საქორწილო თაიგული

Approved by Natia Jinjolava


დღეს საქორწილო ცერემონიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ ატრიბუტზე - პატარძლის თაიგულზე მინდა ვისაუბრო. ეს ტრადიცია საიდან და როგორ გაჩნდა არავინ უწყის და აშკარაა, რომ მაინცდამაინც დიდი ხნის ისტორია არ აქვს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ქალები უძველესი დროიდან აწყობდნენ ბოროტი სულების დასაფრთხობ თაიგულებს ნიორის, არომატული ბალახებისა და სანელებლებისგან და მერე აქსესუარივით ატარებდნენ. საქორწილო ცერემონას კი ფლორისტული შედევრებით ოდითგანვე რთავდნენ. მაგალითად ძველ საბერძნეთში მეფე-დედოფალს ყვავილების გირლიანდები კისერზე ეკიდათ, როგორც ახალი ცხოვრების დაწყების, იმედისა და ნაყოფიერების სიმბოლო. კელტურ თაიგულებს კი სუროს, ერიკასა და ნარშავასაგან კრავდნენ, რომელშიც ყვავილები საერთოდ არ იყო და მარტო ბალახებისგან შედგებოდა. კელტები თვილდნენ, რომ ძლიერ არომატს მისტიკური ძალა გააჩნდა და რასაკვირველია, ბოროტი სულების დაფრთხობა შეეძლო.
"სამაჯური"
საქორწილო თაიგულები ტრანსფორმაციას მთელი არსებობის მანძილზე განიცდიდნენ და დღეისათვის ცნობილი სახე და ფორმა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მიიღს,  მანამდე კი პატარძლები მძიმე და მრგვალ, საკმაოდ კომპაქტურ ე.წ. როკოკო-თაიგულებს ატარებდნენ. ამ აქსესუარმა პოპულარობის პიკს ვიქტორიანულ ეპოქაში მიაღწია, როდესაც ყვავილების ენა სიყვარულის ახსნის საიდუმლო საშუალებად იქცა. ყველა ყვავილს თავისი „იარლიყი“ მიაწებეს და ბევრი მშვენიერი მცენარეც დაუმსახურებლად დაიჩაგრა. მაგალითად წითელი ანემონები „ავადმყოფობას“ ნიშნავდა, იასამნისფერი დელფინიუმები - „ქედმაღლობას“, ლავანდა კი „უნდობლობას“. ეკატერინე მეორის კარზე ყვავილების სპეციალური რეესტრიც კი არსებობდა.
"ხელჩანთა"
თანამედროვე მსოფლიოში ყვავილების ასეთი დეფინიცია, საბედნიეროდ, აღარ არსებობს და პატრაძლების უმეტესობა თაიგულის „ინგრედიენტებს“ საკუთარი გემოვნებითა და ნება-სურვილით ირჩევს. და მაინც, დღეს თუ ყველაზე პოპულარული საქორწილო ყვავილი ვარდია, ძველ დროში ამ ფუნქციას ფორთოხლის ყვავილი ასრულებდა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა ნაყოფიერებისა და ბედნიერების სიმბოლოდ. ეგვიპტელების ტრადიცია წარმატებულად გაგრძელდა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში სადაც  ქორწილისთვის პატარძალს ნარინჯის (ფორთოხლის მწარე ჯიში) ყვავილებით ამშვენებდნენ, და დღესაც სწორედ ამ წესის გამო ეწოდება პატარძლის ფატასა და თმაზე დაბნეულ ხელოვნურ ყვავილებს მათი წარმოშობისა და ჯიშის მიუხედავად „ფლერდორანჟი“ (ფორთოხლის ყვავილი).
"ხელჯოხი"
ინგლისელები თაიგულს საქორწილოს არ დაარქმევენ კესანეები და ე.წ. „ანიუტას თავლები“ (ქართულად რა ქვია ვერ დავადგინე) თუ არ იქნა მის შემადგენლობაში. აი, სამეფო ოჯახის წევრები კი ვალდებულები არიან თავიანთი თაიგული მირტის ტოტით დაამშვენონ. მე-20 საუკუნის ოციან წლებში ავსტრალიაში საქორწილო თაიგულების გარშემო ინდაურის კუდის ბუმბულებით მორთვა შემოვიდა მოდაში. 1900 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე კი თაიგული-კასკადები სარგებლობდა გამორჩეული პოპულარულობით.
თანამედროვე  თაიგული შეიძლება... სულ ერთი ყვავილისგან შედგებოდეს. მაგალითად შროშანს ფოთლებს აცლიან და მის ღეროს ბისერებით, მარგალიტებით ან სვაროვსკის კრისტალებით რთავენ. მთავარია რომ ასე მორთული ყვავილი პატარძლის კაბას უხდებოდეს.
"კასკადი"
სხვათა შორის, კარგი თაიგულის შერჩევა ადვილი საქმე არ გეგონოთ, გარდა იმისა რომ იგი პატარძლის კაბას, ვარცხნილობას, სამკაულებს, საქორწილო დარბაზის ინტერიერს, წვეულების თემასა და სიძის ჩაცმულობასაც კი უნდა შეეფერებოდეს, დიზაინერმა პატარძლის გარეგნობაც უნდა გაითვალისწინოს. მაღალ და გამხდარ გოგოებს კასკადის ტიპის, მოგრძო ბუკეტებს ურჩევენ, რომელიც გრძელღეროიანი ყვავილებისგან მზადდება და მისი საბოლოო სიგრძე შეიძლება ერთ მეტრსაც აღემატებოდეს. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასეთი თაიგულს აუცილელად სწორი და მოტკეცილი კაბა უნდა და ტარების თავისი წესიც აქვს. თაიგული-კასკადი კაბის წინ ორივე ხელით უჭირავთ დაახლოებით თეძოს სიმაღლეზე. ფართო ბოლოკაბიან, ფაშფაშა ჩაცმულობის დროს კი უფრო პატარა, კლასიკური მრგვალი ფორმის თაიგულებს ირჩევენ, რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე ადვილი სატარებელია.
"ქოლგა"
კიდევ უფრო მოხერხებულია - თაიგული „სამაჯური“, რომელსაც პატარძალი მაჯაზე ან მკლავზე იკეთებს და მერე თამამად ივიწყებს მის არსებობას. ბოლო წლებში მომრავლებული ბუმბულებიანი, ავანგარდული და თანამედროვე სტილის თაიგულებიდან, ალბათ სხვებზე მეტად გამორჩეულია ისეთი დიზაინის ტიპები, როგორიცაა „ხელჯოხი“, „ქოლგა“ და „ხელჩანთა“. „ხელჯოხს“ როგორც წესი, მარჯვენა ხელზე გადაწვენილს ატარებენ, დანარჩენი ორი კი სახელურით უჭირავთ. აღარ ვლაპარაკობ, „მუფთაზე“, რომელსაც ალბათ თავად ხვდებით, როგორც უნდა მოექცეთ.
თაიგულის შერჩევისას, არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: მისი ზომა და წონა. დიახ, დიახ, თაიგული პატარძალმა მთელი დღე უნდა ზიდოს და მერე ზურგით დამდგარმა თავს ზემოთ უნდა გადაიქნიოს და მეგობრებსაც ტყორცნოს. ამიტომ იგი მსუბუქი, ხელში კარგად დასაჭერი და გამძლეც უნდა იყოს, ჰაერში ფრენისას ნაწილ-ნაწილ რომ არ დაიშალოს (რაც საკმაოდ ხშირად ხდება).
"მუფთა"
სხვათა შორის, ბევრი წინდახედული პატარძალი სასროლად სპეციალურად ამზადებინებს მეორე ცალ, სათადარიგო დუბლიორს. ჯერ ერთი, საკუთარს და ძვირფასს, სამახსოვროდ იტოვებს და მეორე - სათადარიგო ბევრად უფრო მსუბუქი, იაფი და აეროდინამიულია. ამ აქსესუარის წონა და გამძლეობა კი მის აწყობის ხერხზეა დამოკიდებული: 1. თავისივე ღეროებზე - ასეთი თაიგული მჩატეა, მაგრამ ყვავილის ღერო ადვილად მტვრევადია და მას ნებისმიერ ფორმას ვერ მისცემ, ამიტომ მსგავსი მეთოდით, რაიმე სუპერთანამედროვე, ავანგარდული საოცრების შექმნა შეუძლებელია; 2. სპეციალური თაიგულის სარჭით - ამ შემთხვევაში ყვავილები სველ ღრუბელში ერჭობა და თაიგული გამძლე და კომპაქტურია, მაგრამ ძალიან მძიმე და მოუხერხებელია; და 3. ტაეპირება - თაიგულების მავთულებით აწყობის ყველაზე თანამედროვე და სანდო მეთოდი. ამ შემთხვევაში დიზაინერის ფანტაზია სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავია.
ყველაზე ძვირიანი თაიგული
საზღვარგარეთ, საქაოწილო თაიგულებით მარტო დედოფლებს არ ანებივრებენ. პატარა თაიგულები ანუ ბუტონიერკები სიძისა და მეჯვარეებისათვისაც მზადდება.
ახლა ცოტა სტატისტიკა: მსოფლიოში ყველაზე სადა, ენძელებიანი საქორწილო თაიგული მონაკოს პრინცესა გრეის კელის ქონდა (სამაგიეროს მისი კაბა დღემდე ითვლება ელეგანტურობისა და გემოვნებიანობის ეტალონად). ყველაზე შთამბეჭდავი კასკადის ტიპის თაიგული პრინცესა დიანას ეჭირა და მას „მონტბატენის“ ჯიშის თეთრი ვარდები, ორქიდეები, ენძლელები, ფრეზიები, გარდენიები და მირტის ტოტი ამშვენებდა, 105 სანტიმეტრის სიგრძის იყო და მთელ 5 კილოგრამს იწონიდა. ყველაზე სახელგანთქმული პოლ მაკარტნის მეორე ცოლის - ჰიზერ მილზის კუთვნილება გახლდათ, რომელიც ორი ვარდისფერი პიონისა და ასეთივე ფერის თერთმეტი ცალი  „პოლ მაკარტნის“ ჯიშის ვარდისაგან იყო აწყობილი.
ვიქტორია ბეკჰემი
ყველაზე ორიგინალური - სუროსა და არყის ხის ტოტებისგან შეკრული და ვაშლებითა და ხილით მორთული უზარმაზარი თაიგული ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ვიქტორია ბეკჰემის ხელში მოხვდა. ყველაზე ძვირფასი თაიგული კი, მხოლოდ გამოფენისთვის დაამზადეს - იგი ასწლოვანი ფიკუსის რტოზე აწყობილი წითელი ბუმბულებით მორთული თეთრი ორქიდეების, ვარდების, შროშანებისა და სხვა ყვავილების კომპოზიციას წარმოადგენდა, 100 ცალი ძვირფასი თვლით იყო მორთული (მათ შორის რამდენიმე მაღალი ხარისხის ბრილიანტითა და 21 კარატიანი ვარსკვლავის ფორმის ნატურალული ლალით) და 125 ათასი დოლარი ღირდა...
ბედნიერებას გისურვებთ! გეფიცევით, რომ დავიწყე პატარა სტატიის დაწერას ვაპირებდი!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment