იმერული ქორწილი

Approved by Natia Jinjolava

იმერულ პურმარილს და ქეიფს არაფერი რომ არ ჯობია, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება... თუმცა, რაღაც უკმაყოფილო ფაციფუცი და ბუზღუნი უკვე მესმის და აჯანყებულ მეგრული სამზარეულოს თაყვანისმცემლებს აქვე უნდა ვუთხრა: მეგრული სამზარეულო უგემრიელესია და იმერულ ხაჭაპურს მეგრული ნამდვილად სჯობს (ისევე, როგორც საცივი), მაგრამ ქუთაისური სუფრის  მრავალფეროვნებასთან ზუგდიდური და თუნდაც სენაკური ახლოსაც ვერ მივა. აღარაფერს ვამბობ თავად ქეიფისა და სუფრული დროსტარების თაობაზე. ყველაზე კარგი გაგაებით „შოვინისტი“ მეგრელებიც კი დამეთანხმებიან, რომ სამეგრელოში ქეიფი არ იციან. ავტომატის ტყვიებივით პაუზის გარეშე ერთმანეთზე მიყრილ სადღეგრძელოებს და თანამესუფრეებისათვის თითო წვეთი გადაყლაპული თუ დატოვებული ღვინის დათვლა და ჭიჭყინი „გადასვი, კაცო, ეს რა არის?“, „ეს, თამადა სუსტია, ჭიქაში ღვინოს  ტოვებს“- ამ პროცესს ღრეობის გარდა სხვა სახელს ვერ ვუწოდებ. აბა, ვის მოგისმენიათ მეგრულ სუფრაზე მოქეიფეების სიმღერა ან ანეკდოტები? მხოლოდ ღვინის დაძალება და ჭიდაობა, ვინ მეტს დალევს... ამ მართლაც გროტესკული პროცესის გაცნობის სიამოვნებას არ მოგაკლებთ და სხვა დროს მოგიყვებით. დღეს კი იმერულ ქორწილზე და იქაურ თავისებურებებზე ვისაუბრებთ.
პურმარილი - გადასარევი, საქორწილო დარბაზი თუ სეფა - შესანიშნავი, მეფე-დედოფალი - ულამაზესი, მომსახურება - საუკეთესო... იმერულ ქორწილს ერთადერთი ნაკლი აქვს - საკუთარი თავის პატრონი თვითონ ხარ და განსაკუთრებული მოხერხებულობითა და მაგარი იდაყვებით (მუჯლუგუნებისათვის) თუ არ გამოირჩევი, შანსი არაა მექორწილეების მეზობლებსა და ახლობლებს მაგიდასთან დაჯდომა დაასწრო. რომ იხუვლებენ, თავზე გადაგივლიან და საუკეთესო ადგილებს იკავებენ, შენ კი - მოკრძალებული სტუმარი ან საერთოდ უადგილოდ რჩები, ან ვალოდია ჯინჭარაძესავით სადმე რადიატორთან ხარ მიყუჟული. ვანში ახლობლის ქორწილში კარგად მახსოვს თამადამ როგორ დაგვიძახა ჩქარაო და მუშტებით გზის გაკაფვას შეუდგა, ჩვენ კი -  70 წლის ბაბუაჩემი, მისი 120 კილოიანი ცოლი და დანარჩენი ოჯახის წევრები უკან ძუნძულით მივსდევდით. სამაგიეროდ, წინა რიგებში მოვხვდით და ახალდაქორწინებულებსაც ვხედავდით. ზესტაფონში ძალიან ახლობლის ოჯახში პატარძლის მამიდასთან ერთად მივედი სტუმრად და საერთოდ ფეხზე დავრჩით. მერე სადღაც სახლის უკან, თხილებში ცალკე გაგვიშალეს მაგიდა. ეგ არაფერი, ისევ ზესტაფონში ახლობლის სიმამრის გასვენებას რა დამავიწყებს: სამძიმარზე ზუგდიდლები ჩამოვიდნენ და ქელეხში ცალკე კუთხე გაუმზადეს ერთად რომ დამსხდარიყვნენ. დარბაზის შესასვლელში ჩვენო ოჯახის ახლობელი, ზესტაფონის მაშინდელი მოსამართლე იდგა და შემსვლელებს დასაჯდომად ანაწილებდა. მძიმე წონიანი მეზობელი ქალები მიადგნენ და კაცმაც მორიდებულად სთხოვა, „იქით ნუ დასხდებით, ჩამოსულ სტუმრებს ველოდებითო“. თქვენს მტერს იმას რომ დღე დაადგა, „შენ ვინ გეკითხება სად დავჯდებითო“ და ქალების მუშტებისგან და ნაფეხურებისგან დარჩენილ „სინიაკებს“ ორი კვირა იშუშებდა. არა, არ გეგონოთ იმერულ სტუმართმოყვარეობას ვაკრიტიკებდე, პირიქით! მაგრამ ნურავინ შემომედავება, რომ ამ სტუმართმოყვარეობის მთავარი პრინციპი ასეთია: „საუკეთესო ჯერ მე და მერე სტუმრებს“.  ალბათ, სადღაც სწორიცაა, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრებაში ასეთი წესი ნამდვილად ამართლებს...
ახლა ერთ კონკრეტულ ქორწილზე რომ არ მოვყვე, მოვკვდები: ნათესაობაში ერთი არჩვეულებრივი გოგო გვყავს, რომელიც ისე მოხდა, რომ ბებია-ბაბუის გაზრდილია და ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. ჰოდა, ჩვენი „ნებიერა“ ასევე არაჩვეულებრივ იმერელ ყმაწვილს გაჰყვა ცოლად. ქორწილისთვის მთელი ნათესაობა განსაკუთრებული მონდომებით დავირაზმეთ, ასეთი „საპატიო“ მაყრიონი გვარში არვის ჰყოლია: პატარძლის ბაბუა თავისი ორი ძმით,  პატარძლის დეიდები... და თუ ვინმე ოჯახში ოდნავ გამოჩენილი და სახელოვანი გვყავდა. ემანდ, „ბავშვი“ ვინმეს უპატრონო არ ეგონოსო და არასდროს არავის ქორწილში მისვლით რომ არ შეუწუხებიათ თავი (მაგალითად მამიდაჩემი) ისეთებიც კი საკუთარი სურვილით ჩაეწერნენ მაყრიონში. ერთი სიტყვით, მთელი სერიოზულობით გავემზადეთ საქორწილოდ.
სიძის ნათქვამმა: „ჭიათურიდან რომ გადმოუხვევთ, სულ რაღაც 20 კილომეტრია ჩვენს სოფლამდე და ორ საათში იქ იქნებითო“, ცოტა კი შეგვაფიქრიანა, მაგრამ ჩვენს ენთუზუაზმს რა ჩააცხრობდა. იმერული მოლხენისთვის გავემზადეთ და წინდახედულად საჩხერის სანატორიუმში ღამის გასათევიც მოვიხაზირეთ (ქალაქის პროკურორი, მოგვიანებით კი გვიყვებოდა: „რომ გავიგე სად მიდიოდით, უკან იმდღესვე რომ ვერ დაბრუნდებოდით მაშინვე ვიცოდი, მაგრამ ღამისგასათევის დაბრონვაზე უარი აღარ მითქვამს, რომ არ გგონებოდათ - დამეზარაო“). ჭიათურის ცენტრში მეფე-დედოფლის მანქანა და სამეგრელოს და თბილისის დელეგაციები შევიყარეთ და გადავუხვიეთ სოფლის შარაზე.  საცალფეხო ბილიკს, რომელსაც დავადექით მანქანის სავალ გზას ყველაზე ოპტიმისტიც ვერ დაარქმევდა. იყო ადგილები სადაც მანქანა ოთხივე ბორბლით არ იდგა მიწაზე. მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ღობეებზე გამოეფინა და გაოცებული გამოგვცქეროდა. რაზეც ბაბუაჩემმა სრულიად მართებულად დაასკვნა: „აქაურებს გაოცებულები არიან, აქ გავლილი მანქანა არ უნახავთო“. გზის ამბებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ქორწილში ხუთად-ხუთი მანქანა იყო (მაყრიონის) და დანარჩენი 200 სტუმარი, როგორც აგვიხსნენს ერთ, „ვილისს“ აუყვანია ჭიათურიდან. „20 რეისი მაქვს დილიდან გაკეთებულიო“ - შემოგვჩივლა მისმა მძღოლმა.
მოკლედ, ასე აღმოვჩნდით მთიან სოფელში, სტუმართმოყვარედ ფართოდ გაღებული ჭიშკრის წინ. დამხვდურებმა პატარძლის დანახვაზე ისე გაიხარეს, გარს შემოერტყნენ და სახელდახელო ცეკვა-თამაში გააჩაღეს. ჩვენ კი უცხო სტუმრები (პატარძლის დეიდა 20 კილოგრამიანი ტორტით ხელდამშვენებული) ვდგავართ ეზოში და მომღიმარი სახეებით ერთ ცალყბად ნათქვამ მობრძანდის ველოდებით. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში მასპინძლების მხიარულებისგან შეშინებული ეზოში თავისუფლად მორბენალი ქათმებისა და ინდაურების გარდა ჩვენით არავინ დაინტერესებულა, მერე სიევ ჩვენს სიძეს გავახსენდით, მოგვაკითხა და სუფრისკენ წაგვასხა, რომელიც ორ ოთახში იყო გაშლილი. „პატარძლიანი“ ოთახი, როგორც უკვე ხვდებით მეზობლების მიერ მთლიანად იყო დაკომპლექტებული და მეორე ოცი წუთი იმათ მაგიდიდან აყრას და „საპატიო სტუმრებისთვის“ ადგილის გათავისუფლებას დასჭირდა.
როგორც იქნა არაჩვეულებრივი პურმარილით დახუნძლულ მაგიდასაც მივუსხედით, მაგრამ პირველი 5 წუთი ეზოში მობიბინე სარეველებისგან ტანსაცმელზე აკრული ბირკებისა და ორკბილების მოშორებას მოვუნდით. კარგად რომ დავნაყრდით, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ საგანგებოდ შერჩეულ თამადას პატარძლის არსებობა საერთოდ არ ახსოვდა: საგულდაგულოდ ადღეგრძელებდა სიძის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს... პატარძალი ვითომც არ არსებობდა. ოჯახში ახალშეძენილის გარდა, ორი იმერელი სიძე გვყავდა, ორივე ჩუმი, მშვიდობისმოყვარე და საოცარი იუმორის პატრონი. ჩვენი, ტემპერამენტიანი მეგრელების გაოცება უნდა გენახათ, სწორედ ისინი რომ წამოხტნენ და გაალმასებულებმა იჩხუბეს დედოფლის მაყრიონის უფლებების დასაცავად. იმ ღამით, რომ უკან ვერ ვბრუნდებოდით ამ აზრს გზაშივე შევეგუეთ (სიბნელეში მანქანით უკან დაბრუნება გამორიცხული იყო!), მაგრამ სადღაც 10 საათისთვის აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ღამის გასათევზე არავის უზრუნია და იმ ღამით ლოგინში ძილი არ გვეწერა. ჰოდა, დაიწყო არნახული დროსტარება. მართლა, მართლა, არ ვიცი სასოწარკვეთილების ბრალი იყო, თუ იმერული ღვინის, დიდი და პატარა ვცეკვავდით, ვმხირულობდით და მსგავსი დრო იშვიათად თუ მეტარებინოს. არასდროს დამავიწყდება, პატარძალს მე და მეჯვარე გოგოებმა თავზე როგორ წამოვხადეთ საქორწილო კაბის კრინოლინიანი ქვედატანი და სანამ გოგო „ზადნით“ ჩეჩმაში შედიოდა, კაბის „გაფუქრჩქნული“ ნაწილი გარეთ როგორ გვეჭირა...
სადღაც ღამის 2 საათზე ისევ სიძემ იზრუნდა და ბიძაშვილის ოჯახში ჩვენთვის საწოლები გაამზადებინა. მასპინძელი ე.წ. „ზალაში“ ანუ სატუმრო ოთახში შეგვიძღვა და ტკბილი ძილი გვისურვა. უზარმაზარ ოთახში იდგა დიდი მაგიდა 12 სკამით, დიდი გარდერობი, ორი ორსაწოლიანი და ორი თითო-თითო საწოლი, ტახტი და ერთიც „ლეჟანკა“, იატაკზე დავით კაკაბაძის პეიზაჟი „იმერეთივით“ ვაშლის, მსხლის, კაკლის, წაბლისა და ზღმარტლის კვადრატები იყო გასაშრობად გაშლილი... დილის 6 საათზე, ჯერ კიდევ სიბნელეში ბაბუაჩემმა გაგვაღვიძა: „აქ მეტი არ თენდება, ადექითო“. ღამენათევები და ნაქეიფრები დილას საპირფარეშოს ძებნას შევუდექით და ამ დროს, სადღაც შორიდან მომავალი მამაჩემი დავინახეთ: „ტყუილად მიდიხართ, იმსიშორეზეა, სანამ უკან მოხვალთ, მეორეჯერ წასვლა მოგიწევთო“, მოგვაძახა, მაგრამ არ დავუჯერეთ და გზა გავაგრძელეთ.
ეს პეიზაჟი არ ავღწერო, არ შემიძლია: ტრიალ მინდორზე (ირგვლივ ბუჩქის და ხის ჭაჭანებაც არ იყო) თავმომწონედ იდგა ცისფრად შეღებილი იმერული ჩეჩმა, იმდენად ვიწრო, რომ შესვლა, მოტრიალება და ტანსაცმლის ჩახდა გამორიცხული იყო. უკვე გამზადებული უკუსვლით უნდა მოთავსებულიყავი (ისიც იმ პირობით, შენი კომპლექცია 60 კილოს თუ არ აღემატებოდა). ეგ არაფერი, შიგნით უნიტაზის მოვალეობას ძირგავარდნილი რკინის დაჟანგული ასრულებდა, რომელზეც დაჯდომა, დაკუზვა, დახრა ან ნებისმიერი მსგავსი მოქმედება პრაქტიკულად შეუძებელი იყო. მსგავსი მოწყობილობა საკუთარი სხეულის მოქნილობით განთქმულ ინდოელ იოგებსა და ჩინელ აკრობატებსაც არ დასიზმრებიათ ალბათ. მას მერე სულ მინდა ჩემს სიძეს ვკითხო: „როგორ?“, მაგრამ მერიდება ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S.   რომ არ გეგონოთ მარტო რეგიონებს აკრიტიკებსო: ესეც თბილისური ქორწილი!


ქორწილი სამეგრელოში

Approved by Natia Jinjolava

სექტემბერია, ქორწილების სეზონი დადგა და ამ თემას აბა, რა ნამუსით გამოვტოვებდი. თანაც იმდენი კურიოზი მახსენდება...  მეგრული ქორწილის შესახებ ბევრ ტყუილ-მართლას ყვებიან. მე კი მოგეხსენებათ, სამეგრელოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს (ალბათ სადღაც 50-60 ქორწილში მაინც ვარ ნამყოფი და რამდენიმეს ორგანიზებაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული) და იქაური წეს თუ ზნე-ჩვეულებების ავ-კარგიანობაზე საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვებით. არამეგრელების მიერ მეგრული ქორწილის კრიტიკის მთავარი მიზეზი, სუფრაზე მეფე-დედოფლის დაგვიანებული შეყვანაა. ხშირად გამიგონია, როგორ იხსენებენ, სამეგრელოში ქორწილში ვიყავით და თამადა ისე გაერთო, რომ ახალდაქორწინებულები სულ დაავიწყდათო. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი - შეიძლება ოდესმე სადმე და რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო (მაგალითად პატარძალი დაშლილ ვარცხნილობას ისწორებდა), წყვილის სუფრასთან მიპატიჟება მართლაც დააგვიანდათ, მაგრამ სულ დავიწყება გამორიცხულია. სამეგრელოში იმდენად უყვართ ცერემონიები, რომ არც ერთი ახალბედა დედამთილი არ შეარჩენს არც ერთ თამადას ხალხისთვის საჩვენებლად და თავის მოსაწონებლად საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული პატარძლის სუფრაზე არ გამომზეურებას.
მოკლედ, მეგრული ქორწილის ეს ყბადაღებული ტრადიცია რაში მდგომარეობს: სიძე-პატარძალი ოჯახში (ან რესტორანში) რომ მივლენ სასტუმრო ოთახში, ან ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას შეჰყავთ და იქ ღებულობენ უკვე შეგროვებული სტუმრების მილოცვებს. მერე სტუმრები საქორწილო სუფრას უსხდებიან. მასპინძელი ასახელებს თამადას, თამადა შეკრებილებს ასმევს მშვიდობის, ან ოჯახის და ა.შ. სულ ორ ან სამ სადღეგრძელოს და მერე ითხოვს მეფე-დედოფლის მოყვანას... ეს რა საჭიროაო, იკითხავთ? საქმე იმაშია რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: ბოლო დრომდე სამეგრელოში მეფე-დედოფალს საქორწილო მაგიდაზე საჭმელს არ უდგამდნენ. ისევ იქაური კუდაბზიკობის გამო - აბა, თავმომწონე მეგრელი პატარაძალი სამასი კაცის წინ ხომ არ დაიწყებდა ჭამას. საქორწილო მაგიდაზე მხოლოდ, ტორტი, შამპანური, ხილი და დეკორატიული მორთულობა იდგა ხოლმე. ამიტომ, სანამ სტუმრები გაშლილ სუფრასთან ლაგდებოდნენ  ახალდაქორწინებულებიც სხვების თვალისგან მოფარებით ნაყრდებოდნენ.
დღეს კი, როცა ნეფე-დედოფალმა როგორც იქნა, სუფრასთან ჭამის უფლება მოიპოვეს, პატარძალი ამდენი ადამიანის გადაკოცნის შემდეგ წაშლილ მაკიაჟს და არეულ ვარცხნილობას იწესრიგებს ხოლმე. თანაც, ამ ცერემონიას ერთი საკმაოდ დადებითი მხარე აქვს. ახლა თავად წარმოიდგინეთ სურათი და მიხვდებით. მაგალითად თბილისში, რესტორანში ყველა ერთად შედის და არის ერთი გნიასი და რია-რია, პირველი 20 წუთი პატარძალი სადაა და რას აკეთებს არავის ახსოვს. სამეგრელოში, სტუმრები ლაგდებიან, ჭამასაც ასწრებენ და  პირველი ხმაურისა და აურ-ზაურის ტალღა რომ გადაივლის და სიტუაცია ჩაწყნარდება, მერე შემოყავთ პატარაძალი. ამ დროს ჟღერს მუსიკა, ყველა სტუმარი ფეხზე დგას და შემოსულ წყვილს, რომელსაც წინ მშობლები მოუძღვიან ტაშს უკრვენ - ყველას ყურადღება მექორწილე წყვილისკენაა მიქცეული, ყველამ მათთვის მოიცალა და მემგონი დამეთანხმებით, რომ ლამის ერთადერთი მომენტია, როცა ქართველი პატარძალი მართლა დედოფლად გრძნობს თავს.
სამეგრელოში კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა და აქაც მეგრელების ცერემონიებისადმი სიყვარული იჩენს თავს: ოჯახს თუ ქორწილი აქვს, მთელი სამეზობლო ეხმარება (ისევე, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში), მაგრამ მეზობლები სამეგრელოში თავს ოჯახის წევრებად თვლიან. შედეგად, სანამ ერთი სტუმარი მაინც დგას ფეხზე, სუფრასთან არც ერთი მეზობელი არ ჯდება. პირველ რიგში და საუკეთესო ადგილებს მაყრიონი იკავებს, მერე მასპინძელი ოჯახის შორიდან მოსული და საპატიო სტუმები და ნათესავები, მერე დანარჩენი ახლობლები და სულ ბოლოს ის მეზობლები და ახლობლები, ვინც ოჯახს ქორწილის ორგანიზებაში ეხმარებოდა. არც ერთი სტუმარი არ მიუჯდება გაშლილ სუფრას, თუ არ უთხრეს, მობრძანდი ბატონო, აქ დაჯექიო. მხედველობაში რა მაქვს ყველა მიხვდება, იმერეთში ქორწილში ვინც ყოფილა. იმერულ სუფრასთან, თუნდაც ქეიფთან მეგრული ახლოს ვერ მივა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ დაჯდომა იქ მხოლოდ დასწრებაზე და შენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.
მეგრულ ქორწილს და სუფრას ცოტა სხვა ნაკლი აქვს (ჩემი აზრით, სერიოზული). სამეგრელოში ქეიფი არ ეხერხებათ - სამეგრელოში მხოლოდ სვამენ! მთავარია ვინ მეტს დალევს და უკაცრავად ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ ვინ მეტხანს არ გავა საპირფარეშოში. აი, ასე! მიდის დაძალება და ერთმანეთისთვის თვლა, ვინ რამდენი ყლუპი მოსვა და ვინ რამდენი წვეთი ჩატოვა ჭიქაში...
მეგრული ქორიწლი ორგანიზებულობის თვალსაჩინო მაგალითად, ჩემი მამიდაშვილის ქორწილის 20 წლის წინანდელ ისტორიას მოგიყვებით. მეც "ტექნიკური პერსონალში" შეცდიოდი და ამიტომ შიდა სამზარეულოც კარგად მახსოვს.
მამიდაჩემი ერთადერთ ვაჟიშვილს აქორწინებდა - მზადება ერთი წლით ადრე დავიწყეთ. სამჯერ გადავფრინდით ოდესაში - 500 სტუმარზე ერთნაირი თეფშები, ჭიქები, წვენისთვის მინის გრაფინები და დაშაქრული მარწყვისთვის პატარა ვაზებიც კი ჩამოვიტანეთ (არ შეგეშინდეთ, ქორწილის მერე ახლობელ-ნათესავებმა დაინაწილეს. ყველა თავმოყვარე მეგრელ დიასახლისს ას კაცზე მაინც უნდა ქონდეს ერთნაირი ჭურჭელი). სასაცივე ინდაურები, სპეციალურად კრასნოდარის მხარეში დავასუქებინეთ. ქაღალდის ხელსახოცებს როგორ ვიკადრებდით და ერთნაირი მაგიდის გადასაფარებლები და ნაჭრის ხელსახოცები შევუკვეთეთ. მაშინ ამდენ ხალხს რომ დაიტევდა ისეთი დარბაზები არ იყო და სეფა უნდა გაგვეშალა. თანაც მოდაში სამხედრო, ცირკი შაპიტოსავით მრგვალი კარვების გაშლა და ქორწილის იქ გადახდა იყო შემოსული.
მე და მამიდაჩემი ერთი კვირა ვხაზავდით, როგორ დაგვედგა მართკუთხედი მაგიდები მრგვალ კარავში წრიულად (დურგლებს მაგიდების ერთმანეთთან გადასაბმელად სპეციალური დამატებითი სექციები გამოვაჩარხინეთ). მერე სტუმრებს ხაკისეფერი ბრეზენტის ქვეშ ხომ არ დავსხამდით და 2 თვე ვღებეთ ასეული მეტრი მიტკალი სხვადასხვაფრად. სამეზობლომ საქორწილო სეფის მშენებლობა ერთი კვირით ადრე დაიწყო. შიგნიდან სულ ფერად-ფერადი ნარმა ააკრეს, მაგიდებიც დადგეს, სუფრებიც გადააფარეს და ის ის იყო ჭურჭლის შეტანასაც აპირებდნენ... საღამოს გრიგალი ამოვარდა და რამდენიმე სახლს სახურავიც კი ახადა... მამიდაჩემი ქალებმა სახლში ჩაკეტეს, რომ არ ენახა რა ხდებოდა. მთელი სამეზობლო ფეხზე იდგა. ქალები მაგიდის გადასაფარებლებს და სეფის მორთულობას მთელი ღამე რეცხავდნენ და მერე უთოთი აშრობდნენ, კაცებმა ამწეკრანი მოიყვანეს და მიწასთან გასწორებული სეფას ისე ააშენეს. თბილისიდან ერთი კვირით ადრე (დასვენებული რომ იყოო) გამოძახებული თამადა (მამაჩემი), მთელი ღამე ფეხზე იდგა და მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
ამ დროს თბილისშიც ცოდვის კითხვა ტრიალებდა. საპატარძლო კაბა ბელორუსში მამიდაჩემის მკერავს შევუკვეთეთ, ქორწილამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა და პატარძალს არ მოერგო. ატირებული პატარძალი ორი დღე და ღამე კაბას თავისი ხელით შლიდა და ახლიდან კერავდა...
თავად ქორწილის დღის გეგმა ასეთი იყო: ვინაიდან მექორწილეები თბილისში ცხოვრობდნენ, ხელმოწერა თბილისში იყო დაგეგმილი. ანუ, დილას საქორწილოდ გამოწყობილები წავიდოდით ხელის მოწერის ცერემონიაზე, მერე გზა რომ არ გაგვმრუდებოდა, დიდ დიღომში ახლობელთან გავივლიდით, იქ სამგზავრო ტანსაცმელს ჩავიცმევდით და ისე გავემგზავრებოდით სამეგრელოსაკენ. სამტრედიაში, იმერელი პატარძლის მაყრიონი შემოგვიერთდებოდა და ერთად გავაგრძელებდით გზას ზუგდიდისაკენ. ზუგდიდში ბაბუის სახლში შევივლიდით, იქ კვლავ ქორწილისთვის გავიპრანჭებოდით, დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში ჯვრისწერას ჩავატარებდით და 5 საათზე ოჯახშიც მივიდოდით საქეიფოდ გამზადებულ სტუმრებთან. ვერაფერს იტყვით, ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ დაგეგმილი.
სეფა რომ დაინგრა და კაბა არ ვარგოდა უკვე იცით. მეფე-დედოფლისთვის მანქანა ბიჭის მეჯვარემ ითავა. თანამდებობის პირის შვილი იყო და მამაჩემის მანქანა თავისი მძღოლითურთ მოგვემსახურებაო. მძღოლს ქორწილის წინა საღამოს ავარია მოუვიდა და მანქანა სერიოზულად დაამტვრია... სამაგიერო მანქანა იყო, მაგრამ მეჯვარე გამოდგა ჯიუტი (ისიც მეგრელი) - მე შეგპირდით და პრობლემა მევე უნდა მოვაგვაროო. წინა დღის ნაავარიები მძღოლი ნათხოვარ მანქანაზე დასვა და ზუგდიდისკენ 35 კმ/სთ სიჩქარით დავიძარით... სადღაც 6 საათისთვის მე, ჩემი და და სიძე საქორწილო პროცესიას მოვწყდით, გაზს ფეხი მივაჭირეთ და სამტრედიაში ჩვენთვის უცნობ ახალშეძენილ ნათესაობას ჩავაკითხეთ (მაშინ მობილურები არ იყო), ნუ გეშინიათ, ცოცხლები არიანო. საქორწილო სუფრას საღამოს 11 საათზე მივუსხედით... დაღლილობისაგან ვერც მასპინძლები იდგნენ ფეხზე და ვერც სტუმრები.
აქვე გეტყვით, ასეთი კარგი დრო იშვიათად თუ მიტარებია. მიუხედავად ყველაფრისა, არაჩვეულებრივი ქორწილი იყო. სეფაც გამორჩეული გახლდათ, პატარძალიც ულამაზესი იყო და პურმარილზე ხომ აღარ ვამბობ. ერთი ქართული ტრადიციაც დავარღვიეთ და ამდენ მთვრალ ხალხში, არავის უჩხუბია. თითქოს, განგებამ, ბუნებამ და ადამიანმა ერთად შეკრა პირი ქორწილი არასდიდებით რომ არ შემდგარიყო. მაგრამ მერწმუნეთ, მსგავსი ბედნიერი წყვილი ცოტა თუ მეგულება. სხვათა შორის, ერთი კიდევ უფრო კურიოზული იმერული ქორწილი მახსენდება და მათაც არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. ეტყობა, ქორწილის დღეს რაც უფრო მეტს გაუძლებ, უფრო მშვიდად ეგუები ოჯახური ცხოვრების ქარტეხილებს და უფრო ტკბილი მომავალი გელის.  მოკლედ, ხვალ იმერულ ქორწილზე მოგიყვებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქორწინება ქართულად

Approved by Natia Jinjolava

ამბობენ, ქორწინება ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიაო. დანარჩენ სამყაროში რა და როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ ქართულ რეალობას თვალი რომ გადავავლე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ქორწინება მხოლოდ ქალისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი და  გარდატეხის მომენტი, კაცებისთვის კი მარტო გემრიელი ქეიფის და ღვინოში ყელამდე ჩაწოლის კიდევ ერთი სერიოზული საბაბია და მეტი არაფერი. ასე რატომ ვამბობ? აბა, თქვენ თვითონ დაფიქრდით: საქართველოს გარდა სხვაგან სად გინახავთ შეყვარებული წყვილი იპარებოდეს და თან სიძის ძმაკაცების მთელი არმია მიჰყვებოდს.  ამასთან, „გაპარვაში“ მყოფი სიძე მთელ დღეებს ახალმოყვანილი ცოლისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ძმაკაცებთან ღრეობაში ატარებს, „ბედნიერ“ პატარძალს კი შიგადაშიგ მხოლოდ სადღეგრძელოს დროს იხსენებს და ასე უმტკიცებს სიყვარულს.
ჩემო ღრმადპატივცემულო სიძის ერთგულო ძმაკაცებო, ახალდაქორწინებულებს რომ უნდათ და ეჩქარებათ იმ აქტს ინტიმური იმიტომ ეწოდება, რომ თქვენი თანადასწრება სულ არ არის საჭირო და მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა. საუკეთესო შემთხვევაში, გვედრით ოთახიდან (სიძე სუფრიდან თუ გაუშვეს და სმისგან რამის თავი კიდევ თუ შერჩა!) თქვენი მთვრალი ღრიანცელის ფონზე არაფერი კარგი არ გამოვა. ამიტომ, გულში ჩაიკალით ძმაკაცის გაბედნიერებისგან მოზღვავებული სიხარული, შესწირეთ საკუთარი სიამოვნება მეგობრის ბედნიერებას და აცალეთ დატკბეს საყვარელ ქალთან ყოფნით. გაუშვით სადაც მიდიან და რომ დაბრუნდებიან მერე მიულოცეთ და გაუთავებელი სტუმრობებით, დაუსრულებელი ქეიფით (რომელიც არც ერთ ოჯახს აღარ უხარია სამი-ოთხი დღის შემდეგ) და გათენებამდე სმით დაუმტკიცეთ თქვენი ერთგულება.
ჩვენთან იმის თქმაც უყვართ, ქორწილი ისე როგორ ჩაივლის, ჩხუბი თუ არ იქნაო. იცით, რას გეტყვით? ქორწილის მსგავს დიდ დღესასწაულზე და ღირშესანიშნავ მოვლენაზე არაფერი არ ესაქმება ადამიანს, რომელსაც მასპინძლის იმდენი პატივისცემა არ აქვს, რომ სტუმრად მისულმა, სხვა მოპატიჟებულთან ჩხუბი და აყალ-მაყალი არ ატეხოს. დროა ვისწავლოთ, რომ არ არის საჭირო, ვისთვისაც ოდესმე ხელი ჩამოგვირთმევია ან ცალყბა გამარჯობა გვითქვამს ყველას სახლში მოპატიჟება. იმ ახლობლებს კი ვისაც ღვნის შერგება არ შეუძლიათ, უნდა შევახსენოთ, რომ ოჯახის პატივისცემითა და ნათესაობის ხათრით - ერთი დღე გაიჭირვონ, მოითმინონ და უკვე დაწურულის ნაცვლად, პირდაპირ ყურძენი ჭამონ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ჩემი მეგობარი თხოვდებოდა. აქვე გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი წყვილია და მიუხედევად იმისა, რასაც ქვემოთ მოგიყვებით, სიძე ძალიან ნორმალური და ჯანსაღი ადამიანია. მოკლედ, 2 წელი აქტიური ერთად სეირნობისა და შეყვარებულობის შემდეგ, დაქორწინება გადაწყვიტეს. და აი, სად იჩინა თავი მანამდე ძალიან ჩვეულებრივი და ინტელიგენტი ბიჭის გურჯულმა ვაჟკაცობამ.  
საცოლეს ჯერ მოკლე კაბით და შარვლით სიარული აუკრძალა (გოგო ჩვეულებივ გრძელი კაბებით დადიოდა და მისი ყველაზე მოკლე კაბა მუხლის თავებს ფარავდა). მერე, მაინცდამაინც  ამ კვირაში უნდა ვიქორწინოთო ისტერიკა დაიმართა და შედეგად, ქორწილი და ჯვრისწერა პარასკევს ჩატარდა (მეორე დღეს მარხვა იწყებოდა, ბიჭი კი ჩემს ნაცნობებში ყველაზე დიდი მორწმუნეა). როგორც ხვდებით, ქორწილი ღამის თორმეტ საათამდე არ დამთავრდა, ანუ მარხვა დაიწყო და მეორე დილას საქორწილო მოგზაურობაში მარხული სიძე და ხსნილზე მყოფი პატარძალი ხელიხელჩაკიდებულები გვრიტებივით გაემგზავრნენ...
სიტუაციის მთელი ტრაგიზმი და ბიჭის სიჯიუტე ბოლომდე რომ აღიქვათ, აქ კიდევ ერთი რამე უნდა მოვყვე. ჩემი მეგობარი ბავშვობიდან ოცნებობდა ქორწილში მოკლე თეთრი კაბა სცმოდა. ყურადღებით თუ კითხულობდით, ალბათ უკვე ხვდებით რომ მის ოცნებას ახდენა არ ეწერა და საკუთარ დღესასწაულზე კოჭებამდე სწორ თეთრ კაბასა და თეთრ ლაკის ბატინკებში გამოწყობილი იჯდა. მაშინ როცა მისმა მეუღლემ თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა და ცოლზე გამარჯვებას და თავისის გატანას მაგიდის თავში მჯდარი ნათხოვარ თეთრ ჩოხაში გამოჯგიმული ზეიმობდა.
რელიგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ყველა შემომედავება, ასეთ დროს არ მარხულობენო. ვიცი ბატონო და მეც მანდ ვარ სწორედ. მაგაშია ამ ჭაბუკის საქციელის მთელი არანორმალურობა: ჩვენმა სიძემ მთელი თაფლობის თვე იმარხულა და ახალგაზრდა ცოლთან ერთად პენსიონერივით დაისვენა. თბილისში დაბრუნებულზე, გოგოს მშობლებმა წყვილს სურპრიზი დაახვედრეს (ეტყობა შვილი შეეცოდათ) - მაინც ახალშეუღლებულები არიანო და პატარძლის მამიდის ერთოთახიანი ბინა დაუთმეს. აი, აქ დაიწყო ის ქართული ფენომენი, სტატიის თავში რაზეც გესაუბრებოდით - უუფროსებო ბინა ბიჭის ძმაკაცებმა პირველი დღიდანვე (ახალმოსახლეობა ხომ უნდა დაესველებინათ?!) ძალიან შეიყვარეს, მოიწონეს, გაითავისეს და  როგორც იტყვიან, საკუთარ სახლად მიიჩნიეს. დღე სვამდნენ, მოგეხსენებათ 90-იანი წლები იყო - არეულობის და უტრანსპორტობის პერიოდი - საღამოს სახლში ვეღარ მიდიონდნენ, ამიტომ გულთბილ მასპინძლებთან რჩებოდნენ და დილას ისევ „პახმელიაზე“ გამოდიოდნენ. ორი თვის მერე, ქმრის განუყრელმა მეგობრებმა და უკვე ოჯახის წევრებმა, გოგოს რომ ჰკითხეს, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, გამწარებულმა ასე უპასუხა: „სული წმინდა მე არ გამომეცხადება და სხვა შანსი არ მაქვსო“.
არა, არა! ტყუილად გეცინებათ, დამიჯერეთ, სიძე ჯანმრთელია და პრობლემები არ აქვს, უბრალოდ კარგი ქართველი ვაჟკაცია და ძმაკაცებს ხათრს ვერ უტეხავდა. თან თავისი სიტყვის გაყვანაც უყვარს და ხომ უნდა დაემტკიცებინა, რომ ქართულ ოჯახში კაცია მთავარი?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კათოლიკური ქორწილი

Approved by Natia Jinjolava

ორი დღის წინ ჩემი ერთი უცხოელი მეგობრისგან უჩვეულო სუვენირი  მივიღე : ძალიან ლამაზი თეთრი ოქროს ბეჭედი მოზრდილი თვლით.  როგორც აღმოვაჩინე ასეთ ბეჭედს სწორედ ნიშნობისას ჩუქნიან ევროპაში. ამ ფაქტმა ცოტა დამაფიქრა, რაღა დაგიმალოთ და მაშინვე შევედი გუგლში და დავიწყე ნიშნობის ბეჭდების თვალიერება, თანდათან შევყევი, მერე საქორწილო კაბებზეც გადავედი და ბოლოს  კათოლიკურ ქორწილის რიტუალების შესწავლაც დავიწყე. ყველაფერმა ამან ძალიან დამაინტერესა. რა იცი რა გელოდება, იქნებ ასეთი რიტულის მონაწილეც შეიძლება გავხდეთ. ადამიანი ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად J
ჩემი ერთ ერთი მილანური ვოიაჟის დროს ძალიან ლამაზ ქორწილში ამოვყავი თავი. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ელოდნენ სიძე-პატარძალი ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ქორწილის თარიღი ორი წლის წინ დაინიშნა. შესაბამისად სამზადისიც ორი წლის წინ დაიწყო. და აი, ეს დღეც დადგა. წარმოიდგინეთ თეთრი ყვავილებით მორთული კათოლიკური ეკლესია, სადაც საზეიმო განწყობილება  სუფევს. სტუმრები თანდათან იწყებენ მოგროვებას. თავი  დეფილეზე ან  წითელ ხალიჩაზე გეგონებათ. ქალები მრავალფეროვან  საღამოს კაბებში, მრავალფეროვანი პრიჩოსკებით. სიმპატიური იტალიელი კაცები კი უზადო გემოვნებით შემოსილები ბოლო მოდის შარვალ-კოსტუმებში ან ფრაკებში. თანაც როგორ უხდებათ ვერ წარმოიდგენთ J
სტუმრები ეკლესიაში განლაგებულ სკამებზე ჯდებიან. ამ სკამებს შუაში დატოვებულია ყვავილებით გაფორმებული დერეფანი, სადაც სიძე-პატარძალმა უნდა  გაიაროს. ჯერ  ფრაკში გამოწყობილი სიძე შემოდის დედის და მეჯვარეების თანხლებით და პატარძალს საკურთხეველთან ელოდება. წარმომიდგენია რა მშვენიერია როდესაც საკურთხეველთან ფრაკში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი  გელოდება, განსაკუთრებით თუ  იგი უილიამ ლევის ჰგავს (მექსიკური სერიალების პოპულარული მსახიობი ხომ იცით)J. გარკვეული დროის შემდეგ მამას შემოჰყავს თეთრ, უზარმაზარ შლეიფიან კაბაში გამოწყობილი პატარაძალი, რომელსაც თან ახლავს მეჯვარეები. საკურთხეველთან მისვლისთანავე მღვდელი აკურთხებს ნეფე-პატარძლის მომავალ ჯვრისწერას და  ცერემონიაც  იწყება. წყვილი დემონსტრატიულად, სტუმრების თანდასწრებით დებს ერთგულების ფიცს, რომ ჭირშიც და ლხინშიც, ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები დარჩებიან  და ასე შემდეგ. ამის მერე მღვდელი ორივე მხარეს ეკითხება: თანახმა ხარ თუ არა დაქორწინდე......? სიძე და პატარძალი ბედნიერი სახეებით გამოთქვამენ თავიანთ თანხმობას, რის შემდეგაც ერთმანეთს უცვლიან საქორწინო ბეჭდებს. ცერემონიის შემდგომ წყვილი ეკლესიიდან გამოდის. გარეთ სტუმრები ხვდებიან და  სიძე პატარძალს თავზე ბრინჯისმაგვარ მარცვლებს აყრიან. აუცილებელი არ არის რიტუალი ეკლესიაში ჩატარდეს. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ჯვრისწერის ცერემონია პირდაპირ პლაჟზე ან  სადმე გაშლილ მინდორზე გადაიხადოთ.
შემდგომ კი ყველანი საქეიფოდ მიდიან.  მინდა გითხრათ, რომ  ვერც ერთ ევროპულ ქორწილში ვერ ნახავთ სუფრაზე სამ სართულად დახვავებულ საჭმელ-სასმელს. თუმცა, დამეწმუნეთ მშიერი არასოდეს არავინ რჩება, პირიქით, ძალიან ნასიამოვნებიც კი რჩებიან სტუმრები ეგზოტიკური საჭმელებით. ქორწილში სპეციალურად მოწვეული ბენდი უკრავს მუსიკას. თუ  სიძე-პატარძალი მდიდარი ოჯახიდან არის მაშინ თავს უფლებას აძლევენ  რომელიმე ცნობილი მომღერალიც კი მოიწვიონ ქორწილში. მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, გირჩევთ მდიდრებს არ მიბაძოთ, თორემ ეს ბედნიერება ერთი ქორწილის ფასი დაგიჯდებათ.    ქორწილის დასკვნითი ნაწილია საქორწილო ტორტის გაჭრა ნეფე-პატარძალის მიერ. ტორტის მირთმევის შემდგომ ახალდაქორწინებულ წყვილს შეუძლიათ ქორწილიდან გაძვრნენ და საქორწილო მოგზაურობაში გაემგზავრონ.
ჰო, კიდევ ერთი რიტუალი დამავიწყდა, რომელიც  ჩვენს ქორწილებშიც კი დიდი წარმატებით სარგებლობს. ეს არის პატარძლის თაიგულის სროლა ქორწილის ბოლოს. გასათხოვარი ქალები ამ მომენტს სულმოუთქმელად ელიან. ისინი ერთ რიგში დგებიან, პატარაძალი კი ზურგით შეტრიალდება და ბრმად ისვრის თაიგულს. ამბობენ, ვინც ამ თაიგულს დაიჭერს ის ძალიან მალე გათხოვდებაო. ამიტომ  გასათხოვარი ქალები  განასაკუთრებით იბრძვიან ამ  თაიგულის მოსაპოვებლად.   ჰო მართლა, კიდევ ერთი რამ მასპინძელი ყველა მოწვეულ სტუმარს პატარა სუვენირს ჩუქნის ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად. ეს სუვენირი შეიძლება იყოს ვერცხლის ან ფაიფურის პატარა ნივთი, რომელსაც აუცილებლად თან ახლავს ნუშის კამფეტებით სავსე პატარა ბაფთებით გაფორმებული  ქისა.  თუ გსურთ მეტ-ნაკლებად შეგექმნათ წარმოდგენა ამ რიტუალზე და მის სამზადისზე გირჩევთ ნახოთ პოპულარული ფილმი „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ ჯულია რობერტსის, კამერონ დიასისა და რუპერტ ევერეტის მონაწილეობით.


ეხლა დროებით დაგემშვიდობებით და  ძალიან მალე დაგიბრუნდებით სტატიებით საქორწილო კაბებზე და ბეჭდებზე.

                             კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

„ხოროატიკი სალატა“ ანუ ბერძნული სალათა

Approved by Natia Jinjolava

საბერძნეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ბერძნულ სალათას თავად ბერძნები „სოფლის სალათას“ (χωριάτικη σαλάτα) ეძახიან.  სალათის ძირითად ინგრედიენტი ბერძნული ყველი ფეტაა, რომელსაც ცხვრის ან თხის რძისგან ამზადებენ, კლასიკურ ვარიანტში კი ფეტასთან ერთად პამიდორი, კიტრი, ხახვი, ზეთის ხილი შედის და ზეითუნის ზეთის, პიპლილის, ორეგანოსა და რეჰანისგან დამზადებული სოუსით იკმაზება. სალათის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ინგრედიენტები საკმაოდ მსუყე ნაჭრებად იჭრება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბერძნები კიტრს აუცილებლად თლიან და კომპონენტებს ხშირად ჭამის წინ უკვე თეფშზე ურევენ ერთმანეთში. ევროპულ ქვეყნებში სალათში სალათი ლატუკის ფოთლებს, ბულგარულ წიწაკას, კაპერსებს, ანჩოუსებს და ხანდახან ჭარხალსაც კი უმატებენ (საქართველოში - უმ შამპინიონებს), მაგრამ თავად საბერძნეთში მსგავსს ვერაფერს ნახავთ. საქმე იმაში, რომ ეს კერძი ჯერ კიდევ ელინიზმის ეპოქაში შეიქმნა და მის შემადგენლობაში ქვეყნის შიგნით რასაც აწარმოებდნენ მხოლოდ ის პროდუქტები შევიდა: უმი ბოსტნეული, მწვანილი, ზეთისხილი, ყველი და ზეითუნის ზეთის სოუსი და ორეგანო, რომლის დასახელებაც ბერძნულ ენაზე „მთების სიხარუს“ ნიშნავს.  მოგვიანებით, ევროპაში პამიდორი რომ გამოჩნდა, ბერძნებმა მასაც სალათაში უკრეს თავი (სხვათა შორის, ბერძნული სამზარეულო საკმაო კონსერვატორულობით გამოირჩევა და „ახალშემომატებულ" პროდუქტებს ასე მარტივად არ წყალობენ ხოლმე) და მიიღეს ინგრედიენტების იდეალური შეხამება, რომლიც დანაყრების შეგრძნებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს.
საბერძნეთში თუ მოხვდებით, ხორიატიკის შეკვეთისას მსხვილ-მსხვილად  დაჭრილ მწვანილმოყრილ და ზეითუნის ზეთ მოსხმულ ბოსტნეულს და ყველის უზარმაზარ ნაჭერს მოგართმევენ. ტრადიციულად, სალათასთან ერთად  გახუხული თეთრი პუერის ნაჭრებიც მოაქვთ, რომელიც თეფშის ძირზე დაგროვებულ ბოსტნეულისა და ცხვრის ყველის უგემრიელეს წვენში უნდა ჩააწოთ. ზოგიერთ რესტორანში სალათთან ერთად "კომპლექტში" ანჩოუსები და ბრინჯიანი ტოლმაც შედის.
ბერძნული სალათი მომზადება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი სიმარტივე და გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტები ძალიან ხარისხიანი და კარგი უნდა იყოს. თავად წარმოიდგინეთ უგემური პამიდვრების, წყალწყალა კიტრისა და დებისგან გემოამწკლარტებული იმერული ყველისაგან დამზადებული სალათა. ამიტომ, ინგრედიენტებში დარწმუნებული თუ არ ხართ, ჯობია საერთოდ არ გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტი ჰარმონიის ნაცვლად უგემური და სველი ბოსტნეულის მასას მიიღებთ.
მოკლედ პამიდვრები გვინდა მზეზ გაზრდილი, წვნიანი და გემრიელი. კიტრი სურნელოვანი. ხახვი აუცილებლად ვარდისფერი (მისი გემოს ინტენსიურობის შესარბილებლად შეგიძლიათ წინასწარ დამდუღროთ), ზეთისხილის არჩევანი თავისუფალია - ნებისმიერი ფერის და გემოსი, უმი ან მარინადის, ოღონდ უკურკო (სხვათა შორის, მაინცდამაინც კურკიან ზეთისხილს თუ აირჩევთ და შემთხვევით კურკას გადაყლაპავთ, ნუ შეგეშინდებათ: ზეთისხილი კურკა ლამის ერთადერთია, რომელსაც ადამიანის კუჭი თავისუფლად ინელებს!). აი, ზეთს რაც შეეხება, ბერძნები თვლიან რომ ამ სალათისთვის მხოლოდ და მხოლოდ ბერძნული ცივი დაწურვის, გაუფილტრავი ზეიუნის ზეთი გამოდგება. ყველს რაც შეეხება, „ევროკავშირმა“ უკვე იზრუნა იმაზე, რომ ყველს ეტიკეტზე „ფეტა“ თუ აწერია, ამ სახელწოდებით მხოლოდ ნამდვილი ფეტა უნდა იყიდებოდეს - ასე რომ, ვერ შეცდებით.
კლასიკური ბერძნული სალათი
3 პამიდორი, 1 კიტრი, 1 ხახვი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ ძმარი, 150 გრ ყველი „ფეტა“, 25-25  ცალი მწვანე და შავი ზეთის ხილი, მარილი, პილპილი და ორეგანო, მწვანილი

ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ზეთის ხილთან ერთად მოათავსეთ ჯამში. ზეთის, ძმრის (ძმარი შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონის წვენით), მარილის, პილპილისა და ორეგანოსაგან მოამზადეთ სოუსი და მოასხით ბოსტნეულს. თავზე დაადეთ ყველის ნაჭერი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (შაშკვლაი ან ქინძი) თქვენი გემოვნებით.

ბერძნული სალათის ევროპული ვარიანტი
4-5 ც პამიდორი, 2-3 კიტრი, (რაოდენობა კიტრის ზომაზეა დამოკიდებული: დაჭრილი პამიდვრის და კიტრის ოდენობა ერთნაირი უნდა იყოს!), 2-3 ბულგარული წიწაკა, 2 საშუალო თავი ვარდისფერი  ხახვი, 1 ქილა ზეთისხილი, 250 გრ ყველი „ფეტა“, შაშკვლამი და ორეგანო, ზეითუნის ზეთი.

ბოსტნეული დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ ზეთისხილი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა. ზევიდან მოათავსეთ ყველის ნაჭერი. მოაყარეთ დაჭილი მწვანილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჭამის პროცესში ყველი დაიფშვნება და სალათს შეამარილებს.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მწვანე პამიდორი ნიგვზით

Approved by Natia Jinjolava


მინდა ჩემი კულინარიული წიგნიდან ერთი განსაკუთრებული და ძალიან ეფექტური ე.წ. "ზაკუსკა" შემოგთავაზოთ, რომელიც თავისთავადც გემრიელია და ნებისმიერ სუფრასაც ამშვენებს. თან ერთხელ გააკეთებთ და მერე მთელი ზამთარი არხეინად მიირთმევთ. გამორჩეულად უხდება ცხელი მჭადი!


ხილდურ ბოკის ნიგვზიანი პამიდორი
10 კგ მწვანე პამიდორი, 1,5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა, 1,5 კგ ხახვი, 0,5 ლ თეთრი ღვინის ძმარი, 1 ლ ზეთი, 300 გრ დაფქული ნიგოზი, თითო ღვინის ჭიქა უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი, 8 საშუალო თავი ნიორი, 10 ც მეწვანე ცხარე წიწაკა, მარილი და მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით
პამიდორი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 24 საათი. სქელძირიან დიდ ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მოვთუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. პამიდორი გავწუროთ და დავაყაროთ ხახვს და ვშუშოთ სანამ ფერს არ დაკარგავს. დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და ნიგოზი. სუნელები გავხსნათ ძმარში და დავასხათ პამიდორს. 5 წუთი კიდევ ვთუშოთ და ცხლადვე ჩავასხათ ქილებში. მოხუფვა არ სჭირდება, პლასტმასის თავსახურებიც ყოფნის!
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ხილდურ ბოკი

მსხლის ტორტი „ბურდალუ“

Approved by Natia Jinjolava


ეს ტორტი,  ნებისმიერი ცომისგან და ნებისმიერი ხილით მზადდება, მისი მთავარი ინგრედიენტი კი ნუშის კრემი ფრანჯიპანია, რომელიც საკმაოდ ადვილად მზადდება და ძალიან გემრიელია. არაჩვეულებრივია ნებისმიერ ხილის ნამცხვარში, მშრალ, ფხვიერ „პეჩებიებში“ და თქვენ წარმოიდგინეთ, კრუასანებშიც კი.

ინგრედიენტები:  500 გრ გაყინული ფენოვანი ცომი (ან ნებისმიერი სხვა უსაფუარო ცომი), 50 მლ წყალი, 250 გრ შაქარი, 4-6 ცალი ნებისმიერი მაგარი ჯიშის მსხალი; კრემი ფრანჯიპანისთვის - 100 გრ ნუში, 50 გრ კარაქი, 250 გრ შაქარი, 2კვერცხი, 1 ჩ/კ რომი. ნუშის ფირფიტები თავზე მოსაყრელად.
გათალეთ მსხალი, გაჭერით შუაზე და ნახევრები კიდევ შუაზე. გააბრტყელეთ და ტორტის ფორმაზე ამოაფინეთ წინდაწინ მაღაზიაში ნაყიდი და უკვე გამლღვალი გაყინული ფენოვანი ცომი (ამ ტორტისთვის ფხვიერი ცომიც გამოდგება). ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ. კარამელის მოსადუღებლად შაქრი დაყარეთ ტაფაზე და დაასხით წყალი. შაქარი რომ გადნება, ჩაყარეთ მსხალი და დაახლოებით 4-5 წუთი თუშეთ კარამელში, თან ხის კოვზით ურიეთ, რომ არ მიიწვას.
კრემი ფრანჯიპანისთვის ბლენდერში ჩაყარეთ კანგაცლილი ნუში და დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად. დაუმატეთ 50 გრ კარაქი და 250 გრ შაქარი. ბლენდერშივე ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ჩაუმატეთ კვერცხები. სულ ბოლოს დაუმატეთ სულ ცოტა რომი, კრემი საბოლოოდ გადათქვიფეთ და თანაბრად გაანაწილეთ ფორმაში ჩაფენილ ცომზე. ტორტი ზემოდან  მსხლის ნაჭრებით მორთეთ და თავზე ნუშის ფირფიტები ან ნაფხვენები მოაყარეთ. შედგით წინასწარ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

(ელენე ჩეკალოვას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი