19.9.11
ვენეციური რიზოტო ჯეიმი ოლივერისაგან
Approved by
Risotto Bianco ანუ თეთრი რიზოტო
რიზოტოს მომზადების ძირითადი პრინციპი ასეთია: სქელძირიან ქვაბში ან მაღალბორტიან ტაფაში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბოლქვიანი ნიახური (საქართვეოში ამ უკანასკნელის არარსებობის გამო, შეგიძლიათ მხოლოდ ხახვით შემოიფარგლოთ). დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ხახვი რომ მოითუშება დავუმატოთ მრგვალი ბრინჯი. ტრადიციულად 1 ულუფად 1 პეშვი ბრინჯი ითვლება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ქართული და ევროპული ულუფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ თავად გადაწყვიტეთ თქვენს სტუმრებს რამდენს აჭმევთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ რიზოტო ცხლადვე იჭმევა და შენახვისა და „ხვალ გაცხელებისთვის“ არ გამოდგება. არა, არ მოგწამლავთ და შეიძლება გემრიელიც იყოს, მაგრამ რიზოტო აღარ იქნება. ბრინჯი რომ მოიხალება, დავუმატოთ მარილი. მერე ჩავასხათ 1 ჭიქა თეთრი ღვინო. თან განუწყვეტლად ვურიოთ. ღვინო რომ ამოშრება, თითო-თითო ჩამჩად ჩავამატოთ ქათმის ცხელი ბულიონი. ანუ, ერთ ჩამჩას დავამატებთ, ვურევთ, რომ ამოშრება, ვამატებთ მეორეს და ასე ბრინჯის ბოლომდე მოხარშვამდე (დაახლოებით 15-18 წუთი). ბრინჯი რომ მოიხარშება (ძალიან ნუ გადახარშავთ), დაუმატეთ კარაქის ნაჭერი და გახეხილი პარმეზანი. კერძი გაზიდან გადმოდით და 2 წუთი გააჩერეთ. თან გაითვალისწინეთ, რომ ფაფა საჭიროზე უფრო თხელი უნდა იყოს, გაცივებისას გასქელდება. შეგიძლიათ პილპილი და ცოტა ნაღები დაუმატოთ - ასეთია კლასიკური რიზოტო ბიანკოს ანუ თეთრი რიზოტოს რეცეპტი, რომლის თქვენი ნება-სურვილითა და გემოვნებით „გაკეთილშობილებაც“ შეგიძლიათ. მე და ჯეიმი ოლივერი კი მისი მეშვეობით, სამი სხვადასხვა კერძის შექმნის იდეას მოგაწოდებთ.
რიზოტო პამიდვრით და რეჰანით
სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, ჩაყაროთ ოთხად გაჭრილი პამიდვრები (შეგიძლიათ გააცალოთ კანი), დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, რეჰანის ფოთლები, პილპილი და მარილი. პამიდორი ცოტათი რომ მოითუშება, ჩავურიოთ უკვე გამზადებული თეთრი რიზოტო და კარგად გადავურიოთ. ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყართ გახეხილი პარმეზანი, მოვრთოთ რეჰანის ფოთლებით და მოვასხათ სულ ცოტა ზეითუნის ზეთი.
რიზოტო მწვანე ბარდით და პიტნით
მოვხარშოთ მწვანე ბარდა (შეგიძლიათ გაყინულის გამოყენებაც) სულ ცოტა წყალში, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და პიტნის ფოთლები. ბარდიან სოუსში ჩავამატოთ თეთრი რიზოტო და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და პიტნა. ამოვიღოთ თეფშზე, მოვრთოთ პატარა ნაჭერი თხის ყველით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და მოვასხათ ორიოდე წვეთი ზეითუნის ზეთი.
რიზოტო არტიშოკით
ეს რეცეპტი ეგზოტიკის მოყვარულთათვის გამოდგება, მით უმეტეს რომ ჩვენს სუპერმარკეტებში არტიშოკი უკვე იყიდება. გარჩეული არტიშოკების გული დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში მარილთან და ცოტა წყალთან ერთად. არტიშოკი რომ მოითუშება, დავუმატოთ თეთრი რიზოტო კარგად გადავურიოთ. ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment