ნადირობის მოყვარულთათვის: მწყერი ვაშლით

Approved by Natia Jinjolava



8 ცალი მწყერი, 1 ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ზეთი, 3 ს/კ კარაქი, ½ ჭ ღვინო „მადერა“, 1,5 ჭ ქათმის ბულიონი, 4 ცალი მომჟავო ვაშლი, ½ ლიმონის წვენი, 4 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ შაქარი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 8 სქელი ნაჭერი თეთრი აგური პური, 1 ს/კ კარაქი

მწყერები გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და შევამშრალოთ. შიგნიდან და გარედან მოვაყაროთ მარილი. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და ზეთი. მწყერები დაახლოებით 3 წუთი დავბრაწოთ ყველა მხრიდან, შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ და კიდევ 5 წუთი ვბრაწოთ. მწყერები ტაფიდან გადმოვიღოთ და თბილ ადგილას შევინახოთ. ტაფაზე დარჩენილი შენაწვავი ზეთი მადერით გავაზავოთ, ქვაბში გადავასხათ და ავადუღოთ. ადუღებულ სოუსში მწყერები ჩავალაგოთ და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. ასაკიან მწყერს ხარშვა უფრო დიდხანს უნდა - დაახლოებით 16-20 წუთი. ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ ოთხად, გული ამოვაჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და მოვთუშოთ ვაშლის ნაჭრები შაქართან და პილპილთან ერთად დარბილებამდე, ოღონდ პიურედ ნუ ვაქცევთ. პური მწყრის ზომაზე დავჭრათ და ცალი მხრიდან, შიგნით მწყერი რომ მოთავსდეს გული ისე ამოვაჭრათ. პურის კოლოფები ორივე მხრიდან კარაქში დავბრაწოთ. პურებში მწყერები ჩავალაგოთ და გარნირად ვაშლები მივუწყოთ გვერდით. ზემოდან მწყერის შენაწვავი წვენისა და მადერის სოუსი მოვასხათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: ხოხობი ნიგვზის საგოზავით

Approved by Natia Jinjolava



1,2 კგ-იანი ხოხობი, 50 გრ ყვითელი ქიშმიში, 40 გრ ( 2 სირჩა) კონიაკი, 50 გრ წინა დღის თეთრი პური, ½ ჭ რძე, 250 გრ ნიგოზი, 1 ჩ/კ მარილი, 2 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 1 კვერცხი, 100 გრ ბეკონის ლენტები, 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 ხახვი, 1 ტოტი ქონდარა, 2 ტოტი ცოცხალი ოხრახუში, 1 დაფნის ფოთოლი, 50 გრ კარაქი

ხოხობი გავრეცხოთ და შევაშროთ, მისი გულ-ღვიძლი კი ძალიან წვრილად დავჭრათ. ქიშმიში ჩავალბოთ კონიაკში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და დაჭრილი გულ-ღვიძლი, რძეში დასველებული და გაწურული პური და ½ ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი პილპილი და კვერცხი გადავურიოთ. ამ ფარშით დავტენოთ ხოხობი და მუცელი ამოვუკეროთ, არაფერი რომ არ გადმოცვივდეს. გარედან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზევიდან ბეკონის ლენტები გადავაფაროთ. სტაფილო და ხახვი წვრილად დავჭრათ, მწვანილი და დაფნის ფოთოლი ერთად შევკრათ თეთრი ფერის ძაფით. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. მაღალბორტიან ტაფაზე გავადნოთ კარაქი, მოვათავსოთ ხოხობი, დავყაროთ სტაფილო, ხახვი და მწვანილების შეკრულა და შევდგათ ღუმელში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ. და კიდევ 1 საათით დავტოვოთ ღუმელში. ხოხობს ბეკონი ავაცალოთ და თბილ ადილას შევინახოთ. ტაფაზე დარჩენილ შენაწვავ ცხიმს დავუმატოტ  კონიაკი, რომელშიც ქიშმიში გვქონდა ჩამბალი, გადავწუროთ და მოვასხათ ხოხობს და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული იხვი

Approved by Natia Jinjolava



1,5 კგ-იანი გარეული იხვი, 2 მჟავე ვაშლი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 3 ს/კ ზეთი, 100 გრ ბეკონის ლენტები, 4 მარცვალი ღვია, ¼  ჭ ცხელი ხორცის ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ჩ/კ სახამებელი, 2 ს/კ ნაღები

ვაშლები 8-8 ნაწილად გავჭრათ და ამოვაჭრათ გული და თითოეული ნაჭერი კიდევ ერთხელ გავჭრათ შუაზე. ხახვებიც 8-8 ნაწილად გავჭრათ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. გარეცხილი გასუფთავებული და შემშრალი იხვი შიგნიდან  და გარედან შევამარილოთ, მოვაყაროთ პილპილიც. იხვის შესაწვავ ტაფაზე დავასხათ ზეთი და გახურებულ ზეთში დავბრაწოთ იხვი ორივე მხრიდან.  იხვს გულმკერდზე ბეკონის ლენტები გადავაფაროთ, ირგვლივ კი ხახვი,  ვაშლი და ღვიის მარცვლები შემოვულაგოთ. დავასხათ ½ ჭ ბულიონი და შევდგათ ღუმელში რაც შეიძლება დაბლა დაახლოებით 1 საათით. იხვს პერიოდულად ტაფაზე დაგვროვებული ნადნობი ცხიმი და გადანახული ცხელი ბულიონი ვასხათ. შემწვარი იხვი გამორთულ ღუმელში დავტოვოთ და სოუსი მოვამზადოთ. ტაფაზე დაგროვებული ცხიმი პატარა ქვაბში გადმოვწუროთ და წყლით გავაზავოთ. დავუმატოთ სახამებელი, ღვინო, მარილი და ნაღები და სასურველი სისქის მიღებამდე ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ლუის კეროლი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში

Approved by Natia Jinjolava

დღეს ლუის კეროლის დაბადების დღეა. ნამდვილად არ მოვყვები, როგორ მიყვარდა მთელი ბავშობა მისი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", მით უმეტეს რომ ყოველთვის მისივე "ლოგიკური გამოცანები" მერჩივნა. თუმცა კარგად მახსოვს, ჩემი სტუდენტობა, როცა "ალისაც" საცალდებულოდ საყვარელ წიგნთა სიაში შედიოდა ბულგაკოვის "ოსტატ და მარგარიტასთან" და ეგზიუპერის "პატარა პრონცთან" ერთად. ისე "დონე" ვერ იქნებოდი, და ალისაც ყველას უყვარდა, წაკითხული კი არა წიგნის ყდაც რომ არ ქონდათ გარედან ნანახი იმათაც კი. 
დღეს "ალისას" ძალიან უჩვეილო და საინტერესო ინტერპრეტაციას გთავაზობთ - საინტერესოს იმათთვის, ვისაც გასტრონომია და კულინარიული ექსპერიმენტები ჩემსავით უყვარს. დღეს ჩვენს მენიუში ჰესტონ ბლუმენტალის ვიქტორიანული ნადიმია, რომლელიც ჩვენი საუკუნის ალქომიკოსმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაშის" მოტივებზე შექმნა.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ირმის ჩალაღაჯი მომჟავო-მოტკბო წიწაკებთან ერთად

Approved by Natia Jinjolava


4 ულუფა
ინგრედიენტები: 6 ს/კ ზეითუნის ზეთი და კიდევ ცოტა შესაწვავად, 2 ს/კ ღვიის მარცვლები, რამდენიმე ტოტი ქონდარა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი, 3 სმ სისქის, დაახლოებით 170 გრამიანი 4 ცალი ირმის ჩალაღაჯის ნაჭერი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი; წიწაკებისთვის: ზეითუნის ზეთი, 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 3 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, ქონდარას ტოტები, 3ს/კ თეთრი ღვინის ძმარი, 2 ს/კ წყალი
პირველ რიგში, ირმის ჩალაღაჯი ჩავამარინადოთ: ამისათვის ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ქონდარას ფოთლები, მსუბუქად დაჭყლეტილი ღვიის ნაყოფი და მსუბუქად დაჩეჩქვილი ნიორი. ამ მარინადაში ჩავალაგოთ ირმის ნაჭრები და კარგად ამოვგანგლოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავრწმუნდეთ რომ ხორცი მთლიანადაა მარინადში ამოგანგლული და გადავდგათ გვერდზე. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ, უკეთესია. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეთი. კარგად რომ გახურება ტაფაზე მოვათავსოთ ირმის ხორცი მარინადის ერთ მესამედთან ერთად. ვბრაწოთ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში, თან ხშირად გადავატრიალ- გადმოვატრიალოთ, ყველა მხრიდან თანაბრად რომ დაიბრაწოს. ხორცი რომ გაყავისფრდება, შეგიძლიათ დარჩენილი მარინადიც დაუმატოთ. თუ გინდათ რომ ხორცი განსაკუთრებულად წვნიანი და არომატული გამოვიდეს ცალკე ტაფაზე გავადნოთ ცოტა კარაქი, მერე ირმის ხორცს გადავასხათ, ხორციანი ტაფა დავაყირავოთ და ხორცს 1-2 წუთი კარაქი და ტაფაზე დაგროვებული ხორცის შენაწვავი სითხე კოვზით თავზე ვასხათ და ისე ვბრაწოთ. ხორცს თითი დააჭირეთ და ჩაზნექილი ადგილი ზამბარასავით უკან თუ ამოიბურცა, ხორცი ნახევრადსისხლიანი ანუ იდეალურადაა მომზადებული, თუ ბოლომდე შემწვარი ხორცი გიყვართ, კიდევ გააჩერეთ, მაგრამ მერე ირმის ხორცი (როგორც სხვა გარეული ცხოველის) ძალიან უხეში ხდება. გამზადებული ხორცი 5 წუთი დავასვენოთ.
მანამდე კი, ბულგარული წიწაკებს ამოვაჭრათ გული და დავჭრათ ჩხირებად. სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და რომ გაცხელდება დავყაროთ წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, დავაყაროთ ქონდარას ფოთლები და 4-5 წუთი ვთუშოთ, სანამ ოდნავ არ დარბილდება. ცეცხლს მოვუმატოთ და მოვაწუწოთ ძმარი და ვურიოთ სანამ ძმარი თითქმის ბოლომდე არ ამოორთქლდება. მოვასხათ წყალი და 2-3 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.
წინდაწინ გამთბარ თეფშებზე შუაში დავდოთ რამდენიმე კოვზი მოთუშული წიწაკა, მოვასხათ ტაფაზე დარჩენილი წვენი და ზემოდან ირმის ჩალაღაჯის ნაჭრები მოვათავსოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და მოვაწუწოთ სულ ცოტა ზეითუნის ზეთი.


(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Irish Coffee - ირლანდიური ყავა

Approved by Natia Jinjolava



დღეს ირლანდიური ყავის საერთაშორიოს დღეა... ისე, ჩვენ რატომ არ გვაქვს საცივის ან მწვადის, თუნდაც ხინკლის დღე? უსამართლობაა ნამდვილად. მოკლედ,  ირლანდიელები ჩვენზე მარიფათიანები გამოდგნენ და  მოახერხეს მთელ მსოფლიოში გაეთქვათ სახელი არა მარტო ირლანდიური ვისკით, არამედ ირლანდიური ყავითაც, რომელის შემქნის ისტორიაც (სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს დაობენ) ასეთია: არცთუ შორეულ 1940 წელს, ამერიკული ავიაკომპანია „პან-ამის“ თვითფრინავი იძულებით დაეშვა ერთ-ერთი ირლანდიული პორტის  აეროპორტში (დღეს სახელგანთქმული შენონის აეროპორტი), სადაც პორტის მზარეულმა ჯოზეფ შერიდანმა, ზამთრის სუსხიან საღამოს მგზავრები გაყინვისგან რომ ეხსნა ყავაში ვისკი და ნაღები ჩაამატა, მგზავრების შეკითხვაზე კი, ბრზაილიური იყო თუ არა ყავა, პასუხობდა, რომ  ეს ირლანდიური ყავა იყო.
1952 წლის 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში „Buena Vista Cafe“-ის მფლობელმა ჯეკ კოუპლერმა და „სან ფრანცისკო ქრონიკლის“ ჟურნალისტმა და მოგზაურმა სტენტონ დელაპლეინმა შეჯიბრება გამართეს,  ვინ უკეთეს ირლანდიურ ყავას მოამზადებდა. ხან ნაღები არ იყო საკმარისად ცხიმიანი, ხანაც ვისკი არ გამოდგა შესაბამისი მარკის, მოკლედ, ვერასგზის იდეალური გემო ვერ მიიღეს. ჟურნალისტი შორეულ შენონის აეროპორტშიც კი გაემგზავრა ორიგინალის გასასინჯად. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ვისკიც შეარჩიეს და ისიც დაადგინეს, რომ იდეალური ნაღები 48 საათის დამზადებული უნდა ყოფილიყო... ერთი სიტყვით, იდეალური ირლანდიული ყავის რეცეპტი შეთხზეს და მისთვის 150 გრამიანი ცეცხლგამძლე ფეხიან თასიც განაწესეს. დიახ, დიახ, ირლანდიურ ყავას, ფეხიან ჭიქაში მიირთმევენ. როგორც ამბობენ, საუკეთესო ირლანდიული ყავის დალევა დღესაც მხოლოდ კალიფორნიაში, „Buena Vista Cafe“-ში შეიძლება, სადაც დღეში 2000 ჭიქა ყავას ყიდიან.
ირლანდიური ყავის ესპანური ვარიანტი (Café Irlandés) დანარჩენისგან იმითი გამოირჩევა, რომ მასში ყავა, ვისკი და ნაღები ერთმანეთში არ ირევა და ცალ-ცალკე შრეებადაა დასხმული, რისთვისაც საგანგებო მოწყობილობას იყენებენ. ტრადიციული კი, როგორც უკვე მიხვდით: ყავით, ვისკით, ლერწმის შაქრითა და ნაღებით (ათქვეფილით ან აუთქვეფავით) მზადდება.

ირლანდიური ყავა
75-100 გრ ცხელი ყავა ესპრესო (ჭიქა უნდა აავსოს 2/3-ზე)
25-30 გრ ირლანდიური ვისკი
ჩ/კ ან 1 კუბიკი ლერწმის შაქარი
მსუბუქად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები (ნაღების ოდენობა თქვენი ჭიქის ზომაზეა დამოკიდებული)

წიქის ფსკერზე ჩაყარეთ შაქარი, დაასხით ყავა იმდენი, რომ ჭიქა 2/3-ზე შეივსოს და დაამეტეთ ვისკი. თავზე კოზით ფრთხილად ჩაასხით ოდნავ ათქვეფილი ნაღები, ჩაარჭვეთ დარიჩინის ჩხირი და მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი და მიირთვით.



ირლანდიური ყავა ესპანურად
1 ჭ ესპრესო, 30 მლ ვისკი, 1 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 2ს/კ ნაღები, მწიკვი დარიჩინი
ჭიქაში ჩავყაროთ, შაქარი, დავასხათ ვისკი და ზემოდან ძალიან ფრთხილად დავასხათ ყავა. ასევე ძალიან ფრთხილად, პატარა კოვზით მოვასხათ ნაღები, ისე რომ ვისკის, ყავის და ნაღების ფენები ერთმანეთში არ აირიოს. თავზე მოვაყაროთ დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი


კალენდარი და კაცები

Approved by Natia Jinjolava



ალბათ ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, სკოლა ახალდამთავრებული მქონდა და ისე მოხდა რომ ერთი ზაფხულის სამი თვე სოფელში, ბებია-ბაბუასთან გავატარე. არდადეგებზე ერთი ძალიან სიმპატიური და საინტერესო ბიჭი გავიცანი და გული ძალიან მწყდებოდა, რომ მიუხედავად უამრავი საერთო ნაცნობისა, მთელი 90 დღის მანძილზე მოლოდ 2-ჯერ შევხვდი - პირველად რომ გამაცნეს და მეორეჯერ - სადღაც ვიყავი სტუმრად, იქ შემთხვევით შემოეხეტა და სახლამდე მიმაცილა. გვიანი შემოდგომა იყო, როცა ჩემი ზაფხულის ინტერესის საგანს თბილისში შემთხვევით უნივერსიტეტის წინ გადავეყარე და მანაც გულმოკლულმა შემომჩივლა: „ზაფხულში რა კარგი იყო, ყოველდღე ერთად ვიყავითო“. ჯერ მეგონა, რომ ხუმრობდა მაგრამ მის „სევდიან და ჭკვიან“ თვალებს რომ შევხედე, განცხადების სერიოზულობაში ეჭვი აღარ შემპარვია. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ქალები და კაცები დროის სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ და ჩვენთვის, მეცნიერების და კალენდრისთვის დეკემბერი რომ დგას, კაცები საუკეთესო შემთხვევაში, ჯერაც სადღაც აპრილ-მაისის მიდამოებში იმყოფებიან.
აბა, თავად დაფიქრდით, თუ იცნობთ რომელიმე 20 წლის გოგონას, რომელიც მომავალს არ გეგმავს და ოჯახის შექმნაზე და ცხოვრების აწყობაზე არ ფიქრობს? ახლა ისიც გაიხსენეთ რამდენ სამოცს მიკაკუნებულ „ახალგაზრდა“ საცოლე მამაკაცს იცნობთ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი წინ აქვს და ყველაფერს მოასწრებს? ხანდახან მგონია, რომ კაცების 80% ბუდისტია. ახლავე აგიხსნით რატომ: ისეთი ნელი ტემპით ცხოვრობენ, დინებას ისე მიუყვებიან და დროს ისეთ უაზრობებზე კარგავენ, რომ ალბათ სავსე ცხოვრებით ცხოვრებას და სამომავლოდ დაგეგმილის განცორხიელებას მეორე, მესამე და მეოთხე ცხოვრებაში აპირებენ, თორემ ცოტას მიდგებ-მოდგებოდნენ და რამეს იზამდნენ. 17 წლის ბიჭი, რომ ოცნებებით ცხოვრობს და ფანტაზიებში დაცურავს რომანტიულიც კი არის, მაგრამ ორმოცს გადაცილებული მამაკაცი სასურველ ქალს შორიდან რომ უვლის და ახლოს მისვლას ვერ ბედავს ცოტა არ იყოს, დამღლელია. რასაკვირველია, ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ...  
არა, ასე არ იქცევიან ოცდაათს და ორმოცს გადაცილებული ცოლიანები, იმიტომ რომ ცოლიან კაცს ქალთან არშიყში ერთგვარი კარტბლანში აქვს: „ჩემო კარგო, ხომ იცი რომ ცოლიანი ვარ, მოდი, უბრალოდ გავერთოთ და ნურაფრის პრეტენზია ნუ გექნება“. ამიტომ არიან თამამები, თავხედები და მიზანდასახულებიც. თუმცა, აქაც ისევ ჩემს „ბუდიზმის თეორიას“ ვუბრუნდები: თუ ცოლი არ გიყვარს და სხვა ქალებში დარბიხარ, რა ძალა გაიძულებს ერთადერთი სიცოცხლე არასაყვარელი ადამიანის გვერდით გაატარო, სახლში მისვლა არ გუხაროდეს და "ბედნიერებას" გარე-გარე ეძებდე. არა, განქორწინებისკენ არავის მოვუწოდებ. მე მინდა რომ ცოლი უფრო დაფიქრებულად მოიყვანონ, მერე უქმრონ და ქუჩა-ქუჩა არ იწანწალონ და ცოლის სტატუსის მქონე ქალს შეურაცყოფა არ მიაყენონ. თორემ, სიტყვა „ცოლი“ ჩვენში „პარლამენტარის“ არ იყოს მაინცდამაინც სასახელო ტიტული ვეღარ არის. ვიცი, ძალიან ბევრი მართლა ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ცოლი გამიბრაზდება ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ რა, რომ ასეთები ცოტაა და ცოლების უმრავლესობა სახლში თანამცხოვრები ან ბავშვებთან მჯდომი ქალია, რომლის ძირითად მოვალეობას დამლაგებლის საქმიანობა შედგენს და რომელის არსებობაც ქმარს მხოლოდ ცივი სადილისა და გაურეცხავი წინდების აღმოჩენისას ახსენდება.
ახლა ისევ ორმოცს გადაშორებულ უცოლოებს მივუბრუნდეთ, რომლებსაც „и хочется, и колется, и мама не велит“ ჭირთ. მერე რა, რომ დედა დიდი ხანია პენსიაზეა, ალცგეიმერი ჭირს ან თვალს და ყურს დააკლდა და სავარაუდო სარძლოებს ძველებური შემართებით ვეღარ არჩევს/იწუნებს და „хочется“-ზეც ასაკობრივი და ფიზიოლოგიური პრობლემები ეწყებათ, თავი მაინც 20 წლის პერსპექტიული ჭაბუკები გონიათ და ხშირად უკვე დაბეცებული თვალიც სულ პატარა გოგოებისკენ გაურბით. 
ჩემი დღევანდელი სტატია სამ ნაცნობ მამაკაცს ეძღვნება: პირველი - ცოლიანია, მაგრამ უკანასკნელი 20 წელია ცოლს სრული სერიოზულობით შორდება და ღრმად ჯერა, რომ ბავშვები სკოლას როგორც კი დაამთავრებენ, თავს მერე მიხედავს (ცოლთან გაყრა რომ გადაწყვიტა, ბავშვები სულ არ ყავდა) ... დამიჯერეთ, ბავშვები თავს მართლა მიხედავენ, სახლიდან წავლენ და ჩვენი პერსონაჟი, მოხუცი და სრულიად უსარგებლო თავის ეგზომ „საძულველ“ ცოლს შერჩება ხახვივით (სახლში ფულს რომ ვეღარ მიიტანს, იმან თუ არ გამოაგდო). მეორე - განქორწინებულია (ცოლი საკუთარი ფეხით გაექცა) და ახლა სხვა ქალი მოწონს, თანაც ძალიან, მაგრამ ზის და ელის... ეს ქალი როდის დაურეკავს, როდის მოიკითხავს, როდის შეეხმიანება. საკმარისია ერთი ზარი ან ესემესი მიიღოს და თავქუდმოგლეჯილი და აჭყლოპინებული მირბის შესახვედრად. მაგრამ ინიციატივა და აქტიურობა ნოლი აქვს, ქალი კი კარგია და მამაკაცების ყურადღებასაც არ უჩივის, დადგება ერთი დღეც და  აზარტი და ინტერესი გაუვლის (ესეც ქალის ბუნებაა, თუ შევატყვეთ რომ კაცს მოვწონვართ, საშინლად 
გვაინტერესებს, ბოლოსდაბოლოს ხმას როდის ამოიღებს) და სხვას მიაქცევს ყურადღებას და აღარ დარეკავს და აღარ მოიკითხავს. მესამეს - პროფესიიდან გამომდინარე ახალგაზრდა გოგონების ჟრიამული არ აკლია და ნახევარსაუკუნეს მიახლოებულს თავი ისევ ოცდახუთის გონია (მთელი 20 წელი ამოვარდნილი აქვს მეხსიერებიდან). თავის რჩეულს მეორე წელია ყავაზე ყოვედღე ეპატიჟება და თავი დღემდე ვერ მოაბა: რა ქნას, სერიოზული ქალი სერიოზული შესაბმელია და შრომა უნდა, მას კი ცერცეტა და თავქარიანი გოგოები ჯერ-ჯერობით ყოველ საღამოს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც გარანტირებული ყავს... წლები კი გადის და თავის სულ რომ გადაიპარსოს და ჭაღარა ისე დამალოს, ერთ დღეს ასაკი მაინც დაეტყობა და გოგოებიც თანდათანობით მისი თვალისჩინივით დაილევიან. 
განგებამ ასე ინება, რომ სამივე ჩემი და ჩემიანების უახლოესი ადამიანები არიან (ხვალ თუ გაიგებთ, რომ მომკლეს, გეცოდინებათ რისთვისაც) და მათი ბედი მაწუხებს: სიბერეში (რაც არც თუ ისე შორსაა) სამივეს მარტოობა და უპატრონობა ემუქრება. 
ამიტომ სულ უფრო და უფრო ხშირად მაწუხებს ერთი აზრი: უსაქციელობის გამო ოჯახიდან გამოგდებულ ჭარმაგ მამაკაცთა თავშესაფარი ხომ არ გავხსნა? სადღაც 15-20 წელიწადში, მეგობრის სტატუსით, მათი წუწუნისა და ბუზღუნის მოსმენა მაინც მომიწევს, ასე კი ზედამხედველი ვიქნები: ზედმეტად თუ შემაწუხებენ რვა საათის შემდეგ ტელევიზორს გამოვურთავ, დასაძინებლად გავრეკავ, ფეხბურთს არ ვაყურებუნებ ხოლმე და ასე ვიძიებ შურს ყველა კარგი ქალის ყველა აუხდენელი ოცნებისთვის და ყველა იმ არდარეკილი ზარისთვის და არდანიშნული პაემნისთვის - ტელეფონთან რომ მიდიოდნენ და მერე თავიანთი სიმხდალის და ეგოიზმის გამო შეყვარებულის ნაცვლად ძმაკაცს რომ ურეკავდნენ: გამოგივლი, ლუდი დავლიოთ და ბილიარდი ვითამაშოთო.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი