7.9.11
ქორწინება ქართულად
Approved by
ამბობენ, ქორწინება ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიაო. დანარჩენ სამყაროში რა და როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ ქართულ რეალობას თვალი რომ გადავავლე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ქორწინება მხოლოდ ქალისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი და გარდატეხის მომენტი, კაცებისთვის კი მარტო გემრიელი ქეიფის და ღვინოში ყელამდე ჩაწოლის კიდევ ერთი სერიოზული საბაბია და მეტი არაფერი. ასე რატომ ვამბობ? აბა, თქვენ თვითონ დაფიქრდით: საქართველოს გარდა სხვაგან სად გინახავთ შეყვარებული წყვილი იპარებოდეს და თან სიძის ძმაკაცების მთელი არმია მიჰყვებოდს. ამასთან, „გაპარვაში“ მყოფი სიძე მთელ დღეებს ახალმოყვანილი ცოლისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ძმაკაცებთან ღრეობაში ატარებს, „ბედნიერ“ პატარძალს კი შიგადაშიგ მხოლოდ სადღეგრძელოს დროს იხსენებს და ასე უმტკიცებს სიყვარულს.
ჩემო ღრმადპატივცემულო სიძის ერთგულო ძმაკაცებო, ახალდაქორწინებულებს რომ უნდათ და ეჩქარებათ იმ აქტს ინტიმური იმიტომ ეწოდება, რომ თქვენი თანადასწრება სულ არ არის საჭირო და მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა. საუკეთესო შემთხვევაში, გვედრით ოთახიდან (სიძე სუფრიდან თუ გაუშვეს და სმისგან რამის თავი კიდევ თუ შერჩა!) თქვენი მთვრალი ღრიანცელის ფონზე არაფერი კარგი არ გამოვა. ამიტომ, გულში ჩაიკალით ძმაკაცის გაბედნიერებისგან მოზღვავებული სიხარული, შესწირეთ საკუთარი სიამოვნება მეგობრის ბედნიერებას და აცალეთ დატკბეს საყვარელ ქალთან ყოფნით. გაუშვით სადაც მიდიან და რომ დაბრუნდებიან მერე მიულოცეთ და გაუთავებელი სტუმრობებით, დაუსრულებელი ქეიფით (რომელიც არც ერთ ოჯახს აღარ უხარია სამი-ოთხი დღის შემდეგ) და გათენებამდე სმით დაუმტკიცეთ თქვენი ერთგულება.
ჩვენთან იმის თქმაც უყვართ, ქორწილი ისე როგორ ჩაივლის, ჩხუბი თუ არ იქნაო. იცით, რას გეტყვით? ქორწილის მსგავს დიდ დღესასწაულზე და ღირშესანიშნავ მოვლენაზე არაფერი არ ესაქმება ადამიანს, რომელსაც მასპინძლის იმდენი პატივისცემა არ აქვს, რომ სტუმრად მისულმა, სხვა მოპატიჟებულთან ჩხუბი და აყალ-მაყალი არ ატეხოს. დროა ვისწავლოთ, რომ არ არის საჭირო, ვისთვისაც ოდესმე ხელი ჩამოგვირთმევია ან ცალყბა გამარჯობა გვითქვამს ყველას სახლში მოპატიჟება. იმ ახლობლებს კი ვისაც ღვნის შერგება არ შეუძლიათ, უნდა შევახსენოთ, რომ ოჯახის პატივისცემითა და ნათესაობის ხათრით - ერთი დღე გაიჭირვონ, მოითმინონ და უკვე დაწურულის ნაცვლად, პირდაპირ ყურძენი ჭამონ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ჩემი მეგობარი თხოვდებოდა. აქვე გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი წყვილია და მიუხედევად იმისა, რასაც ქვემოთ მოგიყვებით, სიძე ძალიან ნორმალური და ჯანსაღი ადამიანია. მოკლედ, 2 წელი აქტიური ერთად სეირნობისა და შეყვარებულობის შემდეგ, დაქორწინება გადაწყვიტეს. და აი, სად იჩინა თავი მანამდე ძალიან ჩვეულებრივი და ინტელიგენტი ბიჭის გურჯულმა ვაჟკაცობამ.
საცოლეს ჯერ მოკლე კაბით და შარვლით სიარული აუკრძალა (გოგო ჩვეულებივ გრძელი კაბებით დადიოდა და მისი ყველაზე მოკლე კაბა მუხლის თავებს ფარავდა). მერე, მაინცდამაინც ამ კვირაში უნდა ვიქორწინოთო ისტერიკა დაიმართა და შედეგად, ქორწილი და ჯვრისწერა პარასკევს ჩატარდა (მეორე დღეს მარხვა იწყებოდა, ბიჭი კი ჩემს ნაცნობებში ყველაზე დიდი მორწმუნეა). როგორც ხვდებით, ქორწილი ღამის თორმეტ საათამდე არ დამთავრდა, ანუ მარხვა დაიწყო და მეორე დილას საქორწილო მოგზაურობაში მარხული სიძე და ხსნილზე მყოფი პატარძალი ხელიხელჩაკიდებულები გვრიტებივით გაემგზავრნენ...
სიტუაციის მთელი ტრაგიზმი და ბიჭის სიჯიუტე ბოლომდე რომ აღიქვათ, აქ კიდევ ერთი რამე უნდა მოვყვე. ჩემი მეგობარი ბავშვობიდან ოცნებობდა ქორწილში მოკლე თეთრი კაბა სცმოდა. ყურადღებით თუ კითხულობდით, ალბათ უკვე ხვდებით რომ მის ოცნებას ახდენა არ ეწერა და საკუთარ დღესასწაულზე კოჭებამდე სწორ თეთრ კაბასა და თეთრ ლაკის ბატინკებში გამოწყობილი იჯდა. მაშინ როცა მისმა მეუღლემ თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა და ცოლზე გამარჯვებას და თავისის გატანას მაგიდის თავში მჯდარი ნათხოვარ თეთრ ჩოხაში გამოჯგიმული ზეიმობდა.
რელიგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ყველა შემომედავება, ასეთ დროს არ მარხულობენო. ვიცი ბატონო და მეც მანდ ვარ სწორედ. მაგაშია ამ ჭაბუკის საქციელის მთელი არანორმალურობა: ჩვენმა სიძემ მთელი თაფლობის თვე იმარხულა და ახალგაზრდა ცოლთან ერთად პენსიონერივით დაისვენა. თბილისში დაბრუნებულზე, გოგოს მშობლებმა წყვილს სურპრიზი დაახვედრეს (ეტყობა შვილი შეეცოდათ) - მაინც ახალშეუღლებულები არიანო და პატარძლის მამიდის ერთოთახიანი ბინა დაუთმეს. აი, აქ დაიწყო ის ქართული ფენომენი, სტატიის თავში რაზეც გესაუბრებოდით - უუფროსებო ბინა ბიჭის ძმაკაცებმა პირველი დღიდანვე (ახალმოსახლეობა ხომ უნდა დაესველებინათ?!) ძალიან შეიყვარეს, მოიწონეს, გაითავისეს და როგორც იტყვიან, საკუთარ სახლად მიიჩნიეს. დღე სვამდნენ, მოგეხსენებათ 90-იანი წლები იყო - არეულობის და უტრანსპორტობის პერიოდი - საღამოს სახლში ვეღარ მიდიონდნენ, ამიტომ გულთბილ მასპინძლებთან რჩებოდნენ და დილას ისევ „პახმელიაზე“ გამოდიოდნენ. ორი თვის მერე, ქმრის განუყრელმა მეგობრებმა და უკვე ოჯახის წევრებმა, გოგოს რომ ჰკითხეს, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, გამწარებულმა ასე უპასუხა: „სული წმინდა მე არ გამომეცხადება და სხვა შანსი არ მაქვსო“.
არა, არა! ტყუილად გეცინებათ, დამიჯერეთ, სიძე ჯანმრთელია და პრობლემები არ აქვს, უბრალოდ კარგი ქართველი ვაჟკაცია და ძმაკაცებს ხათრს ვერ უტეხავდა. თან თავისი სიტყვის გაყვანაც უყვარს და ხომ უნდა დაემტკიცებინა, რომ ქართულ ოჯახში კაცია მთავარი?!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment