კათოლიკური ქორწილი

Approved by Natia Jinjolava

ორი დღის წინ ჩემი ერთი უცხოელი მეგობრისგან უჩვეულო სუვენირი  მივიღე : ძალიან ლამაზი თეთრი ოქროს ბეჭედი მოზრდილი თვლით.  როგორც აღმოვაჩინე ასეთ ბეჭედს სწორედ ნიშნობისას ჩუქნიან ევროპაში. ამ ფაქტმა ცოტა დამაფიქრა, რაღა დაგიმალოთ და მაშინვე შევედი გუგლში და დავიწყე ნიშნობის ბეჭდების თვალიერება, თანდათან შევყევი, მერე საქორწილო კაბებზეც გადავედი და ბოლოს  კათოლიკურ ქორწილის რიტუალების შესწავლაც დავიწყე. ყველაფერმა ამან ძალიან დამაინტერესა. რა იცი რა გელოდება, იქნებ ასეთი რიტულის მონაწილეც შეიძლება გავხდეთ. ადამიანი ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად J
ჩემი ერთ ერთი მილანური ვოიაჟის დროს ძალიან ლამაზ ქორწილში ამოვყავი თავი. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ელოდნენ სიძე-პატარძალი ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ქორწილის თარიღი ორი წლის წინ დაინიშნა. შესაბამისად სამზადისიც ორი წლის წინ დაიწყო. და აი, ეს დღეც დადგა. წარმოიდგინეთ თეთრი ყვავილებით მორთული კათოლიკური ეკლესია, სადაც საზეიმო განწყობილება  სუფევს. სტუმრები თანდათან იწყებენ მოგროვებას. თავი  დეფილეზე ან  წითელ ხალიჩაზე გეგონებათ. ქალები მრავალფეროვან  საღამოს კაბებში, მრავალფეროვანი პრიჩოსკებით. სიმპატიური იტალიელი კაცები კი უზადო გემოვნებით შემოსილები ბოლო მოდის შარვალ-კოსტუმებში ან ფრაკებში. თანაც როგორ უხდებათ ვერ წარმოიდგენთ J
სტუმრები ეკლესიაში განლაგებულ სკამებზე ჯდებიან. ამ სკამებს შუაში დატოვებულია ყვავილებით გაფორმებული დერეფანი, სადაც სიძე-პატარძალმა უნდა  გაიაროს. ჯერ  ფრაკში გამოწყობილი სიძე შემოდის დედის და მეჯვარეების თანხლებით და პატარძალს საკურთხეველთან ელოდება. წარმომიდგენია რა მშვენიერია როდესაც საკურთხეველთან ფრაკში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი  გელოდება, განსაკუთრებით თუ  იგი უილიამ ლევის ჰგავს (მექსიკური სერიალების პოპულარული მსახიობი ხომ იცით)J. გარკვეული დროის შემდეგ მამას შემოჰყავს თეთრ, უზარმაზარ შლეიფიან კაბაში გამოწყობილი პატარაძალი, რომელსაც თან ახლავს მეჯვარეები. საკურთხეველთან მისვლისთანავე მღვდელი აკურთხებს ნეფე-პატარძლის მომავალ ჯვრისწერას და  ცერემონიაც  იწყება. წყვილი დემონსტრატიულად, სტუმრების თანდასწრებით დებს ერთგულების ფიცს, რომ ჭირშიც და ლხინშიც, ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები დარჩებიან  და ასე შემდეგ. ამის მერე მღვდელი ორივე მხარეს ეკითხება: თანახმა ხარ თუ არა დაქორწინდე......? სიძე და პატარძალი ბედნიერი სახეებით გამოთქვამენ თავიანთ თანხმობას, რის შემდეგაც ერთმანეთს უცვლიან საქორწინო ბეჭდებს. ცერემონიის შემდგომ წყვილი ეკლესიიდან გამოდის. გარეთ სტუმრები ხვდებიან და  სიძე პატარძალს თავზე ბრინჯისმაგვარ მარცვლებს აყრიან. აუცილებელი არ არის რიტუალი ეკლესიაში ჩატარდეს. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ჯვრისწერის ცერემონია პირდაპირ პლაჟზე ან  სადმე გაშლილ მინდორზე გადაიხადოთ.
შემდგომ კი ყველანი საქეიფოდ მიდიან.  მინდა გითხრათ, რომ  ვერც ერთ ევროპულ ქორწილში ვერ ნახავთ სუფრაზე სამ სართულად დახვავებულ საჭმელ-სასმელს. თუმცა, დამეწმუნეთ მშიერი არასოდეს არავინ რჩება, პირიქით, ძალიან ნასიამოვნებიც კი რჩებიან სტუმრები ეგზოტიკური საჭმელებით. ქორწილში სპეციალურად მოწვეული ბენდი უკრავს მუსიკას. თუ  სიძე-პატარძალი მდიდარი ოჯახიდან არის მაშინ თავს უფლებას აძლევენ  რომელიმე ცნობილი მომღერალიც კი მოიწვიონ ქორწილში. მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, გირჩევთ მდიდრებს არ მიბაძოთ, თორემ ეს ბედნიერება ერთი ქორწილის ფასი დაგიჯდებათ.    ქორწილის დასკვნითი ნაწილია საქორწილო ტორტის გაჭრა ნეფე-პატარძალის მიერ. ტორტის მირთმევის შემდგომ ახალდაქორწინებულ წყვილს შეუძლიათ ქორწილიდან გაძვრნენ და საქორწილო მოგზაურობაში გაემგზავრონ.
ჰო, კიდევ ერთი რიტუალი დამავიწყდა, რომელიც  ჩვენს ქორწილებშიც კი დიდი წარმატებით სარგებლობს. ეს არის პატარძლის თაიგულის სროლა ქორწილის ბოლოს. გასათხოვარი ქალები ამ მომენტს სულმოუთქმელად ელიან. ისინი ერთ რიგში დგებიან, პატარაძალი კი ზურგით შეტრიალდება და ბრმად ისვრის თაიგულს. ამბობენ, ვინც ამ თაიგულს დაიჭერს ის ძალიან მალე გათხოვდებაო. ამიტომ  გასათხოვარი ქალები  განასაკუთრებით იბრძვიან ამ  თაიგულის მოსაპოვებლად.   ჰო მართლა, კიდევ ერთი რამ მასპინძელი ყველა მოწვეულ სტუმარს პატარა სუვენირს ჩუქნის ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად. ეს სუვენირი შეიძლება იყოს ვერცხლის ან ფაიფურის პატარა ნივთი, რომელსაც აუცილებლად თან ახლავს ნუშის კამფეტებით სავსე პატარა ბაფთებით გაფორმებული  ქისა.  თუ გსურთ მეტ-ნაკლებად შეგექმნათ წარმოდგენა ამ რიტუალზე და მის სამზადისზე გირჩევთ ნახოთ პოპულარული ფილმი „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ ჯულია რობერტსის, კამერონ დიასისა და რუპერტ ევერეტის მონაწილეობით.


ეხლა დროებით დაგემშვიდობებით და  ძალიან მალე დაგიბრუნდებით სტატიებით საქორწილო კაბებზე და ბეჭდებზე.

                             კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment