შრედინგერის ხვადი

Approved by Natia Jinjolava



შრედინგერის კატა - ფიზიკის პარადოქსის დასახელება, რომლის დროს ოთახში ერთი, ერთდრულად ცოცხალი და მკვდარი კატაა (ან ორი სხვადასხვა მკვდარი კატა, თუ მათ გამოკვებაზე ვინმემ დროულად არ იზრუნა).
„შრედინგერი ბოლთას სცემდა და კატას ეძებდა, ის კი ოთახში ცოცხალ-მკვდარი გასუსულიყო“.

***

ოთახში ოთხნი ისხდნენ. ერთი რვა ჩხირით შალის წინდას ქსოვდა, ორნი ლოტოს თამაშობდნენ, მეოთხე კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს ჩაჰკირკიტებდა. სიჩუმეს მხოლოდ საქსოვი ჩხირების წკარუნი, ფურცლების შრიალი და შიგადაშიგ კოჭის ნომრის ამოძახილი არღვევდა.
კარი გაჯახუნდა. ამ ხმაზე ოთხივემ თავი ერთდროულად ასწია და მიხურულ კარს მიაჩერდა.
- მაინც გაიპარა.
- ვინ იყო? - იკითხა როგორც ყოველთვის სხვებზე მეტად დაბნეულმა მის ენდრიუმ.
- იდეალური მამაკაცი.
- ხომ ვაფრთხილებდით, ნუ შეხვალ, ხიფათს გადაეყრები-თქო. ოთახში მაგიდაზე თასი დგას, თასში კი მოწამლული ღვინო ასხია. მიეფეთება, დალევს და უკანასკნელი მამაკაციც ფეხებს გაფშიკავს.
- და კაცები აღარ იქნებიან? - იფიგენიას შიშისგან თვალები გაუფართოვდა.
- აბა, საიდან? ეს ხომ ბოლოა.
- არ დალევს, - ყველაზე დიდი ოპტიმიზმი ამჟამადაც იფიგენიამ გამოიჩინა, - ნამდვილი ქართველი მამაკაცია და ერთ ჭიქა ღვინოს არ დახარბდება. გახსოვთ, იმ დღეს სუფრას რომ თამადობდა? ლამაზი სადღეგრძელოები თქვა, არაფერი გამორჩენია და არც არაფერი შეშლია. გვერდზე მჯდომი ქალიც არ დაივიწყა. შეამჩნიეთ, ატამი როგორ გაუთალა და მიაწოდა? აუ, მასპინძელს იმ დიდი პარკით რა მაგარი საჩუქარი მიუტანა! გაიგონეთ, ვიღაცამ ნათესავის სამსახურში მოწყობა რომ სთხოვა? იქვე გადარეკა და ჩაუწყო. თუ შეამჩნიეთ, რა ხარისხიანი კოსტუმი ეცვა? ქარიზმატული მამაკაცია, ფულიც აქვს და მანქანაც მაგარი ჰყავს. ნახეთ, თავის „მაიბახში“ რომ ჩაჯდა, ადგილიდან როგორ მოხია? სულ საზღვარგარეთ დადის. მაგ მჟავე ღვინოს არ დალევს.
მის ენდრიუმ წიგნი გვერდზე გადადო: - იმ დღეს რომ თამადობდა, როგორც ჭკვიანმა კაცმა, სადღეგრძელოები წინასწარ ჩამოწერა. სერიოზული ადამიანია და მოუფიქრებლად არაფერს აკეთებს, ამიტომაცაა ასეთი კარგი თამადა. ყველა სიკეთესთან ერთად, აზიზიცაა. შენიშნა, რომ ატამს გვერდი მომპალი ჰქონდა, ამიტომაც გათალა, გაფუჭებული ადგილი ამოჭრა და გვერდით მჯდომს ისე მოაწოდა. მასპინძელს რომ აჩუქა, იმსიმძიმე პარკი იყო, აშკარად წიგნები იქნებოდა. აი, იმ ტიპის სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით კი, ერთს გეტყვით: რას არ დარეკავდა, მაგ ბიჭმა ხუთი ენა იცის და ასეთ თანაშემწეზე უარს როგორ იტყოდა?! მისი მადლიც მოისხა და თავისთვის საქმეც გაიკეთა. ქეიფს რომ მორჩა, საჭესთან თვითონ არ დამჯდარა, მძღოლი გამოიძახა. ჩაცმით მართლა გემოვნებით იცვამს, სამარკო ტანსაცმელში კარგად ერკვევა და სულ ცნობილი ბრენდების კოსტუმები აცვია. უცხოეთში სასწავლებლად დადის, ძალიან საქმიანი კაცია, ღვინოს ზედაც არ შეხედავს.
- ითამადებდა, აბა, რას იზამდა?! - საუბარში მერი ჩაერია, - ნამდვილი კაცია, სმაც კარგად ეხერხება და სიტყვაც უჭრის. იმ ლამაზ ქალს როგორ აბამდა? მთელი საღამო თავს ევლებოდა, ხან ატამს სთავაზობდა, ხან ღვინოს უსხამდა. პარკზე ეტყობოდა, მასპინძელს რამე ეგზოტიკურს აჩუქებდა. მამამისი ისეთი მაგარია, ოღონდ სთხოვე და სამსახურში ვის არ მოაწყობს? ფულიც იმდენი აქვს, ცუდად რომ ეცვას, ეგ იქნებოდა გასაკვირი! დასასვენებლად საზღვარგარეთ დადის, ერთიმეორეზე უკეთეს კურორტებს იცვლის. აბა, სურამში ხომ არ დაისვენებს? ეგ სპორტული მანქანაც მამიკომ აჩუქა. დალევს, შანსი არაა!
- თამადობა გენში აქვს, ბაბუამისი ცნობილი კაცი იყო, ქორწილებში სათამადოდ დაჰყავდათ. ისეთ ოჯახშია გაზრდილი, თვითონაც ქეიფობს და გვერდით მსხდომებსაც კარგად აქეიფებს. ატმის და, საერთოდ, ხილის შეთავაზება როგორ შეეშლება?! იმ გოგოს გაუთალა და დაუჭრა კიდეც. ზუსტად ვიცი, მასპინძელს ძვირიან სასმელს მიუტანდა. მსგავსი ნათესაობის პატრონს, „ყვავის ჩხიკვის მამიდის“ სამსახურში მოწყობა სულ არ გაუჭირდებოდა. თანაც როგორ თავმდაბალია? უბრალო მოკვდავებთან ახლობლობას არ უკადრისობს. მის გარეგნობაზე სტილისტები ზრუნავენ. ფული ბევრს აქვს, მაგრამ მთავარი გემოვნებაა. უცხოეთშიც ივლის, აბა, რას იზამს? თავისი „ჰამერი“ ამერიკიდან ჩამოიყვანა. მანქანასაც მაგრად ატარებს, ძველი რალისტია. ღვინოს აუცილებლად დალევს! - დაასკვნა პოლიმ.
- ვაიმე, დალია და მოკვდა?
- ალბათ.
- ცოცხალი იქნება.
- ან მკვდარი...
- სანამ კარს არ გავაღებთ, ვერ გავიგებთ.
- მაშინ ნუ გავაღებთ!
- მკვდარი თუ არ ვნახეთ, ესე იგი, ცოცხალია.
- ეგებ მკვდარი გდია?
- შველა ხომ არ სჭირდება?
- ღვინოში ციანიდი იყო. თუ დალია, მოკვდებოდა, ვეღარაფერს ვუშველით.
- დაველოდოთ, თუ ცოცხალია, თვითონ გამოვა.
- რომ მაინტერესებს?
- დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ ვღელავთ, ის კი იქ არხეინადაა და თავის საქმეს მშვიდად აკეთებს. 
- რა მაგარია!
- რა არის მაგარი?
- სანამ კარს არ გავაღებთ, იდეალური მამაკაცი ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც.
- ეგ რანაირად?
- სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავთ, ცოცხლის და მკვდრის ალბათობა ერთნაირია - ან დალია და მოკვდა, ან არა და ცოცხალია. სანამ კარს არ გავაღებთ, ვერ გავიგებთ.
- უნიკალური მდგომარეობაა...
- მოდი, კარი აღარ გავაღოთ და ასე დავტოვოთ. გინდ ყოფილა, გინდა არა...
- სანამ შევიდოდა, რა ხეირი რო? მაინც შორიდან შევხაროდით.
- ასე რატომ ამბობთ? ბოლოა და ერთადერთი. ეგეც თუ მოკვდა, რაღა გვეშველება?
- ვისაც გაინტერესებთ, გააღეთ და ნახავთ. ჩემთვის ცოცხალია და მისი გვამის პოვნა სულ არ მინდა!
- გავაღოთ! ზუსტად ვიცი, ცოცხალია! ღვინოს არ დალევდა!
- ჰოდა, შენ გააღე!
- გააღე, გააღე. სხვის ნაპირალ თასს არ გაეკარებოდა.
- რას არ გაეკარებოდა? სხვის ნაპირალ ყანწებსაც მშვენივრად სვამს!
- უნდა დალიოს, აბა, რა უნდა ქნას?
- ხომ ვაფრთხილებდით, არ შეხვიდე...
- ნამდვილი კაცი სხვის ჭკუაზე როგორ გაივლიდა?!
- ესე იგი, ახლა ცოცხალიცაა და მკვდარიც?
- ვისთვის ცოცხალი და ვისთვის მკვდარი.
- მოდით, გავაღოთ და მოვრჩეთ! წიგნს ტყუილად მომწყვიტეთ. მაინც ცოცხალი იქნება.
- ვინ გააღებს?
- მე ვერა! მჯერა, რომ ცოცხალია, მაგრამ თუ მოკვდა, მეც მოვკვდები. ბოლო კაცია...
- მკვდარი იქნება, მაგრამ გაურკვევლობას ყველაფერი ჯობია.
- მოკლედ, ვაღებთ!
კარს ოთხივე ერთად ფეხაკრეფით მიუახლობდა. ჯერ ყური მიადეს - იქიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მერე კარს ხელი ფრთხილად ჰკრეს და ისიც ჭრიალით გაიღო.
- ვაი!
კარს იქით სიცარიელე დახვდათ...

მორიგე მედდის ხმა რეპროდუქტორიდან: - პალატა ნომერი თექვსმეტი! დაეწყვეთ, ეზოში თქვენი გასეირნების დროა!

***
Cursus morbi:  
შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტს აღენიშნება პერიოდული გამწვავებები, სმენითი და ყნოსვითი ჰალუცინაციები, რომელიც ჩნდება დეპრესიის და მანიის ფონზე (თუმცა ცნობიერება შენარჩუნებულია). შესაძლოა პიროვნების გაორება, ბოდვის გაღრმავება და პარანოიდალური სინდრომი.





0 კომენტარი.:

Post a Comment