევა მიეცა და ხელიდან როგორ გაუშვებდა?! კაცს ბევრი არ უძებნია, გაუმართლა და გვერდით სახლში ნაცნობ ვეტერინარს მიადგა: „გეხვეწები, ნუ გამყიდი, წნევა გაუზომე და ვალერიანი დაალევინეო“. ვეტერინარმა თავისი როლი კარგად შეასრულა, ექიმის დანახვაზე ხმაგაკმენდილი ქალი გულმოდგინედ გასინჯა და უკვე კარებში გასულმა, სიძეს დაუბარა: „დილამდე დაელოდეთ და, უკეთ თუ არ გახდა, ნუ იზარალებთ, დაკალითო“...
ერთხელ სტუმრად მისულ დედაჩემს ჩემმა სიძემ კარი ასეთი შეძახილით გაუღო: „დღეს დანა-ჩანგალი კი არა, ნაჯახი დამივარდა და მაშინვე მივხვდი, რომ სიდედრი მოვიდოდა!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თავისუფლება სულ ისე მოწყურდა...

Approved by Natia Jinjolava


ჩემი ერთი ზოგადად მიღებული გაგებით სამარცხვინო თვისება თუ ჩვევა უნდა გამოვააშკარაო: ქუჩაში სასეირნოდ გამოყვანილ ლამაზ ბავშვს და ძაღლს რომ ვხედავ, მე ძაღლის მოსაფერებლად მიმიწევს გული. არა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვები არ მიყვარს. უბრალოდ, საკუთარის არყოლის პირობებში ჯიშიანი ძაღლები უცნობ ბავშვებზე უფრო ნაზ გრძნობებს იწვევს ჩემში (რათქმაუნდა ეს ნაცნობ ბავშვებს არ ეხება) და სხვისი შვილები დედებთან ერთად მიყვარს – როცა ისინი უვლიან და მე ვეფერები.
მოდით, ობიექტურობისთვის იმასაც დავამატებ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარულიც არ გადამდის ისეთ მანიაკალურ გრძნობაში, რომ ნებისმიერ ძუნძგლიან მაწანწალას დავუკოცნო დრუნჩი. ძაღლლიც და ბავშვიც მოვლილი მიყვარს მე.
ალბათ ბევრი აღვაშფოთე და სამართლიანადაც, რომ ჩემთვის ამ ორ უსაყვარლეს არსებას – ადამიანის პირმშოსა და ცხოველს ერთმანეთს ვადარებ, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ოჯახში ახალი წევრის შემოყვანის, ანუ ბავშვის გაჩენის ან ძაღლის შეძენის გადაწყვეტილების მიღებას, ორივეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება და ამ პროცესს რაღაც საერთო ნამდვილად აქვს. ბავშვიც და ცხოველიც, პატრონის (ზრდასრული ადამიანის) მხრიდან ორივე იმდენად დიდი მოვლა–პატრონობასა და ზრუნვას საჭიროებს, რომ  კარგად გააზრების გარეშე ამ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად არ ღირს. მოთ უმეტეს, რომ ძაღლისგან განსხვავებით ბავშვს საცხოვრებლად იატაკზე მოზომილი მეტრნახევარი არ ყოფნის და ბეწვის დაყრაზე უფრო დიდ პრობლემებს ქმნის როგორ წესი. ღრმერთმა დამიფაროს, ბავშვის არგაჩენას ვქადაგებდე, პირიქით. უბრალოდ, ამ მოვლენის მნიშვნელოვნებასა და  სირთულეზე ვსაუბრობ და იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ცხოველის მოყვანას თუ გადაწყვეტ, მასაც ოჯახის წევრივით უნდა მოექცე.
როგორც ბავშვი, ძაღლიც და ნებისმიერი სხვა სულიერიც – ჩიტი იქნება, თევზი, კატა თუ ზაზუნა, ყველას ერთნაირად უნდა მოვლა, დაბანა–დავარცხნა და გამოკვებაც. და, ყველა ერთნაირად ხელისშემშლელია პირად ცხოვრებაში. გაჩნდება თუ არა ნებისმიერი პირმშო, ბალნიანი იქნება თუ ტანშიშველი, შენს ნებაზე ვეღარ გადიხარ სახლიდან, თავისუფლად ვეღარ არჩევ კურორტს დასასვენებლად, იზღუდები უამრავი გადაწყვეტილების მიღებაში და სტუმრადაც კი ვეღარ მიდიხარ ყველგან, გნებავთ ბავშვით და გნებავთ იორკშირული ტერირეტით ხელდამშვენებული. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მათი ნაგავი და არა მხოლოდ ნაგავი, თქვენი საწმენდია. თანაც, ძაღლიც და ბავშვიც ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ განწყობაზე უნდა გაიყვანო სასეირნოდ. თუმცა, ამ საკითხში, ტრადიციულად ბავშვები უფრო იჩაგრებიან ხოლმე. თევზის თუ ბავშვის დამტოვებელიც არ გეგონოთ ადვილი მოსაძებნი.
ამასთან, სადღაც 14–18 წელიწადში ბავშვი გაიზრდება და დამოუკიდებელი გახდება (რაც გარანტირებული სულაც არაა, ზოგი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მშობლის კისერზე სრულიად კომფორტულად გრძნობს თავს და საერთოდ არ აპირებს ჩამოსვლას), თუთიყუში კი საშუალოდ 60–70 წელი ცოცხლობს და არამარტო უსასრულოდ მოვლა, მისი ანდერძში ჩაწერა და საიმედო ხელში  მემკვიდრეობით გადაცემაც ხდება აუცილებელი.
მაგალითად, ჩემი დის ცხოვრებაში ძაღლის გამოჩენასთან ერთად უამრავმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამაც იჩინა თავი, სასტუმროში ცხოველთან ერთად შეშვების ჩათვლით. ყოველი დასასვენებლად წასვლა და სასტუმროს არჩევანი, მათ გემოვნებაზე კი არა, ნომერში ძაღლის ყოლის ნებართვაზე გახდა დამოკიდებული. რამდენიმე წლის წინ ქობულეთში საკმაოდ მოკრძალებული და სრულიად მშვიდობიანი ფრანგული ბულდოგის დანახვაზე ერთმა სომეხმა ქალბატონმა ისეთი ისტერიული კივილი ატეხა: „Хищник! Хищник!“–ო რომ სასწრაფოდ ბარგის ჩალაგება და ბინის გამოცვლა გახდა საჭირო.
ერთი სიტყვით, ბავშვი იქნება თუ შინაური ცხოველი, მათი არსებობა ავტომატურად იწვევს პატრონის დამოუკიდებლობის დაკარგვასა და თავისუფლების შეზღუდვას. რის მერეც მხოლოდ სენტ–ეგზიუპერის ცნობილი პატარა პრინცის პოპულარული სიტყვებიღა გვრჩება ნუგეშად პასუხისმგებლობასა და მიჩვეულ–შეჩვეულების თაობაზე.
ამიტომ, რაღა გასაკვირია, რომ ამერიკელებს წელიწადის სამას სამოცდახუთიდან ერთი, შიანური ცხოველების პატრონთა დამოუკიდებლობის დღედ აქვთ გამოცხადებული. თუმცა, ამერიკელები რა ამერიკელები იქნებოდნენ, ამ იდეაშიც რაღაც ამერიკული რომ არ ჩაექსოვათ და მხოლოდ მათი ლოგიკისთვის დამახასიათებელი განმარტება არ გაეკეთებინათ. თურმე ამ დღეს, ცხოველი უნდა გაუშვა სამსახურში და შენ დარჩე სახლში...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ძაღლის საბელზე გამობმული პატრონები

Approved by Natia Jinjolava


გუშინ ერთი იუმორისტული სტატია წავიკითხე იმაზე, თუ რამდენი რამე იცვლება ცხოვრებაში, როდესაც ძაღლის პატრონი ხდები. სტატიის ავტორის აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება და ხდები აბსოლუტურად „სულძაღლიანი“, მთელი დღის გეგმები იწყობა და ინგრევა ამ არსებისა და მისი კეთილდღეობისთვის. დღეს ძაღლთან ერთად სეირნობისას, ზუსტად ამ თემაზე წამოვიწყეთ საუბარი მე და ჩემმა მეგობარმა და თანამოსეირნე ჰელგამ. აღმოჩნდა, რომ სტატიას მასაც წაუკითხავს და ორივემ უცებ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა და, რა თქმა უნდა, არ მოხდება. რას ჰქვია, მთელი ცხოვრება და ყოველდღიური გეგმები ძაღლს მიუსადაგო და მის მიხედვით ააწყო? ჩვენი საერთო აზრით, პირიქით მოხდა - ძაღლი მოგვერგო ჩვენ და არა ჩვენ - ძაღლს.
თუმცა სტატიის ავტორს ერთ რამეში ვეთანხმები: ძაღლის მოყვანის პირველივე დღიდან უნდა დაემშვიდობო გაქათქათებულ ფარდებს, გაპრიალებულ შუშებს და სუფთა იატაკს. სამაგიეროდ, რამდენი დადებითი ენერგიით ივსები? მაგალითად, ბუნებაში სეირნობისას. ადრე თუ ჩემი ბუნებასთან ახლო ურთიერთობა ინსტიტუტიდან შატალოზე ვაკის პარკში გაპარვით შემოიფარლებოდა, მას მერე, რაც გერმანული ნაგაზის პატრონი გავხდი, საათობით ტყე-ღრესა და მინდორ-ველში დავხეტიალობ, ხანდახან სიამოვნებით (მზიან თბილ ამინდში), უმეტესად კი გაწუწული, ტალახიანი და სიცივისგან მობუზული. არ გეგონოთ, რამეს ვჩიოდე, პირიქით! ხომ ამბობენ, ცუდ ამინდში სეირნობა ადამიანს აკაჟებსო, ჰოდა, მეც ჯიუტად ვსეირნობ ქარშიც და წვიმაშიც და ველოდები, როდის გავკაჟდები (ალბათ ეს მორიგი გაციება რომ გამივლის, მაშინ უკვე ნამდვილად... ვნახოთ).
ამ წლებში კიდევ ერთი დადებითი თვისება გამივითარდა. ვისაც ოდესმე ძაღლი ჰყოლია, მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა კარგი მხედველობა. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, რა დამზაფვრელია, როცა ძაღლი მოულოდნელად, ფაქტიურად თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდება (იმიტომ, რომ სადღაც კატამ დაიკნავლა, ან ჩიტმა შეიფრთხიალა), მიმიხვდება, რამხელა შიში განვიცადე, როდესაც ჩემი ძაღლი მინდორში აშვებისთანავე გასროლილი ისარივით შევარდა ტყეში და ირემს გაეკიდა (ჰოი, საოცრებავ და საქართველოში წარმოუდგენელო სასწაულო!). დიახ, ტყეში ირმები ცხოვრობენ, მინდვრებში კი კურდღლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მელიებიც კი შემხვედრია. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ აი, ძაღლმა თუ დაგასწროთ და ასეთი არსება თქვენზე ადრე დაინახა, მასში ჯიშისდა მიუხედავად მომენტალურად იღვიძებს მგელი. იდექით მერე და ელოდეთ, როდის გაახსენდება, რომ მგელი კი არა, მწევარიც არაა და დარცხვენილი უკან მოგიბრუნდებათ.
ასე რომ, რაც ეს შიში მეც ვიგემე, მას მერე მხედველობა ასმაგად გამიუმჯობესდა და შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღეს ჩემს ძაღლზე ბევრად ადრე ვხედავ წრუწუნებს, ციყვებს, ზღარბებსაც კი, ფოთლებში რომ იმალებიან. ერთადერთი გაუკონტროლებელი მაცდური კურდღელიღაა დარჩენილი და ამაზეც ვმუშაობთ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ნამდვილად მაზოხისტი კურდღლები ცხოვრობენ - ზედ ძაღლის ცხვირწინ  უშიშრად გამოხტებიან და ისე გამომწვევად დახტუნაობენ აქეთ-იქით, თითქოს აქეზებენ „აბა, თუ ბიჭი ხარ, დამეწიეო“. არ ვიცი, ან სიცოცხლე აქვთ მობეზრებული (გამიგია, კაი ცხოვრებაც მოსაბეზრებელიაო), ან სადღაც ისწავლეს, რომ საბელით დაბმული ძაღლი საშიში არაა.
გარდა გამახვილებული თვალისა და მოდუნებული ყურისა (რაღად მინდა კარგი სმენა, თუ ჩემს ძაღლს გაფაჩუნებაც ესმის და მატყობინებს?!), საკუთარ თავს კიდევ ერთი რამ შევამჩნიე - გემოვნება შემეცვალა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია, ასაკმა? ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ მაღაზიებში პირველ რიგში კაბებს და ქვედაბოლოებს ვიზომებდი და ვყიდულობდი, დღეს ჩემი გარდერობი სავსეა ჯინსის შარვლებით (უმეტესად, მუქი ფერის. ძალიან პრაქტიკულია - ჭუჭყი და ტალახი ნაკლებად ეტყობა). ადრე თხელი და ქუსლიანი ნაზი ფეხსაცმელი მიყვარდა, დღეს კი თითქოს უფრო ბოტასებით, სქელძირიანი და მაღალყელიანი ფეხსაცმლით ვიხიბლები. სხვათა შორის, ამაში ჩემი მეგობარი ჰელგაც დამეთანხმა. მისი აზრით, წლებთან ერთად გემოვნებაც გვეცვლება და
რა გასაკვირია, რომ ადრე თუ გულისცემას პატარა სპორტული მანქანები გვიჩქარებდა, დღეს უპირატესობას დიდ, საბარგულიან მანქანებს ვანიჭებთ?! თანაც ეს დიდი საბარგული რა პრაქტიკულია, რამდენი რამე ეტევა და ძაღლიც თავისუფლად ზის...
მანქანებზე გამახსენდა... რა თქმა უნდა, არიან მართლაც რომ სულძაღლიანები, ვინც მთელ ცხოვრებას საკუთარი ძაღლის კომფორტზე ფიქრში ატარებენ. აი, მაგალითად, ერთი ჩემი თანამოსეირნე სვენი: ორი მანქანა ჰყავს, ერთი - ცუდი ამინდისთვის დიდი „ფოლკსვაგენ კომბი“ და მეორე - კარგი ამინდისთვის სპორტული კაბრიო. თურმე მის ძაღლს ღია მანქანაში ჯდომა ურჩევნია და რა ქნას აბა? სულ დახურულით ხომ არ ატარებს აქეთ-იქით? ეს ამბავი ჩვენმა მეორე თანამოსეირნემ რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და, რადგან მისი საფულე ორ მანქანას ვერ გასწვდებოდა, სასწრაფოდ ჯიპი იყიდა. ზამთარ-ზაფხულ გამოსადეგია!
მე და ჰელგას, რა თქმა უნდა, ასეთ ხალხი ბევრ ახალ საჭორაო თემას გვაძლევს. აი, გუშინაც ამ სკანდალურ სტატიაზე მსჯელობისას, მაგალითად ასეთი პარტონები მოვიყვანეთ, თორემ ჩვენ? ჩვენ, მას მერე რაც ძაღლები გვყავს, არაფერი შეგვიცვლია. მართალია, ჰელგა წელს უკვე მეორედ იცვლის ბინას, რადგან მეოთხე სართულზე ცხოვრება აღარ აწყობს. როგორც იქნა, ბინა პირველ სართულზე იშოვა. შესანიშნავია - ბოლო დროს მის ძაღლს უკვე ძალიან უჭირს კიბეებზე აღმა-დაღმა სიარული...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა

შოკოლადის „ჩავარდნილი“ ნამცხვარი - Fallen Chocolate Cake

Approved by Natia Jinjolava


შოკოლადის „ჩავარდნილი“ ნამცხვარი - Fallen Chocolate Cake
8-10 პორცია
ბისკვიტისთვის: 100 გრ კარაქი კუბიკებად დაჭრილი და ოთახის ტემპერატურის, კიდევ ცოტა კარაქი საცხობი ფორმის დასაცხიმად; ¾ ჭ + 2 ს/კ შაქარი და კიდევ ცოტა დაცხიმული საცხობი ფორმის კედლებზე მოსაფრექვევად; 280 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 72%-იანი შემცველობით წვრილად დატეხილი; 2 ს/კ ზეთი; 6 მსხვილი კვერცხი; 2 ს/კ კაკაო; 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი; ¾ ჩ/კ მარილი
მოსართავად: 1 ჭ ცხიმიანი ნაღები; ½ ჭ მასკარპონე; 3 ს/კ შაქრის პუდრა
1 ცალი 22 სმ დიამეტრიანი გასახსნელი საცხობი ფორმა (შეგიძლიათ იხმაროთ ცეცხლგამძლე მინის ან ფაიფურის ფორმა და მზა ნამცხვარი აღარ ამოიღოთ ფორმიდან)

გავახუროთ ღიმელი 175°C-მდე. საცხობი ფორმა დავცხიმოთ და მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი, ზედმეტი გადმოვფერთხოთ. დიდი ზომის ცეცხლგამძე ჯამში მოვათავსოთ დატეხილი შოკოლადი, ზეთი, 100 გრ კარაქი და შემოვდგათ ცეხლზე მდგარ მდუღარე წყლიან ქვაბზე და წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. შიგადაშიგ ვურიოთ. შოკოლადი რომ გადნება, ჯამი გადმოვდგათ ცეცხლიდან. 4 კვერცხის გულები და ცილები დავაცალკევოთ. გულებიან ჯამში დავამატოთ დარჩენილი 2 კვერცხი, კაკაო, ვანილი, მარილი, ¼ ჭ შაქარი და ავთქვიფოთ მიქსერით კრემის კონსისტენციამდე. ამის მერე კვერცხის კრემი წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ გამდნარ შოკოლადში. მიქსერითვე ავთქვიფოთ კვერცხი ცილები, თანდათანობით დავუმატოთ ½ ჭ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. ათქვეფილი ბეზე ორ ნაწილად, ნაზი მოძრაობებით გადავურიოთ შოკოლადის მიქსტურაში. მერე ჩავასხათ დაცხიმულ და შაქარმოყრილ საცხობ ფორმაში, თავი ფრთხილად მოვუსწოროთ და ზემოდან 2 ს/კ შაქარი მოვაყაროთ. ვაცხოთ დაახლოებით 35-45 წუთი, სანამ ბისკვიტის ზედაპირი არ დასკდება ან ფორმის გვერდებზე გადმოსვლას არ დაიწყებს. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ ფორმაშივე. ნამცხვარი გაგრილების პროცესში ჩავარდება. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე (ნამცხვრი გამოცხობა წინა დღითაც შეიძლება).
მოსართავად მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები და მასკარპონე შაქრის პუდრასთან ერთად. ბისკვიტი ამოვიღოთ გასახსნელი ფორმიდან და ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი ნაღების კრემი და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ბლინების ტორტი ბანანით

Approved by Natia Jinjolava


ბლინების ტორტი ბანანით
(http://smittenkitchen.com)
გამოდის 23 სმ დიამეტრის 11 ან 12 ბლინი
ბანანის ბლინებისთვის: 4 ს/კ კარაქი, 1 დიდი ზომის მწიფე ბანანი, 1 ჭ რძე, 175 გრ ფქვილი, 4 მსხვილი კვერცხი, 2 ს/კ ლერწმის შაქარი, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2/4 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ¼ ჩ/კ ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი), მწიკვი დაფქული მიხაკი
კრემისთვის: 225 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 1 ½ ჭ მაწონი ან არაჟანი, 1/3 ჭ შაქრის პუდრა, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
სარკალასთვის: ½ ჭ ცხიმიანი ასათქვეფი ნაღები, ¼ ჭ ლერწმის შაქარი, 1 ს/კ კარაქი ოთახის ტემპერატურის, ½ ჭ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი, ¼ ჩ/კ ან გემოვნებით ზღვის მარილი

ბანანისგან ჩანგლით ან ბლენდერით გავაკეთოთ ერთგვაროვანი პიურე. დავუმატოთ კარაქი და კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტებიც (საკმაოდ თხელი ცომი უნდა გამოვიდეს). ცომს ცელოფანი გადავაფაროთ და მინიმუმ ერთი საათით მაცივარში შევდგათ. უმჯობესია მაცივარში მთელი ღამით თუ დავტოვებთ. ჩაციებული ცომი უნდა შესქელდეს. სანამ ცხობას დავიწყებთ, ცომს კარგად მოვურიოთ. 23 სმ დიამეტრის ტაფა კარგად გავაცხელოთ ცეცხლზე, დავასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავიწყოთ ცხობა: დავასხათ ერთი ჩამჩა ცომი, გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე და ვაცხოთ დაახლოებით 1–2 წუთი. გადავაბრუნოთ და დავბრაწოთ მეორე მხრიდან. გადმოვიღოთ. ტაფას ზეთი დავაწუწოთ და დავასხათ ცომის მეორე პორცია და ასე ვაცხოთ სანამ ცომი არ გაგვითავდება. მზა ბლინები ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ.  
კრემისათვის გავტქვიფოთ ნაღების ყველი დარბილებამდე, მერე ჩავათქვიფოთ მაწონი ან არაჟანი. დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ კიდევ ერთი წუთის განმავლობაში. ბლინებს სათითაოდ წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ. ბოლო ბლინს კრემს ნუ წავუსმევთ, კრემიანი ბლინების „კოშკს“ უბრალოდ ზემოდან დავაფაროთ და ლამაზ ლანგარზე მოვათავსოთ. ტორტი შევდგათ მაცივარში და სარკალა მოვამზადოთ: საშუალო ცეცხლზე შემომდგარ სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ ნაღები, ლერწმის შაქარი და კარაქი. წამოვადუღოთ, ჩავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ სიროპი 10 წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ. კარამელი რომ შესქელდება და გემრიელი სუნი აუვა, მზადაა. დავუმატოთ ვანილი, მარილი და ნიგოზი და ცხელივე გადავასხათ ბლინის ტორტს ზემოდან.  სარკალა ბლინის ზედაპირზე კოვზით თანაბრად გავანაწილოთ. შეგიძლიათ ჩააცივოთ, შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ. პირადად მე, ჩაცივებული მირჩევნია.
                               
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შენი, ჩემი და საერთო სარგებლობის

Approved by Natia Jinjolava


ერთხელ, მორიგ სამსახურში, ისეთ კოლექტივში მოვხვდი, სადაც სრული კომუნიზმი და ჰარმონია სუფევდა და სიტყვები „შენი“ და „ჩემი“ არ არსებობდა. საერთო იყო ავეჯიც, საჭმელი და საკანცელარიო ნივთებიც კი. მოკლედ რომ ვთქვა, ყველას თავისი მაგიდა და სკამი კი ქონდა (ზოგს ყავის ჭიქაც), მაგრამ სხვისი უჯრის ცნება და პირადი კომპიუტერი რა იყო, ყველას მეგობრულად ქონდა დავიწყებული. მიუხედავად იმისა, რომ „სხვისი“ ჩემთვის ყოველთვის წმინდათწმინდა და ხელშეუდხებელი სფერო იყო და პირად ტერიტორიასაც ყოველთვის გაალმასებული ვიცავდი, უნდა გამოვტყდე, რომ ასეთ მდგომარეობაში მაინცდამაინც ცუდად არ მიგვრძნია თავი. გარკვეული უხერხული მომენტები კი იყო და ჩემი „ცუდი“ ჩვევაც ვერ დავივიწყე – სხვისი ნივთებით ჯიუტად არ ვსარგებლობდი და საერთო მოხმარების კომპიუტერებიც საკუთარი ლეპტოპით ჩავანაცვლე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც საკმაოდ კომფორტული სიტუაცია იყო. გარემოს მალე მივესადაგე და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ნივთების სხვისი ხელყოფისგან დაცვა მარტივად მოვახერხე, თან ისე რომ არავინ შეწუხებულა. მაგრამ ერთია სამსახური, სადაც ყველაფერი ისედაც საჯაროა და მეორე სახლი – შენი ციხე–სიმაგრე.
არ ვიცი ვისთან როგორ, მაგრამ ჩვენთან სახლში, ერთმანეთის პირად სივრცეს ყოველთვის პატივს ვცემდით: არავინ იქექებოდა სხვის კარადაში, არავინ იჭყიტებოდა მაგიდაზე გადაშლილად დატოვებულ სხვის ბლოკნოტში. ერთადერთი ბაბუა კითხულობდა ხოლმე გასართობად ჩემს სკოლისდროინდელ „მეგობრობის დღიურებს“ და ისიც ბოლო ჩანაწერთან ხელს აწერდა და თარიღს ასვამდა „შემოწმებულიაო“. სახლში არასდროს არ მქონია იმის შიში, რომ რამის დამალვა მომიწევდა და რომელიმე ოჯახის წევრი ნახავდა იმას, რისი ჩვენებაც  არ მინდოდა – უბრალოდ, უჯრაში ჩავდებდი და მორჩა. დღემდე ვჩხუბობთ მე და ჩემი და როცა მის სახლში კარადიდან რამის მოტანას მთხოვს და მე არ ვიცი სად დევს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან წლების ნამძილზე ვცხოვრობდი, სამზარეულოს და ჩემთვის გამოყოფილი „ტერიტორიების“ გარდა არასდროს მომსვლია თავში სადმე შემეხედა. ერთხელ, ნათესავი ჩამოგვივიდა რაიონიდან და ჩვენთან რამდენიმე ხანი ცხოვრობდა. გარეთ რომ ჩემი ტანსაცმლით გადიოდა მაგაზე არაფერს ვიტყვი, რამე რომ მეკარგებოდა, ვეკითხებოდი და ზუსტად იცოდა სად მქონდა შენახული. სანამ სახლში ვიყავით, ჩვეულებრივად იქცეოდა. ეტყობა ჩვენი სახლიდან გასვლის მერე იწყებდა ოთახების შემოვლას. ჩვენნაირ ხალხმრავალ ოჯახში ან როდის ასწრებდა ან როგორ იმახსოვრებდა სად რა გვედო?! ერთხელ არ შემცდარა და წინა დღეს დაუგეგმავად გადაადგილებული და შემთხვევით სადღაც მიგდებული ნივთების ადგილსამყოფელიც კი ზედმიწევნით იცოდა.
ორიოდე წლის წინ ჩემს მეგობარს ბინა გაუტეხეს და არასდროს დამავიწყდება რა თქვა: ნივთების დაკარგვას არ ვდარდობ, უცხო ადამიანების ასე მარტივად შემოღწევის შემდეგ, იმათი ხელის მონაკიდი ყველაფერი მეზიზღება და საკუთარ სახლში დაუცველობის გრძნობა მაქვსო.
სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება სხვისი „სკაიპის“ ან „ფეიბუქის“ ჩატის მიმოწერის წაკითხვა. რასაკვირველია, რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას თუ არ აქვს ადგილი და ისიც ჯგუფურად. ერთხელ ერთმა ჩემმა ახლობელმა ძალიან გაიოცა როცა გაიგო, რომ ჩემი მეგობრის ტელეფონში არ ვიქექებოდი და მის პირად შეტყობინებებს არ ვკითხულობდი. ჯერ ეს ერთი, არ მაინტერესებს და თან სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიშლის ნერვებს უცხო ხალხის ჩემს ტელეფონში ქექვის სურვილი. ტელეფონი, ისევე როგორც პერსონალური კომპიუტერი ძალიან პირადი და ინტიმური ნივთია. ეგებ მე და ჩემს ქმარს სექსი გვაქვს გადაღებული, ტელეფონში ვინახავ და როცა საყვარელი მეუღლე მენატრება ყურებით ვტკბები. ან საყვარლის ესემესებს ვინახავ სამახსოვროდ... სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ ვერაფერ პირადს ვერც ჩემს ტელეფონში და ვერც სიალურ ქსელში. ტელეფონში სიმღერებსაც კი არ ვწერ, მერე ნაცნობ–მეგობრების ბავშვებმა მთელი დღე რომ არ აწრუპუნონ ტექსტით: „მიეცი გაერთოს“.
დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ თუ გინდა რამე არ გავრცელდეს, საერთოდ ნუ იტყვი, ნუ დაწერ და მით უმეტეს კომპიუტერში ნუ შეინახავ. იშვიათი გამონაკლისის გარდა (როცა ზუსტად იმასთან მიაქვთ ენა, ვისაც არ უნდა მოიუტანონ), არასდროს ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებმაც ჩემი საიდულო არ შეინახეს. ყველას ყავს ვიღაც ერთი ვისაც მაინც მოუყვება, მერე იმ ერთსაც ყავს თავისი ერთი და ა.შ. ამაზე სულ ერთი ძველი ანდაზა მახსენდება ხოლმე: „ნუ ფიქრობ. თუ გაიფიქრე, ნუ დაწერ. თუ დაწერე ნუ მოყვები. თუ მოყევი, მერე პასუხიც აგეო“.
სხვის ნივთებში და ცხოვრებაში ქექვა კი, მათი ხვედრია ვისაც თავისი საფიქრალი არაფერი აქვს. როცა საკუთარი ცხოვრებით და საქმით ხარ დაკავებული, სხვისთვის უბრალოდ არ გცალია. თავად დააკვირდით, თავის თავზე შეყვარებული ხალხი სხვებზე არ ჭორაობს – მხოლოდ საკუთარი ამბების მოყოლით არიან დაკავებული და შენ რაც არ უნდა შეჩივლო, მეორე დღეს არაფერი ახსოვთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ლიმონის უგემრიელესი ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


ლიმონის ნამცხვარი ნაღების ყველის კრემით
ცომისთვის: 225 გრ დარბილებული კარაქი, 100 გრ შაქარიმ 400 გრ ფქვილი
ლიმონის კრემისთვის: 4 კვერცხი, 300 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 2 ლიმონის წვენი, 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
ნაღების ყველის კრემისათვის: 200 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 200 გრ შაქარი, 2 კვერცხი ათქვეფილი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

გავახუროთ რუმელი 175°C–მდე და ოდნავ შევათბოთ ოთხკუთხედი, მაღალბორტიანი საცხობი ფირფიტაც.
ცომისთვის ფართო ჯამშო მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი და კარაქი და ცივი თითის წვერებით მანამ ვურიოთ (ვსრისოთ) ერთმანეთში სანამ ქადის გულის მსგავს დაფხვნილ მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა შემთბარ საცხობ ფირფიტაზე თანაბრად გავანაწილოთ, ოდნავ დავპრესოთ და ვაცხოთ 20–25 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან და შევაგრილოთ. სანამ ბისკვიტი გრილდება მოვამზადოთ ლიმონის კრემი. ფართო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები, შაქარი, ფქვილი, ლიმონის წვენი და ცედრა.  მიღებული მიქსტურა დავასხათ გამომცხვარ ბისკვიტს. ცალკე ჯამში მიქსერით ერთმანეთში გადავურიოთ ნაღების ყველი და შაქარი. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. მზა კრემი ლიმონიანი მასის თავზე გავანაწილოთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30–35 წუთის განმავლობაში.
გავაგრილოთ, მოვაყაროთ შაქრის პუყდრა, მართკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი