28.9.11
ფორთოხლიანი შოკოლადის ტორტი პიტნის კრემით
Approved by
ინგრედიენტები: 400 გრ მზა ფხვიერი ცომი, 120 გრ ფორთოხლის არომატიანი (ან ნებისმიერი რძიანი) შოკოლადი, 70 გრ დარბილებული კარაქი, 155 გრ შაქარი, 40 გრ ფქვილი, 6 კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 350 მლ ცხიმიანი ნაღები, 2-3 ს/კ შაქრის პუდრა, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ცოცხალი პიტნა
მომზადენის წესი:
1. გავაცხელოთ ღუმელი 190-°C-მდე. მზა ცომი ამოვაფინოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ შეოქროსფერდება. გამომცხვარი ცომი ღუმელიდან გამოვიღოთ, მაგრამ ფორმაში ჩავტოვოთ და ღუმელის ტემპერატურა 150°C-მდე შევამციროთ.
2. სანამ ცომი ცხვება, ქვაბში დამტვრეული შოკოლადი ჩავყაროთ და მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოვდგათ გასადნობად. ვურიოთ, სანამ ბოლომდე არ გადნება. ჩავურიოთ კარაქი და ისიც გავალღვოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და ფქვილი, დავუმატოთ კვერცხები და ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. კვერცხიანი მასა გამდნარ შოკოლადში ჩავურიოთ.
3. მივუბრუნდეთ ტორტის ფორმასა და მასში მოთავსებულ ცომს. ცომს ზემოდან შოკოლადის კრემი დავასხათ და ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით შევაბრუნოთ. კრემი გვერდებში უნდა შესქელდეს, მაგრამ ფორმის შეჯანჯღარებისას მსუბუქად უნდა თახთახებდეს. გამომცხვარი ტორტი კარგად გავაგრილოთ.
4. ნაღები 1 ს/კ შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ შესქელებამდე. ჩავურიოთ პიტნა და თქვეფა ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ. დარჩენილი შაქრის პუდრა ტორტს თავზე მოვაფქრვიოთ და დავჭრათ პორციებად. თითოეული ნაჭერი ათქვეფილი ნაღების კრემით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment