ქათმის ფლავი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები:
1 საშუალო ზომის ქათამი ან 400 გრ ქათმის ფილე, 2,5 ჭ გრძელი ბრინჯი, 1 ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 2 საშუალო თავი ხახვი, 50 გრ კარაქი, 2 ს/კ ზეთი, 5-6 კბილი ნიორი, 2 ჩ/კ მარილი, ცხარე წითელი წიწაკა და დაახლოებით 3-4 ჩ/კ კარი

ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაგდოთ კარაქი და დავბრაწოთ კარგად მარილმოყრილი ქათამი ან მისი ფილე (ვისაც რომელი გირჩევნიათ). სანამ ქათამი იბრაწება, წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი. ხორცი რომ შეიწვება, გადმოვიღოთ ტაფიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მის შენაწვავ ცხიმში კი მოვთუშოთ ხახვი და ნიორი. შიგადაშიგ მოვურიოთ. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დავუმატოთ პილპილი, და ბლომად კარი (ინდური სანელებელი, იყიდება სუპერმარკეტებში). ცოტა ხანი კიდევ ვთუშოთ და დავუმატოთ ბრინჯი და მოვხალოთ ღია ოქრსოფრამდე. რომ არ მიიწვას მოვურიოთ ხოლმე. მოხალულ ბრინჯში დავაბრუნოთ ქათმის ნაჭრები, დავაყაროთ მწვანე ბარდა და ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. დავასხათ მარილიანი წყალი (ბრინჯი 1 სმ-ზე რომ დაფაროს) და თავდახურული ტაფა ან ქვაბი დავტოვოთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე სანამ წყალს არ ამოიშრობს. წყალს რომ ამოიშრობს, ბრინჯი მოხარშული თუ არ იქნა, ცოტა წყალი კიდევ დაუმატეთ და ხარშვა გააგრძელეთ ბრინჯის მზაობამდე. გასინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი ან სანელებლები.
შეგიძლიათ ბარდასთან ერთად დაუმატოთ მწვანე ბულგარული წიწაკა, ან ბარდა სულ არ უქნათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გემრიელი გამოდის. მომზადების განმავლობაში თამამად ახადეთ თავი და თუ საჭიროდ ჩათვლით მოურიეთ კიდეც. მოხალული გრძელი ბრინჯი არ დაიზეპება და მაინც ფანტია დარჩება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment