21.9.11
რიზოტო გოგრით და რუკოლათი
Approved by
დღეს რიზოტოს ერთ უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელ და საშემოდგომო რეცეპტს შემოგთავაზებთ. გოგრის რიზოტო რუკლოლათი სახელგანთქმული შოტლანდიელი მზარეულის, მიშლენის არც მეტი, არც ნაკლები 13 ვარსკვლავის მფლობელი გორდონ რამსის შემოქმედებაა და მენდეთ, მიშლენის კომისიას ასეთი ვარსკვლავთცვენა ტყუილად არ მოუწყვია.
დაახლოებით 4 ულუფისთვის: 300 გრ გოგრის რბილობი, 200 გრ მრგვალი ბრინჯი, 500 მლ ქათმის ცხელი ბულიონი, 100 გრ კუბიკებად დაჭრილი გოგრა, 1 საშუალო თავი ხახვი, 25 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი, ერთი ბღუჯა წვრილად დაჭრილი სალათი რუკოლა, 30 გრ კარაქი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, რამდენიმე ტოტი ქონდარა (ქონდარი არა, ე.წ. ტმინი). რამდენიმე ფოთოლი სალბი, პარმეზანის ბურბუშელა და სალბის ზეთი მოსართავად
1. 300 გრ გოგრა დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად, დავყაროთ ტაფაზე. მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დავუმატოტ დაახლოეებით 1 ს/კ კარაქი და შემოვდაგთ საშუალო ცეცხლზე. თავზე ალუმინის ფოლგა დავაფაროთ მჭიდროდ. ასე ტაფაზე გოგრიდან გამოსული წყლის კონდენსირება მოხდება და უფრო მალე მოიხარშება. გოგრა რომ დარბილდება, გადავასხათ ბლენდერში და ვაქციოთ პიურედ.
2. 100 გრ გოგრა დავჭრათ 1 სმ-იან კუბიკებად და ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ ქონდარას ტოტთან და მარილ-პილპილთან ერთად.
3. მოვამზადოთ რიზოტო ტრადიციული მეთოდით, ამისთვის: ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი რომ მოითუშება, დავუმატოთ ბრინჯი, ქონდარას ტოტი და მოვხალოთ. ბრინჯი რომ მოიხალება, თითო-თითო ჩამჩა ბულიონის დამატება დავიწყოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ერთ ჩამჩას რომ ჩაიშრობს, მომდევნო დავუმატოთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, დავუმატოთ გოგრის პიურე, მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. მერე ჩავამატოთ გახეხილი პარმეზანი, მოთუშული გოგრის კუბიკები და რუკოლა. კარგად მოვურიოთ და ჩავაგდოთ კარაქი. კარაქი რომ გადნება რიზოტო მზადაა. ამ რეცეპტში ნაღების მოვალეობას, რომელიც რიზოტოს კრემისებური კონსისტენცია უნდა მისცეს, გოგრის პიურე ასრულებს.
4. რიზოტო გადმოვიღოთ თეფშებზე, მოვაყაროთ პარმეზანის ბურბუშელა, სალბის რამდენიმე ფოთოილი და მოვასხათ სალბის ზეთი (შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნის ზეთით). მერე 2-3 წუთი „დაასვენეთ“ და გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment