5.9.11
„ხოროატიკი სალატა“ ანუ ბერძნული სალათა
Approved by
საბერძნეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ბერძნულ სალათას თავად ბერძნები „სოფლის სალათას“ (χωριάτικη σαλάτα) ეძახიან. სალათის ძირითად ინგრედიენტი ბერძნული ყველი ფეტაა, რომელსაც ცხვრის ან თხის რძისგან ამზადებენ, კლასიკურ ვარიანტში კი ფეტასთან ერთად პამიდორი, კიტრი, ხახვი, ზეთის ხილი შედის და ზეითუნის ზეთის, პიპლილის, ორეგანოსა და რეჰანისგან დამზადებული სოუსით იკმაზება. სალათის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ინგრედიენტები საკმაოდ მსუყე ნაჭრებად იჭრება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბერძნები კიტრს აუცილებლად თლიან და კომპონენტებს ხშირად ჭამის წინ უკვე თეფშზე ურევენ ერთმანეთში. ევროპულ ქვეყნებში სალათში სალათი ლატუკის ფოთლებს, ბულგარულ წიწაკას, კაპერსებს, ანჩოუსებს და ხანდახან ჭარხალსაც კი უმატებენ (საქართველოში - უმ შამპინიონებს), მაგრამ თავად საბერძნეთში მსგავსს ვერაფერს ნახავთ. საქმე იმაში, რომ ეს კერძი ჯერ კიდევ ელინიზმის ეპოქაში შეიქმნა და მის შემადგენლობაში ქვეყნის შიგნით რასაც აწარმოებდნენ მხოლოდ ის პროდუქტები შევიდა: უმი ბოსტნეული, მწვანილი, ზეთისხილი, ყველი და ზეითუნის ზეთის სოუსი და ორეგანო, რომლის დასახელებაც ბერძნულ ენაზე „მთების სიხარუს“ ნიშნავს. მოგვიანებით, ევროპაში პამიდორი რომ გამოჩნდა, ბერძნებმა მასაც სალათაში უკრეს თავი (სხვათა შორის, ბერძნული სამზარეულო საკმაო კონსერვატორულობით გამოირჩევა და „ახალშემომატებულ" პროდუქტებს ასე მარტივად არ წყალობენ ხოლმე) და მიიღეს ინგრედიენტების იდეალური შეხამება, რომლიც დანაყრების შეგრძნებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს.
საბერძნეთში თუ მოხვდებით, ხორიატიკის შეკვეთისას მსხვილ-მსხვილად დაჭრილ მწვანილმოყრილ და ზეითუნის ზეთ მოსხმულ ბოსტნეულს და ყველის უზარმაზარ ნაჭერს მოგართმევენ. ტრადიციულად, სალათასთან ერთად გახუხული თეთრი პუერის ნაჭრებიც მოაქვთ, რომელიც თეფშის ძირზე დაგროვებულ ბოსტნეულისა და ცხვრის ყველის უგემრიელეს წვენში უნდა ჩააწოთ. ზოგიერთ რესტორანში სალათთან ერთად "კომპლექტში" ანჩოუსები და ბრინჯიანი ტოლმაც შედის.
ბერძნული სალათი მომზადება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი სიმარტივე და გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტები ძალიან ხარისხიანი და კარგი უნდა იყოს. თავად წარმოიდგინეთ უგემური პამიდვრების, წყალწყალა კიტრისა და დებისგან გემოამწკლარტებული იმერული ყველისაგან დამზადებული სალათა. ამიტომ, ინგრედიენტებში დარწმუნებული თუ არ ხართ, ჯობია საერთოდ არ გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტი ჰარმონიის ნაცვლად უგემური და სველი ბოსტნეულის მასას მიიღებთ.
მოკლედ პამიდვრები გვინდა მზეზ გაზრდილი, წვნიანი და გემრიელი. კიტრი სურნელოვანი. ხახვი აუცილებლად ვარდისფერი (მისი გემოს ინტენსიურობის შესარბილებლად შეგიძლიათ წინასწარ დამდუღროთ), ზეთისხილის არჩევანი თავისუფალია - ნებისმიერი ფერის და გემოსი, უმი ან მარინადის, ოღონდ უკურკო (სხვათა შორის, მაინცდამაინც კურკიან ზეთისხილს თუ აირჩევთ და შემთხვევით კურკას გადაყლაპავთ, ნუ შეგეშინდებათ: ზეთისხილი კურკა ლამის ერთადერთია, რომელსაც ადამიანის კუჭი თავისუფლად ინელებს!). აი, ზეთს რაც შეეხება, ბერძნები თვლიან რომ ამ სალათისთვის მხოლოდ და მხოლოდ ბერძნული ცივი დაწურვის, გაუფილტრავი ზეიუნის ზეთი გამოდგება. ყველს რაც შეეხება, „ევროკავშირმა“ უკვე იზრუნა იმაზე, რომ ყველს ეტიკეტზე „ფეტა“ თუ აწერია, ამ სახელწოდებით მხოლოდ ნამდვილი ფეტა უნდა იყიდებოდეს - ასე რომ, ვერ შეცდებით.
კლასიკური ბერძნული სალათი
3 პამიდორი, 1 კიტრი, 1 ხახვი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ ძმარი, 150 გრ ყველი „ფეტა“, 25-25 ცალი მწვანე და შავი ზეთის ხილი, მარილი, პილპილი და ორეგანო, მწვანილი
ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ზეთის ხილთან ერთად მოათავსეთ ჯამში. ზეთის, ძმრის (ძმარი შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონის წვენით), მარილის, პილპილისა და ორეგანოსაგან მოამზადეთ სოუსი და მოასხით ბოსტნეულს. თავზე დაადეთ ყველის ნაჭერი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (შაშკვლაი ან ქინძი) თქვენი გემოვნებით.
ბერძნული სალათის ევროპული ვარიანტი
4-5 ც პამიდორი, 2-3 კიტრი, (რაოდენობა კიტრის ზომაზეა დამოკიდებული: დაჭრილი პამიდვრის და კიტრის ოდენობა ერთნაირი უნდა იყოს!), 2-3 ბულგარული წიწაკა, 2 საშუალო თავი ვარდისფერი ხახვი, 1 ქილა ზეთისხილი, 250 გრ ყველი „ფეტა“, შაშკვლამი და ორეგანო, ზეითუნის ზეთი.
ბოსტნეული დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ ზეთისხილი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა. ზევიდან მოათავსეთ ყველის ნაჭერი. მოაყარეთ დაჭილი მწვანილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჭამის პროცესში ყველი დაიფშვნება და სალათს შეამარილებს.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment