გოზინაყის ალტერნატივა - გოგრის თესლის ხრაშუნა

Approved by Natia Jinjolava

პრინციპში არც არავინ მიშლის და მხოლოდ ტრადიციაა, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს გოზინაყს მხოლოდ საახალწლოდ კი არა წელწადის 365 დღე ვაკნატუნებდი.  ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნიგვზის დათეთრება-დაჭრასა და თაფლში ამოვლების სამზადისს შევუდექი. თუმცა, ამჯერად კრეატიულობა მომეძალა და დავფიქრდი: რა იქნება ნიგვზის გარდა თხილის გოზინაყიც რომ შევქმნა-მეთქი? ხომ იცით, რაც მეტი - მით უკეთესი. თანაც, აბა, ვის არ უყვარს გრილიაჟი? მერე გადავწყვიტე, კიდევ უფრო განსხვავებული გემოსთვის თხილს თაფლის ნაცვლად კარამელში ამოვავლებ-თქო და სრულიად ამერიკული და უგემრიელესი „ბრიტლები“ ანუ ხრაშუნებიც გამახსენდა, რომლებიც ძალიან მარტივად კეთდება და კარგი გემოც აქვს.
მით უმეტეს, რომ ბრიტლი ნებისმიერი კაკლისგან თუ მასთან მიმსგავსებული „ნივთიერებისგან“ შეგიძიათ დაამზადოთ. თხილს, ნიგოზს, პეკანს, მაკადამიას, ფსტის კაკალს, გოგრის თესლს, არაქისს, კეშიუს, ქიშმიშს, სეზამის და მზესუმზირის თესლს კარამელში, თაფლში, სიმინდის სიროპში, ნუგასა თუ ირისში ავლებენ და სხვადასხვა სანელებლებთან ერთად, თქვენ წარმოიდგინეთ და წიწაკასა და მარილსაც კი უმატებენ. ერთი სიტყვით, ჩემსავით კაკლის მოყვარული თუ ხართ, ექსპერიმენტები შეგიძლიათ უსასრულოთ ატაროთ. დღეს კი ელტონ ბრაუნის

გოგრის თესლის ბრიტლი
1 ჩ/კ ზეთი და ცოტა კიდევ, 200 გრ  გოგრის დარჩეული თესლი, ½ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა (ან თქვენი გემოვნებით), ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ½ ჩ/კ მარილი, 620 გრ შაქარი, 340 მლ წყალი

გოგრის თესლი და ზეთი მოვათავსოთ საშუალო ზომის სქელძირიან ტაფაზე და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ვხალოთ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. თან ვურიოთ. გადავიტანოთ ჯამში. დავუმატოთ წიწაკა, დარიჩინი და მარილი და კარგად მოვურიოთ. დაფას ან საცხობ ფირფიტას წავუსვათ ზეთი ან დავასველოთ. სქელძირიანი ტაფა შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე და ჩავყაროთ შაქარი და ჩავასხათ წყალი. წამოვადუღოთ და შიგადაშიგ ვურიოთ. სიროპი როგორც კი ადუღდება, ნუღარ მოვურევთ, ტაფას თავსახური დავახუროთ და ვხარშოთ 3 წუთის განმავლობაში. 3 წუთსი შემდეგ ტაფას თავსახური მოვხადოთ, ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე  და დაახლოებით 15-20 წუთი ვხარშოთ სანამ სიროპი ღია ქარვისფერი არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ მოხალული და შესუნელებული გოგრის თესლი. მოვურიოთ კარგად. კარამელი ძალიან სწრაფად ცივდება, ამიტომ ჩვენც სწრაფად უნდა ვიმქომედოთ: ბრიტლი ცხიმწასმულ დაფაზე ან საცხობ ფირფიტაზე დავასხათ და ზეთწასმული ნიჩბით გოზინაყივით დავაბრტყელოთ. ბოლომდე გავაგრილოთ (დაახლოებით 30 წუთი) და დავამტვრიოთ. ინახება 2 კვირა.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment